საქმე №ას-663-2025 09 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ნ–სი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დეპარტამენტი“) სარჩელი შპს „ნ–სის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „კასატორი“) მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე კომპანიას დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს 15 981,60 ლარის გადახდა; მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 479,44 ლარის გადახდა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხე კომპანიას დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისრა 30 879,83 ლარის გადახდა; მოპასუხე კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადასახდელი ბაჟი - 926,39 ლარი და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი ბაჟი - 1235,19 ლარი.
3. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2020 წლის 07 ივლისს დეპარტამენტსა (შემსყიდველი) და მოპასუხე კომპანიას (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N108 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შემსყიდველისთვის მიეწოდებინა საქონელი ხელშეკრულების დანართ N-ის შესაბამისად; საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების 6.1. პუნქტის შესაბამისად, კერძოდ, პირველი ეტაპი ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო მეორე ეტაპი ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარული დღის განმავლობაში;
3.2. ხელშეკრულების 8.3. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ხელშეკრულების 6.1. პუნქტით გათვალისწინებული ვადების გადაცილების შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე დაეკისრებინა მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით საერთო ღირებულება შეადგენს 844 500 ლარს (იხ. ს.ფ 18-31, 2020 წლის 07 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N108 ხელშეკრულება);
3.3. 2020 წლის 07 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული N108 ხელშეკრულების საფუძველზე, მიმწოდებელმა მოსარჩელეს საზაფხულო შარვალი მიაწოდა 38 დღის, ჟილეტი - 16 დღის და 1 დღის, ხოლო კეპი - 37 დღის და 38 დღის დაგვიანებით (იხ. მიღება-ჩაბარების აქტები; სასაქონლო ზედნადებები; მხარეთა ახსნა-განმარტება);
3.4. 2020 წლის 07 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N109 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შემსყიდველისთვის მიეწოდებინა საქონელი ხელშეკრულების დანართ N-ის შესაბამისად. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების 6.1. პუნქტის შესაბამისად, კერძოდ, პირველი ეტაპი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში, ხოლო მეორე ეტაპი - ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 8.3. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ხელშეკრულების 6.1. პუნქტით გათვალისწინებული ვადების გადაცილების შემთხვევაში, ყოველ კონკრეტულ ფაქტზე დაეკისრებინა მიმწოდებლისთვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. ხელშეკრულებით საერთო ღირებულება შეადგენს 555 900 ლარს (იხ. ს.ფ 55-66, 2020 წლის 07 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N109 ხელშეკრულება);
3.5. 2020 წლის 07 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული N109 ხელშეკრულების საფუძველზე მიმწოდებელმა მოსარჩელეს მაისური მიაწოდა 46 დღის და 44 დღის დაგვიანებით (იხ. ს.ფ 67-81, მიღება- ჩაბარების აქტები, სასაქონლო ზედნადებები).
4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 477-ე, 417-ე, 418-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ გადააცილა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას და შეთანხმებული საქონელი მიაწოდა მოსარჩელეს დაგვიანებით.
5. სააპელაციო სასამართლოს შემოწმების საგანს წარმოადგენდა საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად შეამცირა მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს 0.1%-ის ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე დაანგარიშება, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 844 500 ლარისა და 555 900 ლარის გათვალისწინებით საკმაოდ სოლიდურ და შეუსაბამო თანხას წარმოადგენდა, დარღვევის ხასიათის შესაბამისად. სასამართლომ მიიჩნია, რომ ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო უნდა შემცირებულიყო 10-ჯერ, რის გამოც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 15981.60 ლარის (10978.5+5003.1) გადახდა.
6. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშებულიყო არა ხელშეკრულების ღირებულებიდან, არამედ, დარღვეული ვალდებულების ღირებულებიდან და მისი ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0.1%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს შემცირების მიზნებისათვის სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო მოსარჩელის მიერ დარიცხული იქნა არა შეუსრულებელი/დარღვეული ვალდებულების მოცულობის, არამედ, - ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების გათვალისწინებით.
7. სააპელაციო სასამართლოს გაანგარიშებით:
7.1. მხარეთა შორის გაფორმებული N108 ხელშეკრულების ფარგლებში მისაწოდებელი იყო 8600 ცალი კეპი (ერთეულის ფასი - 15, ჯამური ღირებულება - 129.000 ლარი) (იხ. ფასების ცხრილი ს.ფ 26). პირველი ეტაპი - 3300 ცალი, ღირებულება - 49.500 ლარი, მეორე ეტაპი - 5300 ცალი, ღირებულება - 79.500 ლარი (იხ. ფასების ცხრილი ს.ფ 26). 2020 წლის 21 სექტემბერს მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა კეპები - 8600 ცალი სრულად; მიმწოდებელმა დაგვიანებით შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები (მიღება-ჩაბარების აქტი, ს.ფ 34). პირველ ეტაპზე მისაწოდებელი 3300 ცალი კეპი (ჩაბარების ვადა ხელშეკრულების თანახმად 5.09.2020წ.), რომლის ღირებულებაა 49.500 ლარი, ჩაბარებულია 16 დღის დაგვიანებით; თანხის - 49.500 ლარის 0.1% ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 49.5 ლარს, 49.5 X 16 = 792 ლარს; მეორე ეტაპის - 5300 ცალი კეპი (ჩაბარების ვადა ხელშეკრულების თანახმად - 20.09.2020წ.), რომლის ღირებულებაა 79.500 ლარი, ჩაბარებულია 1 დღის დაგვიანებით, თანხის - 79.500 ლარის 0.1%, ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 79.5 ლარს. პალატამ მიიჩნია, რომ კეპის ჩაბარების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს ორივე ეტაპის ჯამური ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო - 792 + 79.5 = 871.5 ლარით;
7.2. N108 ხელშეკრულების ფარგლებში მისაწოდებელი იყო 8100 ცალი ჟილეტი (ერთეულის ფასი - 40, ჯამური ღირებულება - 324.000 ლარი), პირველი ეტაპი (ჩაბარების ვადა 5.09.2020 წ.) – 3300 ცალი, ღირებულება 132 000 ლარი, მეორე ეტაპი (ჩაბარების ვადა 20.09.2020 წ.) – 4800 ცალი, ღირებულება - 192 000 ლარი (იხ. ფასების ცხრილი ს.ფ 26). 2020 წლის 12 ოქტომბერს მოსარჩელეს გადაეცა 4414 ცალი ჟილეტი, ჯამური ღირებულებით 176.560 ლარი (მიღება-ჩაბარების აქტი, ს.ფ 37). პირველი ეტაპი - 3300 ცალი ჟილეტი (ჩაბარების ვადა 5.09.2020 წ.), რომლის ღირებულებაა 132 000 ლარი, ჩაბარებულია 37 დღის დაგვიანებით, თანხის 132 000 ლარის 0.1% ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 132 ლარს, 132 X 37 = 4884 ლარს. მეორე ეტაპის ნაწილი - 1114 ცალი ჟილეტი (ჩაბარების ვადა 20.09.2020 წ.), რომლის ღირებულებაა 44 560 ლარი, ჩაბარებულია 22 დღის დაგვიანებით. თანხის 44.560 ლარის 0.1% ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 44.56 ლარს, 44.56 X 22 = 980.32 ლარს. შესაბამისად, ვადაგადაცილების გამო პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო 980.32 ლარით. პალატამ მიიჩნია, რომ ჟილეტის ჩაბარების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო - 4884 + 980.32 = 5864.32 ლარით;
7.3. 2020 წლის 21 ოქტომბერს შედგა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, შემსყიდველს მიეწოდა 3032 ცალი ჟილეტი, ჯამური ღირებულებით 121 280 ლარი. მეორე ეტაპად მისაწოდებელი - 3032 ცალი ჟილეტი (ჩაბარების ვადა 20.09.2020 წ.), რომლის ღირებულებაა 121 280 ლარი, მიწოდებულია 31 დღის დაგვიანებით, შეუსრულებელი ვალდებულების 0.1% ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 121.28 ლარს, შესაბამისად, ვადაგადაცილების გამო პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 31 X 121.28 = 3759.68 ლარით (მიღება-ჩაბარების აქტი, ს.ფ 40);
7.4. 2020 წლის 28 ოქტომბერს მიწოდებულ იქნა 654 ცალი ჟილეტი, ჯამური ღირებულება - 26.160 ლარი (მიღება-ჩაბარების აქტი, ს.ფ 43). მეორე ეტაპის ნაწილი - 654 ცალი ჟილეტი (ჩაბარების ვადა 20.09.2020 წ.), რომლის ღირებულებაა 26.160 ლარი, ჩაბარებულია 38 დღის დაგვიანებით, აღნიშნული თანხის 0.1% ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 26.16 ლარს, შესაბამისად, ვადაგადაცილების გამო პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო - 26.16 X 38 = 418.56 ლარით;
7.5. ხელშეკრულების თანახმად, მისაწოდებელი იყო 8700 ცალი საზაფხულო შარვალი (ერთეულის ფასი - 45 ლარი), საერთო ღირებულება - 391.500 ლარი, მიწოდების ვადები პირველი ეტაპი (ჩაბარების ვადა 20.09.2020 წ.) – 3300 ცალი, ღირებულება - 148 500 ლარი, მეორე ეტაპი - (ჩაბარების ვადა 20.09.2020 წ.) 5400 ცალი, ღირებულება - 243 000 ლარი. 2020 წლის 28 ოქტომბერს მიწოდებული იქნა საზაფხულო შარვალი 24 ცალი (მიღება-ჩაბარების აქტი, ს.ფ 43). მეორე ეტაპის ბოლო ნაწილი - 24 ცალი საზაფხულო შარვლის (ჩაბარების ვადა 20.09.2020 წ.) ღირებულება - 1080 ლარი, ჩაბარებულია 38 დღის დაგვიანებით, თანხის 1080 ლარის 0.1% შეადგენს 1.08 ლარს, შესაბამისად, ვადაგადაცილების გამო პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო - 38 X 1.08 = 41.04 ლარით (მიღება-ჩაბარების აქტი, ს.ფ 46);
7.6. ამავე დღეს, 2020 წლის 28 ოქტომბერს მიწოდებულია 116 ცალი საზაფხულო შარვალი, ჯამური ღირებულება - 5220 ლარი, აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტით, მიწოდებულია საზაფხულო შარვალი სრულად (მიღება-ჩაბარების აქტი, ს.ფ 46). მეორე ეტაპის ბოლო ნაწილი - 116 ცალი საზაფხულო შარვალი (ჩაბარების ვადა 5.09.2020 წ.), რომლის ღირებულებაა 5220 ლარი, ჩაბარებულია 38 დღის დაგვიანებით, თანხის 5220 ლარის 0.1% შეადგენს 5.22 ლარს, შესაბამისად, ვადაგადაცილების გამო პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო 5.22 X 38 = 198.36 ლარით;
7.7. N109 ხელშეკრულებით მისაწოდებელი იყო გარედან ჩასაცმელი მოკლემკლავიანი მაისური, სულ 17 000 ცალი, ერთეულის ფასი - 32.7, საერთო ღირებულება 555 900 ლარი (ხელშეკრულება, ს.ფ 56-62, ფასების ცხრილი, ს.ფ 63); მიწოდების ვადები: პირველი ეტაპი (ჩაბარების ვადა - 5.09.2020 წ.) – 6600 ცალი, ღირებულება - 215 820 ლარი; მეორე ეტაპი (ჩაბარების ვადა - 20.09.2020 წ.) – 10400 ცალი, ღირებულება - 340 080 ლარი. 2020 წლის 12 ოქტომბერს მოსარჩელეს მიეწოდა გარედან ჩასაცმელი მოკლემკლავიანი მაისური - 5400, ღირებულებით - 176.580 ლარი (მიღება-ჩაბარების აქტი, ს.ფ. 67). პირველი ეტაპის ნაწილი - 5400 ცალი გარედან ჩასაცმელი მოკლემკლავიანი მაისური (ჩაბარების ვადა 5.09.2020წ.), რომლის ღირებულებაა 176 580 ლარი, ჩაბარებულია 37 დღის დაგვიანებით, 176 580 ლარის 0.1% ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 176,58 ლარს. შესაბამისად, ვადაგადაცილების გამო პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო 37 X 176,58 = 6533.46 ლარით;
7.8. 2020 წლის 21 ოქტომბერს მოსარჩელეს მიეწოდა გარედან ჩასაცმელი მოკლემკლავიანი მაისური - 6300 ცალი, ერთეულის ფასი - 32.7, ჯამური ღირებულება - 206 010 ლარი (მიღება-ჩაბარების აქტი, ს.ფ. 70). პირველი ეტაპის ბოლო ნაწილი - 1200 ცალი (აქტის გაფორმებამდე 6600 ცალიდან ჩაბარებული იყო 5400) გარედან ჩასაცმელი მოკლემკლავიანი მაისური (ჩაბარების ვადა 5.09.2020 წ.), რომლის ღირებულებაა 39 240 ლარი, ჩაბარებულია 46 დღის დაგვიანებით. 39 240 ლარის 0.1.% შეადგენს ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე 39.24 ლარს. შესაბამისად, ვადაგადაცილების გამო პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო 39.24X46=1805.04 ლარით;
7.9. მეორე ეტაპის ნაწილი 5100 (6300 ამ აქტით ჩაბარებული - 1200 პირველი ეტაპით გათვალისწინებული) გარედან ჩასაცმელი მოკლემკლავიანი მაისური (ჩაბარების ვადა 20.09.2020 წ.), რომლის ღირებულება შეადგენს 166.770 ლარს, ჩაბარებულია 31 დღის დაგვიანებით, თანხის 166770 ლარის 0.1% ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 166,77 ლარს. შესაბამისად, ვადაგადაცილების გამო პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო 166.77 X 31 = 5169.87 ლარით;
7.10. 2020 წლის 22 ოქტომბერს მოსარჩელეს მიეწოდა გარედან ჩასაცმელი მოკლემკლავიანი მაისური - 2200 ცალი, ერთეულის ფასი - 32.7, ჯამური ღირებულება - 71940 ლარი (მიღება-ჩაბარების აქტი, ს.ფ. 74). მეორე ეტაპის ნაწილი 2200 გარედან ჩასაცმელი მოკლემკლავიანი მაისური (ჩაბარების ვადა 20.09.2020 წელი), რომლის ღირებულებაა 71 940 ლარი, ჩაბარებულია 32 დღის დაგვიანებით, თანხის 71 940 ლარის 0.1% ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 71,94 ლარს. შესაბამისად, ვადაგადაცილების გამო პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო 71.94X32=2302.08 ლარით;
7.11. 2020 წლის 28 ოქტომბერს მოსარჩელეს მიეწოდა გარედან ჩასაცმელი მოკლემკლავიანი მაისური 2770 ცალი, ჯამური ღირებულება - 90.579 ლარი (მიღება-ჩაბარების აქტი, ს.ფ. 74). მეორე ეტაპის ნაწილი - 2770 ცალი გარედან ჩასაცმელი მოკლემკლავიანი მაისური (ჩაბარების ვადა 20.09.2020 წ.), რომლის ღირებულებაა 90579 ლარი, ჩაბარებულია 38 დღის დაგვიანებით, თანხის 90579 ლარის 0.1% ერთ გადაცილებულ დღეზე შეადგენს 90,57 ლარს. შესაბამისად, ვადაგადაცილების გამო პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო 90.57 X 38 = 3441,66 ლარით;
7.12. 2020 წლის 3 ნოემბერს მოსარჩელეს მიეწოდა გარედან ჩასაცმელი მოკლემკლავიანი მაისური 330 ცალი, ჯამური ღირებულება - 10791 ლარი (მიღება-ჩაბარების აქტი, 79). მეორე ეტაპის ნაწილი - 330 გარედან ჩასაცმელი მოკლემკლავიანი მაისური (ჩაბარების ვადა 20.09.2020 წ.), რომლის ღირებულებაა 10791 ლარი, ჩაბარებულია 44 დღის დაგვიანებით. 10791 ლარის 0.1.% ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 10.79 ლარს, შესაბამისად, ვადაგადაცილების გამო, პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო 10.79 X 44 = 474.76 ლარით.
8. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ხელშეკრულებების დანართი №1-ის თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა მიეწოდებინა 4 დასახელების საქონელი (საზაფხულო შარვალი, ჟილეტი, კეპი, გარედან ჩასაცმელი მოკლემკლავიანი მაისური). ამასთან, საქმის მასალებით დადგინდა, რომ მოპასუხემ დაარღვია 07.07.2020წ. N108 და N109 ხელშეკრულებების დანართი №1-ით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადა 38, 16, 1, 37, 38, 46, 44 დღეების ოდენობით. შესაბამისად, ამ გარემოების, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესის გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს ვალდებულების შეუსრულებლობით რაიმე სახის ზიანი არ მიუღია, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო შეუსრულებელი/დარღვეული ვალდებულებიდან 0.1%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა 30 879,83 ლარი.
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.
10. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
10.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში (ვადაგადაცილებაში) მოვალის ბრალის დაბალი ხარისხი, რის თაობაზეც მოპასუხემ არაერთხელ აღნიშნა შესაგებლებში და სასამართლო სხდომებზე. ვადაგადაცილების/დარღვევის სიმძიმე და ვადაგადაცილებით შესრულებული ვალდებულების მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხი და მოპასუხე კომპანიის ბრალეულობის ხარისხი ვადაგადაცილებაში არ იძლეოდა პირგასამტეხლოს 30879.83 ლარამდე გაზრდის წინაპირობას. პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ოდენობამდე, რაც ვალდებულების დარღვევის (ვადაგადაცილების) თანაზომიერია;
10.2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბაჟი დაანგარიშებულია არასწორად. ვინაიდან სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხა (15 981.60 ლარი) გაზარდა 30 879,83 ლარამდე, ხარჯების განაწილება უნდა მომხდარიყო შემდეგნაირად: პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისთვის გადასახდელი ბაჟი უნდა დარჩენილიყო უცვლელად - 479,44 ლარის ოდენობით, ხოლო სააპელაციო ინსტანციის წესით საქმის განხილვისთვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა ყოფილიყო გაზრდილი თანხის (30 879.83 ლარს – 15 981.60 ლარი) 14 898,23 ლარის 4%, რაც შეადგენს 595,93 ლარს. ამდენად, სასამართლომ გადაწყვეტილების კანონიერების შეფასების დროს ასევე უნდა გაითვალისწინოს ხარჯების განაწილების (დაანგარიშების) საკითხი.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ივნისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დავის არსებითად გადაწყვეტის ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
15. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის კანონიერება.
16. პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის [სსკ-ის 417-ე მუხლი].
17. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2014წ., გვ. 590). პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა. ვალდებულება შეიძლება მდგომარეობდეს აქტიურ მოქმედებასა ან უმოქმედობაში. ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი ფორმით შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა, რაც მოვალის ბრალით არ არის განპირობებული (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვ. 92-93).
18. მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას [სსკ-ის მე-400 მუხლი]. ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული [სსკ-ის 401-ე მუხლი].
19. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ გადააცილა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას და შეთანხმებული საქონელი მიაწოდა მოსარჩელეს დაგვიანებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა ფორს-მაჟორული ვითარების არსებობა, რის გამოც მას გაუძნელდა ვალდებულების შესრულება, ამასთან მას არ მოუთხოვია ხელშეკრულების პირობების შეცვლა და სხვაგვარ პირობებთან მისადაგება (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ტომი 1, ს.ფ. 205). აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხე მხარეს არ გაუსაჩივრებია სააპელაციო წესით. წინამდებარე საკასაციო საჩივრით მოპასუხე ითხოვს პირგასამტეხლოს განსაზღვრას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული ოდენობით - 15 981,60 ლარით. გამომდინარე აქედან, ვადის გადაცილებაში მოპასუხის ბრალის გამომრიცხველ გარემოებებზე საკასაციო პალატა აღარ იმსჯელებს.
20. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია.
21. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორის შედავებას და მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).
22. საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება.
23. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ, კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე №ას-91-2021, 22 აპრილი, 2021 წელი).
24. პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (იხ. სუსგ საქმე №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წელი).
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით, სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში (იხ. სუსგ საქმე №ას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი). მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, სათანადო არგუმენტაციის არარსებობის პირობებში მოითხოვოს პირგასამტეხლოს შემცირება (იხ. სუსგ საქმე №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი). როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. პალატა აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-889-2022, 23 მარტი, 2023 წელი).
26. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია 07.07.2020წ. N108 და N109 ხელშეკრულებების დანართი №1-ით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადა 38, 16, 1, 37, 38, 46, 44 დღეების რაოდენობით. დადგენილია ასევე, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას. ამასთან, მოპასუხე კომპანია დამაჯერებლად ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არის შეუსაბამოდ მაღალი შეთანხმებული პირგასამტეხლო (0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე). გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო - 30 879,83 ლარი გონივრულია, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლო სააპელაციო სასამართლოს მიერ დაანგარიშებულია არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, არამედ - ვადაგადაცილებული ვალდებულების მოცულობიდან. ამდენად, მოპასუხის მეწარმე სუბიექტის სტატუსის, საქმის კონკრეტული გარემოებების და ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობის გათვალისწინებით აღნიშნული თანხა სრულად უზრუნველყოფს დარღვეული ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და არ არსებობის მისი შემცირების საფუძველი.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დავის არსებითად გადაწყვეტის ნაწილში დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. რაც შეეხება საკასაციო საჩივარს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის კანონიერების შემოწმების ნაწილში, რომლითაც მოპასუხე კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევითაა გამოტანილი, რის გამოც წარდგენილი საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში დასაშვებია სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
29. სსსკ-ის 408.3 მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.
30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი სასამართლო ხარჯების დაკისრების კანონიერების შემოწმების ნაწილში განხილულ უნდა იქნას საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.
31. სსსკ-ის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საქმეებზე გამოითვლება დავის საგნის ღირებულების შესაბამისად, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც პრეტენზია დავის არსებით ნაწილთან ერთად მიმართულია სასამართლოს მიერ საპროცესო ხარჯის (მაგ., სახელმწიფო ბაჟის) მხარეთა შორის არასწორად განაწილებაზე, სასამართლო მხარეს დამატებით არ განუსაზღვრავს ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის ოდენობას (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-175-164-2017, 22 იანვარი, 2018 წელი). მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე კომპანიის საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 745 ლარი, დავის საგნის ღირებულების შესაბამისად, თანახმად სსსკ-ის 39.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა, ხოლო, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ იმ ნაწილზე იქნა დაშვებული, რომელიც სასამართლო ხარჯების არასწორად დაანგარიშებას ეხება, ხოლო გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც არსებითად გადაწყდა დავა, დაუშვებელი დარჩა, კასატორს, სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 745 ლარის 70% – 521,5 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ნ–სის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის გაუქმების თაობაზე ცნობილ იქნას დასაშვებად;
2. საქმის განხილვა დაინიშნოს ზეპირი მოსმენის გარეშე;
3. შპს „ნ–სის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების დანარჩენ ნაწილზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
4. კასატორს შპს „ნ–სს“ (ს/კ: .......) დაუბრუნდეს ლ.ლ–ას მიერ (პ/ნ: ............) 2025 წლის 18 მაისს №27358547077 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 745 ლარის 70% – 521,5 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე