¹ბს-120-112(კ-07) 18 ივლისი, 2007 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი – გ. ილინა
კასატორი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, წარმომადგენელი – გ. ვ-ე
მოწინააღმდეგე მახარე – ვ. კ-ი; წარმომადგენელი – თ. წ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 24 მარტს ვ. კ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ მიუღებელი Yთანხის ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1998 წლის 23 იანვრიდან მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს – სოხუმის უნივერსიტეტის სამხედრო კათედრაზე. მისი ხელფასი შეადგენდა 147 ლარს. ამასთან, ღებულობდა ფორმის ტანსაცმელს წლიურად 383,43 ლარის ღირებულებით.
2001 წლის 12 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ¹1321 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, იმავე დღიდან დაევალა იმავე მოვალეობის შესრულება, რასაც ასრულებდა აღნიშნული ბრძანების გამოცემამდე.
ზემოაღნიშნული ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე, 2004 წლის 13 იანვრამდე ღებულობდა მხოლოდ ხელფასს (უნივერსტეტიდან), ხოლო კვების კომპენსაცია და ფორმის ანაზღაურება არ მიუღია.
მოსარჩელის მითითებით, იგი 2004 წლის 13 იანვრის ¹37 ბრძანებით გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და ჩარიცხეს რეზერვში, მაგრამ მიუხედავად მრავალი დაპირებისა, მოპასუხემ არ აუნაზღაურა მიუღებელი კვების 31 თვის კომპენსაცია – 1829 ლარი და ფორმის ღირებულება 990 ლარი, სულ -2819 ლარი და გასული წლების კვების კომპენსაცია და ფორმის ღირებულება 3327 ლარი, ასევე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურის რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით 6 თვის ხელფასი 887,52 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 და 37-ე მუხლების შესაბამისად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან, სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურეობისათვის დაწესებულ და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 7033 ლარის ანაზღაურება და ამასთან, კადრების განკარგულების ყოფნის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლა.
2006 წლის 6 ივნისს სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოსარჩელე ვ. კ-მა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომლითაც ითხოვდა კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდის წელთა ნამსახურობაში ჩათვლას. ამასთან, დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების - 1033 ლარის, 2004 წლის გასასავლელი დახმარების – 755, 60 ლარის, 2001 წლის 26 აგვისტოდან 2004 წლის 13 იანვრამდე პერიოდის კვების კომპენსაციის - 1688 ლარის, ხოლო სანივთე ქონების კომპენსაციის – 1041 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საქართველოს თავდაცვის საინისტროს ვ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების – 1033 ლარისა და 2004 წლის გასასვლელი დახმარების - 755,60 ლარის, სულ – 1788,60 ლარის გადახდა; ხოლო სასარჩელო მოთხოვნა 2001 წლის 26 აგვისტოდან 2004 წლის 13 იანვრის ჩათვლით კვებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. კ-მა.
აპელანტის მითითებით, საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ სამხედრო მოსამსახურეს ეკუთვნის კვებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის თანხები, თუმცა მითითება, რომ აღნიშნული დავალიანების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა და საქმეშიც არ მოიპოვება არასწორია. აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ასევე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით და არ გამოითხოვა მოპასუხისაგან შესაბამისი დოკუმენტაცია, რის შემდეგაც სასამართლოს ექნებოდა შესაძლებლობა, მიეღო ობიექტური გადაწყვეტილება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდნარე, აპელანტი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებას 2001 წლის 26 აგვისტოდან 2004 წლის 13 იანვრის ჩათვლით კვებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას 2006 წლის 14 ნოემბერს აპელანტმა შეამცირა მოთხოვნა, კერძოდ, სანივთე ქონების კომპენსაციაზე უარის თქმის ნაწილში უარი განაცხადა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მხოლოდ კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწლში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა კვების კომპენსაციის - 1652 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს (სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის გარდა), საქართველოს კანომდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ვ. კ-ი 2001 წლის 12 ივნისიდან 2004 წლის 13 იანვრის ჩათვლით, მიუხედავად კადრების განკარგულებაში გადაყვანისა, აგრძელებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სამხედრო კათედრის მასწავლებლად მუშაობას და იღებდა შესაბამის სახელფასო ანაზღაურებას, ანუ იგი წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის განმარტებით, ვ. კ-ი მითითებულ პერიოდში წარმოადგენდა “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტს და, შესაბამისად, ჰქონდა სახელმწიფოს ხარჯზე სასურსათო ულუფის ან შესაბამისი ფულადი კომპენსაციის მიღების უფლება. ამიტომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსაზრება, რომ კვების კომპენსაციის გაცემა კადრების განკარგულებაში ყოფნის დროისათვის არამართებულია, ვ. კ-თან მიმართებაში ვერ იქნება გაზიარებული.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ ვ. კ-მა მოითხოვა რა კვების საკომპენსაციო თანხის ანაზღაურება საქართველოს თავადაცვის სამინიტროსგან 2001-2004 წლების მდგომარეობით, მან სასამართლო პროცესზე ვერ წარმოადგინა ის დოკუმენტები, რაც დაადასტურებდა აღნიშნული მოთხოვნის კანონიერებას.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ კადრების განკარგულებაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს კვების კომპენსაცია აუნაზღაურდება კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდის არა უმეტეს ორო თვისა, უფრო მეტიც, მოსარჩელეს კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოვალეობის შესრულება დაევალა სამხედრო კათედრაზე არსებულ სამოქალაქო შტატზე, რომლის საქმიანობის გასამრჯელოსაც ანაზღაურებდა განათლების სამინისტრო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასტორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ექვემდებარება ნაწილობრივ დაკმაყოფილებას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404.1 მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. იმავე საპროცესო კოდექსის 264.1 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. მითითებული მუხლების საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს: საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სახელფასო დავალიანებისა და გასასვლელი დახმარების ანაზღაურების თაობაზე შესულია კანონიერ ძალაში, რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლო არ ეხება გადაწყვეტილების კანონიერებას მითითებულ ნაწილში.
საკასაციო სასამართლომ გადაწყვეტილების კანონიერება შეამოწმა კვებისა კომპენსაციის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრების ნაწილში და მივიდა დასკვნამდე, რომ საქმე ამ ნაწილში საჭიროებს დამატებით შესწავლა-გამოკვლევას.
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1998 წლის 23 იანვრის ¹17 ბრძანებით ვ. კ-ი დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის სამხედრო კათედრის მასწავლებლად.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2001 წლის 12 ივნისის ¹1321 ბრძანებით ვ. კ-ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, გადაყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში და დაევალა იმავე თანამდებობაზე მოვალეობის შესრულება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 13 იანვრის ¹37 ბრძანებით, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით ვ. კ-ი დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან და ჩაირიცხა რეზერვში.
,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურისა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფო ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემომითითებული ნორმის შინაარსს და აღნიშნავს, რომ კანონი მკვეთრად განსაზღვრავს იმ სუბიექტთა წრეს, რომლებზეც დადგენილი კომპენსაციის მიღების უფლება ვრცელდება, კერძოდ, კონპენსაციის მიმღები პირი უნდა წარმოადგენდეს სამხედრო მოსამსახურეს. საგულისხმოა, რომ კასატორის მოსაზრება ემყარება სწორედ მითითებულ გარემოებას. კასატორი თვლის, რომ ვ. კ-ი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა სამოქალაქო შტატზე, რისი გათვალისწინებითაც მასზე ვერ გავრცელდება ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის დებულებები.
საკასაციო სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის საფუძველზე, კასატორის მიერ წარმოდგენილ ზემოაღნიშნულ პრეტენზიას მიიჩნევს დასშვებ პრეტენზიად და თვლის, რომ საქმე ვ. კ-ის სტატუსის გარკვევის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ 2001 წელს საქართველოს მასშტაბით სამხედრო კათედრებზე განხორციელდა საშტატო ცვლილებები და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, სამხედრო კათედრაზე დასაქმებული პირები გადაყვანილ იქნენ სამოქალაქო თანამდებობებზე, რის შედეგადაც მითითებული თანამდებობები ამოირიცხა თავდაცვის სამინისტროს რიცხოვნობიდან. ანალოგიური ბრძანება იქნა მიღებული სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამხედრო კათედრასთან მიმართებაში.
გამომდინარე იქიდან, რომ საკასაციო სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ უფლებამოსილებას საქმეზე დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ვ. კ-ის სტატუსის განსაზღვრას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქმე ხელახალი გამოკვლევის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება ვ. კ-ისათვის კვების კომპენსაციის სახით 1652 ლარის ანაზღაურების თაობაზე და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.