31 დეკემბერი 2024 წელი საქმე №ას-389-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები - ლ.მ–ი, მ.ჭ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - თ.ბ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 06 მარტის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. თ.ბ–ძემ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ლ.მ–ისა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „I მოპასუხე“, „გამყიდველი“) და მ.ჭ–ის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „II მოპასუხე“, „მყიდველი“; გამყიდველი და მყიდველი ერთად მოხსენიებულნი, როგორც „აპელანტები“ და „კასატორები) მიმართ, უძრავ ნივთებზე, მდებარე: ქ. ქუთაისი, ........., საკადასტრო კოდი ......... – 43.68 კვ.მ.; ს/კ ........... – 44.25 კვ.მ.; ს/კ .......... – 14.71 კვ.მ., 14.06.2019 წელს ლ.მ–სა და მ.ჭ–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და მ.ჭ–ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთების, მდებარე: ქ. ქუთაისი, ..........., ს/კ ............; ს/კ ..........; ს/კ .......... - ½ წილის მესაკუთრედ თ.ბ–ძის ცნობის მოთხოვნებით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. თ.ბ–ძე და ლ.მ–ი დაქორწინდნენ 2009 წლის 15 აპრილს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი. თ.ბ–ძემ და ლ.მ–მა თანაცხოვრების პერიოდში შეიძინეს საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. ქუთაისი, ........, მასთან ფაქტობრივად გააერთიანეს ორი საცხოვრებელი ბინა, თუმცა ერთიანი ნახაზი არ მოუმზადებიათ და აღნიშნული ბინა სამ საკადასტრო კოდად არის წარმოდგენილი (ს/კ ..........; ს/კ ...........; ს/კ ......... სულ 102.64 კვ.მ.), რომელთა შეძენის პერიოდიც სხვადასხვა პერიოდებით თარიღდება. თითოეული ფართი აღირიცხებოდა ლ.მ–ის საკუთრებად.
2.2. დაახლოებით 2019 წელს მეუღლეებს შორის დაიძაბა ურთიერთობა, ხშირად იყო უთანხმოება და კონფლიქტი, რამაც იძულებული გახადა თ.ბ–ძე, წასულიყო სახლიდან სამ შვილთან ერთად. მან არაერთხელ სცადა ურთიერთობების აღდგენა, თუმცა უშედეგოდ. თ.ბ–ძე უკვე ერთი წელია, რაც საკუთარი დედ-მამის ოჯახში ცხოვრობს და არანაირი ცოლქმრული ურთიერთობა აღარ გააჩნია ლ.მ–თან.
2.3. 2020 წლის ივნისში მოსარჩელე თ.ბ–ძისთვის ცნობილი გახდა ის ფაქტი, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონება, მდებარე ქ.ქუთაისში, .........., უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, კანონით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან თავის არიდებისა და მოსარჩელისათვის ერთად შეძენილი ქონებიდან კუთვნილი წილის მიღებაში ხელშეშლის მიზნით, 2019 წლის 14 ივნისს გადააფორმა მის დეიდაშვილზე მ.ჭ–ზე, რომელიც ლ.მ–ის დედის - მ.კ–ძის დისშვილია. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა ისე, რომ თ.ბ–ძემ ამის შესახებ არაფერი იცოდა, მისთვის ეს გარემოება ცნობილი გახდა მხოლოდ 2020 წლის ივნისში. ფაქტობრივად არ მომხდარა საკუთრების უფლების გადაცემა მ.ჭ–ზე და ნასყიდობა წარმოადგენდა მოჩვენებით გარიგებას. ლ.მ–ი დღემდე ცხოვრობს ამ ბინაში, მ.ჭ–ი კი, ცხოვრობს სხვა სახლში და მას ამ ბინაში არასდროს უცხოვრია. აღნიშნულის გამო, ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა გაბათილდეს და მოსარჩელეს უნდა მიეკუთვნოს ½ ნაწილი სადავო ქონებიდან.
მოპასუხეების პოზიცია:
3. მოპასუხეებმა ერთობლივად წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სადავო ქონება ქ. ქუთაისის მერიის მიერ 1995 წელს გადაეცა ლ.მ–ის ოჯახს, სწორედ ამ ბინაში მიიყვანა ლ.მ–მა მისი მეუღლე პირველად, რაც დასტურდება მხარეთა ქორწინების ამსახველი ვიდეოკადრებით. სადავო ნივთი არ წარმოადგენს ნასყიდობით შეძენილ ქონებას და არ განიხილება მსგავსი სასარჩელო მოთხოვნის ჭრილში. დღეის მდგომარეობით, სამივე უძრავი ნივთი გასხვისებულია კეთილსინდისიერ შემძენზე, შესაბამისად ქონებას ჰყავს ახალი, როგორც ფაქტობრივი, ისე იურიდიული მესაკუთრე/მფლობელი, რომელმაც გაარემონტა ბინა, შეიტანა ავეჯი და გასწია ყველანაირი ხარჯი, რის გამოც სარჩელი უსაფუძვლოა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით:
4.1. ბათილად იქნა ცნობილი ლ.მ–სა და მ.ჭ–ს შორის 14.06.2019 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ქუთაისი, .........., ს/კ .......... – 43.68 კვ.მ.; ს/კ .......... – 44.25 კვ.მ.; ს/კ ......... – 14.71 კვ.მ..
4.2. თ.ბ–ძე ცნობილი იქნა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქუთაისი, .........., ს/კ ......... – 43.68 კვ.მ.; ს/კ .......... – 44.25 კვ.მ.; ს/კ ........ – 14.71 კვ.მ. – ½ ნაწილის მესაკუთრედ.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 06 მარტის გადაწყვეტილებით:
6.1. ლ.მ–ის და მ.ჭ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
6.2. ცვლილება შევიდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებაში უძრავ ქონებაზე დადებული გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტი) და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თ.ბ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
6.3. ბათილად იქნა ცნობილი ლ.მ–სა და მ.ჭ–ს შორის 14.06.2019 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, უძრავი ქონების ½ ნაწილში, მდებარე: ქ. ქუთაისი, ........., ს/კ ........ – 43.68 კვ.მ.; ს/კ ........ – 44.25 კვ.მ.; ს/კ ....... – 14.71 კვ.მ.;
6.4. სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავის გადასაწყვეტად მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. თ.ბ–ძე და ლ.მ–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2009 წლის 15 აპრილიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: ა.მ–ი - დაბადებული 2012 წლის 25 ნოემბერს, დ.მ–ი - დაბადებული 2009 წლის 17 მაისს და მ.მ- დაბადებული 2016 წლის 6 სექტემბერს.
7.2. ქ. ქუთაისის მერის 06.12.2012წ. №1353 ბრძანების თანახმად, თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურმა გასცა №239 (14.12.2012წ.) საკუთრების უფლების მოწმობა, რომლის საფუძველზეც ლ.მ–ს საკუთრებაში გადაეცა 14.71 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი - №213 ოთახი, ქ.ქუთაისში, ...........
7.3. 2017 წლის 13 აპრილს ლ.მ–მა, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ი.წ–საგან 1000 ლარად შეიძინა 44.25 კვ.მ ფართის უძრავი ნივთი მდებარე, ქ. ქუთაისი, ........... აღნიშნული ქონება აღირიცხა ლ.მ–ის საკუთრებად.
7.4. 2018 წლის 04 ოქტომბერს ლ.მ–მა, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გოგიტა მინდელისაგან 10000 აშშ დოლარად შეიძინა 43.68 კვ.მ ფართის უძრავი ნივთი, მდებარე ქ. ქუთაისი, ........., მე-2 სართულზე. აღნიშნული ქონება აღირიცხა ლ.მ–ის საკუთრებად.
7.5. 14.06.2019წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, ლ.მ–მა ქ. ქუთაისი, .......... მდებარე, მის საკუთრებად რიცხული უძრავი ქონება მიჰყიდა მ.ჭ–ს კერძოდ: 1) ს/კ ........... უძრავი ნივთი - 5000 აშშ დოლარად; 2) ს/კ .......... უძრავი ნივთი - 2000 აშშ დოლარად და 3) ს/კ ........... უძრავი ნივთი - 5000 აშშ დოლარად. ქონება იმავე დღეს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მყიდველის საკუთრებაში.
7.6. შენობის შიდა აზომვითი ნახაზის მიხედვით, ს/კ .........., ს/კ ........ და ს/კ ........... უძრავი ქონება მდებარეობს ერთ სართულზე და გაერთიანებულია ერთ საცხოვრებელ ფართად. შ.პ.ს. „ა-ს-ც“-ს მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნის თანახმად, ბინის ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ამ უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 100 000 ლარით.
7.7. მ.ჭ–ი არის ლ.მ–ის დედის - მ.კ–ძის დის - მ.კ–ძის შვილი, ესე იგი, ლ.მ–ი და მ.ჭ–ი არიან დეიდაშვილები.
7.8. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ.ბ–ძემ განმარტა, რომ თ.ბ–ძე და ლ.მ–ი 11 წელი ცხოვრობდნენ ერთად. გარკვეული დროის მანძილზე, საჭიროების გამო, ის (მოწმე) ცხოვრობდა დის ოჯახში, ეხმარებოდა შვილის მოვლაში და ჰქონდათ საკმაოდ ახლო ურთიერთობა. ბინა, სადაც ოჯახი ცხოვრობდა, ........ ქუჩაზე, საერთო საცხოვრებლის მსგავსი შენობა და ფართია, მხოლოდ ერთი შესასვლელი კარი აქვს. იგი თავიდანვე ლ.ს საკუთრება არ ყოფილა, შემდეგ დაუკანონა მერიამ. მეუღლეებმა თანაცხოვრების პერიოდში, 2-3 წლის მანძილზე, ეტაპობრივად შეიერთეს ნაწილი ფართი, დანარჩენი სართული კი, 2017 წელს მიიმატეს და გააერთიანეს ერთ ფართად. მას შემდეგ, რაც 2020 წელს თ. წამოვიდა ოჯახიდან, საუბარი იყო ქონების გაყოფაზე, თუმცა ამ საკითხზე ლ.მ–ი ყოველთვის უარს ამბობდა. ლევანს დეიდაშვილთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ფაქტობრივად მ.ჭ–მა გაზარდა იგი, რადგან მამასთან 2 წლიდან აღარ ცხოვრობდა. მ–გან ოჯახს თანხა არასდროს უსესხებია, მსგავს ფაქტს ადგილი რომ ჰქონოდა, აუცილებლად ეცოდინებოდა. მხარეთა საერთო შვილები, ამჟამად, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ........, ბებია-ბაბუასთან ცხოვრობენ. მამას ბავშვებთან აქვს ურთიერთობა, ბაბუას მიჰყავს ყოველთვის მამის სახლში, სწორედ ....... ქუჩაზე. მოცემულ ბინაში კი, მ.ჭ–ი არ ცხოვრობს. მას იმდენი ქონება აქვს, ლ–ის ფართი არაფერში არ სჭირდებოდა. ლ.მ–ს კი, სხვა საცხოვრებელი არ აქვს.
7.9. მოწმე ნ.ბ–ძემ განმარტა, რომ არის თ.ბ–ძის მამა. თ. და ლ. 10-12 წელი იყვნენ მეუღლეები, პატარა ბინა ჰქონდათ ქუთაისში, ....... ქუჩაზე. თანაცხოვრების პერიოდში შეიძინეს გვერდით მდებარე ფართები, ყველა გააერთიანეს და გააფართოვეს ბინა. თავადაც იღებდა მონაწილეობას ამ სამუშაოებში და ეხმარებოდა შვილს. ამჟამად, თ–ს და ლ–ს შვილები მასთან ცხოვრობენ, თუმცა ასევე აქვთ მამასთან ურთიერთობა. ლ.მ–ი თავის ახალ ოჯახთან ერთად ცხოვრობს ....... ქუჩაზე, სწორედ იმავე ფართში, სადაც თ–სთან ერთად ცხოვრობდა. ამ ინფორმაციას დაზუსტებით ფლობს, ვინაიდან, როდესაც ლ–თან მიჰყავს ბავშვები, ყოველთვის მიდის ........ ქუჩაზე მდებარე სახლში. მ.ჭ–ი სადავო ქონებაში არ ცხოვრობს და არც არასდროს უცხოვრია.
7.10. მოწმე დ.ჩ–მა განმარტა, რომ არის ლ.მ–ის მეზობელი. დაახლოებით 28 წლის წინ, ქუთაისის მერიამ, პრივატიზაციის საფუძველზე, ლ–ს ოჯახს გადასცა ქონება, რის შემდეგაც საცხოვრებლად გადმოვიდნენ ასათიანის ქუჩაზე. საცხოვრებელი იყო საერთო ტიპის. ისინი ცხოვრობდნენ მეორე სართულზე, 18 კვადრატული მეტრ მისაღებსა და საძინებელში. 14 წლის წინ, სწორედ ამ ბინაში მოიყვანა ლ–მა ცოლად თ.. შემდეგში გაფართოვდნენ. ლ.მ–ი დღესაც იქ ცხოვრობს, ზოგჯერ დადის ახალი მეუღლის სოფელში, ხოლო მ.ჭ–ი ამ სახლში არ ცხოვრობს.
7.11. მოწმე გ.ჭ–მა განმარტა, რომ არის მ.ჭ–ის მამა. ლ–მა თ. ცოლად მოიყვანა ........ ქუჩაზე. 2019 წელს მ.ჭ–მა იყიდა ეს ბინა. შეძენამდე ლ–ს ოჯახმა გააფართოვა ბინა და გვერდით მდებარე ფართები მიიერთეს. ლ. ამჟამადაც ცხოვრობს .......... ქუჩაზე. მანანაც ხშირად დადის ამ ბინაში. ოფიციალურად ყიდვამდე გადასცა მ–მ ლ–ს 12000$ სესხად და შემდეგ იყიდა. არ აქვს ინფორმაცია, რატომ გაყიდა ლ–მა ბინა.
8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
8.1. სამოქალაქო კოდექსის 1158-ე, 1160.1-ე და 1163-ე მუხლების თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო, არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად, ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული. იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას.
8.2. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 56.1-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია, მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
8.3. მოსარჩელის მითითებით, ქონება მის თანასაკუთრებას წარმოადგენდა, ამასთან ნათესავებს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითია (სსკ-ის 56.1 მუხლი), რადგან იგი მიზნად ისახავდა მხოლოდ თანასაკუთრებიდან წილის მიღებაზე მოსარჩელისათვის ხელის შეშლას. იმისათვის, რომ სადავო გარიგებები ჩაითვალოს ბათილად, აუცილებელია შემოწმებული იქნეს ორივე მხარის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა.
8.4. პალატამ განმარტა, რომ მოჩვენებითი გარიგების დროს, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ „ურთიერთშეთანხმებით“, იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ძირითადად, ასეთი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირისათვის ხელის შეშლა ამ ქონებიდან მიიღოს თავისი წილი და ა.შ). იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქციური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მისი უფლება შეილახა.
8.5. სადავო უძრავ ქონებაზე მისი თანასაკუთრებისა და მოპასუხეთა შორის დადებული გარიგებების მოჩვენებითობის დასადასტურებლად, მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ ფაქტებზე: 1) ლ.მ–თან ქორწინების პერიოდში შეიძინეს ქ. ქუთაისი, ........... მდებარე, ს/კ ........... და ს/კ ........უძრავი ქონება, რაც მანამდე არსებულ, 14.71 კვ.მ. ფართის ს/კ .......... უძრავ ქონებასთან ერთ საცხოვრებელ ფართად გააერთიანეს, გაერთიანებულ ფართში (102.64 კვ.მ) ჩაატარეს რემონტი, რომლის ღირებულება ამჟამად შეადგენს 100 000 ლარს; 2) ლ.მ–ს სხვა უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია და ახლად შექმნილ ოჯახთან ერთად, იმავე ფართში ცხოვრობს; 3) მოპასუხე მხარეები არიან ახლო ნათესავები კერძოდ, მ.ჭ–ი არის ლ.მ–ის დეიდაშვილი; 4) მ.ჭ–ს რაიმე თანხა, მათ შორის, ქონების შეძენის მიზნით, ლ.მ–ისათვის არ გადაუცია; 5) მ.ჭ–ი სადავო ფართში არ ცხოვრობს და არც არასდროს დაუფლებია მას. მითითებული ფაქტების დასადასტურებლად მოსარჩელემ მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზე, აუდიტის დასკვნაზე, საჯარო რეესტრის მასალებზე.
8.6. აპელანტმა მხარემ მისი პოზიციის დასადასტურებლად მიუთითა ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ ჩანაწერზე - „ნასყიდობის საგნის ღირებულება მყიდველის მიერ სრულად არის გადახდილი“, ასევე, მოწმის ჩვენებაზე.
8.7. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეძლო, სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება და მისი მტკიცების ტვირთის დაძლევა, კერძოდ, გარიგების მხარეებს, მყიდველს - მ.ჭ–ს და გამყიდველს - ლ.მ–ს ერთმანეთთან ახლო ნათესაური ურთიერთობა გააჩნიათ (არიან დეიდაშვილები) და რომ არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ მ.ჭ–მა იცოდა მეუღლეთა მიერ სადავო ქონების როგორც შეძენის, ისე სარემონტო სამუშაოების წარმოებით მისი ღირებულების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული, ასევე მეუღლეებს შორის ქონებასთან დაკავშირებით კონფლიქტის ფაქტები და რომ გარიგების მხარეებმა შეთანხმებით, იმ განზრახვით, რომ თ.ბ–ძისათვის ხელი შეეშალათ თანასაკუთრებიდან მისი წილის მიღებაში, ფიქციური გარიგება გააფორმეს მთელ უძრავ ქონებაზე, სადაც ½ ნაწილი თ.ბ–ძის საკუთრებას წარმოადგენდა. აღნიშნული კი, სსკ-ის 56.1 მუხლის თანახმად, თ.ბ–ძის კუთვნილი 1/2 ნაწილში სადავო გარიგებების ბათილად ცნობის საფუძველია.
8.8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. წარმოდგენილი სარჩელით ირკვევა, რომ თ.ბ–ძე ითხოვდა სადავო ქონებების ½ ნაწილზე მისი საკუთრების უფლების დადგენას. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი, სრულად იქნა ბათილად ცნობილი სადავო გარიგებები, როგორც თ.ბ–ძის, ისე ლ.მ–ის კუთვნილ ნაწილშიც. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა მხარის მოთხოვნას, რაც სსკ-ის 393.3 და 248-ე მუხლის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების იმ ნაწილში შეცვლის საფუძველია, რომლითაც სრულად იქნა ბათილად ცნობილი ლ.მ–სა და მ.ჭ–ს შორის 14.06.2019 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. ქუთაისი, ........., საკადასტრო კოდი .......... – 43.68 კვ.მ.; ს/კოდი N.........– 44.25 კვ.მ.; ს/კ ..........– 14.71 კვ.მ..
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება ....... საკადასტრო კოდის მქონე 14.71 კვ.მ. ფართობის მქონე უძრავ ნივთზე დადებული გარიგების ½ ნაწილში ბათილად ცნობისა და ამავე ქონების ½ ნაწილის თ.ბ–ძისთვის მიკუთვნების ნაწილში და უზენაესი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით დასახელებული უძრავი ნივთის მიმართ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ საკასაციო პრეტენზიებზე მითითებით:
9.1. სასამართლოზე დაკითხული მოწმეები და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ........ საკადასტრო კოდის მქონე 14.71 კვ.მ. უძრავი ქონება ლ.მ–ს მერიამ გადასცა ქორწინებამდე, ბავშვობიდან. კასატორმა სწორედ აღნიშნულ უძრავ ქონებაში მიიყვანა მეუღლედ მოსარჩელე და გადაიხადა ქორწილი. დაქორწინებამდე საკუთრებაში გადაცემული ქონება კი, წარმოადგენს არა თანასაკუთრებას, არამედ მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას.
9.2. სასამართლომ გვერდი აუარა შესაგებელზე თანდართულ ქალაქ ქუთაისის 15/05.1995 წლის №382 განკარგულებას, რომლის თანახმად, 1995 წელს ლ.მ–ს და მის დედას, მ.კ–ძეს გადაეცა №213 ოთახი საკუთრებაში, რომელიც, დღეის მდგომარეობით, არის ........ საკადასტრო კოდის მქონე 14.71 კვ.მ. ფართი. დასახელებული მტკიცებულებით დგინდება, რომ ხსენებული უძრავი ნივთი ლ.მ–ს ეკუთვნოდა ქორწინებამდე. რამდენად გაიზარდა მისი ღირებულება ქორწინების პერიოდში და რა სახის ფინანსური მონაწილეობა მიიღო მოპასუხემ ქონების ღირებულების გაზრდაში, მოპასუხის სამტკიცებელია, მაგრამ არა თანასაკუთრებაში არსებული ქონების თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით, არამედ სულ სხვა სასარჩელო მოთხოვნით და სხვა სახის მტკიცებულებებით, რაც სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპამდე უძრავი ქონების საკადასტრო კოდები გაერთიანებული არ არის და ლ.მ–ის ქორწინებამდე არსებული უძრავი ქონების იდენტიფიცირება აბსოლუტურად შესაძლებელია. სააპელაციო სასამართლომ თანაცხოვრების პერიოდში ქონების ღირებულების გაზრდის მოტივით ცნო მოსარჩელე სადავო ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ, ისე, რომ მას ერთი მტკიცებულებაც არ წარუდგენია, თუ რა მონაწილეობა მიიღო მოსარჩელის ქორწინებამდე არსებული უძრავი ქონების ღირებულების გაზრდაში. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლი, რადგან მოპასუხე მხარეს დასახელებულ ქონებაზე არანაირი ხარჯი არ გაუწევია.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14.1. უწინარესად, საკასაციო საჩივრის შინაარსისა და ფარგლების გათვალისწინებით, პალატა შენიშნავს, რომ კასატორები პრეტენზიას არ აცხადებენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც, უძრავი ნივთების ყიდვა-გაყიდვაზე მოპასუხეთა მიერ გამოვლენილი ნება, მოჩვენებითობის საფუძვლით, ბათილ გარიგებებად იქნა მიჩნეული. საკასაციო საჩივრით სადავოა მხოლოდ ის გარემოება, უნდა ჩაეთვალა თუ არა სასამართლოს კონკრეტული უძრავი ნივთი მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის თანასაკუთრებად და, მაშასადამე, უნდა განაწილებულიყო თუ არა ეს უკანასკნელი მეუღლეებს შორის თანაბარად.
14.2. დასახელებული საკითხის კვლევისათვის საკასაციო პალატა ყურადღების მიღმა ვერ დატოვებს .......... საკადასტრო კოდის მქონე 14.71 კვ.მ. №213 ბინაზე სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე არსებულ ამონაწერს საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დგინდება, რომ ხსენებულ ნივთზე ლ.მ–ის საკუთრების უფლება აღირიცხა ქალაქ ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის 14.12.2012 წლის №239 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე (ტ.1, ს.ფ. 37-38). თავად დასახელებული მოწმობა საკუთრების მოწმობის გაცემის საფუძვლად ასახელებს ქ. ქუთაისის მერის 06.12.2012 წლის №1353 ბრძანებას.
14.3. ქ. ქუთაისის მერის 06.12.2012 წლის №1353 ბრძანების თანახმად კი, ქალაქ ქუთაისის მერიაში განხილული იქნა ......... ქუჩა №119/7 საცხოვრებელი სახლის №213 ოთახში მცხოვრები მოქალაქე ლ.მ–ის განცხადება /2012 წლის 18.09 N8-7950/, რომლითაც მოითხოვა ქალაქ ქუთაისში, ......... მდებარე საცხოვრებელი სახლის №213 ოთახზე, საკუთრების უფლების მოწმობის გაცემა. წარმოდგენილი მასალების, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39–ე მუხლის მე–3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, 652 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული არაიზოლირებული/ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების თანახმად, ქალაქ ქუთაისში, ....... საცხოვრებელი სახლის №213 ოთახზე, საკუთრების უფლება მიენიჭა მოქალაქე ლ.მ–ს; ქალაქ ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურს, ქალაქ ქუთაისში, ......... საცხოვრებელი სახლის №213 ოთახზე /საერთო ფართობი 14.71 კვ.მ., საცხოვრებელი ფართობი 14.71 კვ.მ./ დაევალა ლ.მ–ის სახელზე საკუთრების უფლების გაცემა.
14.4. რაც შეეხება 15.05.1995 წლის №322 განკარგულებას „მძიმე საბინაო პირობებში მყოფი ოჯახებისთვის დროებითი საცხოვრებელი სადგომის გადაცემის შესახებ“, რომელზე მითითებითაც კასატორი ცდილობს დაადასტუროს, რომ ლ.მ–ს 213-ე ოთახი ქორწინებამდე ეკუთვნოდა, პალატა მოიხმობს მის შინაარსს: „უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად იმატა მძიმე საბინაო პირობებში მყოფ მოქალაქეთა განცხადებებმა საცხოვრებელი სადგომების გამოყოფის თაობაზე. ასეთ განცხადებებს ძირითადში იხილავს სპიციალური კომისია, რომელიც იძლევა რეკომენდაციებს აღნიშნული კატეგორიის ოჯახებისათვის დროებით საცხოვრებლად კეთილმოუწყობელი ბინების გამოყოფაზე, მაგრამ, დღემდე ამის საშუალებაც არ არსებობდა. რესპუბლიკის განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობასთან მიღწეულია შეთანხმება ქალაქში მძიმე საბინაო პირობებში მყოფი ოჯახების შესახლების თაობაზე 42-ე პროფტექნიკური სასწავლებლის საერთო საცხოვრებელში /ლ.ასათიანის ქუჩა №119/7/, რაც შესაძლებელი გახდა ქალაქის მოსწავლე ახალგაზრდობის ხარჯზე სასწავლებლის დაკომპლექტების შედეგად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: I. სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით შესახლებული იქნას ოჯახები /I დანართის მიხედვით/კომისიის ოქმი საერთო საცხოვრებლის დებულება თან ერთვის დედანს/. II ........ ქუჩა 119/7-ში მდებარე შენობა ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ძელქვიანის მუნიციპალიტეტს“ (ტ.1, ს.ფ. 102).
14.5. ქ. ქუთაისის მერიის საბინაო მეურნეობის მართვის განყოფილებასთან შექმნილი საერთო საცხოვრებლის დებულების თანახმად: 1. მერიის საბინაო მეურნეობის მართვის განყოფილებასთან შექმნილი საერთო საცხოვრებელში მძიმე საბინაო პირობებში მყოფი მოქალაქეების შესახლება, ადგილზე გაფართოება ხდება მერიის განკარგულების საფუძველზე. 2. მერიის განკარგულების საფუძველზე შესახლებულ მოქალაქეებს მოცემული ფართით სარგებლობის უფლება აქვს მისი საბინაო პირობების გაუმჯობესებამდე, ხოლო საბინაო პირობების გაუმჯობესების შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა იქნას გამოსახლებული საერთო საცხოვრებლიდან. 3. საერთო საცხოვრებელში მერიის განკარგულების საფუძველზე შესახლებული მოქალაქეების გარდა ჩაწერის უფლება ეძლევა მისი ოჯახის წევრებს: მეუღლე, შვილები; 4. კატეგორიულად იკრძალება ერთსა და იმავე ბინაში ორი ან მეტი ოჯახის ჩაწერა. 5. კატეგორიულად იკრძალება საერთო საცხოვრებელში ბინის პრივატიზირება, გაცვლა ან გასხვისება (ტ.1, ს.ფ. 103).
14.6. 15.05.1995 წლის №322 განკარგულების დანართი №1-ის თანახმად, ოთახი №213-ში შესახლდნენ კ–ძე . შვილთან, მ. ლ–თან ერთად (ტ.1, ს.ფ. 106).
14.7. ამრიგად, ლ.მ–ი 1995 წლიდან მოყოლებული წარმოადგენდა არა სადავო ოთახის მესაკუთრეს, არამედ მართლზომიერ მფლობელს, რაც შეეხება ქონებაზე საკუთრების მოპოვების მომენტს, „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების 7.2 მუხლის თანახმად, კანონიერ სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობზე საკუთრების უფლების შეძენისათვის აუცილებელობას წარმოადგენდა საკუთრების უფლების მოწმობის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, მაშასადამე, საკუთრების უფლებაც მოპოვებულად მიიჩნეოდა სწორედ საკუთრების მოწმობის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
14.8. დადგენილია, რომ საკუთრების მოწმობის საფიძველზე №213-ე ოთახის მესაკუთრედ ლ.მ–ი აღირიცხა 20.12.2012 წელს, მოსარჩელესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლის (15.04.2009წ.) შემდგომ.
15.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
15.2. კანონიერ მფლობელობაში არსებულ უძრავ ნივთზე სახელმწიფოს მიერ პირისათვის საკუთრების უფლების უსასყიდლო გადაცემა, არსით ყველაზე დიდ მსგავსებას ჩუქების ხელშეკრულებასთან ავლენს, მაშასადამე, შესაძლოა ითქვას, რომ ლ.მ–მა სადავო ფართი მართალია ქორწინებაში, თუმცა საჩუქრის სახით მიიღო.
15.3. აღნიშნულის მიუხედავად, პალატის განსჯით, არ არსებობს სადავო 213-ე ოთახის კასატორ ლ.მ–ის ინდივიდუალურ საკუთრებად მიჩნევის საფუძველი, სსკ 1164-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ვინაიდან 15.05.1995 წლის №322 განკარგულების გამოცემის მიზანს არა ცალკეული პირების დასაჩუქრება, არამედ მძიმე საბინაო პირობებში მყოფი ოჯახებისთვის საბინაო პრობლემის დროებით გადაჭრა წარმოადგენდა. შესაბამისად, 15.05.1995 წლის №322 განკარგულების საფუძველზე დაფუძნებული მართლზომიერი მფლობელობის საკუთრების უფლებაში გადაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მეშვეობით, ემსახურებოდა მთელი ოჯახის და არა მისი ცალკეული წევრის საცხოვრისით უზრუნველყოფას, მაშასადამე, ოჯახის კეთილდღეობას. საჩუქარი, რომელიც ოჯახისთვის იყო განკუთვნილი, მიიჩნევა ინდივიდუალური მოხმარების ხასიათს მოკლებულად და წარმოადგენს მეუღლეთა მიერ საერთო საოჯახო მეურნეობის გაძღოლის შედეგად შეძენილ თანასაკუთრების ობიექტს (ძლიერიშვილი ზ., ჩუქება და სამისდღეშიო რჩენა, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2018 წ., გვ. 306). საერთო საოჯახო მიზნით განპირობებული ჩუქება, დადგენილი სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, ნაჩუქარ ქონებას მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმში აქცევს (იხ. სუსგ. №ას-963-2018, 25.04.2019წ.; №ას-1413-2022, 30.03.2023წ.).
16.1. იმ შემთხვევაშიც კი, თუ 2012 წელს გაცემულ საკუთრების მოწმობას სასამართლო განიხილავს არა თანასაკუთრების, არამედ პერსონალურად ლ.მ–ის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლად, პალატის განსჯით, გარდაუვალია სადავო უძრავი ნივთის, როგორც ქორწინების პერიოდში შეძენილის, მეუღლეთა შორის გაყოფის იურიდიული შედეგის დადგომა, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, სახელდობრ, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, რომელიც შედავებული არ არის მოპასუხის მხრიდან, მოწმეთა ჩვენებები, მეტყველებს, რომ თავდაპირველად მეუღლეები ფლობდნენ სწორედ 14.71 კვ.მ.-ის ფართის მქონე სადავო 213-ე ოთახს, რომელიც, დროთა განმავლობაში, გააფართოვეს სხვა ოთახების შესყიდვის ხარჯზე - 2017 წლის 13 აპრილს 44.25 კვ.მ. ფართის შეძენით, ხოლო 2018 წლის 04 ოქტომბერს - 43.68 კვ.მ. ფართის შეძენის შედეგად. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერებით დასახელებული ფართები კვლავაც ინდივიდუალურ უძრავ ნივთებად არის აღრიცხული, მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ სამივე უძრავი ნივთი ერთიან საცხოვრებელ სივრცედ არის გადაკეთებული და კეთილმოწყობილი.
16.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1163-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). მოცემული წესი არ გამოიყენება, თუ საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ იქნება გათვალისწინებული. დასახელებულ დანაწესს ინდივიდუალური საკუთრების მეუღლეთა თანასაკუთრებად ტრანსფორმაცია ეწოდება.
16.3. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ-ის 1163-ე მუხლის თანახმად, ქონების მხოლოდ მიმდინარე რემონტი არ შეიძლება ქონების საერთო საკუთრებად აღიარების საფუძველი გახდეს. ქონების რემონტი ან თანხის დაბანდება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ქონების თანასაკუთრებად აღიარების საფუძველი, როცა ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება (იხ. სუსგ. №ას-392-2021, 29.09.2021წ.). სსკ-ის 1163-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური საკუთრება გარდაიქმნება თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. იმ ღონისძიებების მაგალითად, რომელთა შედეგადაც იზრდება ღირებულება, კანონმდებელი ასახელებს: გადაგეგმარებას, მშენებლობის დასრულებასა და გადაკეთებას. ამ სამაგალითო ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლება შემდეგი ღონისძიებებით: კაპიტალური რემონტი, რეკონსტრუქცია, მნიშვნელოვანი დანადგარებით აღჭურვა და ა. შ.. აუცილებელია, რომ ყველა ეს ღონისძიება „მნიშვნელოვნად“ ზრდიდეს ქონების ღირებულებას (რუსიაშვილი/ქავშბაია/მელაძე, სსკ-ის კომენტარი, წიგნი VII, თბილისი, 2021 წელი, მუხ.1163, ველი 6).
16.4. კასატორის მოსაზრების საწინააღმდეგოდ, რომ მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა საკუთარი მონაწილეობის ხარისხი ქონების გადაკეთებისა და გაუმჯობესების პროცესში, პალატა მიუთითებს, რომ ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ, როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით (იხ. სუსგ. №ას-7-7-2016, 16.03.2016წ.).
16.5. დადგენილია, რომ მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების არსებობისა და ყოფილი მეუღლეების თანაცხოვრების პერიოდში, 14.71 კვ.მ. საცხოვრებელი სივრცე, სხვა ფართების შემოერთებისა და ერთიან საცხოვრებელ სივრცედ გადაკეთების შედეგად, იქცა 102.64 კვ.მ. ფართობად, რაც ნათელყოფს სადავო 213-ე ოთახის ღირებულების მნიშვნელოვნად გადიდების ფაქტობრივ გარემოებას, აღნიშნული კი, ინდივიდუალური საკუთრების მეუღლეთა (თ.ბ–ძე და ლ.მ–ი) თანასაკუთრებად ტრანსფორმირების სამართლებრივ შედეგს განაპირობებს.
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამრიგად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 380 ლარის 70%, რაც შეადგენს 266 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.მ–ის და მ.ჭ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ლ.მ–ს (პ/ნ ........) და მ.ჭ–ს (პ/ნ ........) დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 380 ლარის (საგადასახადო დავალება № 5844, გადახდის თარიღი: 29.04.2024წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „თიბისი ბანკი“) 70% – 266 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
გოჩა ჯეირანაშვილი