Facebook Twitter

31 დეკემბერი 2024 წელი

№ას-250-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ქედის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე - ს.ს. „თ.დ–ვა“

მესამე პირი - შ.პ.ს. „ნ.ს.ბ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „I აპელანტი“, „კასატორი“, „ბენეფიციარი“, „შემსყიდველი“, „შემკვეთი“) სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს ს.ს. „თ.დ–ვა“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „II აპელანტი“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „გარანტი“) მიმართ, 26 375.20 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2. 2020 წლის 05 მარტს, ქედის მუნიციპალიტეტის მერიასა და შ.პ.ს. „ნ.ს.ბ–ი“-ს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „პრინციპალი“, „მიმწოდებელი“, მენარდე“) შორის გაფორმდა №41 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლითაც მერიამ შ.პ.ს. „ნ.ს.ბ–ი“-ს დაუკვეთა დაბა ქედაში, ....... მდებარე ორსართულიანი შენობის რეკონსტრუქცია. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, შ.პ.ს. „ნ.ს.ბ–ი“-მ მერიას წარუდგინა ს.ს. „თ.დ–ვა“-ს საბანკო გარანტია, რომლითაც სადაზღვევო კომპანიამ შ.პ.ს. „ნ.ს.ბ–ი“-ს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისას იკისრა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №41 ხელშეკრულების შესრულების მიზნით, შ.პ.ს. „ნ.ს.ბ–ი“-მ მერიისაგან ავანსად მიიღო 92 999.68 ლარი, თუმცა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა სრულად. ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მერიამ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება და ს.ს. „თ.დ–ვა“-საგან მოითხოვა ავანსად გადახდილი თანხის ანაზღაურება. სადაზღვევო კომპანიამ მერიას აუნაზღაურა 46 109 ლარი, ხოლო 26 375.20 ლარის ანაზღაურებაზე უთხრა უარი, რაც, მოსარჩელის განსჯით, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2020 წლის 03 დეკემბერს ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ საგარანტიო თანხის - 72 484.20 ლარის ანაზღაურება მოითხოვა. მერია მოთხოვნაში განმარტავდა, რომ პრინციპალის მიერ შესრულდა 33 585.80 ლარის სამუშაოები, საიდანაც, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, 12 746 ლარი დაექვითა პირგასამტეხლოს ანგარიშში, ხოლო 20 151.48 ლარით შეუმცირდა ავანსის თანხა. ბენეფიციარის მოთხოვნის შესახებ ეცნობა პრინციპალს, რომელიც არ დაეთანხმა მოთხოვნას და განმარტა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა არამართლზომიერად, ამასთან, მის მიერ დამატებით შესრულდა 13 304.88 ლარის სამუშაოები, რაც დასტურდებოდა ორმხრივად ხელმოწერილი ფორმა №2-ით და სხვა დოკუმენტებით. მხარეთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდებოდა ხელშეკრულების ფარგლებში 46 890.68 ლარის სამუშაოების შეუსრულებლობის ფაქტი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ს.ს. „თ.დ“-ს მიერ 2020 წლის 10 დეკემბრის №1/20-1607 წერილით, ბენეფიციარს ეთხოვა საბანკო გარანტიის პირობების შესაბამისად დაზუსტებული მოთხოვნის წარდგენა. ვინაიდან ბენეფიციარის მიერ არ მოხდა მოთხოვნის დაზუსტება, ს.ს. „თ.დ“-მ საბანკო გარანტიის პირობების შესაბამისად, მერიას გადაუხადა ავანსად გაცემული თანხის ნაწილი - 46 109 ლარი, ხოლო 26 375.20 ლარის გადახდაზე განაცხადა უარი, მოთხოვნის საბანკო გარანტიის პირობებთან შეუსაბამობის გამო. საბანკო გარანტია მოიცავდა საგარანტიო თანხის ანაზღაურების პირობებს და წესს, სწორედ აღნიშნულის გამო, მერიას არ აუნაზღაურდა ის თანხა, რომელიც გაქვითული იქნა პირგასამტეხლოს ანგარიშში, ასევე არ აუნაზღაურდა ის თანხა, რომელიც შ.პ.ს. „ნ.ს.ბ“-ს შესრულებული ჰქონდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ს.ს. „თ.დ“-ს ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა 13 304 ლარის გადახდა; სასარჩელო მოთხოვნა 12 746 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ისე მოპასუხემ. მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნას წარმოადგენდა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხე სააპელაციო საჩივრით მოითხოვდა სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7.1. 2020 წლის 05 მარტს შ.პ.ს. „ნ.ს.ბ“-სა და ქედის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა სახელწიფო შესყიდვის შესახებ №41 ხელშეკრულება, რომლითაც ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ, მუზეუმის გასანთავსებლად, შ.პ.ს. „ნ.ს.ბ“-ს დაუკვეთა დაბა ქედაში, .......... მდებარე ორსართულიანი შენობის რეკონსტრუქცია. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად: ხელშეკრულების ჯამური ღირებულება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით, შეადგენდა 309 998.94 ლარს (1.2 პუნქტი);

ხელშეკრულების თანახმად, ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდებოდა როგორც შუალედური შესრულების (ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები), ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დასრულების შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოს აქტის - ფორმა №2, ანაზღაურების სერტიფიკატის - ფორმა №3, ფარული სამუშაოების აქტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადასტურებული შემსყიდველის წარმომადგენლის მიერ, მასალების სერტიფიკატის, სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის და ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში (2.3 პუნქტი);

მიმწოდებელი ანგარიშსწორებისას ვალდებული იყო, წარმოედგინა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების (დამატებული ღირებულების გათვალისწინებით) ღირებულება საანგარიშო პერიოდისა და ნაზარდი ჯამის ჩვენებით (2.4 პუნქტი);

მიმწოდებელზე გასაცემი საავანსო თანხა განისაზღვრა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების არაუმეტეს 30%-ისა (2.9 პუნქტი);

შესყიდვის ობიექტზე წარმოდგენილი სამუშაოს შესრულების აქტები - ფორმა №2 და მიღება-ჩაბარების აქტები დამოწმებული უნდა ყოფილიყო მიმწოდებლის მხრიდან სხვა პასუხისმგებელ პირებთან ერთად საინჟინრო განათლების მქონე სპეციალისტის მიერ (4.4 პუნქტი);

ხელშეკრულების საგნის როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი მიღება-ჩაბარებისათვის მიწოდებელს უნდა წარედგინა შემსყიდველისათვის შესრულებული სამუშაოების აქტი - ფორმა №2, ანაზღაურების სერტიფიკატი - ფორმა №3, ფარული სამუშაოების აქტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადასტურებული შემსყიდველის წარმომადგენლის მიერ, მასალების სერტიფიკატი, სამუშაოს მიღება- ჩაბარების აქტი (4.5 პუნქტი);

ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების ვადად განისაზღვრა 180 კალენდარული დღე, 2020 წლის 01 სექტემბრამდე. სამუშაოები უნდა დაწყებულიყო ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღის ვადაში. სამუშაოების დაწყების შესახებ წერილობით უნდა ეცნობებინა შემსყიდველისათვის (7.1 პუნქტი);

სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო 6 ეტაპად, დაყოფილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, კერძოდ: პირველი ეტაპი - ხელშეკრულების ღირებულების 10%, მეორე ეტაპი - ხელშეკრულების ღირებულების 15%; მესამე ეტაპი - ხელშეკრულების ღირებულების 15%; მეოთხე ეტაპი - ხელშეკრულების ღირებულების 20%; მეხუთე ეტაპი - ხელშეკრულების ღირებულების 20%; მეექვსე ეტაპი - ხელშეკრულების ღირებულების 20%. თითოეული ეტაპი შეიცავდა 30 კალენდარულ დღეს (7.2 პუნქტი);

ხელშეკრულება ძალაში იყო ხელმოწერის მომენტიდან 2020 წლის 01 ოქტომბრამდე (7.3 პუნქტი);

მიმწოდებლის მიერ სამუშაოთა ეტაპის დასრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცლებულ დღეზე დაერიცხებოდა პირგასამტეხლო, შესაბამისი ეტაპის ღირებულების 0.1% (8.3 პუნქტი);

მხარეები გათავისუფლდებოდნენ პასუხისმგებლობისაგან, თუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შუესრულებლობა გამოწვეული იქნებოდა ფორსმაჟორული მდგომარეობით ან/და მხარეები ხელშეკრულების შესრულების პროცესში წააწყდებოდნენ ისეთ ხელშემშლელ გარემოებებს, რომელიც გამოწვეული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული ფორსმაჟორული გარემოებებით (9.1 პუნქტი);

ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარეს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, რაზედაც აცნობებდა მეორე მხარეს წერილობითი ფორმით (10.1 პუნქტი);

ხელშეკრულების შეწყვეტის გაფორმება მოხდებოდა ორმხრივი შეთანხმებით, მაგრამ შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მხარეებს უფლება ჰქონდათ გამოეყენებინათ ხელშეკრულების ცალმხრივად (წერილობითი ფორმით) შეწყვეტის შესაძლებლობა (10.3 პუნქტი);

შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ვადამდე ცალმხრივად შეეწყვიტა ამ ხელშეკრულების მოქმედება, თუ: ა) მიმწოდებელი დაარღვევდა ამ ხელშეკრულების პირობებს (არ შეასრულებდა ან არაჯეროვნად შეასრულებდა); ე) მიმწოდებლის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა გადააჭარბებდა ხელშეკრულების ღირებულების 2%-ს; ვ) იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი სამუშაოებს გეგმა-გრაფიკის მიხედვით განსაზღვრული რომელიმე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულების 80%-ზე ნაკლებს შეასრულებდა, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო 6 ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება (10.4 პუნქტი)

7.2. სახელწიფო შესყიდვის შესახებ №41 ხელშეკრულების შესრულების მიზნით, შ.პ.ს. „ნ.ს.ბ“-მ, ქედის მუნიციპალიტეტის მერიისაგან ავანსად მიიღო 92999.68 ლარი.

7.3. სახელწიფო შესყიდვის შესახებ №41 ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, შ.პ.ს. „ნ.ს.ბ“-მ მერიას წარუდგნა ს.ს. „თ.დ“-ს საბანკო გარანტია. კერძოდ, საბანკო გარანტიის ხელშეკრულების საფუძველზე, 2020 წლის 04 მარტს, გაიცა საბანკო გარანტია APB/20 - 055226, რომლის პირობების შესაბამისად, ს.ს. „თ.დ–ვა“ კისრულობდა ვალდებულებას, გადაეხადა საგარანტიო თანხა 15 500 ლარის ფარგლებში, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე პირველივე მოთხოვნისთანავე. მოთხოვნა გარანტს უნდა წარედგინა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში. საბანკო გარანტიის ვადა განსაზღვრულია 2020 წლის 04 მარტიდან - 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით.

7.4. ს.ს. „თ.დ“-სა და შ.პ.ს. „ნ.ს.ბ“-ს შორის გაფორმებული საბანკო გარანტიის ხელშეკრულების საფუძველზე, 2020 წლის 17 ივნისს, გაიცა უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია APB/20 - 092646, რომლის პირობების შესაბამისად, ს.ს. „თ.დ“-მ გასცა საბანკო გარანტია 92 999.68 ლარის ფარგლებში და იკისრა ვალდებულება იგი გადაეხადა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე პირველივე მოთხოვნისთანავე. მოთხოვნა გარანტს უნდა წარედგინა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში. საბანკო გარანტიის ვადა განსაზღვრული იყო 2020 წლის 03 დეკემბრიდან 2020 წლის 08 დეკემბრის ჩათვლით. გარანტია მოიცავდა ბენეფიციარის მიერ პრინციპალისათვის ფაქტობრივად გადახდილი საავანსო ანგარიშსწორების თანხას და შემოიფარგლებოდა მხოლოდ ამ საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ვალდებულებით, ნებისმიერი სხვა დამატებითი ვალდებულებისა და კერძო თუ საჯარო-სამართლებრივი სანქციების გარეშე. გარანტიის თანხა შემცირდებოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის პროპორციულად. ბენეფიციარის წერილობით მოთხოვნაში უნდა აღენიშნა პრინციპალის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ფაქტი და მოთხოვნის (ზარალის) ოდენობა, ასევე მას თან უნდა დაერთო აღნიშნული ფაქტისა და ოდენობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები. ბენეფიციარის უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი მოთხოვნა გარანტს უნდა წარედგინა ამ საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში. მოთხოვნის წარდგენის დღედ ჩაითვლებოდა მოთხოვნის უშუალოდ გარანტთან ჩაბარების დღე.

7.5. სახელწიფო შესყიდვის შესახებ №41 ხელშეკრულების შესრულების მიზნით, შ.პ.ს. „ნ.ს.ბ“-მ დაიწყო სამუშაოთა შესრულება. პირველი ტრანშით შესრულებულმა სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა - 33 585.62 ლარი, საიდანაც საავანსო თანხის ანგარიშში დაკავებული იქნა 20 151.48 ლარი. ანუ ავანსად გაცემული 92 999.68 ლარი შემცირდა 20 151.48 ლარით. კომპანიას ასანაზღაურებელი თანხიდან 12 746 ლარი გაექვითა პირგასმტეხლოს ანგარიშში, გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო. პირველი ანგარიშსწორება განხორციელდა 2020 წლის ოქტომბრის ბოლოს. აღნიშნულის შემდეგ, შ.პ.ს. „ნ.ს.ბ“-მ ქედის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინა შესრულებული სამუშაოების აქტი (ფორმა №2), გადახდის სერტიფიკატი და ინსპექტირების ანგარიში. მათ საფუძველზე მოითხოვა მეორე ტრანშით შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება. პირველი ტრანშით ანაზღაურდა 33 585.80 ლარი. პირველი ტრანშის შემდეგ შესრულებული სამუშაოების ღირებულება სადავო გახდა. შ.პ.ს. „ნ.ს.ბ–ი“ მოითხოვდა 13 304.88 ლარის სამუშაოების ანაზღაურებას, თუმცა მერიამ 13 304.88 ლარის სამუშაოები არ მიიღო და, შესაბამისად, არც აანაზღაურა.

7.6. 2020 წლის 05 მარტის ხელშეკრულება №41 ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ 2020 წლის 25 ნოემბერს ცალმხრივად შეწყვიტა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევის გამო.

7.7. შედეგად, 2020 წლის 03 დეკემბრის N03/4468 და 2021 წლის 10 თებერვლის N03/383 წერილებით ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსთხოვა ს.ს. „თ.დ“-ს საგარანტიო თანხის - 72 484.20 ლარის ანაზღაურება, საიდანაც ს.ს. „თ.დ–ვა“-მ მერიას გადაუხადა მხოლოდ 46 890.68 ლარი, ხოლო არ გადაუხადა 26 375.20 ლარი, რომლის ანაზღაურებაზე უარის თქმა დასაბუთებულია იმით, რომ 13 304.88 ლარის სამუშაოები შ.პ.ს. „ნ.ს.ბ“-ს შესრულებული აქვს, რის გამოც იგი არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ხოლო 12 746 ლარი არ აანაზღაურა იმის გამო, რომ საბანკო გარანტია არ ვრცელდებოდა პირგასამტეხლოს სახით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე.

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:

8.1. მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან. სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლი.

8.2. საბანკო გარანტიის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს შეთანხმება გადასახდელი თანხის ოდენობასთან მიმართებით. სამოქალაქო კოდექსის 888-ე მუხლი არეგულირებს გარანტის ვალდებულების ფარგლების საკითხს, რომლის თანახმად საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზეც გაიცა გარანტია. ასევე, გარანტიის პირობას შეიძლება წარმოადგენდეს, თუ რომელი ვალდებულების შესასრულებლად იქნა გაცემული საბანკო გარანტია.

8.3. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №41 ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, ს.ს. „თ.დ“-სა და შ.პ.ს. „ნ.ს.ბ“-ს შორის გაფორმებული საბანკო გარანტიის ხელშეკრულების საფუძველზე 2020 წლის 17 ივნისს გაცემული APB/20 – 092646 საბანკო გარანტია 92 999.68 ლარის ფარგლებში ითვალისწინებდა გარანტის ვალდებულებას, გადაეხადა საგარანტიო თანხა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე პირველივე მოთხოვნისთანავე.

8.4. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ს.ს. „თ.დ“-ს პოზიცია, რომ ვინაიდან შ.პ.ს. „ნ.ს.ბ“-მ შეასრულა 13 304.88 ლარის სამუშაოები, საბანკო გარანტიის ხელშეკრულების პირობის ფარგლებში მისი ანაზღაურება გამოირიცხებოდა. პალატამ შენიშნა, რომ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, რის გამოც აღნიშნული მოსაზრება გაზიარებული ვერ იქნება. შესაბამისად, ამ ნაწილში შემსრულებელმა შეასრულა თუ არა ამ ოდენობით სამუშაოები, საბანკო გარანტიის თანხის გადაცემაზე გავლენას ვერ იქონიებს. ამდენად, 13 304.88 ლარის ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნა ჩაითვალა საფუძვლიანად.

8.5. დარჩენილი 12 746 ლარის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობის შესაბამისად, გარანტია მოიცავდა ბენეფიციარის მიერ პრინციპალისათვის ფაქტობრივად გადახდილი საავანსო ანგარიშსწორების თანხას და შემოიფარგლებოდა მხოლოდ ამ საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ვალდებულებით, ნებისმიერი სხვა დამატებითი ვალდებულებისა და კერძო თუ საჯარო-სამართლებრივი სანქციების გარეშე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი, დგინდებოდა რომ აღნიშნული ოდენობის თანხა - შესრულებული სამუშოების ღირებულება მერიამ გაქვითა პირგასამტეხლოს ანგარიშში, სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის. შესაბამისად, თვით მხარეთა მიერ შეთანხმებული საბანკო გარანტიის პირობის შესაბამისად, იგი არ ექვემდებარებოდა ს.ს. „თ.დ“-ს მიერ ანაზღაურებას, ვინაიდან მხარეთა შეთანხმებით პირდაპირ გათვალისწინებული იყო, რომ გარანტია არ მოიცავდა სანქციას - ამ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს. ამდენად, 12 746 ლარის ნაწილში სარჩელი ჩაითვალა უსაფუძვლოდ.

9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. მისი საკასაციო მოთხოვნაა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების დროს განხორციელებულ პროცესებს, ვინაიდან ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ მხარეებს შორის არსებული №41 ხელშეკრულების შესაბამისად შ.პ.ს. „ნ.ს.ბ–ს“ აუნაზღაურა პირველი ტრანშით მოთხოვნილი შესრულებული სამუშაოების ღირებულება, რომელიც სულ ჯამში შეადგენდა 33 585.62 ლარს, საიდანაც საბანკო გარანტიის ხელშეკრულების საფუძველზე გაიქვითა 20 151.48 ლარი, ხოლო დასახელებული სამუშაოების შესრულების ვადაგადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლო - 12 746 ლარი გამოიქვითა შ.პ.ს. „ნ.ს.ბ–ზე“ ჩასარიცხი 13 707.14 ლარიდან. პირგასამტეხლოს თანხის დაკავებას კავშირი არ ჰქონდა საბანკო გარანტიით გაცემული ავანსის თანხაში ჩათვლასთან, შესაბამისად, 12746 ლარის აღიარება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებაში არ არის სწორი, რადგან იგი არის ვადაგადაცილებით შესრულებულ 33585.62 ლარის ღირებულების სამუშაოებზე დარიცხული პირგასამტეხლოა და არა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. უწინარესად, პალატა აღნიშნავს, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს 13 304.88 ლარის გარანტისათვის დაკისრების მართებულობა, ვინაიდან კასატორი მხარე, მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ ბენეფიციარია, რომელიც ასაჩივრებს სასამართლოს უარს საბანკო გარანტიის ფარგლებში დამატებით 12 746 ლარის ანაზღაურებაზე.

15.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის მიხედვით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

15.2. საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. საგულისხმოა, რომ ასეთი მიდგომა ბენეფიციარის უფლების დასაცავად, გამოწვეულია საქონლის/მომსახურების სწრაფად მზარდი ბრუნვით როგორც ქვეყნის შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებაში და მისი შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გარემოება დადგება.

15.3. სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე.

15.4. საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი.

15.5. საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობას ძირითადი, უზრუნველყოფილი ვალდებულებისაგან (პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის არსებული ვალდებულება), განაპირობებს მისი არააქცესორული ბუნება. თავად საბანკო გარანტია წარმოადგენს დამოუკიდებელ ვალდებულებას (სსკ-ის 881-ე მუხლი).

15.6. პრინციპალის ძირითადი ვალდებულების გაბათილება, შეწყვეტა ან სამართლებრივი ვითარების სხვაგვარი შეცვლა, თავისთავად არ გამოიწვევს საბანკო გარანტიის მოქმედების შეწყვეტას. ამიტომაც, საბანკო გარანტიაში მკაფიოდ უნდა აისახოს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები. მხარეები საბანკო გარანტიაში ჩვეულებრივ თვითონ განსაზღვრავენ იმ წინაპირობებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ბენეფიციარი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდა.

15.7. საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე გარანტის მხრიდან შესასრულებელია იმ მომენტიდან, როდესაც ბენეფიციარი გარანტს წარუდგენს მოთხოვნას ფულადი თანხის გადახდის შესახებ.

15.8. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოდავე მხარეთა შორის წარმოშობილია საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, მოპასუხემ, მესამე პირის სასარგებლოდ 2020 წლის 05 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №41 ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გასცა საბანკო გარანტია, რომლითაც მოპასუხემ ვალდებულება იკისრა მოსარჩელის წინაშე, რომ მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაუბრუნებდა მას საავანსო ანგარიშსწორების წესით პრინციპალისათვის გადახდილ თანხას. 17.06.2020 წელს გაცემული APB/20-092646 საბანკო გარანტიით განისაზღვრა, რომ გარანტია მოიცავდა საავანსო ანგარიშსწორების უზრუნველყოფას, მაგრამ არ მოიცავდა პრინციპალზე დაკისრებულ საჯარო ან კერძოსამართლებრივ სანქციას (ჯარიმა, პირგასამტეხლო) ან დამატებით ხარჯებს (ექსპერტიზის საფასური და სხვ.). გარანტიის თანხა შემცირდებოდა პრინციპალის მიერ საქონლის, მომსახურებისა თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის ოდენობით.

15.9. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მესამე პირისათვის (პრინციპალისთვის), APB/20-092646 საბანკო გარანტიის საფუძველზე, საავანსო ანგარიშსწორების ფარგლებში გადახდილი იქნა 92 999.68 ლარი.

15.10. სამოქალაქო კოდექსის 887.I მუხლის თანახმად, გარანტი უფლებამოსილი და ვალდებულიცაა შეამოწმოს, თუ რამდენად შეესაბამება ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტიის პირობებს. ბენეფიციარის მოთხოვნისა და მასზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობის შემოწმება გარანტიის პირობებთან მოიცავს იმასაც, თუ რამდენად დაიცვა ბენეფიციარმა მოთხოვნის წარდგენისას სსკ-ის 885-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები. უზენაესი სასამართლო პრაქტიკაში განმარტებულია: „სსკ-ის 885-ე მუხლი ავსებს სსკ-ის 887.I მუხლის დანაწესს მოთხოვნისა და თანდართული დოკუმენტების გარანტიის პირობებისადმი შესაბამისობის შესახებ“ (იხ. სუსგ. №ას-781-996-08, 17.03.2009წ.). თუ შემოწმების შედეგად გარანტი დაასკვნის, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა ან მასზე თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს ან ისინი გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ წარედგინა, იგი უარს ეტყვის ბენეფიციარს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. გარანტს უფლება არა აქვს სხვა საფუძვლით განაცხადოს უარი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

15.11. სსკ-ის 888-ე მუხლის მიხედვით, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია (იხ. სუსგ. №ას-782-739-2015, 19.10.2015წ.).

15.12. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ პირველ ეტაპზე შ.პ.ს. „ნ.ს.ბ–ი“-ს მიერ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ შესრულებულმა სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა - 33 585.62 ლარი, საიდანაც საავანსო თანხის ანგარიშში დაკავებული იქნა 20 151.48 ლარი, ხოლო 12 746 ლარი გაექვითა პირგასმტეხლოს ანგარიშში, გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო. აღნიშნული სანქციის დაკისრების გამო, ავანსად გაცემული 92 999.68 ლარი შემცირდა 20 151.48 ლარით.

15.13. ვინაიდან ავანსის საბანკო გარანტია პირგასამტეხლოს არ ფარავდა, პალატის შეფასებით, შესრულებული სამუშაოების ანგარიშიდან პრინციპალისთვის პირგასამტეხლოს გამოქვითვის აქტი საბანკო გარანტიაზე ზეგავლენას ვერ იქონიებდა, მაშასადამე, განსხვავებით ავანსისაგან, თავად ავანსის გარანტია შემცირდა არა 20 151.48 ლარით, არამედ პირველი ეტაპის შესრულებული სამუშაოების ღირებულებით სრულად, ესე იგი, 33 585.62 ლარით და შეადგინა 59 414.06 ლარი, საიდანაც 46 109 ლარი ბენეფიციარმა გარანტისაგან მიიღო ნებაყოფლობით, წინამდებარე დავის ინიცირებამდე, ხოლო 13 304.06 ლარი - წინამდებარე დავის შედეგად. ამრიგად, საბანკო გარანტია სრული მოცულობით განაღდებულია.

15.14. გარანტმა საბანკო გარანტიის ძალით ნათლად და მკაფიოდ განსაზღვრა მისი პასუხისმგებლობის ფარგლები ბენეფიციარის წინაშე და არაორაზროვნად მიუთითა, რომ იგი პასუხისმგებლობას არ იღებდა პრინციპალისთვის ბენეფიციარის მიერ პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხების საბანკო გარანტიის ფარგლებში ანაზღაურებაზე. სწორედ ამ შინაარსის საბანკო გარანტიის არსებობის პირობებში განახორციელა ბენეფიციარმა პრინციპალის წინაშე საავანსო ანგარიშსწორება. მაშასადამე, კასატორის მოლოდინი, რომ მიღებული შესრულების ღირებულებიდან პირგასამტეხლოს დაკავებით, დააბრკოლებდა არამარტო ავანსის მოცულობის, არამედ საბანკო გარანტიის მოცულობის შემცირებასაც, არ შეესაბამება საბანკო გარანტიით ნათლად გაცხადებულ საგამონაკლისო დანაწესებს და, მაშასადამე, დაცვის ღირს მოლოდინად საკასაციო პალატის მიერ მიჩნეული ვერ იქნება. ამ ნაწილში მოპასუხის უარი გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდაზე შეესაბამება საავანსო ანგარიშსწორების შესახებ საბანკო გარანტიის საგამონაკლისო პირობებს.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

17. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებული პირია, ამდენად, წინამდებარე საქმეში არ ვლინდება საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის თანმდევ შედეგად სახელმწიფო ბაჟის ნაწილობრივ დაბრუნების საკითხზე მსჯელობის საპროცესოსამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქედის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი