№ას-324-2026 03 აპრილი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.შ–ძე, მ.მ–ი, ნ.ს–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.ბ–მა (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოში მ.მ–ის, ნ.შ–ძისა და ნ.ს–ის (შემდეგში: მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ......., (ს/კ ........) გამოთხოვა.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ.ბ–ის სარჩელი მოპასუხეების: მ.მ–ის, ნ.შ–ძისა და ნ.ს–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით დაკმაყოფილდა; მოპასუხეების: მ.მ–ის, ნ.შ–ძისა და ნ.ს–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელე მ.ბ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. ........., (ს/კ ..........) და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელე მ.ბ–ს.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განჩინებით მ.მ–ის, ნ.შ–ძისა და ნ.ს–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
5.2. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
5.3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი 2025 წლის 11 ნოემბრის სხდომის ოქმით დასტურდებოდა, რომ სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ მოპასუხეები. საქმის წარმოების ერთიან ელექტრონულ სისტემაში კი, გადამოწმდა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მომზადდა ვადაში 2025 წლის 02 დეკემბერს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა, სსსკ-ის 2591-ე მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2025 წლის 12 დეკემბრიდან და ამოიწურა 2025 წლის 25 დეკემბერს. სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილი იყო 2025 წლის 29 დეკემბერს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს მ.მ–მა, ნ.შ–ძემ და ნ.ს–მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
6.1. კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ, რომ ცხელი ხაზის მეშვეობით არაერთხელ დაუკავშირდნენ მოსამართლის თანაშემწეს, რათა გაერკვიათ მომზადდა თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება. სასამართლო მოხელემ 2025 წლის 23 დეკემბერს განუმარტა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება მოპასუხეებს გაეგზავნათ ფოსტის მეშვეობით. 2025 წლის 23 დეკემბერს მხარემ ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილება და კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 24 მარტის განჩინებით მ.მ–ის, ნ.შ–ძისა და ნ.ს–ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
10. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა იმ საფუძვლით, რომ მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილი ვადის დარღვევით წარადგინეს.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 369.1 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (იხ. სუსგ საქმე №ას-873-2018, 31 იანვარი, 2019 წელი). გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე, ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი) (იხ. სუს-ს დიდი პალატის განჩინება საქმე №ას-1161-1106-2014, 30 დეკემბერი, 2014 წელი).
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება. (იხ. სუსგ საქმე №ას-1495-2018, 01 ივლისი, 2019 წელი; №ას-1289-2019, 24 ოქტომბერი, 2019 წელი; №ას-749-2023, 05 ივლისი, 2023 წელი).
14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ადასტურებს, რომ სასამართლოს მიერ პროცედურული წესის, განსაკუთრებით კი გასაჩივრების უფლების გამოყენების ვადების განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ შესაძლოა ხელყოს სასამართლოსადმი წვდომის უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეფექტური სასამართლო დაცვის უფლება გულისხმობს, სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეების შესაძლებლობას გამოიყენონ გასაჩივრების უფლება იმ მომენტიდან, როცა მათ შეუძლიათ ეფექტურად შეაფასონ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება დაარღვიოს მათი უფლებები და კანონიერი ინტერესები. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე დაადგინა: „ეროვნულმა სასამართლომ ვადის შემზღუდველი პროცედურული ნორმა ისეთნაირად განმარტა, რომ ხელი შეუშალა მომჩივნის საჩივრის გამოკვლევას, რის შედეგადაც ამ უკანასკნელის სასამართლოს ეფექტური დაცვის უფლება დაირღვა“ (Georgiy Nikolayevich Mikhayliv v. Russia, 4543/04, §57, 2010, ECHR). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „მირაგალ ესკოლანო და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ როდესაც საკითხი ეხება სამართლებრივი სიცხადის პრინციპს (Legal certainty), ეს არ არის უბრალოდ სამართლებრივი ნორმის ინტერპრეტაციის პრობლემა, არამედ ადგილი ჰქონდა პროცედურული მოთხოვნის არაგონივრულ კონსტრუქციას, რამაც გამოიწვია ეფექტური სასამართლო დაცვის უფლების დარღვევა. მხარეებს უნდა შეეძლოთ გასაჩივრების უფლების გამოყენება იმ მომენტიდან, როცა მათ ძალუძთ ეფექტურად შეაფასონ ის ტვირთი, რომელსაც აკისრებთ სასამართლო გადაწყვეტილება. ეროვნული სასამართლოების მიერ პროცედურული წესის განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არასწორად ჩამოართვა მომჩივნებს თავიანთი საჩივრების განხილვისათვის სასამართლოსადმი წვდომის უფლება (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, §33, 2000, ECHR) (იხ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება საქმე №ას-1161-1106-2014).
15. განსახილველ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2025 წლის 11 ნოემბერს. გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე მხარე. შესაბამისად, სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოპასუხე (მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი.
16. როგორც უკვე აღინიშნა, საქმის მასალებით ირკვევა, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა აპელანტების მიერ საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის საფუძვლით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2025 წლის 12 დეკემბრიდან და 2025 წლის 25 დეკემბერს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 2025 წლის 29 დეკემბერს. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სააპელაციო საჩივარი საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადის დაცვით წარდგენილად უნდა ჩაითვალოს, გამომდინარე იქედან, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების დაგვიანებით ჩაბარება განპირობებული იყო არა მხარის, არამედ - სასამართლოს მიზეზით. ამასთან, მოპასუხე მხარე ცხელი ხაზის მეშვეობით უკავშირდებოდა მოსამართლის თანაშემწეს, რათა შეეტყო დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების შესახებ.
17. კერძო საჩივრის ავტორმა მისი პოზიციის სისწორის დასადასტურებლად, საკასაციო პალატას წარმოუდგინა სასამართლო მოხელის (მოსამართლის თანაშემწის) მიერ შედგენილი აქტი, რომლის თანახმად, სამოქალაქო საქმეზე 2-114-25, მოსარჩელე მ.ბ–ის სარჩელის გამო, მოპასუხეები მ.მ–ი, ნ.შ–ძე ნ.ს–ი, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით, დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ციფრული ხელმოწერა დაედო 2025 წლის 17 დეკემბერს. კერძო საჩივრის ავტორმა ასევე წარმოადგინა დეტალური ამონაბეჭდი კომპანია მაგთიკომიდან, საიდანაც დასტურდება, რომ მხარე სასამართლოს ცხელ ხაზზე ახორციელებდა სატელეფონო ზარებს 2025 წლის 01 დეკემბრიდან 2025 წლის 24 დეკემბრის ჩათვლით.
18. ამდენად, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილება მზად არ ჰქონდა, ხოლო მხარე არაერთხელ დაუკავშირდა სასამართლოს ცხელი ხაზის მეშვეობით. შესაბამისად, გასაზიარებელია მოპასუხის მოსაზრება, რომ იგი სთხოვდა სასამართლოს გადაწყვეტილების გადაცემას, მაგრამ, მისივე განმარტებით, ვერ მიიღო. ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეებთან გადაწყვეტილების გაგზავნის კანონით გათვალისწინებული ვალდებულება არ ჰქონდა, თავად გაუგზავნა გადაწყვეტილების ასლი მათ (ს. ფ. 129), რაც დამატებით უმყარებს საკასაციო სასამართლოს შინაგან რწმენას, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების ასლის მოპასუხისათვის ჩაბარების დღიდან უნდა დაიწყოს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ დებულებაზე, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, გადაცემის მომენტიდან. ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს ბრალი არ მიუძღვის დასაბუთებული გადაწყვეტილების მისთვის დაგვიანებით ჩაბარებაში, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო მისთვის გადაწყვეტილების გადაცემის ჩაბარებიდან. შესაბამისად, დაცულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 - დღიანი საპროცესო ვადა.
19. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღის დადგენა წარმოადგენს არა მხოლოდ ფორმალურ პროცედურულ საკითხს, არამედ უზრუნველყოფს მხარის რეალურ შესაძლებლობას, კანონით დადგენილ ვადებში მიმართოს სასამართლოს, გამოიყენოს გასაჩივრების უფლება და დაიცვას საკუთარი უფლებები. აღნიშნული გარემოების სათანადო შეფასება აუცილებელია მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და სასამართლო დაცვის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, რაც როგორც შიდა სამართლის, ისე - საერთაშორისო სტანდარტების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპია.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო/საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადით შეზღუდვა სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპს ემყარება, თუმცა ეს ვადა სასამართლოს მხრიდან ყოველთვის ზედმიწევნით უნდა იქნეს შესწავლილი, რათა დაუსაბუთებლად არ შეიზღუდოს ამავე კოდექსის მე-2 მუხლით, ასევე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, ამასთანავე, სასამართლოს მხრიდან საკითხის ზედმიწევნითი ანალიზი უზრუნველყოფს მოგებული მხარის ინტერესების დაცვასაც, რაც გონივრული პროპორციაა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე (სსსკ-ის მე-4 მუხლი).
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.შ–ძის, მ.მ–ისა და ნ.ს–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლევან ნემსაძე
მიხეილ ჯინჯოლია