Facebook Twitter

05 მარტი 2026 წელი

№ა-3392-შ-87-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შ.პ.ს. „რ.ა–ო“

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ჯ.ა.გ“

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე - უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 16 აპრილის N 412/2024 საარბიტრაჟო გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 16 აპრილის N 412/2024 საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით, შ.პ.ს. „რ.ა–ო“-ს მოთხოვნები მოპასუხე შ.პ.ს. „ჯ.ა.გ“-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შ.პ.ს. „ჯ.ა.გ“-ს (ს/ნ ........) შ.პ.ს. „რ.ა–ო“-ს (ს/ნ .........) სასარგებლოდ ჯამურად 30 656,75 აშშ დოლარის (25 767.12 აშშ დოლარი, რომელიც მიღებულია წინასწარი გადახდის სახით, მიუწოდებელი საქონლისთვის; 2089.63 აშშ დოლარი, როგორც საარბიტრაჟო მოსაკრებლის საფასურის ნაწილის კომპენსაცია; 2800.00 აშშ დოლარი იურიდიული წარმომადგენლობის ხარჯების ნაწილის კომპენსაციის სახით) ანაზღაურება დაეკისრა. საარბიტრაჟო სარჩელი დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შ.პ.ს. „რ.ა“-ს წარმომადგენელმა, მოითხოვა ზემოაღნიშნული უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 16 აპრილის N 412/2024 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

3. ცნობისა და აღსრულების მიზნით წარმოდგენილი უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებითა და შუამდგომლობაზე თანდართული მასალების მიხედვით, დგინდება შემდეგი:

3.1. დასახელებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საბოლოო და სავალდებულოა მხარეებისთვის მისი გამოტანის დღიდან და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

3.2. მოპასუხე საქმეზე გამართულ ზეპირ მოსმენაზე არ გამოცხადებულა.

3.3. ზეპირ მოსმენაზე საარბიტრაჟო მოსარჩელემ საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს რეგლამენტის 49-ე მუხლზე დაყრდნობით, მოითხოვა საქმის განხილვა მოპასუხის მონაწილეობის გარეშე და გადაწყვეტილების მიღება არსებული მტკიცებულებების საფუძველზე.

3.4. მოპასუხეს, რომელსაც სათანადოდ ეცნობა საარბიტრაჟო წარმოების, ზეპირი მოსმენის თარიღისა და ადგილის შესახებ, საარბიტრაჟო სარჩელზე რაიმე შეპასუხება არ წარუდგენია და არც სხდომებზე მიუღია მონაწილეობა. სხდომაზე მოსარჩელემ შეინარჩუნა თავისი პოზიცია საქმესა და მოთხოვნილ ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

3.5. საარბიტრაჟო სასამართლომ საქმე განიხილა მოპასუხის მონაწილეობის გარეშე და გადაწყვეტილება მიიღო არსებული მტკიცებულებების საფუძველზე.

3.6. უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 05 ივნისის N 1482/14-6 წერილობითი ინფორმაციით (რომელიც გაცემულია უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ და ხელმოწერილია ამავე საარბიტრაჟო სასამართლოს პრეზიდენტის მიერ), ხსენებულმა საერთაშორისო კომერციულმა საარბიტრაჟო სასამართლომ დაადასტურა, რომ „საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შესახებ“ უკრაინის კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, შ.პ.ს. “G. A.G“-ისათვის შ.პ.ს „რ.ა“-ს სასარგებლოდ 30 656.75 აშშ დოლარის ოდენობით თანხის დაკისრების შესახებ 2025 წლის 16 აპრილის N 412/2024 საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არის საბოლოო და სავალდებულო მხარეებისთვის მისი მიღების დღიდან, 2025 წლის 16 აპრილიდან.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივლისის განჩინებით, უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 16 აპრილის N 412/2024 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შ.პ.ს. „რ.ა“-ს შუამდგომლობა მიღებული იქნა განსახილველად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ივლისის განჩინება და შ.პ.ს. „რ.ა“-ს შუამდგომლობა თანდართული მასალებით შ.პ.ს. „ჯ.ა.გ“-ს კანონით დადგენილი წესით 2025 წლის 05 აგვისტოს ჩაბარდა, თუმცა მას არც მოსაზრება წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 16 აპრილის N 412/2024 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლით, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ასევე, არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის პირველი ნაწილით, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35620 მუხლის საფუძველზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილება გამოიტანება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ.

8. არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილი იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.

9. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებული ნიუ-იორკში, 1958 წლის 10 ივნისს (შემდეგში "ნიუ იორკის კონვენცია"), გამოიყენება იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებიც მიღებულია სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, და არა იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც მოითხოვება ასეთ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ისეთ დავათა გამო, რომელთა მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები (შდრ. ს.უ.ს.გ. Nა-4514-შ-125-2023, 30.04.2024წ.; Nა-1133-შ-29-2020, 22.02.2021წ.).

10. ნიუ იორკის კონვენციის მიზანია, საერთაშორისო ვაჭრობისა და საერთაშორისო დავების არბიტრაჟის გზით მოგვარების განვითარება. იგი მიზნად ისახავს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების და საარბიტრაჟო შეთანხმების აღსრულების გამარტივებას („კომერციული არბიტრაჟის საერთაშორისო საბჭო“ (ICCA) სახელმძღვანელო 1958 წლის ნიუ იორკის კონვენციის განმარტებაზე, 2013, გვ.19,20). ნიუ-იორკის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს ცნობს როგორც სავალდებულოს და აღასრულებს მათ იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმებით, სადაც მოითხოვება ამ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ქვემოთ ჩამოთვლილ მუხლებში ჩამოყალიბებული პირობებით. იმ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების მიმართ, რომლებისთვისაც გამოიყენება ეს კონვენცია, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს არსებითად უფრო მძიმე პირობები ან უფრო მაღალი ბაჟი ან მოსაკრებლები იმასთან შედარებით, რომლებიც არსებობს შიდა გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულებისათვის.

11. ნიუ იორკის კონვენციის მე-4 მუხლი ადგენს უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შუამდგომლობის წარდგენის წესს, კერძოდ, მხარემ, რომელიც ითხოვს ცნობასა და აღსრულებას, აღნიშნული მოთხოვნით მიმართვისას, უნდა წარადგინოს: ა) სათანადო წესით დამოწმებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დედანი, ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი; ბ) მეორე მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების (საარბიტრაჟო შეთანხმების) დედანი, ან მისი სათანადო წესით დამოწმებული ასლი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წინამდებარე შუამდგომლობა და მასზე დართული დოკუმენტები აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს.

12. ნიუ იორკის კონვენციის მე-5 მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს. მოპასუხეს ეკისრება მტკიცების ტვირთი და მხოლოდ მაშინ აღუდგება წინ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას, თუ არსებობს კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. აღნიშნული საფუძვლები ამომწურავად არის განსაზღვრული ნიუ იორკის კონვენციაში. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს, რომლებიც სასამართლომ საკუთარი ინიციატივით (ex officio) უნდა წამოსწიოს, კერძოდ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე მხარეს შეიძლება უარი ეთქვას თუ იმ ქვეყნის უფლებამოსილი ორგანო, სადაც მოითხოვება მისი ცნობა და აღსრულება, დაადგენს, რომ: ა) ამ ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; ან ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის საჯარო წესრიგს.

13. ნიუ-იორკის კონვენციის დებულებებიდან, კერძოდ, მისი მე-5 მუხლიდან, გამომდინარეობს არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების დამაბრკოლებელი გარემოებები (იხ. ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.74,75). აღნიშნული ნორმის თანახმად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მხარეს შეიძლება უარი ეთქვას ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ: ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს განცხადებით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მხარდამჭერი ჰყავდა დანიშნული, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერა არ მიუღია, ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია; ა.ბ) იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები; ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება ცნობილ და აღსრულებულ იქნეს ნაწილობრივ, მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში მოქცეულ საკითხებზე გადაწყვეტილებას შეიცავს; ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონის მოთხოვნებს, სადაც ჩატარდა საარბიტრაჟო განხილვა; ა.ე) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა იგი გააუქმა ან შეაჩერა იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი; ბ) სასამართლო დაადგენს, რომ: ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

14. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნეს და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნეს ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, თბილისი, 2010წ., გვ.14).

15. მოცემულ შემთხვევაში, საარბიტრაჟო მოსარჩელე ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსასრულებლად მიქცევას, რომლითაც შ.პ.ს. „რ.ა–ო“-ს მოთხოვნები მოპასუხე შ.პ.ს. „ჯ.ა.გ“-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შ.პ.ს. „ჯ.ა.გ“-ს (ს/ნ .....) შ.პ.ს. „რ.ა“-ს (ს/ნ .......) სასარგებლოდ დაეკისრა ჯამურად 30 656,75 აშშ დოლარის ანაზღაურება (25 767.12 აშშ დოლარი საქონლის მიუწოდებლობისათვის; 2089.63 აშშ დოლარი, როგორც საარბიტრაჟო მოსაკრებლის საფასურის ნაწილის კომპენსაცია; 2800.00 აშშ დოლარი იურიდიული წარმომადგენლობის ხარჯების ნაწილის სახით).

16. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ჯეროვნად იყვნენ ინფორმირებული საარბიტრაჟო წარმოებისა და საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 16 აპრილის N 412/2024 საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საბოლოო და სავალდებულოა მხარეებისათვის მისი მიღების დღიდან და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

17. საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 17 ივლისის განჩინებით, 2025 წლის 16 აპრილის N 412/2024 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შ.პ.ს. „რ.ა“-ს შუამდგომლობა მიღებული იქნა განსახილველად. აღნიშნული განჩინება საქმის მასალებთან ერთად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით 2025 წლის 05 აგვისტოს ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც არც მოსაზრება წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.

18. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და საქმის მასალების შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, არსებობს უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, საქმის მასალებით არ იკვეთება არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტითა და ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული არცერთი ისეთი გარემოება, რომელიც დააბრკოლებდა აღნიშნული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას. ასევე, სასამართლოს მიერ შესამოწმებელი გარემოებებიდან არ დგინდება, რომ დავა საქართველოს კანონმდებლობით არ შეიძლება ყოფილიყო საარბიტრაჟო განხილვის საგანი ან რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საქართველოს საჯარო წესრიგს.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 150 ლარის ოდენობით. რადგან წინამდებარე განჩინებით შუამდგომლობა კმაყოფილდება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს შუამდგომლობის ავტორის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლით, ნიუ-იორკის კონვენციის მე-3, მე-4, მე-5 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლით, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „რ.ა“-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2025 წლის 16 აპრილის N 412/2024 საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, რომლითაც შ.პ.ს. „ჯ.ა.გ“-ს (ს/ნ .......) შ.პ.ს. „რ.ა“-ს (ს/ნ ......) სასარგებლოდ დაეკისრა ჯამურად 30 656,75 აშშ დოლარის ანაზღაურება (25 767.12 აშშ დოლარი საქონლის მიუწოდებლობისათვის; 2089.63 აშშ დოლარი, როგორც საარბიტრაჟო მოსაკრებლის საფასურის ნაწილის კომპენსაცია; 2800.00 აშშ დოლარი იურიდიული წარმომადგენლობის ხარჯების ნაწილის სახით).

3. შ.პ.ს. „ჯ.ა.გ“-ს (ს/ნ .........) შ.პ.ს. „რ.ა“-ს (ს/ნ ........) სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი