საქმე №ას-784-2024 20 მარტი, 2026 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ი.ი.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – დაკისრებული პირგასამტეხლოს გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. სს „ი.ი“-ს დირექტორმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში 2018 წლის 10 აგვისტოს N2-07/9288 წერილით დაკისრებული პირგასამტეხლოს - 46 888.48 ლარისა და 2019 წლის 26 მარტის N2-07/3406 წერილით დაკისრებული პირგასამტეხლოს - 46 888.48 ლარის, ჯამურად 93 776.96 ლარის გაუქმება.
2. სარჩელის საფუძვლები:
2.1. სარჩელის თანახმად, მხარეებს შორის 2016 წლის 09 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №:5-16 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელეს დაევალა ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოებისათვის განკუთვნილი საპროექტო მომსახურების და საავტომობილო გზის მშენებლობის სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო მომსახურებისა და საავტომობილო გვირაბის მშენებლობისათვის აუცილებელი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება.
2.2. პროექტის კომპლექსურობისა და მოცულობის, ასევე, სამუშაოს შესრულების პროცესში წარმოშობილი სირთულეების გათვალისწინებით ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადა მხარეთა შეთანხმებით შეიცვალა 2018 წლის 15 იანვარს და 2018 წლის 03 დეკემბერს.
2.3. 2018 წლის 10 აგვისტოსა და 2019 წლის 26 მარტის წერილებით მოპასუხემ მოსარჩელეს დააკისრა პირგასამტეხლო თითოეულ შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების 1%, რაც შეადგენდა 46 888,48 ლარს (ჯამურად 93 776,96 ლარს). პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლად მოპასუხემ მიუთითა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაზე.
2.4. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მიმწოდებელმა შემსყიდველს არაერთხელ წარუდგინა შეხვედრების ოქმები (ტექნიკური დავალების თანახმად), თუმცა მოპასუხე ოქმებს არ ადასტურებდა. პროექტის მომზადების პროცესში გამოსაყენებელი ტექნიკური პარამეტრები მუდმივად იცვლებოდა მოპასუხის მიერ, რაც ხელოვნურ დაბრკოლებას უქმნიდა მოსარჩელეს, რამაც საბოლოოდ მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება გამოიწვია.
3. მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანდართული ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მიმწოდებლის მიერ წარსადგენი დოკუმენტაციის განრიგის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო ღონისძიება 1-ისა და ღონისძიება 2-ის ფარგლებში 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით წარედგინა ანგარიშის პროექტი, ხოლო 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით - საბოლოო საპროექტო ანგარიში. აღნიშნული ანგარიშების წარდგენის ვადები დეპარტამენტის მიერ არაერთხელ გაგრძელდა (2017 წლის 23 ოქტომბრისა და 2018 წლის 15 იანვრის დანართები).
3.2. 2018 წლის 30 აპრილისა და 2018 წლის 31 მაისის წერილებით მიმწოდებელმა შემსყიდველს წარუდგინა შესაბამისად სამუშაო და საპროექტო ანგარიშები. მიმწოდებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად გამოვლინდა ძირეული შეუსაბამობები ხელშეკრულების პირობებთან, ტექნიკურ დავალებასთან და საქართველოში მოქმედ სტანდარტებთან. დეპარტამენტის 2018 წლის 15 მაისისა და 2018 წლის 21 ივნისის წერილებით მიმწოდებელს ეცნობა აღნიშნული შეუსაბამობების შესახებ.
3.3. დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ წარდგენილი საპროექტო ანგარიშის სამუშაო ვერსია და საბოლოო საპროექტო ანგარიშები არ იყო მისაღები, საჭიროებდა ფუნდამენტურ გადამუშავებას და მიმწოდებელს სთხოვა წარედგინა შემდგომი წინადადება. წარდგენილი ანგარიშის პროექტის ხელშეკრულების №8 დანართში მითითებულ ვადაში (2018 წლის 30 აპრილი) დეპარტამენტი არაჯეროვან ანგარიშის პროექტს მიღებულად ვერ ჩათვლიდა.
3.4. 2018 წლის 10 აგვისტოს წერილით დეპარტამენტმა მიმწოდებელს სრულიად სამართლიანად დააკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით - 46 888,48 ლარი. ხელშეკრულებაზე თანდართული ტექნიკური დავალების შესაბამისად, 2019 წლის 31 იანვრის წერილით მიმწოდებელმა დეპარტამენტში წარადგინა ღონისძიება 1-ის და ღონისძიება 2-ის ფარგლებში მომზადებული რეაბილიტაცია და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება.
3.5. 2019 წლის 07 თებერვლის წერილით მიმწოდებელს ეცნობა, რომ დოკუმენტაცია წარდგენილი იყო არასრულად. მოსარჩელეს სრულყოფილი დოკუმენტაციის წარსადგენად განესაზღვრა დამატებითი ვადა 2019 წლის 12 თებერვლამდე. 2019 წლის 12 თებერვლის წერილით მიმწოდებელმა მოითხოვა ვადის გაგრძელება 2019 წლის 15 მარტამდე. მიმწოდებელმა მომსახურება ვერც დამატებით ვადაში შეასრულა, რის შესაბამისადაც შემსყიდველმა მოსარჩელეს დააკისრა პირგასამტეხლო.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოსარჩელე გათავისუფლდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2018 წლის 10 აგვისტოს №2-07/9288 წერილით დაკისრებული პირგასამტეხლოს - 46 888,48 ლარის გადახდის ვალდებულებისაგან.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, სააპელაციო საჩივარი წარადგინა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5.2. სააპელაციო პალატამ, საქმის გარემოებების კვლევის შედეგად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 30 აპრილსა და 2018 წლის 31 მაისს წარსადგენი დოკუმენტაციის წარდგენის ვადა მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდა 2019 წლისა 31 იანვრამდე და 2019 წლის 28 თებერვლამდე. ამდენად, პალატის მითითებით, 10/08/2018 წლის წერილით პირგასამტეხლო დაკისრებული იყო ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, რაც ნიშნავდა, რომ მოვალეს ჯერ კიდევ ჰქონდა შესაძლებლობა მოეთხოვა პირველადი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, რომელი შესაძლებლობაც მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით მიენიჭა. ამდენად, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, მასზედ, რომ ვადის გაგრძელებით მოვალეს მიეცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შეთანხმებული პირობებით შესრულების კიდევ ერთი შანსი და აღნიშნულ ვადაში (2019 წლის 31 იანვრამდე და 2019 წლის 28 თებერვლამდე) ვალდებულების დარღვევისათვის - არაჯეროვანი შესრულებისათვის (3.1. პუნქტი და 5.1.5. ქვეპუნქტი) პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღდმგებოდა პირგასამტეხლოს მიზანსა და მის ფუნქციას.
5.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინება, საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6.1. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განხორციელებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს სათანადო გულმოდგინებით არ გამოუკვლევიათ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სახელდობრ დანართი N9 და წერილი N2-07/9288.
6.2. კასატორი ამტკიცებს, რომ სასამართლომ პირგასამტეხლოს განმსაზღვრელი საკანონმდებლო დანაწესების, ხელშეკრულების პირობებისა და სამოქალაქო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის გადანაწილების საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან პირგასამტეხლოს დაკისრებისას მოპასუხეს უკვე დარღვეული ჰქონდა ვალდებულების შესრულების ვადა, რომელიც გათვალისწინებული იყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების N9 დანართით. მხარე ამტკიცებს, რომ შემსრულებელს დამატებითი ვადა განესაზღვრა უკვე დარღვეული ვალდებულების შესასრულებლად, კერძოდ, პროექტების სამუშაო ვერსიების წარდგენის ვადად განისაზღვრა 2019 წლის 31 იანვარი, ხოლო საბოლოო საპროექტო ანგარიშების წარდგენის ვადად განისაზღვრა 2019 წლის 28 თებერვალი, ხოლო მანამდე, დანართი N6-ის შესაბამისად, მიმწოდებელს უკვე ჰქონდა „ანგარიშის პროექტის“ წარდგენის ვადა გაგრძელებული 2018 წლის 25 ოქტომბრამდე. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ დანართი N9 დეპარტამენტსა და კომპანიას შორის გაფორმდა 2018 წლის 3 დეკემბერს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრებიდან 4 თვის შემდგომ, რაც იმას ნიშნავს, რომ დეპარტამენტის მიერ კომპანიას დამატებითი ვადა მიეცა სამუშაოების წარმოდგენის ხელშეკრულებით უკვე დარღვეული ვალდებულების შესასრულებლად, რაც არ წარმოადგენდა სამუშაოს შესრულებისთვის დამატებითი ვადის დაწესების წინაპირობას.
6.3. კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული განჩინებით არაა დასაბუთებული პირგასამტეხლოს დაკისრების მომენტში - მომსახურების შესრულების ვადა, რატომ იყო 2019 წლის იანვრამდე და 2019 წლის თებერვლამდე და არა 2018 წლის 30 აპრილამდე და 2018 წლის 31 მაისამდე. აღნიშნული გარემოების დაუსაბუთებლობას მოწმობს თავად მოსარჩელის N3564 წერილი (2018 წლის 22 მაისი), სადაც მხარე აღიარებს მის პროექტში დაშვებულ დარღვევებს.
6.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისის განჩინებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
6.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 202 წლის 6 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. როგორც გასაჩივრებული განჩინება, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი დაკისრებული პირგასამტეხლოს უკანონოდ ცნობისა და მისი გაუქმების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს.
12. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, განმარტავს, რომ საპროცესო სამართლებრივი დოქტრინა სარჩელს განსაზღვრავს, როგორც დაინტერესებული პირის მიმართვას სასამართლოსადმი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მოთხოვნით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 და მე-3 მუხლები) (იხ. სუსგ საქმე №ას-955-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი).
13. მოსარჩელის მოთხოვნათა მიხედვით შესაძლებელია სარჩელის შემდეგი კლასიფიკაცია: 1. მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი - მოთხოვნა გულისხმობს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების დაკისრებას მოსარჩელის სასარგებლოდ. მაგალითად, ფულადი ვალდებულების შესრულების დაკისრება; ზიანის ანაზღაურება, სარჩოს დაკისრება. 2. აღიარებითი სარჩელი - რომელიც აღძრულია უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი. მაგალითად, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა; 3. გარდაქმნითი სარჩელი - მოთხოვნა მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლა-შეწყვეტისაკენ, მაგალითად, განქორწინება (იხ. სუს დიდი პალატის განჩინება საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).
14. წინამდებარე სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა პირგასამტეხლოს გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის მიერ მისთვის დარიცხული პირგასამტეხლო არის უკანონო. ამდენად, სარჩელი აღძრულია უკანონოდ დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის შესახებ. მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ აღძრულია აღიარებითი სარჩელი.
15. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობად უნდა იკვეთებოდეს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი: სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს). აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია. აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე (იხ. მზია თოდუა, ჰაგენლოხი / ალავიძე / ბაქაქური / ბერეკაშვილი / გასიტაშვილი / თოდუა / მესხიშვილი / ქათამაძე / ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი (რჩეული მუხლები), GIZ, თბილისი, 2020, გვ. 643).
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. სუს დიდი პალატის განჩინება საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, ასევე, დოკუმენტების ნამდვილობის ან მათი სიყალბის დადგენის მოთხოვნა (აღიარებითი სარჩელი) დასაშვებია თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისაგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ საქმე №ას-937-887-2015, 10 ნოემბერი, 2015 წელი).
18. მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელებისაგან განსხვავებით, რომლებიც მიმართულია დარღვეული უფლების დაცვისაკენ, აღიარებითი სარჩელების დროს მოსარჩელის უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება, რადგან ვიღაც ედავება მას ამ უფლებაში. ამასთან, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ უკვე შესაძლებელია სარჩელის აღძვრა ვალდებულების შესრულების თაობაზე, ე.ი. თუ შესაძლებელია, აღიძრას მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ეს უკანასკნელი კრიტერიუმი განპირობებულია საპროცესო ეკონომიისა და სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთი დავის ფარგლებში რამდენიმე სარჩელის აღძვრა (იხ. სუსგ საქმე №ას-148-138-2015, 27 ნოემბერი, 2015 წელი).
19. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, თუ აღიარებითი მოთხოვნის ინტერესი მიკუთვნებითი ხასიათისაა, მაშინ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებით სასამართლო პროვოცირებას გაუკეთებს ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე ორმაგი სასარჩელო წარმოების ჩატარების აუცილებლობას, რაც ეწინააღმდეგება სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლოს ეკონომიურობის ძირითად პრინციპს. აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია აღიძრას მიკუთვნებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობაზე არსებით გავლენას, იურიდიული ინტერესის თვალსაზრისით, ახდენს ის ფაქტი, რომ სხვა სახის სარჩელის (მაგ., მიკუთვნებითი სარჩელის) აღძვრის გზით დავის გადაწყვეტა არ უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ საქმე №ას-287-273-2016, 3 აპრილი, 2017 წელი).
20. შესაბამისად, ვინაიდან შემსყიდველ ორგანიზაციას არ გაუქვითავს დარიცხული პირგასამტეხლო მომსახურების ხარჯიდან, მიიჩნევა, რომ არ არსებობს დავა უფლებაზე. მოსარჩელის ინტერესი კი პირგასამტეხლოს გაუქმების, მისგან გათავისუფლების, მისი უკანონოდ ცნობის გზით მიმართულია მომავალში მის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების მიღებისკენ, რომლის მიღწევის საუკეთესო საშუალება შესაძლოა იყოს მოსარჩელის მიერ დავის აღძვრა მის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნით (მიკუთვნებითი სარჩელი), რომლის ფარგლებშიც შემოწმდება, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერება, ასევე შესაძლებელი გახდება პირგასამტეხლოს შემცირების საკითხზე მსჯელობა (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი).
21. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა აღიარებითი მოთხოვნის მიმართ მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, როგორც აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებისა და განხილვის აუცილებელი წინაპირობა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი (სარჩელის აღძვრის დროს მოქმედი რედაქცია)).
22. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინებისა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი (გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია).
23. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187.2. მუხლის მე-2 წინადადებით, რომლის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ საქმე №ას-36-2019, 27 ივნისი, 2019 წელი).
24. რადგანაც მოცემულ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარის (სს „ი.ი.“) შუამდგომლობა საადვოკატო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 2000 ლარის კასატორისთვის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია და განმარტავს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესი მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლში. ნორმის პირველი ნაწილის დანაწესით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა. წინამდებარე განჩინებით, სარჩელი დარჩა განუხილველი ანუ მოწინააღმდეგე მხარე არ წარმოადგენს მოგებულ მხარეს, რის გამოც შუამდგომლობა დაუსაბუთებელია.
26. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელის განუხილველად დატოვების გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187.2. მუხლის მე-3 წინადადების შესაბამისად (მთავარი სხდომის დანიშვნამდე სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, ხოლო საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს არ დაუბრუნდება), განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე, 399-ე, 372-ე, 187.2, 284-ე, 285-ე, 408.3, 1991 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება; სს „ი.ი“-ს სარჩელი დარჩეს განუხილველად; სს „ი.ი“-ის შუამდგომლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრების თაობაზე არ დამაყოფილდეს. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი