28 იანვარი 2026 წელი
№ას-544-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - ნ.კ–ვი
მოწინააღმდეგე მხარე - შ.გ–ი
გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი - თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.კ–ვმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.გ–ის მიმართ, მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთის (რომლის მისამართია: ქ. თბილისი, .......... (ყოფილი ..........), ს.კ. .........) ½ წილის თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 25 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ზემოხსენებულ უძრავ ნივთს.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, საქმის ხელახლა განსახილველად, სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დაცვით ხარვეზის შეუვსებლობის გამო. განჩინება დაეფუძნა შემდეგს:
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 აპრილის განჩინებით, კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, საკასაციო საჩივარს სახელმწიფო ბაჟის - 850 ლარის გადაუხდელობის გამო დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს მიეცა 10 დღის საპროცესო ვადა მის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით, განემარტა მხარეს, რომ დადგენილი ვადის დაცვით ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
7.2. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე, 59-ე და 63-ე მუხლები განმარტა და აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 აპრილის განჩინება კასატორის წარმომადგენელ მ.ხ–ვას (მინდ. ტომი 1; ს.ფ. 165-166) გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ ძირითად მისამართზე (ქ. თბილისი, ..........) და 2025 წლის 1-ელ მაისს ჩაბარდა ადვოკატ - ხ.მ–ას. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 აპრილის ხარვეზის განჩინება კასატორისათვის ჩაბარებულად იქნა მიჩნეული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით 2025 წლის 01 მაისს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 10 დღის საპროცესო ვადის დენა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2025 წლის 02 მაისს და ამოიწურა იმავე წლის 13 მაისს (ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის ბოლო დღე იყო უქმე - კვირა). ამ დროის განმავლობაში, მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
8. საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა, კასატორმა - ნ.კ–ვმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით. განმცხადებლის მითითებით, ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრით მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის შემცირება ან გადავადება, რაც საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 22 აპრილის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა. ამასთან, ხარვეზის განჩინება უშუალოდ კასატორს არ გადაცემია, სასამართლო კორესპონდენცია გაიგზავნა კასატორის ყოფილი წარმომადგენლის მისამართზე და ჩაბარდა მესამე პირს. განმცხადებლის განმარტებით, ვინაიდან ხარვეზის აღმოფხვრის ვადა იყო მცირე და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება სწორედ მას ეკისრებოდა, განჩინება პირადად უნდა ჩაბარებოდა. განმცხადებლის მოსაზრებით, კასატორის ყოფილ წარმომადგენელს გზავნილი უშუალოდ რომ ჩაბარებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იგი მის ინტერესებს აღარ იცავდა, ხარვეზის განჩინებას კასატორს მაინც დროულად მიაწვდიდა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ ამავე სასამართლოს 2025 წლის 28 მაისის განჩინების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ განცხადება განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი მოითხოვს კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლებას, იმ საფუძვლით, რომ საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია.
11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევისათვის, პირველ რიგში, ყურადღებაა მისაქცევი კანონის იმ დანაწესზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების საპროცესო სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს, ხოლო შემდგომ, დასადგენია, ამ საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის კანონით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობა.
12. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
13. მითითებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. საქმის წარმოების განახლება არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და, შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს, არამედ, იგი საგამონაკლისო წარმოების სახეა, როდესაც მართლმსაჯულების განხორციელებისას შესაძლო დაშვებული ხარვეზი უნდა აღმოიფხვრას.
14. ევროსასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილია, რომ „კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტში, რომლის თანახმად, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999 VII).
ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს შენიღბულ აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ წარმოადგენს საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh, §52).
საბოლოოდ, გადაწყვეტილი სამოქალაქო დავის განახლების პროცედურა კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებს ემსახურება, თუმცა იგი გამართლებულია, თუკი დადგინდება სწორად იქნა თუ არა პროცედურა განხორციელებული არსებული საქმის ფაქტებზე, ანუ სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ საქმის წარმოების განახლება არ ემსახურებოდა სხვა მიზნებს, გარდა იმისა, რომლის გამოც იგი გადაწყდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამის დებულებებზე დაყრდნობით“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №18156/05, 27.05.2010წ.).
15. კანონმდებლობით ამომწურავადაა განსაზღვრული, თუ რა შეიძლება იქნას მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებად ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად.
როგორც უკვე აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ საკასაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია, შესაბამისად, მისი მოთხოვნა არსობრივად უკავშირდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შინაარსის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება, ბათილად იქნას ცნობილი, თუ ერთ-ერთი მხარე ან მისი კანონიერი წარმომადგენელი (თუ მას ასეთი წარმომადგენელი სჭირდება) არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. ამ შემთხვევაში, კანონმდებელს, ისეთი მხარე ყავს მხედველობაში, რომელიც ჩაბმულია, მონაწილეობს საქმეში, მაგრამ საქმის განხილვაში არ იყო მოწვეული და არ მიეცა საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გარანტირებული შეჯიბრობითობის შესაძლებლობა (ს.უ.ს.გ. №ას-730-2020 12.10.2020).
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პროცესის მონაწილე მხარე უფლებამოსილია, იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის (ხარვეზის დადგენა, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა და ა. შ) შესაბამისი ინსტანციისათვის გათვალისწინებული წესის შესახებ, ვინაიდან კონკრეტულ საქმეზე მიღებული საბოლოო/შემაჯამებელი განჩინება თუ გადაწყვეტილება ეხება მის კანონიერ უფლებებს და აკისრებს მას კანონით დადგენილ ვალდებულებებს.
18. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის მიერ საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 28 მაისის განჩინების ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ქმნის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემადგენლობას, სახელდობრ:
18.1. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საკასაციო საჩივარს ხელს აწერს როგორც თავად კასატორი, ისე მისი წარმომადგენელი - მ.ხ–ვა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია კასატორის მიერ აღნიშნული წარმომადგენლის სახელზე გაცემული მინდობილობა, რომელიც ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გაგზავნისა და ჩაბარების დროისათვის ძალაში იყო.
18.2. აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ მ.ხ–ვა იყო კასატორის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რის გამოც სასამართლო კორესპონდენციის მისთვის გაგზავნა შეესაბამებოდა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებს და განაპირობებდა სამართლებრივ შედეგებს უშუალოდ კასატორისათვის.
18.3. საქმის მასალებით ასევე დადასტურებულია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 22 აპრილის განჩინება გაიგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ადვოკატ ხ.მ–ას. ის გარემოება, რომ გზავნილი უშუალოდ იმავე წარმომადგენელს არ ჩაბარებია, რომელიც საკასაციო საჩივარში იყო მითითებული, თავისთავად არ ნიშნავს ჩაბარების წესის დარღვევას.
18.4. ამასთან, საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, კასატორის წარმომადგენელმა თავად მომართა საკასაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ მხარეთა შორის ვერ შედგა შეთანხმება საკასაციო წარმოების გაგრძელების თაობაზე, რის გამოც ითხოვა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სასამართლოს უშუალოდ კასატორისათვის ჩაებარებინა. აღნიშნული მომართვა ცალსახად ადასტურებს, რომ კასატორის წარმომადგენლისათვის ცნობილი იყო ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების არსებობა და მისი შინაარსი.
19. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობა ცხადყოფს, რომ კასატორი ინფორმირებული იყო ხარვეზის განჩინების შესახებ, თუმცა ვერ უზრუნველყო პროცესუალური ვალდებულებების დროული შესრულება. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს მიერ არ იქნა დაცული ხარვეზის განჩინების მხარისათვის გადაცემის კანონით დადგენილი წესი.
20. საკასაციო პალატა აქვე მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილს, რომლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. 63-ე მუხლის დანაწესით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადისგასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 396.3 მუხლის მიხედვით კი, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ - სასამართლოსათვისაც და, ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია, მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 22 აპრილის განჩინება კასატორის წარმომადგენელს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2025 წლის 1-ელ მაისს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ჩაბარდა. შესაბამისად, ამავე კოდექსის 60-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო 2025 წლის 02 მაისიდან და ამოიწურა იმავე წლის 13 მაისს. აღნიშნული ვადის დაცვით კასატორს ხარვეზი არ შეუვსია და არც შესაბამისი შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. ამრიგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე და 396.3 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლით საკასაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
23. პალატის განსჯით, მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არადამაჯერებელი და დაუსაბუთებელია, რაც ბუნებრივია, ვერ დაედება საფუძვლად სასამართლო განჩინების გადასინჯვას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქმეში არ იკვეთება იმგვარი გარემოებები, რაც კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობასა და საქმის წარმოების განახლების აუცილებლობას განაპირობებდა.
24. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ პროცესის მონაწილე მხარეს ეკისრება კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ქცევის ვალდებულება, მათ შორის წარმომადგენლის მოქმედებებისა და საქმის წარმოების მიმდინარეობის მიმართ სათანადო ყურადღების გამოჩენა. კასატორის მიერ უფლებამოსილი წარმომადგენლის დანიშვნა და მისთვის შესაბამისი მინდობილობის მინიჭება გულისხმობს, რომ წარმომადგენლისათვის ჩაბარებული სასამართლო კორესპონდენციის სამართლებრივი შედეგები უშუალოდ კასატორსაც ეხება. ამდენად, წარმომადგენლისათვის ჩაბარებული საპროცესო დოკუმენტის უგულებელყოფა ვერ გახდება სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების ბათილად ცნობის საფუძველი.
25. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან განმცხადებლის არგუმენტები არც ცალკე და არც ერთობლივად არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობას, განცხადება საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 28 მაისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
26. განმცხადებლის მიერ საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 28 მაისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი არ ანაზღაურდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 421-ე, 422-ე, 430-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.კ–ვის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მაისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი