№ა-1150-შ-38-2026 02 აპრილი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
შუამდგომლობის ავტორი – ა.გ.
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ჩ–ძე
განხილვის საგანი – ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი - განქორწინება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.გ–სა და ზ.ჩ–ძის შორის, 2017 წლის 29 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების - ბ. და გ. ჩ–ძეების დახმარების მიზნით.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა.გ–მა და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მხოლოდ განქორწინების ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 მარტის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ა.გ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.გ. და ზ.ჩ–ძე განქორწინდნენ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხე სათანადო წესით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის შესახებ. საქმეში წარმოდგენილი პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება, ა.გ–სა და ზ.ჩ–ძეს შორის, 2017 წლის 29 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ, ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა.გ–ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ-იორკის შტატის უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება, ა.გ–სა და ზ.ჩ–ძეს შორის, 2017 წლის 29 სექტემბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლევან ნემსაძე
მიხეილ ჯინჯოლია