Facebook Twitter

19 თებერვალი 2026 წელი

№ას-1316-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.ს–ის

მოწინააღმდეგე მხარე - ქ.რ–ძე

არასრულწლოვნები - ი.ს–უ; ე.ს–ის

დაინტერესებული პირი - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ” 1980 წლის ჰააგის კონვენციის შესაბამისად არამართლზომიერად დაკავებული არასრულწლოვნების: ი.ს–უს და ე.ს–ისის შვედეთის სამეფოში დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

განმცხადებლის მოთხოვნა:

1.1. მ.ს–ისის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „განმცხადებელი“, „კასატორი“, „მამა“) შვილები ი.ს–უ (დაბადებული 26.01.2021 წელს) და ე.ს–ის (დაბადებული 21.05.2023 წელს) ცნობილი იქნენ საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვებად და დადგინდეს მათი დაუყოვნებლივ დაბრუნება ბავშვების ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას, შვედეთის სამეფოში, ბავშვების იურიდიულ მისამართზე: ლოვენგსვეგენ 15, 1101 15153 სოდერთელი, შვედეთი.

1.2. ბავშვების სწრაფი დაბრუნების უზრუნველსაყოფად განისაზღვროს აღსრულების პროცედურები დეტალურად.

განცხადების საფუძვლები:

2.1. მ.ს–ისი და ქ.რ–ძე (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „დედა“) რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2020 წლის 11 მარტიდან. ქორწინების შემდეგ ისინი ცხოვრობდნენ შვედეთში. თანაცხოვრების პერიოდში, 26.01.2021 წელს, წყვილს შეეძინა ქალიშვილი ი.ს–უ (შვედური პასპორტის ნომერი 210126-6803), ხოლო 2023 წლის 21 მაისს შეეძინათ ვაჟიშვილი ე.ს–ის (შვედური პასპორტის ნომერი 230521 7115). ბავშვებს აქვთ საქართველოს და საბერძნეთის მოქალაქეობა, ისინი დაიბადნენ შვედეთში და მოპასუხის მიერ ბავშვების საქართველოში უკანონო დაკავებამდე ცხოვრობდნენ შვედეთში, ორივე მშობლის გარემოცვაში. მათი იურიდიული მისამართია: ლოვენგსვეგენ 15, 1101 15153 სოდერთელი, შვედეთი. საქმეში წარმოდგენილია ცნობები საგადასახადო სააგენტოდან, რომელიც მოსახლეობის სარეგისტრაციო ბაზაში დაცულ ინფორმაციას შეიცავს მხარეებისა და მათი შვილების იურიდიული მისამართის შესახებ. კერძოდ, მხარეები და შვილები ირიცხებიან სტოკჰოლმის რაიონის სოდერთელეს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რიცხვში, ზემოდასახელებულ მისამართზე.

2.2. 2024 წლის 18 აპრილს ქ.რ–ძე და მხარეთა ორივე შვილი ჩამოვიდა საქართველოში მ.ს–ისთან შეთანხმებით, სულ 03 თვის ვადით, რადგან ქ–ს გარდაეცვალა ნათესავი და, ასევე, სურდა დედის, დის და ძმის ნახვა. ვინაიდან ბავშვები მცირე ასაკში არიან, მამამ გამართლებულად მიიჩნია, დაეტოვებინა შვილები დედის ოჯახის გარემოცვაში, სადაც ჰაერს გამოიცვლიდნენ და ივლისის შუა რიცხვებში დაბრუნდებოდნენ მათ ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას, შვედეთში. 2024 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით მეუღლეები ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს ჩვეულ რეჟიმში, სისტემატურად. 2024 წლის 26 სექტემბერს განმცხადებელმა გაიგო, რომ მოპასუხე უკან დაბრუნებას აღარ აპირებდა და ბავშვებს უნდა ეცხოვრათ საქართველოში, მისი მშობლების ბინაში.

2.3. 2024 წლის 27 სექტემბერს მ.ს–ისმა მიმართა შვედეთის პოლიციის შესაბამის განყოფილებას, ბავშვების უკანონო გატაცებისა და მათზე სავარაუდოდ განხორციელებული ძალადობის შესახებ, 2024 წლის 18 ოქტომბერს მიმართა შვედეთის საგარეო საქმეთა დეპარტამენტს, ანუ შვედეთის ცენტრალურ ორგანოს, ჰააგის 1980 წლის კონვენციის შესაბამისად, უკანონოდ დაკავებული ბავშვების ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილზე - შვედეთში დაბრუნების თაობაზე. შემდეგში მ.ს–ისმა მიმართა სტოკჰოლმის სასამართლოს, განქორწინებისა და შვილების საცხოვრებლის განსაზღვრის შესახებ. ბავშვებისთვის საჭირო, აუცილებელ და რეკომენდირებულ ნივთებზე, მედიკამენტებზე, ჰიგიენურ საშუალებებზე, საკვებსა და სეზონურ ტანისამოსზე ზრუნვა/მეურვეობა, მ.ს–ისს არ შეუწყვეტია ბავშვების დაბადებიდან დღემდე.

2.4. სტოკჰოლმის სასამართლომ მიიღო შუალედური გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად, მ.ს–ისი ერთპიროვნულ მეურვედ იქნა ცნობილი ორივე შვილისთვის. ამავე დროს, მ.ს–ისმა განქორწინების მოთხოვნის პარალელურად ვადის მიცემა მოითხოვა, ქ.რ–ძე კი, რომელსაც მანამდე არასოდეს გამოუხატავს თანაცხოვრების შეწყვეტის ნება, დაეთანხმა სარჩელის ამ ნაწილს. აღნიშნული შუალედური გადაწყვეტილება მეურვეობის ნაწილში გაასაჩივრა მოპასუხე ქ.რ–ძემ, თუმცა იგი არ მიიღო სასამართლომ განსახილველად, შესაბამისად აქტი კანონიერ ძალაშია შესული. ამავე დროს, სასამართლომ გამოიკვლია ქ.რ–ძის მიერ შესაგებელში გაცხადებული ცრუ ინფორმაცია, მ.ს–ისის არაჯანსაღი ცხოვრების წესის (ნარკომანია) და მისი ძალადობრივი ბუნების შესახებ, რაც არ გაიზიარა, ვინაიდან არ არსებობდა რაიმე სახის მტკიცებულება. სასამართლომ მიუთითა, რომ გაეცნო რა სოციალური სამსახურის როგორც ნამუშევარს, ასევე პოზიციას სადავო საკითხთან დაკავშირებით, ქ.რ–ძის მიერ დასახელებული გარემოებები, რასაც მხარე მოიაზრებდა მ.ს–ისისათვის მეურვეობის ერთპიროვნული წარმომდგენლობის დამაბრკოლებელ გარემოებად, არ იქნა მიჩნეული სარწმუნოდ. ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვებს დედა აყოვნებს საქართველოში მამის ნების გარეშე. სასამართლო გადაწყვეტილების მე-5 გვერდზე მითითებულია ქ.რ–ძის პოზიცია, მისი მტკიცებით, ის საქართველოში შვილების თანხლებით ბავშვების მამის ნების გარეშე არ წასულა, „თუმცა ბავშვებთან ერთად ნამდვილად იმაზე მეტ ხანს დარჩა საქართველოში, ვიდრე ეს თავიდან იყო დაგეგმილი“. მამა-შვილების კომუნიკაცია 2024 წლის ოქტომბრამდე არსებობდა, შემდეგ კი, მ. გახდა აგრესიული და ის იძულებული გახდა, განმცხადებელი დაებლოკა, „მისი საქართველოში დიდხანს დარჩენის მიზეზიც ეს გახდა“.

2.5. მ.ს–ისი, მისი მშობლები და და, მრავალი წელია არ ცხოვრობენ საქართველოში. ქ–თან ქორწინებამდე მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ, რომ მათი ოჯახისა და, მომავალში, მათ შვილების საცხოვრებელი ადგილი იქნებოდა შვედეთის სამეფო. მხარეთა უფროსი შვილი შვედეთში დადიოდა ბაღში, ჰყავდა მეგობრები და საყვარელი მასწავლებლები. მ.ს–ისი ბაღის საფასურს იხდიდა 2024 წლის აპრილის შემდეგაც, რათა ბავშვის ადგილი შენარჩუნებული ყოფილიყო. განმცხადებელი დასაქმებულია შვედეთში, აქვს მყარი შემოსავალი, რითაც თავისუფლად ინახავდა ოჯახს. ამასთან, შვედეთის შრომის კანონმდებლობა იმდენად იცავს დასაქმებულს, რომ ხანდახან, ორ ადგილზე დასაქმების მიუხედავად, დღის ერთ ნახევარს უთმობდა შვილების აღზრდას, მონაწილებდა მათ ფიზიკურ მოვლაში, სახლის დალაგებასა და საკვების მომზადებაში, საჭიროებისას ათენებდა ჩვილის გამო ღამეებს და მეორე დღეს ასეთ მდგომარეობაში უწევდა შრომა. მან იცის შვილების მოვლა სრულყოფილად, თუმცა 2024 წლის 26 სექტემბრიდან სრულად შეეზღუდა ბავშვებთან კომუნიკაციის უფლება. მოპასუხე ქ.რ–ძემ ბავშვების უკანონოდ საქართველოში დაყოვნების გასამართლებლად მ.ს–ისის დისკრედიტაცია გადაწყვიტა, თუმცა მისი პოზიცია დაუსაბუთებელია. მეუღლეებს შორის არასოდეს ყოფილა ისეთი ტიპის დაძაბულობა, რაც მათ განქორწინებას გამოიწვევდა, ასეთი შინაარსის საუბარიც კი არ ყოფილა მათ შორის, თუმცა ჰქონდათ ყოველდღიური ცხოვრების შესაბამისი კმაყოფილება და უკმაყოფილება ერთმანეთის მიმართ, რისი მიზეზიც ძირითადად იყო ბავშვებზე ზრუნვის საკითხი. კერძოდ, ქ.რ–ძე არის ყურადღებაგაფანტული ადამიანი, რაც ბავშვების გაჩენის შემდეგ გახდა მეტად საფრთხის შემცველი. სანამ მ.ს–ისი იმყოფებოდა სამსახურში, ბავშვების ჯანმრთელობაზე ქ. იყო პასუხისმგებელი, თუმცა როცა მისი ყურადღების დეფიციტი მეტად საფრთხის შემცველი გახდა, ოჯახმა ქ–ს მიერ შერჩეული ძიძა დაიქირავა. იყო შემთხვევა, როცა სახლში მისულ მ–ს მცირეწლოვანი შვილი სახლიდან გაპარული დახვდა ისე, რომ ქ–ს შემჩნეული არ ჰქონდა ბავშვის არ ყოფნა სახლში. უფრო მძიმე ფაქტი იყო, როდესაც წყვილი გამოვიდა სახლიდან, ბავშვთან ერთად. მ–მ გზის პირზე არსებულ მცირე მარკეტში პროდუქტის ყიდვა გადაწყვიტა, რაზეც გააფრთხილა მეუღლე. სანამ ის ნივთს ყიდულობდა, შორიდან შენიშნა, რომ ბავშვის ეტლი, სადაც ბავშვი იწვა, მიგორავდა გზის პირას არსებული ტროლეიბუსის ლიანდაგის მიმართულებით, რომელიც შემხვედრად მოძრაობდა ეტლთან მიმართებაში. მ–მ მთელი ძალისხმევა გამოიყენა და ეტლს დროულად დაეწია. ამ ფაქტის შესახებ ქ–მა თავადვე განუცხადა სოციალური სამსახურის თანამშრომლებს, როცა მშობლები ფსიქოლოგთან გამოცხადდნენ უფროსი გოგონას მიზეზით, რომელსაც ზედმეტად გაჯიუტებული ქცევები ჰქონდა. ბავშვის შესახებ კონსულტაციის მიღების შემდეგ ქ–მა თავადაც გადაწყვიტა მისი გულმავიწყობისა და ყურადღების დეფიციტის შესახებ ესაუბრა სამსახურის წარმომადგენლებთან, მან აღიარა, რომ ეტლს ყურადღება ვერ მიაქცია და ბავშვი მ–მ გადაარჩინა. ასევე, ქ.რ–ძე,ს მიუხედავად მეუღლის სრული დატვირთვით თანადგომისა, უჭირდა დროში ადაპტირება, ბავშვების დროულად მიყვანა ექიმთან და სხვა საჭირო ვიზიტებზე, რაც დიდ პრობლემას ქმნის შვედეთის სამეფოში. ზემოთ დასახელებული მიზეზებიდან გამომდინარე, მ.ს–ისი იძულებული იყო, მეტი ყურადღება მიექცია მეუღლისა და შვილებისთვის, როგორც დისტანციურად სამუშო საათებში, ასევე ფიზიკურად. ის სისტემატურად ახსენებდა ბავშვების დროული კვებისა და საჭიროებების შესახებ მეუღლეს.

2.6. საქართველოში ყოფნის პირობებში ბავშვების მიმართ გამოიკვეთა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება არა მხოლოდ დედის, არამედ ოჯახის წევრების მხრიდან. ვიდეო თვალით საუბრისას მ–ს მცირეწლოვან შვილს სახეში ხელი გაარტყა ბებიამ, ატირებული ბავშვს კი, დედა დაეხმარა. წარმოდგენილია ვიდეო მასალა, რომლის შესაბამისად, მხარეთა მცირეწლოვანი გოგონა ავტომანქანის საჭესთან უზის ბიძას კალთაში, გზაზე, სადაც შემხვედრი ავტომობილი მოდის. ვიდეო ჩართვებისას, ხშირად, პატარა ბავშვებს მამასთან საუბრის პერიოდში უფროსები ტოვებდნენ მაგიდასთან, სადაც ბასრი საგნები იდო. მოპასუხე აცხადებს, თითქოს ფინანსურად შეჭირვებულად ცხოვრობდნენ ბავშვები შვედეთში და ულხინთ საქართველოში, რაც ასევე მცდარი ფაქტია. არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომლის შესაბამისად შვედეთში მათი ფინანსური კრიზისი დადასტურდებოდა. წარმოდგენილია ქ–ს ფეისბუქ გვერდიდან ამოღებული მიმოწერა, სადაც საქართველოში მყოფი ქ. ითხოვს შემწეობას ბავშვების ტანისამოსის სახით უცხო პირებისაგან. ეს იმ პირობებში, როცა მ.ს–ისმა შეწყვიტა მისთვის ფულადი და ყველა სხვა სახის დახმარება 2024 წლის ოქტომბრის თვიდან, როცა ქ–მა განაცხადა უარი შვედეთში დაბრუნებაზე და მამას ბავშვებთან კომუნიკაცია აუკრძალა. სიმართლეს არ შეესაბამება მოპასუხის მითითება, რომ განმცხადებელი შვედეთის სახელმწიფოს მიერ გაცემულ დახმარებას აღარ უგზავნის მოპასუხეს. სანამ შვედეთის სახელმწიფო ბავშვებს მათ მუდმივ მაცხოვრებლად მიიჩნევს, მშობლებზე გასცემს დახმარებას, რომელიც შესაბამის საბანკო ანგარიშზე თავსდება და საბანკო ბარათი აქვს ქ–ს.

მოპასუხის პოზიცია:

3.1. მ.ს–ისი დაქორწინებიდანვე ფსიქოლოგიურად ძალადობდა ქ.რ–ძეზე, რაც გაგრძელდა შემდგომაც. ბავშვების გამოც ხშირად ეჩხუბებოდა უმიზეზოდ და მუდმივად იყო უხასიათოდ, არ ეკონტაქტებოდა და თუ დაეკონტაქტებოდა, ეძახდა „მონას“, „სატანას“ და სხვა დამამცირებელ სიტყვებს, მისი დამორჩილების მიზნით. განმცხადებელი მუდმივად აკონტროლებდა მის სოციალურ სივრცეს, ჰქონდა მისი მობილურის და სოციალური ქსელების „მომხმარებელი და პაროლი“, რა გზითაც ყველა მიმოწერას და საუბარს უკონტროლებდა. სახლში დაყენებული ჰქონდა სათვალთვალო კამერა და მოსასმენი აპარატურა. ასევე, წლების განმავლობაში ახორციელებდა სექსუალურ ძალადობას, მისი ყველა ქცევა უნდა ყოფილიყო ქმრის სურვილის შესაბამისი, დამოუკიდებლად არაფრის უფლება არ ჰქონდა. განმცხადებელმა საერთოდ დააკარგვინა საკუთარი თავის შესაძლებლობისა და შეფასების უნარი, მოაქცია თავისი ზეგავლენის ქვეშ, რის გამოც იმყოფებოდა მუდმივ შიშსა და ტერორში, რისი გაგრძელებაც აღარ სურს და უნდა, რომ გათავისუფლდეს ამ მორალური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობისაგან. აღნიშნულ ძალადობებზე მიმართული აქვს შვედეთში, როგორც ქალთა ორგანიზაციაში, ასევე შვედეთის სოციალურ სამსახურში. რამდენიმეჯერ სოციალურ სამსახურში ჩაინიშნა გასაუბრება ორივე მშობელთან და მისცეს გარკვეული მითითებები. 2024 წლის 18 აპრილს ჩამოვიდა საქართველოში და აღარ აპირებს შვედეთში წასვლას. საქართველოში ბავშვებს მისგან და მისი ოჯახიდან აქვთ ყველაფერი, რაც ხელს შეუწყობს მათ მომავალ განვითარებას. ის, როგორც დედა, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისი შვილები გაიზარდონ საუკეთესო და მშვიდ გარემოში ყოველგვარი ძალადობის გარეშე. შვედეთში დაბრუნება არ სურს, ვინაიდან მ.ს–ისთან ცხოვრება უარყოფითად აისახება როგორც მის შვილებზე, ასევე მასზე.

3.2. სასამართლო სხდომაზე ქ.რ–ძემ და მისმა წარმომადგენლებმა დამატებით მიუთითეს, რომ არასრულწლოვნების აღზრდაზე შვედეთში და შემდეგაც ძირითადად ზრუნავდა დედა, რომელთანაც ორივე ბავშვს აქვს მჭიდრო ემოციური კავშირი. ბავშვები რეალურად ინტეგრირებულნი არიან ახალ გარემოში. უფროსი ბავშვი დადის ბაღში, მეტყველებს ქართულად და საერთოდ არ იცის არც შვედური და არც ბერძნული ენა. ჰყავს მეგობრები, ცხოვრობენ ერთ ოჯახად ბებიასთან და დეიდასთან ერთად, ისინი თავს გრძნობენ ბედნიერად და დაცულად. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას, ბავშვების დაბრუნება შვედეთში საფრთხის შემცველია მათთვის, რადგან მ.ს–ისი არის ნარკოტიკის მომხმარებელი, იგი ხშირად არაჯანსაღ კომუნიკაციაში შედიოდა უფროს შვილთან, რის შედეგადაც ბავშვის ფსიქოემოციური მდგომარეობა უარესდებოდა და ეწყებოდა ენურეზი. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობასაც. 2024 წლის თებერვლის თვეში, საქართველოში დაბრუნებამდე, მ.ს–ისი ი.ს–უს ყელში ხელის მოჭერით გაყვანას ცდილობდა ოთახიდან, რომ მეორე ოთახში ჩაეკეტა დასჯის მიზნით, ბავშვს ერთი კვირა სტკიოდა კისრის მიდამო და ჩაწითლებული ჰქონდა თვალის უპეები. აღნიშნულის გამო, მან დახმარება სთხოვა საბავშვო ბაღის პედაგოგს, რათა მომხდარიყო მათ ოჯახთან ფსიქოლოგის ჩართვა. საბავშვო ბაღის წარმომადგენლის მიერ ინფორმაცია მიეწოდა სოციალურ სამსახურს, რომელთან შეხვედრა მათ მხოლოდ ორჯერ ჰქონდათ, ვინაიდან, უკვე საქართველოში ბრუნდებოდა. მანამდე, 2022 წელს, შვედეთში, ფსიქოლოგიური დახმარების მიზნით, მიმართა სოციალურ სამსახურს, მაგრამ ვინაიდან მ.ს–ისმა შეიტყო აღნიშნულის შესახებ და ისინი კვლავ ერთად ცხოვრობდნენ, შეეშინდა და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ ვერ მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია, შესაბამისად, რაიმე სახის სამართლებრივი ღონისძიება არ გატარებულა. ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოებისთვისაც არ მიუმართავს, რადგან სურდა ოჯახის შენარჩუნება. ის ცდილობდა თავისი ძალებითა და ოჯახის წევრების დახმარებით მოეგვარებინა მეუღლესთან არსებული კონფლიქტები.

დაინტერესებული პირის პოზიცია:

4.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 თებერვლის განჩინების საფუძველზე ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, საცხოვრებელი, სადაც არასრულწლოვნები დედასთან და დედის ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობენ, წარმოადგენს ორსართულიან სახლს (ცხოვრობენ სახლის მეორე სართულზე), სადაც საცხოვრებელი საყოფაცხოვრებო გარემო დამაკმაყოფილებელია, არის ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, აქვთ სველი წერტილები, ოთახებში დგას შესაბამისი ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ოჯახის ძირითად შემოსავალს წარმოადგენს არასრულწლოვნების ბებიისა და დეიდის ხელფასები. ი.ს–უ ჩართულია საგანმანათლებლო პროცესში, ირიცხება ქ. ხონის საბავშვო ბაღში, ხოლო ე.ს–ისი არის მცირეწლოვანი. არასრულწლოვნებზე დაკვირვებითა და დედისგან მიღებული ინფორმაციით, მათი ფიზიკური ზრდა-განვითარება შეესაბამება ასაკს. არასრულწლოვნების დედის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბავშვებს ჩატარებული აქვთ აცრა, რეგისტრირებულნი არიან სამედიცინო ჯანდაცვის ცენტრში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მიღებული ინფორმაციით, რაიმე სახის ქრონიკული დაავადება ბავშვებს არ აღენიშნებათ. ი.ს–უს შეუძლია მეტყველება, პასუხობს დასმულ მარტივ შეკითხვებს, ხოლო ე.ს–ისი ამბობს მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს, თუმცა ამყარებს არავერბალურ კომუნიკაციას, გამოხატავს ემოციებს. ბავშვებს ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ გაიაზრონ დავის არსი და დააფიქსირონ პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით. სოციალური მუშაკისთვის მიწოდებული ინფორმაციით, თანაცხოვრების პერიოდში თავიანთ არასრულწლოვან შვილებთან ერთად მ.ს–ისი და ქ.რ–ძე ორჯერ იყვნენ ჩამოსულნი ქ.ს ოჯახში, თუმცა ის ოჯახის წევრებს არ ერიდებოდა, იყო კონფლიქტური, გამოხატავდა აგრესიას ბავშვების მიმართაც. მიღებული ინფორმაციით, მ.ს–ისი კარგ ხასიათზე იყო მხოლოდ მაშინ, როდესაც იმყოფებოდა თავის ნათესავებთან ან მეგობრებთან. ქ. საქართველოში დაბრუნდა მ.ს–ისთან შეთანხმებით, იყიდა ცალმხრივი ბილეთი, აპირებდა დაახლოებით 3-4 თვეში დაბრუნებას შვედეთის სამეფოში, თან ფიქრობდა, რომ ეს დროებითი განშორება მ.ს–ისსა და მათ ურთიერთობაზე აისახებოდა დადებითად, მეუღლე დაფიქრდებოდა თავის ქცევებზე და შეცვლიდა დამოკიდებულებებს, თუმცა, მ.ს–ისი დარეკვისას ქ.რ–ძეს ეუბნებოდა, რომ „არ მინდა სატანას დანახვა, გაწიე შენი სახე, ბავშვები დამალაპარაკეო”. არასრულწლოვნების ოჯახში მიღებული ინფორმაციით, ი.ს–უსა და ე.ს–ისს შვედეთის სამეფოს მიერ ერიცხებათ ყოველთვიური დახმარება, რომელსაც 2024 წლის ოქტობრის თვემდე ურიცხავდა მ.ს–ისი თავის შვილებს, თუმცა ქ.რ–ძესთან კვლავ აგრძელებდა საუბრისას კამათს, ეუბნებოდა, რომ შვედეთში დაბრუნებისას მათ ოჯახში ქართულად არავინ ისაუბრებდა, ბავშვებს აყურებინებდა მხოლოდ ბერძნულ მულტფილმებს და ისაუბრებდა ბერძნულად. მ.ს–ისთან მორიგი სატელეფონო კონფლიქტისას მათ არასრულწლოვან შვილს კვალავ დაეწყო უნებლიე შარდვა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ქ.რ–ძემ დაბლოკა მ.ს–ისი და არ ასაუბრებდა ბავშვებს, თუმცა სასამართლოს განჩინების შესაბამისად, 2025 წლის 12 თებერვლიდან, მ.ს–ისს კვირაში ორჯერ ასაუბრებს არასრულწლოვან შვილებს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ.რ–ძემ 2024 წლის აგვისტოს თვეში უთხრა მ.ს–ისს, რომ ცოტა ხნით კიდევ დარჩებოდა საქართველოში, ვინაიდან აქ ყოფნის პერიოდში ბავშვები დამშვიდდნენ, მასსა და მის შვილებზე დადებითად იმოქმედა ოჯახის წევრებთან ყოფნამ, ასევე სთხოვა თვითონაც დაფიქრებულიყო მათ ურთიერთობასა და დამოკიდებულებებზე. როგორც ქ.რ–ძე აღნიშნავს, მ.ს–ისი ამ საუბრის შემდეგ შეიცვალა და მას ტელეფონით თბილად ესაუბრებოდა, თუმცა მისთვის მალევე გახდა ცნობილი, რომ მ.ს–ისმა მიმართა სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით. ქ.რ–ძე არ გეგმავს შვედეთში მეუღლესთან დაბრუნებას და ფიქრობს, მიმართოს სასამართლოს შეგებებული სარჩელით, მ.ს–ისის მიმართ ალიმენტის დაკისრებისა და ბავშვების საცხოვრებელ ადგილად თავისი საცხოვრებლის განსაზღვრის მიზნით.

4.2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ერთიანი პოზიცია/გადაწყვეტილება მიმდინარე დავასთან დაკავშირებით:

არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მშობლებმა გააცნობიერონ შვილის აღზრდა-განვითარების პროცესში ორივე მშობლის ჩართულობის აუცილებლობა, იზრუნონ ბავშვებთან ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის სტაბილურობაზე, შეუქმნან მათ უსაფრთხო და ძალადობისგან დაცული გარემო.

არასრულწლოვნების ადვოკატის პოზიცია:

5. სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს ბავშვების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ამავე დროს უნდა შეაფასოს ფსიქოლოგის დასკვნაც, რომლის თანახმადაც, ორივე ბავშვს აქვს ჯანსაღი მიჯაჭვულობა დედასთან, ასეთ ვითარებაში კი, დედისაგან მათი დაშორება იქნება ბავშვების მატრამვირებელი და მათთვის ზიანის მომტანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 02 მაისის გადაწყვეტილებით:

6.1. მ.ს–ისის შვილები ი.ს–უ, დაბადებული 26.01.2021 წელს და ე.ს–ის, დაბადებული 21.05.2023 წელს, ცნობილი იქნენ საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვებად და დადგინდა მათი დაუყოვნებლივ დაბრუნება ბავშვების ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას, შვედეთის სამეფოში, ბავშვების იურდიულ მისამართზე: ლოვენგსვეგენ 15, 1101 15153 სოდერთელი, შვედეთი.

6.2. საქართველოდან შვედეთის სამეფოში არასრულწლოვნების ი.ს–უს და ე.ს–სის დაბრუნების განხორციელება დადგინდა დედის - ქ.რ–ძის მიერ, მამის მ.ს–ისის მიერ მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებით;

6.3. დაევალა მ.ს–ისს, რომ მოპასუხე ქ.რ–ძეს, შვილებს ი.ს–უს და ე.ს–სს დაუთმოს საცხოვრებელი ბინა, მდებარე მისამართზე: ლოვენგსვეგენ 15, 1101 15153 სოდერთელი, შვედეთი, ინდივიდუალურ სარგებლობაში, გადაიხადოს ამ ბინის კომუნალური გადასახადები და გადასცეს ქ.რ–ძეს ყოველთვიურად 800 ევრო, თავისი და ბავშვების საჭიროებებისათვის, ბავშვების საცხოვრებლის განსაზღვრის შესახებ შვედეთის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

7. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.რ–ძემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით:

8.1. ქ.რ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

8.2. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 02 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკამყოფილდა მ.ს–ისის მოთხოვნა არამართლზომიერად დაკავებული არასრულწლოვნების - ი.ს–უს და ე.ს–ისის შვედეთის სამეფოში დაბრუნების შესახებ, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის ჰააგის კონვენციის შესაბამისად.

9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9.1. 2025 წლის 17 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, როგორც „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციით განსაზღვრულმა ცენტრალურმა ორგანომ. მისი ინფორმაციით და წარმოდგენილი მასალებით, შვედეთის სამეფოს ცენტრალური ორგანოსაგან 2024 წლის 11 ნოემბერს მიიღეს მოქალაქე მ.ს–ისის განცხადება, საქართველოში სავარაუდოდ არამართლზომიერად დაკავებული არასრულწლოვნების - ი.ს–უს და ე.ს–ისის შვედეთის სამეფოში დაბრუნების შესახებ, რომლის მიზანშეწონილობის საკითხიც უნდა დაადგინოს სასამართლომ.

9.2. განმცხადებელი მ.ს–ისი არის საქართველოსა და საბრძნეთის მოქალაქე, ხოლო მოპასუხე ქ– ქუხაძე - საქართველოს მოქალაქე. მ.ს–ისი და ქ.რ–ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2020 წლის 11 მარტიდან. ქორწინების შემდეგ ისინი ცხოვრობდნენ შვედეთის სამეფოში. 09.01.2021 წლიდან ჩაწერილნი იყვნენ სტოკჰოლმში, სოდერთელიეს მუნიციპალიტეტში.

9.3. თანაცხოვრების პერიოდში, 2021 წლის 26 იანვარს, მხარეებს შეეძინათ ქალიშვილი ი.ს–უ (შვედური პასპორტის ნომერი ............); 2023 წლის 21 მაისს კი, შეეძინათ ვაჟიშვილი ე.ს–ისი (შვედური პასპორტის ნომერი ........). ი.ს–უ და ე.ს–ისი არიან როგორც საქართველოს, ისე საბერძნეთის მოქალაქეები.

9.4. ი.ს–უ და ე.ს–ისი დაიბადნენ შვედეთის სამეფოში და მოპასუხე ქ.რ–ძის მიერ ბავშვების საქართველოში წამოყვანამდე, 2024 წლის 17 აპრილამდე, ცხოვრობდნენ შვედეთში, ორივე მშობლის გარემოცვაში, იურიდიულ მისამართზე - „..........., .......15153 სოდერთელი, შვედეთი“. მშობლები და ორივე ბავშვი ირიცხება სტოკჰოლმის რაიონის, სოდერთელეს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რიცხვში.

9.5. მ.ს–ისთან შეთანხმებით, ქ.რ–ძემ არასრულწლოვანი შვილები სამი თვის ვადით წამოიყვანა შვედეთის სამეფოდან საქართველოში. ისინი 2024 წლის 17 აპრილს ჩამოვიდნენ საქართველოში, როდესაც არასრულწლოვანი ი.ს–უ იყო 3 წლის ასაკის, ხოლო ე.ს–ისი - 11 თვის.

9.6. შეთანხმებული სამი თვის ვადის ამოწურვის მიუხედავად, ქ.რ–ძემ ბავშვები შვედეთის სამეფოში არ წაიყვანა.

9.7. 2024 წლის 26 სექტემბერს ქ.რ–ძემ სატელეფონო საუბრისას მ.ს–ისს აცნობა, რომ აღარ აპირებდა შვედეთის სამეფოში დაბრუნებას და ბავშვებიც უნდა გაეზარდა საქართველოში.

9.8. 2024 წლის 17 აპრილიდან დღემდე არასრულწლოვნები დედასთან ერთად ცხოვრობენ ქ. ხონში, ........, ქ.რ–ძის მშობლების ოჯახში.

9.9. 2024 წლის 27 სექტემბერს მ.ს–ისმა მიმართა შვედეთის პოლიციის შესაბამის განყოფილებას, ბავშვების უკანონო გატაცებისა და მათზე სავარაუდოდ განხორციელებული ძალადობის შესახებ. მანვე, 2024 წლის 27 სექტემბერს, სარჩელით მიმართა სოდერთელიეს საოლქო სასამართლოს და მოითხოვა ქორწინების რეგისტრაციის შეწყვეტა ქ.რ–ძესთან, მოსაფიქრებელი ვადის გათვალისწინებით; 2024 წლის 04 ოქტომბერს, მ.ს–ისმა განცხადებით მიმართა სოდერთელიეს საოლქო სასამართლოს და მოითხოვა არარსრულწლოვან შვილებზე მეურვეობის მინიჭება ერთპიროვნულად, ასევე, მოითხოვა ქ.რ–ძის დავალდებულება, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს შვილები მამას და ჯარიმის სახით დაეკისროს 10 000 კრონის, ან სასამართლოს შეხედულებით სხვა თანხის გადახდა, ყოველთვიურად, ბავშვების მამისათვის დაბრუნებამდე.

9.10. 2024 წლის 18 ოქტომბერს მ.ს–ისმა მიმართა შვედეთის საგარეო საქმეთა დეპარტამენტს (შვედეთის ცენტრალურ ორგანოს), 1980 წლის ჰააგის კონვენციის შესაბამისად, უკანონოდ დაკავებული ბავშვების ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილზე - შვედეთში დაბრუნების შესახებ.

9.11. შ.პ.ს. „V.P.L”-ის მიერ 2025 წლის 26 თებერვალს გაცემული ცნობით დგინდება, რომ მ.ს–ისი მუდმივად დასაქმებულია მითითებულ ორგანიზაციაში, 2023 წლის 1 სექტემბრიდან, სრულ განაკვეთზე, კვირაში 40 საათი, 2 ცვლაში, ლუწი კვირების განმავლობაში ის მუშაობს დღის ცვლაში (06:18-14:42), ხოლო კენტ კვირებში მუშაობს საღამოს ცვლაში (14:30-23:48). მ.ს–ისის სახელზე შვედეთის ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაცემულია ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა 2012 წლის 10 მარტიდან.

9.12. ქ.რ–ძეს სტოკჰოლმის სამხრეთის პროკუტარურის მიერ წარედგინა ბრალდება მძიმე დანაშაულისათვის - სავარაუდოდ ბავშვების საკუთარი ნების წინააღმდეგ მოქმედებისათვის, რაც გამოიხატა იმაში, რომ ქ.რ–ძემ, 2024 წლის 26 სექტემბრიდან, სერიოზული მიზეზების გარეშე, საკუთარი ნების წინააღმდეგ განაცალკევა ელისა სპირიდისი და ი.ს–უ მ.ს–ისისაგან, რომელსაც ქ.რ–ძესთან ერთად გააჩნდა ბავშვების მიმართ ერთობლივი მეურვეობის უფლება. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სოდერთელიეს რაიონულმა სასამართლომ 2025 წლის 21 მარტს მიიღო გადაწყვეტილება ქ.რ–ძის დაკავების შესახებ.

9.13. ქ.რ–ძის დაკავების შესახებ გადაწყვეტილება საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას გაუქმდა, რაც დგინდება სტოკჰოლმის სამხრეთ პროკურატურის პალატის პროკურორის ანტონ ტუნვინგის 2025 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით (COBTM142601- 25) - დაკავების ორდერის გაუქმების შესახებ, რომლის მიხედვით, „ახალი ინფორმაციით, პროკურატურა, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოში გამართული სასამართლო პროცესის მიხედვით, მართებულად მიიჩნევს გადაწყვეტილებას პატიმრობის გაუქმების შესახებ“.

9.14. სოდერთელეს საოლქო სასამართლოს 2025 წლის 10 თებერვლის შუალედური გადაწყვეტილებით მ.ს–ისი ერთპიროვნულ მეურვედ იქნა ცნობილი ორივე შვილისთვის და განესაზღვრა ვადა მათთან ვიდეოსაუბრებისათვის.

9.15. ქუთაისის სააპელაციო პალატაში საქმის განხილვისას აპელანტმა წარადგინა სოდერთელეს საოლქო სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც დგინდება, რომ სოდერთელეს საოლქო სასამართლომ დაასრულა საქმის განხილვა მ.ს–ისის განცხადების გამო. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით ქ.რ–ძე ერთპიროვნულ მეურვედ იქნა ცნობილი ორივე შვილისთვის და მამას მ.ს–ისს განესაზღვრა ბავშვებთან ურთიერთობის წესი. აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში, იგი გასაჩივრებულია მ.ს–ისის მიერ, რაც დასტურდება 2025 წლის 4 ივლისით დათარიღებული სვეას სააპელაციო სასამართლო სხდომის ოქმით.

სოდერთელეს საოლქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მშობლების სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრებისა და მათ შორის სერიოზული უთანხმოების არსებობის გამო, არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ბავშვებისათვის საუკეთესოა ერთობლივი მეურვეობის შენარჩუნება. სასამართლომ გაითვალისწინა, რომ „ბავშვები არიან ოთხი და ორი წლის, მათ შვედეთი დატოვეს 2024 წლის აპრილში, რა დროსაც ი. იყო სამი წლის ხოლო ე– 11 თვის. მ.ს–ისი საქართველოში მათ ესტუმრა მხოლოდ ერთხელ, ჰააგის საქმის განხილვისას. ბავშვები არიან საქართველოსა და საბერძნეთის მოქალაქეები, მაგრამ საუბრობენ მხოლოდ ქართულად, არსებული ინფორმაციით, ისინი საქართველოში დადიან საბავშვო ბაღში. შესაძლებელი იყო, მ.ს–ისი ბავშვებთან ჩასულიყო, მაგრამ მან ეს მხოლოდ ერთხელ გააკეთა. მან ასევე არ წარადგინა არანაირი კონკრეტული გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველყოფს ორი პატარა ბავშვის მოვლას და მათ ახალ გარემოსთან შეგუებას“. სასამართლომ მიიჩნია, რომ „არ არის შესაფერისი ბავშვების საუკეთესო ინტერესებისთვის, მათი ამოგლეჯა მოქმედი გარემოდან, სადაც თავს კარგად გრძნობენ, და მათი გადაყვანა ქვეყანაში, რომლის ენაც არ იციან და სადაც მათ დიდი ხანია არ უნახავთ მეორე მშობელი, განსაკუთრებით, პატარა ბავშვების დროის აღქმის გათვალისწინებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მათთვის საუკეთესოა, დარჩნენ იმ გარემოში, რომელშიც ამჟამად ცხოვრობენ - საქართველოში - მიუხედავად იმისა, რომ ქ.რ–ძემ დაარღვია წესრიგი, ბავშვები იქ თავს კარგად გრძნობენ და არ ჩანს არანაირი საფრთხე მათ სათანადო ზრუნვაზე...“. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა, რომ ქ.რ–ძე პოზიტიურად არის განწყობილი ბავშვებსა და მ.ს–ისს შორის აქტიური ურთიერთობის მიმართ... საერთო დასკვნის სახით, ბავშვებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებად მიჩნეული იქნა, რომ ქ.რ–ძეს მიეღო ბავშვებზე ექსკლუზიური მეურვეობა. სასამართლომ დაადგინა, რომ ვინაიდან მ.ს–სს და ბავშვებს დიდი დროის მანძილზე არ ჰქონიათ რეგულარული შეხვედრები, შეხვედრები უნდა დაიწყოს უფრო მოკრძალებული ფორმით და ეტაპობრივად გაიზარდოს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოსა და შვედეთს შორის ფრენა ხანგრძლივი და რთულია ბავშვებისათვის, სოდერთელეს საოლქო სასამართლოს განსჯით, საუკეთესო იქნებოდა, თუ შეხვედრები საქართველოში გაიმართება. ასევე, იმისათვის, რომ ბავშვებმა კვლავ განავითარონ და გააძლიერონ კავშირი მამასთან, უნდა გაგრძელდეს მანამდე განსაზღვრული ვიდეოკონტაქტები.

9.16. ი.ს–უ საქართველოში წამოსვლამდე სწავლობდა შვედეთის როსბერგას სკოლამდელი აღზრდის ცენტრში, მისი სწავლის პერიოდი მერყეობდა სრულ განაკვეთსა და კვირაში 24 საათს შორის. ასევე, ბავშვები სამედიცინო აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ შვედეთში. მათ მშობლებს შვედეთში ცხოვრების დროს არ ჰქონიათ დავა არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, მეუღლეებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ გარკვეული პერიოდის მანძილზე იცხოვრებდნენ შვედეთის სამეფოში. განმცხადებელი დასაქმებული იყო შვედეთში, მოპასუხე კი, გეგმავდა დასაქმებას მითითებულ ქვეყანაში, შესაბამისად, სწავლობდა ენას და გამოცდებსაც აბარებდა. ქ.რ–ძე საქართველოში წამოვიდა დროებით, რის გამოც მ.ს–ისი საბავშვო დაწესებულებაში, ი.ს–უს ადგილის შენარჩუნების მიზნით, ბავშვის წამოსვლის შემდეგაც იხდიდა თანხას, ამავე დროს, მას მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა ოჯახის წევრებთან და უგზავნიდა როგორც სხვადასხვა დანიშნულების ნივთებს საჭიროების მიხედვით, ისე თანხას.

9.17. სააპელაციო სასამართლომ, მხარეთა განმარტებებით, საქმეში წარმოდგენილი თანხის გადარიცხვის დოკუმენტებით, ფოტოსურათებით და ვიდეოჩანაწერებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ არასრულწლოვანი შვილების მიმართ მ.ს–ისი იჩენდა და იჩენს მზრუნველობასა და ყურადღებას. შვედეთის სამეფოში ცხოვრების პერიოდში მამა ზრუნავდა შვილების რჩენა-აღზრდაზე, ჰქონდა მათთან პოზიტიური ურთიერთობა, რასაც აგრძელებდა ბავშვების საქართველოში ჩამოსვლის შემდეგაც ინტერნეტის საშუალებით. აპელანტის მიერ მითითებული ფაქტები იმის შესახებ, რომ შვედეთში ცხოვრების დროს ადგილი ჰქონდა მამის მხრიდან ძალადობის ფაქტს მცირეწლოვანი ი–ს მიმართ, არ დადასტურდა საქმეში არსებული მტკიცებულებებით. აპელანტის მიერ მითითებულ ფაქტები, ასევე, ვერ დადასტურდა შვედეთში მიმდინარე სასამართლო განხილვების პროცესშიც.

სოდერთელიეს მუნიციპალიტეტის სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის სწრაფი გამოძიების მასალების თანახმად, რომელიც შედგენილია 2024 წლის 21 ნოემბერს, სოდერთელიეს რაიონული სასამართლოს დავალებით და ასახულია სოდერთელიეს საოლქო სასამართლოს 2025 წლის 10 თებერვლის შუალედურ გადაწყვეტილებაში (რომლითაც მ.ს–ისი დროებით არასრულწლოვნების მეურვედ იქნა ცნობილი), მშობლებს განსხვავებული მიდგომები აქვთ ი–ას აღზრდის მეთოდებთან დაკავშირებით, კერძოდ, დედას ურჩევნია ი–სთან საუბარი, ხოლო მამა თვლის, რომ ი. უნდა დაისაჯოს მისი ოთახში ჩაკეტვით. ი. და ე. სოციალური სამსახურების ყურადღების ცენტრში მოხვდნენ მას შემდეგ, რაც დედამ ბავშვების აღზრდის საკითხებთან დაკავშირებით სკოლამდელ დაწესებულებას მიმართა. გამოძიების მიზანი იყო მშობელთა აღმზრდელობითი სტრატეგიების საკითხებისა და სოციალური სამსახურების მხრიდან მხარდაჭერის აუცილებლობის გარკვევა. მშობლების მონათხრობის თანახმად, მათ აქვთ ბავშვთა აღზრდისადმი სხვადასხვა მიდგომები, მათ ახსნეს, რომ ეს სტრატეგიები ხშირად არ მოქმედებს, რაც შეიძლება ნეგატიურად აისახოს ი–ზე, რის შედეგადაც ის მოწყენილი იქნება. ეს არ არის მომგებიანი, თუ მას არ ესმის, რატომ დაისაჯა ოთახში ჩაკეტვით. გამოძიების მასალებში მითითებულია ინციდენტზე, როდესაც მამამ ი. ხელებზე აწია, მშობლებმა ეს ერთჯერად შემთხვევად დაასახელეს და განაცხადეს, რომ ეს არ იყო სასჯელი და არც მამა აპირებდა მისთვის ზიანის მიყენებას. სოციალური სამსახურის შეფასებით, აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ მსგავსი სიტუაციები აღარ განმეორდეს, თუმცა სოციალური მუშაკის დასკვნის მიხედვით, რისკის საერთო შეფასება მიუთითებს, რომ არსებულ სიტუაციაში ი–სა და ე–თვის ზიანის მიყენების რისკი დაბალია. ეს დასკვნა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ გამოვლენილია მხოლოდ ერთი პოტენციური რისკის ფაქტორი, კერძოდ, მშობლების აღმზრდელობითი სტრატეგიები. ამავე დროს, არსებული შეფასებით, ეს სტრატეგიები ამჟამად არანაირ ზიანს არ აყენებს ი–ს და ე–ს ჯანმრთელობას ან განვითარებას. მშობლები კი, მზად არიან ცვლილებებისთვის.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება ი.ს–ისის მიმართ მამის მხრიდან განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით. პირიქით, მიიჩნია, რომ მ.ს–ისი იყო მზრუნველი და მოსიყვარულე მამა.

9.18. ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 17 თებერვლის განჩინებით ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, იმერეთის რეგიონული ცენტრის ხონის რაიონულ წარმომადგენლობას დაევალა არასრულწლოვანი ბავშვების - ი.ს–უს (დაბ. 26.01.2021; პ/ნ .......) და ე.ს–ისის (დაბ. 21.05.2023; პ/ნ ...........) ინტერესების დაცვის მიზნით წარმომადგენლის დანიშვნა, მათი სოციალური გარემოსა და საცხოვრებელი პირობების, ასევე, საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლა, მათ შორის: ბავშვის ფსიქოლოგიური, სოციალური, ემოციური და ფიზიკური ჯანმრთელობის შეფასება, მისი საუკეთესო ინტერესების დადგენის მიზნით, დავის საგანთან მიმართებით, მხარეთა და არასრულწლოვნების პოზიციის გამოკვლევა და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა.

9.19. ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, იმერეთის რეგიონული ცენტრის უფროსის ნ.წ–ძის 07.03.2025 წელს გაცემული დოკუმენტის მიხედვით (რომელიც ეყრდნობა ხონის რაიონულ წარმომადგენლობის სოციალური მუშაკის ვიზიტისას გამოვლენილ ფაქტებს) ირკვევა, რომ:

- ი.ს–უ არის 4 წლის, ასაკის შესაბამისად ირიცხება საბავშვო ბაღში, ხოლო ე.ს–ისი არის 1 წლის. ბავშვების ფიზიკური ზრდა-განვითარება შეესაბამება ასაკს, დედისგან - ქ.რ–ძისგან მიღებული ინფორმაციით, მათ ჯანმრთელობის მხრივ, რაიმე სახის პრობლემა, ამ დროისთვის, არ აქვთ. ჩატარებული აქვთ ასაკის შესაბამისი აცრები, აღრიცხვაზე არიან ამბულატორიულ ცენტრში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

- არასრულწლოვნების სოციალური გარემოს შესწავლისა და მათი ოჯახის წევრებისგან მიღებული ინფორმაციით, ბავშვებს, ამ დროისთვის, არ ახასიათებთ ქცევითი თავისებურებები, არიან კომუნიკაბელურნი, ამყარებენ თვალით კონტაქტს, გამოხატავენ ემოციებს ასაკის შესაბამისად.

- ი.ს–უს შეუძლია მეტყველება, პასუხობს დასმულ მარტივ შეკითხვებს, ხოლო ე.ს–სი ამბობს მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს, თუმცა ამყარებს არავერბალურ კომუნიკაციას, გამოხატავს ემოციებს.

- ბავშვებს განვითარებული აქვთ სოციალური უნარები, შეუძლიათ ემოციებისა და სიყვარულის გამოხატვა და ოჯახის წევრებთან აქვთ პოზიტიური მიჯაჭვულობა.

- ოჯახის წევრები სოციალური მუშაკის ვიზიტისას არასრულწლოვნების მიმართ ავლენდნენ აღზრდის პოზიტიურ მეთოდებს. ბავშვები დედის და ოჯახის სხვა წევრების მიმართ გამოხატავენ სიყვარულს, ეთამაშებოდნენ მათ. არასრულწლოვნებს აქვთ განვითარებისთვის აუცილებელი ნივთები და სათამაშოები.

- არასრულწლოვნები ცხოვრობენ ბიოლოგიურ დედასთან. მიღებული ინფორმაციით, მათი ოჯახის წევრებს არ აღენიშნებათ ფსიქიკურ ან ფიზიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. არასრულწლოვნებს მეთვალყურეობას უწევს ბიოლოგიური დედა, დეიდა და ბებია.

- ბავშვებმა, ასაკის შესაბამისად, იციან ქცევის წესები, ირგვლივ მყოფებთან მათ ურთიერთობას თვალყურს ადევნებს ბიოლოგიური დედა. აქვთ საძინებელი ოთახი, განვითარებისთვის აუცილებელი ნივთები და სათამაშოები. დედა ზრუნავს, შვილებს ასაკის შესაბამისად განუვითაროს ისეთი უნარები, რომლებიც დაეხმარება მათ პიროვნულ თუ ინტელექტუალურ განვითარებაში. სახლში ბავშვების აღზრდისთვის ადეკვატური გარემოა.

- განხორციელებული ვიზიტისას, ოჯახის წევრები ერთმანეთის მიმართ გამოხატავდნენ პატივისცემას. მიღებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, ოჯახის ძირითად შემოსავალს წარმოადგენს არასრულწლოვნების ბებიას ხელფასი (დასაქმებულია ქ. ხონის №4 საჯარო სკოლაში) და ასაკით განკუთვნილი პენსია, რასაც ემატება დეიდის - მ.რ–ძის ხელფასი. ქ.რ–ძეს აქვს უმაღლესი განათლება, ამ დროისთვის ის არ არის დასაქმებული. ოჯახის წევრები ეხმარებიან მას ბავშვების საჭიროებების დაკმაყოფილებაში. სოციალური მუშაკის შეფასებით, ოჯახის წევრები ერთმანეთს პატივს სცემენ. ბავშვებს უქმნიან კეთილსაიმედო და მზრუნველ გარემოს, რთული გადაწვეტილებების მიღებაში ეხმარებიან და ამხნევებენ ერთმანეთს.

- არასრულწლოვნების დედის ოჯახის წევრები ინტეგრირებულნი არიან თემში, პოზიტიური ურთიერთობები აქვთ მეზობლებთან. საცხოვრისი, სადაც არასრულწლოვნები დედასთან ერთად ცხოვრობენ, არის უსაფრთხო, კეთილმოწყობილი. აქვთ ელექტროენერგია, წყალი, ბუნებრივი აირი. დამაკმაყოფილებელია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ბავშვებს აქვთ საძინებელი, ასაკის შესაბამისი სათამაშოები.

9.20. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ გაიცა რეკომენდაციები, რომელთა მიხედვით:

- მნიშვნელოვანია, ორივე მშობელმა წამყვანი როლი მიანიჭოს შვილების აღზრდაში ორმხრივი მშობლიური ჩართულობის მნიშვნელობას და გამიჯნონ იგი მათი პარტნიორული პრობლემების, ერთმანეთის მიმართ უარყოფითი ემოციებისა და წყენებისგან.

- მნიშვნელოვანია, მშობლებმა ბავშვებს გაუჩინონ მეორე მშობლის მიმართ პოზიტიური სახის შემწყობი აზრები და ემოციები, აუმაღლონ ბავშვებს მოტივაცია, რომ ორივე მათგანს ბავშვების მიმართ აქვს პოზიტიური ინტერესი, სურვილი, თვითონაც იყოს მზრუნველი და შვილების მხარდამჭერი. აღნიშნულ შემთხვევაში არასრულწლოვნებს არ ექნებათ ფარული დანაშაულის განცდა და თვითონ გახდებიან შეფასებითი ორივე მშობლის მიმართ, ინდივიდუალური გამოცდილების შეძენის საფუძველზე, რაც დადებითად იმოქმედებს ორივე მშობლის მიმართ სანდო მიჯაჭვულობის ფორმირებაზე და მათ პიროვნულ/ემოციურ განვითარებაზე.

- მნიშვნელოვანია, როგორც მამამ, ისე დედამ, შექმნან პოზიტიური ხასიათის დიალოგი მეორე მშობელთან დაკავშირებით. გაიხსენონ მათი ურთიერთობის სასურველი წინარე მაგალითები, საერთო სასიამოვნო ისტორიები. მათთვის გასაგები ენით აუხსნან, რომ მშობლებს განსხვავებული ხედვა აქვთ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ამიტომ გადაწყვიტეს ცალ-ცალკე ცხოვრება, მაგრამ ორივეს აქვს ერთნაირი სურვილი, რომ შვილების განვითრებაზე თანაბრად იზრუნონ, რომ თითოეული მათგანი არის საიმედო.

- მნიშვნელოვანია არასრულწლოვნებს განემარტოთ, რომ თუკი რაიმე არ მოეწონებათ მშობლების საქციელში, შეუძლიათ გულახდილად თქვან და ამას აუცილებლად გაითვალისწინებს ორივე მათგანი.

- სასურველია, მშობლები და მათი ოჯახის წევრები კომუნიკაციის დროს (განსაკუთრებით ბავშვების თანდასწრებით) გამოხატავდნენ კეთილგანწყობას და პატივისცემას იმისათვის, რომ ბავშვებს არ ჰქონდეთ წარმოდგენა მშობლების მტრული დამოკიდებულების შესახებ, ასევე, შიში იმისა, რომ რომელიმე მათგანი ცდილობს წაართვას ბავშვები მეორე მშობელს და დააშოროს ისინი.

- მნიშვნელოვანია დედამ და დედის ოჯახის წევრებმა ხელი შეუწყონ მეორე მშობლის ისეთი ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც დაეხმარება ბავშვებთან მამის პოზიტიური ხატის ჩამოყალიბებას (ეს იქნება საჩუქრის მიღება, გასეირნება, გასართობ ცენტრებში, მამის საცხოვრებელ სახლში წაყვანა და სხვა).

9.21. იმერეთის რეგიონული ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო/სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების ფსიქოლოგ ნ.ვ–ძის 17.03.2025 წლის დასკვნის მიხედვით:

- დედა იცნობს და აცნობიერებს ბავშვების ყველა მნიშვნელოვან საჭიროებას და სრულად არის ჩართული მათ დაკმაყოფილების პროცესში, ცდილობს უზრუნველყოს ბავშვებისათვის უსაფრთხო და ძალადობისგან დაცული გარემო.

- დედა კარგად იცნობს აღზრდის პოზიტიური სტილისთვის დამახასიათებელ მეთოდებს და ქცევის მართვის ჰუმანურ სტრატეგიებს, იყენებს მათ ბავშვების აღზდისას და ზრუნავს შვილების ემოციურ მდგომარეობაზე, ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

- უფროსი გოგონა ავლენს პოზიტიურ შეფასებებსა და განცდებს დედის მიმართ. მიაწერს დადებით თვისებებს, დედის მიმართ ამჟღავნებს სანდო მიჯაჭვულობისთვის დამახასიათებელ ქცევას. დედის მიმართ ძლიერ მიჯაჭვულობას ავლენს უმცროსი ბავშვიც, ის ძუძუთი იკვებება. ინტერვიუს დროს ის ეხუტებოდა დედას და უჭირდა მასთან განშორება, შესაბამისად, ბავშვების დედასთან განშორება უარყოფითად აისახება მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მათი ასაკობრივი საჭიროებების გათვალისწინებით ეს ფაქტი შესაძლოა მატრავმირებელი აღმოჩნდეს ორივე მათგანისთვის.

- მნიშვნელოვანია, ორივე მშობელმა, მათი პარტნიორული ურთიერთობებისგან, ერთმანეთის მიმართ ემოციებისა თუ წყენებისაგან გამიჯნონ შვილების აღზრდაში ორმხრივი მშობლიური ჩართულობის მნიშვნელოვნება და აღნიშნულ თემას წამყვანი როლი მიანიჭონ.

- სასურველია, მამამ იქონიოს ფრთხილი და თანმიმდევრული დამოკიდებულება ბავშვებთან, ტელეფონით საუბრისას დაამყაროს პოზიტიური კომუნიკაცია, არ დაადანაშაულოს ისინი, შესთავაზოს შვილებს მათთვის სახალისო და საინტერესო საუბრის თემები, აქტივობები. არ შევიდეს ბავშვების დედასთან უარყოფით კომუნიკაციაში ბავშვების თანდასწრებით, ეს ყველაფერი პოზიტიურად აისახება მათი კომუნიკაციის ხარისხზე, ურთიერთობების გაღრმავებასა და ბავშვების ფსიქოემოციურ განვითარებაზე.

- მნიშვნელოვანია, დედამ, როგორც შვილებისთვის სანდო პერსონამ, შექმნას პოზიტიური ხასიათის დიალოგი მამასთან დაკავშირებით. გაიხსენოს მათი ურთიერთობის სასურველი წინარე მაგალითები, საერთო სასიამოვნო ისტორიები, აუხსნას, რომ მშობლებს განსხვავებული ხედვა აქვთ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ამიტომ გადაწყვიტეს ცალ-ცალკე ცხოვრება, მაგრამ ორივეს აქვს სიყვარული შვილების მიმართ.

- მნიშვნელოვანია, არასრულწლოვნებს დედის მხრიდან განემარტოთ, რომ თუკი რაიმე არ მოეწონებათ მშობლების საქციელში, შეუძლიათ გულახდილად თქვან და ამას აუცილებლად გაითვალისწინებს ორივე მათგანი.

- აუცილებელია მამასთან ბავშვებს ჰქონდეს რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია, რათა არ მოხდეს განშორების პერიოდებში გაუცხოვება და ბავშვებისთვის ის იყოს მყარი ფიგურა, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს მათ ცხოვრებაში.

- სასურველია მშობლები და მათი ოჯახის წევრები კომუნიკაციის დროს (განსაკუთრებით, ბავშვების თანდასწრებით) გამოხატავდნენ კეთილგანწყობას და პატივისცემას იმისათვის, რომ ბავშვებს არ ჰქონდეთ წარმოდგენა მშობლების მტრული დამოკიდებულების შესახებ, ასევე შიში იმისა, რომ მამა ცდილობს დედას წაართვას ბავშვები და დააშოროს ისინი.

9.22. დედის მიერ ბავშვებთან ერთად შვედეთის დატოვების შემდეგ, (რა დროსაც ი. იყო 3 წლის, ხოლო ე. - 11 თვის), გასულია ერთ წელსა და სამ თვეზე მეტი დრო. მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით ქ.რ–ძე, ბავშვებთან ერთად, შვედეთში უნდა დაბრუნებულიყო სამ თვეში, დაახლოებით 2024 წლის 17 ივლისის მდგომარებით, საიდანაც გასულია დაახლოებით ერთი წელი და ერთი თვე. იმ გარემოების შესახებ, რომ შვედეთის სამეფოში დაბრუნებას ბავშვებთან ერთად არ გეგმავდა, ქ.რ–ძემ მ.ს–ისს აცნობა 2024 წლის 26 სექტემბერს, საიდანაც გასულია თერთმეტი თვე და 18 დღე (ი. არის 4 წლის და 7 თვის, ხოლო ე. 2 წლის და 2 თვის).

9.23. ი.ს–უ სწავლობს ხონის №3 საბავშვო ბაგა-ბაღში, ხოლო ორი წლის ასაკის შესრულების შემდეგ ე.ს–ისიც ჩარიცხულია იმავე საბავშვო ბაგა-ბაღში.

9.24. ი.ს–უ თავისუფლად მეტყველებს ქართულ ენაზე, მისთვის მშობიური ენა ქართულია, თუმცა გარკვეულწილად მას ესმის ბერძნული საუბრის შინაარსიც. ე.ს–უ არის 2 წლისა და ორი თვის და მიმდინარე პერიოდში სწავლობს საუბარს. ის სწავლობს მეტყველებას ქართულად, ვინაიდან მის გარემოცვაში არსებული ყველა ადამიანი (დედა, და, ბებია, დეიდა, აღმზრდელი, სხვა ბავშვები...) მხოლოდ ქართულ ენაზე მეტყველებენ.

9.25. პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ი.ს–უსთან იმუშავა ფსიქოლოგმა მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესწავლის მიზნით. იმერეთის რეგიონული ცენტრის მხარდაჭერის, სასამართლო/სამოქალაქო დავების და აღსრულების განყოფილების ფსიქოლოგის ნ.ვ–ძის 03.07.2025 წლის დასკვნაში მითითებულია, რომ: ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ცენტრს, 2025 წლის 26 ივნისს, №711063 ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის ბარათით მიმართა ხონის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ, ბარათში მითითებულია, რომ არასრულწლოვან ი.ს–უს აქვს შიშები და მასზე ხორციელდებოდა ძალადობა. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ, დამატებით, მიწოდებულია სამართალდამცავი ორგანოსათვის. სოციალურმა მუშაკმა მიზანშეწონილად ჩათვალა ფსიქოლოგის ჩართულობა არასრულწლოვან ი.ს–უს მდგომარეობის კვლავ შესწავლის მიზნით. ფსიქოლოგის დასკვნის თანახმად:

- შეხვედრისას ბავშვი ფსიქო-მოტორულად მშვიდად გამოიყურებოდა. იყო მოწესრიგებული, ეცვა სეზონის შესაბამისად. მიზანმიმართული ვერბალური კონტაქტისთვის ინტერვიუს დასაწყისში რთულად მისაწვდომი იყო, საუბრისას არ ამყარებდა თვალით კონტაქტს, ინტერვიუს დასაწყისში გამოხატავდა ინდიფერენტულ დამოკიდებულებას ფსიქოლოგის მიმართ. ფსიქოლოგმა გადაწყვიტა გარემოს ცვლილება და ბავშვთან შეთანხმებით ბუნებრივ გარემოში - ეზოში გაიყვანა, მოგვიანებით კი, დედის თანდასწრების გარეშეც მოხდა კომუნიკაცია.

- არასრულწლოვანი ამჟამად ცხოვრობს დედასთან, დეიდასთან, მის უმცროს ძმასთან და ბებიასთან ერთად. გოგონა ავლენს პოზიტიურ შეფასებებსა და განცდებს დედის მიმართ. ასევე იმ სოციალურ თუ ფიზიკურ გარემოსთან დაკავშირებით, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს. დედას მიაწერს ძირითადად მხოლოდ დადებით თვისებებს, დედის მიმართ ამჟღავნებს სანდო მიჯაჭვულობისთვის დამახასიათებელ ქცევას. დედისა და ბავშვის ინტერაქციაზე დაკვირვებით იკვეთება, რომ ი. დედის მიმართ ავლენს სითბოს და დადებით ემოციებს, მასთან თავს მშვიდად და დაცულად გრძნობს. ი. ჰყვება ემოციებით დედასთან ერთად თბილისში ვიზიტზე: „თბილისში ვიყავი ნ.ფ–თან, იქ კარგი იყო, ზოჟეს სახლში ვიყავი, იქ იყო ბევრი სათამაშო და საქანელები, ფეხზე უნდა გაგვეხადა.“ არასრულწლოვნის თქმით, დედა მას ეთამაშება, დაჰყავს სასეირნოდ, უკითხავს ზღაპრებს, ამბობს, რომ „ბალი დათესეს ერთად" და არასდროს ეჩხუბება. მამაზე ამბობს, რომ ის ეჩხუბებოდა ხოლმე, ასევე ზოგჯერ ხელს უჭერდა მუცელზე და ყელზე, რის გამოც ის ტიროდა. ვერბალურად მოწოდებული ინფორმაციის პარალელურად, ხელით აჩვენებდა ფსიქოლოგს აღნიშნული ქცევის იმიტაციას. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ჰყვება ძალადობის შემთხვევებზე მამის მხრიდან, ბავშვი მაინც დადებით პერსონად ახასიათებს მამას, ავლენს მასთან ურთიერთობის სურვილს, მოიხსენიებს „მამიკოთი", რაც მიუთითებს დედის ოჯახის მხრიდან უარყოფითი გავლენის არარსებობაზე. ი–ს თქმით, ის დადის ბაღში და ჰყავს ბევრი მეგობარი, ასახელებს ნ–ს და ე–ს „ბაღის მეგობრებიდან“, ფსიქოლოგის კითხვაზე თუ რას აკეთებს ბაღის შემდეგ, ი. პასუხობს: „დავდივარ ა–თან და გ–თან, ბევრს ვთამაშობთ ერთად“. ამბობს, რომ ასევე დადიოდა ბაღში, როცა შვედეთში ცხოვრობდა და იქაც ჰყავდა მეგობრები, თუმცა მათი სახელები აღარ ახსოვს.

- შვედეთზე საუბრისას, ი. აღნიშნავს, რომ იქ დაბრუნება არ სურს, რადგან „იქ ცუდია, იქ ხშირად ვტიროდი“. ფსიქოლოგის კითხვაზე, მამა რომ ჩამოვიდეს, თუ ნახავს მას, ი. პასუხობს: „ვნახავ მამიკოს, გუშინ იყო და ჩვენ ერთად ვითამაშეთ“ (არასრულწლოვანი, წარსულ მოვლენებზე საუბრისას, ხშირად იყენებს სიტყვას „გუშინ"). ი. აღნიშნავს, რომ მოსწონს ხონში ცხოვრება, მას ბევრი სათამაშოები აქვს და ბევრს თამაშობს, ფსიქოლოგს ეუბნება, რომ სათამაშოებიდან უყვარს მისი ვარდისფერი სკუტერი.

- შეფასების პროცესში ფსიქოლოგმა გამოიყენა პროექციული ტექნიკა (როგორც კვლევის დამხმარე მეთოდი), რა დროსაც ბავშვმა შეასრულა ნახატი „ჩემი ოჯახი": ნახატზე გამოსახულია ოთხი ფიგურა. სიდიდით ყველაზე დიდი ფიგურებია - ორი ზრდასრული, დედა და მამა. ფურცლის ცენტრშია დედა (ნახატის შესრულება დაიწყო დედის დახატვით), მასთან ყველაზე ახლოს არის დახატული ბავშვი (თავად ი.). მამა ფურცლის მარცხენა ბოლოშია, დედისგან შორს. მეორე ბავშვი (ძმა) დედასა და მამას შორისაა, უფრო მარჯვნივ. ინტერპრეტაცია ნახატისა და პასუხების საფუძველზე: - დედასთან კავშირი: ფურცლის ცენტრში მყოფი დედა გამოხატავს ბავშვისთვის ცენტრალურ ფიგურას - უსაფრთხოების, იდენტობისა და ემოციური მხარდაჭერის წყაროს. დედასთან ახლოს საკუთარი თავი დახატა, რაც მიუთითებს მის ძლიერ მიჯაჭვულობაზე დედასთან და მის მხარდაჭერაზე. - კითხვაზე, ვის წაიყვანდა დაბადების დღეზე მაშინ, თუ ნახატიდან უნდა აირჩიოს ერთი პერსონა - პასუხობს დედას, რაც აჩვენებს, რომ მასთან დაკავშირებული გამოცდილება უფრო პოზიტიური და სასურველია. - მამასთან დამოკიდებულება: მამა დახატულია ნახატის მარცხენა კიდეში - ეს მანიშნებელია დისტანციის ან ემოციური დაშორების. - მამაზე საუბრობს, როგორც ყველაზე ბედნიერ ადამიანზე, და ბედნიერების მიზეზად ი. ასახელებს გარემოებას „იმიტომ, რომ მან დედა გააბრაზა" - რაც ბავშვური ინტერპრეტაციაა ძალადობის დინამიკისა (ბავშვი შეიძლება ვერ აცნობიერებს, მაგრამ ახდენს მსგავს ინტერპრეტაციას). – „მე მამა და ძმა ყველაზე მხიარულები ვართ" - რაც შეიძლება მიუთითებდეს ასევე გაყოფილ იდენტობაზე: ბავშვს შეუძლია იგრძნოს თავი მხიარულთა ჯგუფში, მაგრამ მაინც აირჩიოს დედა მნიშვნელოვანი ურთიერთობისთვის, მაგალითად, დაბადების დღეზე თანმხლებად. - შიდა კონფლიქტზე მიუთითებს შემდეგი გარემოება: მამა შეიძლება სთავაზობდეს გართობას, (კითხვაზე, ვისთან ერთად წავიდოდა პარკში გასართობად, პასუხობს: „მამასთან და ძმასთან“), მაგრამ ასევე მამა იწვევს მისთვის საფრთხეს, რის გამოც ბავშვისთვის მამა იდენტიფიცირდება დედის „გაბრაზებასთან". - ბავშვი აღწერს დედას, როგორც „ყველაზე მოწყენილს", რაც მიუთითებს ემპათიურობისა და სინაზის მაღალ დონეზე. მამას იღებს მხიარულად, მაგრამ აღიარებს, რომ დედა მის გამო მოწყენილია, ხოლო მამა ამის გამო მხიარული.

- დასკვნითი დაკვირვებები: ბავშვი გადის გაბნეულ, შიდა კონფლიქტურ მდგომარეობას; - დედასთან ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა და უსაფრთხოების განცდა; მამასთან - ნაწილობრივი იდენტიფიკაცია, გართობის კონტექსტში. აქვს განცდა, რომ დედა მოწყენილია და საჭიროა მისი დაცვა. მისი სამყაროს აღქმა ნაწილობრივ დაყოფილია „სიხარულის ჯგუფად" (მამა, ძმა, თვითონ-გართობა) და „დარდის ჯგუფად" (დედა და თავად). დედის თქმით, მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობის ფაქტებს, რამაც უარყოფითი გავლენა იქონია შვილის ემოციურ მდგომარეობაზე, თუმცა საქართველოში დაბრუნების შემდეგ არასრულწლოვანი დამშვიდდა და ის თავს დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობს. დედის თქმით, ბავშვის მდგომარეობა შედარებით გაუარესდა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ შესაძლოა დაბრუნებულიყვნენ შვედეთში.

- ფსიქოსოციალური შეფასების შედეგად იკვეთება, რომ ბავშვი ამჟამად კარგად ადაპტირებულია საქართველოში არსებულ გარემოში. მან განივითარა სტაბილური ყოველდღიური რუტინა, მოპოვებული აქვს უსაფრთხოებისა და დამკვიდრების განცდა და დადებითად რეაგირებს როგორც ფიზიკურ, ისე სოციალურ გარემოზე. ბავშვსა და დედას არ გააჩნიათ შვედური ენის ცოდნა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს შვედეთში ადაპტაციის შესაძლებლობას, ენობრივი ბარიერი, სავარაუდოდ, გამოიწვევს სირთულეს როგორც განათლებაში, ასევე, სოციალური კავშირებისა და ემოციური სტაბილურობის შენარჩუნებაში. აღნიშნული ფაქტორი ბავშვისთვის ზრდის სტრესის, გაუცხოებისა და სოციალური იზოლაციის რისკს. ადაპტაციის პროცესში ბავშვის მხარდამჭერი უნდა იყოს ის მშობელი, რომელიც ჩართული იქნება ბავშვის ყოველდღიურობაში, თუმცა მას თავადაც მოუწევს ადაპტაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავება, სტრესი და დაბნეულობა, რაც უკავშირდება სხვა ქვეყანაში დაბრუნებას და ადაპტაციას და აისახება მშობლური უნარების ეფექტიანობაზე. საქართველოში ბავშვი გრძნობს თავს დაცულად და კომფორტულად. უკვე ჩამოყალიბდა მხარდაჭერის სოციალური ქსელი. დედა და შვილი ყოველდღიურ ცხოვრებაში დამოუკიდებლად და წარმატებით ახერხებენ ფუნქციონირებას.

9.26. არასრულწლოვნის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, ფსიქოლოგის მიერ გაიცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვით:

- მნიშვნელოვანია, ორივე მშობელმა, მათი პარტნიორული ურთიერთობებისგან, ერთმანეთის მიმართ ემოციებისა თუ წყენებისაგან გამიჯნონ შვილის აღზრდაში ორმხრივი მშობლური ჩართულობის მნიშვნელოვნება და აღნიშნულ თემას წამყვანი როლი მიანიჭონ.

- რეკომენდებულია, რომ ბავშვმა გააგრძელოს ცხოვრება საქართველოში, იმ გარემოში, სადაც მას უკვე აქვს სტაბილური, მის საჭიროებებზე მორგებული ყოფითი და ფსიქო-ემოციური გარემო.

- დედა იცნობს და აცნობიერებს ბავშვების ყველა მნიშვნელოვან საჭიროებას და სრულად არის ჩართული მათი დაკმაყოფილების პროცესში, ცდილობს უზრუნველყოს ბავშვებისათვის უსაფრთხო და ძალადობისგან დაცული გარემო. დედა კარგად იცნობს აღზრდის პოზიტიური სტილისთვის დამახასიათებელ მეთოდებს და ქცევის მართვის ჰუმანურ სტრატეგიებს, იყენებს მათ ბავშვების აღზდისას და ზრუნავს შვილების ემოციურ მდგომარეობაზე, ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

- სასურველია, მამამ იქონიოს ფრთხილი და თანმიმდევრული დამოკიდებულება ბავშვთან ტელეფონით საუბრისას დაამყაროს პოზიტიური კომუნიკაცია არ დაადანაშაულოს ის, შესთავაზოს შვილს მისთვის სახალისო და საინტერესო საუბრის თემები, აქტივობები. ეს ყველაფერი პოზიტიურად აისახება მათი კომუნიკაციის ხარისხზე, ურთიერთობების გაღრმავებასა და ბავშვის ფსიქო- ემოციურ განვითარებაზე. არ შევიდეს ბავშვების დედასთან უარყოფით კომუნიკაციაში ბავშვების თანდასწრებით.

- სასურველია, მშობლები და მათი ოჯახის წევრები კომუნიკაციის დროს (განსაკუთრებით, ბავშვების თანდასწრებით) გამოხატავდნენ კეთილგანწყობას და პატივისცემას იმისათვის, რომ ბავშვებს არ ჰქონდეთ წარმოდგენა მშობლების მტრული დამოკიდებულების შესახებ, ასევე შიში იმისა, რომ მამა ცდილობს დედას წაართვას ბავშვები და დააშორონ ისინი.

9.27. დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ტრენერის, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტ რ. კ–ძის 2025 წლის 26 მაისის ფსიქოლოგიური შეფასებით დგინდება, რომ:

- ორივე ბავშვს დედის მიმართ აქვს უსაფრთხო, პოზიტიური მიჯაჭვულობა. ორივე ბავშვს ასაკის შესაბამისად განვითარებული აქვს კოგნიტური და სოციალური უნარები. შეუძლიათ ემოციების ასაკის შესაბამისად გამოხატვა, ასაკისვე შესაბამისად ჩართულნი არიან საგანმანათლებლო პროცესში. ჩვევაზე და დედასთან კონტაქტზე დაკვირვების შემდგომ გამოიკვეთა, რომ ქ.რ–ძე იყენებს პოზიტიური მშობლობისთვის საჭირო მიდგომებს, კომუნიკაციის დროს ბავშვებს ესაუბრება თანაბარ პოზიციაში, სახით სახესთან პირისპირ, მშვიდი და აუღელვებელი ტონით, უხსნის გარემოში არსებულ ქცევის ნორმებს, ასწავლის თამაშით. ბავშვებიც პოზიტიურ დამოკიდებულებას გამოხატავენ დედის მიმართ. ი. თერაპიულ ოთახში შემოსვლის მომენტიდანვე დაინტერესდა ოთახში არსებული ნივთებით, თუმცა ჯერ არ განცალკევდა დედისგან, სანამ არ დარწმუნდა უსაფრთხოებაში და არ შეისწავლა გარემო. ყველა ნივთი, რომელიც აინტერესებდა მიჰქონდა დედასთან და აჩვენებდა, ჩემთან კონტაქტში შემოვიდა დედის შემოთავაზების შემდეგ. ჯერ ზედაპირულად, შემდეგ კი ღიად. კომუნიკაციაში შემოსვლის შემდეგ დაიწყო ჩემთან თამაშით, მოგვიანებით გამოხატა ხატვის სურვილი.

- ი. არის ინიციატივიანი, ინტერესიანი და კრეატიული მას შემდეგ, რაც აღიქვამს, რომ გარემო უსაფრთხოა. თუმცა აღსანიშნავია, რომ არ მოსწონდა ოთახის დახურული კარი, მისთვის უფრო კომფორტული იყო ღია სივრცე, ამიტომ მუშაობის პროცესში თერაპიული სივრცის კარი იყო შეღებული. მოგვიანებით დედამ აღნიშნა, რომ მამა დასჯის მიზნით ი–ს ოთახში კეტავდა ხოლმე. შეფასების პირველი ნახევარი ოთახში იყო დედა და ძმა, მეორე ნახევარში კი, ი. დარჩა მარტო, დახატა „ჩემი ოჯახი", მითხრა, რომ არ უნდა დაბრუნება „სხვაგან", რადგან იქ მამაა, კითხვაზე თუ რატომ, მითხრა, რომ მამა მუცელზე ხელს უჭერდა და სტკენდა, შემდეგ კი განასახიერა, მკლავები შემოიხვია მუცელზე და დააჭირა, მოგვიანებით აღნიშნა, რომ მამა დედას ხელზე ურტყამდა და ესეც განასახიერა, გაახმოვანა „აი შენ, აი შენ". პროექციულ ნახატებში მამას დაუხატა წითელი სახე და აღწერა სიტყვით „გაბრაზებული". ი–მ ოჯახსა და მის სოციუმზე ისაუბრა ძალიან პოზიტიურად, ასევე ბაღსა და მეგობრებზე.

ინტერვიუს და დაკვირვების შედეგებზე დაფუძნებული დასკვნიდან გამომდინარე, ფსიქოლოგის რეკომენდაციებია:

- ბავშვების ჯანსაღი ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის, ორივე მშობელმა იზრუნოს უსაფრთხო და პოზიტიური აღზრდის გარემოს შექმნაზე. ბავშვების უსაფრთხოების დაცვა უნდა მოხდეს მათი ასაკისა და ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით. პოზიტიური აღზრდის გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, რეკომენდებულია მამამ კონსულტირება გაიაროს ბავშვთა ფსიქოლოგთან. რეკომენდებულია ორივე მშობელმა და მათი ოჯახის წევრებმა აქცენტი გააკეთონ იმაზე, რომ ბავშვებს ჰყავთ ორი ოჯახი, რომ ორივე ოჯახს უყვართ და ორივე ერთდროულად იზრუნებს მათზე; ორივე მათგანი, როგორც დედა, ისე მამა, მათ გვერდით იქნებიან. მშობლებმა შეინარჩუნონ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა. ბავშვების წინაშე არ მოხდეს რომელიმე მათგანის, გაკრიტიკება, გაკიცხვა ან დამცირება.

9.28. ა.(ა).ი.პ. ხონის საბავშვო ბაგა-გაღების გაერთიანების დირექტორის ე.ს–ძის 8.05.2025 წლის №27-6025128125 წერილის თანახმად (რომელიც ავტორმა შეადგინა №3 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის ხ. ს–სა და 3-4 წლის ასაკის ჯგუფის აღმზრდელის მ.ჯ–ის მოხსენებითი ბარათების საფუძველზე), ი.ს–უ, მშობლის თანადგომით და ჩართულობით, ნორმალურად ადაპტირდა საბავშვო ბაღში, ასევე, ასაკის შესაბამისად ყველა აქტივობაში იღებს მონაწილეობას და მისი განვითარება ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტით (სფეროების მიხედვით) დამაკმაყოფილებელია. აღნიშნულ წერილს ერთვის ი.ს–უს, როგორც საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელის შეფასების ფორმა და მოხსენებითი ბარათები, საიდანაც ირკვევა, რომ: „ბავშვმა იცის და თავის ასაკთან შესაბამისად, გამართულად მეტყველებს ქართულ ენაზე, როგორც აღმზრდელებთან, ისე ბავშვებთან“.

9.29. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, არასრულწლოვნებთან შეხვედრის სპეციალურ სივრცეში შედგა არასრულწლოვან ი.ს–უსთან გასაუბრება თავისუფალ გარემოში, რომელსაც ესწრებოდა არასრულწლოვათა ადვოკატი თ.ო–ძე. გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ ი–ს უარყოფით დამოკიდებულება აქვს შვედეთში დაბრუნების თაობაზე, დედის თანხლებითაც კი. ამბობს, რომ არ სურს შვედეთში დაბრუნება. მამასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე კი, ბავშვი უმეტესად არ პასუხობს. ი–ს მოსწონს საქართველოში ცხოვრება, ხალისით და სიყვარულით საუბრობს საბავშვო ბაღზე, მეგობრებზე და დედის ოჯახის კუთვნილ კატაზე. (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 03.07.2025 წლის გასაუბრების ოქმი).

9.30. დღეის მდგომარეობით, ქ.რ–ძე და მ.ს–ისი განქორწინებულნი არიან მ.ს–ისის მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც დაეთანხმა ქ.რ–ძე. აღნიშნული გადაწყვეტილება არ არის გასაჩივრებული არცერთი მხარის მიერ.

10. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო სასამართლომ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

10.1. ბავშვი, რომელიც ერთ-ერთი მშობლის თანხმობითაა გადაადგილებული კონვენციის წევრი ერთი სახელმწიფოს ტერიტორიიდან მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, მაგრამ დაკავებულია მეორე მშობლის ნებართვის გარეშე, ბავშვთა საერთაშორისო მოტაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციის სუბიექტს წარმოადგენს და უნდა დადგინდეს დაკავების კანონიერება. ბავშვის მშობელს (მოცემულ შემთხვევაში, მამას), რომელსაც არ აქვს შეზღუდული, ან ჩამორთმეული შვილთან დაკავშირებული უფლებები და კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე განიხილება როგორც მეურვე, სრული უფლება გააჩნია, ისარგებლოს საერთაშორისო ხელშეკრულებით აღიარებული უფლებებით. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი მოთხოვნის უფლების მქონე სათანადო სუბიექტს წარმოადგენს.

10.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3517-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილება ან არამართლზომიერი დაკავება არის პირისათვის ან ორგანოსათვის ერთობლივად ან ინდივიდუალურად მიკუთვნებული მეურვეობის უფლების დარღვევა, რომელიც უზრუნველყოფილი იყო იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, სადაც ბავშვი, ჩვეულებრივ, ცხოვრობდა უშუალოდ არამართლზომიერ გადაადგილებამდე ან არამართლზომიერ დაკავებამდე და რომელიც გადაადგილების ან დაკავების დროისათვის ფაქტობრივად გამოიყენებოდა ერთობლივად ან ინდივიდუალურად ან/და ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა არამართლზომიერი გადაადგილება ან არამართლზომიერი დაკავება.

10.3. 1980 წლის კონვენციის ცენტრალური იდეაა, რომ ყველა ბავშვი, მათი ეროვნების მიუხედავად, უნდა იყოს დაცული ერთ-ერთი მშობლის მიერ საერთაშორისო საზღვრებს მიღმა ცალმხრივი გადაადგილებისაგან და რომ, როდესაც ამას ადგილი აქვს, იშვითი გამონაკლისების გარდა, ბავშვის საუკეთესო ინტერესებშია ბავშვის დაბრუნება და ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის უფლებამოსილი ორგანოებისათვის შესაძლებლობის მიცემა, გადაწვიტონ მეურვეობის საკითხი. ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის ქვეყანად მიჩნეულია სახელმწიფო, რომელსაც აქვს ყველაზე მეტი ინფორმაცია ბავშვის და მისი ოჯახური სიტუაციის შესახებ, და, ამდენად, უკეთეს მდგომარეობაშია, მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის მეურვეობისა და მასთან კონტაქტის შესახებ. ბავშვის დაბრუნება ამ ქვეყანაში ასევე პასუხობს მოთხოვნას, მოხდეს სიტუაციის აღდგენა, რომელიც დაირღვა წამყვანი მშობლის ცალმხრივი და იძულებითი ქმედების შედეგად.

10.4. დადგენილია, რომ მხარეები ქორწინების შემდეგ ურთიერთშეთანხმებით დასახლდნენ შვედეთის სამეფოში. მათი ორივე შვილი დაიბადა და 2024 წლის 17 აპრილამდე უცვლელად ცხოვრობდნენ შვედეთში. მ.ს–ისი დასაქმებული იყო შვედეთში, სამომავლოდ შვედეთში დასაქმებას გეგმავდა ქ.რ–ძეც და, ამ მიზნით, სწავლობდა ენას. მცირეწლოვანი ი. დადიოდა საბავშვო ბაღში. ოჯახის ყველა წევრი ჩაწერილი იყო სტოკჰოლმში, სოდერთელიეს მუნიციპალიტეტში და ირიცხებოდნენ სოდერთელეს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რიცხვში, იურიდიულ მისამართზე - „ლოვენგსვეგენ 15, 1101 15153 სოდერთელი, შვედეთი“. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ დაასკვნა, რომ შვედეთის სამეფო წარმოადგენდა მცირეწლოვანი ბავშვების ჩვეულ საცხოვრებელ ადგილს.

10.5. პალატამ განმარტა, რომ ბავშვის არამართლზომიერი დაკავება მიმღებ სახელმწიფოში მის უკანონოდ დაყოვნებას გულისხმობს. იმის განსაზღვრა, მოხდა თუ არა „არამართლზომიერი დაკავება“, ფუნდამენტურია 1980 წლის კონვენციის მიხედვით სასამართლოს იურისდიქციის განხორციელებისთვის. 1980 წლის კონვენციის მე-3 (ა) მუხლის მიხედვით, ბავშვის გადაადგილება ან დაკავება არამართლზომიერად უნდა ჩაითვალოს, თუ ეს წარმოადგენს დარღვევას მეურვეობის უფლებებისა, მიკუთვნებულისა პირისთვის, დაწესებულებისთვის ან სხვა ორგანოსთვის, ერთობლივად თუ ცალკე, იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ გადაადგილებამდე ან დაკავებამდე.

10.6. პალატამ შენიშნა, რომ 2024 წლის 17 აპრილს ბავშვებმა მამის ნებართვით დედასთან ერთად შვედეთი დატოვეს და სამი თვის ვადით ჩამოვიდნენ საქართველოში. მშობელთა შეთანხმებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის მიუხედავად, ქ.რ–ძემ ბავშვები ჩვეულ საცხოვრებელ ადგილზე არ დააბრუნა. 2024 წლის 26 სექტემბერს კი, ბავშვების მამას აცნობა, რომ შვედეთში ბავშვებთან ერთად დაბრუნებას აღარ აპირებდა და ბავშვებს უნდა ეცხოვრათ საქართველოში. ზემოხსენებული გარემოების შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დედის - ქ.რ–ძის მხრიდან ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნების - ი.ს–უსა და ე.ს–ისის, ჩვეული საცხოვრებელი ადგილიდან მამის თანხმობით გადაადგილებას და მიმღებ სახელმწიფოში - საქართველოში მათ არამართლზომიერ დაკავებას. თუმცა საქმეში წარმოდგენილი მასალების კვლევისა და შესაბამისი ორგანოების მხრიდან სათანადო კვლევის საფუძველზე გაცემული დასკვნების ანალიზის საფუძველზე, არასრულწლოვნების ასაკის გათვალისწინებით, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი ადაპტირებულნი და ინტეგრირებულნი არიან საქართველოში არსებულ, ბავშვების საუკეთესო ინტერესთან შესაბამის, სოციალურ თუ ოჯახურ-ფსიქოემოციურ გარემოსთან. მათ მეტყველება და გარშემომყოფებთან კომუნიკაცია შეუძლიათ მხოლოდ ქართულ ენაზე. ი. დადის საბავშვო ბაღში, ბავშვები ცხოვრობენ მოსიყვარულე გარემოში და ძლიერი მიჯაჭვულობა გააჩნიათ დედასთან და დედის ოჯახის წევრებთან. მეტიც, 4 წლის არასრულწლოვან ი.ს–უს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს შვედეთის სახელმწიფოში დაბრუნების შესაძლებლობასთან მიმართებით. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვნების ჩვეული საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა და მიმდინარე მომენტისთვის იგი საქართველოა.

10.7. პალატამ მოიხმო კონვენციის მე-12 მუხლი, რომლის თანახმად, როდესაც ბავშვი არამართლზომიერად არის გადაადგილებული ან დაკავებული მე–3 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში და იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოში, სადაც ბავშვი იმყოფება, სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარჩევის დაწყების თარიღისთვის, გასულია ერთ წელზე ნაკლები ვადა არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების თარიღიდან, აღნიშნული ორგანო დაუყოვნებლივ იძლევა განკარგულებას ბავშვის დაბრუნების თაობაზე. სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო, მაშინაც კი, თუ საქმის გარჩევა დაიწყო წინა პუნქტში მოხსენიებული ერთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, აგრეთვე იძლევა განკარგულებას ბავშვის დაბრუნების თაობაზე, თუკი თვალნათლივ არ იქნა ნაჩვენები, რომ ბავშვი ამ დროისათვის ინტეგრირებულია თავის ახალ გარემოში.

10.8. პალატამ შენიშნა, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარებული არაერთი კვლევითა თუ ბავშვების განწყობის მრავალმხრივი შესწავლა-ანალიზით დადგენილია, რომ ორივე ბავშვი, რომლებიც ამავე დროს საქართველოს მოქალაქეები არიან, ინტეგრირებულნი და ადაპტირებულნი არიან ახალ გარემოში. მათ აქვთ მკვეთრი მიჯაჭვულობა დედასთან, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და რომლის საცხოვრებელი ადგილია საქართველო. ასევე, თბილი, მოსიყვარულე და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა აქვთ ბებიასა და დეიდასთან. ი. დადის საბავშვო ბაგა-ბაღში, სადაც ჰყავს მეგობრები. ფლობენ მხოლოდ ქართულ ენას, შესაბამისად, საქართველოში არ გააჩნიათ ენობრივი ბარიერი, არ უჭირთ კომუნიკაცია თანატოლებთან და უფროსებთან, ვითარდებიან ასაკის შესაბამისად. მართალია, ბავშვების დაბრუნების შესახებ მოთხოვნის სასამართლოსათვის წარდგენის მომენტისთვის გასული არ იყო კონვენციით გათვალისწინებული 1-წლიანი ვადა, თუმცა, პალატამ მიიჩნია, რომ დედასთან განსაკუთრებული მიჯაჭვულობის, ასევე, საქართველოში შემოსვლის შემდეგ განხორციელებული ზრუნვის შედეგად, ბავშვებს სათანადო პირობები შეექმნათ გარემოსთან ადაპტაციისთვისა და ინტეგრაციისთვის.

10.9. პალატამ გაითვალისწინა შვედეთში დაბრუნების შემთხვევაში არსებული რისკებიც, ვინაიდან დადგენილია, რომ დედის ქ.რ–ძის მიმართ, შვედეთში მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის, რომელიც ამ დრომდე დასრულებული არ არის. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მოსალოდნელი სასჯელის გამო, შესაძლებელია განხორციელდეს დედის განცალკევება ბავშვებისაგან, რაც დედასა და შვილებს შორის არსებული ძლიერი მიჯაჭვულობის გათვალისწინებით, მძიმე ფსიქო-ემოციურ გავლენას მოახდენს მცირეწლოვნებზე. გარდა ამისა, ქ.რ–ძე საქართველოს მოქალაქეა, ის, დღეის მდგომარეობით, მ.ს–ისთან ქორწინებაში არ იმყოფება შესაბამისად, გაურკვეველია შვედეთის სამეფოში ხანგრძლივად მისი ლეგალურად ცხოვრების საკითხიც.

10.10. 1980 წლის კონვენციის მე-13 მუხლის თანახმად, მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის, გასცეს განკარგულება ბავშვის დაბრუნების თაობაზე თუკი პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დადგენს, რომ: ა) პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომლის მზრუნველობის ქვეშაც იმყოფება ბავშვის პიროვნება, რეალურად არ სარგებლობდა მეურვეობის უფლებებით გადაადგილების ან დაკავების დროისათვის, ანდა დაეთანხმა ან მოგვიანებით შეეგუა გადაადგილებას ან დაკავებას; ან ბ) არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შეუქმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში. სასამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოს აგრეთვე შეუძლია უარი განაცხადოს ბავშვის დაბრუნების შესახებ განკარგულების გაცემაზე, თუკი იგი აღმოაჩენს, რომ ბავშვი მისი დაბრუნების წინააღმდეგია და მან უკვე მიაღწია ისეთ წლოვანებას და მოწუფულობის ასაკს, როდესაც მიზანშეწონილია მისი აზრის გათვალისწინება.

10.11. ამგვარად, 1980 წლის კონვენცია ითვალისწინებს შეზღუდულ გამონაკლისებს იმ შემთხვევებისა, როცა კომპეტენტური სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო არ არის ვალდებული 1980 წლის კონვენციის მე-13 და მე-20 მუხლების შესაბამისად გასცეს ბავშვის დაბრუნების განკარგულება. მე-12 (2) მუხლისგან განსხვავებით, შესაძლებელია მე-13 და მე-20 მუხლებში გათვალისწინებული გამონაკლისების მოთხოვნა, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დაწყებული ბავშვის დაბრუნების პროცესი.

10.12. ზემოთ მითითებული გამონაკლისების გზით, კონვენცია აღიარებს, რომ ბავშვის უკანონო გადაადგილება ან დაკავება შესაძლოა ზოგჯერ გამართლებული იყოს ობიექტური მიზეზებით, რომლებიც უკავშირდება ან მის პიროვნებას, ან მისთვის უახლოეს გარემოს. ბავშვის დაბრუნებამ ამ განსაკუთრებულ გარემოებებში შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მას, რაც არ იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებში. შესაბამისად, ზოგადი დაშვება, რომ ბავშვის სწრაფი დაბრუნება მის საუკეთესო ინტერესებშია, შესაძლოა უარყოფილი იქნეს გამონაკლის შემთხვევებში.

10.13. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბავშვების მამა ითხოვს მათ დაბრუნებას შვედეთის სამეფოში, რომლის მოქალაქე არც თავად და არც ბავშვები არ არიან. საქმეში არსებული მტკიცებულებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნების, ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნის, არასრულწლოვან ი.ს–უსთან გასაუბრების, არასრულწლოვნების ადვოკატის, წარმომადგენლების, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის მოსაზრებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ არსებობს ჰააგის კონვენციის მე-12-13 მუხლით გათვალისწინებული ისეთი გარემოება/გამონაკლისი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვები ამ დროისათვის იმგვარად, იმ ხარისხით არიან ინტეგრირებულნი ახალ გარემოში, (საქართველოში), რომ მათ ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებაზე უნდა ითქვას უარი. აღნიშნულ დასკვნამდე პალატა მიიყვანა იმ გარემოებებმა, რომ ბავშვებს აქვთ საცხოვრებელი საქართველოში, რეგისტრირებული არიან და დადიან საბავშვო ბაგა-ბაღში, ბავშვებისათვის მშობლიური და ერათდერთი სამეტყველო ენა ქართული ენაა, ჰყავთ საყვარელი ცხოველი, ჩართულნი არიან სხვადასხვა საბავშვო აქტივობაში, ჰყავთ მეგობრები, ბავშვები ცხოვრობენ ერთ ოჯახად დედასთან, ბებიასთან და დეიდასთან ერთად. ბავშვები თავს გრძნობენ ბედნიერად და დაცულად, იზრდებიან სიყვარულისა და ურთიერთპატივისცემის გარემოში. ოჯახს გააჩნია საცხოვრებელი ქ. ხონში და საკმარისი შემოსავალი ბავშვების რჩენა-აღზრდისთვის. ბავშვები ძლიერად მიჯაჭვული არიან დედაზე, მაშინ როცა ერთ წელზე მეტია, რაც მათ სრულყოფილი ურთიერთობა არ ჰქონიათ მამასთან. ბავშვების დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს დედასთან მათი დაშორების აუცილებლობა, ქ.რ–ძის მიმართ მიმამდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის გამო, ან უცხო ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების ვერ მიღების გამო. ეს კი, მცირეწლოვანი ბავშვების ასაკის გათვალისწინებით, ქმნის სერიოზულ რისკს, რომ ბავშვებს შეექმნათ ფსიქოლოგიური საფრთხე და მიადგეთ მძიმე ტრავმა.

10.14. პალატამ შენიშნა, რომ ბავშვებს თავიანთი სიცოცხლის მანძილზე არ უცხოვრიათ მზრუნველი და მოსიყვარულე დედის გარემოცვის გარეშე (ე.ს–ისი ბოლო პერიოდამდე ბუნებრივ კვებაზეა), შესაბამისად, მათ მჭიდრო ემოციური კავშირი აქვთ დედასთან და არა მხოლოდ დედასთან. აქვთ მის მიმართ დადებითი ემოციები. ამასთან, ი–ს სურს დედასთან ერთად საქართველოში ცხოვრება, მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს შვედეთში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ამ გარემოებებმა პალატა მიიყვანა დასკვნამდე, რომ ბავშვის დაბრუნება შვედეთის სახელმწიფოში და საქართველოში უკვე ჩვეული გარემოს დატოვება, რომელთანაც ბავშვებს დადებითი ემოციები აკავშირებთ, მატრამვირებელი იქნებოდა მათთვის, რადგან ბავშვები, მათი მცირეწლოვანი ასაკის გათვალისწინებით, სრულად ადაპტირებულნი და ინტეგრირებულნი არიან ახალ გარემოსთან.

10.15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის 25 ოქტომბრის ჰააგის კონვენციის შესაბამისად და მისი მიზნებიდან გამომდინარე, შვედეთის სამეფოდან გადაადგილებული და საქართველოში დაკავებული დაკავებული არასრულწლოვნების - ი.ს–უს და ე.ს–ისის შვედეთის სამეფოში საცხოვრებლად დაბრუნება არ იყო მიზანშეწონილი, ვინაიდან ვლინდებოდა არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებაზე უარის თქმის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35116-ე მუხლის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და ჰააგის კონვენციის მე-12-მე-13 მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები.

11. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა განმცხადებელმა მ.ს–ისმა და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით არამართლზომიერად დაკავებული არასრულწლოვნების - ი.ს–უს და ე.ს–ისის შვედეთის სამეფოში დაბრუნების მოთხოვნის დაკმაყოფილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

11.1. მხარეთა შვილები არიან უკანონოდ დაკავებული პირები საქართველოს ტერიტორიაზე. მოპასუხე მხარემ აღნიშნული სადავოდ არ გახადა. ბავშვები დაიბადნენ შვედეთში, მეუღლეთა მიზანი იყო შვედეთში ბავშვების აღზრდა. 2024 წლის აპრილის თვეში ბავშვების დედამ შვილები, მეუღლის ერთჯერადი ნებართვით, 2-3 თვით წამოიყვანა საქართველოში ოჯახი მონახულების მიზნით, მან ბავშვების საქართველოში დატოვება განიზრახა 2024 წლის სექტემბრის თვეში. სადავო იყო მხარეთა შორის მხოლოდ ერთი საკითხი - არსებობს თუ არ საქმეზე საგამონაკლისო შემთხვევა, რაც კონვენციის მე-13 მუხლით რეგულირდება. მოპასუხე მხარე, ბავშვის წარმომადგენლებად ჩართული სააგენტო და ადვოკატი, კონვენციით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევის არსებობას ადასატურებდნენ სააგენტოს ფსიქოლოგის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში დედა-შვილს შორის გამოვლენილი მიჯაჭვულობის ხარისხით, თუმცა ბავშვების დაბრუნება შვედეთში არ მოიაზრებს დედა-შვილის დაშორებას, რაც მართებულად გადაწყვიტა პირველი ინსტანციის სასამართლომ, შესაბამისად დედა-შვილის მიჯაჭვულობის ხარისხი, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ის, ვერ გახდება კონვენციის მე-13 მუხლით გათვლისწინებული შემთხვევის დასაბუთების საფუძველი.

11.2. რადგან მ.ს–ისის ნაკროდამოკიდებულების მტკიცების სტრატეგია ვერაფრით გახადა ქ.რ–ძემ სარწმუნო, მეორე ინსტანციაში მცირეწლოვან ქალიშვილზე ფსიქოლოგიური ტრავმის იმედად დაიწყო დავა, რაც ბავშვმა თითქოს ქუთაისის საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შედეგად მიიღო. ასევე თითქოს პატარა გოგონამ 15 თვის შემდეგ გაიხსენა, რომ მამა მასზე და დედაზე ფიზიკურად ძალადობდა. ასეთი მტკიცება არის აბსურდული, 4 წლის ბავშვს შეუძლია ისეთი ემოცია ჰქონდეს სასამართლო აქტის შინაარზე, რასაც ჩააგონებს მშობელი, ვისთანაც ცხოვრობს ის.

11.3. კონვენციის თანახმად, ბავშვების დაბრუნება მათ საცხოვრებელ ქვეყანაში იყოს დროული და მყისიერი. ევროპულ პრაქტიკა ჩამოყალიბებულია იმდაგვარად, რომ პირველი ისნტანციის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რამაც შეუძლებელი გახადა კონვენციით განსაზღვულ 06 კვირიან ვადაში საქმის დასრულება და აღსრულება. ბავშვების საქართველოში დაყოვნების გახანგრძლივება კი, მტკიცებულებათა გაყალბების საშულებას აძლევს ქ.რ–ძეს. ბავშვები დედის მხრიდან განიცდიან ფსიქოლოგიურ ძალადობას. სააპელაციო სასამართლოს წარედგინა მტკიცებულება ვიდეო ჩანაწერის სახით, რომელშიც აისახა სააპელაციო სამართალწარმოების დროს მამა-შვილის საუბარი, სადაც 04 წლის ი. ფისოს ეძახის მოძალადეს, რაც მისთვის ცუდ ქცევასთან ასოცირდება. ბავშვის ლექსიკონში ასეთი სიტყვა ვერ იარსებებს, რომ არა მშობლის მცდელობა, ბავშვი გამოიყენოს ბრძოლის იარაღად. ამ და სხვა საკითხების შესახებ ფსიქოლოგის განმარტებები წარმოდგენილია საქმეში, რომლის შესაბამისად დასტურდება, რომ სააგენტოს ფსიქოლოგის დასკვნები არაკომპეტენტურია, არ არის აღიარებული სტანდარტის შესაბამისად შექმნილი და აღნიშნულ დასკვნების საფუძვლად ბავშვების ადვოკატის და სააგენტოს იურისტის პოზიცია კონვენციის მე-13 მუხლის შემადგენლობას ვერ შექმნის. სახეზე არაა ინტეგრაციის ის ხარისხი, რაც ბავშვებს შვედეთში დაბრუნების შემთხვევაში ძლიერ სულიერ ტკივილს მიაყენებს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ბავშვების ინტერესებს და ერგება მხოლოდ ქ.რ–ძის სურვილს, მეუღლესთან ფაქტობრივი თანაცხოვრების შეწყვეტის შედეგად გადმოვიდეს საცხოვრებლად საქართველოში დედასთან.

11.4. ბავშვები და მათი ორივე მშობელი დღემდე ირიცხებიან შევედეთის მოსახლეობის რიცხვში და მათზე ზრუნვას აგრძელებს სახელმწიფო. ბავშვები არიან საბერძნეთისა და საქართველოს მოქალაქეები, შესაბამისად მათ დედას აქვს საშუალება, კვლავ იცხოვროს შვედეთში ლეგალურად და ისარგებლოს სახელმწიფო დახმარების ყველა პროგრამით. გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილებით სასამართლომ ბავშვებზე მოძალადე იმ მშობლის მოქმედების დაკანონება სცადა, რომლის ქმედებაც სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს შვედეთში.

12.1. 2025 წლის 13 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს წარედგინა კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა, რომლითაც მოთხოვნილი იქნა: 1) ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის კვლევის დანიშვნა, სადაც დამოუკიდებელი ფსიქოლოგების გუნდის (საქართველოს ბავშვები) ფსიქოლოგს დაესმებოდა კითხვა - არის თუ არა ბავშვების სურვილი, იყვნენ ორივე მშობლის გარემოცვაში; არის თუ არა რომელიმე ბავშვი რომელიმე მშობლის ან ოჯახის წევრის ფსიქოლოგური ძალადობის/გავლენის ქვეშ; - არის თუ არა რომელიმე ბავშვი პოსტ-ტრავმულ პერიოდში; - არის თუ არა რომელიმე ბავშვი ძალადობის მსხვერპლი; 2) საქმეში ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თბილისის სამსახურის ჩართვა, ვინაიდან საქმეში ჩართულ რეგიონალურ სოციალურ სამსახურს კასატორმა გამოუცხადა უნდობლობა; 3) საქმის დასაშვებობაზე მსჯელობისთვის ზეპირი მოსმენის დანიშვნა და ბავშვებთან გასაუბრება, რადგან ამ ეტაპზე სახეზეა ახალი გარემოება - მამა-შვილს შორის სანდო და ჯანსაღი მიჯაჭვულობის სახით; 4) სააპელაციო ინსტანციით საქმის განხილვის დასრულების შემდგომ შექმნილი მტკიცებულებების საქმეზე დართვა, რომლითაც დგინდება, რომ: მ.ს–ისმა მიმართა შვედეთის სახელმწიფოს და მიიღო მუდმივი ბინადრობის ნებართვა, ასევე შესაბამის ორგანოს მიმართა მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით; მ.ს–ისმა მიმართა შვედეთის პროკურატურას ქ.რ–ძის მიმართ არსებული საქმის შესახებ და მოითხოვა მისი სრულად შეწყვეტა, რადგან ბავშვების დედის ძალადობრივი ქმედების მიუხედავად, მისი დასჯა არ არის მხარის ინტერესი. სააპელაციო პალატამ საფრთხედ შეაფასა ქ.რ–ძის შვედეთში ცხოვრების კანონიერი უფლების არსებობის საკითხი. შუამდგომლობით მოთხოვნილია შვედეთში მ.ს–ისის ადვოკატის ოფისის წერილის საქმეზე მტკიცებულებად დართვა, სადაც განმარტებულია, თუ როგორ დაარეგულირებს შვედეთის კანონმდებლობა განქორწინების შემდეგ ქ.რ–ძის შვედეთში ცხოვრების საკითხს შესაბამისად, თუ დედა და შვილები დაბრუნდებიან შვედეთში, რამდენად ექნება ქ.რ–ძეს იქ ცხოვრების უფლება.

12.2. ამავე შუამდგომლობაში მითითებულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ წარმოშობილ იმ ახალ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2025 წლის 07 ნოემბერს მ.ს–ისი ჩამოვიდა მშობლებთან ერთად და ქ.რ–ძესთან წინასწარ შეთანხმებით კომუნიცირებს ყოველდღიურად, ბავშვებსა და მამას შორის აღდგენილია ჯანსაღი მიჯაჭვულობა, ი.ს–უ გამოხატავს ისეთ დადებით ემოციებს მამისა და ბებიის მიმართ, რაც გააჩნდა შვედეთში ცხოვრების დროს, ბავშვი ხშირად სთხოვს მამას „წამიყვანე შენთან სახლში“, „არ მინდა ჩემ სახლში".(რაც ვიდეო ფორმატში დაფიქსირებულია შუამდგომლობაზე თანდართულ CD დისკზე). საქართველოში ბავშვების დატოვების შემთხვევაში მამა ვერ მიიღებს მათ აღზრდაში მონაწილეობას ფიზიკურად. ქ.რ–ძე ბავშვების მამისგან მხოლოდ შემოსავლის წყაროს შექმნის. შვედეთში ცხოვრების შემთხვევაში კი, ორივე მშობელი იქნება თანაბრად ჩართული ბავშვების აღზრდაში. თუ ბავშვები საქართველოში დარჩებიან, მათ მამასთან და მის ოჯახთან ფიზიკური კომუნიკაცია ექნებათ მხოლოდ წელიწადში ერთხელ, დაახლოებით 02 კვირით, მეტ საშუალებას მ.ს სამსახურებრივი დატვირთვა არ მისცემს. გარდა ამისა, საქართველოში ცხოვრების შემთხვევაში ბავშვებს ნაკლები პერპექტივა ექნებათ, მიიღონ ევროპული განათლება, დაეუფლონ ენებს, ჰქონდეთ უკეთესი საცხოვრებელი პირობები.

13. 2026 წლის 19 თებერვალს საკასაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და მოითხოვა, საქმეს დართვოდა საქმეში მონაწილე იმერეთი რეგიონალური ცენტრის ფსიქოლოგის ნ.ვ–ძის 29.12.2025 წლის წერილი NCA 3 25 01493066, რომელშიც აღწერილია არასრულწლოვანი ე. და ი.ს–ისების შეხვედრა მამასთან. წარმოდგენილ შეხვედრის ანგარიშში, ფსიქოლოგი მიუთითებს, რომ მამასთან და მამის მხრიდან ბავშვების პაპასთან ორივე ბავშვი „დადებით განცდებს“ ავლენენ. ვინაიდან ქ.რ–ძემ უარი განაცხადა წარმოედგინა ბავშვები დამოუკიდებელი ფსიქოლოგების ორგანიზაციაში, სადაც ორივე მშობელთან ბავშვების კომინიკაცია სრულყოფილად იქნებოდა გამოკვლეული, სადაც ორივე ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა შეფასდებოდა, ამ ეტაპზე მამა-შვილის ურთიერთობის შესახებ ეს ერთადერთი დოკუმენტი არსებობს.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. უწინარესად, საკასაციო პალატა შეაფასებს კასატორის შუამდგომლობას საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობა უნდა შემოწმდეს ზეპირი მოსმენის გარეშე, ვინაიდან საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობები არ არსებობს, კერძოდ:

15.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

15.2. საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (№2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (იხ. სუსგ. №ას-807-2020, 12.11.2020წ.; სუსგ №ას-1150-2020, 29.09.2021წ.).

15.3. ამდენად, საკასაციო პალატა არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც უფლებამოსილია, მხარეთა მონაწილეობის გარეშე შეაფასოს საქმის სამართლებრივი მხარე და ისე მიიღოს გადაწყვეტილება, მით უფრო, რომ როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმის განხილვა შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშეც მოხდეს (იხ. სუსგ. №ა-1915-ბ-8-2015, 22.07.2015წ.; იხ. სუსგ. №ას-1150-2020, 29.09.2021წ.).

15.4. საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECtHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, №21920/93, 1996 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება, პარ. 48) (იხ. სუსგ №ას-1150-2020, 29.09.2021წ.).

16. არასრულწლოვან ი.ს–უს და ე.ს–ისის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის კვლევის დანიშვნის, ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის საქმეში ჩართვისა და მტკიცებულებათა დართვის შუამდგომლობებს საკასაციო პალატა მიიჩნევს საფუძველს მოკლებულად, შემდეგ გარემოებათა გამო:

16.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.1 მუხლის თანახმად, საკასაციო ინსტანცია არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს. საკასაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს, კანონი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებასა და ახალი მტკიცებულებების წარდგენას, რამდენადაც ეს შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან.

16.2. საოჯახო კატეგორიის საქმეებზე საპროცესო კანონმდებლობით დაშვებული ინკვიზიციური სამართალწარმოების ელემენტები, რაც დასადგენ გარემოებათა წრის სასამართლოს ინიციატივით განსაზღვრითა და მტკიცებულებათა გამოთხოვით გამოიხატება, გაგებული ვერ იქნება საკასაციო სამართალწარმოების მიმდინარეობისას ახალი მტკიცებულებების წარდგენის დაუშვებლობის წესის გამონაკლისად. საკასაციო სასამართლოს დოქტრინალური ბუნებიდან გამომდინარე, მისი ამოცანაა, იკვლიოს, რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს სასამართლოებმა საქმის მასალებში დაცულ მტკიცებულებებს. თუკი საოჯახო დავის მხარეებს, ქვემდგომი სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსიდან გამომდინარე, შეუზღუდავად მიეცემათ არსებითად ახალ გარემოებებზე მითითებისა და ახალი მტკიცებულებების შექმნის გზით საპროცესო სტრატეგიის საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე შეცვლის შესაძლებლობა, პრაქტიკულად, მიუღწეველი დარჩება მიზანი, რომლითაც განპირობებულია გასაჩივრების ინსტიტუტის არსებობა - ერთსა და იმავე მტკიცებულებების გადახედვის გზით ზემდგომმა სასამართლომ კონტროლი გაუწიოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მართებულობას.

16.3. განსახილველ შემთხვევაში, დამატებითი მტკიცებულებების შექმნა და წარმოდგენა საკასაციო ეტაპზე მიზნად ისახავს სააპელაციო ეტაპზე საქმეში დაცული მტკიცებულებებისა და მათ საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნების უარყოფას, მათი აბსოლუტური უმრავლესობის შექმნა შესაძლებელი იყო საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისასაც (მაგალითად: მუდმივი ბინადრობის/მოქალქეობის მისაღებად შვედეთის სახელმწიფოსთვის მიმართვა; შვედეთის პროკურატურისადმი მიმართვა ქ.რ–ძის მიმართ არსებული საქმის შესახებ შეწყვეტის მოთხოვნით; შვედი ადვოკატის მხრიდან შვედეთის საიმიგრაციო საკითხებზე წერილობითი განმარტებების მიღება; საქართველოში ჩამოსვლა ბავშვებთან შეხვედრის ვიდეო ფორმატში ჩაწერა, აგრეთვე შეხვედრის შედეგებზე ფსიქოლოგის ანგარიშის მოპოვება), ამრიგად, კასატორი ვერ ასაბუთებს დასახელებული დოკუმენტების უშუალოდ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენის გამამართლებელ მიზეზს, რის გამოც, მ.ს–ისის შუამდგომლობები ახალი მტკიცებულებების საქმეზე დართვის თაობაზე საკასაციო სასამართლოს მხრიდან უარყოფას ექვემდებარება, შესაბამისად, მ.ს–ისს უკან დაუბრუნდება საკასაციო სასამართლოში 2025 წლის 13 ნოემბრის შუამდგომლობასა და 2026 წლის 19 თებერვალს წარმოდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები (ტომი 04, ს.ფ. 418-446; ტომი 04, ს.ფ. 456-458).

16.4. ამავე მოტივით, სასამართლო უარს აცხადებს არასრულწლოვნების - ი.ს–უს და ე.ს–ისის ფსიქოემოციური მდგომარეობის კვლევის დანიშვნის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რამეთუ კასატორი მხარისათვის უცნობ გარემოებას არ წარმოადგენდა, რომ როგორც პირველ, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შესაფასებლად ტარდებოდა ფსიქოლოგთან შეხვედრები, რომელზედაც მონაწილეობა პირადადაც შეეძლო; თუკი კასატორი არ ეთანხმებოდა სახელმწიფოს ხარჯზე ჩატარებული ფსიქოლგიური კვლევის შედეგებს, მას საამისოდ სწორ საპროცესო ეტაპზე - ფაქტების დამდგენ პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში შეეძლო ეშუამდგომლა ბავშვების ალტერნატიული ფსიქოლოგის წინაშე წარდგენა, რაც არ განუხორციელებია. საკასაციო სამართალწარმოების ფარგლებში კი, სასამართლო ახალი მტკიცებულებების შექმნაში ხელშეწყობის უფლებას მოკლებულია.

16.5. საქმეში დაცული ფსიქოლოგის დასკვნებისადმი უნდობლობის გამოცხადების დასაბუთებული მოტივის განუცხადებლობის პირობებში დაუსაბუთებელია ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის ცენტრის ნაცვლად საქმეში თბილისის საქალაქო ცენტრის საქმეში ჩართვის მოთხოვნა. ი.ს–უს მიერ ფსიქოლოგ ნ.ვ–ძის მიმართ გამოვლენილი დადებითი ემოციების ახსნა იმ ვარაუდზე მითითებით, რომ შესაძლოა, ქ.რ–ძის ოჯახისა და ფსიქოლოგის ურთიერთობა გაცდენილია წინამდებარე საქმის საჭიროებებს და მიღებული აქვს მეგობრობის შინაარსი, მტკიცებულებით გაუმყარებელი, დაუსაბუთებელი ეჭვია. აღნიშნულის საპირწონედ, პალატა შენიშნავს, რომ იმერეთის რეგიონული ცენტრის ფსიქოლოგი ი.ს–უსთან და ე.ს–ისთან მუშაობს საქმის ინიცირების ეტაპიდან, ჩატარებული აქვს არაერთი შეხვედრა უშუალოდ ი–სთან; პროფესიის გათვალისწინებით, იცნობს ბავშვებთან ურთიერთობის სპეციფიურ წესებს და მათთან სანდო ურთიერთობის ჩამოყალიბების მეთოდებს, შესაბამისად, მარტოოდენ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ი.ს–უ ფსიქოლოგისადმი ავლენს მოჭარბებულად დადებით განწყობას, შეუძლებელია დასაბუთდეს ფსიქოლოგის, აგრეთვე მისი დამსაქმებელი რეგიონალური ცენტრის მიკერძოებულობა. მოტივირებული, მტკიცებულებით გამყარებული არგუმენტების გარეშე კი, ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ერთი რეგიონული ცენტრის მეორეთი ჩანაცვლების მოთხოვნას დასაბუთებული საფუძველი არ გააჩნია.

17. რაც შეეხება უშუალოდ საკასაციო საჩივრის დასაშვებობას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

20.1. ბავშვის საერთაშორისო არამართლზომიერ გადაადგილებასთან/დაკავებასთან დაკავშირებული საკითხები რეგლამენტირებულია „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციით (შემდგომში - „ჰააგის კონვენცია“ ან „კონვენცია“). ამასთან, აღნიშნული კონვენციის ინტერპრეტაცია და გამოყენება უნდა მოხდეს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების გათვალისწინებით და „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაეროს 1989 წლის კონვენციის შესაბამისად.

20.2. კონვენციის პირველი მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, კონვენციის მიზნებია: სხვა ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვების სწრაფი დაბრუნებისა და ერთ–ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მეურვეობისა და ურთიერთობის უფლებათა ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფა. ამდენად, კონვენცია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს „status quo“-ს აღგენას, ითხოვს რა არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაუყოვნებლივ დაბრუნებას თავის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილას (ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 16). აღნიშნული კი, საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა დაცვას არამართლზომიერი გადაადგილებით/დაკავებით გამოწვეული მავნე შედეგებისაგან. ამასთან, კონვენციის პრეამბულის მიხედვით, არამართლზომიერად გადაადგილებული ან დაკავებული ბავშვის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სახელმძღვანელო პრინციპს ბავშვის საუკეთესო ინტერესები წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ კონვენციის მუხლები უშუალოდ არ ეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპს, კონვენციის ორივე მიზანი - ერთი პრევენციული, ხოლო მეორე მიმართული ბავშვის ჩვეულ გარემოში დაუყოვნებლივი რეინტეგრაციისკენ, მთლიანობაში პასუხობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების კონცეფციას (ჰააგის კონვენციის (ელიზა პერეს-ვერას) განმარტებითი ანგარიში, პარ. 25).

20.3. ჰააგის კონვენციის გამოყენების უპირველესი წინაპირობა არის იმის დადგენა, არასრულწლოვანი ექცევა თუ არა მის იურისდიქციაში, ანუ სახეზეა თუ არა მისი არამართლზომიერი გადაადგილება/დაკავება. კონვენციის მე-3 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ბავშვის გადაადგილება ან დაკავება არამართლოზომიერად უნდა ჩაითვალოს, როდესაც: ეს წარმოადგენს მეურვეობის უფლების დარღვევას, რომელიც მიკუთვნებულია პირისთვის, დაწესებულებისთვის ან სხვა ორგანოსთვის, ერთობლივად თუ ცალკე, იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, რომელშიც ბავშვი ჩვეულებრივ ცხოვრობდა უშუალოდ გადაადგილებამდე ან დაკავებამდე და გადაადგილების ან დაკავების დროისათვის ეს უფლებები რეალურად გამოიყენებოდა ერთობლივად თუ ცალკე, ანდა ამგვარად გამოყენებული იქნებოდა, რომ არა გადაადგილება ან დაკავება. აღნიშნული კრიტერიუმები, ასევე, ასახულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3517-ე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13057-ე მუხლებში.

20.4. ამდენად, იმისათვის, რომ არასრულწლოვნის გადაადგილება/დაკავება არამართლზომიერად შეფასდეს, სახეზე უნდა იყოს: განმცხადებლის მეურვეობის უფლების დარღვევა და ეს უფლება გადაადგილებამდე/დაკავებამდე რეალურად უნდა ხორციელდებოდეს; ამასთან, არამართლზომიერ გადაადგილებამდე/დაკავებამდე არასრულწლოვანი ჩვეულებრივ უნდა ცხოვრობდეს კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია განისაზღვროს კონვენციის მიზნებისთვის, თუ რას გულისხმობს მეურვეობის უფლება და მისი რეალური განხორცილება, ასევე, რა მოიაზრება ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილში.

20.5. ჰააგის კონვენციის მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, „მეურვეობის უფლებები“ მოიცავს უფლებებს, რომლებიც შეეხება ბავშვის პიროვნებაზე მზუნველობას და, კერძოდ, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლებას; ხოლო, „ურთიერთობის უფლება“ - უფლებას ბავშვის განსაზღვრული დროით წაყვანისა ისეთ ადგილას, რომელიც არ არის ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, მეურვეობის უფლების წარმოშობის საფუძველია: კანონი, სასამართლო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილება, ან/და იმ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით კანონიერი ძალის მქონე შეთანხმება. იგივე წინაპირობებია განსაზღვრული მეურვეობის უფლების არსებობისთვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1305​7-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით.

20.6. რაც შეეხება ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილს, ჰააგის კონვენცია კონკრეტულად არ განსაზღვრავს თუ რა მიიჩნევა ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად. კონვენციის საფუძველზე განხილულ საქმეებში ეს ტერმინი, ძირითადად, შემდეგ სამ თეორიაზე დაყრდობით განიმარტება – ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ: სად ცხოვრობდა რეალურად ბავშვი; სად აქვთ მშობლებს განზრახული, რომ იცხოვროს; ორივე კრიტერიუმის ერთობლიობით. პირველი მიდგომის მიხედვით, ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მთლიანად ფოკუსირებულია ბავშვზე, მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, კონკრეტულ ადგილას ცხოვრების ხანგრძლივობაზე, მის ემოციურ და სულიერ კავშირზე ამ ადგილთან, გარემოში მის ინტეგრირებაზე; მეორე მიდგომის მიხედვით, ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენისას მნიშვნელოვანია მშობლების (ან ბავშვზე მეურვეობის მქონე სხვა ნებისმიერი პირის) განზრახვის, მიზნების გათვალისწინება. ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი განსხვავდება ტერმინისგან - „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი” (ე.წ. Domicile), რადგან მუდმივი საცხოვრებელი ადგილის კვალიფიკაციისთვის საჭიროა არსებობდეს კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილას მუდმივად ცხოვრების განზრახვა, ან ვადის განსაზღვრის გარეშე კონკრეტულ ადგილას ცხოვრება შესაბამისი განზრახვით. ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილის კვალიფიკაციისთვის ასეთი კრიტერიუმები არ არის დადგენილი (იხ. ჰააგის კონვენციის პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი 2018, გვ. 25-26).

21.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ და მხარეთაგან შეუდავებელ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მხარეები დაქორწინდნენ შვედეთის სამეფოში; არასრულწლოვნები დაიბადნენ შვედეთის სამეფოში და ცხოვრობდნენ იქ მშობლებთან - განმცხადებელ მ.ს–ისთან და მოპასუხე ქ.რ–ძესთან ერთად, ერთ ოჯახად, იურიდიულ მისამართზე - „ლოვენგსვეგენ 15, 1101 15153 სოდერთელი, შვედეთი“. მშობლები და ორივე ბავშვი ირიცხება სტოკჰოლმის რაიონის, სოდერთელეს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რიცხვში. ი.ს–უ დადიოდა შვედეთის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. უდავოდ დადგენილია ისიც, რომ ბავშვების შვედეთიდან საქართველოში გადაადგილება მოხდა დედის მიერ, მამის ნებართვით, 03 თვის ვადით, 2024 წლის 17 აპრილს, რა დროსაც ი.ს–უ იყო 3 წლის ასაკის, ხოლო ე.ს–ისი - 11 თვის. შესაბამისად, საქართველოში ჩამოსვლამდე ორივე არასრულწლოვნის ცხოვრებისეული გამოცდილება სწორედ შვედეთთან იყო დაკავშირებული. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჰააგის კონვენციის მიზნებისთვის, არასრულწლოვნების ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს შვედეთი.

21.2. დადგენილია ისიც, რომ თანაცხოვრების პერიოდში, განმცხადებელი მ.ს–ისი მოპასუხესთან ერთად რეალურად ახორციელებდა შეუზღუდავ მეურვეობის უფლებებს შვილების მიმართ და ზრუნავდა მათზე.

21.3. დადგენილია, რომ შეთახმებული ვადის გასვლის შემდეგ დედას ბავშვები შვედეთის სამეფოში არ დაუბრუნებია, ხოლო 2024 წლის 26 სექტემბერს ბავშვების მამას აცნობა საკუთარი გადაწყვეტილება, რომ ბავშვებთან ერთად ცხოვრების გაგრძელებას საქართველოში აპირებდა.

21.4. ამრიგად, მართალია, არასრულწლოვნების შვედეთიდან საქართველოში გადაადგილება განხორციელდა მართლზომიერი საფუძვლით - მეორე მშობლის თანხმობით, მაგრამ იმ მომენტიდან, როდესაც დედამ განაცხადა საკუთარი განზრახვა, აღარ დაებრუნებინა ბავშვები ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას, რაზედაც წინააღმდეგობა გამოხატა მამამ, ბავშვების საქართველოში დაყოვნებამ შეიძინა არამართლზომიერი ბუნება.

21.5. დადგენილია, რომ 2025 წლის 17 თებერვალს, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, როგორც „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენციით განსაზღვრულმა ცენტრალურმა ორგანომ. შუამდგომლობის ინიცირებას საფუძვლად დაედო შვედეთის სამეფოს ცენტრალური ორგანოში 2024 წლის 11 ნოემბერს მ.ს–ისის მიერ წარდგენილი განცხადება, საქართველოში სავარაუდოდ არამართლზომიერად დაკავებული არასრულწლოვნების ი.ს–უს და ე.ს–ისის შვედეთის სამეფოში დაბრუნების შესახებ.

22.1. კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, (1) როდესაც ბავშვი არამართლზომიერად არის გადაადგილებული ან დაკავებული მე–3 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში და, იმ ხელშემკვრელი სახელმწიფოს, სადაც ბავშვი იმყოფება, სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარჩევის დაწყების თარიღისთვის, გასულია ერთ წელზე ნაკლები ვადა არამართლზომიერი გადაადგილების ან დაკავების თარიღიდან, აღნიშნული ორგანო დაუყოვნებლივ იძლევა განკარგულებას ბავშვის დაბრუნების თაობაზე. (2) სასმართლო ან ადმინისტრაციული ორგანო, მაშინაც კი, თუ საქმის გარჩევა დაიწყო წინა პუნქტში მოხსენიებული ერთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, აგრეთვე იძლევა განკარგულებას ბავშვის დაბრუნების თაობაზე, თუკი თვალნათლივ არ იქნა ნაჩვენები, რომ ბავშვი ამ დროისათვის ინტეგრირებულია თავის ახალ გარემოში.

22.2. ამრიგად, ციტირებული ნორმა არამართლზომიერ გადაადგილებას/დაკავებასა და სამართალწარმოების დაწყებას შორის დროის შუალედს სხვადასხვა სამართლებრივ შედეგს უკავშირებს - თუკი დასახლებულ ორ იურიდიულ ფაქტს შორის დროის პერიოდი 1 წელიწადზე ნაკლებია, ბავშვის ახალ გარემოში ინტეგრირების კრიტერიუმს მნიშვნელობა არ ენიჭება, ისე მიიღება გადაწყვეტილება ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების შესახებ; ხოლო თუ არამართლზომიერად გადაადგილებას/დაკავებას და საქმის განხილვის ინიცირების მომენტს შორის დროის შუალედი 1 წელიწადზე მეტია, ბავშვის დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულო კომპონენტად გვევლინება ახალ გარემოში ბავშვის ინტეგრაციის ხარისხის შეფასება.

22.4. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ არამართლზომიერად დაკავების მომენტიდან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შუამდგომლობის აღძვრამდე გასულია ერთ წელზე ნაკლები დრო, ამდენად, არასრულწლოვნების ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების გამომრიცხველ სამართლებრივ საფუძვლად გაუმართლებელია, გამოყენებული იქნეს კონვენციის მე-12 მუხლი.

22.5. ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველთა ჩამონათვალს შეიცავს ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლიც, რომლის თანახმად, მიუხედავად წინამავალი მუხლის დებულებებისა, მოთხონვის მიმღები სახელმწიფოს სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული არ არის, გასცეს განკარგულება ბავშვის დაბრუნების თაობაზე თუკი პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომელიც მის დაბრუნებას ეწინააღმდეგება, დადგენს, რომ: ა) პირი, დაწესებულება ან სხვა ორგანო, რომლის მზრუნველობის ქვეშაც იმყოფება ბავშვის პიროვნება, რეალურად არ სარგებლობდა მეურვეობის უფლებებით გადაადგილების ან დაკავების დროისათვის, ანდა დაეთანხმა ან მოგვიანებით შეეგუა გადაადგილებას ან დაკავებას; ან ბ) არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შექუმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში. სასამართლო ან ადმინისტრაციულ ორგანოს აგრეთვე შეუძლია უარი განაცხადოს ბავშვის დაბრუნების შესახებ განკარგულების გაცემაზე, თუკი იგი აღმოაჩენს, რომ ბავშვის მისი დაბრუნების წინააღმდეგია და მან უკვე მიაღწია ისეთ წლოვანებას და მოწუფულობის ასაკს, როდესაც მიზანშეწონილია მისი აზრის გათვალისწინება.

22.6. სასამართლოსთვის, წინამდებარე დავის მართებულად გადაწყვეტის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების კონვენციის მე-13 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფუძველთან ურთიერთკავშირში კვლევა, რომლის თანახმადაც, სასამართლო ვალდებული არ არის, გასცეს განკარგულება ბავშვის დაბრუნების თაობაზე, თუკი დადგინდება, რომ არსებობს იმის სერიოზული რისკი, რომ მისი დაბრუნება ბავშვს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ საფრთხეს შექუმნის, ან სხვაგვარად ჩააყენებს ბავშვს აუტანელ მდგომარეობაში.

23.1. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია, იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში.

23.2. „ბავშვის უფლებების კონვენციის“ 3.1. მუხლის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპურველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის 3.2. მუხლი განსაზღვრავს მონაწილე სახელმწიფოთა ვალდებულებას, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს.

24.1. წინამდებარე საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბავშვების დედას შვედეთის სამეფოში საცხოვრებლად დაბრუნება არ სურს. ბავშვების დედის წინააღმდეგ, ბავშვების საქართველოში დაყოვნების ფაქტზე შვედეთის სამეფოში დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება, რომლის ფარგლებშიც, მიღებული იქნა პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება, რომელიც გაუქმებულია იმ მოტივით, რომ ხელი არ შეუშალოს ჰააგის კონვენციის ფარგლებში ინიცირებულ სამართალწარმოებაში მ.ს–ისის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას. პატიმრობის გაუქმების მიუხედავად, სისხლის სამართლის საქმე კვლავაც მიმდინარეა და თუკი შვედეთის სამეფო საქართველოში ბავშვთა დაყოვნებას კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს, დედისთვის მოსალოდნელია სასჯელის დაკისრება, რაც, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, თავისუფლების აღკვეთაშიც შესაძლოა, გამოიხატოს.

24.2. აღნიშნული მოცემულობა განსაკუთრებით საგულისხმოა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დედის გარეშე მამასთან დამოუკიდებლად თანაცხოვრების გამოცდილება ბავშვებს არ აქვთ. ბავშვების ცხოვრებაში არ ყოფილა არცერთი მომენტი, როდესაც დედისგან იზოლირებულიყვნენ. არასრულწლოვნების დედასთან მიჯაჭვულობის მაღალ ხარისხზე მიუთითებს ფსიქოლოგების მიერ ბავშვების ფსიქო-ემოციური კვლევის შედეგად შედგენილი ყველა დასკვნა:

- რიგით პირველი დასკვნის თანახმად, უფროსი გოგონა ავლენს პოზიტიურ შეფასებებსა და განცდებს დედის მიმართ. მიაწერს დადებით თვისებებს, დედის მიმართ ამჟღავნებს სანდო მიჯაჭვულობისთვის დამახასიათებელ ქცევას. დედის მიმართ ძლიერ მიჯაჭვულობას ავლენს უმცროსი ბავშვიც, ის ძუძუთი იკვებება. ინტერვიუს დროს ის ეხუტებოდა დედას და უჭირდა მასთან განშორება; დედისა და ბავშების ინტერაქციაზე დაკვირვებით იკვეთება, რომ ორივე ბავშვი დედის მიმართა ავლენს სითბოს და დადებით ემოციებს, მასთან თავს მშვიდად და დაცულად გრძნობენ...შესაბამისად, ბავშვების დედასთან განშორება უარყოფითად აისახება მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მათი ასაკობრივი საჭიროებების გათვალისწინებით ეს ფაქტი შესაძლოა მატრავმირებელი აღმოჩნდეს ორივე მათგანისთვის;

- მეორე დასკვნაში კი, რომელიც მხოლოდ ი.ს–უს ფსიქოემოციური მდგომარეობის შესწავლის შედეგად არის შედგენილი საბავშვო ბაღისა და სოციალური მუშაკის ინიციატივით, აღნიშნულია, რომ გოგონა ავლენს პოზიტიურ შეფასებებსა და განცდებს დედის მიმართ. ასევე იმ სოციალურ თუ ფიზიკურ გარემოსთან დაკავშირებით, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს. დედას მიაწერს ძირითადად მხოლოდ დადებით თვისებებს, დედის მიმართ ამჟღავნებს სანდო მიჯაჭვულობისთვის დამახასიათებელ ქცევას. დედისა და ბავშვის ინტერაქციაზე დაკვირვებით იკვეთება, რომ ი. დედის მიმართ ავლენს სითბოს და დადებით ემოციებს, მასთან თავს მშვიდად და დაცულად გრძნობს;

- დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ტრენერის, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტ რ.კ–ძის, 2025 წლის 26 მაისის, ფსიქოლოგიური შეფასების თანახმად, ორივე ბავშვს დედის მიმართ აქვს უსაფრთხო, პოზიტიური მიჯაჭვულობა...დედასთან კონტაქტზე დაკვირვების შემდგომ გამოიკვეთა, რომ ქ.რ–ძე იყენებს პოზიტიური მშობლობისთვის საჭირო მიდგომებს, კომუნიკაციის დროს ბავშვებს ესაუბრება თანაბარ პოზიციაში, სახით სახესთან პირისპირ, მშვიდი და აუღელვებელი ტონით, უხსნის გარემოში არსებულ ქცევის ნორმებს, ასწავლის თამაშით. ბავშვებიც პოზიტიურ დამოკიდებულებას გამოხატავენ დედის მიმართ. ი– თერაპიულ ოთახში შემოსვლის მომენტიდანვე დაინტერესდა ოთახში არსებული ნივთებით, თუმცა ჯერ არ განცალკევდა დედისგან, სანამ არ დარწმუნდა უსაფრთხოებაში და არ შეისწავლა გარემო. ყველა ნივთი, რომელიც აინტერესებდა მიჰქონდა დედასთან და აჩვენებდა, ჩემთან კონტაქტში შემოვიდა დედის შემოთავაზების შემდეგ.

24.3. საგულისხმოა ისიც, რომ როგორც მ.ს–ისი, ისე ე.ს–ისი და ი.ს–უ არიან როგორც საქართველოს, ისე საბერძნეთის მოქალაქეები. მ.ს–ისს შვედეთში ცხოვრების უფლება გააჩნია ბერძნული მოქალაქეობის საფუძველზე. ქ.რ–ძე კი, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეა და შვედეთში მისი ბინადრობის უფლება სრულად განპირობებული იყო მ. ს–თან ქორწინებაში შესვლით. რეგისტრირებული ქორწინების გაუქმების მოცემულობაში და, ამავდროულად, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის არსებობისას, ცხადია, წინასწარ განუჭვრეტელია, რამდენად დართავს შვედეთის სამეფო ქ.რ–ძეს ამავე სახელმწიფოში კანონიერად ცხოვრების გაგრძელების უფლებამოსილებას. ამგვარი გადაწყვეტილების მიუღებლობისას, დღის წესრიგში დგება ქვეყნიდან მისი გაძევების პროცედურების ამოქმედება, რაც ბავშვებს, საბოლოო ჯამში, კვლავაც დედის გარეშე დარჩენას უქადის.

24.4. ბავშვების დედასთან მიჯაჭვულობის, მასთან განშორების ცხოვრებისეული გამოცდილების არარსებობისა და ბავშვების ასაკის გათვალისწინებით, პალატისთვის თვალსაჩინოა, რომ ბავშვების ინტერესში არ არის დედისგან განცალკევებულად ცხოვრების დაწყება, არამედ შვედეთში ბავშვების დაბრუნების პერსპექტივა განხილული უნდა იქნეს მხოლოდ დედის თანხლების პირობით. ზემოაღწერილი სამართლებრივი პრობლემები, რომლებიც დედის მხარეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და ცხოვრების უფლების მოუპოვებლობის თანმდევ შედეგს - ქვეყნიდან გაძევების რისკს აფუძნებს, დედის უარს, დაბრუნდეს შვედეთში, გონივრულ გამართლებას სძენს.

25.1. როგორც აღინიშნა, ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების საკითხი მჭიდრო კავშირშია ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით რეგლამენტირებულ პირად ოჯახური ცხოვრების უფლებასთან. ამ თვალსაზრისით, რელევანტურია, მოხმობილი იქნეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2010 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე ნეულინგერი და შურუკი შვეიცარიის წინააღმდეგ, რომელში გამოვლენილი ფაქტებიც, გარკვეულწილად, საერთოა წინამდებარე საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან - შვეიცარიის მოქალაქე დედამ ისრაელში გაჩენილი შვილი, რომელიც შვეიცარიის მოქალაქე იყო, მეუღლესთან დაშორების შემდეგ არაკანონიერი გზით წაიყვანა შვეიცარიაში. შევიცარიის ფედერალურმა სასამართლომ დედას ბავშვის ისრაელში დაბრუნება დაავალა. ეროვნული სასამართლოების და ექსპერტების მოსაზრებით, ბავშვის ისრაელში დაბრუნება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას დედა თან გაჰყვებოდა. ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ შვეიცარიის სასამართლოების გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან შესაბამისობის დასადგენად, საჭირო იყო ყველა იმ სიახლის გათვალისწინება, რასაც ადგილი ჰქონდა ფედერალური სასამართლოს მიერ ბავშვის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ. სასამართლომ შენიშნა, რომ ბავშვი იყო შვეიცარიის მოქალაქე და კარგად მოეწყო შვეიცარიაში, მის ქვეყნიდან კვლავ გასვლას კი, შესაძლოა, სერიოზული გავლენა ჰქონოდა მასზე, რაც უნდა შეფასებულიყო იმ სარგებელთან მიმართებით, რასაც ბავშვი მიიღებდა ისრაელში საცხოვრებლად დაბრუნებით. დედის ისრაელში დაბრუნება აფუძნებდა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისა და პატიმრობის საფრთხეს, რაც ვერ იქნებოდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის სასარგებლო, ვინაიდან დედა იყო ის ერთადერთი პირი, ვისთანაც ბავშვს ჰქონდა მჭიდრო კავშირი. ამ რისკების გათვალისწინებით კი, დედის უარი ისრაელში დაბრუნებაზე არ ჩაითვალა უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დედა დათანხმდებოდა ისრაელში დაბრუნებას, დედის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისა და მისი შესაძლო პატიმრობის შემთხვევაში, მათ შორის, იმ გარემოების გამო, რომ მამას არასდროს უცხოვრია ბავშვთან ერთად მარტო, სასამართლო ვერ დარწმუნდა, რომ ისრაელში დაბრუნება შეესაბამებოდა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. ამრიგად, ევროსასამართლომ მიჩნია, რომ თუკი აღსრულდებოდა ბავშვის ისრაელში დაბრუნების გადაწყვეტილება, მოხდებოდა როგორც დედის, ისე შვილის ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაში არათანაზომიერი ჩარევა და, შედეგად, მე-8 მუხლით დაცული უფლების ხელყოფა (CASE OF NEULINGER AND SHURUK v. SWITZERLAND (Application no. 41615/07) 06 July 2010).

25.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდი პალატა საქმეში X ლატვიის წინააღმდეგ (საჩივარი № 27853/09) განმარტავს, რომ ბავშვის დაბრუნებასთან დაკავშირებული „სერიოზული რისკის“ არასათანადო შეფასებად იქნა მიჩნეული სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ფსიქოლოგის მიერ მომზადებული დასკვნის შინაარსის გაუთვალისწინებლობა, რომელიც მიუთითებდა, რომ ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, ის ვერ გამოთქვამდა თავის მოსაზრებას მისთვის მისაღებ საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით და რომ დედისგან მისი სწრაფი განშორება შესაძლო ფსიქოლოგიური ტრამვის გათვალისწინებით, მიუღებელი იყო. ევროსასამართლოს მოსაზრებით, ფსიქოლოგის დასკვნის შესწავლა ბავშვის საუკეთესო ინტერესებთან უშუალო კავშირში იყო, რამდენადაც იგი მიუთითებდა დედისგან ბავშვის სწრაფი წაყვანის შემთხვევაში ფსიქოლოგიური ტრამვის შესაძლებლობას. სადავო მტკიცება იმისა, რომ ბავშვის დაბრუნების შემთხვევაში „სეროიზული რისკის“ საფრთხე ჩნდებოდა, სასამართლოების მიერ ეფექტიანად უნდა შესწავლილიყო და შედეგები სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში უნდა ასახულიყო. დიდმა პალატამ მიიჩნია, რომ პროფესიონალისაგან (ფსიქოლოგისგან) აღებული ცნობის საფუძველზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ჰააგის კონვენციის მე-13 მუხლის (ბ) პუნქტის მნიშვნელობით შესაძლო სერიოზული რისკის არსებობის შესახებ დასკვნების გაუთვალისწინებლობა ეწინააღმდეგებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის მოთხოვნებს. საკითხი, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ დედა გაჰყოლოდა შვილს ავსტრალიაში და გაეგრძელებინა მასთან კონტაქტი, ასევე არასათანდოდ იქნა განხილული. ჰააგის კონვენციით გათვალისწინებული მოკლე ვადები და სასამართლო ხელისუფლების მხრიდან სწრაფ მოქმედებების აუცილებლობა არ ათავისუფლებს მას ვალდებულებისაგან, ეფექტიანად შეისწავლოს ერთ-ერთი გამონაკლისის საფუძველზე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მკაფიოდ გათვალისწინებული მე-13 მუხლის (ბ) პუნქტით (CASE OF X v. Latvia [GC] - 27853/09 Judgment 26.11.2013 [GC]).

25.3. მშობელს, რომელიც ეწინააღმდეგება ბავშვის დაბრუნებას და ამტკიცებს, რომ ეს წარმოადგენს „სერიოზულ რისკს“ ბავშვისთვის ჰააგის კონვენციის 13 (b) მუხლის მნიშვნელობით, ეკისრება კონკრეტული რისკების შესახებ ნებისმიერი ბრალდების დასაბუთების ტვირთი (G.K. v. Cyprus, 2023, § 46, და Voicav. Romania, 2020, § 66). ამ ტვირთის დაკმაყოფილების შემდეგ, შიდა სასამართლოების მოვალეობაა განახორციელონ მნიშვნელოვანი შემოწმებები, რაც მათ საშუალებას მისცემს დაადასტურონ ან გამორიცხონ „სერიოზული რისკის“ არსებობა (Y.S. and O.S. v. Russia, 2021, § 94). სასამართლო იკვლევს, არსებობს თუ არა რაიმე თვითნებობის ნიშანი იმაში, თუ როგორ შეაფასეს შიდა სასამართლოებმა განმცხადებლის მიერ წამოყენებული _ სერიოზული რისკის შესახებ ბრალდებები და ჩაატარეს თუ არა მათ მიერ წარდგენილი გარემოებების სიღრმისეულიშეფასება ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით (Voica v. Romania, 2020, § 71; Verhoeven v. France, 2024, §§ 58-65; F.D. and H.C. v. Portugal, 2025, §§ 75 0 82-83).

26.1. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დაცული ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იმერეთის რეგიონული ცენტრის ფსიქოლოგის მიერ მომზადებული დასკვნები სახელდებით მიუთითებს ბავშვების დედისგან დაშორების შემთხვევაში მათი ტრავმირების მოჭარბებულ რისკებზე, მათი დედასთან ჩამოყალიბებული ძლიერი მიჯაჭვულობის ფაქტორიდან გამომდინარე. საგულისხმოა, რომ ხსენებული დასკვნების გამაქარწყლებელი მტკიცებულებები საქმის მასალებში კასატორი მხარის მხრიდან წარმოდგენილი არ არის. დედის მკაფიო პოზიციაა, რომ არ სურს შვედეთში დაბრუნება, ერთი მხრივ, იმ საემიგრაციო და სისხლისსამართლებრივი პრობლემების გათვალისწინებით, რაზედაც ყურადღება გამახვილებულია წინამდებარე განჩინების 24.1-24.3 პუნქტებში, მეორე მხრივ კი, შვედური ენის არცოდნის გამო მოსალოდნელი სოციალური თუ შრომითი სირთულეების გათვალისწინებით. ამ მოცემულობაში, შეუძლებელია, დედას დაევალოს, გაჰყვეს შვილებს შვედეთის სამეფოში მათთან ინტენსიური კონტაქტის შენარჩუნებისა და ბავშვების დედისგან განშორებით მოსალოდნელი ფსიქოლოგიური ტრავმირების რისკების გასანეიტრალებლად.

26.2. სასამართლო მხედველობის მიღმა ვერ დატოვებს 03.07.2025 წლის დასკვნაში ასახულ ფსიქო-სოციალური შეფასების იმ ნაწილს, რომლითაც დადგენილია, რომ ბავშვი ამჟამად კარგად ადაპტირებულია საქართველოში არსებულ გარემოში. მან განივითარა სტაბილური ყოველდღიური რუტინა, მოპოვებული აქვს უსაფრთხოებისა და დამკვიდრების განცდა და დადებითად რეაგირებს როგორც ფიზიკურ, ისე სოციალურ გარემოზე... საქართველოში ბავშვი გრძნობს თავს დაცულად და კომფორტულად. უკვე ჩამოყალიბდა მხარდაჭერის სოციალური ქსელი. დედა და შვილი ყოველდღიურ ცხოვრებაში დამოუკიდებლად და წარმატებით ახერხებენ ფუნქციონირებას. ამავდროულად, როგორც დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ტრენერის, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტ რ.კ–ძის (რომელიც არ არის ციტირებული დასკვნის ავტორი), ისე სააპელაციო სასამართლოს წინაშე ი.ს–უ მკაფიოდ აფიქსირებს, რომ არ სურს შვედეთში დაბრუნება.

26.3. საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ი.ს–უს მეხსიერებაში, პრაქტიკულად, აღარ არის შენარჩუნებული შვედეთში ცხოვრების მკაფიო მოგონებები, ე.ს–ისის მცირე ასაკის გათვალისწინებით კი, მან შვედეთის სამეფოსთან გაცნობიერებული კავშირის დამყარება ვერც მოასწრო. აღნიშნულის გამო, იქ დაბრუნება ბავშვებისათვის არათუ რეინტეგრაციის დაძლევად უსიამოვნებებს, არამედ არსებითად უცხო გარემოში დაფუძნების თანმდევ ენობრივ, სოციალურ, საგანმანათლებლო, ემოციურ და, რაც ყველაზე მთავარია, ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებულ ადამიანთან - დედასთან განშორების რისკებს წარმოუშობს, რაც მცირეწლოვანი ბავშვების მოწყვლადი შინაგანი სამყაროსთვის ზიანის მიყენების მაღალ ალბათობას აფუძნებს. საკასაციო პალატა იმასაც შენიშნავს, რომ როგორც ბავშვები, ისე მისი ორივე მშობელი, არა შვედეთის, არამედ საქართველოს მოქალაქეები არიან, შესაბამისად, ზემოაღწერილ ფაქტორთა გათვალისწინებით, ორივე მშობელთან კავშირის შენარჩუნების უკეთეს, ბავშვებისთვის სამართლებრივი რისკებისგან თავისუფალ გარემოს შექმნის მათი არა შვედეთში, არამედ საქართველოში ცხოვრება.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ვინაიდან წინამდებარე კატეგორიის საქმეებზე მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან, არ არსებობს სასამართლო ხარჯების საკითხზე მსჯელობის საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ს–ისის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. არ დაკმაყოფილდეს მ.ს–ისის შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე.

3. არ დაკმაყოფილდეს მ.ს–ისის შუამდგომლობები არასრულწლოვნების ი.ს–უს და ე.ს–ისის ფსიქოემოციური მდგომარეობის კვლევის დანიშვნისა და ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის საქმეში ჩართვის თაობაზე.

4. არ დაკმაყოფილდეს მ.ს–ისის შუამდგომლობები ახალი მტკიცებულებების საქმეზე დართვის თაობაზე.

5. დაუბრუნდეს მ.ს–ისს საკასაციო სასამართლოში 2025 წლის 13 ნოემბრის შუამდგომლობასა და 2026 წლის 19 თებერვალს წარმოდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები (ტომი 04, ს.ფ. 418-446; ტომი 04, ს.ფ. 456-458).

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი