Facebook Twitter

საქმე №ას-22-2025 23 ოქტომბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ვ–ი“ (აპელანტი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.ს–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2017 წელს თ.ს–მა (შემდგომში მოსარჩელე) მეგობარს, კ.ს–ას დაუმზადა და აჩუქა ღვინო, ყვავილ კესანეს დიზაინის ეტიკეტით. მას გაუჩნდა იდეა, სხვა ქვეყნების მსგავსად ეწარმოებინა კესანეს ფერის ღვინო და ასეთი ღვინის ბოთლის ეტიკეტზე ყვავილი კესანეს გამოსახვა წარწერით ,,არ დაივიწყო“ - Do not forget;

2. მოსარჩელე არის თბილისის ა.ქ–ძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული. 2015 წელს მიენიჭა ხელოვნების ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

3. 2021 წლის 1 მაისს შპს ,,ვ–სა“ (შემდგომში მოპასუხე, მოპასუხე კომპანია, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) და კომპანია შპს „ფ.გ–სს“ შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, რომლის ფარგლებში 2021 წლის 1 თებერვლიდან მოპასუხე კომპანია უზრუნველყოფდა შპს ,,ფ.გ–სის“ მიერ გაცემული რეცეპტით ღვინის წარმოება-რეალიზაციას;

4. მოსარჩელესა და მოპასუხე კომპანიის დირექტორს შორის მიმდინარეობდა ელექტრონული მიმოწერა სასაქონლო ნიშნის გამოსახულების - ყვავილი კესანე და ასევე სიტყვიერი ნაწილის შეთანხმების თაობაზე. სასაქონლო ნიშანი - Kesane BLUE SWEET forget me not 2020, კესანეს გამოსახულებით უნდა გამოყენებულიყო ცისფერი ღვინისეული სასმელის ეტიკეტად, რომლის წარმოება- რეალიზაციასაც ეწევა მოპასუხე კომპანია;

5. რეგისტრირებული კომბინირებული სასაქონლო ნიშნის, გამოსახულება - ცისფერი კესანე, სიტყვიერი ნაწილით Kesane BLUE SWEET forget me not 2020 (რეგისტრაციის #35146, თარიღი 15.03.2022წ), გამოსახულებითი ელემენტების კოდებით (ვენის კლასიფიკაცია) 05.05.04; 05.05.06; 05.05.20; 25.01.10; 25.01.19; 26.04.02; 26.04.15; 26.04.22; 27.05.01; 29.01.13) მესაკუთრედ საქპატენტში რეგისტრირებულია მოპასუხე;

6. 2022 წლის 28 აგვისტოს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საქპატენტს და მოითხოვა სასაქონლო ნიშნის, ცისფერი კესანეს გამოსახულების და Kesane BLUE SWEET forget me not 2020-ის რეგისტრაცია, რაზეც 2023 წლის 10 აპრილს ეთქვა უარი, ვინაიდან აღნიშნული სასაქონლო ნიშანი აღრევამდე მსგავსი იყო მოპასუხე კომპანიის მიერ რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანთან.

7. სასარჩელო მოთხოვნა

7.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე კომპანიის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული კომბინირებული სასაქონლო ნიშნის სიტყვიერი ნაწილით Kesane BLUE SWEET forget me not 2020 (რეგისტრაციის #35146, თარიღი 15.03.2022 წელი) ბათილად ცნობა.

7.2. მოსარჩელის განცხადებით, მას 2017 წელს დაებადა იდეა და თავის მეგობარს, კ.ს–ას დაუმზადა და აჩუქა ღვინო კესანეს დიზაინით. აღნიშნულმა იდეამ სასაქონლო ნიშნის სახე მიიღო 2019 წელს, როდესაც მოსარჩელე ივლისის თვეში წერდა მეგობრებს, რომ სურდა კესანეს ფერი ღვინის გაკეთება და სახელად კესანეს დარქმევა, ხოლო ვინაიდან კესანე ინგლისურად ნიშნავს ,,არ დაივიწყო“ - Do not forget, ფიქრობდა ღვინისთვის სწორედ ასე დაერქმია და ლოგოდ ყვავილ კესანეს გამოიყენებდა.

7.3. 2021 წლის 16 მარტს მოპასუხემ საქპატენტში წარადგინა განაცხადი კომბინირებულ სასაქონლო ნიშანზე კესანეს გამოსახულებით სიტყვიერი ნაწილით Kesane BLUE SWEET forget me not2020, რომელიც მოპასუხე კომპანიის სახელზე დარეგისტრირდა 2022 წლის 15 მარტს 33-ე კლასის საქონლის ჩამონათვალის მიმართ. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ აღნიშნული რეგისტრაციით ირღვევა მისი, როგორც ავტორის უფლება.

მოპასუხის შესაგებელი

8.1. წარადგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის დიზაინი შეიქმნა მოსარჩელის მიერ, თუმცა მოპასუხის მითითებების შესაბამისად და მასთან შეთანხმებით. დიზაინი შეიქმნა სწორედ იმ მიზნით, რომ შემდგომში იგი სასაქონლო ნიშნად მოპასუხის სახელზე დარეგისტრირებულიყო და გამოეყენებინა ღვინისეული სასმელის - ცისფერი „კესანე“ - რეალიზაციისათვის. მხარეები ერთობლივად მუშაობდნენ პროდუქტის ეტიკეტის დიზაინზე და მოსარჩელე თავადაც აქტიურად იყო ჩაბმული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პროცესში. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ წარმოდგენილი დიზაინი განსხვავდება მის მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნისაგან. მოსარჩელის მიერ დაფუძნებული შპს „ფ.გ–სის“ და მოპასუხის თანამშრომლობის ფარგლებში მოპასუხე კომპანიამ ჩამოასხა ცისფერი ღვინისეული სასმელი „კესანე“ და მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ ეტიკეტი განკუთვნილი იყო მოპასუხისთვის ცისფერი „კესანეს“ ჩამოსასხმელად, ხოლო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ხანგრძლივი პროცესის განმავლობაში მოსარჩელეს პრეტენზია არ გამოუთქვამს სასაქონლო ნიშანზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე კომპანიის სახელზე რეგისტრირებული კომბინირებული სასაქონლო ნიშანი, სიტყვიერი ნაწილით Kesane BLUE SWEET forget me not 2020 (რეგისტრაციის #35146, რეგისტრაციის თარიღი - 15.03.2022 წელი).

მოპასუხის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

10.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება

11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

11.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36323-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი მე-10, მე-16, მე-17, მე-18, 35-ე, 42-ე მუხლებით, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით, „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ “ შეთანხმების 1.2-ე, მე-15 მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 მუხლებით და არ გაიზიარა აპელანტის (მოპასუხის) მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე კომპანიასა და შპს „ფ.გ–სს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ხელმოწერით მას გადაეცა სადავო სასაქონლო ნიშანი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „ფ.გ–სი“ არ წარმოადგენდა სადავო სასაქონლო ნიშნის მესაკუთრეს, შესაბამისად, მემორანდუმით ასეთი უფლების გადაცემასაც ვერ შეძლებდა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე იმ დროისათვის შპს „ფ.გ–სის“ დირექტორი და 100 % წილის მფლობელი იყო, იგი მაინც დამოუკიდებელ სამართალსუბიექტს წარმოადგენს. მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა, რომ სასაქონლო ნიშანზე მას წარმოეშვა უფლება, რაც ვერ დაადასტურა. მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე შრომითი ურთიერთობა, არ არსებობს არც წერილობითი მტკიცებულება, კესანეს ნახატისა და სიტყვიერი ნაწილის დაკვეთით შექმნის შესახებ. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ.

მოპასუხის საკასაციო საჩივარი

12.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა.

12.2. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სარჩელშივე მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და თანდართული მტკიცებულებები გამორიცხავდნენ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას. შესაბამისად, არ არსებობდა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი აუცილებელი წინაპირობა - რეგისტრაციით მოსარჩელის საავტორო უფლების დარღვევის ფაქტი. მოსარჩელე თავად იყო ინიციატორი მოპასუხე კომპანიის მიერ ნიშნის რეგისტრაციისა, რასაც განაპირობებდა ამ პროდუქტის რეალიზაციიდან მიღებული მოგების ინტერესი. აღნიშნული კი, იმთავითვე გამორიცხავდა მოსარჩელის რაიმე საავტორო უფლების დარღვევას. სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა მოპასუხის არგუმენტაცია მოსარჩელის თანხმობაზე. საქმის მსვლელობისას დადასტურდა, რომ მემორანდუმით ჩამოყალიბებული თანამშრომლობიდან გამომდინარე მხარეებმა დაიწყეს მუშაობა ღვინის ბოთლის ეტიკეტზე, რომელიც უნდა დარეგისტრირებულიყო საქპატენტში. აღნიშნული აუცილებელი იყო იმისათვის, რომ მოპასუხეს შეუფერხებლად შეძლებოდა მემორანდუმით გათვალისწინებული სასმელის რეალიზაცია. სწორედ მოპასუხე კომპანია იყო სასმელის მწარმოებელი და რეალიზატორი. მოსარჩელემ კი, როგორც ღვინის რეალიზაციიდან მიღებული მოგებით დაინტერესებულმა პირმა, მოპასუხის მითითებების შესაბამისად მოამზადა ეტიკეტის დიზაინი და გადასცა იგი მოპასუხეს იმ მიზნით, რომ დიზაინი გამოყენებულიყო მემორანდუმით გათვალისწინებულიი სასმელის ეტიკეტად. აღნიშნული მოიცავდა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასაც, როგორც მოპასუხე კომპანიის მიერ ღვინის რეალიზაციის აუცილებელ წინაპირობას. სასამართლოს საქმეში არსებული მიმოწერები ნაწარმოების გამოყენებაზე უნდა მიეჩნია მოსარჩელის წერილობით თანხმობად ან კონკლუდენტურ თანხმობად. ნათელია, რომ რეგისტრაციის პროცესში თავისი ჩართულობით და როლით, მოსარჩელე სრულად ეთანხმებოდა მოპასუხის მხრიდან ნაწარმოების სასაქონლო ნიშნად რეგისტრაციას, რაც არასწორად არ დაადგინეს სასამართლოებმა.

საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 იანვარს განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული. წარდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოა მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული კომბინირებული სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობის კანონიერება. კასატორის (მოპასუხის) ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ სასამართლოებმა არასწორად არ მიიჩნიეს დადგენილად მოპასუხე კომპანიისთვის სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის უფლებაზე მოსარჩელის მხრიდან თანხმობის გაცემის ფაქტი, რის გამოც, არასწორად დაასკვნეს, რომ არსებობდა წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36325-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცული სასაქონლო ნიშანი, მომსახურების ნიშანი ან კოლექტიური ნიშანი, რეგისტრირებული დიზაინი, პატენტით დაცული გამოგონება ან სასარგებლო მოდელი, საავტორო უფლებით ან მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტი. „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ეს კანონი აღიარებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის – დიზაინის – საკუთრების უფლების ხელშეუვალობას; აწესრიგებს დიზაინის შექმნასთან, რეგისტრაციასთან, გამოყენებასთან, სამართლებრივ დაცვასთან და აქედან გამომდინარე უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება დიზაინზე, რომელიც კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მიერ სამრეწველო საკუთრების რეესტრში ან რომელზედაც ვრცელდება საერთაშორისო რეგისტრაცია.

22. ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება, რაც გულისხმობს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) ნაწარმოების რეპროდუცირება (რეპროდუცირების უფლება); ბ) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლების გავრცელება გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით (გავრცელების უფლება); გ) ნაწარმოების ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით, იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობით (იმპორტის უფლება); დ) ნაწარმოების საჯარო ჩვენება (საჯარო ჩვენების უფლება). ეს უფლება არ გამოიყენება, თუ საჯარო ჩვენება არის სამოქალაქო ბრუნვაში გაშვებული ნაწარმოების კანონიერი შესყიდვის შედეგი; ე) ნაწარმოების საჯარო შესრულება (საჯარო შესრულების უფლება); ვ) ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი ან/და ხელახალი გადაცემის ჩათვლით; აგრეთვე ნაწარმოების გადაცემა სადენით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება); ზ) ნაწარმოების თარგმნა (თარგმნის უფლება); თ) ნაწარმოების გადამუშავება (გადამუშავების უფლება); ი) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის გაქირავება ან/და მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; კ) ნაწარმოების სხვაგვარი გამოყენება.

23. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის მოთხოვნით, თუ: ა) სასაქონლო ნიშანი ამ კანონის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთხოვნათა დარღვევითაა რეგისტრირებული; ბ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით; გ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა პარიზის კონვენციის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელის წარმომადგენლის ან აგენტის მიერ თავის სახელზე, სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე; დ) სასაქონლო ნიშანი შეიცავს საფირმო სახელწოდებას, რომელზედაც უფლებები წარმოშობილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე, რის შედეგადაც ჩნდება აღრევის შესაძლებლობა; ე) ამგვარი რეგისტრაციით ირღვევა მესამე პირის საავტორო უფლებები, რომლებიც წარმოშობილია სასაქონლო ნიშნისათვის დადგენილი პრიორიტეტის თარიღამდე.

24. წინამდებარე დავაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და მოპასუხეც არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ სადავო სასაქონლო ნიშანზე გამოყენებული გამოსახულება, ცისფერი კესანე, შექმნილია მოსარჩელის მიერ. თუმცა, როგორც მოპასუხე მიუთითებს, სასაქონლო ნიშანი სწორედ მისი დაკვეთით შექმნა მოსარჩელემ (როგორც დიზაინერმა) და ურთიერთმემორანდუმის საფუძველზე მოსარჩელისგანვე მოიპოვა მან თანხმობა რეგისტრაციის უფლებაზე.

25. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებულ პრეტენზიას და აღნიშნავს შემდეგს:

სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება (სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები). ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოპასუხის მხოლოდ ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ №ას-1465-2020, 18.03.2021წ., პ. 48). მხარეებს მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი თანაბრად ეკისრებათ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის თაობაზე. საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, თუმცა, თითოეული მტკიცებულების შეფასებას სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მტკიცებულებათა შინაგანი რწმენით შეფასებისას, როგორც სამოქალაქო პროცესის მთავარი პრინციპი ცხადყოფს, რომ არავითარ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამასთან, სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას, სასამართლო ინდივიდუალურად და ერთობლივად აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგადაც აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ (შდრ. სუსგ №ას-589-896-09, 22 იანვარი, 2010 წელი). საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს მხარეთა შორის გაფორმებული ურთიერთმემორანდუმის, ასევე მხარეთა მიმოწერების საფუძველზე დადგენილად უნდა მიეჩნიათ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე მოსარჩელის მხრიდან თანხმობის გაცემის ფაქტი. კასატორის პრეტენზიის პასუხად, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მითითებული მემორანდუმის შინაარსზე, რომლითაც დგინდება, რომ 2021 წლის 1 მაისს მოპასუხე კომპანიასა და შპს „ფ.გ–სს“ შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი, რომლის საგანს წარმოადგენდა 2021 წლის 1 თებერვლიდან მოპასუხე კომპანიისა და შპს ,,ფ.გ–სის“ თანამშრომლობა, თანამშრომლობის ფარგლებში კი, მოპასუხე უზრუნველყოფდა შპს ,,ფ.გ–სის“ მიერ გაცემული რეცეპტით ღვინის წარმოება-რეალიზაციას. მართალია, მემორანდუმის გაფორმების დროისთვის, შპს „ფ.გ–სის“ 100% წილის მესაკუთრე იყო მოსარჩელე, თუმცა, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება, რომ პირადად მოსარჩელემ, როგორც დამოუკიდებელმა სამართალსუბიექტმა, რაიმე სახის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს გადასცა საავტორო უფლება, ამასთან, არც მემორანდუმის შინაარსიდან ირკვევა სასაქონლო ნიშნის თაობაზე მხარეთა შორის რაიმე სახის შეთანხმების არსებობა, სააპელაციო პალატამ მართებულად დაასკვნა, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა ავტორისაგან (მოსარჩელისგან) სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის უფლების მინიჭების ფაქტი. უსაფუძვლოა, კასატორის მითითება მხარეთა შორის არსებულ მიმოწერებზეც (მოსარჩელე წერს მოპასუხე კომპანიის დირექტორს: „ჩვენი ეტიკეტი დავაპატენტოთ... kesane blue sweet დავაპატენტოთ რა“, რაზეც დირექტორი პასუხობს: „კი, პატენტის საკითხს მივხედავ“;..... კომპანიის დირექტორი წერს მოსარჩელეს: „თათა ეტიკეტის ფაილი მინდა wines gareshe/სქრინი/აღწერობა ხო ესე იქნება: შეიცავს შავ და თეთრ ფერებს, ყვავილის ფორმის ამოჭრილი ვიზუალით/სქრინი/გადახედე შენც“, მოსარჩელე პასუხობს: “ვნახავ კარგად და გაგიმზადებ“). საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული მიმოწერები, ასევე, მართებულად არ იქნა მიჩნეული სადავო გარემოების (სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე მოსარჩელის მხრიდან თანხმობის გაცემის) დამადასტურებელ რელევანტურ მტკიცებულებად. ამრიგად, კასატორს არ წარუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც სააპელაციო პალატის დასკვნების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

33. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წინამდებარე დავაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა კანონი, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

34. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ვ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ვ–ი“-ს (ს.კ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო მოთხოვნა: N24883855358; გადახდის თარიღი: 03.12.2024) 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი