ბს-1197-772(კ-05) 11 ივლისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – გ. ილინა
კასატორი – გ. ბ-ე, წარმომადგენელი – რ. ჩ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,, .. ..” დირექტორი ნ. ი-ე (ახმეტის რაიონის სოფ. ქვემო ალვანის სახელმწიფო ჯიშსაშენის სამართალმემკვიდრე), წარმომადგენელი – ნ. გ-ი
მესამე პირი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო; წარმომადგენელი – გ. ქ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2002 წლის 4 თებერვალს ახმეტის რაიონის ქვემო ალვანის სახელმწიფო ჯიშსაშენის დირექტორმა ნ. ი-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ახმეტის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებოდა სექსობრივ-ასაკობრივი ჯგუფების - 690 სული ცხვრის, 582 კგ ყველის, 1020 კგ მატყლის ნატურით დაბრუნება ან შესაბამისი ღირებულებით ანაზღაურება და საძოვრის ქირის - 4680 ლარის გადახდევინება.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1996 წლის 1 იანვარს ახმეტის რაიონის ქვემო ალვანის ფირმა ,,თ...სა", ამჟამად ქვემო ალვანის სახელმწიფო ჯიშსაშენი და მოპასუხე გ. ბ-ს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება ¹3/11 3 წლის ვადით, რის საფუძველზეც მოპასუხეს ,,ტ...ის" წესით მიემაგრა ცხვრის სულადობა, საძოვარი, ცხვრის ფარეხი და მეცხვარეთათვის საცხოვრებელი ბინა. ხელშეკრულება ითვალისწინებდა გარკვეულ ვალდებულებებს ორივე მხრიდან.
მოსარჩელის განმარტებით, 1998 წლის დეკემბერში სულადობის ინვენტარიზაციისას მას დააკლდა 329 სული ცხვარი, მათ შორის - 275 სული დედალი ცხვარი და 54 თოხლი, რომელთა ღირებულება 13160 ლარია.
1999 წლის იანვარში დამთავრდა ხელშეკრულების ვადა, რის შემდეგაც გ. ბ-ე უამრავი გაფრთხილების მიუხედავად, თავს არიდებდა ჯიშსაშენთან ანგარიშსწორებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა გ. ბ-ს დაკისრებოდა მის სასარგებლოდ სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფების - 690 სული ცხვრის, 582 კგ ყველის, 1020 კგ მატყლის დაბრუნებას და 4680 ლარის ოდენობით საძოვრით სარგებლობის ქირის გადახდას.
ახმეტის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ქვემო ალვანის სახელმწიფო ჯიშსაშენის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე _ გ. ბ-ს დაეკისრა ქვემო ალვანის სახელმწიფო ჯიშსაშენისათვის 361 სული ცხვრის სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ნატურით დაბრუნება, ასევე 532 კგ ყველისა და 1020 კგ მატყლის ნატურით ან შესაბამისი ღირებულებითი ანაზღაურება და საძოვრის ქირის - 4680 ლარის გადახდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-მ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ახმეტის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
თბილისის საოლქო სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა ქვემო ალვანის სახელმწიფო ჯიშსაშენმა, რომელმაც შეგებებული სააპელაციო საჩივრით გაზარდა სარჩელის საგანი და მოითხოვა ახმეტის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გ. ბ-ისათვის 406 სული ცხვრის, მათ შორის - 262 სული დედა ცხვრის, 40 სული ყოჩის, 140 _ თოხლის, 1810 კგ მატყლის, 1030 კგ ყველისა და 4 ცხენის ნატურით დაბრუნება; ასევე, 4680 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ან გ. ბ-ისათვის 1996 წლის 1 იანვრის საიჯარო ხელშეკრულების შეცვლის დავალება.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და იშუამდგომლა გ. ბ-ისათვის მხოლოდ შეგებებულ სააპელაციო საჩივარში დასახელებული ოდენობით იჯარის ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის დაკისრება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ისა და ქვემო ალვანის სახელმწიფო ჯიშსაშენის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახმეტის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ქვემო ალვანის სახელმწიფო ჯიშსაშენის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გ. ბ-ეს ქვემო ალვანის სახელმწიფო ჯიშსაშენის სასარგებლოდ დაეკისრა 406 სული ცხვრის, მათ შორის - 262 სული დედა ცხვრის, 40 სული ყოჩის, 140 _ თოხლის; 1810 კგ მატყლის, 1030 კგ ყველის ნატურით დაბრუნება ან შესაბამისი ღირებულების ანაზღაურება, ასევე საძოვრის ქირის გადახდა 4680 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ სრულად იზიარებს რაიონული სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული გარემოება - 1999 წლის მაისში ცხვრის გადარეკვისას სტიქიური მოვლენის, ქარბუქისა და ზვავის გამო იჯარით გაცემული ცხვრის დაცემის თაობაზე, არ დასტურდება საქმის მასალებით. საქმეში არსებული, 1999 წლის 6 მაისს შედგენილი ცხვრის დაცემის თაობაზე აქტი არ იძლევა ცხოველთა იდენტიფიცირების შესაძლებლობას. ცხვრის დაცემის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება კი გ. ბ-ს არ წარმოუდგენია.
პალატამ საფუძვლიანად მიაჩნია ქვემო ალვანის სახელმწიფო ჯიშსაშენის გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ გ. ბ-ს მეიჯარისათვის გადაცემული ქონება - ცხვარი, არ დაუბრუნებია. მას ჯიშსაშენთან არც ახალი ხელშეკრულება გაუფორმებია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 591-ე მუხლის თანახმად, საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ იჯარით გადაცემული ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის მოიჯარეს ეკისრება დაყოვნების მთელი პერიოდისათვის მისი ქირის გადახდის მოვალეობა.
სააპელაციო პალატა დაეყრდნო სხდომაზე წარმოდგენილ საქართველოს კონტროლის პალატის აქტის ამონაწერს და ახმეტის ჯიშსაშენის ცხოველთა მოძრაობის უწყისებს და მიუთითა, რომ ამ აქტებში დაფიქსირებული გადაუხდელი საიჯარო ქირის ოდენობა გაზრდილ სასარჩელო მოთხოვნაში დასახელებულის ტოლი იყო, რაც მიიჩნია აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ-მ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, ვინაიდან მას პირად საკუთრებაშიც ჰყავდა ცხვრის გარკვეული რაოდენობა. შესაბამისად, თუკი სასამართლო იზიარებდა 1999 წლის მაისში ცხვრის სტიქიური უბედურების დროს დაღუპვის ფაქტს, რა მტკიცებულებზე დაყრდნობით მიიჩნევდა, რომ დაღუპული ცხვარი მთლიანად და/ან ნაწილობრივ მისი პირადი საკუთრება იყო. კასატორის განმარტებით, აღნიშნული დასკვნა სასამართლომ მიიღო ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლებისა და მტკიცებულების გარეშე, რაც კანონის დარღვევაა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად: ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, დაამოწმოს მის მიერ ან მისი ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტების ან სხვა დომკუმენტების ასლები”. ამასთან, კასატორის განმარტებით, დოკუმენტის დამოწმებისას უნდა შედგეს დამოწმების ფურცელი, რომელიც უნდა შეიცავდეს სხვადასხვა მონაცემს. საქართველოს კონტროლის პალატის რევიზიის აქტი კი დამოწმებულია ახმეტის რ/ნ-ის თუშური ცხვრის ქვემო ალვანის სახელმწიფო ჯიშსაშენის ბეჭდით, კანონის თანახმად კი იგი საქართველოს კონტოლის პალატის მიერ უნდა ყოფილიყო დამოწმებული. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს აღნიშნული დოკუმენტი მტკიცებულებად არ უნდა გამოეყენებინა.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს მიერ შექმნილი კომისიის აქტი, რომლითაც დასტურდებოდა მის მიერ იჯარით აღებული 173 სული ცხვრის სტიქიის შედეგად დაღუპვის ფაქტი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის განხილვისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1” ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.
საკასაციო სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე დაყრდნობით განმარტავს: დისპოზიციურობის პრინციპი ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობისათვის, ისევე, როგორც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისათვის, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რომელიც მხარეებს აძლევს შესაძლებლობას, თავისუფლად განკარგონ საკუთარი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთ კონკრეტულ გამოვლინებას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც, სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
ახმეტის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 16 ივლისის სხდომის ოქმში მოსარჩელემ – ქვემო ალვანის სახელმწიფო ჯიშსაშენმა _ შეამცირა საკუთარი სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა გ. ბ-ს ჯიშსაშენის სასარგებლოდ დაკისრებოდა 361 სული ცხვრის სქესობრივ-ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით ნატურით დაბრუნება, 532 კგ ყველის, 1020 კგ მატყლის ნატურით ან შესაბამისი ღირებულებით ანაზღაურება, ასევე საძოვრის ქირის 4680 ლარის გადახდა. ხოლო, რაც შეეხებოდა 329 სულ ცხვარს, მოსარჩელემ მიუთითა, რომ ის ამ ნაწილში უარს აცხადებდა საკუთარ მოთხოვნაზე იმ მოტივით, რომ მითითებულ ნაწილში არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება. საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატება სასარჩელო მოთხოვნას.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შეზღუდვებიდან გამომდინარე, მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას, იმსჯელოს შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კანონიერებაზე, მაგრამ აქვე აღნიშნავს, რომ საქმეში დაცული მასალებიდან შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რას წარმოადგენს შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და რა ფარგლებში იქნა იგი განხილული.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის მხრიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგნის შემცირების ფაქტს და არსებითად მიიჩნევს საქმის დაბრუნების შემდგომ სასამართლომ დააზუსტოს შეგებებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას, განსაზღვროს, მოხდა თუ არა საქმის განხილვა მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს თუ არა სარჩელი.
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების შემოწმების საფუძველზე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან დარღვეულია მითითებული მუხლის ყველა მოთხოვნა, რაც საკასაციო სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას შეამოწმოს გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს რაიონულ სასამართლოში დავის საგნის შემცირების მოტივს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლევის საგნად უნდა იქცეს დაკისრებული 406 სული ცხვარიდან, აქვს თუ რა ნაწილს შემხებლობა ახმეტის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაყვეტილებასთან და ხომ არ არის სახეზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით დადგენილი წანამძღვრები.
საკასაციო სასამართლო საქმის დაბრუნების შემდგომ ასევე არსებითად მიიჩნევს, სასამართლო მსჯელობის საგნად იქცეს საძოვრის ქირის მოთხოვნის კანონიერების საკითხი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულია მოსარჩელის მოთხოვნა საძოვრის ქირის - 4680 ლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მითითებას მოთხოვნის ამ ნაწილში დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლის თაობაზე. როგორც საქმის მასალებიდან იკვეთება, კასატორს საძოვრით სარგებლობისათვის გადასახდელი თანხა გადახდილი აქვს ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდისათვის, შესაბამისად, მოთხოვნა ეხება 1999 წლის შემდგომ პერიოდს, რისი მხედველობაში მიღებისა და მიწის იჯარის ხელშეკრულების სპეციფიკის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს საძოვრის ქირის დაკისრების კანონიერების საკითხი იქცეს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგნად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების პროცესუალური საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. მხარეთათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.