Facebook Twitter

25 მარტი 2025 წელი

№ას-193-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა -ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ც.ც–ძე (მოსარჩელე), ტ.ხ–ძე (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ც.ც–ძემ და ტ.ხ–ძემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდი“-ს მიმართ, მოითხოვეს თბილისში, .......... მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე უკანონოდ განხორციელებული სამუშაოებისას დამონტაჟებული რკინის კონსტრუქციების დემონტაჟი და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა - ........... მდებარე შენობის სახლის კედლის უკანონოდ გამაგრების შედეგად გამოწვეული N38 შენობის კედლის დეფორმაციის გამოსწორება, კედლის დეფორმაციამდე არსებულ მდგომარეობაში მოყვანა და N38 სახლში არსებული ყველა ბზარის გამოსწორება.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ც.ც–ძის მიმართ განხორციელებული უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მიზნით, მოპასუხეს დაევალა ქ. თბილისში, .......... ც.ც–ძის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული სამუშაოებისას დამონტაჟებული რკინის კონსტრუქციების დემონტაჟი და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, კერძოდ, მოპასუხეს დაევალა ........... მდებარე შენობის სახლის კედლის გამაგრების მიზნით მოსარჩელის კუთვნილი სახლის კედელში დამონტაჟებული შენობების დამაკავშირებელი ანკერების დემონტაჟი, ამ უკანონო გამაგრებითი სამუშაოების შედეგად გამოწვეული N38 შენობის კედლის დეფორმაციის გამოსწორება და ამ კედლის, მასში ანკერების დამონტაჟებამდე არსებულ, კონსტრუქციულად და სეისმოლოგიურად მდგრად და ვიზუალურად უკანონო სამუშაოების განხორციელებამდე არსებულ მდგომარეობაში მოყვანა. ტ.ხ–ძის მიმართ განხორციელებული უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მიზნით, მოპასუხეს დაევალა ქ. თბილისში, .......... ტ.ხ–ძის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული სამუშაოებისას დამონტაჟებული რკინის კონსტრუქციების დემონტაჟი და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, კერძოდ, მოპასუხეს დაევალა .......... მდებარე შენობის სახლის კედლის გამაგრების მიზნით მოსარჩელის კუთვნილი სახლის კედელში დამონტაჟებული შენობების დამაკავშირებელი ანკერების დემონტაჟი, ამ უკანონო გამაგრებითი სამუშაოების შედეგად გამოწვეული N38 შენობის კედლის დეფორმაციის გამოსწორება და ამ კედლის მასში ანკერების დამონტაჟებამდე არსებულ, კონსტრუქციულად და სეისმოლოგიურად მდგრად და ვიზუალურად უკანონო სამუშაოების განხორციელებამდე არსებულ მდგომარეობაში მოყვანა. ქ. თბილისში, ....... მდებარე, მოსარჩელეების კუთვნილი მთლიანი საცხოვრებელი სახლის ყველა ბზარის გამოსწორების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

5.1. ქ. თბილისში, ........... მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის პირველი სართული (ს/კ N ..........) ც.ც–ძის საკუთრებაა, ხოლო მეორე სართულზე არსებული საცხოვრებელი ფართი (ს/კ N.........) ტ.ხ–ძეს ეკუთვნის.

5.2. ც.ც–ძესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 15 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება მიზნად ისახავდა მოპასუხის მიერ წესდებით დადგენილი ფუნქციის შესრულებას და ბენეფიციარის - ც.ც–ძის კუთვნილი უძრავი ქონების გაუმჯობესებას. ამავე ხელშეკრულებით, მოპასუხემ ც.ც–ძის წინაშე იკისრა ვალდებულება, ფონდის ხარჯით ჩაეტარებინა ქ. თბილისში, ........... მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ფართის სართულშუა გადახურვის გამაგრების სამუშაოები. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა 2016 წლის 31 დეკემბრით განისაზღვრა. იმავე შინაარსის ხელშეკრულება 2016 წლის 15 აპრილს ტ.ხ–ძესთანაც გაფორმდა.

5.3. მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ N38 ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ანალოგიური სამუშაოები ჩატარდა პირველ და მეორე სართულზე, რის შედეგადაც ორივე სართულზე თანაბრად განხორციელდა ანკერების მონტაჟი N36 სახლის კედლის გამაგრების მიზნით. აღნიშნული სამუშაოები მოპასუხემ შეასრულა.

5.4. ქ. თბილისში, .......... არსებული შენობის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მშენებლობის ნებართვა მოპასუხეს არ აქვს. მან 2015 წლის 5 აგვისტოს NAR1332663 განცხადებით მიმართა არქიტექტურის სამსახურს და ქ. თბილისში, .......... არსებული შენობის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მშენებლობის ნებართვის გაცემა მოითხოვა. არქიტექტურის სამსახურის მიერ განცხადების შესწავლის შედეგად, გამოვლინდა ხარვეზები, რომელთა გამოსასწორებლადაც მოპასუხეს განესაზღვრა ვადა, თუმცა ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო განცხადება დარჩა განუხილველად.

5.5. ქ. თბილისში, ........... მდებარე მოსარჩელეების კუთვნილი საცხოვრებელი სახლის სართულშუა გადახურვებზე მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებული არ არის.

5.6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად გაფორმდა ხელშეკრულება და განისაზღვრა ხელშეკრულების პირობები. მხარეებმა, სადავო შენობის დანიშნულების, ასევე, ფიზიკური მდგომარეობის გამო იკისრეს გარკვეული ვალდებულებები, კერძოდ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე მოსარჩელეები ვალდებული იყვნენ, არ დაერღვიათ სახლის გარე ფასადის არქიტექტურული და მხატვრული იერსახე, არ მოეშალათ სახლის მზიდი კედლები და კონსტრუქციები, ხოლო უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით მოთხოვნიდან 14 კალენდარული დღის ვადის დაცვით შეეწყვიტათ კუთვნილი ფართით სარგებლობა და უზრუნველეყოთ კუთვნილი მოძრავი ნივთების შენობიდან გატანა (ხელშეკრულების მე-2 პუნქტი). მოპასუხე კი, ვალდებული იყო, კეთილსინდისიერად შეესრულებინა ხელშეკრულების პირობები, არ დაერღვია სახლის გარე ფასადის არქიტექტურული და მხატვრული იერსახე, არ მოეშალა სახლის მზიდი კედლები და კონსტრუქციები (ხელშეკრულების 2.2.1 პუნქტი). მოსარჩელეთა სასარგებლოდ მოპასუხეს საკუთარი ხარჯით უნდა შეესრულებინა სადავო უძრავ ქონებაში არსებული ფართის სართულშუა გადახურვის გამაგრების სამუშაოები, ხოლო სამუშაოების პროცესში მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ფართის რაიმე სახით დაზიანების შემთხვევაში, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, საკუთარი ხარჯით უზრუნველეყო მისი იმავე მოცულობით აღდგენა (ხელშეკრულების 1.1. და 1.2 პუნქტები). ხელშეკრულების საგანი იყო ბენეფიციარის (მოსარჩელეთა) კუთვნილი უძრავი ნივთების გაუმჯობესება.

5.7. მოსარჩელეთა მითითებით, მოპასუხეს არ განუხორციელებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სართულშუა გადახურვის სამუშაო, ამასთან, .......... არსებული საყრდენი კედლის მეშვეობით განახორციელა ......... გამზირი N36 სახლის კედლების „მოჭიმვა“ რკინის კონსტრუქციებით, რამაც გამოიწვია მათი სახლის კედლების დაზიანება/დაბზარვა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელეებმა მითითებული გარემოებების დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინეს ექსპერტიზის დასკვნები. კ. ზ–ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის ექსპერტის მიერ 2022 წლის 18 თებერვალს შესრულებული N001022422 ექსპერტის დასკვნით დადგენილია, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებულ N38 ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ანალოგიური სამუშაოები ჩატარდა პირველ და მეორე სართულებზე, რის შედეგადაც ორივე სართულზე თანაბრად განხორციელდა ანკერების მონტაჟი N36 სახლის კედლის გამაგრების მიზნით. ამავე დასკვნის მიხედვით, ......... გამზ. N38-ში მდებარე, მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის კედელზე N36-ში მდებარე სახლის ფლიგელის ანკერებით ჩაბმა ეწინააღმდეგება სეისმური ნორმების მოთხოვნებს და მიზანშეწონილია, რომ ორი სართულის დონეზე მოწყობილი შენობების დამაკავშირებელი ანკერები ჩაიხსნას. მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა - მოსარჩელეების კუთვნილი საცხოვრებელი სახლის სართულშუა გადახურვებზე მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობა სადავოდ არ გაუხდია, რაც ასევე დადასტურებელია ს.ს.ი.პ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის 2020 წლის 2 ივლისის N003614920 დასკვნითაც.

5.8. მოპასუხემ მოსარჩელეთა მოსაზრებების უარყოფის მიზნით წარმოადგინა კონსტრუქტორ ი.კ–ის წერილი, რომლის თანახმად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ იძლევა სრულ წარმოდგენას ......... გამზ. N36-ში მდებარე სახლის კონსტრუქციების გაძლიერების სამუშაოების მოსარჩელის სახლზე ზემოქმედების შესაფასებლად. ამასთან, დიდი ალბათობით, ეზოს მხრიდან მოსარჩელის სახლის მიშენებულ ნაწილში არსებული ბზარები არ არის კავშირში სარეკონსტუქციო სამუშაოებთან (იხ. შესაგებელი მე-4 ფაქტობრივი გარემოება და კონსტრუქტორის წერილი, ტომი I. ს.ფ. 54, 61).

5.9. სააპელაციო პალატის განსჯით, კონსტრუქტორ ი.კ–ის 2019 წლის მარტის წერილის ასლი (რომელიც ხელმოწერილიც არ იყო), ვერ აქარწყლებდა ზემოხსენებულ დასკვნებში მითითებულ სადავო გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სართულშუა გადახურვის სამუშაოების ჩატარების ნაცვლად, მოპასუხემ მოსარჩელეების საკუთრებაში დაამონტაჟა რკინის ანკერები და მოსარჩელეების საკუთრება N36 შენობის კედლის გამაგრებისთვის გამოიყენა, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს ამ სამუშაოების განხორციელებისთვის სავალდებულო ნებართვა არ ჰქონდა არც არქიტექტურის სამსახურისგან და არც მოსარჩელეებისგან. ამდენად, მოსარჩელეთა საკუთრება ხელყოფილია მოპასუხის უკანონო მოქმედებით. ამ ვითარებაში კი, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ხელშეშლის აღკვეთისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ნაწილში სარჩელი წარმატებული იყო, შესაბამისად, მოსარჩელეების მიმართ განხორციელებული უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მიზნით, მოპასუხეს უნდა დავალებოდა ქ. თბილისში, ............. მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული სამუშაოებისას დამონტაჟებული რკინის კონსტრუქციების დემონტაჟი და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და უსაფუძვლოდ დაასკვნეს, რომ მოსარჩელეთა საკუთრება მოპასუხის მოქმედებით ხელყოფილია. კასატორის განმარტებით, მოსარჩელეებს ეკისრებოდათ ვალდებულება, კონკრეტული მტკიცებულებებით დაედასტურებინათ უკანონო ხელშეშლის ფაქტი და, ის გარემოება, რომ მათი უძრავი ქონების კედლების დეფორმაცია გამოწვეული იყო, მოპასუხის მიერ რეაბილიტაციის ფარგლებში შესრულებული სამუშაოებით, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. მისი შეფასებით, ექსპერტიზის დასკვნებით არ დგინდება, რომ ბზარები გამოწვეულია აღნიშნული სამუშაოებით, რადგან ისინი შესაძლოა შენობის საძირკვლის ან კონსტრუქციული ელემენტების ლოკალური დაზიანებით იყოს განპირობებული. ამასთან, სასამართლომ არ შეაფასა კონსტრუქტორის მიერ ობიექტის დათვალიერების შედეგად შედგენილი დასკვნა, რომლის მიხედვითაც, შენობაზე არსებული დაზიანებები ადგილობრივი ხასიათისაა და უკავშირდება შენობის ხანდაზმულობას. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლოს შეფასება შენობის სეისმურ მდგრადობასთან დაკავშირებით არასწორია, რადგან რეაბილიტაცია არ ტარდება სეისმური მდგრადობის მისაღწევად და ანკერების დემონტაჟის შემთხვევაში, შენობები დაუბრუნდება საწყის მდგომარეობას. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ შენობაზე არქიტექტურის სამსახურის მიერ მოწონებულია რესტავრაცია-რეაბილიტაციის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაცემულია მშენებლობის ნებართვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთისა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერება.

11. პირველ რიგში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.2 (თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით) მუხლი.

12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ განსაზღვრავს მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესს. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (ს.უ.ს.გ: №ას-1041-998-2016, 12.02.2016წ.; №ას-843-809-2016, 26.10.2016წ.; №ას-778-2019, 5.07.2019წ.; №ას-690-660-2014, 10.03.2015წ.).

13. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნეგატორული სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით/თანასაკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით (სხვა მრავალთა შორის იხ. ს.უ.ს.გ: Nას-1250-2018, 21.12.2018 წ.; N -826-2021, 17.11.2021წ.).

14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოსარჩელეთა მოთხოვნა საცხოვრებელ სახლში არსებული ყველა ბზარის გამოსწორების შესახებ უარყოფილი იქნა. აღნიშნული ნაწილი არ გასაჩივრებულა და იგი კანონიერ ძალაში შევიდა მოპასუხის სასარგებლოდ. შესაბამისად, ამ ნაწილში კასატორის პრეტენზიაზე საკასაციო პალატა აღარ იმსჯელებს.

15. კასატორის პრეტენზია არსებითად უკავშირდება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა შეფასებასა და იმ გარემოების უარყოფას, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა უკანონო ჩარევას. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელეებსა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 15 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, საკუთარი ხარჯით ჩაეტარებინა მოსარჩელეთა კუთვნილ ფართებში სართულშუა გადახურვის გამაგრების სამუშაოები და სამუშაოების შესრულების პროცესში მათი საკუთრების დაზიანების შემთხვევაში უზრუნველეყო მისი აღდგენა. ამავდროულად, დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ შესრულებულა.

16. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის - ექსპერტიზის დასკვნებით, დადგენილია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების ნაცვლად მოპასუხემ მოსარჩელეთა კუთვნილ კედლებში დაამონტაჟა შენობების დამაკავშირებელი ანკერები, რომელთა მეშვეობითაც, მოსარჩელეთა სახლის კედელი გამოყენებული იქნა ......... გამზ. №36-ში მდებარე შენობის კედლის გამაგრების მიზნით. ამავე მტკიცებულებებით დადგენილია, რომ აღნიშნული ანკერებით ჩაბმა ეწინააღმდეგება სეისმური ნორმების მოთხოვნებს და მიზანშეწონილია მათი დემონტაჟი. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა საკუთრებაში განხორციელებული ჩარევა ქმნიდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დაცვის საშუალების გამოყენების საფუძველს.

17. კასატორის მითითებასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ შენობაზე არქიტექტურის სამსახურის მიერ მოწონებულია რესტავრაცია-რეაბილიტაციის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაცემულია მშენებლობის ნებართვა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს არა ზოგადად შენობის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელების მართლზომიერება, არამედ ის გარემოება, რომ მოპასუხემ მოსარჩელეთა კუთვნილ კედლებში დაამონტაჟა შენობების დამაკავშირებელი ანკერები და მათი საკუთრება გამოიყენა N36-ში მდებარე შენობის კედლის გამაგრების მიზნით. ამასთან, როგორც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ შესრულებულა, ხოლო მოსარჩელეთა საკუთრებაში განხორციელებული ჩარევა ეწინააღმდეგება სეისმური ნორმების მოთხოვნებს. შესაბამისად, კასატორის მითითება რეაბილიტაციის პროექტის არსებობისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ვერ გამორიცხავს მოსარჩელეთა საკუთრებაში განხორციელებული ხელშეშლის ფაქტს.

18. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ სამუშაოების დასრულებისა და ობიექტის დატოვების შემდგომ მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის არსებობა გამოირიცხება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეშლა შეიძლება გამოიხატოს არა მხოლოდ მიმდინარე აქტიურ მოქმედებაში, არამედ ისეთი მდგომარეობის არსებობაშიც, რომელიც მესაკუთრეს საკუთრებით თავისუფალ/სრულყოფილ სარგებლობაში უშლის ხელს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა საკუთრებაში კვლავ არსებობს მოპასუხის მიერ დამონტაჟებული ანკერები, რომელთა დემონტაჟიც და შესაბამისი კედლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად მიიჩნიეს ხელშეშლის აღმოსაფხვრელად აუცილებელ საშუალებად.

19. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, სწორად დაადგინა მოსარჩელეთა საკუთრებაში მოპასუხის უკანონო ჩარევის ფაქტი და მართებულად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დაცვის საშუალება. კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააქარწყლებდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს ან მათ სამართლებრივ შეფასებას. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ ვლინდება.

20. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4000 ლარით. წინამდებარე საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 150 ლარს, ვინაიდან საქმე მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია. საკასაციო საჩივარზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საიდანაც 150 ლარი კასატორს უკან უნდა დაუბუნდეს, როგორც ზედმეტად გადახდილი, ხოლო დანარჩენი 150 ლარიდან კასატორს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის გამო უნდა დაუბრუნდეს 70% - 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდი“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდს“ (განმკარგავი საბიუჯეტო ორგანიზაციის ს/კ ..........) დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 150 ლარი (საგადახდო მოთხოვნა № 00932, ტრანზაქციის განხორციელების თარიღი: 06.02.2024 წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

3. ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდს“ (განმკარგავი საბიუჯეტო ორგანიზაციის ს/კ ........) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის (საგადახდო მოთხოვნა № 00932, ტრანზაქციის განხორციელების თარიღი: 06.02.2024 წ.) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი