25 დეკემბერი 2024 წელი №ას-1059-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ შ.პ.ს. „კ-ი"
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „ბ.მ."
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შ.პ.ს. „კ–მა“ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „ კასატორი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შ.პ.ს. „ბ.მ“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „მოწინააღმდეგე მხარე“) მიმართ, უსაფუძვლოდ ჩარიცხული 5369.49 ლარის უკან დაბრუნების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2. შ.პ.ს. „კ–მა“ 2021 წლის ივნისში მოპასუხის საბანკო ანგარიშზე შეცდომით, საფუძვლის გარეშე, ჩარიცხა ჯამში 235 686.80 ლარი, (14.06.2021 წელს - 57 776.18 ლარი, 14.06.2021 წელს – 177 910.62 ლარი). იმის გამო, რომ აღნიშნული თანხის გადარიცხვა მოხდა შეცდომით, მოპასუხემ 2021 წლის ივნისის პერიოდში უკან დაუბრუნა შ.პ.ს. „კ–ს“ თანხის ნაწილი, ჯამში 230 317.31 ლარი. (21.06.2021 წელს – 50 000 ლარი, 23.06.2021 წელს – 50 000 ლარი, 23.06.2021 წელს – 50 000 ლარი, 25.06.2021 წელს – 30 317.31 ლარი). შესაბამისად, მოპასუხეს დასაბრუნებელი დარჩა 5 369.49 ლარი. არაერთი წერილობითი მიმართვის მიუხედავად, მოპასუხე უარს აცხადებს დარჩენილი თანხის უკან დაბრუნებაზე.
მოპასუხის პოზიცია:
3.1. მოპასუხე შ.პ.ს. „ბ.მ–მა“ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შ.პ.ს. „კ–მა“ შეასრულა შ.პ.ს. „კ“-ს ვალდებულება და მოსარჩელემ მიიღო ეს შესრულება, ამასთან, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ როგორც შ.პ.ს. „კ“-ს, ისე შ.პ.ს. „კ“-ს დამფუძნებელი და 100% წილის მესაკუთრე არის ი.კ–ია, რაც მოპასუხისთვის ცნობილი იყო ვალდებულების შესრულების მიღებისას.
3.2. მოსარჩელემ შეგნებულად არ მიუთითა, რომ შ.პ.ს. „ბ.მ–მა“ 2021 წლის ივნისის თვეში შ.პ.ს. „კ“-ს მიაწოდა სხვადასხვა საქონელი და გამოწერა ინვოისები: №21/4266 - თანხით 46 182.96 ევრო და №21/4272 - თანხით 20 217.60 ევრო, რომლებიც მითითებულია შ.პ.ს. „კ“-ს საგადასახადო დავალებებში.
3.3. სარჩელზე დართულია 2021 წლის 15 ივნისის საგადახდო დავალება №469414989, რომლითაც დასტურდება, რომ შ.პ.ს. „კ–მა“ გადაიხადა №21/4266 ინვოისის შესაბამისად 46 182.96 ევროს ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში 177 910.62 ლარი (კურსი 3.8523); 15.06.2021წ. საგადახდო დავალებით №469415403 დასტურდება, რომ შ.პ.ს. „კ–მა“ მოპასუხეს №21/4272 ინვოისის საფუძველზე ჩაურიცხა 57 776.18 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსით შეადგენდა 14 997.85 ევროს ეკვივალენტს. შესაბამისი ინვოისი გამოწერილია 2021 წლის 08 ივნისს, 09 ივნისს კი, შ.პ.ს. „კ“-ს ამავე ინვოისის საფუძველზე ჩარიცხული აქვს 20 000 ლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსით (3.8316) შეადგენდა 5 219.75 ევროს. ანუ შ.პ.ს. „კ“-ს და შ.პ.ს. „კ“-ს მიერ მთლიანად დაიფარა ორივე ინვოისით განსაზღვრული თანხა.
3.4. ამდენად, სადავო თანხა მოსარჩელემ მოპასუხეს ჩაურიცხა შ.პ.ს. „კ“-ს სახელით, გამოწერილი ინვოისების შესაბამისად, ნაყიდი ნივთების ღირებულების ანგარიშში. კანონი არ კრძალავს, რომ მესამე პირმა შეასრულოს ვალდებულება.
3.5. მითითებული თანხიდან შ.პ.ს. „კ–მა“ უკან მიიღო 230 317.31 ლარი, მას შემდეგ რაც შ.პ.ს. „კ“-მ განახორციელა ნაწილ-ნაწილ თანხის დიდი ნაწილის გადმორიცხვა შ.პ.ს. „ბ.მ“-სთვის, კერძოდ:
- 2021 წლის 21 ივნისს ჩარიცხული 50 000 ლარი იმავე დღეს გადაერიცხა შ.პ.ს. „კ–ს“;
- 2021 წლის 22 ივნისს ჩარიცხული 50 000 ლარი იმავე დღეს გადაერიცხა შ.პ.ს. „კ–ს“;
- 2021 წლის 22 ივნისს ჩარიცხული 50 000 ლარი იმავე დღეს გადაერიცხა შ.პ.ს. „კ–ს“;
- 2021 წლის 23 ივნისს ჩარიცხული 50 000 ლარი იმავე დღეს გადაერიცხა შ.პ.ს. „კ–ს“;
- 2021 წლის 25 ივნისს ჩარიცხული 30 317.31 ლარი იმავე დღეს გადაერიცხა შ.პ.ს. „კ–ს“.
სულ მოპასუხეს 2021 წლის 21-25 ივნისს შ.პ.ს. „კ“-სგან ჩაერიცხა 230 317.31 ლარი და ამდენივე გადაერიცხა მოსარჩელეს უკან მოპასუხისგან.
3.6. აღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ ორი ინვოისის (№21/4266 თანხით 46 182 .96 ევრო და №21/4272 თანხით 20 217.60 ევრო) საფუძველზე შ.პ.ს. „კ“-ს მოპასუხისთვის უნდა ჩაერიცხა 250 317.31 ლარი, საიდანაც მისი ვალდებულების შესასრულებლად 235 686.80 ლარი მოპასუხის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხა შ.პ.ს. „კ–მა“. მითითებული თანხიდან მოსარჩელემ უკან მიიღო 230 317.31 ლარი, ხოლო რაც შეეხება 5 369.49 ლარს, ვინაიდან შ.პ.ს. „კ“-ს ეს თანხა შ.პ.ს. „ბ.მ“-სთვის არ ჩაურიცხავს, იგი გადახდილად ჩაითვალა შ.პ.ს. „კ“-ს ვალდებულების შესასრულებლად და დაბრუნებას არ ექვემდებარება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5369.49 ლარის გადახდა.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. შ.პ.ს. „კ“-სა და შ.პ.ს. „ბ.მ“-ს შორის არსებობდა ნასყიდობის (საქონლის მიწოდების) სახელშეკრულებო ურთიერთობა; სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შ.პ.ს. „ბ.მ–მა“ შ.პ.ს. „კ“-ს 2021 წლის ივნისის თვეში მიაწოდა ჯამში 66 400.54 ევროს ღირებულების საქონელი, რასთან დაკავშირებითაც 2021 წლის 08 ივნისსა და 14 ივნისს შ.პ.ს. „კ“-ს სახელზე მოპასუხემ გამოწერა ორი ინვოისი - №21/4272 (6/8/2021წ., თანხით 20217.6 ევრო) და №21/4266 (6/14/2021წ. თანხით - 46182.96 ევრო).
7.2. შ.პ.ს. „კ“-ს და შ.პ.ს. „კ“-ს ერთადერთი პარტნიორი 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არის ი.კ–ია.
7.3. 2021 წლის 14 ივნისს შ.პ.ს. „კ–მა" გამყიდველის სასარგებლოდ განახორციელა №21/4266 ინვოისის შესაბამისად 46182.96 ევროს ეკვივალენტი 177 910.62 ლარის, ხოლო №21/4272 ინვოისის საფუძველზე 14997.85 ევროს ეკვივალენტი 57776.18 ლარის ჩარიცხვა, დანიშნულებით: პროდუქციის ღირებულება. ნასყიდობის ღირებულების ნაწილი - 20 000 ლარი (5219.75 ევროს ექვივალენტი ლარში) კი, შ.პ.ს. „კ“-მ ავანსად გადაიხადა 2021 წლის 09 ივნისს.
7.4. სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილე ვალდებული პირის შ.პ.ს. „კ“-ს მიერ მიმწოდებლის - მოპასუხე შ.პ.ს. „ბ.მი“-ს სასარგებლოდ 2021 წლის ივნისში განხორციელებული გადახდების პარალელურად, მოპასუხე შ.პ.ს. „ბ.მ–მა“ მოსარჩელე შ.პ.ს. „კ–ს“ საბანკო გადარიცხვების გზით უკან დაუბრუნა: 2021 წლის 21 ივნისს - 50 000 ლარი, დანიშნულებით - ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, 2021 წლის 22 ივნისს - 50 000 ლარი, დანიშნულებით - თანხის უკან დაბრუნება, 2021 წლის 22 ივნისს - 50 000 ლარი, დანიშნულებით - თანხის უკან დაბრუნება, 2021 წლის 23 ივნისს - 50 000 ლარი, თანხის უკან დაბრუნება, 2021 წლის 25 ივნისს - 30 317.31 ლარი, დანიშნულებით - თანხის უკან დაბრუნება.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა შემდეგი შეფასება:
8.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 371.1 მუხლის თანახმად, თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც. ვალდებულების სუბიექტები ყოველთვის არიან კრედიტორი და მოვალე, ვალდებულება კი, მოვალის ნაცვლად, შეიძლება შეასრულოს სხვა პირმა და შესრულება მიიღოს არა კრედიტორმა, არამედ სხვამ. როგორც წესი, მოვალე თვითონ (პირადად) ასრულებს ვალდებულებას, მაგრამ კრედიტორს შეიძლება შესრულება შესთავაზოს სხვა, მესამე პირმაც, რომელიც არ არის მოცემული ვალდებულებითი ურთიერთობის მონაწილე. მესამე პირის მიერ მოვალის ნაცვლად კრედიტორისათვის ვალდებულების შესრულება ხდება, როგორც წესი, მოვალესა და მესამე პირს შორის შეთანხმებით. ასეთი შეთანხმებისათვის კრედიტორის თანხმობა საჭირო არ არის, რამდენადაც მოვალესა და მესამე პირს შორის შესრულების შესახებ შეთანხმების ფაქტი არ ხელყოფს კრედიტორის ინტერესებს; შესაბამისად, კრედიტორს უფლება აქვს, მიიღოს ასეთი შესრულება, რომელიც იწვევს მოვალის მიმართ ვალდებულების შეწყვეტას.
8.2. იმ უდავო გარემოებების გათვალისწინებით, რომ შ.პ.ს. „კ“-ს და შ.პ.ს. „კ“-ს ერთადერთი პარტნიორი და 100% წილის მესაკუთრეა ი.კ–ია და რომ მხარეთა შეთანხმებით, შ.პ.ს „კ"-მ 2021 წლის 15 ივნისის შემდგომ, 25 ივნისამდე პერიოდში, ეტაპობრივად ჩაურიცხა შ.პ.ს. „ბ.მ"-ს 230317.31 ლარი, ხოლო ამ უკანასკნელმა იგივე ოდენობის თანხა, ჩარიცხვების პირდაპირპროპორციულად, ასევე ეტაპობრივად დაუბრუნა შ.პ.ს. „კ–ს“ - დანიშნულებით „თანხის უკან დაბრუნება“, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმის თაობაზე. რომ შ.პ.ს. „კ“-ს მიერ შ.პ.ს. „ბ.მ“-ის მიმართ თანხის გადარიცხვა განხორციელდა არა შეცდომით, არამედ მოსარჩელე კომპანიის მიერ მოპასუხე კომპანიის სასარგებლოდ განხორციელებული გადახდების ჯამით მთლიანად დაიფარა შ.პ.ს. „ბ.მ“-ის 2021 წლის 08 ივნისსა და 14 ივნისს შ.პ.ს. „კ“-ს სახელზე გამოწერილი ინვოისებით - №21/4272 (6/8/2021წ, თანხით 20217.6 ევრო) და №21/4266 (6/14/2021.წ თანხით - 46182.96 ევრო) განსაზღვრული ნასყიდობის ღირებულება.
8.3. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ შ.პ.ს. „ბ.მ“-ის საბანკო ანგარიშზე შ.პ.ს. „კ“-ს კუთვნილი თანხების გადარიცხვა წარმოადგენდა არა შეცდომის შედეგს, არამედ შ.პ.ს. „კ"-ს სახელშეკრულებო ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების აქტს, რაც გამყიდველმა მიიღო კიდეც.
8.4. პალატის შეფასებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, არ დადასტურდა, რომ სამართლებრივმა სიკეთემ მოსარჩელისაგან მოპასუხესთან უსაფუძვლოდ გადაინაცვლა, რის შედეგადაც შ.პ.ს. „ბ.მ“-ი მოსარჩელის ხარჯზე გამდიდრდა (დაზოგა საკუთარი ქონება), ხოლო შ.პ.ს. „კ–მა“ ამით განიცადა ქონებრივი დანაკლისი. შ.პ.ს. „კ-“ს ნაცვლად ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულების შესრულებით, შესაძლოა, მოსარჩელემ მართლაც განიცადა ქონებრივი დანაკლისი, თუმცა ამით არ გამდიდრებულა .შ.პ.ს „ბ.მ“-ი. შ.პ.ს. „კანი“-ს მიერ შ.პ.ს. „კ“-ს ვალდებულების შესრულების ხარჯზე დაიზოგა მყიდველის და არა გამყიდველის ფულადი სახსრები; შესაბამისად, სადავო 5 369.49 ლარი, რომელიც შ.პ.ს. „კ“-ს გამყიდველი კომპანიისათვის არ ჩაურიცხავს, მოპასუხისაგან დაბრუნებას არ ექვემდებარება და უნდა ჩაითვალოს ნასყიდობის საფასურში გადახდილად.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
9.1. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა სახელშეკრულებო ვალუტას, კერძოდ მან ფულადი ვალდებულებები განსაზღვრა ლარში, მაშინ როდესაც მხარეთა შორის ფულადი ვალდებულებები განსაზღვრული იყო ევროში. ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა ვალდებულების მესამე პირის მიერ შესრულებაზე, მაშინ როდესაც უდავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მხარეთა შეთანხმებით მოპასუხეს უკან უნდა დაებრუნებინა მოსარჩელის მიერ შეცდომით გადახდილი თანხა.
9.2. სასამართლომ ასევე არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ შ.პ.ს. „ბ.მ–მა“ შ.პ.ს. „კ“-სგან სრულად მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა (ხელშეკრულების ვალუტით გათვალისწინებული კურსით), კერძოდ, უდავო გარემოებას წარმოადგენს რომ შ.პ.ს. „კ“-მ მოპასუხეს ჯამში ჩაურუცხა 250 317.31 ლარი, რაც შესაბამისი გადახდის დღის კურსით შეადგენდა 66 400.56 ევროს, (09.06.2021 წელს - 20 000 ლარი (კურსი 3.8316=5219.75 ევრო); 21.06.2021 წელს - 50 000 ლარი (კურსი 3.7754=13 243.63 ევრო); 22.06.2021 წელს - 50000 ლარი (კურსი 3.7658=13 304.95 ევრო) 22.06.2021 წელს - 50000 ლარი (კურსი 3.7658=13 304.95 ევრო); 23.06.2021 წელს 50 000 ლარი (კურსი 3.7545=13 317.35 ევრო); 25.06.2021 წელს - 30317.31 ლარი (კურსი 3.7591=8 065.04). ამის მიუხედავად, მოპასუხემ მოსარჩელეს არ დაუბრუნა შეცდომით ჩარიცხული 235 686.8 ლარიდან 5 369.49 ლარი. შესაბამისად, მოპასუხე მხარემ მიიღო იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ეს იყო გათვალისწინებული შ.პ.ს. „კ“-სთან გაფორმებული ხელშეკრულებით.
9.3. უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ შ.პ.ს. „კ–მა“ შეასრულა შ.პ.ს. „კ“-ს ვალდებულებები. აღნიშნულ გარემოებას გამორიცხავს ის ფაქტი, რომ მოპასუხემ უკან დაუბრუნა მოსარჩელეს მის მიერ ჩარიცხული თანხების ნაწილი, რაც მიუთითებს, რომ შ.პ.ს. „ბ.მ–მა“ არ მიიღო მესამე პირის მიერ შეთავაზებული შესრულება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა შ.პ.ს. „კ“-ს მიერ შ.პ.ს. „ბ.მ“-ისთვის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი თანხების ოდენობა, რამაც განაპირობა არასწორი დასკვნა მასზედ, რომ შ.პ.ს. „ბ.მ“-ს უფლება ჰქონდა, შ.პ.ს. „კ“-სგან ჩარიცხული თანხის ნაწილი 5369.49 ლარის ოდენობით, ჩაეთვალა ნასყიდობის ანგარიშში გადახდილად.
15.1. უწინარესად, საკასაციო პალატა საკასაციო მიუთითებს სსკ-ის 371.1 (თუ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების ბუნებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს ვალდებულება, მაშინ ეს ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმაც) და 986-ე მუხლებზე (პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება) და აღნიშნავს, რომ ვალდებულება შეიძლება შესრულდეს როგორც პირადად მოვალის, ასევე მესამე პირის მიერ. ვალდებულების პირადად (უშუალოდ მოვალის მიერ) შესრულების მოთხოვნის უფლება კრედიტორს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ მოვალეს ე.წ. „პირადი“ შესრულების ვალდებულება უშუალოდ კანონიდან, ხელშეკრულებიდან ან ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე ეკისრება. ამდენად, კრედიტორის უფლებას, მიიღოს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, უპირისპირდება მოვალის უფლება, შესრულება განახორციელოს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით. კრედიტორს უფლება არ აქვს, უარი თქვას მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულების მიღებაზე, თუ არ არსებობს უშუალოდ მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების მოვალეობა (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, გვ. 439).
15.2. საკასაციო პალატის განმარტებით, მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულების შედეგად წარმოშობილი სამართალურთიერთობის თითოეულ მონაწილეს გააჩნია შესაბამისი უფლებები და მოვალეობები. ეკონომიკური თვალსაზრისით კრედიტორისათვის სულერთია, თუ ვინ შეასრულებს მოვალის ვალდებულებას (გადაიხდის ვალს, საფასურს, ქირას, გასამრჯელოს და ა.შ.). მოვალის ნაცვლად მესამე პირის მიერ კრედიტორისათვის ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ათავისუფლებს მოვალეს კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან. მესამე პირის მიმართ მოვალის ვალდებულებები განისაზღვრება მასსა და მესამე პირს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობით (იხ. სუსგ. №ას-497-2024, 30.09.2024წ.).
15.3. თუ მოვალესა და მესამე პირს შორის არ არის რაიმე სამართლებრივი ურთიერთობა ან იგი ბათილია, მაშინ მესამე პირს შეუძლია მოვალის მიმართ წარადგინოს მოთხოვნა უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე. მესამე პირი ვერ დაიბრუნებს კრედიტორისაგან შესრულებას (976-ე მუხლის მე-2 ნაწილი) (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, ვალდებულებითი სამართალი, ზოგადი ნაწილი, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2001, გვ. 305). საკასაციო პალატის განმარტებით, იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალესა და მესამე პირს შორის არ არის რაიმე სამართლებრივი ურთიერთობა ანდა იგი ბათილად იქნა ცნობილი, თუმცა კი მესამე პირმა უკვე განახორციელა მოვალის ნაცვლად კრედიტორის მიმართ შესრულება, მესამე პირს აღარ აქვს კრედიტორისგან შესრულების უკან გამოთხოვის უფლება სსკ-ის 976 II გ მუხლის თანახმად [უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები]. მესამე პირს შეუძლია მხოლოდ წარადგინოს მოვალის მიმართ მოთხოვნა უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე. ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ მესამე პირი ვალდებულების შესრულებისას შეცდომით ფიქრობდა, რომ ასრულებდა თავის ვალდებულებას, თუმცა კი, შეასრულა სხვა პირის ვალდებულება, ასეთ შემთხვევაშიც მესამე პირს შეუძლია მოვალეს წაუყენოს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნა (იხ. სუსგ. №ას-497-2024, 30.09.2024წ.).
15.4. ციტირებული თეორიულ-პრაქტიკული ასპექტები წინამდებარე საქმისთვის მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, შესაგებლის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნას გამორიცხავს ის გარემოება, რომ მოსარჩელემ, სადავო თანხის გადარიცხვისას, შეასრულა მოპასუხის, როგორც კრედიტორის წინაშე არსებული სხვა პირის ფულადი ვალდებულება, რის გამოც, უსაფუძვლოდ გამდიდრებულია არა კრედიტორი, რომელმაც მიიღო ნამდვილი ვალდებულების შესრულება, არამედ ის, ვინც მესამე პირის მხრიდან ვალდებულების შესრულების შედეგად დაზოგა საკუთარი ქონება, ესე იგი, ნასყიდობის საზღაურის გადახდაზე ვალდებული პირი.
15.5. პალატა მიუთითებს, რომ კონდიქციური ვალდებულებების არსებობის მიზანი უსაფუძვლოდ წანაცვლებული ქონებრივი სიკეთის უკუქცევაა. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი ან ამგვარი საფუძველი, ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა, ან შემდგომ შეწყდა. შესრულების უკან მოთხოვნისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: 1) ერთი პირის მიერ მეორისათვის სამართლებრივი სიკეთის შესრულების საფუძველზე გადაცემა; 2) მეორე პირის მიერ შესრულების საფუძველზე სამართლებრივი სიკეთის შეძენა; 3) შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა. შესაბამისად, კონდიქციური ვალდებულების მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია: მოპასუხის გამდიდრება; ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; სამართლებრივ სიკეთეთა ამ გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შესრულება სსკ-ის 102.1. მუხლიდან გამომდინარე მოსარჩელის მტკიცების ტვირთია, უფრო ზუსტად კი, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს გადაცემით სსკ-ის 976-ე მუხლით გათვალისწინებული რომელი ვალდებულება უნდა შესრულებულიყო და რომ ეს ვალდებულება, ფაქტობრივად არ არსებობს. ვალდებულების არარსებობა კი, ნიშნავს შესრულების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობას. ამასთან, მოპასუხემ, პოზიტიურად უნდა დაასაბუთოს საწინააღმდეგო, კერძოდ, რა არის შესრულების სამართლებრივი საფუძველი, მისი აზრით, რისთვის მიიღო შესრულება (იხ. სუსგ. №ას-494-474-2016, 08.06.2017წ.). საგულისხმოა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთი განაწილდა ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად.
15.6. წინამდებარე საქმეში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ შ.პ.ს. „კ“-სა და შ.პ.ს. „ბ.მ“-ს შორის 09.06.2021 წელს დადებული ხელშეკრულების ძალით მხარეებს შორის წარმოიშვა ნასყიდობის სამართალურთიერთობა, რომლის რომლის ფარგლებშიც შ.პ.ს. „ბ.მ“-მა შ.პ.ს. „კ“-ს მიაწოდა 66 400.56 ევროს საქონელი. ამავე ხელშეკრულების 3.2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ნასყიდობის თანხის 100% მყიდველის მიერ უნდა გადახდილიყო ავანსად, რაც შეადგენდა 66400.56 ევროს, გადახდის დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით ლარში. დგინდება, რომ სახელშეკრულებო ანგარიშსწორების მიზნით, გამყიდველმა შ.პ.ს. „კ“-ს სახელზე გამოწერა ორი ინვოისი: 1. 08.06.2021 წელს №21/4272 ღირებულებით 20217.6 ევრო და 2. 14.06.2021 წელს №21/4266 ღირებულებით 46182.96 ევრო. როგორც ხელშეკრულებით, ისე ინვოისებით, შ.პ.ს. „ბ.მ“-ის საბანკო ანგარიშად მითითებული იყო ს.ს. პ. ბ–ში“ არსებული GE08PC0133600100070798.
15.7. დადგენილია, რომ 09.06.2021 წელს შ.პ.ს. „კ“-მ საავანსო ანგარიშსწორება შ.პ.ს. „ბ.მ“-ის წინაშე განახორციელა 20 000 ლარის ოდენობით, რაც ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის (3.8316) შესაბამისად, 5219.75 ევრო შეადგინა, დანარჩენი საავანსო ანგარიშსწორება კი, შესრულდა არა შ.პ.ს. „კ“-ს, არამედ შ.პ.ს. „კ“-ს მიერ:
1. 14.06.2021 წელს, №21/4266 ინვოისის ფარგლებში შ.პ.ს. „ბ-მ“-ს ანგარიშზე 177 910.62 ლარის გადახდის გზით, რაც ოფიციალური გაცვლითი კურსის (3.8523) შესაბამისად, 46182.96 ევროს შეადგენდა.
2. 14.06.2021 წელს, №21/4272 ინვოისის ფარგლებში შ.პ.ს. „ბ-მ“-ს ანგარიშზე 57776.18 ლარის გადახდის გზით, რაც ოფიციალური გაცვლითი კურსის (3.8523) შესაბამისად, 14219.08 ევროს შეადგენდა.
როგორც შ.პ.ს. „კ“-ს, ისე შ.პ.ს. „კ“-ს მიერ საავანსო ანგარიშსწორება შესრულებულია სწორედ ს.ს. „პ.ბ–ში“ არსებულ GE08PC0133600100070798 ანგარიშზე გადარიცხვის გზით. საგულისხმოა, რომ თითოეული ტრანზაქციის დანიშნულებაში შ.პ.ს. „კ–ი“ უთითებდა, რომ თანხა პროდუქციის ღირებულებას წარმოადგენდა, ამასთანავე, ორივე შემთხვევაში, გადახდა იდენტიფიცირებულია ინვოისის ნომრებზე მითითებით.
15.8. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ 21.06.2021 წლიდან მოყოლებული, შ.პ.ს. „ბ-მ“-ის მიერ შ.პ.ს. „კ“-ს ანგარიშზე თანხის უკან დაბრუნებისა და ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნების დანიშნულებით შესრულებული გადარიცხვები, სახელდობრ: 21.06.2021 წელს გადარიცხული 50 000 ლარი, 22.06.2021 წელს ჯამში გადარიცხული 100 000 ლარი (50 000- 50 000 ლარის ოდენობით ორ ტრანშად), 23.06.2021 წელს გადარიცხული 50 000 ლარი და 25.06.2021 წელს გადარიცხული 30 317.31 ლარი, მიუთითებდა მასზედ, რომ კრედიტორმა უარი თქვა მესამე პირისგან განხორციელებულ შესრულებებზე.
15.9. შ.პ.ს. „ბ.მ“-ის მიერ შ.პ.ს. „კ“-ს ანგარიშზე თანხების გადარიცხვის ლოგიკას ნათელს ჰფენს ავანსის გადახდის ვალდებულების მესამე პირის მიერ შესრულების გზით შეწყვეტის მიუხედავად, შ.პ.ს. „კ“-ს მიერ 2021 წლის 21 ივნისიდან შ.პ.ს. „ბ.მ“-ისთვის თანხების ჩარიცხვის ფაქტი, სახელდობრ:
- 21.06.2021 წელს შ.პ.ს. „კ“-ს მიერ შ.პ.ს. „ბ.მ“-ის ანგარიშზე 50 000 ლარის გადარიცხვის ფაქტი;
- 22.06.2021 წელს შ.პ.ს. „კ“-ს მიერ შ.პ.ს. „ბ.მ“-ის ანგარიშზე ჯამში 100 000 ლარის (50 000 – 50 000 ლარი ორ ტრანშად) გადარიცხვის ფაქტი;
- 23.06.2021 წელს შ.პ.ს. „კ“-ს მიერ შ.პ.ს. „ბ.მ“-ის ანგარიშზე 50 000 ლარის გადარიცხვის ფაქტი;
- 25.06.2021 წელს შ.პ.ს. „კ“-ს მიერ შ.პ.ს. „ბ.მ“-ის ანგარიშზე 30 317.31 ლარის გადარიცხვის ფაქტი.
15.10. ზემოხსენებული ტრანზაქციების შედეგად, შ.პ.ს. „ბ.მ“-მა ერთი და იგივე ნასყიდობის საზღაური, პრაქტიკულად, ორჯერ მიიღო. საკასაციო პალატის განსჯით, ნასყიდობის საზღაური დაიფარა არა 21.06.2021წლიდან 25.06.2021 წლის ჩათვლით პერიოდში შ.პ.ს. „კ“-ს მიერ შესრულებული გადარიცხვებით, არამედ, უფრო ადრე, 09.06.2021 წელს შ.პ.ს. „კ“-ს მიერ 20 000 ლარისა და 14.06.2021 წელს შ.პ.ს. „კ“-ს მიერ 235686.8 ლარის შ.პ.ს. „ბ-მ“-ის ანგარიშზე გადარიცხვის გზით.
15.11. 21.06.2021 წლიდან მოყოლებული შ.პ.ს. „კ“-ს მიერ შესრულებული ჩარიცხვების დატოვების სამართლებრივი საფუძველი შ.პ.ს. „ბ-მ“-ს არ გააჩნდა, ვინაიდან ერთი ვალდებულების ორჯერ შესრულებით კრედიტორი უსაფუძვლოდ გამდიდრებულად ჩაითვლებოდა. ამის გამო, შ.პ.ს. „კ“-ს მიერ ჩარიცხული თანხები, მყისიერად, სრული მოცულობით, შ.პ.ს. „ბ-მ“-მა გადაურიცხა შ.პ.ს. „კ–ს“ (21.06.2021 წელს - 50 000 ლარი; 22.06.2021 წელს -100 000 ლარი (50 000 – 50 000 ლარი ორ ტრანშად); 23.06.2021 წელს - 50 000 ლარი; 25.06.2021 წელს - 30 317.31 ლარი).
15.12. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს 11.05.2023 წლის სასამართლო სხდომაზე თავად კასატორის მხარის მიერ წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებას, შ.პ.ს. „კ“-ს სარჩელის საფუძველზე შ.პ.ს. „ბ-მ“-ისთვის 09.06.2021 წლის ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, რომლის 3.1.6 პუნქტით უდავო ფაქტად არის დადგენილი ის გარემოება, რომ შ.პ.ს. „ბ.მ“-ის მიერ თანხის უშუალოდ შ.პ.ს. „კ“-ს ანგარიშზე დაბრუნებას საფუძვლად ედო შ.პ.ს. „კ“-ს მოთხოვნა. (იხ. ს.ფ. 87).
15.13. შ.პ.ს. „კ“-ს ვალდებულებების შ.პ.ს. „კ“-ს ფულადი სახსრებით შესრულებასა და შ.პ.ს. „კ“-სთვის დასაბრუნებელ თანხებზე მითითების განხორციელებას, რომ ხსენებული თანხები შ.პ.ს. „კ–ს“ დაბრუნებოდა, მარტივად ხსნის ის ფაქტი, რომ როგორც შ.პ.ს. „კ“-ს, ისე შ.პ.ს. „კ“-ს ერთადერთი დამფუძნებელი და დირექტორი ერთი და იგივე ფიზიკური პირი - ი.კ–იაა (იხ. ს.ფ. 49-52).
15.14. ამრიგად, კრედიტორმა, 14.06.2021 წელს თანხები მიიღო არა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, არამედ, პირიქით, ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულების ძალით წარმოშობილი ნასყიდობის საზღაურის გადახდის ანგარიშში, მესამე პირისგან, აღნიშნული ტრანზაქციებით კი, ვალდებულება შეწყდა მესამე პირის მიერ მისი შესრულებით (სსკ 371-ე და 427-ე მუხლების შესაბამისად).
16. საკასაციო პალატისთვის ნათელია, რომ სადავო თანხა წარმოშვა 14.06.2021 წლიდან 25.06.2021 წლის დროის პერიოდში კურსთა შორის სხვაობამ, კერძოდ, თუკი 14.06.2021 წლის მდგომარეობით, ნასყიდობის ნარჩენი საფასურის გადასახდელად, ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, საჭირო იყო 235 686.8 ლარი, მომდევნო დღეებში ვალუტის კურსის შემცირების შედეგად, იმავე ოდენობის ევროს შესყიდვა შესაძლებელი გახდა 5 369.49 ლარით ნაკლები ღირებულებით. ვალდებულების შესრულების გზით შეწყვეტის შემდეგ კი, დაუშვებელია კრედიტორს მოეთხოვოს ვალუტის კურსის შემცირების შედეგების საკუთარ თავზე აღება.
17. ამრიგად, მოპასუხე სადავო თანხით არ გამდიდრებულა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, არამედ იგი მიიღო ნამდვილი ვალდებულების შესრულების ანგარიშში. სსკ 986-ე მუხლის მიზნებისათვის, გამდიდრებულად შესაძლოა ჩაითვალოს ის, ვინც მესამე პირის შესრულებით საკუთარი ფულადი სახსრები დაზოგა, ესე იგი, შ.პ.ს. „კ–ნა“.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სამართლებრივ შეფასებებთან მიმართებით წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზიები კი, არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ დასაშვებობის არცერთ კრიტერიუმს, რაც საკასაციო პრეტენზიის დაუშვებლად მიჩნევის საფუძველია.
19. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, კასატორს უკან დაუბრუნდება საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელწიფო ბაჟის - 300 ლარის 70%, რაც შეადგენს 210 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ.პ.ს. „კ"-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. „კ"-ს (ს/კ .......) დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის (საგადახდო დავალება № 23873418771, გადახდის თარიღი: 24.09.2024წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „საქართველოს ბანკი“) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი