Facebook Twitter

საქმე №ას-681-2024 20 მარტი, 2026 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ.ე.ჯ–ია“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ..“ (მოსარჩელე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - შპს „კ.ჯ–ა“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. შპს „ვ..“-ის წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.კ.ე.ჯ–იას“, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 7 670 ლარის გადახდის დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2020 წლის 2 აგვისტოს, მოდავე მხარეთა შორის, გაფორმდა დაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება და 2021 წლის 09 ივნისს სადაზღვევო კომპანიის მიერ გაიცა სადაზღვევო პოლისი, რომლითაც, 13 488 აშშ დოლარის სადაზღვევო თანხის ფარგლებში დაიზღვა ავტომანქანა PORSCHE CAYENNES, ვინ კოდი: WP1AF2A28ELA45173. აღნიშნული ავტომანქანა, გადამზიდავი კომპანია შპს „კ.ჯ–ას“ საშუალებით ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში გადაზიდვის მიზნით, დაუზიანებელ მდგომარეობაში ჩატვირთულ იქნა კონტეინერში, რომელიც დაილუქა და საქართველოში ჩამოტანის შემდეგ გაიხსნა ქ. ბათუმში.

2.2. კონტეინერის გახსნისას დაფიქსირდა ავტომობილის დაზიანება, რომელზეც შედგა შესაბამისი აქტი პორტის წარმომადგენლებთან ერთად. სადაზღვევო შემთხვევის აღმოჩენისთანავე, მოსარჩელემ დაუყოვნებლივ მიმართა მოპასუხეს, წარუდგინა ხელშეკრულებით განსაზღვრული დოკუმენტაცია და მოითხოვა სადაზღვევო ანაზღაურება.

2.3. 2021 წლის 8 სექტემბერს, მოპასუხემ უარი განაცხადა სადაზღვევო ანაზღაურების გადახდაზე იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის არ ჰქონდა გაგზავნილი ანაზღაურებისათვის საჭირო დოკუმენტაცია, კერძოდ, ზიანის გამომწვევი მიზეზის აქტი.

2.4. 2021 წლის 10 სექტემბერს, ელ. ფოსტის საშუალებით, მოსარჩელემ დამატებით წარადგინა გადამზიდავის მიერ შედგენილი აქტი დაზიანებასთან დაკავშირებით, რომელშიც მიეთითა, რომ ავტომობილი დაზიანდა დახურულ კონტეინერში, ხოლო, დაზიანების პირდაპირი მიზეზის დადგენა იყო შეუძლებელი.

2.5. დაზიანებული ავტომობილის დათვალიერებისა და დაზიანების შეფასების აქტით დგინდებოდა, რომ ავტომობილის შეკეთება/აღდგენისათვის საჭირო იყო - 5 300 ლარის ღირებულების დეტალები, რასაც დაემატა შეკეთება/აღდგენის მომსახურების საფასური. ამდენად, მოსარჩელის მიმართ დამდგარი ჯამური ზიანი შეადგენდა - 7 670 ლარს.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3.2. მოპასუხის მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა, რომ კონტეინერის გახსნისას აღმოჩენდა ზიანი, ასევე არ დგინდებოდა, თუ რა მდგომარეობაში დაიტვირთა კონტეინერში დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, შპს „ვ..“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა - 4 806.25 ლარის გადახდა.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სს „ს.კ.ე.ჯ–იამ“ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით – სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5.2. სააპელაციო პალატამ სახელშეკრულებო დათქმათა ჭრილში, შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ აპელანტის მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო.

5.3. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმის დასადგენად, წარმოეშვა თუ არა, მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უნდა დადგენილიყო, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი. ამ მიმართებით, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე, სადავოდ არ ხდიდა დაზიანების ფაქტს, ასევე არც იმას, რომ დაზღვეული ავტომანქანა, ავტოაუქციონზე შეძენილ იქნა დაზიანებულ მდგომარეობაში. თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნებოდა, აუქციონის შემდეგ, კონტეინერში ავტომანქანის ძრავისზე (ე.წ. „კაპოტი“) მიყენებულ დაზიანებას, რაც ასევე დასტურდებოდა, სარჩელზე დართული მტკიცებულებებით. მეტიც, საქმის მასალებში მოთავსებული 2021 წლის 04 აგვისტოს შპს „ბ.ს.ს.ტ–ის“ წერილის თანახმად, ასევე, საქმეში მესამე პირად ჩაბმული შპს „კ.ჯ–ას“ დირექტორის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, ავტომანქანა კონტეინერში მოთავსდა დაუზიანებელი, ხოლო დაზიანება დაფიქსირდა საქართველოში კონტეინერის გახსნისას. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სადაზღვევო კომპანიამ ექსპერტიზას მიმართა 2023 წლის 12 იანვარს და არა მაშინ, როდესაც შევიდა შეტყობინება სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით, რის გამოც ვერ მოხერხდა ექსპერტიზის ჩატარება. ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაზიანდა ავტომანქანა, რაც წარმოადგენდა დაზღვეული რისკით გამოწვეულ შემთხვევას.

5.4. ზიანის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ მოთხოვნილი ზიანი მხოლოდ ნაწილობრივ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა. სასამართლოს აზრით, მხარეთა შორის გაფორმებული 2021 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულებით, ავტომანქანაზე არსებული დაზიანებიდან გამომდინარე ზარალის ანაზღაურება მოიცავდა - 5 000 ლარს, რომელიც უნდა გადაეხადა შუამავალ კომპანია შპს „ვ..“-ს. ამასთან, მითითებულ თანხას უნდა გამოკლებოდა ხელშეკრულებით შეთანხმებული ფრანჩიზა 75 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი (193.75 ლარი (75*2.5834), რის გამოც საბოლოოდ, ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობას შეადგენდა 4 806.25 ლარი.

5.5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სს „ს.კ.ე.ჯ–იამ“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი არ იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომლითაც ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დადგინდა. მისი მტკიცებით, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა არასრულად შეაფასეს მოპასუხის მიერ წარდგენილი მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომელიც უთითებდა არა მხოლოდ ზიანის არარსებობის შესახებ, არამედ დაზიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვადების/წესის დარღვევაზე.

6.2. კასატორი უთითებს, რომ შპს „კ.ჯ–ას“ წერილი, რომელსაც სასამართლო დაეყრდნო, შედგენილი იყო ცალმხრივად, დაინტერესებული მხარის მიერ, ხოლო ბ.ს.ს.ტ–ის წერილით, დგინდებოდა, რომ ნივთის დაზიანება არ მომხდარა ტერმინალში. საქმის მასალებით ასევე დასტურდებოდა, რომ სადაზღვევო კომპანიამ სცადა ექსპერტიზის ჩატარება, თუმცა ვინაიდან ავტომანქანა უკვე გადაცემული იყო შემძენისთვის ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხერხდა, ამგვარი ექსპერტიზა ვერ ჩატარდა ვერც სასამართლოს მეშვეობით, რის გამოც კასატორის აზრით, შეუძლებელი იყო დაზიანების ადგილის დადგენა, რაც სადაზღვევო შემთხვევის დასადგომად აუცილებელი პირობაა. კასატორი დასძენს, რომ გადამზიდავი, 2021 წლის 10 სექტემბრის წერილით ადასტურებდა, რომ ავტომობილი კონტეინერში მოთავსდა დაუზიანებელი, ამასთან, საქმეს ერთვის, ბათუმის პორტის, კონტეინერის გახსნისას გადაღებული ფოტომასალა, რომელზეც ავტომობილი დამაგრებულია ჰაერში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებდა, რომ სადავო დაზიანებას ჰაერში დაზიანებული ავტომობილი ვერ მიიღებდა.

6.3. კასატორი უთითებს, 2021 წლის 25 აპრილის საშუამავლო ხელშეკრულებაზე, რომლითაც გ.ჭ–ძესა და შუამავალს შორის გამოირიცხა ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე პასუხისმგებლობა, რაც კასატორის აზრით, ასევე მოიცავს ავტომობილის ვიზუალურ მხარეს.

6.4. კასატორი ამტკიცებს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება გამორიცხავდა პასუხისმგებლობას კონტეინერში ჩატვირთვა/გადმოტვირთვის დროს მიყენებული დაზიანებებისთვის, აღნიშნულის სამტკიცებლად მოპასუხეს წარმოდგენილი ჰქონდა სხვა დაზღვეულთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც სპეციალური დათქმის სახით ითვალისწინებდა კონტეინერში დატვირთვა/გადმოტვირთვის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც დაუსაბუთებლად არ იქნა გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ.

6.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 12 ივნისის განჩინებით, სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- 2020 წლის 2 აგვისტოს, სს „ს.კ.ე.ჯ–იასა“ და შპს „ვ..“-ს შორის გაფორმდა დაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება NEG/AG 20/166. ხელშეკრულების საგანს „მზღვეველის“ მხრიდან, „დამზღვევის“ მიერ გადაზიდული/გადასაზიდი ტვირთ(ებ)ის დაზღვევა წარმოადგენდა. ამავე ხელშეკრულებით გაიწერა მხარეთა უფლება-მოვალეობები რომელთა თანახმად: ზარალის წარმოქმნისას დამზღვევი/დაზღვეული ვალდებულია: ტვირთის დაკარგვის ან/და დაზიანების შემთხვევაში, შეატყობინოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს დაადასტუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ტვირთის ზარალის დადგომიდან 24 საათისა (ხელშეკრულების 4.2.2. პუნქტი); ზარალის წარმოქმნისას დამზღვევი/დაზღვეული ვალდებულია: ხელი შეუწყოს მზღვეველს, რომ დაზიანებული ტვირთი დათვალიერდეს, დადგინდეს ზიანის მიზეზები, ოდენობა და სხვა ზიანთან დაკავშირებული გარემოებების დეტალები, ასევე მიიღოს აუცილებელი ზომები დაზღვევის ობიექტის დაზიანების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის, შემდგომი დაზიანების თავიდან აცილების ან/და ზარალის შემცირების მიზნით (ხელშეკრულების 4.2.3. პუნქტი); სადაზღვევო ანაზღაურების მოთხოვნისას, დამზღვევი/დაზღვეული ვალდებულია, მზღვეველს წარუდგინოს ზიანის ოდენობის განმსაზღვრელი და გამომწვევი მიზეზების აქტი (ხელშეკრულების 4.3.7. პუნქტი); მზღვეველი უფლებამოსილია სადაზღვევო ანაზღაურება გასცეს დაზღვევის პოლისის, დამზღვევის მიერ დასაბუთებული და მტკიცებულებებით დადასტურებული საპრეტენზიო განაცხადის ან/და მზღვეველის მოთხოვნით საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის საფუძველზე, სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შემდეგ (ხელშეკრულების 4.6.3. პუნქტი); მზღვეველი უფლებამოსილია არ გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება, თუკი დამზღვევის (დაზღვეული, მოსარგებლე) მიერ არ იქნება წარმოდგენილი შემთხვევასთან დაკავშირებული, წინამდებარე ხელშეკრულება/პირობებით (მათ შორის დაზღვევის პირობებით) გათვალისწინებული ან მზღვეველის მიერ, გონივრულ ვადაში დამატებით მოთხოვნილი, ყველა აუცილებელი დოკუმენტი (ხელშეკრულების 4.6.8. პუნქტი); მზღვეველი უფლებამოსილია არ გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება თუკი დამზღვევი (დაზღვეული ან მოსარგებლე) არღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით ან დაზღვევის პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს (ხელშეკრულების 4.6.10. პუნქტი); ზიანის ოდენობის სისწორეში ეჭვის წარმოქმნისას მზღვეველს უფლება აქვს მოითხოვოს დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარება. ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებენ მხარეები ერთობლივი შეთანხმების შესაბამისად (ხელშეკრულების 5.4. პუნქტი);

- ხელშეკრულების დანართი N1-ის 4.3. პუნქტის თანახმად, არც ერთ შემთხვევაში ეს დაზღვევა არ ფარავს დანაკარგს, დაზიანებას ან ხარჯს, გამოწვეულს ტვირთის არასათანადო შეფუთვით ან მომზადებით (მოცემული 4.3. მუხლის შემთხვევისათვის ჩაითვლება, რომ „შეფუთვა“ მოიცავს ჩაწყობას კონტეინერში ან სატვირთო ვაგონში, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ასეთი ჩაწყობა ხორციელდება დაზღვეულის ან მისი მომსახურე პერსონალის მიერ ან ამ დაზღვევის ძალაში შესვლამდე); დანართი N1-ის 8.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე დაზღვევა იწყება იმ მომენტიდან, როდესაც ტვირთი ტოვებს საწყობს ან ხელშეკრულებით განსაზღვრულ შესანახ ადგილს გადაზიდვის დასაწყებად, გრძელდება დადგენილი (შეთანხმების) მარშრუტით გადაზიდვის მთელი პერიოდის განმავლობაში და სრულდება: როცა ტვირთი მიტანილი იქნება ტვირთის მიმღების საწყობში ან სხვა საბოლოო საწყობში ან/და საბოლოო შესანახ ადგილას, რომელიც მითითებული იქნება წინამდებარე ხელშეკრულებაში (ს.ფ. 32-27; ხელშეკრულების დანართი N1);

- 2020 წლის 02 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე, 2021 წლის 09 ივნისს სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ მიერ გაიცა სადაზღვევო პოლისი, რომლითაც- 13 488 აშშ დოლარის სადაზღვევო თანხის ფარგლებში დაზღვეულ იქნა ავტომანქანა PORSCHE CAYENNES, ვინ კოდი: W........... დაზღვევის პერიოდი მოიცავდა 09/06/2021-09/08/2021 წ. ფრანშიზა გათვალისწინებულ იქნა სულ მცირე - 75,00 აშშ დოლარი;

- 2021 წლის 31 ივლისის შეტყობინების თანახმად, სადაზღვევო კომპანიას დაუკავშირდა შპს „ვ..“-ის დირექტორი ი.დ–რი და განაცხადა, რომ ამერიკიდან დაახლოებით 15 ივნისს წამოვიდა ტვირთი კონტეინერით, კონტეინერის გახსნისას კი, აღმოჩნდა, რომ დაზღვეულ ავტომანქანას დაზიანებული ჰქონდა ძრავისი (ე.წ. „კაპოტი“) .

- 2021 წლის 8 სექტემბრის შეტყობინებით, მოპასუხემ უარი განაცხადა სადაზღვევო ანაზღაურების გადახდაზე იმაზე მითითებით, რომ მოსარჩელეს მოპასუხისათვის არ ჰქონდა გაგზავნილი ანაზღაურებისათვის საჭირო დოკუმენტაცია, კერძოდ, ზიანის გამომწვევი მიზეზის აქტი;

- 2021 წლის 10 სექტემბერს, ელ. ფოსტის საშუალებით მოსარჩელემ დამატებით წარადგინა გადამზიდავის მიერ შედგენილი აქტი დაზიანებასთან დაკავშირებით;

- შპს „კ.ჯ–ას“ მიერ 2021 წლის 10 სექტემბერს შედგა ცნობა, რომლის თანახმად- კონტეინერი NTLLU5155336 /MSMU7572977 დაილუქა ამერიკის შეერთებულ შტატებში და გაიხსნა საქართველოში (ბათუმი). კონტეინერში ჩაიტვირთა ავტომობილი მოდელი/მარკა PORSCHE Cayenne, გამოშვების წელი 2014. ფერი: შავი, ვინ კოდი: wp1a......... მოდელი/მარკა TOYOTA Avalon გამოშვების წელი 2014. ფერი: რუხი ვინ კოდი: 4T1B.......... ავტომობილები კონტეინერში მოთავსდა დაუზიანებელი, ხოლო საქართველოში კონტეინერის გახსნისას დაფიქსირდა ავტომობილის დაზიანება. რაზედაც შედგა შესაბამისი აქტი პორტის წარმომადგენლებთან ერთად;

- შპს „ბ.ს.ს.ტ–ის“ 2021 წლის 4 აგვისტოს წერილის თანახმად, ავტომანქანა კონტეინერიდან გადმოიყვანეს რაიმე სახის ზემოქმედების გარეშე და მას უკვე აღენიშნებოდა განცხადებაში მითითებული დაზიანებები. საოპერაციო მანევრირების დეტალური შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ მანევრირება განხორციელდა სტანდარტების შესაბამისად, პროცედურის სრული დაცვით. ამდენად, ავტომანქანაზე რაიმე სახის ზიანის მიყენება ან არსებული ზიანის გაუარესება არასწორი მანევრირების/ოპერაციის ან გულგრილი მოქმედების შედეგად არ დაფიქსირებულა. ასევე, ავტომანქანაზე რაიმე სხვა სახის ზემოქმედება არ მომხდარა ტერმინალში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში;

- შპს „ჯ.მ–ის“ დაზიანებული ავტომობილის დათვალიერების დაზიანების შეფასების აქტის თანახმად, ავტომობილის შეკეთებისათვის/აღდგენისთვის საჭირო დეტალის და საჭირო მომსახურების ღირებულება განისაზღვრა - 7 670 ლარით;

- 2023 წლის 13 იანვარს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ შორის გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს განემარტა, რომ ავტომობილს ჰქონდა კაპოტის, პეტლებისა და პლასტმასების დაზიანება, ასევე ვერ ხერხდებოდა კაპოტის გაღება. ამასთან დაკავშირებით ექსპერტის წინაშე გამოსაკვლევად დაისვა შემდეგი კითხვა: შესაძლებელი იყო თუ არა, რომ ავტომობილს მსგავსი ტიპის დაზიანებები მიეღო კონტეინერში იმ ფორმით ყოფნის დროს, როგორც ეს თანდართულ მასალაში იყო მოცემული. 2023 წლის 10 თებერვლის წერილის თანახმად: ექსპერტიზის სრულყოფილი ჩატარებისათვის მნიშვნელოვანია მოხდეს, ექსპერტის მიერ გამოსაკვლევი ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში დათვალიერება და ტექნიკური შემოწმება. ვინაიდან დღეის მდგომარეობით გამოსაკვლევი ობიექტის ადგილმდებარეობა ვერ იქნა დადგენილი ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელია დასკვნის მომზადება. ასევე, სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, მხარის მიერ წარმოდგენილი ფოტო/ვიდეო მასალების მიხედვით ტექნიკური თვალსაზრისით შეუძლებელია;

- 2021 წლის 26 აპრილს შპს „W “-სა და გ.ჭ–ძეს შორის გაფორმდა საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შუამავალმა (შპს „W “) აიღო ვალდებულება დამკვეთს დახმარებოდა მისთვის სასურველი ნივთის შეძენაში, ხოლო დამკვეთმა აიღო ვალდებულება, გადაეხადა შუამავლისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური ზემოაღნიშნული მომსახურების მისაღებად. შესაძენი/შეძენილი ნივთის მახასიათებლები იყო: მოდელი PORSCHE CAYENNE, გამოშვების წელი: 2014, ფერი: შავი, ვინ კოდი: WP1AF2A28ELA45173. ნივთის შეძენის ადგილი- ამერიკის შეერთებული შტატები;

- 2021 წლის 22 ოქტომბერს შპს „W “-სა და გ.ჭ–ძეს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი N2210. წინამდებარე აქტზე ხელმოწერით მხარეებმა დაადასტურეს, რომ: ა) შუამავალმა შეასრულა, ხოლო დამკვეთმა მიიღო ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად და ჯეროვნად. ბ) დამკვეთს სრულად გადაეცა შეძენილ ნივთთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. გ) მხარეებს ერთმანეთის მიმართ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პრეტენზიები არ გააჩნიათ;

- 2021 წლის 29 სექტემბერს, შპს „W “-სა და გ.ჭ–ძეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ 2021 წლის 26 აპრილს გაფორმებული საშუამავლო ხელშეკრულების საფუძველზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან შეძენილი ავტომობილი, მოდელი: PORSCHE CAYENNE, გამოშვების წელი: 2014, ფერი: შავი, ვინ კოდი: WP1AF......... კონტეინერში მოთავსდა დაუზიანებელი, ხოლო საქართველოში კონტეინერის გახსნისას დაფიქსირდა დაზიანება, კერძოდ: კაპოტი, პეტლები და პლასტმასები რომლის ზარალის ანაზღაურება მოიცავს- 5 000 ლარს და გადახდილი იქნება შპს „W “-ის მიერ.

12. განსახილველი დავის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია იმის დადგენა თუ რამდენად სწორად დაეკისრა სადაზღვევო კომპანიას ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. იმ შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მხარეს სურს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დავის მომწესრიგებელ დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლი (დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი კი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი) და ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას).

13. დასახელებული სამართლებრივი ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივ მავალდებულებელი ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (იხ. სუსგ საქმე №ას-663-624-2011, 17 თებერვალი, 2012 წელი).

14. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო. მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (შდრ: სუსგ-ები: №ას-663-624-2011, 17 თებერვალი, 2012წ; №ას-882-2023, 12 სექტემბერი, 2023წ; №ას-948-2023, 10 ოქტომბერი, 2023წ; №ას-1335-2023, 30 იანვარი, 2024წ.).

15. მოსარჩელე დავობს გადაზიდვისას დაზიანებული ნივთის შეკეთებისთვის საჭირო ზიანის ანაზღაურების თაობაზე, სს „ს.კ.უ–ის“ მიერ წარდგენილი მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით კი შედავე

ბულია, როგორც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ასევე, დაზღვეულის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენის) დარღვევის ფაქტი. მართალია კასატორი მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლის არასრულად შეფასების თაობაზე აპელირებს, თუმცა საკასაციო პალატის აზრით, მოსარჩელის მიერ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის დარღვევის თაობაზე შედავება ფორმალურია, არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის დასაბუთებული შედავება, რაც საკასაციო პალატას უსპობს შესაძლებლობას სამართლებრივი შეფასება მისცეს საკასაციო საჩივრის ამ ნაწილს.

16. რაც შეეხება კასატორის აპელირებას, მასზედ, რომ სახეზე არ იყო სადაზღვევო შემთხვევა, რადგან ნივთი კონტეინერში მოთავსდა დაზიანებულ მდგომარეობაში ან სულ მცირე, არ დაზიანებულა კონტეინერში ყოფნისას, აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და უპირველესად, მხარეთა ყურადღებას მიაპყრობს სადაზღვევო ურთიერთობებში მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტს. პალატა განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთის განაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი დატვირთვა აქვს, ვინაიდან მოსარჩელის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად, მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი, რაც სარჩელის უარყოფაში ვლინდება. ამასთან, მტკიცების ტვირთის რეალიზება და მისი განაწილების წესის სამართლებრივი ბუნების ზუსტი ახსნა მოდავე მხარეთა თანასწორუფლებიანობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილება სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა, ვინაიდან, ბუნებითი უფლებები ყველა ადამიანისთვის ყოველთვის თანასწორი უნდა იყოს, რაც უნდა აისახოს და გავრცელდეს როგორც საპროცესო სამართლებრივ ურთიერთობებში ასევე, საზოგადოებრივი ურთიერთობების ნებისმიერ სფეროში (შდრ: გაგუა ილონა., მტკიცების ტვირთი სამოქალაქო საპროცესო სამართალში, თბილისი, 2013 წ., გვ.118 და მომდევნო გვერდები).

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე. ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ზიანის ოდენობის განსაზღვრა იმ განცდილი ზიანის კომპენსირებაში მდგომარეობს, რომელიც მოსარჩელეს მიადგა მოპასუხის ქმედებით. განცდილი ზიანის ოდენობა კი, განეკუთვნება არა სამართლის, არამედ ფაქტის საკითხს; ფაქტობრივ გარემოებებზე მითითება და რელევანტური მტკიცებულებების წარდგენა კი, მოსარჩელის საპროცესო ვალდებულებაა.

18. მხარეთა მიერ წარმოდგენილი საპროცესო დოკუმენტების, ახსნა-განმარტებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების კვლევის შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა გადაზიდვისას ამერიკის შეერთებულ შტატებში შეძენილი ავტომანქანის დამატებით დაზიანების ფაქტი, ხოლო სადაზღვევო კომპანია ვალდებული იყო გადაზიდვისას ავტომანქანაზე დამატებითი დაზიანებების მიყენების ფაქტი გამოერიცხა, რაც თავის მხრივ, სადაზღვევო რისკის რეალიზების გამომრიცხავი გარემოებაა. საკასაციო პალატის განსჯით, სადაზღვევო კომპანია არასწორად აპელირებს, თითქოს მოსარჩელე უთითებდა კონტეინერში დაუზიანებელი ავტომობილის ჩატვირთვის თაობაზე, სარჩელისა და თანდართული მასალის კვლევის შედეგად, ცალსახაა, რომ მოსარჩელე უთითებს არა დაუზიანებელ ავტომობილზე მიყენებული დაზიანების თაობაზე, არამედ ამერიკის აუქციონზე შეძენილი დაზიანებული ავტომობილის გადაზიდვისას დამატებით დაზიანების თაობაზე. სახელდობრ სადავოა მხოლოდ, კონტეინერში ჩატვირთული დაზღვეული ავტომანქანის ძრავისზე (ე.წ. „კაპოტი“) მიყენებული დაზიანებები.

19. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში განთავსებულ ფოტომასალას, სადაც თვალნათლივ ჩანს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავტოაუქციონზე გადაღებული ფოტოსურათები, რომელშიც დაზღვეულ მანქანას დაზიანებული არ აქვს ძრავისი (იხ. ს.ფ. 146-148), ასევე ხილულია ძრავისის დაზიანება ქ. ბათუმის პორტში ჩამოსულ ავტომანქანაზე (იხ. ს.ფ. 58-64). ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ 2021 წლის 10 სექტემბერს, ელ. ფოსტის საშუალებით, მოსარჩელემ სადაზღვევო კომპანიაში, დამატებით, წარადგინა გადამზიდავის მიერ შედგენილი აქტი დაზიანებასთან დაკავშირებით, რომელშიც მიეთითა, რომ ავტომობილი დაზიანდა დახურულ კონტეინერში, ხოლო, დაზიანების პირდაპირი მიზეზის დადგენა იყო შეუძლებელი. საკასაციო პალატის აზრით, ვინაიდან მოსარჩელემ შეძლო დაედასტურებინა აშშ-ში შეძენილ ავტომანქანასა და საქართველოში, ბათუმის პორტში ჩამოსულ ავტომანქანას შორის დამატებითი დაზიანებების არსებობის დადასტურება, სადავო დაზიანებების კონტეინერში მიყენების ფაქტის გამორიცხვა სწორედ მზღვეველის მოვალეობა იყო. ამ მიმართებით საკასაციო პალატა უთითებს, რომ სადაზღვევო კომპანიამ ექსპერტიზას მიმართა 2023 წლის 12 იანვარს და არა მაშინ, როდესაც შევიდა შეტყობინება სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით (31.07.2021 წელს). 2023 წლის 10 თებერვლის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წერილის თანახმად კი, დგინდება, რომ ექსპერტიზის ჩატარება ვერ მოხდა გამოსაკვლევი ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში დათვალიერებისა და ტექნიკური შემოწმების შეუძლებლობის გამო, რაც ნიშნავს, რომ მოპასუხემ თავისი ბრალით, ვერ შეძლო საკუთარი პოზიციის გამამყარებელი მტკიცებულების შექმნა. რაც შეეხება კასატორის იმ აპელირებას, რომ კონტეინერში ავტომანქანა გადაადგილდებოდა ჰაერში დაკიდებული, რაც გამორიცხავდა სადავო დაზიანების მიყენების შესაძლებლობას, ასევე მითითება მასზედ, რომ სადაზღვევო შემთხვევა არ მოიცავდა ავტომობილის კონტეინერში დატვირთვა/გადმოტვირთვისას მიყენებულ დაზიანებებს, პალატის განსჯით, მათ გააჩნიათ ლეგიტიმური საფუძვლები და შესაძლებელია განხილული ყოფილიყო დასაბუთებულ შედავებად იმ შემთხვევაში თუ, გამყარებული იქნებოდა შესაბამისი მტკიცებულებებით, ვინაიდან ბუნებრივია ზიანის დადგომის ხდომილება, დრო, ადგილი და სხვა გარემოებები არ შეიძლება მხოლოდ მხარის ზეპირსიტყვიერი შედავებით დადასტურდეს, არამედ საჭიროა სპეციალური ცოდნის მქონე პირის მიერ შედგენილი იმპერატიული შინაარსის დოკუმენტი. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს მიერ მართებულად დადგინდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარისი დაზიანდა სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (გადაზიდვისას), რაც წარმოადგენს დაზღვეული რისკით გამოწვეულ შემთხვევას.

20. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წარდგენილი საკასაციო საჩივარი შედავებას არ შეიცავს დაკისრებული თანხის ოდენობასთან დაკავშირებით, რის გამოც, საკასაციო პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის საფუძველზე, მოკლებულია შესაძლებლობას სამართლებრივი შეფასება მისცეს მას.

21. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

23. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 6/5/2024 №6175302 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი