საქმე №ას-663-2025 20 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ნ–სი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დეპარტამენტი“) სარჩელი შპს „ნ–სის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „კასატორი“) მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე კომპანიას დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს 15 981,60 ლარის გადახდა; მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 479,44 ლარის გადახდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხე კომპანიას დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 30 879,83 ლარის გადახდა; მოპასუხე კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადასახდელი ბაჟი - 926,39 ლარი და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟი - 1235,19 ლარი.
3. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2020 წლის 07 ივლისს დეპარტამენტსა (შემსყიდველი) და მოპასუხე კომპანიას (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N108 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შემსყიდველისთვის მიეწოდებინა საქონელი ხელშეკრულების დანართ N-ის შესაბამისად; საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების 6.1. პუნქტის შესაბამისად, კერძოდ, პირველი ეტაპი ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო მეორე ეტაპი ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარული დღის განმავლობაში;
3.2. ხელშეკრულების 8.3. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ხელშეკრულების 6.1. პუნქტით გათვალისწინებული ვადების გადაცილების შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე დაეკისრებინა მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით საერთო ღირებულება შეადგენს 844 500 ლარს (იხ. ს.ფ 18-31, 2020 წლის 07 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N108 ხელშეკრულება);
3.3. 2020 წლის 07 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული N108 ხელშეკრულების საფუძველზე, მიმწოდებელმა მოსარჩელეს საზაფხულო შარვალი მიაწოდა 38 დღის, ჟილეტი - 16 დღის და 1 დღის, ხოლო კეპი - 37 დღის და 38 დღის დაგვიანებით (იხ. მიღება-ჩაბარების აქტები; სასაქონლო ზედნადებები; მხარეთა ახსნა-განმარტება);
3.4. 2020 წლის 07 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N109 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შემსყიდველისთვის მიეწოდებინა საქონელი ხელშეკრულების დანართ N-ის შესაბამისად. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების 6.1. პუნქტის შესაბამისად, კერძოდ, პირველი ეტაპი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო მეორე ეტაპი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 8.3. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ხელშეკრულების 6.1. პუნქტით გათვალისწინებული ვადების გადაცილების შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე დაეკისრებინა მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით საერთო ღირებულება შეადგენს 555 900 ლარს (იხ. ს.ფ 55-66, 2020 წლის 07 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N109 ხელშეკრულება);
3.5. 2020 წლის 07 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული N109 ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელმა მოსარჩელეს მაისური მიაწოდა 46 დღის და 44 დღის დაგვიანებით (იხ. ს.ფ 67-81, მიღება- ჩაბარების აქტები, სასაქონლო ზედნადებები).
4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 477-ე, 417-ე, 418-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ გადააცილა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას და შეთანხმებული საქონელი მიაწოდა მოსარჩელეს დაგვიანებით.
5. სააპელაციო სასამართლოს შემოწმების საგანს წარმოადგენდა საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად შეამცირა მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს 0.1%-ის ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე დაანგარიშება, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 844 500 ლარისა და 555 900 ლარის გათვალისწინებით საკმაოდ სოლიდურ და შეუსაბამო თანხას წარმოადგენდა, დარღვევის ხასიათის შესაბამისად. სასამართლომ მიიჩნია, რომ ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო 10-ჯერ, რის გამოც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 15981.60 ლარის (10978.5+5003.1) გადახდა.
6. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშებულიყო არა ხელშეკრულების ღირებულებიდან, არამედ, დარღვეული ვალდებულების ღირებულებიდან და მისი ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.1%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისათვის სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო მოსარჩელის მიერ დარიცხული იქნა არა შეუსრულებელი/დარღვეული ვალდებულების მოცულობის, არამედ, - ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გათვალისწინებით.
7. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ხელშეკრულებების დანართი №1-ის თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა მიეწოდებინა 4 დასახელების საქონელი (საზაფხულო შარვალი, ჟილეტი, კეპი, გარედან ჩასაცმელი მოკლემკლავიანი მაისური). ამასთან, საქმის მასალებით დადგინდა, რომ მოპასუხემ დაარღვია 07.07.2020წ. N108 და N109 ხელშეკრულებების დანართი №1-ით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადა 38, 16, 1, 37, 38, 46, 44 დღეების ოდენობით. შესაბამისად, ამ გარემოების, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს ვალდებულების შეუსრულებლობით რაიმე სახის ზიანი არ მიუღია, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო შეუსრულებელი/დარღვეული ვალდებულებიდან 0.1%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 30 879,83 ლარი.
8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.
9. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
9.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში (ვადაგადაცილებაში) მოვალის ბრალის დაბალი ხარისხი, რის თაობაზეც მოპასუხემ არაერთხელ აღნიშნა შესაგებლებში და სასამართლო სხდომებზე. ვადაგადაცილების/დარღვევის სიმძიმე და ვადაგადაცილებით შესრულებული ვალდებულების მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხი და მოპასუხე კომპანიის ბრალეულობის ხარისხი ვადაგადაცილებაში არ იძლეოდა პირგასამტეხლოს 30879.83 ლარამდე გაზრდის წინაპირობას. პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ოდენობამდე, რაც ვალდებულების დარღვევის (ვადაგადაცილების) თანაზომიერია;
9.2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბაჟი დაანგარიშებულია არასწორად. ვინაიდან სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა (15 981.60 ლარი) გაზარდა 30 879,83 ლარამდე, ხარჯების განაწილება უნდა მომხდარიყო შემდეგნაირად: პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისთვის გადასახდელი ბაჟი უნდა დარჩენილიყო უცვლელად - 479,44 ლარის ოდენობით, ხოლო სააპელაციო ინსტანციის წესით საქმის განხილვისთვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა ყოფილიყო გაზრდილი თანხის (30 879.83 ლარს – 15 981.60 ლარი) 14 898,23 ლარის 4%, რაც შეადგენს 595,93 ლარს. ამდენად, სასამართლომ გადაწყვეტილების კანონიერების შეფასების დროს ასევე უნდა გაითვალისწინოს ხარჯების განაწილების (დაანგარიშების) საკითხი.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ივნისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 09 მარტის განჩინებით, შპს „ნ–სის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის გაუქმების თაობაზე ცნობილ იქნა დასაშვებად, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების დანარჩენ ნაწილზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სასამართლო ხარჯების დაკისრების თაობაზე საკასაციო პრეტენზია ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეხება პროცესის ხარჯებს. სსსკ-ის 37.1 მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
14. მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია სსსკ-ის 53-ე და 54-ე მუხლებში. სსსკ-ის 53.1. მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
15. სსსკ-ის 55-ე მუხლით მოწესრიგებულია სახელმწიფოსათვის სასამართლოს ხარჯების ანაზღაურების წესი, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
16. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის კანონიერებას, რომლის თანახმად, მოპასუხე კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადასახდელი ბაჟი - 926,39 ლარი და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟი - 1235,19 ლარი.
17. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბაჟი დაანგარიშებულია არასწორად. ვინაიდან სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა (15 981.60 ლარი) გაზარდა 30 879,83 ლარამდე, ხარჯების განაწილება უნდა მომხდარიყო შემდეგნაირად: პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისთვის გადასახდელი ბაჟი უნდა დარჩენილიყო უცვლელად - 479,44 ლარის ოდენობით, ხოლო სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისთვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა ყოფილიყო გაზრდილი თანხის (30 879.83 ლარს – 15 981.60 ლარი) 14 898,23 ლარის 4%, რაც შეადგენს 595,93 ლარს.
18. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის ოდენობის არასწორად განსაზღვრის ნაწილში.
19. საქმის მასალების თანახმად, სასარჩელო მოთხოვნა შეადგენდა 159 816 ლარს (109 785 ლარს + 50 031 ლარი). პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა პირგასამტეხლოს გადახდა, 15 981,60 ლარის ოდენობით, რაც გაასაჩივრა მოსარჩელემ სააპელაციო წესით და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. სააპელაციო პალატამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიიღო ახალი გადაწყვეტილება და მოპასუხე კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა პირგასამტეხლოს გადახდა, 30 879,83 ლარის ოდენობით.
20. დადგენილია, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე [საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე]. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა [სსსკ-ის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და 39.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი], ხოლო სააპელაციო საჩივარზე - დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა [სსსკ-ის 39.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი]. დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის შემთხვევაში გადასახდელი თანხით [სსსკ-ის 41.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტი].
21. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის დავის საგანს აღარ წარმოადგენდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნა (15 981,60 ლარი), რადგან გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო მოსარჩელე დეპარტამენტის მიერ, რომელიც ითხოვდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას. ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა გაზარდა 30879,83 ლარამდე, სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მოსარჩელის მიერ მოგებული დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 14898,23 ლარს (30879,83 ლარს - 15981,60 ლარი). შესაბამისად, სსსკ-ის 55.1 მუხლიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა სახელმწიფო ბაჟი ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილდა. ამდენად, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟი - 595,93 ლარი (14898,23 ლარის 4%).
22. რაც შეეხება სარჩელზე გადასახდელ ბაჟს, ვინაიდან სააპელაციო პალატამ შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლოში დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა სარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვნის - 30879,23 ლარის 3% - 926,39 ლარი.
23. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის - 1235,19 ლარის დაკისრების ნაწილში გამოტანილია კანონის დარღვევით (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-175-164-2017, 15 იანვარი, 2018 წელი).
24. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის - 1235,19 ლარის გადახდა. ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხე კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟი - 595,93 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „ნ–სის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის - 1235,19 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს „ნ–სს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟის გადახდა 595,93 ლარის ოდენობით;
4. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი დარჩეს უცვლელი;
5. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა.ძაბუნიძე