Facebook Twitter

საქმე №ას-558-2025 20 მარტი, 2026 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ხ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ხ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – ქორწინების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მ.ხ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ.ხ–ის მიმართ, მასსა და გ.ხ–ს შორის 2000 წლის 7 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები

2.1. მოსარჩელე 2022 წლის 17 მაისს გარდაცვლილი გ.ხ–ის შვილს და პირველი რიგის მემკვიდრეს წარმოადგენს.

2.2. გ.ხ–ი 1967 წლის 11 მაისს დაქორწინდა ლ.ს–თან, რომელთანაც შეეძინა შვილი - მ.ხ–ი (მოსარჩელე). მათ შორის ქორწინება შეწყდა განქორწინებით 1990 წლის 1 მარტს.

2.3. 1990 წლის 3 ნოემბერს გ.ხ–მა იქორწინა ნ.დ–აზე. ხოლო, მოგვიანებით 2000 წლის 7 ნოემბერს - მ.ბ–ზე (მოპასუხე), თუმცა გ.ხ–ი ისე დაქორწინდა, რომ ნ.დ–ასთან ქორწინება შეწყვეტილი არ ყოფილა.

2.4. სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხესთან რეგისტრირებული ქორწინების ბათილად ცნობა, რათა მას არ წარმოშობდა სამართლებრივი შედეგები გარდაცვლილი გ.ხ–ის სამკვიდრო ქონებაზე.

3. მოპასუხის პოზიცია

3.1. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.

3.2. შესაგებლის თანახმად, მისთვის უცნობი იყო ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების შესახებ. მან იცოდა, რომ გ.ხ–ი ქორწინებაში იყო ნ.დ–ასთან, თუმცა იცოდა, რომ ეს ქორწინება შეწყვეტილი იყო. მოპასუხეს ჰქონდა კანონიერი ნდობა როგორც მეუღლის, ისე ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ და ვარაუდობდა, რომ მასთან დაქორწინებამდე, ნ.დ–ასთან ქორწინება გარდაცვლილმა შეწყვიტა და არ არსებობდა დამაბრკოლებელი გარემოებები. იმ ფაქტის შესახებ, რომ ნ.დ–ასთან ქორწინება შეწყდა მოგვიანებით, 2011 წლის 29 აგვისტოს, შეიტყო, სარჩელის აღძვრის შემდეგ.

3.3. მოპასუხე და გ.ხ–ი 1995 წლიდან, მის გარდაცვალებამდე 2022 წლის 17 მაისამდე, ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად. მოსარჩელის გარდა, გ.ხ–ს ჰყავდა კიდევ ერთი შვილი - ი.ზ–ი, რომელიც გარდაიცვალა 2015 წლის 7 თებერვალს. ამ უკანასკნელს ჰყავდა ქალიშვილი - 1995 წლის 14 დეკემბერს დაბადებული ა.ხ–ი.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით მ.ხ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ.ხ–მა.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით, მ.ხ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტების შეცვლით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ.ხ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი გ.ხ–სა და მ.ბ–ს (ხიდეშელს) შორის 2000 წლის 7 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერი №1275) ქორწინების რეგისტრაციიდან 2011 წლის 29 აგვისტომდე. დარჩენილ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ქორწინების რეგისტრაციისას - 2000 წლის 7 ნოემბერს, მოპასუხესა და გარდაცვლილ გ.ხ–ს შორის არსებობდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება, კერძოდ, რეგისტრირებული ქორწინება მის ყოფილ მეუღლესთან - ნ.დ–ასთან (ქორწინების რეგისტრაცია 1990 წლის 3 ნოემბრიდან). შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დაუშვებელი იყო გარდაცვლილ გ.ხ–სა და მოპასუხეს შორის ქორწინება, რადგან არსებობდა ბათილობის საფუძველი. მიუხედავად აღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაპყრო იმ გარემოებას, რომ ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება აღმოიფხვრა 2011 წლის 29 აგვისტოს, მაშინ, როდესაც გ.ხ–მა დაარეგისტრირა განქორწინება ნ.დ–ასთან, მოპასუხემ არ იცოდა რეგისტრირებული ქორწინების შესახებ და, სარჩელის აღძვრის დროს არ არსებობდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები.

5.3. პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა ქორწინება 2011 წლის 29 აგვისტოდან, ე.ი. გარდაცვლილ - გ.ხ–სა და ნ.დ–ას შორის ქორწინების შეწყვეტის მომენტიდან ნამდვილი იყო. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სადავო ქორწინება უნდა გაბათილებულიყო ნაწილობრივ - მისი რეგისტრაციიდან ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის მთელი პერიოდის მანძილზე, კერძოდ, მის მოსპობამდე - 2011 წლის 29 აგვისტომდე.

5.4. სააპელაციო პალატამ აგრეთვე იმსჯელა აპელანტის მიერ სადავოდ გამხდარ იმ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მოპასუხე და გ.ხ–ი 1995 წლიდან გარდაცვალებამდე ფაქტობრივად ერთად ცხოვრობდნენ და ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდნენ. მოსარჩელის/აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული გარემოება, საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადასტურებული არ იყო. პალატამ გაიზიარა აპელანტის აღნიშნული შედავება და მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას დაეყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებას, ცნობას (იხ. ს.ფ. 101) და სანოტარო აქტს (იხ. ს.ფ. 99). მოხმობილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს რელევანტური მტკიცებულებების წარმოდგენის გზით, მართლაც არ დაუდასტურებია ის გარემოება, რომ მოპასუხე და გარდაცვლილი გ.ხ–ი 1995 წლიდან გარდაცვალებამდე ფაქტობრივად ერთად ცხოვრობდნენ.

5.5. სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 127-ე, 140-ე, 148-ე და 150-ე მუხლების შესაბამისად შეაფასა ხსენებული მტკიცებულებები და დაასკვნა, რომ შპს „ჰ–ის“ ცნობიდან, ირკვეოდა, რომ გ.ხ–ის დაკრძალვის შესახებ შპს „ჰ–ს“ მიმართა მოპასუხის ნათესავმა - ი.ბ–მა, რაც არ წარმოადგენდა სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას. სააპელაციო პალატამ, ასევე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი სანოტარო აქტიც (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №221653784, რეგისტრაციის თარიღი - 05.12.2022წ.), რომლის თანახმადაც დ.პ–ი და ნ.გ–ი ხელმოწერით ადასტურებენ, რომ მეუღლეები მარიამი ხიდეშელი და გ.ხ–ი 1995 წლიდან ნამდვილად ცხოვრობდნენ ერთად მ.ხ–ის მამისეულ სახლში, ხოლო 2018 წლიდან გადავიდნენ საცხოვრებლად ერთობლივად აშენებულ სახლში. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სანოტარო აქტში დასახელებული პირები, განსახილველი საქმის მხარეები არ იყვნენ და არც მოწმის სახით გამოკითხულან პროცესზე, რის გამოც სანოტარო აქტი მოწმის ჩვენებას ვერ გაუთანაბრდებოდა და ვერ იქნებოდა განხილული სადავო ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად, მით უფრო, როცა ის არ იყო გამყარებული საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

5.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება, საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით, გაასაჩივრა მ.ხ–მა.

6. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები

6.1. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.

6.2. კასატორი აცხადებს, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა მართებული ნორმა, თუმცა არასწორად განმარტა ის.

6.3. კასატორი აცხადებს, რომ სააპელაციო პალატამ მოპასუხისა და გ.ხ–ის 1995 წლიდან გარდაცვალებამდე ფაქტობრივად ერთად ცხოვრების ფაქტი დააყრდნო მხარეთა ახსნა-განმარტებას, თუმცა არც მოსარჩელეს და არც მოპასუხეს ამგვარი ახსნა-განმარტება არ წარუდგენიათ.

6.4. კასატორი არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში ასახულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა შესაბამისი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მ.მ–მა იცოდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის შესახებ. კასატორი ამტკიცებს, რომ სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი, რადგან მითითებული გარემოების დამტკიცების ტვირთი არა მოსარჩელეს, არამედ მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა.

6.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივნისის განჩინებით, მ.ხ–ის საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. შესაბამისად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

- გ.ხ–ი და ლ.ს–ი ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1967 წლის 11 მაისიდან 1990 წლის 1 მარტამდე. მათ შორის ქორწინება შეწყდა განქორწინებით;

- ლ.ს–სა და გ.ხ–ს თანაცხოვრებისას შეეძინათ ორი შვილი: 1967 წლის 15 ივნისს დაბადებული მ.ხ–ი (მოსარჩელე) და 1970 წლის 29 მაისს დაბადებული ი.ხ–ი (გარდაიცვალა 2015 წლის 7 თებერვალს. მას დარჩა ერთი შვილი - 1995 წლის 14 დეკემბერს დაბადებული ა.ხ–ი);

- გ.ხ–ი 1990 წლის 3 ნოემბერს დაქორწინდა ნ.დ–აზე. მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა მალე, თუმცა, განქორწინება დარეგისტრირდა 2011 წლის 29 აგვისტოს;

- 2000 წლის 7 ნოემბერს გ.ხ–მა ქორწინება დაარეგისტრირა მოპასუხესთან. გარდაცვლილი მეუღლე და მოპასუხე ფაქტობრივად ერთად ცხოვრობდნენ 1995 წლიდან. მესამე ქორწინების აქტის რეგისტრაციის დროს (2000 წლის 7 ნოემბერს) მეორე ქორწინება (რეგისტრირებული 1990 წლის 3 ნოემბერს) შეწყვეტილი არ ყოფილა;

- გ.ხ–ის სამკვიდროს მიღებაზე ნოტარიუსს ექვს თვიან ვადაში მიმართეს მოსარჩელემ და მოპასუხემ.

- გ.ხ–ი 1995 წლიდან გარდაცვალებამდე (2022 წლის 17 მაისი) ფაქტობრივად ცხოვრობდა და ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწეოდა მოპასუხესთან ერთად. გ.ხ–ის დაკრძალვის შესახებ შპს „ჰ–ს“ მიმართა მოპასუხის ნათესავმა - ი.ბ–მა.

- მოპასუხესა და გ.ხ–ის ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება 2011 წლის 29 აგვისტოდან აღარ არსებობდა.

13. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ საფუძვლით, რომ არც პირველი ინსტანციის სასამართლომ და არც სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის თაობაზე მისი მითითება და სარჩელი სრულად არ დაკმაყოფილდა.

14. პალატა განმარტავს, რომ უდავოა, სადავო ქორწინების რეგისტრაციისას, არსებობდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება, კერძოდ, გ.ხ–ისა და ნ.დ–ას შორის 1990 წლის 3 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება, თუმცა ისიც დადგენილია, და მოსარჩელეს, გარდა ახსნა-განმარტებისა, სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომ 1990 წლის 3 ნოემბრის ქორწინების ფაქტის შესახებ მოპასუხემ იცოდა, ანუ დაუდასტურებელია ფაქტი, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო იმ გარემოების შესახებ, რომელიც კრძალავდა ქორწინების შესაძლებლობას. მართალია ამ მიმართებით კასატორი პრეტენზიას გამოთქვამს საკასაციო საჩივარში, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად, ვინაიდან იგი გამყარებული არ არის არც ერთი წონადი მტკიცებულებითა თუ არგუმენტით.

15. საკასაციო სასამართლო ეთანხმება მოსარჩელეს (კასატორს) და აღნიშნავს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებების მიხედვით დაუშვებელი იყო მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ქორწინება, რადგან არსებობდა ბათილობის საფუძველი, თუმცა, ამავდროულად, პალატა ყურადღებას მიაქცევს მოპასუხის მიერ წარდგენილ მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელს და მასზე დაყრდნობით განმარტავს, მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა ისეთ გარემოებებზე, რაც მოსარჩელის მოთხოვნას გამორიცხავდა, კერძოდ მან აღნიშნა, რომ ქორწინების რეგისტრაციისას არ იცოდა მეუღლის პირველი ქორწინების შესახებ (კეთილსინდისიერი მეუღლე იყო) და, რაც მთავარია, სარჩელის აღძვრის ეტაპზე არ არსებობდა ხსენებული ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები.

16. ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად განმარტეს ქორწინების დამაბრკოლებელი ნორმის შინაარსი (სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი) და სწორად იხელმძღვანელეს ამავე კოდექსის 1140-ე მუხლით (ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ დარღვეულია 1107-ე, 1108-ე და 1120-ე მუხლებით დაწესებული პირობები და, თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას (ფიქციური ქორწინება), თუმცა, ვინაიდან საქმის განხილვის დროისათვის აღარ არსებობდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება (გ.ხ–სა და ნ.დ–ას შორის 1990 წლის 3 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა მალე, თუმცა, განქორწინება დარეგისტრირდა 2011 წლის 29 აგვისტოს) სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა სრულად აპელანტის მოთხოვნა (სამოქალაქო კოდექსის 1143-ე მუხლის მეორე ნაწილი).

17. საკასაციო სასამართლო ასევე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მხარეთა ქორწინება 2011 წლის 29 აგვისტოდან ე.ი. გ.ხ–სა და ნ.დ–ას შორის ქორწინების შეწყვეტის მომენტიდან ნამდვილი იყო, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ განსახილველი კატეგორიის დავებზე სარჩელი როგორც წესი არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას (იხ. სუსგ. საქმე Nას-915-2020, 2021 წლის 31 მარტი; Nას-849-815-2016 2017 წლის 5 იანვარი). მიუხედავად აღნიშნულისა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხე მ.ხ–ს არ გაუსაჩივრებია, მიიჩნევა რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და მის მართებულობას საკასაციო პალატა დამატებით ვერ შეამოწმებს. ამდენად, კასატორის მეორე არგუმენტი, რომელიც გარდაცვლილ გ.ხ–სა და მ.ხ–ს შორის ქორწინების ფაქტობრივ შეწყვეტასა და მათ თანაცხოვრების ვადას მიემართება, გარდა იმისა, რომ არ არის დადასტურებული საქმეზე წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით, ასევე არარელევანტურია საქმეზე დამდგარი სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით და ამავე კატეგორიის საქმეზე ზემოთ ციტირებული სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებითაც.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სამოქალაქო კოდექსის 1143-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად (თუ საქმის განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს დაქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, სასამართლოს შეუძლია ქორწინება ცნოს ნამდვილად ამ გარემოებათა მოსპობის მომენტიდან. ასეთი საფუძვლით ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვთ მეუღლეებს და იმ პირებს, რომელთა უფლებებიცაა დარღვეული ამ დაქორწინებით, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს), საკასაციო პალატა აღნიშნავს, ვინაიდან საქმის განხილვის ეტაპზე მოისპო და აღარ არსებობდა მხარეთა შორის ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოება, რაზეც, როგორც მოპასუხის შესაგებელი, ისე საქმეში არსებული მტკიცებულებები მიუთითებდა, არ არსებობდა სადავო ქორწინების სრულად გაბათილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

19. საკასაციო პალატის შეფასებით, კასატორის საკასაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები, მისი დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მართებულია.

20. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

21. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

23. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ: Nას-915-2020, 2021 წლის 31 მარტი; Nას-849-815-2016 2017 წლის 5 იანვარი, №3კ/628-03, 2003 წლის 12 ივნისის განჩინება).

24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

მ.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; მ.ხ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ი.კ–ძის მიერ 23/06/2025წ. №3564 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი