Facebook Twitter

საქმე №ას-289-2026 27 მარტი, 2026 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – გ.მ–ვი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ტ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ოქტომბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ.მ–ვის წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების ლ.ტ–ძისა და შპს „ე–ნის“ წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელემ იშუამდგომლა ლ.ტ–ძეს აკრძალვოდა თავის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთების გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა: ა) მისამართი: ქალაქი თბილისი, ქუჩა ........, სადარბაზო 1, სართული 8, ბინა 25, საკადასტრო კოდი: .........; ბ) მისამართი: ქალაქი თბილისი, ქუჩა ..........., საკადასტრო კოდი: ..........; გ) მისამართი: ქალაქი ბათუმი, ქუჩა ..........., საკადასტრო კოდი: ...........

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, გ.მ–ვის წარმომადგენლის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრის განჩინების გაუქმებისა და შუამდგომლობის დაკმაყოფილების მოთხოვნით, გ.მ–ვმა წარადგინა საჩივარი, იმავე სასამართლოს 2024 წლის 1 დეკემბრის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით, გ.მ–ვის საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 5 ნოემბრისა და 1 დეკემბრის განჩინებები. გ.მ–ვის შუამდგომლობა უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელების თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხე ლ.ტ–ძეს აეკრძალა თავის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთების გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა: ა) მისამართი: ქალაქი თბილისი, ქუჩა ............, სადარბაზო 1, სართული 8, ბინა 25, საკადასტრო კოდი: ...........; ბ) მისამართი: ქალაქი თბილისი, ქუჩა ..........., საკადასტრო კოდი: ..........; გ) მისამართი: ქალაქი ბათუმი, ქუჩა ..........., #31-37, სართული 14, ბინა 134, საკადასტრო კოდი: ...........

6. 2025 წლის 30 სექტემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ლ.ტ–ძის წარმომადგენელმა ზ.ძ–მა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განჩინების ნაწილობრივ გაუქმებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა მოითხოვა, იმ საფუძვლებზე მითითებით, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია სამ უძრავ ნივთზე, თუმცა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ამ ქონებიდან მხოლოდ ერთის (ქ. ბათუმი, .........., მე14 სარჩელი ბინა 134, ს.კ. ..........), რეალიზაციაც საკმარისი იქნება მოსარჩელის მოთხოვნის დასაფარად. განმცხადებელმა წარმოადგინა ქონებების შეფასების დოკუმენტი.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ლ.ტ–ძის განცხადება დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი განჩინება, რომლითაც გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის აკრძალვა მოეხსნა ორ უძრავ ქონებას: 1) მისამართი: ქალაქი თბილისი, ქუჩა .........., სართული 8, ბინა 25, საკადასტრო კოდი: ............; 2) მისამართი: ქალაქი თბილისი, ქუჩა ............, კორპუსი 2, ბინა 24, საკადასტრო კოდი: ........... დანარჩენ ნაწილში (ქონებაზე, რომლის მისამართია: ქალაქი ბათუმი, ქუჩა ............, საკადასტრო კოდი: ..............) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა დარჩა უცვლელი.

8. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ საქმეზე, სარჩელით მოთხოვნილია ზიანის ანაზღაურება 68000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით. სარჩელში მითითებულია ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დადასტურების შემთხვევაში, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების მაღალი ალბათობა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოპასუხის საკუთრებაში არსებულ სამ უძრავ ნივთზე, მათ შორის ლ.ტ–ძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ს.კ. .........., რომლის ღირებულება შეადგენს 163000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, რაც დაახლოებით 2,5-ჯერ აღემატება დავის საგნის ღირებულებას. სააპელაციო პალატამ დასძინა, რომ მითითებულ უძრავ ნივთზე 2024 წლის 8 ოქტომბრის მდგომარეობით, არ იყო რეგისტრირებული არავითარი ვალდებულება. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ დამატებით ორ უძრავ ნივთზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებლად ზღუდავდა მოპასუხის ინტერესს და არ შეესაბამებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის მიზანს.

9. 2026 წლის 28 იანვარს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე გ.მ–ვმა წარადგინა საჩივარი, რომლითაც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების უცვლელად დატოვებას.

10. საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ გასაჩივრებული განჩინებით დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლით გათვალისწინებული „ჩანაცვლების პრინციპი“ ვინაიდან ამ შემთხვევაში მოხდა არა უზრუნველყოფის ერთი სახით მეორეს ჩანაცვლება, არამედ გამოყენებული უზრუნველყოფის ნაწილობრივ გაუქმება. მისი მტკიცებით, მხარე ითხოვდა უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ გაუქმებას, მაშინ როდესაც სააპელაციო პალატის ინიციატივით მოხდა ჩანაცვლებაზე მსჯელობა, თუმცა მხარეს ეს არ მოუთხოვია. საჩივრის ავტორი მიუთითებს ქონების საბაზრო ღირებულების მცდარი მეთოდოლოგიის გამოყენებასა და სააღსრულებო რისკებზე და განმარტავს, რომ საბაზრო ღირებულება არ არის სააღსრულებო ამონაგების იდენტური, იძულებითი აუქციონის პირობებში ხდება უძრავი ქონების საბაზროზე ნაკლებ ფასად გაყიდვა, რასაც ასევე აკლდება სააღსრულებო და სხვა ხარჯები. ამასთან, არსებობს სააღსრულებო რისკიც, რაც გულისხმობს, რომ განსახილველი დავის დასრულებამდე მოპასუხის მიმართ შესაძლებელია სხვა საფუძვლით დაიწყოს იძულებითი აღსრულება და სადავო ქონებაზე სასამართლოს აკრძალვა ვერ გახდება უზრუნველყოფის ობიექტის იძულებით აუქციონზე გაყიდვის შემაფერხებელი. ამ შემთხვევაში მოსარჩელე შეიძლება დარჩეს რეალური უზრუნველყოფის გარეშე, ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფისთვის მხოლოდ ერთი ქონების დატოვება სარჩელის ფასთან (68 000 აშშ დოლარი) მიმართებით ქმნის კრიტიკულ რისკს, რომ სამომავლო გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება სრულად, რაც ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების ეფექტიანობის პრინციპს. საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ 2025 წლის 30 იანვრის განჩინება იყო კანონიერ ძალაში შესული და არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას, რისი შეცვლის შესაძლებლობაც არ უნდა მისცემოდა მხარეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

12. საქმის მასალებში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ გ.მ–ვის წარმომადგენლის მიერ სარჩელი აღძრულია მოპასუხეების ლ.ტ–ძისა და შპს „ე–ის“ წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების სახით, თანხის - 68000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით. სარჩელის საფუძვლად მითითებულია, რომ მოპასუხე ლ.ტ–ძემ მოსარჩელეს 37000 აშშ დოლარად მოტყუებით მიჰყიდა უფლებრივად ნაკლიანი უძრავი ნივთი, მდებარე: ქალაქი ბათუმი, ........., საკადასტრო კოდი: ........... როგორც მოსარჩელისათვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, შეძენილი უძრავი ნივთი იპოთეკით იყო დატვირთული ს/ს „ბ.ქ–უს“ სასარგებლოდ და ამ უკანასკნელის მოთხოვნა მოვალის (შპს „ე–ის“) მიმართ შეადგენდა 399808.63 აშშ დოლარს. სარჩელში ასევე მითითებულია, რომ მოსარჩელის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების გათვალისწინებით, აღნიშნული უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით შეადგენს 68000 აშშ დოლარს. მითითებული სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელე გ.მ–ვის წარმომადგენლის საჩივრის საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 30.01.2025 წლის განჩინებით გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის აკრძალვა გამოყენებულია მოპასუხე ლ.ტ–ძის საკუთრებაში არსებულ სამ ერთეულ უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდებით: .........; .........; .......... საქმის მასალებით ასევე, დადგენილია, რომ 2025 წლის 30 სექტემბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ლ.ტ–ძის წარმომადგენელმა, რომელმაც ითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შემცირება იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი ღონისძიება სრულად უზრუნველყოფს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. განცხადებაზე დართული, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის დოკუმენტის მიხედვით დასტურდება, რომ უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული უძრავი ნივთის ს.კ. ........... საბაზრო ღირებულება შეადგენს 163000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, შეფასების თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.

13. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებისას თანაზომიერების პრინციპი უნდა იყოს დაცული. კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და არ უნდა იკვეთებოდეს აშკარა შეუსაბამობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს ვერ გაამართლებს.

14. სასამართლო, ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლს, რომლის თანახმად, მხარეთა თხოვნით, დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე.

15. დასახელებული ნორმა ადგენს საპროცესო სუბიექტთა უფლებას, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მიმართონ სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვონ უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების შეცვლა სხვა ღონისძიებით. ასეთი ცვლილების სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო პროცესის სუბიექტთა ინტერესების სრულყოფილად დაცვასა და მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებაში მდგომარეობს. უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზეა დასაშვები, რადგან სამოქალაქო ბრუნვის თავისებურებიდან გამომდინარე, კანონმდებელი გონივრულად ვარაუდობს, რომ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო უარყოფითი შედეგები დასაშვებია გამოვლინდეს საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე, ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპის მსგავსად, მხარე თავად წყვეტს, თუ როდის მოითხოვოს აღნიშნული ცვლილების განხორციელება სასამართლოს მიერ და, მიუხედავად იმისა, ადგება თუ არა მას ზიანი უზრუნველყოფის თავდაპირველი ღონისძიების დაწესების ეტაპზევე, მას ამ ღონისძიების შეცვლის მოთხოვნის უფლება ენიჭება საკუთარი დისკრეციის ფარგლებში, როდესაც მიიჩნევს ამას საჭიროდ (იხ. სუსგ საქმე Nას-1113-1033-2017, 24 ოქტომბერი, 2019 წელი).

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სადავო გარემოებათა მტკიცების გარკვეულ სტანდარტს, კერძოდ, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ სარჩელის უზრუნველსაყოფად უკვე გამოყენებული ღონისძიება მას ზიანს აყენებდა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ აღნიშნული საპროცესო მოვალეობა შეასრულა. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ სასამართლოს წინაშე წარმოადგინა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ, შეფასების ანგარიში N25-09/20, საიდანაც დგინდება, რომ ქ. ბათუმში, ..........ქუჩა N31-37-ში მდებარე სახლის მეთოთხმეტე სართულზე არსებული ლ.ტ–ძის საკუთრებაში რეგისტრირებული 112 კვ.მ. ფართის მქონე ბინა N134-ის საბაზრო ღირებულება, შეფასების მომენტისთვის შეადგენდა 163 300,00 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს, საწინააღმდეგოს დადასტურების ტვირთი მოსარჩელის მხარესაა. აღსანიშნავია, რომ წარდგენილი მტკიცებულების სამართლებრივი ძალა ან შეფასებული ღირებულება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, ამის საწინააღმდეგოდ იგი საჩივარში უთითებს, რომ მოხდა არა უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა, არამედ მისი ნაწილობრივ გაუქმება (პროცესუალური დარღვევა), რაც არ შეიძლებოდა ვინაიდან 2025 წლის 30 იანვრის განჩინება იყო კანონიერ ძალაში შესული და არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას. საკასაციო პალატა, საჩივრის ავტორის ამ შედავებას ფორმალურად მიიჩნევს და მხარეს განუმარტავს, რომ უზრუნველყოფის შეცვლა გულისხმობს, როგორც ერთი საგნის მეორით შეცვლას, ასევე მოცულობით დიდი უზრუნველყოფის სარჩელის მოთხოვნის შესაბამისი უფრო მცირე/მეტი მოცულობით ჩანაცვლებასაც. ვინაიდან ურავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასება სპეციალური ცოდნის მქონე პირის დასკვნას საჭიროებს და ამგვარი მტკიცებულების გარეშე სასამართლო არაა უფლებამოსილი მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტების საფუძველზე გაიზიაროს ქონების ღირებულების შესახებ შედავება, ამიტომ, პრევენციულად სასამართლომ შესაძლებელია აკრძალვა გაავრცელოს იმაზე მეტი ღირებულების უძრავ ნივთზე ვიდრე სასარჩელო მოთხოვნის ოდენობაა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენის შემდეგ, მოპასუხეს ერთმევა შესაძლებლობა გამოყენებული აკრძალვა მოაქციოს თანაზომიერების პრინციპის მოქმედების სფეროში, რაც ვერ იქნება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვად განხილული.

17. რაც შეეხება საჩივრის ავტორის მეორე არგუმენტს სააღსრულებო რისკებთან დაკავშირებით, ნიშანდობლივია, რომ ამგვარი რისკი ლოგიკურია იარსებებს იმ შემთხვევაშიც თუ სასამართლოს მიერ დაწესებული შეზღუდვა ერთის მაგივრად სამ ერთეულ უძრავ ქონებაზე გავრცელდება, რაც ამ არგუმენტსაც დაუსაბუთებლად აქცევს.

18. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ განსახილველ შემთხვევაში, არსებობდა 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ნაწილობრივ შეცვლის საფუძველი.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 195-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.მ–ვი საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი