საქმე №ას-516-2025 31 მარტი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები - შპს „მ.....“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ლ.ნ–ძე, მ.ჩ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობის აღიარება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2021 წლის 27 ნოემბერს, პირველ მოსარჩელესა და მოპასუხეთა შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, პირველმა მოპასუხემ პირველ მოსარჩელეს ასესხა 70 000 ლარი, ხოლო მეორე მოპასუხემ - 37 000 ლარი. სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას მოსარჩელე კომპანიას წარმოადგენდა მისი დირექტორი მ.ა–ი;
2. 5.2. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე - ქალაქი თბილისი, ........... (ყოფილი ........... ფართობი: 538.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: ..; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი:N1,N2, სხვა ფართი: შენობა- ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 271.20, საკადასტრო კოდით: N..........);
3. 5.3. პირველი მოპასუხის მიმართვის საფუძველზე, 27.11.2021 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების აღსრულების მიზნით, 29.03.2022 წელს, ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი;
4. 5.4. მოსარჩელე კომპანიის დირექტორმა, 27.11.2021 წლის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მიიღო ხელშეკრულებაში მითითებული სესხის თანხა.
5. სასარჩელო მოთხოვნა
5.1. შპს „მ.....“-ის წარმომადგენელმა (შემდეგში: პირველი მოსარჩელე, მსესხებელი, აპელანტი) და ნ.ა–მა (ს.ა–ის უფლებამონაცვლე, შემდეგში: მეორე მოსარჩელე, იპოთეკის საგნის მესაკუთრე, აპელანტი) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ლ.ნ–ძის (შემდეგში პირველი მოპასუხე, იპოთეკარი, გამსესხებელი) და მ.ჩ–ის (შემდეგში მეორე მოპასუხე, იპოთეკარი, გამსესხებელი) წინააღმდეგ და მოითხოვეს, არარსებულად იქნას აღიარებული, 2021 წლის 27 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, პირველი მოპასუხის სასარგებლოდ 70 000 ლარის, ხოლო მეორე მოპასუხის სასარგებლოდ 37 000 ლარის სასესხო ფულადი ვალდებულება.
5.2. 2. მოსარჩელეთა განმარტებით, 2021 წლის 27 ნოემბერს, მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, პირველმა მოპასუხემ პირველ მოსარჩელეს ასესხა 70 000 ლარი, ხოლო მეორე მოპასუხემ - 37 000 ლარი. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. ხელშეკრულების მიხედვით, სესხის თანხა უნდა გადაცემულიყო უნაღდო ანგარიშსწორებით. გამსესხებლებს სესხის თანხები მსესხებლისთვის არ გადაუციათ არც უნაღდო და არც ნაღდი ანგარიშსწორებით. ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გაირკვა, რომ გამსესხებლებმა სესხის თანხა შუამავლებს გადასცეს, ხოლო ამ უკანასკნელებს მსესხებლისთვის სადავო თანხა არ მიუციათ. ამ გარემოებას ადასტურებს იმავე დღეს შედგენილი შუამავლების ხელწერილი. 2022 წლის 14 აპრილს პირველმა მოპასუხემ, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, განცხადებით მიმართა აღმასრულებელს. მოსარჩელეთა განმარტებით, სააღსრულებო ბიუროში დაწყებულია სააღსრულებო წარმოება. მეორე მოპასუხეს სააღსრულებო წარმოების დაწყება არ მოუთხოვია, თუმცა მომავალში ისიც წარადგენს მოთხოვნას, რითაც დაირღვევა მოსარჩელეთა კანონიერი ინტერესები.
6. მოპასუხის შესაგებელი
პირველმა მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ, ხელშეკრულების ხელმოწერის დღესვე, სანოტარო ბიუროში ყოფნისას, მისმა მეუღლემ სესხის თანხა პირადად გადასცა მოსარჩელე კომპანიის დირექტორს, რის შემდგომაც ხელშეკრულება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა. მეორე მოპასუხემაც შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გამსესხებლებმა, მსესხებელი კომპანიის იმჟამინდელ დირექტორს, პირადად, ნაღდი ანგარიშსწორებით, გადასცეს სესხის თანხა, სანოტარო ბიუროში ხელშეკრულების გაფორმებისას.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
8. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
10. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
10.1. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10.2. კასატორის მითითებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადების მომენტში მოქმედი სამოქალაქო სამართლის ნორმების მიხედვით, ფიზიკურ პირს არ ჰქონდა უფლებამოსილება გაეცა იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხი, მით უმეტეს უცხოურ ვალუტაში და მით უფრო სხვა ფიზიკური პირის სასარგებლოდ. საქმის განხილვისას დაკითხულმა მოწმეებმა დაადასტურეს, რომ სესხი ნამდვილად გაიცა აშშ დოლარში და მიმღებად დასახელებული იყო ფიზიკური პირი, მეორე მოსარჩელე. ამასთანავე, მოქმედი კანონმდებლობა იურიდიული პირისთვის სესხის გაცემას ავალდებულებდა განხორციელებულიყო უნაღდო ანგარიშსწორების გზით, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცული არ ყოფილა.
10.3. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მოწმეებისა და მოპასუხეების ჩვენებები ერთმანეთთან შეუსაბამოა სესხის ოდენობის ნაწილშიც. მათი პოზიციით, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობა ვერ დადგინდება მხოლოდ მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღნიშნული ჩვენებები არათანმიმდევრული, ბუნდოვანი და ურთიერთგამომრიცხავი ხასიათისაა. მიუხედავად ამისა, სასამართლომ უგულებელყო აღნიშნული გარემოებები და სესხის თანხის გადაცემის ფაქტი დაადგინა სწორედ ასეთი არასანდო ჩვენებების საფუძველზე.
10.4. სადავო ხელშეკრულება შპს „მ–სა“ და მ.ა–ს შორის იყო ერთგვარი შუალედური ხელშეკრულება, რომელსაც ის უნდა მიეყვანა ძირითად მიზანთან - გადაეფარა ურო დიდი ფულადი ვალდებულება კრედიტის გამოტანის გზით. მ.ა–მა თავისი შეგნებით ხელი მოაწერა არა სესხის, არამედ იპოთეკის ხელშეკრულებას იმისთვის, რომ შუამავალ ლ.ს–ძეს და თ.ხ–ს კრედიტორებისგან მიეღოთ სადეპოზიტო თანხა. ამისთვის კი ემიგრანტის სესხის უზრუნველყოფის მომსახურებისთვის უნდა დაედოთ აუცილებელი იყო სოლიდური ღირებულების უძრავ ქონებაში ჩადება. თუმცა გაირკვა, რომ გარიგებს მონაწილე ყველა მხარე მოქმედებდა თვალთმაქცურად.
10.5. ლ.ნ–ძემ იცოდა, რომ იპოთეკის საგნის მესაკუთრე უნდა გამხდარიყო. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კრედიტორები ვალდებული იყნენ გამოეჩინათ წინდახედულობა ფული არ გადაეცათ ფორმალურად არაუფლებამოსილი პირებისთვის, თუმცა რეალურად, ლ.ნ–ძე, ლ.ს–ძე და თ.ხ–ი უფლებამოსილ პირებად და ხელშეკრულების მეორე მდარედ მიაჩნდათ იმითაც მტკიცდება რომ სესხზე თვეში განსაზღვრული 20 000 დოლარის 3% - 600 აშშ დოლარს ის არა მ.ა–ს, არამედ ლ.ს–ძედან იღებს.
10.6. რეალურად, ლ.ნ–ძეს სურდა ს.ა–თან გაეფორმებინა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ამით იყო განსაზღვრული სესხის უსარგებლო ხასიათი და მოკლევადიანობა, რადგან მისი ინტერესი უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მიღების მიზანი იყო და არა სესხის პროცენტით მიღებული სარგებელი. ეს ყველაფერი მიუთითებს გამსესხებლის არაერთგვაროვნეაზე და მისი მხრიდან საჯარო წესრიგის დარღვევაზე.
10.7. ვინაიდან ფიზიკურ პირზე სესხის გაცემისას არ შეიძლება იპოთეკის გამოყენება, იპოთეკის ხელშეკრულება ბათილად უნდა ჩაითვალოს. ასევე, სსკ-ის 625.7-ე მუხლის შესაბამისად, 200 0000 ლარამდე სესხი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. რადგან სესხი დოლარში გაიცა, ის ბათილად უნდა ჩაითვალოს.
10.8. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 4 ივლისის განჩინებით, შპს „მ.....“-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად. რაც შეეხება ნ.ა–ის მიერ წარდგენილ კასაციას, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით განახლდა ნ.ა–ის საკასაციო საჩივრის ნაწილში საქმის წარმოება; ნ.ა–ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
27. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
28. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
30. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
31. მოცემულ შემთხვევაში, მთავარი პრობლემა ეხება მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობის შინაარსის დადგენას. კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნა გულისხმობს მხარეებს შორის არსებული ურთიერთობის სესხად აღიარებას, რომ მოსარჩელეს არ მიუღია სესხის თანხა, შესაბამისად, სახეზე არაა მისი დაბრუნების ვალდებულებაც. სასარჩელო მოთხოვნა ასევე მოიცავს იპოთეკის არარსებობის დადასტურებასაც, შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ინტერესი აღიარებითია, სარჩელის მსგავსად, რომლითაც მოსარჩელე მოითხოვს მის მიმართ არსებული ვალდებულების გამორიცხვას.
32. სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
33. სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
34. დასახელებული ნორმების საფუძველზე საკასაციო პალატა შეამოწმებს რამდენად იყო სახეზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ამისთვის, ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2021 წლის 27 ნოემბერს მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმდა სანოტარო წესით.
35. სადავო ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა იპოთეკა, რომლითაც მსესხებელს და იპოთეკის საგნის მესაკუთრეს სესხის გადაცემის თაობაზე არ წარუდგენიათ რამე სახის პრეტენზია სააღსრულებო ფურცლის წარდგენამდე. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელემ (პირველმა) მიიღო სესხის თანხა იპოთეკარებისგან ნაღდი ანგარიშწორების გზით.
36. კასატორი მიუთითებს, რომ მოწმეთა ჩვენებები არათანმიმდევრულია, თუმცა კონკრეტულად ვერ მიუთითებს, თუ რაში გამოიხატება ბუნდოვანება. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ფაქტების კონსტატაციის ოქმით დადასტურდა, რომ მოსარჩელეს თავის ვალდებულებად მიაჩნდა კრედიტორისთვის თანხის დაბრუნება, მიუხედავად იმისა, რომ არ მიუღია თანხა.
37. მოსარჩელის მითითებული არგუმენტების საპირისპიროდ, პალატა ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა, მსესხებელმა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ გადადგა არანაირი ნაბიჯი გამსესხებლისგან სესხის მისაღებად და პრეტენზია მხოლოდ მას შემდეგ წამოაყენა, რაც სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ვალის დაბრუნება მოსთხოვეს.
38. ასევე, დაუსაბუთებელია კასატორის მტკიცება, თითქოს სესხის თანხის მიუღებლობას ადასტურებს ე.წ. შუამავლების ხელწერილი, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტიდან, რომელიც იმავე დღეს არის შედგენილი, როდესაც სესხი გაიცა, არ იკვეთება, რომ კრედიტორებმა თანხა მართლაც შუამავლებს გადასცეს. ამასთან, გაუგებარია, რა საფუძვლით უნდა გადაეცათ კრედიტორებს სესხის თანხა შუამავლებისთვის იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების გაფორმებისას თავად პირველი მოსარჩელე, როგორც საწარმოს დირექტორი და იპოთეკის საგნის მესაკუთრე, პირადად იმყოფებოდა სანოტარო ბიუროში და ხელმოწერით დაადასტურა გარიგება. დამატებით, ჩნდება კითხვები თავად მსესხებლის ქცევის მიმართაც, თუ თანხა რეალურად შუამავლებს გადაეცათ, რატომ დაუშვა მან ეს და რატომ არ გააპროტესტა დაუყოვნებლივ კრედიტორების მოქმედება. აღნიშნულ საკითხებზე მოსარჩელემ დამაჯერებელი განმარტება ვერ წარმოადგინა.
39. ამგვარად, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და ასკვნის, რომ სესხის თანხა მიღებულია უშუალოდ პირველი მოსარჩელის მიერ ან მისი თანხმობით გადაეცა მესამე პირებს, თუმცა ორივე შემთხვევაში, სესხის დაბრუნების ვალდებულება ეკისრება პირველ მოსარჩელეს.
40. რაც შეეხება იმ შედავებას, რომ ფიზიკურ პირებს არ შეეძლოთ მსგავსი სახის ხელშეკრულების ერთმანეთთან დადება - ვერ იქნება გაზიარებული, რადგან, როგორც დადგენილია, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები თავად მიუთითებს, რომ ისინი დაიდო იურიდიულ პირთან, რომელიც წარმოდგენილი იყო დირექტორის მიერ და საწარმოს სახელით მოქმედების ფარგლებში კრედიტორული მოთხოვნის მიღება არ ნიშნავს, რომ მან, როგორც ფიზიკურმა პირმა და არა დირექტორმა მიიღო შესრულება. ხოლო ის საკასაციო პრეტენზია, რომელიც გულისხმობს ანგარიშსწორების დარღვევის წესს (რომ იურიდიულ პირს თანხა უნდა გადაეცეს უნაღდო ანგარიშსწორების წესით) წარმოადგენს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველს და ვერ ექნება გავლენა კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ნამდვილობის დადასტურებაზე. ამ კუთხით, საკასაციო პალატა ასევე იზარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც სწორად მიუთითებს ახალი საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსზე, რომელთა მოწესრიგების მთავარი მიზანი არ წარმოადგენს ხელშეკრულების კერძოსამართლებრივი ბუნების შეზღუდვას, არამედ ცვლილებების მიზანია ფულადი სახსრების გაცემა/მიღების მტკიცების პროცესის გამარტივება და გადასახადების ადმინისტრირების გაუმჯობესებისათვის დამატებითი მექანიზმების შექმნა (იგულისხმება საქართველოს პარლამენტის 21/07/2018 წლის 3315-რს ცვლილები, რომლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსს დაემატა 6241 მუხლი, რომლის თანახმადაც, უძრავი ქონებით ან/და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებით ან/და სასოფლო სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალებით, ასევე, წყლის, საჰაერო და სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებით უზრუნველყოფილი სესხის/კრედიტის გაცემის შემთხვევაში, სავალდებულოა გამსესხებელმა/კრედიტის გამცემმა მსესხებელს/კრედიტის მიმღებს ფულადი სახსრები გადასცეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით).
41. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განუხილველი.
42. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 283-ე, 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ.....“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „მ.....“-ს (ს.კ.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს რ. რ–ძის (პ.ნ. .........) მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება: N27949306831; გადახდის თარიღი: 23.06.2025) 5350 ლარის 70% - 3745 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი