№ას-886-2023 02 აპრილი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
კასატორები – ი.მ.ა „ქ....-ის“ წევრები: ც.ა–ძე, ი.კ–ძე, ზ.ჩ–ა, მ.მ–ია, მ.პ–ი, ნ.მ–ძე, ი.მ–ძე, ა.მ–ძე, რ.გ–ია, თ.გ–ია, მ.გ–ია, ა.მ–ი, გ.გ–ძე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „T.“ (მოპასუხე)
მესამე პირი დამოუკიდებელი სასასარჩელო მოთხოვნის გარეშე – შპს „ე.ი.ქ–ნი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი.მ.ა „ქ....-ის“ წევრებმა: ც.ა–ძემ, ი.კ–ძემ, ზ.ჩ–ამ, მ.მ–იამ, მ.პ–მა, ნ.მ–ძემ, ი.მ–ძემ, ა.მ–ძემ, რ.გ–იამ, თ.გ–იამ, მ.გ–იამ, ა.მ–მა და გ.გ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელეები, კასატორები) სარჩელი აღძრეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შპს „T.-ის“ მიმართ (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღდეგე მხარე) შემდეგი სასარჩელო მოთხოვნით:
1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს „T.-ს“ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აპრილის N2/1448-16 საოქმო განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობების შეუსრულებლობის (პ.1-10; კორპუსის მშენებლობის დასრულება და შენობის ექსპლუატაციამდე მიყვანის უზრუნველყოფა 2017 წლის 30 სექტემბრამდე) გამო, ი.მ.ა. „ქ....“-სთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 250 000 აშშ დოლარის ოდენობით.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ი.მ.ა „ქ....“-ის წევრების: ც.ა–ძის, ი.კ–ძის, ზ.ჩ–ას, მ.მ–იას, მ.პ–ის, ნ.მ–ძის, ი.მ–ძის, ა.მ–ძის, რ.გ–იას, თ.გ–იას, მ.გ–იას, ა.მ–ისა და გ.გ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩეელებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინებით, ი.მ.ა „ქ....“-ის წევრების: ც.ა–ძის, ი.კ–ძის, ზ.ჩ–ას, მ.მ–იას, მ.პ–ის, ნ.მ–ძის, ი.მ–ძის, ა.მ–ძის, რ.გ–იას, თ.გ–იას, მ.გ–იას, ა.მ–ისა და გ.გ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ინდივიდუალური მენაშენეთა ამხანაგობა „ქ......“ წარმოადგენს დაფუძნების აქტით განსაზღვრული წესითა და ვადებში, ერთობლივად მრავალსართულიანი, მრავალფუნქციური სახლის მშენებლობისათვის დაფუძნებულ ამხანაგობას.
6.1.2. ი.მ.ა „ქ.......“-სა და შპს „T.“-ს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის შესაბამისად, ი.მ.ა „ქ......“ - მა იკისრა ვალდებულება გააფორმოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული აღნაგობის უფლება და დაარეგისტრიროს იგი ინვესტორის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ხოლო ინვესტორმა კი, თავის მხრივ იკისრა ვალდებულება, უზრუნველყოს მიწის ნაკვეთზე სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ნაგებობის (ნაგებობის პროექტი თან ერთვის მემორანდუმს დანართი 1-ის სახით, შემდგომში „პროექტი“) მშენებლობა და გადასცეს მესაკუთრეს აღნიშნული ნაგებობის შეთანხმებული ნაწილი, მხარეთა შორის წინამდებარე მემორანდუმით გათვალისწინებულ მდგომარეობაში. მემორანდუმის 1.2 პუნქტით, აღნაგობის უფლების ვადა განისაზღვრა 30 თვით.
6.1.3. მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენს მემორანდუმით განსაზღვრულ უფლებათა და ვალდებულებათა ობიექტს, ხასიათდება შემდეგი მონაცემებითა და მახასიათებლებით: ზონა: თბილისი 01, სექტორი: ვაკე ..., კვარტალი: 03, ნაკვეთი: ...... (ს/კ ..........), მდებარე მისამართზე: ქალაქი თბილისი, ქუჩა ........., ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 907კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: .., ........ შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1, N2, N3, N4, N5,N6, N7, N8.
6.1.4. 2013 წლის 18 იანვარს, მხარეთა შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნაწილის ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა გამყიდველის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის 70%, რაც შეადგენს 634,9 კვ.მ. ფართს და უფლებას დამტკიცებულ პროექტზე.
6.1.5 ხელშეკრულების მე-5 მუხლით განსაზღვრულია მხარეთა უფლება-მოვალეობები, რომლის თანახმად, გამყიდველი იღებს ვალდებულებას:
- გადასცეს მყიდველს საპროექტო დოკუმენტაცია და ყოველგვარი შეფერხების გარეშე დაუშვას მყიდველი (ან მყიდველის კონტრაქტორი პირები) მიწის ნაკვეთზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად;
- ამ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, არ განახორციელოს ისეთი მოქმედებები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს, შეაფერხოს, ან/და შეუძლებელი გახადოს მყიდველის მიერ მშენებლობის განხორციელება;
- არ განახორციელოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მის საკუთრებაში დარჩენილი ქონების დატვირთვა ან უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენება და არ იკისროს ისეთი ფინანსური ვალდებულებები, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროცესზე;
- უზრუნველყოს დამტკიცებული პროექტის კორექტირება, კერძოდ: მე-2 სართულზე ავტოფარეხების ფართის ფუნქციების შეცვლა საოფისე ან/და საცხოვრებელ ფართებად. გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, რომ დასახელებული ცვლილებების განუხორციელებლობის ან არაჯეროვნი სახით განხორციელების შემთხვევაში, გადასცეს მყიდველს კომპენსაციის სახით წინამდებარე ხელშეკრულების 4.3 მუხლში მითითებული ფართებიდან მე-VII სართულზე მდებარე 105 მ2 ფართი;
- დროულად შეასრულოს სახელმწიფოს და ადმინისტრაციული ორგანოების ან ნებისმიერი მესამე პირის მიმართ ყველა ფინანსური ხასიათის ვალდებულებები იმგვარად, რომ გამყიდველის ქმედებათა (ვალდებულებათა) გამო არ მოხდეს მიწის ნაკვეთის დაყადაღება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთვა ან/და მშენებლობის შეჩერება;
- განახორციელოს ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობები; გამყიდველი უფლებამოსილია: - საჭიროებისამებრ და იმ პირობით, რომ ეს არ გამოიწვევს მყიდველის ფინანსურ ხარჯებს, მოითხოვოს დახმარება ინვესტორებისაგან წინამდებარე მემორანდუმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. დახმარების მოცულობასა და ვადას მყიდველი განსაზღვრავს თავისი შესაძლებლობისა და სურვილის მიხედვით;
- მშენებლობის დაწყების შემდგომ, გაეცნოს მის მიმდინარეობას. აღნიშნული უფლების განსახორციელებლად მესაკუთრემ უნდა მიმართოს მყიდველს 2 სამუშაო დღით ადრე დასათვალიერებელი შეხვედრის ორგანიზების მიზნით. გამყიდველს აგრეთვე შეუძლია მოითხოვოს წერილობითი ინფორმაცია მშენებლობის მიმდინარეობის შესახებ;
- პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით აკონტროლოს მყიდველის მიერ მოცემული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად მყიდველი ვალდებულია:
- საკუთარი ან/და მის მიერ მოზიდული თანხებით განახორციელოს მოცემული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა შესაბამისი გრაფიკით (დანართი N2) გათვალისწინებულ ვადებში და დამტკიცებელი პროექტის შესაბამისად. მოცემული ვალდებულება შესრულებულად ითვლება კანონით დადგენილი წესით მრავალფუნქციური კომპლექსის ექსპლოატაციაში მიღების შემთხვევაში;
- ნასყიდობის საფასურის ანგარიშში გამყიდველს გადასცეს: 190 000 (ასოთხმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი 9.1.3, 9.1.4 და 9.1.5 მუხლებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების შესაბად: 200 მ2 კომერციული ფართი, 1000 მ2 საცხოვრებელი ფართი (აივნების ჩათვლით) და 6 ავტოფარეხი, ხელშეკრულების 4.3 მუხლის პირობათა გათვალისწინებით;
- განახორციელოს მრავალფუნქციური კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები უშუალოდ ან/და კონტრაქტორი ორგანიზაციის მეშვეობით;
- დროულად შეასრულოს სახელმწიფო და ადმინისტრაციული ორგანოების ან ნებისმიერი მესამე პირის მიმართ ყველა ფინანსური ხასიათის ვალდებულებები იმგვარად, რომ მყიდველის ქმედებათა (ვალდებულებათა) გამო არ მოხდეს მიწის ნაკვეთის დაყადაღება, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დატვირთვა ან და მშენებლობის შეჩერება;
- მოცემული ხელშეკრულების ხელმოწერიდან, დასრულებული ნაგებობის ექსპლოატაციაში მიღებამდე, იყოს პასუხისმგებელი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამშენებლო და უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე;
- მყიდველი ვალდებულია დაიწყოს სამშენებლო სამუშაოები მიწის ნაკვეთზე ყადაღის მოხსნიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში;
- ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აშენებული შენობა-ნაგებობის დაზიანების ან განადგურების რისკი ეკისრება მენარდეს.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა მყიდველის უფლებები:
- მყიდველი უფლებამოსილია არ შეასრულოს ხელშეკრულების 5.3.2.1 და 5.3.2.2 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებანი იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველი არ შეასრულებს 9.1.3, 9.1.4. და 9.1.5. მუხლებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს;
- მოითხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საჭიროდ ჩათვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის უზრუნველსაყოფად;
- მყიდველს უფლება აქვს გაასხვისოს მხოლოდ ის ფართი, რომლის ჭერიც არის დასხმული, რაც მის სახელზე იქნება რეგისტრირებული საკუთრების უფლებით.
6.1.6 2016 წელს, შპს „T.“-ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ი.მ.ა. „ქ......“-მა სარჩელი აღძრა შპს „T.“-ის მიმართ და მოითხოვა თანხის დაკისრება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 04 აპრილის №2/1448-16 განჩინებით, დამტკიცდა მხარეთა შორის მიღწეული მორიგება და შეწყდა საქმის წარმოება. აღნიშნული განჩინებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ: მხარეები თანხმობას აცხადებენ, მათ შორის, 2013 წლის 18 იანვარს გაფორმებული უძრავი ქონების ნაწილის ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულების 5.3.2.1 პუნქტში შევიდეს ცვლილებები და მოსარჩელე თანახმაა მიიღოს მოპასუხისაგან დამატებით 80 000 (ოთხმოციათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, რომელიც ჩაირიცხება მოსარჩელის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რომლის რეკვიზიტებია: სს „პ–ი“, ბანკის კოდი MIBGGE22, ანგარიშის ნომერი GE65PC018360010....., მიმღები ამხანაგობა „ქ......“. 80 000 (ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარის გადახდას მოპასუხე აწარმოებს შემდეგ თარიღებში: ა) მოპასუხე მოსარჩელეს ჩაურიცხავს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარს 2017 წლის 04 აპრილს. დარჩენილი 30 000 (ოცდაათი ათასი) აშშ დოლარის გადახდა მოხდება 2017 წლის 20 აპრილს;
- მოსარჩელე თანახმაა, მიიღოს მოპასუხისაგან მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი კ2 კოეფიციენტის მოსაკრებლის თანხის ნაწილიდან 14 777 (თოთხმეტი ათას შვიდას სამოცდაჩვიდმეტი) ლარიდან 14 000 ლარი, რომელიც ჩაირიცხება მოსარჩელის მიერ მითითებულ ანგარიშზე, რომლის რეკვიზიტებია: სს „პ–კი“, ბანკის კოდით B..., ანგარიშის ნომერი GE65PC01836001000...., მიმღები ამხანაგობა „ქ.........“. 14 000 ლარის ჩარიცხვა მოპასუხის მიერ მოსარჩელის ანგარიშზე მოხდება 2017 წლის 20 აპრილს;
- მხარეები თანხმობას აცხადებენ, მათ შორის, 2013 წლის 18 იანვარს გაფორმებულო უძრავი ქონების ნაწილის ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულების მე-4 პუნქტში შევიდეს ცვლილებები და მოსარჩელე თანახმაა დამატებით მიიღოს მოპასუხისაგან პარკინგის, სართულზე +3.00 ნიშნულზე მდებარე 200.00 (ორასი) კვ.მ. ფართი. წინამდებარე მორიგების ხელშეკრულებას ერთვის ნიშნულის მითითებითა და კონფიგურაციით განსაზღვრული მოსარჩელისათვის პარკინგის სართულზე გადასაცემი 200.00 კვ.მ. ფართის: სართულის გეგმის ასლი;
- მხარეები თანხმდებიან, რომ შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდგომ, +3.00 ნიშნულზე მდებარე ფართებს გამიჯნავენ ტიხრით, მოაწყობენ კედელს და გამიჯნავენ თითოეული მათგანის საკუთრებაში გადაცემულ ფართებს, კანონით დადგენილი წესით. მხარეთა შორის ფართების გამიჯვნისათვის, ტიხრის მოწყობის ხარჯებს გაიღებს მოპასუხე მხარე მე-5 პუნქტში მითითებული და მორიგების ხელშეკრულებაზე დართული გეგმის მიხედვით;
- მხარეები წინასწარ აცხადებენ თანხმობას, +3.00 ნიშნულზე არსებული პარკინგის სართულზე თითოეული მხარის საკუთრებაში არსებულ ფართებში ყოველგვარ გადაკეთებებსა და რეკონსტრუქციაზე, იქნება ეს შენობის ექსპლუატაციაში მიღებამდე ან/და მიღების შემდეგ, მათ შორის, მხარეები თანახმანი არიან თითოეულმა მათგანმა +3.00 ნიშნულზე გადაცემული ფართი შემინოს (ვიტრაჟები მოაწყოს) ან/და მოახდინოს კორექტირება საკუთარი შეხედულების მიხედვით. +3.00 ნიშნულზე არსებული ფართებისათვის ვიტრაჟების მოწყობის ხარჯებს გაიღებს მოპასუხე მხარე;
- მოსარჩელე იღებს ვალდებულებას მორიგების განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა, მიმართოს თბილისის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვოს: შესწორებული წითელი ხაზების გეგმის მიღება, მოითხოვოს სამშენებლო პროექტში ცვლილებების შეტანა ქ....... №5-ის (საკადასტრო კოდი ........) მხარეს დემონტირებული შენობის ნაწილების მითითებით, რათა არ მოხდეს შენობის ექსპლუატაციაში მიღების შეფერხება და არქიტექტურული პროექტი მოყვანილი იქნეს შესაბამისობაში ფაქტობრივად აშენებული შენობის მდგომარეობასთან;
- მოპასუხე იღებს ვალდებულებას, მოსარჩელისათვის გადასაცემ 200.00 კვ.მ. კომერციულ ფართში, +0.00 ნიშნულზე, მოაწყოს არქიტექტურული პროექტით გათვალისწინებული ტუალეტები;
- მოპასუხე კისრულობს ვალდებულებას, მშენებლობის ნებართვების არსებობის შესაბამისად, უზრუნველყოს მშენებლობის დასრულება და მშენებლობის დასრულებისათვის საჭირო თანხების გადახდა და შენობის ექსპლუატაციამდე მიყვანა 2017 წლის 30 სექტემბრამდე;
- მხარეები თანხმდებიან, რომ მიმართავენ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს შენობის ექსპლუატაციაში მისაღებად;
- მოპასუხე იღებს ვალდებულებას მორიგების განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში მოახდინოს შენობის გვერდით მდებარე კიბის უჯრედის ნაწილის დემონტაჟი, რათა აღმოიფხვრას მომიჯნავე მიწის ნაკვეთთან, ქ......... №5-ში არსებული, №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებასთან საკადასტრო ზედდება;
- მოპასუხე იღებს ვალდებულებას, აღმოფხვრას ყველანაირი წუნი და ზიანი სამშენებლო ფართებში და მოსარჩელისათვის გადასაცემი და მის საკუთრებაში დასატოვებელი ფართები მოიყვანოს შესაბამისობაში არქიტექტურულ პროექტთან, სამშენებლო ნორმებთან და წესებთან, ასევე აღმოფხვრას ატმოსფერული ნალექების შემოდინება შენობის შიდა პერიმეტრზე და მოაწყოს წყალსაწრეტები არაუგვიანეს 2017 წლის 30 სექტემბრისა;
- მოპასუხე იღებს ვალდებულებას დაასრულოს შენობის ფასადი არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის შესაბამისად;
- მოსარჩელე მხარე ვალდებულია მიიღოს საკადასტრო გეგმის მოსამზადებლად წითელი ხაზების შედგენისათვის ამზომველი კომპანიისაგან აზომვითი ნახაზი და უზრუნველყოს საჯარო რეესტრში საკადასტრო გეგმის მოსამზადებლად დოკუმენტაციის წარდგენა, ხოლო მოპასუხე მხარე იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს ამზომველ კომპანიას აზომვითი ნახაზის ღირებულება, ასევე გადაიხადოს მოსაკრებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. თბილისის არქიტექტურის სამსახურში, წითელი ხაზების გეგმის დასამტკიცებლად გადაიხადოს საჯარო რეესტრში ახალი საკადასტრო გეგმის მომზადებისათვის საჭირო თანხები.
6.1.7 2017 წლის 11 დეკემბერს, სამოქალაქო საქმეზე №2/14478-16, გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც, მოვალეს წარმოადგენდა შპს „T.“, ხოლო კრედიტორს - ამხანაგობა „ქ......“.
6.1.8 თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 18 აგვისტოს წერილით (N58350), დასრულდა №A18008726 სააღსრულებო საქმის წარმოება.
6.1.9. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 19 ნოემბრის აღსრულების ეროვნული ბიუროს №5819 ბრძანებით, დაკმაყოფილდა მ.კ–ას მოთხოვნა №A18008726 სააღსრულებო საქმის წარმოების დასრულების გაუქმების შესახებ და განახლდა სააღსრულებო საქმის წარმოება.
6.1.10. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 27 დეკემბრის წერილით (№89325), ი.მ.ა „ქ.......“-ს ეცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 დეკემბრის სააღსრულებო ფურცლიდან გამომდინარე, არ არსებობს მოვალის ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის საფუძველი.
6.1.11. 2019 წლის 16 აგვისტოს, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „T.“-მა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 70% (მდებარე: თბილისი, .........ქ №5) საკუთრების უფლებით გადასცა შპს „ე.ი.ქ–ნის“.
6.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედ შეჯიბრებითობის პრინციპზე, მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტზე, მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოპასუხე შპს „T.“-ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.04.2017 წლის №2/1448-16 საოქმო განჩინებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას.
6.3. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე კომპანიის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტის მტკიცების ტვირთი სწორედ მოსარჩელეს ეკისრებოდა. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც), იმავე კოდექსის 317-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან), 327-ე მუხლის 1-ლ და მე-2 ნაწილებზე (ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ) და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მხარეები იმყოფებოდნენ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში. კონკრეტულად კი, ი.მ.ა „ქ........“-სა და შპს „T.“-ს შორის გაფორმებული იყო ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის შესაბამისად, ი.მ.ა „ქ........“-მა იკისრა ვალდებულება გაეფორმებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული აღნაგობის უფლება და დაერეგისტრირებინა ინვესტორის სახელზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ინვესტორმა კი, თავის მხრივ, იკისრა მიწის ნაკვეთზე სამშენებლო პროექტით გათვალისწინებული ნაგებობის მშენებლობის უზრუნველყოფის ვალდებულება და მესაკუთრისათვის აღნიშნული ნაგებობის შეთანხმებული ნაწილის გადაცემა მხარეთა შორის მემორანდუმით გათვალისწინებულ მდგომარეობაში. 2013 წლის 18 იანვარს, მხარეთა შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნაწილის ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა გამყიდველის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის 70%, რაც შეადგენდა 634,9 კვ.მ. ფართს და უფლებას დამტკიცებულ პროექტზე. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „T.“-ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ი.მ.ა „ქ......“-მა აღძრა სარჩელი შპს „T.“-ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 04.04.2017 წლის №2/1448-16 საოქმო განჩინებით, შეწყდა საქმის წარმოება მხარეთა შორის მორიგების გამო, რის საფუძველზეც, მხარეებმა განაცხადეს თანხმობა, რათა მათ შორის, 2013 წლის 18 იანვარს გაფორმებული უძრავი ქონების ნაწილის ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულებაში შესულიყო ცვლილებები, რამაც გამოიწვია მხარეებს შორის არსებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა. პალატამ მიიჩნია, რომ 2017 წლის 04 აპრილს გაფორმებული მორიგების აქტის ფარგლებში, მხარეთა შორის შედგა ახალი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ცვლილებები შევიდა 2013 წლის 18 იანვრის უძრავი ქონების ნაწილის ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულების 5.3.2.1 პუნქტში. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხე შპს „T.“-ისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს 4.04.2017 წლის №2/1448-16 საოქმო განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობების შეუსრულებლობის (პ.1-10 - კორპუსის მშენებლობის დასრულება და შენობის ექსპლუატაციამდე მიყვანის უზრუნველყოფა 2017 წლის 30 სექტემბრამდე), გამო ი.მ.ა. „ქ......“- სთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 250 000 აშშ დოლარის ოდენობით (იხ. დაზუსტებული სარჩელი. ტ. 3. ს.ფ. 17). პალატამ აღნიშნა, რომ წინამდებარე საქმეში მოსარჩელე სწორედ 04.04.2017წ. მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილ ზიანზე დავობდა, შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა მხოლოდ მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების არსი, მათი დარღვევის ფაქტის დადგენა და დარღვევის შედეგად იმ ზიანის წარმოშობის განსაზღვრა, რაზეც მიუთითებდნენ მოსარჩელეები. საქმის მასალებითა და მხარეთა-ახსნა განმარტებებით დადგენილი იყო, რომ წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში მოსარჩელეები სადავოდ ხდიდნენ მოპასუხის მიერ, 04.04.2017 წლის მორიგების აქტის 1.10 პუნქტის დარღვევას, რომლის მიხედვითაც, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, რომ მშენებლობის ნებართვების არსებობის შესაბამისად, უზრუნველყოფდა მშენებლობის დასრულებას, მშენებლობის დასრულებისათვის საჭირო თანხების გადახდასა და შენობის ექსპლუატაციამდე მიყვანას 2017 წლის 30 სექტემბრამდე. საქმის მასალებით უდავოდ დადგენილი იყო, რომ საცხოვრებელი კომპლექსის ექსპლუატაციაში შეყვანა მორიგების აქტით განსაზღვრულ ვადაში არ მომხდარა.
6.4. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას), იმავე კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 401-ე მუხლზე (ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული) და ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით, განმარტა, რომ სახელშეკრულებო სამართალში მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტის დასადგენად, რასაც შემდგომში შესაბამისი სამართლებრივი შედეგები მოჰყვება, საჭიროა დადგინდეს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, ან მისი არაჯეროვანი შესრულება მოხდა მოვალის ბრალეული ქმედებით, ან უმოქმედობით. იმ შემთხვევაში, თუკი საქმის გარემოებების საფუძველზე დადგინდება, რომ ვალდებულების დარღვევაში მოვალეს ბრალი არ მიუძღვის, დაუშვებელია მის მიმართ იმ სამართლებრივი შედეგების გავრცელება, რაც გათვალისწინებულია ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავო იყო ის გარემოება, რომ მოპასუხე შპს „T.“ 04.04.2017 წლის მორიგების აქტის 1.10 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას ვერ შეასრულებდა, თუკი სახეზე არ იქნებოდა მორიგების აქტის 1.8 პუნქტით დადგენილი საპასუხო შესრულება მოსარჩელის მხრიდან. აღნიშნულ მოცემულობას არეგულირებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე, სადაც განიმარტა, რომ მოხმობილ ნორმას „სუსპენზიური ეფექტი“ გააჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოვალის მიერ შესრულების დაყოვნების უფლების განხორციელებით, ვალდებულებიდან გამომდინარე, ორმხრივი შესრულება ყოვნდება. შესრულება შეიძლება დაყოვნებულ იქნეს იმ ხანგრძლივობით, რომლის განმავლობაშიც არ სრულდება საპასუხო ვალდებულება. მოვალე, რომელიც „სუსპენზიური შესაგებლის“ უფლებას იყენებს, თავისი ვალდებულების შესრულების ვადაგადამცილებლად არ მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას აღნიშნული ვალდებულება წინასწარ უნდა შეესრულებინა (იხ. სუსგ საქმე №ას-849-2022, 22 ნოემბერი 2022 წელი).
6.5. სარჩელისა და თანდართული მასალების, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარეს მორიგების აქტით მითითებული ხელშეკრულების შეცვლილი პირობების აღსრულებასთან დაკავშირებით, პრეტენზია არ ჰქონდა, კერძოდ, ამხანაგობისათვის თანხის ჩარიცხვა დათქმულ ვადაში განხორციელდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 04.04.2017 წლის N2/1448-16 საოქმო განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტით განისაზღვრა როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის უფლება-მოვალეობები. მორიგების მე-8 პუნქტში მითითებული იყო, რომ მოსარჩელე იღებდა ვალდებულებას მორიგების განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 10 (ათი) დღისა, მიემართა თბილისის არქიტექტურის სამსახურისათვის და მოეთხოვა შესწორებული წითელი ხაზების გეგმის მიღება, მოეთხოვა სამშენებლო პროექტში ცვლილებების შეტანა ......... №5-ის (საკადასტრო კოდი ..........) მხარეს, დემონტირებული შენობის ნაწილების მითითებით, რათა არ მომხდარიყო შენობის ექსპლუატაციაში მიღების შეფერხება და არქიტექტურული პროექტი მოყვანილიყო შესაბამისობაში ფაქტობრივად აშენებული შენობის მდგომარეობასთან. ამავე საოქმო განჩინების მე-10 პუნქტში მითითებული იყო, რომ მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას, მშენებლობის ნებართვების არსებობის შესაბამისად, უზრუნველეყო მშენებლობის დასრულება და მშენებლობის დასრულებისათვის საჭირო თანხების გადახდა და შენობის ექსპლუატაციამდე მიყვანა 2017 წლის 30 სექტემბრამდე. სწორედ ამ უკანასკნელის შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა მოსარჩელე. სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და განმარტა, რომ სარჩელს არ ერთვოდა და მოსარჩელე მხარეს არც დამატებით წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მის მიერ შესრულებული იყო 04.04.2017 წლის მორიგების განჩინების მე-8 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება, რაც გულისხმობდა შენობის ექსპლოატაციაში მისაღებად მოსარჩელის ვალდებულებას არქიტექტურული პროექტის შესაბამისობაში მოყვანას ფაქტობრივად აშენებული შენობის მდგომარეობასთან, რისთვისაც საჭირო იყო თბილისის არქიტექტურის სამსახურის შესაბამისი ნებართვა. სწორედ მოსარჩელის მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულების შემდეგ უზრუნველყოფდა მოპასუხე შენობის ექსპლოატაციამდე მიყვანას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ, მორიგების აქტის 1.8 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულების გარეშე, მოპასუხე მოკლებული იყო შესაძლებლობას შეესრულებინა მორიგების აქტის 1.10 პუნქტით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარეობდა ის დასკვნა, რომ მხარეთა შორის შეთანხმებულ ვადაში, კერძოდ კი, 2017 წლის 30 სექტემბრამდე მშენებლობის დასრულებისა და შენობის ექსპლუატაციაში შეყვანის ვალდებულების შეუსრულებლობა არ იყო გამოწვეული მოპასუხის ბრალეული ქმედებით და ამ უკანასკნელს ჰქონდა უფლება უარი ეთქვა საკუთარი ვალდებულების შესრულებაზე იქამდე, სანამ არ მიიღებდა საპასუხო შესრულებას მოსარჩელისგან. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთებოდა მოპასუხის ბრალეულობა მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევაში, რაც თავის მხრივ სსკ-ის 369-ე და 401-ე მუხლების საფუძველზე, გამორიცხავდა მოპასუხის პასუხისმგებლობას შენობის დაუსრულებლობასა და ექსპლუატაციაში შესვლის შეუძლებლობაში. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ მოსარჩელე მხარემ თავისი მტკიცების ფარგლებში ვერ დაადასტურა, რომ შპს „T.“-ის მიერ ადგილი ჰქონდა ვალდებულების დარღვევას.
6.6. სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევდა დაზარალებულ მხარეს, ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენდა მოსარჩელეს.
6.7. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის ფაქტი, ვინაიდან მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულება შესაძლებელი იყო მხოლოდ მოსარჩელის მხრიდან მორიგების აქტის 1.8 პუნქტში ნაკისრი ვალდებულების საპასუხო შესრულების შემთხვევაში, რაც მოსარჩელე მხარეს არ შეუსრულებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხეს ვერ შეერაცხებოდა მორიგების აქტის 1.10 პუნქტის შეუსრულებლობისთვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების დასაკისრებლად, სახეზე არ იყო პასუხისმგებლობის წარმოშობისთვის სავალდებულო ელემენტი - მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეული დარღვევა, რაც კუმულატიურად უნდა არსებობდეს ზიანის შემადგენელ სხვა ელემენტებთან ერთად და რომელიც ფაქტობრივად წარმოშობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
6.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებები მასზედ, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე თავის სასარჩელო მოთხოვნას ამყარებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 04.04.2017 წლის N2/1448-16 საოქმო განჩინების მე-10 პუნქტის შეუსრულებლობას, რაც ითვალისწინებდა სამშენებლო ობიექტის ექსპლოატაციამდე მიყვანას 2017 წლის 30 სექტემბრამდე, თუმცა, მოსარჩელეს არ ჰქონდა შესრულებული განჩინების მე-8 პუნქტიდან გამომდინარე საპირისპირო ვალდებულება პროექტის კორექტირებისა და თბილისის არქიტექტურის სამსახურიდან შესაბამისი ნებართვის აღების კუთხით. ასეთ ვითარებაში, როდესაც შენობის ექსპლოატაციაში მისაღებად აუცილებელ პირობას წარმოადგენდა არქიტექტურული პროექტის შესაბამისობაში მოყვანა ფაქტობრივად აშენებული შენობის მდგომარეობასთან, გაურკვეველი იყო ექსპლოატაციაში მიღების საკითხი. მოპასუხეს სწორედ მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემდეგ წარმოეშობა ვალდებულება - უზრუნველეყო შენობის ექსპლოატაციამდე მიყვანა, ანუ პირველი შესრულების ტვირთი აწევდა მოსარჩელეს და ამ ვალდებულების განხორციელებაზე იყო დამოკიდებული მოპასუხის მიერ მასზე დაკისრებული საპასუხო ვალდებულების შესრულება. ამასთან, აღსანიშნავი იყო, რომ მოსარჩელე არ უთითებდა მის მიერ ვალდებულების შესრულების ობიექტურ შეუძლებლობაზე. პალატის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლი დისპოზიციური შინაარსი, მოვალეს საპასუხო შესრულების განხორციელებამდე თავისი ვალდებულების შესრულების გადადების უფლებას ანიჭებდა. განჩინებით დამტკიცებული მხარეთა შორის მორიგების პირობები ორივე მხარისათვის წარმოშობდა ვალდებულებებს, რომლის დროსაც შესრულება და საპირისპირო შესრულება ურთიერთდამოკიდებული იყო, ანუ მხარეებს ერთმანეთის მიმართ მოთხოვნაც ჰქონდა და ვალდებულებაც. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა განჩინების მე-19 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოსარჩელე მხარე აცხადებდა, რომ წინამდებარე მორიგების ხელშეკრულების სასამართლოს მიერ დამტკიცებამდე მოსარჩელისათვის გადასაცემი ფართები, რაც გათვალისწინებული იყო 2013 წლის 18 იანვრის უძრავი ქონების ნაწილის ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულების მე-4 მუხლში, მიყვანილი იყო (აშენებული და დასრულებული) მითითებულ მუხლში გადმოცემულ მდგომარეობამდე, ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობამდე. შესაბამისად, სარჩელში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, რის გამოც, მართებულად ეთქვა უარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 4.04.2017 წლის №2/1448- 16 საოქმო განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობების შეუსრულებლობის (პ.1- 10- კორპუსის მშენებლობის დასრულება და შენობის ექსპლუატაციამდე მიყვანის უზრუნველყოფა 2017 წლის 30 სექტემბრამდე) გამო, ი.მ.ა. „ქავთარაძის ქ. №1-2007“- სთვის მიყენებული ზიანის - 250 000 აშშ დოლარის ოდენობით ანაზღაურებაზე. პალატამ აღნიშნა ის გარემოებაც, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე მხარემ არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, თვითონ გაეღო ნებისმიერი ხარჯი და განეხორციელებინა ნებისმიერი სამართლებრივი მოქმედება უძრავი ქონების ექსპლუატაციაში მისაღებად, თუ მოსარჩელე მხარე თვითონაც შეასრულებდა მორიგების აქტით ნაკისრ ვალდებულებას, შესაძლებლობას მისცემდა და ხელს არ შეუშლიდა მოპასუხეს თავისი მოვალეობის განხორციელებაში.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული ი.მ.ა „ქ....-ის“ წევრების: ც.ა–ძის, ი.კ–ძის, ზ.ჩ–ას, მ.მ–იას, მ.პ–ის, ნ.მ–ძის, ი.მ–ძის, ა.მ–ძის, რ.გ–იას, თ.გ–იას, მ.გ–იას, ა.მ–ის და გ.გ–ძის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
9. საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. კასატორის მითითებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაარღვიეს სსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით გარანტირებული დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპები. ამ მიმართებით, კასატორი აღნიშნავს, რომ პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა თავიანთი გადაწყვეტილება/განჩინება დააფუძნეს ისეთ ფაქტებზე, რაც მხარეებს არ წარუდგენიათ. სააპელაციო განხილვის შედეგად სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა მოპასუხის/მოწინააღმდეგის ის პოზიცია, რისი ფიქსაციაც არანაირი ფორმით არ მომხდარა; ამავე პალატამ გაიზიარა ქვედა ინსტანციის სასამართლოს ის მოსაზრებები, დასკვნები და განმარტებები, რომლებიც არ გამომდინარეობენ მხარეთა მიერ წარდგენილი ფაქტებიდან, მტკიცებულებებიდან და პოზიციიდან და რაზედაც მხარეებს შორის დავა არ შემდგარა. კასატორის მითითებით, სასამართლოების მსჯელობა და დასკვნები აგებულია არარსებულ ფაქტებზე. ორივე ინსტანციის სასამართლომ არასწორი შემაჯამებელი დასკვნის გამოტანისა და ამხანაგობის სარჩელის უარსაყოფად, თავად შექმნა არასწორი წანამძღვარი, თითქოს ამხანაგობას არ ჰქონდა ვალდებულება შესრულებული, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარეს საპასუხო შესრულების მოვალეობა არ წარმოშობია. კასატორის მითითებით, არარსებული ფაქტობრივი წინამძღვრის შექმნა გამოიხატა იმაში, რომ სააპელაციო პალატამ იმსჯელა მოსარჩელის მხრიდან მორიგების აქტის 1.8 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაზე იმ პირობებში, როცა აღნიშნულ გარემოებაზე მოპასუხის მხრიდან არანაირი შედავება არ განხორციელებულა. კასატორის მითითებით, სასამართლო იზიარებს მოპასუხის/მოწინააღმდეგის პოზიციას ისე, თითქოს ეს უკანასკნელი შეუსრულებელ ვალდებულებაზე აკეთებდა ხაზგასმას; კასატორის მოსაზრებით, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ აღნიშნულზე მოპასუხემ შედავება განახორციელა, მას უნდა მიეთითებინა კონკრეტულად თუ რომელ ინსტანციაში, რა დროს, რომელ სხდომაზე, რა ვითარებასა და კონტექსტში განახორციელა მოპასუხემ შედავება აღნიშნულ გარემოებაზე. კასატორის მითითებით, რამდენადაც სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლების მიხედვით, მოპასუხე/მოწინააღმდეგე მხარე სადავოდ არ ხდიდა მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან შესრულებას, ამ გარემოებაზე პირველ ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელე მხარეს პოზიცია არ გამოუხატავს და მტკიცებულებები არ წარუდგენია, რამეთუ არარსებულ სადავო გარემოებაზე ვერანაირ მტკიცებას ვერ განახორციელებდა. კასატორის მითითებით, მას შემდეგ, რაც აღნიშნული არგუმენტი კანონდარღვევით იქნა გამოყენებული სარჩელის უარსაყოფად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, პალატას წარედგინა შესაბამისი მასალები, რომლითაც უდავოდ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ იმა „ქ.......“-ის თავმჯდომარემ, 2017 წლის 04 აპრილის განჩინების გამოტანის შემდეგ, ამ საპროცესო აქტიდან გამომდინარე ვალდებულების შესაბამისად, იმავე წლის 14 აპრილს, ნამდვილად მიმართა დედაქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურს მოწინააღმდეგესთან ერთად თანასაკუთრების კორპუსის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ცვლილების მოთხოვნით (ტ. 8, ს.ფ. ს.ფ. 223), თუმცა, აღნიშნული გარემოებები სააპელაციო პალატას მხედველობაში არ მიუღია. კასატორის მითითებით, შპს „ე.ი.ქ–ნი“ მხოლოდ 10.06.2021 წლის სააპელაციო შესაგებლით (ტ. 8, ს.ფ. 158-169) შეეცადა მსჯელობა მიესადაგებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებისთვის და აღნიშნა, რომ თითქოს მოსარჩელეს არ მიუმართავს არქიტექტურის სამსახურისთვის და თითქოს აღნიშნულზე მითითება 27.02.2019 წლის შესაგებლის დავის პირველი დამატებითი ფაქტობრივი გარემოებების გრაფაში განახორციელა იმ ჩანაწერით, რომ „კორპუსი მიყვანილია ექსპლუატაციამდე იმ სახით, რა სახის პროექტი გადასცა ამხანაგობა „ქ.......“-მა შპს „T."-ს“. კასატორის მითითებით, 10.06.2021 წლის შესაგებლით მოყვანილი ვითომ-არგუმენტები, მხარემ გამოიყენა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი №2/7210-19 სარჩელის აღსაძრავად, რომლის დაკმაყოფილებაზეც, სრულიად მართებულად ეთქვა უარი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 03.06.2022 წლის გადაწყვეტილებით. რაც შეეხება შპს „T.“-ის სააპელაციო შესაგებელს, მართალია, მასში მითითებულია, რომ თითქოს ამხანაგობამ ვერ წარადგინა მორიგების აქტის 1.8 პუნქტის შესრულების დასტური, თუმცა მოწინააღმდეგე მხარე თავს არიდებს იმაზე მსჯელობას, თავად როდის გახადა ეს გარემოება სადავოდ და რა ადასტურებს, რომ აღნიშნულზე რაიმე ფორმით როდისმე გამოხატა პოზიცია. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ „T.“-ის სააპელაციო შესაგებელი წარდგენილია სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული შვიდღიანი ვადის დარღვევით.
9.2. გარდა ამისა, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ უგულვებელყო და შეფასება არ მისცა აპელანტის პრეტენზიას მოპასუხე მხარის წარმომადგენელების მინდობილობების ნამდვილობასთან მიმართებით, რის გამოც გადაწყვეტილება გამოტანილია სსკ-ის 377-ე მუხლის 1-ლი-მე-3 ნაწილების მოთხოვნათა არსებითი დარღვევით, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ შეტანილი საჩივარი, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, არ შემოწმებულა ამ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში.
9.3. ასევე, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატის გაუმართლებელი ყურადღება დაიმსახურა მოწინააღმდეგის განმარტებამ იმის თაობაზე, თითქოს „ის მუდმივად მზადყოფნაშია აღასრულოს 04.04.2017 წლის განჩინებით გათვალისწინებული ის ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც აქვს ნაკისრი და თვითონ გაიღოს ნებისმიერი ხარჯი და განახორციელოს ნებისმიერი სამართლებრივი მოქმედება უძრავი ქონების ექსპლუატაციაში მისაღებად, თუ მოსარჩელე მხარე თვითონაც შეასრულებს მორიგების აქტით ნაკისრ ვალდებულებას, შესაძლებლობლობას მისცემს და ხელს არ შეუშლის მოპასუხეს თავისი მოვალეობის შესრულებაში“, თუმცა, სასამართლო ვერ მიუთითებს თუ სად არის მტკიცებულება იმისა, რომ ოდესმე ხელი შეეშალა მოწინააღმდეგე მხარეს ვალდებულების შესრულებაში; რაში გამოიხატება მზადყოფნა ვალდებულებათა შესრულებასთან დაკავშირებით, როცა ამ დრომდე არ წარმოუდგენია არანაირი გეგმა-პროექტი, თუ რა გზით, პირობებით და საშუალებით გამოთქვამს მზადყოფნას ვალდებულებათა აღსრულების, კორპუსის ექსპლუატაციაში მიღებისა თუ ე.წ. განშლის საჯარო რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გამოიკვეთა სსსკ-ის 412-ე მუხლის წინაპირობები, რის შედეგადაც მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით, იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულია გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების ჩამონათვალი და კანონმდებელი განსახილველი ნორმით ადგენს ზემდგომი სასამართლოს ვალდებულებას, გააუქმოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება, თუ სახეზეა მითითებულთაგან ერთ-ერთი დარღვევა. ხსენებული ნორმის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
15. სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). მოსარჩელის სტადიის შემდეგ, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოპასუხის სტადია, რაც მოსაჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების პასუხად შესაგებელში შედავებული გარემოებების კვალიფიციურობაზეა დამოკიდებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის დიდი პალატის გადაწყვეტილებაში (საქმეზე N ას-664-635-2016; პუნქტი 201) მითითებულია: „2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება“.
16. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
18. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
19. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64 - შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1677-2018, 5.07.2022წ; N ას-309-2022. 7.07.2022წ; N ას- 471-2022, - 8.07.2022წ; N ას-582-2022, 16.09.2022წ.).
20. საკასაციო სასამართლო მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში უფლებამოსილია, საქმეზე დადგენილ გარემოებებს მისცეს სამართლებრივი შეფასება. განსახილველ შემთხვევაში, შესაფასებელია, რამდენად არის გასაზიარებელი სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნა, ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად, სსკ-ის 369-ე მუხლიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ შესრულების დაყოვნების უფლების განხორციელების შესახებ. კასატორები მიიჩნევენ, რომ წარმოდგენილი სარჩელის უარსაყოფად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა გამოიყენეს ისეთი საფუძველი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა არცერთ სტადიაზე, ირიბი გაკვრითაც კი არ მითითებულა ასეთ საფუძველზე, რის გამოც მოსარჩელეს შესაბამისი მტკიცება არ განუხორციელება ამ საფუძვლის ირგვლივ.
21. საკასაციო პრეტენზიის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი.
22. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა საპროცესო უფლებების ავტონომიურად განკარგვის შესაძლებლობას. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან.
23. ვიდრე საქმის არსებითად განხილვა დაიწყება სასამართლოში, მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს საქმის მომზადება, რომელიც მათ შორის მხარეთა წერილობითი პოზიციების გაცვლას მოიცავს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება, ერთი მხრივ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოპასუხისათვის, ხოლო მეორე მხრივ, შესაგებლისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მოსარჩელისთვის ჩაბარება. სასამართლომ მკაცრად უნდა გააკონტროლოს ამ კონტექსტში მხარეთა საპროცესო უფლებების დაცვა (წერილობითი დოკუმენტაციის სრულყოფილად მიღება და პასუხის გასაცემად გონივრული ვადის დადგენა), წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა. მოპასუხეს მისთვის გზავნილის (სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები) ჩაბარების შემდეგ წარმოეშობა შესაგებლის წარდგენის ვალდებულება.
24. კანონმდებლის ამგვარი მოთხოვნა გამომდინარეობს წერილობითი სამართალწარმოების პრინციპიდან, რაც წინა ეტაპია ზეპირი სამართალწარმოებისა და რასაც ვერ ჩაანაცვლებს მხარეთა მოსმენის პრინციპი, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო პროცესი დაკარგავდა განსაზღვრულობის სახეს და მივიღებდით საპროცესო მოქმედებების ქაოსს. მხარეს უფლება აქვს წინასწარ, საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე იცოდეს, რაზე აფუძნებს მეორე მხარე თავის მოთხოვნას ან რა საპროცესო საშუალებებით აპირებს თავის დაცვას. მხარეებს უნდა მიეცეთ ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება, რათა დაიცვან საკუთარი სამოქალაქო უფლებები, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების მოთხოვნაა.
25. ამგვარი მიდგომა სრულადაა შესაბამისობაში სამართლებრივი სიცხადის პრინციპთან. ვინაიდან საქმის განხილვის და დავის გადაწყვეტის მთავარი ფიგურანტი მოსამართლეა, მას ჯერ კიდევ წერილობითი ფორმით წარდგენილი სარჩელიდან და შესაგებლიდან უნდა შეექმნას წარმოდგენა დავის სურათზე (ფაბულა), მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზე (სარჩელით მოთხოვნილი შედეგის განმსაზღვრელი ნორმა), მოთხოვნის წინაპირობებზე (ნორმის შემადგენლობა), მტკიცების საგანსა (სადავო გარემოება, რომელიც უნდა დამტკიცდეს) თუ სარჩელის პერსპექტიულობაზე. იმის მიხედვით, რამდენად აკმაყოფილებს სარჩელი და შესაგებელი ფორმალური დასაბუთებულობის (გამართულობის) მოთხოვნებს, მოსამართლე ნიშნავს მოსამზადებელ ან მთავარ სხდომას. შესაბამისად, თუ მოსამართლე დანიშნავს მოსამზადებელ სხდომას, მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მხარეთა საპროცესო უფლებები - დააზუსტონ/შეავსონ სარჩელში/შესაგებელში მითითებული გარემოებები (სსსკ-ის 83-ე მუხლი). დასაბუთებულობის მოთხოვნა გამოიყენება შესაგებელთან მიმართებაშიც, ამ დროს მოწმდება როგორი შესაგებელი წარადგინა მოპასუხემ (მოთხოვნის შემწყვეტი, შემაფერხებელი, გამომრიცხავი). შესაგებლის შინაარსიდან უნდა მიხვდეს მოსამართლე, რომელია უდავო და რომელია სადავო მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები. შესაგებლის ინსტიტუტი, სარჩელის ინსტიტუტთან ერთად ერთგვარი გზამკვლევია მტკიცების სტადიისა, რომელზე გადასვლაც არ ხდება, ვიდრე არ ამოიწურება მხარეთა პოზიციების (სარჩელი; შესაგებელი; მოპასუხის მხრიდან არსებითი შედავების შემთხვევაში მოსარჩელის პასუხი და ა.შ.) ურთიერთგაცვლა და უდავო გარემოებების იდენტიფიცირება. საქმის განმხილველი მოსამართლის გადასაწყვეტია, თუ რა ფაქტობრივი აღწერილობა (ფაბულა) უნდა დაუდოს საფუძვლად საკუთარ მსჯელობას, თავის მხრივ მთავარ როლს ფაბულის შექმნაში მხარეები ასრულებენ, რაც სრულად პასუხობს შეჯიბრებითობის პრინციპის მოთხოვნებს. ერთი მხრივ რელევანტური ფაქტების დახარისხება ხდება სამართლის ნორმის მიხედვით, ხოლო მეორე მხრივ, ფაქტები განსაზღვრავენ, რომელია მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა. აქედან გამომდინარე, დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად შესაგებლის, როგორც საპროცესო ინსტიტუტის როლი, უაღრესად მნიშვნელოვანია.
26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.
27. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.
28. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე აღნიშნა, რომ სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (შდრ. სუსგ დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-664-635-2016, 02 მარტი, 2017, პ.201).
29. ამდენად, შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, განსაკუთრებით ფაქტობრივი ნაწილი გავლენას ახდენს მტკიცების ტვირთზე. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა მორიგების პირობების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას შეეხებოდა. მოპასუხემ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ „...შპს „T.-ის“ მიერ ეს ვალდებულება შესრულებულია და დასრულებულია სახლის მშენებლობა“. „აშენებული სახლის ექსპლუატაციაში მიღების ვალდებულება არ ეკისრება შპს „T.-ს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 04.04.2017 წლის განჩინებით დამტკიცებული მორიგებით შემდეგი რამ არის გათვალისწინებული: მოპასუხე კისრულობს ვალდებულებას, მშენებლობის ნებართვების არსებობის შესაბამისად, უზრუნველყოს მშენებლობის დასრულება და მშენებლობის დასრულებისათვის საჭირო თანხების გადახდა და შენობის ექსპლუატაციამდე მიყვანა 2017 წლის 30 სექტემბრამდე. მითითებული ვალდებულება შესრულებულია შპს „T.-ის“ მიერ იმ მშენებლობის პროექტისა და მშენებლობის ნებართვის მიხედვით, რაც გადასცა მას მოსარჩელემ“. მრავალერთეულიანი სახლის მშენებლობა დასრულებულია, მიყვანილია ექსპლუატაციამდე და მოსარჩელე ორგანიზაციის წევრების მიერ ხდება კუთვნილი ფართებით სარგებლობა, გაქირავება, პირველ სართულზე ფუნქციონირებს მარკეტი და ა.შ. ეს გარემოებები დადასტურდა 2019 წლის 01 თებერვალს ფაქტების კონსტანტაციის შედეგად“. ექსპლუატაცია კი, მხარეებმა ერთობლივად უნდა მოახდინონ“.
30. სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართალია, აღნიშნული მუხლის დისპოზიციური შინაარსი, მოვალეს საპასუხო შესრულების განხორციელებამდე თავისი ვალდებულების შესრულების გადადების უფლებას ანიჭებს. თუმცა, ასეთი უფლების განხორციელებაზე მითითებას, მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი არ შეიცავდა. პირიქით, მოპასუხის მიერ შესაგებელში განვითარებული მსჯელობა ფაქტობრივად ადასტურებდა, რომ მოპასუხემ ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება შეასრულა და სსკ-ის 369-ე მუხლში აღნიშნულ დაყოვნებას არ ჰქონია ადგილი. შესაბამისად, გასაზიარებელია წინამდებარე განჩინებაში მითითებული კასატორის პრეტენზია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ საპროცესო სამართლებრივი ნორმების დარღვევით, ისე, რომ მოპასუხე მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხველ შესაგებელს, ამ გარემოებაზე არ აფუძნებდა, თავისი ინიციატივით იმსჯელა და მიიჩნია, რომ შპს „T.-მა“ ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საპასუხო მოქმედების განუხორციელებლობის გამო ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების, ასევე მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი შესაგებლის გათვალისწინებით უნდა შეფასებულიყო სარჩელის საფუძვლიანობა. ვინაიდან, მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებელი სსკ-ის 369-ე მუხლიდან გამომდინარე, მოპასუხეს არ წარუდგენია, ხოლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ დადგენილა ზიანის მიყენების ფაქტი და არ განსაზღვრულა მიყენებული ზიანის ოდენობა, ასევე გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს მსჯელობას ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელი წინაპირობების არსებობა/არარსებობაზე, სადავო საკითხთან მიმართებით წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა მითითებების კვლევისა და მათი სათანადო შეფასების გარეშე შეუძლებელია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება.
32. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. იმავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
33. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილება დავაზე. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემდგომ, სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნის განხორციელებისათვის აუცილებელი წინაპირობების სახით სარჩელსა და შესაგებელში, მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით უნდა იმსჯელოს, დაადგინოს და სამართლებრივად შეაფასოს შედეგის განმაპირობებელი წანამძღვრები და ასახოს ისინი მიღებულ გადაწყვეტილებაში.
34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.მ.ა „ქ....-ის“ წევრების: ც.ა–ძის, ი.კ–ძის, ზ.ჩ–ას, მ.მ–იას, მ.პ–ის, ნ.მ–ძის, ი.მ–ძის, ა.მ–ძის, რ.გ–იას, თ.გ–იას, მ.გ–იას, ა.მ–ისა და გ.გ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლევან ნემსაძე
მიხეილ ჯინჯოლია