Facebook Twitter

12 მარტი 2026 წელი №ას-383-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი - ს.ს. „ს.კ.უ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს.ი.პ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 15 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

დავის საგანი - აუნაზღაურებელი საბანკო გარანტიის თანხისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილებით, ს.ს.ი.პ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სარჩელი ს.ს. „ს.კ.უ“-ს მიმართ აუნაზღაურებელი საბანკო გარანტიის თანხისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ს.ს. „ს.კ.უ–ს“ ს.ს.ი.პ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სასარგებლოდ დაეკისრა 161 178.40 ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით, ს.ს. „ს.კ.უ–ს“ მოსარჩელე ს.ს.ი.პ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ნაწილის 4 835.35 ლარის ანაზღაურება. ს.ს.ი.პ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მოპასუხე ს.ს. „ს.კ.უ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოში წარმომადგენლობაზე გაწეული სასამართლო ხარჯის ანაზღაურება 530 ლარის ოდენობით.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს.ს. „ს.კ.უ–მა“, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ს.ს.ი.პ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა კი, შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო და შეგებებული სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

4. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. ს.ს. „ს.კ.უ–მა“, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო ს.ს.ი.პ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მარტის განჩინებით, ს.ს.ი.პ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინებით კასატორ - ს.ს. „ს.კ.უ–ს“, საკასაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზის განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) საკასაციო საჩივარი გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით. ბ) სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის განჩინებით, ს.ს. „ს.კ.უ“-ს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით, კერძოდ:

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კასატორს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2025 წლის 31 მარტს ჩაბარდა.

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 10 დღის საპროცესო ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2025 წლის 1-ელ აპრილს და ამოიწურა 2025 წლის 10 აპრილს. ამ დროის განმავლობაში, მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.

8. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორ ს.ს. „ს.კ.უ“-ს წარმომადგენელმა, მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, იკვეთება აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, მან დადგენილი ხარვეზი 2025 წლის 10 აპრილს გამოასწორა და შესაბამისი გზავნილი იმავე დღეს ფოსტაში დაარეგისტრირა. განმცხადებლის განმარტებით, ფოსტის რეგისტრაციის თარიღი ადასტურებს, რომ გზავნილი ვადის დაცვით იქნა წარდგენილი, თუმცა აღნიშნული გარემოება სასამართლოსთვის უცნობი იყო საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ეტაპზე. განმცხადებლის მითითებით, გასათვალისწინებელია, რომ კორპორატიული გზავნილების მიწოდება ექვემდებარება სპეციფიკურ შიდა პროცედურებს, რაც ზოგჯერ აფერხებს ფოსტის მიერ მიღების თარიღის ბეჭდის გზავნილზე დაუყოვნებლივ ასახვას, რაც მხარის საზიანოდ არ უნდა იქნას გამოყენებული.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განჩინებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ს.ს. „ს.კ.უ“-ს განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. აღნიშნული საპროცესო ნორმის დანაწესი ცხადყოფს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, ზოგიერთ შემთხვევაში, ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას.

11. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ ხარვეზი აღმოფხვრა სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის დაცვით, სახელდობრ, დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი ფოსტას ჩააბარა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო ფოსტამ მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო თავად ვერ უზრუნველყო ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ განცხადების უზენაესი სასამართლოსთვის დროულად მიწოდება, რამაც ვადებთან დაკავშირებით უზუსტობა განაპირობა და რაც, საკასაციო სასამართლოსთვის უცნობი იყო 2025 წლის 15 აპრილის განჩინების გამოტანის დროს.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ელი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები:

- მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას;

- ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ;

- მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (შდრ. ს.უ.ს.გ. N ვ-74-ა-5-2016, 17.06.2016 წ.).

14. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, აკმაყოფილებს თუ არა განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება და წარმოდგენილი დოკუმენტაცია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ წინაპირობებს.

15. საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთ განჩინებაში აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუქცევადობა არსებითია მხარეებისთვის, რამდენადაც დაუსრულებელი დავის შესაძლებლობა დააფრთხობს პირებს, გაართულებს სამართლებრივი უსაფრთხოების დამყარებას - უფლების მუდმივი საეჭვოობის დაშვება მოსპობს თავად უფლების სიცოცხლისუნარიანობას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის N3/1/531 გადაწყვეტილება საქმეზე „ისრაელის მოქალაქეები - თამაზ ჯანაშვილი, ნანა ჯანაშვილი და ირმა ჯანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-27), თუმცა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შესაძლოა გაუქმდეს, თუკი დადგინდება, რომ მტკიცებულებების დროულად წარმოდგენის შემთხვევაში მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა კი გულისხმობს ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ახლად აღმოჩენილ გარემოებას/მტკიცებულებას შეუძლია, განცხადების ავტორის სასიკეთო ცვლილება მოახდინოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე.

16. ამავე კონტექსტში, სასამართლო პრაქტიკაში განმარტებულია, რომ მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა გულისხმობს არა მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც დგინდება, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოება/მტკიცებულება იმდენად ძირეულ გავლენას ახდენს გადაწყვეტილებაზე, რომ მისი არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება, არამედ ისეთ შემთხვევებსაც, როდესაც ახლად აღმოჩენილი გარემოებას/მტკიცებულებას შეუძლია, განცხადების ავტორის სასიკეთო ცვლილება მოახდინოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე, ნაწილობრივ შეცვალოს მის მიმართ დამდგარი ნეგატიური სამართლებრივი შედეგები (ს.უ.ს.გ. №ა-4248-ა-12-2024, 26 დეკემბერი 2024 წელი).

17. კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 მარტის განჩინებით, კასატორს ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა 10-დღიანი ვადა, რომლის დენა დაიწყო 2025 წლის 1-ელ აპრილს და დასრულდა 2025 წლის 10 აპრილს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის განჩინებით კი, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ მოტივით, რომ ხარვეზი დადგენილი ვადის დაცვით არ იქნა შევსებული.

18. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი კორესპონდენციით - გზავნილის მიღების შესახებ შ.პ.ს. „ს.ფ–ის“ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება, თანდართული საკასაციო საჩივრითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით, ფოსტას უზენაეს სასამართლოში გადასაგზავნად ჩაბარდა 2025 წლის 10 აპრილს, 17:42 საათზე, ანუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ფარგლებში (მიუხედავად იმისა, რომ საფოსტო გზავნილის თარიღად კონვერტზე მითითებულია 2025 წლის 11 აპრილი). წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული გამგზავნის უნიკალური გზავნილის კოდი - AP0150777... იდენტურია იმ კოდისა, რომელიც დატანილია საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი ხარვეზის შევსების შესახებ განცხადების კონვერტზე, რაც ადასტურებს, რომ აღნიშნული გზავნილი და სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტაცია ერთსა და იმავე კორესპონდენციას განეკუთვნება.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულება ადასტურებს არა მხოლოდ შესაბამისი კორესპონდენციის იდენტურობას (კერძოდ, განმცხადებლის მიერ ფოსტისთვის ჩაბარებული გზავნილისა და საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის ერთსა და იმავე კორესპონდენციად კუთვნილებას), არამედ იმასაც, რომ განმცხადებელმა ხარვეზის შევსების მიზნით დოკუმენტაცია ფოსტას სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით ჩააბარა. ის გარემოება, რომ საფოსტო გზავნილის თარიღად კონვერტზე დატანილია 2025 წლის 11 აპრილი, ვერ შეფასდება განმცხადებლის საზიანოდ, ვინაიდან აღნიშნული დაკავშირებულია საფოსტო მომსახურების შიდა პროცედურებთან და არა მხარის მოქმედებასთან. ასეთ ვითარებაში, ფოსტის ელექტრონულ სისტემაში გზავნილის რეგისტრაცია და უნიკალური კოდის მინიჭება ადასტურებს, რომ მხარემ კანონით დაკისრებული საპროცესო ვალდებულება დადგენილ ვადაში შეასრულა. შესაბამისად, წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის (საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება) მოთხოვნებს.

20. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი გარემოება, კერძოდ, განმცხადებელმა წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ხარვეზის შევსების მიზნით, შესაბამისი კორესპონდენცია ფოსტას ჩააბარა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით, თუმცა აღნიშნული გარემოება საკასაციო სასამართლოსთვის უცნობი იყო 2025 წლის 15 აპრილის განჩინების გამოტანის დროისათვის და, მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, მანამდე ვერ იქნა წარდგენილი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო უნდა განახლდეს საქმის წარმოება ს.ს. „ს.კ.უ“-ს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან შემოწმება წარმოადგენს იმ დასაბუთებულ სამართლებრივ საფუძველს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მისი საკასაციო განაცხადი შესწავლილი იქნას სამართალწარმოების საბოლოო ეტაპზე.

22. საკასაციო სასამართლომ წინამდებარე განცხადება განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, ვინაიდან წარმოდგენილი განცხადება და მასზე დართული მტკიცებულებები იძლევა საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობას წერილობითი მასალების საფუძველზე და არ საჭიროებს დამატებით ზეპირი განმარტებების მიღებას, რაც შეესაბამება მართლმსაჯულების ეკონომიურობისა და ეფექტურობის პრინციპებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 423-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ს. „ს.კ.უ“-ს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 15 აპრილის განჩინება და განახლდეს საქმის წარმოება ს.ს. „ს.კ.უ“-ს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი