Facebook Twitter

საქმე №ას-642-2024 20 მარტი, 2026 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.მ–ვა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების უვადოდ მიჩნევა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ლ.მ–ვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ და მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების უვადოდ მიჩნევა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის დაკისრება.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1. მოსარჩელე 2018 წლის ოქტომბრიდან სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში დასაქმებული იყო დამხმარე მასწავლებლის პოზიციაზე. მისი ყოველთვიური შემოსავალი 750 ლარს შეადგენდა.

2.2. 2023 წლის 18 იანვარს მოსარჩელეს დაურეკა უშუალო უფროსმა და აცნობა, რომ ის აღარ მუშაობდა და არ გამოცხადებულიყო სამსახურში.

3. მოპასუხის პოზიცია

3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3.2. შესაგებლის თანახმად, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა იყო დროებითი საჭიროების არსებობის შემთხვევებისთვის, ხელშეკრულების შეწყვეტის ეტაპზე არ არსებობდა დამხმარე მასწავლებლის საჭიროება.

3.3. დამსაქმებლის მტკიცებით, მოპასუხესთან არ დადებულა უვადო შრომითი ხელშეკრულება, რაც მისი გათავისუფლების კანონიერ შესაძლებლობას იძლეოდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

4.1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 01 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ლ.მ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ.მ–ვასა და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა მიჩნეულ იქნა უვადო შრომით ურთიერთობად. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილება ლ.მ–ვას, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, დამხმარე მასწავლებლის (ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების (ესის/CLIL) მასწავლებელი) თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ლ.მ–ვა აღდგენილ იქნა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დამხმარე მასწავლებლის (ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების (ესის/CLIL) მასწავლებელი) თანამდებობაზე და მიეცა იძულებითი განაცდური 2023 წლის 18 იანვრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე (მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენამდე), ყოველთვიურად 750 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით.

4.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5.2 სააპელაციო პალატამ მოიხმო საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილი და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობები არსებობდა 2018 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (გრძელდებოდა 45 თვის განმავლობაში), თუმცა 2020 წლის 24 ივნისის შემდეგ არსებობდა დაახლოებით 90 დღიანი წყვეტა, რის გამოც ამ ურთიერთობათა სპეციფიკა არ აკმაყოფილებდა შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის მაკვალიფიცირებელ ელემენტებს. კერძოდ, იმისათვის, რომ ვადიანი შრომითი ხელშეკრულება მიჩნეულ იქნეს უვადოთ, თუკი შუალედში არსებობს წყვეტა, ამ წყვეტასა და მომდევნო ხელშეკრულებას შორის პერიოდი არ უნდა იყოს 60 დღეზე მეტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიაჩნია, რომ ამ საფუძვლით მოსარჩელის პოზიცია ვერ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს და ვერ იქნებოდა გაზიარებული. თუმცა სააპელაციო პალატამ, ასევე მოიხმო საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტები, რის შესაბამისადაც აღნიშნა, რომ მართალია დამსაქმებლის აზრით, ხელშეკრულება დაიდო და ითვალისწინებდა კონკრეტული სამუშაოს შესრულების მიზანს, რაც ურთიერთობის ერთჯერად ხასიათზე უთითებდა, თუმცა პალატის აზრით, რეგიონის სპეციფიკის (ქართული ენის სათანადო ცოდნის პრობლემა) გათვალისწინებით, მხარეთა ურთიერთობის პრაქტიკა საწინააღმდეგოზე მიუთითებდა. ამიტომ, „კონკრეტული სამუშაოს“ კრიტერიუმი მოკლებული იყო ლოგიკურ საფუძველს. რაც შეეხება „სხვა ობიექტურ გარემოებას“, ამ ნაწილშიც, პალატის აზრით, მოპასუხემ ვერ გაართვა მტკიცების ტვირთს თავი, სახელდობრ, ვერ დაასაბუთა და ვერც მტკიცებულებები წარმოადგინა, თუ რა სხვა ობიექტური ვითარება არსებობდა, რაც გაამართლებდა ვადიანი ხელშეკრულების არსებობას. ამასთან, პალატამ დასძინა, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვერ დგინდებოდა, რომ „დამხმარე მასწავლებლის“ პოზიცია 2023 წლიდან გაუქმდა (საერთოდ შესაბამისი პროგრამა ან მისი კონკრეტული კომპონენტი „დაიხურა“) და აღარ იყო აქტუალური. სასამართლომ ასევე ვერ დაადგინა, რომ მოსარჩელე, როგორც დამხმარე სპეციალისტი არ იყო მოთხოვნადი და მისი შტატი იყო გაუქმებული.

5.3. სააპელაციო პალატამ მხარეთა შორის უვადო ხელშეკრულების არსებობის დადგენის კვალდაკვალ, იმსჯელა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერებაც და დაასკვნა, რომ მოსარჩელე უკანონოდ გათავისუფლდა თანამდებობიდან, ვინაიდან დამსაქმებელი არ იყო უფლებამოსილი თავისი ინიციატივით დაესრულებინა შრომითი ურთიერთობა მოსარჩელესთან. შესაბამისად, გასაჩივრებული ზეპირი ბრძანება, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე მიჩნეულ იქნა ბათილ გარიგებად.

5.4. პალატის შეფასებით, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის არარსებობის მტკიცების ტვირთს დამსაქმებელმა ვერ გაართვა თავი. ამიტომ, დადგინდა, რომ თანამდებობა, რაც გათავისუფლებამდე ეკავა მოსარჩელეს, კვლავ არსებობდა და იყო ვაკანტური, რაც სადავო გათავისუფლების უკანონოდ აღიარების პირობებში, მოსარჩელის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობას იძლეოდა.

5.5. იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის უკანონოდ გათავისუფლების თანმდევი შედეგის სახით, მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2023 წლის 18 იანვრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 750 ლარის ოდენობით.

5.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2024 წლის 12 თებერვლის განჩინება, საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა.

6. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

6.2. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებლის პრეტენზია მიმართულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ მსჯელობის წინააღმდეგ, რომლითაც მიჩნეულ იქნა, რომ მოსარჩელესთან დადებული იყო უვადო ხელშეკრულება. მისი მტკიცებით, სასამართლომ არარელევანტურად გამოიყენა შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილი და არასწორად განმარტა სადავო ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება. კასატორი აცხადებს, რომ მოსარჩელესთან დადებული გარიგება ითვალისწინებდა იმპერატიულ დათქმებს მისი ვადისა და დროებითი ვალდებულების შესრულების შესახებ, რაც იმთავითვე ადასტურებს, რომ სადავო გარიგება დადებული იყო მოკლე ვადით, მისი საჭიროების არსებობამდე.

6.3. კასატორი ამტკიცებს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა უმართებულოდ გამოიყენეს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, ვინაიდან მხედველობაში არ მიიღეს კონკრეტული ხელშეკრულების დადების მიზანი. კასატორის აზრით, სადავო პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულების გაფორმება განისაზღვრებოდა და გამომდინარეობდა კონკრეტული სკოლის საჭიროებიდან, რომელსაც ადგენდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სპეციალური კრიტერიუმების საფუძველზე, ყოველი წლის დასაწყისში სკოლის საჭიროების გათვალისწინებით და შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება აისახებოდა სამართლებრივ აქტში - ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის პროგრამის ქვეპროგრამის - „სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა ეროვნული უმცირესობების სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში“.

6.4. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ დაუსაბუთებლად არ იმსჯელა და სათანადოდ არ გამოიკვლია, რომ აღნიშნული ქვეპროგრამა მტკიცდება ყოველი წლის დასაწყისში მინისტრის ბრძანებით. ამ პროგრამის მიხედვით დასაქმებული დამხმარე მასწავლებლები არ წარმოადგენენ მუდმივად დასაქმებულ მასწავლებლებს, არამედ მათი შრომითი მოვალეობების შესრულება დამოკიდებულია აღნიშნული პროგრამით განსაზღვრულ ვადებზე და ამოცანებზე. კერძოდ: 2.2. პუნქტი ამბობს, რომ დასაქმებული ვალდებულია ასევე „სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა ეროვნული უმცირესობების სკოლამდელ დაწესებულებებსა და სკოლებში“ პროგრამის ხელმძღვანელის წინაშე, ხოლო 3.2. პუნქტით მისი ანაზღაურება განისაზღვრება პროგრამა ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობიდან, ქვეპროგრამა სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა ეროვნული უმცირესობების სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში. შესაბამისად, კასატორი უთითებს, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დასაქმებულის ანაზღაურება დამოკიდებულია ამ პროგრამის არსებობაზე, ხოლო ვინაიდან პროგრამა არის ერთწლიანი და ყოველწლიურად ხდება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ საჭიროებების დადგენა, ჩართული სკოლების რიცხვი იზრდება ან მცირდება ყოველ კონკრეტულ რეგიონში არსებული საჭიროებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი უთითებს, რომ სასამართლომ არ იმსჯელა და სათანადო შეფასება არ მისცა დასაქმებულის მიერ მოყვანილ მტკიცებულებებს, რის გამოც მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო და იურიდიულად დაუსაბუთებელი.

6.5. კასატორის შემდგომი პრეტენზია მიემართება მოსარჩელის აღდგენას დაკავებულ თანამდებობაზე. კასატორი უთითებს, რომ 2022 წლის 30 დეკემბრის N1684479 ბრძანებით, ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის N476 დადგენილებაში, რომლითაც გაუქმდა დამხმარე მასწავლებლის შტატი და რომლითაც, საჭიროების შემთხვევაში, სკოლები თვითონ (და არა ცენტრი) ასაქმებენ ბილინგვური სწავლების სპეციალისტების სკოლის საშტატო განრიგის შესაბამისად. კასატორი ამტკიცებს, რომ ეს სამართლებრივი აქტები წარმოდგენილი იყო სააპელაციო სასამართლოშიც, თუმცა გადაწყვეტილების მიღებისას არ ყოფილა მხედველობაში მიღებული.

6.6. კასატორი შუამდგომლობს საქმეში მესამე პირად ჩართულ იქნას მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ........... საჯარო სკოლა, ვინაიდან კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, დამსაქმებელს უკვე წარმოადენს კონკრეტული სკოლა.

6.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განჩინებით, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა გასაჩივრებული განჩინებით დადგენილად ცნობილი ყველა გარემოება.

11. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო პალატის მიერ საქართველოს შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 ნაწილის არასწორი სუბსუმირების შესახებ და განმარტავს, რომ სადავოობის შემთხვევაში, ხელშეკრულების ვადის დადგენის შესაძლებლობას თანაბარმნიშვნელოვნად იძლევა, როგორც შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მე-4, ასევე მე-3 ნაწილიც. კერძოდ, მოხმობილი ნორმის თანახმად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადა არის 1 წელი ან 1 წელზე მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; ე) შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებს „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას; ვ) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ განსაზღვრული ვადით შრომით ხელშეკრულება დადებულია ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის გარეშე, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება (იხ. სუსგ. №ას-33-2020, 17.06.2020წ.; №ას-895-2020, 06.10.2022წ.). განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო, ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომელთა თანახამად, 2018 წლიდან მოსარჩელე დასაქმებული იყო ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, რასაც მოწმობს მისთვის შესაბამის პერიოდში ხელფასის ჩარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო 2021 წლიდან მასთან გარკვეული პერიოდულობით ფორმდებოდა წერილობითი ხელშეკრულებები. სახელდობრ, საქმეში წარმოდგენილია 2021 წლის 16 ივნისის ხელშეკრულება - რომელიც მოქმედებდა იმავე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით, 2021 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულება, რომელიც მოქმედებდა იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, 2022 წლის 10 იანვრის ხელშეკრულება, რომელიც მოქმედებდა იმავე წლის 30 ივნისის ჩათვლით, 2022 წლის 01 ივლისის ხელშეკრულება, რომელიც მოქმედებდა იმავე წლის 31 აგვისტომდე და 2022 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულება, რომელიც მოქმედებდა იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ხელშეკრულებების მიხედვით, მოსარჩელე დასაქმეზბული იყო სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ დამხმარე მასწავლებლის (ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების (ესის/CLIL) მასწავლებელი) თანამდებობაზე. საკასაციო პალატა მოხმობილი ხელშეკრულების კვლევის შედეგად შენიშნავს, რომ ხსენებული დოკუმენტები არათუ ვერ ასაბუთებენ, არამედ მითითებასაც კი არ შეიცავენ მასზედ, თუ შრომის კოდექსის 12.3 მუხლის რომელი კონკრეტული საფუძვლის არსებობის გამო დაიდო შრომითი ხელშეკრულება 1 წელზე ნაკლები დროით. ამგვარ დასაბუთებას არ შეიცავს არც მოპასუხის შესაგებელი, მიუხედავად იმისა, რომ თავად სარჩელი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადების კანონიერებას იმთავითვე ედავებოდა.

12. საკასაციო პალატის განსჯით, შრომითი ხელშეკრულების 1 წელზე ნაკლები ვადით დადების საფუძველი, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა. საგულისხმოა, რომ მოსარჩელე სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში 2018 წლიდან პრაქტიკულად, უწყვეტად საქმიანობდა დამხმარე მასწავლებლის პოზიციაზე, შესაბამისად, მისი ფუნქცია, დამსაქმებელი ორგანიზაციის სისტემაში, არ უკავშირდებოდა დროებით/არამუდმივ საჭიროებას. მხარეთა შორის არსებული წერილობითი ხელშეკრულება არ შეიცავს შრომის კოდექსის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტში ჩამოთვლილ არცერთ საფუძველზე მითითებას, ამდენად, ხელშეკრულება არ აკმაყოფილებს ვადიანი ხელშეკრულების დადების აუცილებელ პირობას. აღნიშნული კი, განაპირობებს მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების უვადოდ დადებულად მიჩნევას, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ 2022 წლის 15 სექტემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული ვადის გასვლა ვერ დააბრკოლებდა მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნას.

13. გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის შესაძლებლობას ვერ დააბრკოლებდა ვერც ჯერ კიდევ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილი ნორმატიული აქტები, რომელზე დაყრდნობითაც კასატორი აცხადებს, რომ გაუქმდა დამხმარე მასწავლებლის პოზიცია, ხოლო ასეთის არსებობის საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული სკოლები ასაქმებენ დამხმარე მასწავლებელს და არა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი. საკასაციო პალატის განსჯით, წარმატების პერსპექტივა არც ამ არგუმენტს გააჩნია, ვინაიდან როგორც ეს სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, „ზოგადი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ დანართი (კოდი 32 02 13), რომელიც განსაზღვრავდა ამ პოზიციის დროებით ხასიათს, არ უთითებდა დამხმარე მასწავლებლის პოზიციის გაუქმების შესახებ. მეტიც, ამ დანართის შესაბამისად, ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების (ესის/CLIL) მასწავლებელი არის ორენოვანი მასწავლებელი, რომელიც განაწილებულია წინასწარ შერჩეულ სკოლაში და ვალდებულია გაუძღვეს ენისა და საგნის ინტეგრირებულ კურსს დაწყებით საფეხურზე. ასევე, ის ჩართულია რესურსებისა და ინსტრუმენტების შექმნის პროცესში და მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტებთან, ესგ-ს დანერგვის ექსპერტებთან და ადგილობრივი მასწავლებლებთან. ამასთან, აღნიშნული პროგრამა არის 2022 წლის, თუმცა საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ ამ მიმართულების პოზიციაზე მოსარჩელე დასაქმებული იყო 2018 წლიდან, რაც წარდგენილი მტკიცებულების არარელევანტურობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. გარდა ამისა, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის ის შეფასებაც, რომ წარმოდგენილ მტკიცებულებაზე დაყრდნობით შეუძლებელია იმის დადგენაც, რომ „დამხმარე მასწავლებლის“ პოზიცია 2023 წლიდან გაუქმდა (საერთოდ შესაბამისი პროგრამა ან მისი კონკრეტული კომპონენტი „დაიხურა“) და აღარ არის აქტუალური, ან ის, რომ მოსარჩელე, როგორც დამხმარე სპეციალისტი, არ არის მოთხოვნადი და მისი შტატი გაუქმებულია, რაც შრომით სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის გადანაწილების ობიექტური სტანდარტის მიხედვით, მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა. ამდენად, პალატა ასკვნის, რომ მოსარჩელის გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის ვალდებულება მართებულად დადგინდა.

14. საქართველოს შრომის კოდექსის 48.9 მუხლის შესაბამისად, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია.

15. გასაჩივრებული განჩინება, კასატორის მიერ, სრულადაა გასაჩივრებული, რაც ასევე მოიცავს სასარჩელო მოთხოვნის იძულებითი განაცდურის ნაწილში დაკმაყოფილების კანონიერებასაც. საქართველოს შრომის კოდექსის 42.1 მუხლის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დასაქმებულს დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს შრომის ანაზღაურება სრულად მიეცემა. პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დამსაქმებლის უკანონო გადაწყვეტილების გამო დასაქმებული ვერ ახერხებს შრომითი უფლებამოსილების განხორციელებას და სანაცვლო ანაზღაურების მიღებას, წარმოადგენს სწორედ დამსაქმებლის ბრალით განპირობებულ იძულებით მოცდენას (ზიანს), რომელიც, სამოქალაქო კოდექსის 408.1 მუხლის შესაბამისად, ექვემდებარება აღდგენას იმ მასშტაბით, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (იხ. სუსგ. №ას-1041-2023, 26.12.2023წ.).

16. საკასაციო პალატის განსჯით, რომ არა დამსაქმებლის მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაზე, მოსარჩელეს ექნებოდა შესაძლებლობა, ყოველთვიურად მიეღო კუთვნილი სახელფასო ანაზღაურება, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტიდან დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენამდე დროის მთელ შუალედში, უწყვეტად. ამრიგად, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, მოსარჩელის სასარგებლოდ, მართებულად დაეკისრა იძულებითი განაცდურის სახით 2023 წლის 18 იანვრიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე (მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენამდე), ყოველთვიურად 750 ლარის (ხელზე ასაღები) გადახდის ვალდებულება.

17. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის შუამდგომლობას საქმეში მესამე პირად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლის ჩართვის შესახებ. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლზე [დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია], იმავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები], 411-ე მუხლზე [საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები] და განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს, კანონი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებას და ახალი მტკიცებულებების წარდგენას. კანონმდებელი ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს, საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, რამდენადაც აღნიშნული შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, რომელიც არ წარმოადგენს საქმის არსებითად განმხილველ სასამართლოს, მოკლებულია შესაძლებლობას, საქმეში მესამე პირი ჩააბას (იხ. სუსგ საქმე №ას-795-760-2014, 10 მარტი, 2015 წელი). ამდენად, კასატორის შუამდგომლობა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საქმეში მესამე პირის ჩაბმის თაობაზე, არ გამომდინარეობს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობიდან და, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

18. ზემოხსენებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ ასკვნის, რომ კასატორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს ცნობილი დასაშვებად საკასაციო საჩივარი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული და კანონიერია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 5 ივნისს №04730 საგადახდო დავალებით გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 600 ლარის, 70% - 420 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შუამდგომლობა, საქმეში მესამე პირის ჩართვის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი