Facebook Twitter

საქმე №ას-1195-2025 02 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

კასატორი – შპს „თ.ს.კ–ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ხ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „თ.ს.კ–ამ“ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ვ.ხ–ძის (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 151 519.77 ლარის დაკისრება, ზიანის ანაზღაურების მიზნით.

2. მოპასუხემ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „თ.ს.კ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ვ.ხ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 53586.93 ლარის გადახდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხემ კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა. სააპელაციო სასამართლოში საქმის მიმდინარეობის დროს მოპასუხემ ცნო სარჩელი 3238.09 ევროს ეკვივალენტი ლარის ნაწილში.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით შპს „თ.ს.კ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ვ.ხ–ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა პირველი ინსტანცის სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „თ.ს.კ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ვ.ხ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3238.93 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. 2018 წლის 23 ივლისს, შპს „თ.ს.კ–ის“ კუთვნილ ავტობუსს, სახელმწიფო ნომრით ........, რომელსაც მართავდა კომპანიის დაქირავებული მძღოლი, ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, გაჩერებაზე დგომისას, უკანა მხრიდან შეეჯახა მერსედესის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ........., რომელსაც მართავდა ვ.ხ–ძე და დააზიანა ავტობუსი, რაზეც შპს „თ.ს.კ–ის“ სპეციალურად უფლებამოსილი თანამშრომელის მიერ შედგენილ იქნა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ აქტი.

6.2. 2018 წლის 23 ივლისს მომხდარ ავტოსატრანსპორტო შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება. გამოძიებით დადგინდა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გამოწვეული იყო ვ.ხ–ძის მიერ საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

6.3. 2018 წლის 26 ივლისის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N1785/სტ დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი ავტობუსის „MAN A21“ სახ. ნომრით „......“ ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მას უკანა ნაწილში აღენიშნება უკნიდან წინ მოქმედი ძალით განვითარებული ავარიული ხასიათის მექანიკური სახის დაზიანებები, რის შედეგადაც ავტობუსს დაზიანებული აქვს: უკანა ბამპერი, უკანა მოპირკეთება და უკანა მარცხენა ფრთა. ჩამსხვრეული აქვს უკანა მარცხენა მაშუქი. არ გააჩნია წინა მოპირკეთება. საბურავები დაბერილ მდგომარეობაშია.

6.4. დაზიანებული ავტობუსი სახელმწიფო ნომრით ........., შეკეთების მიზნით წარედგინა შპს „თ.თ.ე.ბ–სს“, სადაც, შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 49521.12 ევროთი, რაც იმ პერიოდისთვის არსებული კურსის გათვალისწინებით შეადგენდა 151 519.77 ლარს.

6.5. 2019 წლის 03 იანვარს, შპს „თ.ს.კ–ის“ მიერ შპს „თ.თ.ე.ბ–სს“, #TTB-TTC-.. ინვოისის საფუძველზე აუნაზღაურდა გაწეული მომსახურების ღირებულება 151 519.77 ლარის ოდენობით.

6.6. 2021 წლის 17 ივლისს, შპს „თ.ს.კ–ამ“ წერილობით მიმართა ვ.ხ–ძეს და მოსთხოვა კომპანიისთვის მიყენებული ზიანი 151 519.77 ლარის ანაზღაურება. მოპასუხეს აღნიშნული ზიანი მოსარჩელისთვის არ აუნაზღაურებია.

6.7. 2024 წლის 12 იანვრის, ვ.ხ–ძის მიმართვის საფუძველზე, ექსპერტ გ.ბ–ძის მიერ ჩატარებული ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ შემთხვევაში, ავტობუსს „MAN A21“ სახ. ნომრით „.......“ შესაძლებელია მიეღო ფოტოებზე მოცემული და დოკუმენტებში აღწერილი გარეგანი ფიზიკური დაზიანებები, ხოლო აგრეგატების, მათ შორის გადაცემათა ცვლის კოლოფის, ალტერნატორის, ჰიდრავლიკის ტუმბოს, შიდა მექანიკური, ელექტრო და სხვა ტიპის დეტალები შეჯახების შედეგად არ დაზიანდებოდა. შპს „თ.თ. & ბ–ის“ #TTB-.... ინვოისში მითითებული 79 დასახელების დეტალის, სამაგრის, მილების და სხვა ნაწილის შეცვლისა და აღდგენის თაობაზე დეტალურად მსეჯლობა შეუძლებელია მათი შესწავლის, დათვალიერების გარეშე, შესაძლებელია მათ შორის გარკვეული ნაწილის აღდგენა იყო შესაძლებელი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

6.8. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია და ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, როელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია. მართლსაწინაამდეგო ქმედების შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი, ანუ მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და სარჩელში მითითებულ დაზიანებებს შორის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეულის სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

6.9. პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და მხარეთა შორის სადავოდ გამხდარ დაზიანებებს შორის მიზეზობრივი კავშირის დასადასტურებლად, სარწმუნო და განკუთვნად მტკიცებულებად ვერ შეფასდებოდა შპს „თ.თ.ე.ბ–სს-ის“ მიერ გაცემული ინვოისი, რომელშიც ასახულია დაზიანებული ავტობუსის აღდგენისათვის აუცილებელი ნაწილებისა და შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება. პალატამ აღნიშნა, რომ განკუთვნადი მტკიცებულება იქნებოდა კვალიფიციური ექსპერტიზის დასკვნა, რაც მოსარჩელის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა.

6.10. მითითებული ინვოისი სადავო გარემოების დამადასტურებელ რელევანტურ მტკიცებულებად არ განიხილებოდა, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც სადავო დაზიანებების მიღების შესაძლებლობა უარყოფილი იყო მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი შპს „ა–ის“ ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით.

6.11. პალატამ სასამართლო სხდომაზე მიიწვია და დამატებით მოუსმინა ექსპერტ გ.ბ–ძეს, რომელმაც მიუთითა, რომ იგი არ ამტკიცებს მისი დასკვნის აბსოლუტურ ხასიათს, თუმცა, საქმის ყველა გარემოებისა და დეტალის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ ინვოისში მითითებული სადავო დაზიანებების წარმოშობა ძალიან დიდი ალბათობით შეუძლებელი იყო.

6.12. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხარის დისპოზიციურ უფლებაზე, რომლის მიხედვითაც ვ.ხ–ძემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი და მიიჩნია, რომ 3238.93 ევროს ეკვივალენტი ლარის ნაწილში არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები. მოსარჩელემ დაადასტურა, რომ დაზიანება შეეხო ისეთ მნიშვნელოვან აგრეგატებს და სისტემებს რომელთა შეკეთება შეუძლებელი იყო და აუცილებელი იყო შეცვლა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ დეფორმაცია განიცადა არა მხოლოდ ავტობუსის კორპუსმა, არამედ, იმ დეტალებმა და ნაწილებმა, რომლებიც მჭიდროდ არის ჩაშენებული სატრანსპორტო საშუალების შიდა სტრუქტურაში. შპს „თ.ს.კ–ის“ მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯი გამყარებულია საბუღალტრო დოკუმენტაციით, დადგენილია მოპასუხის ბრალეულობა ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომაში და არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

15. მოცემული დავის საგანია ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, მოთხოვნა სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

16. კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (შდრ. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018 № ას-809- 776-2016, 04.04.2017).

17. სსკ-ის 992 მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული მოქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ კონსტრუქციას და მათგან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

18. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულების წარმოდგენით დაადასტურა დაზიანებული ნაწილების მოპასუხის ბრალით დაზიანება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

19. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას, საკასაციო პრეტენზიის გათვალისწინებით, უპირველესად, მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე იმსჯელებს. სსსკ-ის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადასტუროს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადასტურების მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

21. პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.

22. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე.

22.1. ვ.ხ–ძის 2024 წლის 12 იანვრის მიმართვის საფუძველზე, ექსპერტმა გ.ბ–ძემ ჩაატარა ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ავტობუსს შესაძლებელია მიეღო ფოტოებზე მოცემული და დოკუმენტებში აღწერილი გარეგანი ფიზიკური დაზიანებები, ხოლო აგრეგატების და სხვა ტიპის დეტალები შეჯახების შედეგად არ დაზიანდებოდა. შპს „თ. თ. & ბ–ის“ #TTB-TTC-.. ინვოისში მითითებული 79 დასახელების დეტალის, სამაგრის, მილების და სხვა ნაწილის შეცვლისა და აღდგენის თაობაზე დეტალურად მსჯელობა შეუძლებელია მათი შესწავლის, დათვალიერების გარეშე, შესაძლებელია მათ შორის გარკვეული ნაწილის აღდგენა იყო შესაძლებელი.

22.2. აღნიშნული დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, „ავტომობილს Mercedes-benz E320 სახ. ნომრით ....... დაზიანებული აქვს წინა მხარე, დაზიანებული ნაწილების აღწერა წარმოდგენილი ფოტომასალის საფუძველზე შეუძლებელია; ავტობუსს MAN A21 სახ.ნომრით TT053CB დაზიანებული აქვს უკანა მხარე, გარე ნაწილები, მაშუქები, ამრეკლები, შკივები, კრონშტეინები, გაგრილების სისტემის მილი, მაყუჩის გამომშვები მილის ბოლო ნაწილი, უკანა ბამპერი, ძრავის სექციის სახურავი, სამაგრები, აგრეგატების საყრდენები, გადაცემათა ცვლის კოლოფის და ალტერნატორის კორპუსები, სარეკლამო აბრის ჩარჩო და სხვა ნაწილი. ცნობილია, რომ გარკვეული დეტალების შეცვლის ტექნოლოგია მოითხოვს სხვა დამხმარე ან დაშლა-აწყობის სამუშაოების ტექნოლოგიური პროცესით გათვალისწინებულ ნაწილის შეცვლასაც (მაგალითად ჩობალი, მომჭერი, სამაგრი, სარჭი და სხვა); შპს „თ.თ. & ბ–ის“ #TTB-TTC-.. ინვოისის მიხედვით, ავტობუსის დაზიანებების აღმოფხვრისათვის სხვადასხვა, ზემოთ აღწერილი დაზიანებული და დამხმარე ნაწილების გარდა შეცვლილია გადაცემათა ცვლის კოლოფი, ალტერნატორი, ჰიდრავლიკის ტუმბო, ავტონაწილების საერთო ღირებულებამ შეადგინა 44058.32 ევრო, რაც 2018 წლის დეკემბრის ევროს გაცვლითი კურსით შეადგენდა დაახლოებით 134.800 ლარს; შპს „თ. თ. & ბ–ის“ #TTB-TTC-.. ინვოისის მიხედვით ჩატარებულია მოხსნა-დაყენების, გაშლა-აწყობის, სათუნუქე, სარობოტე სამუშაოები და აღდგენითი სამუშაოების საერთო ღირებულებამ შეადგინა 5462.8 ევრო, რაც 2018 წლის დეკემბრის ევროს გაცვლითი კურსით შეადგენდა დაახლოებით 16 700 ლარს; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტების მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით: შემთხვევის დროს ავტომობილი არ იყო სრულად დაკომპლექტებული, ავტობუსს არ ეყენა წინა მოპირკეთება; საჭის მართვის მექანიზმის და სამუხრუჭო სისტემის ყველა კვანძი და დეტალი სახეზე იყო და ისინი ერთმანეთთან ურთიერთქმედებდნენ სწორად. საჭის რგოლის მობრუნებით ბრუნვა მართვად თვლებს გადაეცემოდა ნორმალურად, სამუხრუჭო სატერფულზე მექანიკური ზემოქმედებით, ფეხის დაჭერით, სისტემა მოქმედებაში მოდიოდა სწორად. აღწერილიდან გამომდინარე, ავტობუსის საჭით მართვის მექანიზმი და სამუხრუჭო სისტემა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში იყო.

22.3. აღნიშნული დასკვნის თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ ავტობუსი აღდგენილია, დაზიანებული ავტობუსის MAN A21 სახ #....... დათვალიერება, 2024 წელს დანიშნული ექსპერტიზის ფარგლებში ექსპერტების მიერ ვერ განხორციელდა; ვერ მოხერხდა დაზიანებული ნაწილებისა და აგრეგატების დათვალიერება, რადგანაც კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით ავტომობილის აღდგენიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, კომპანიის შიდა წესების მიხედვით, კომპანია ახდენს შეცვლილი ნაწილების უტილიზაციას; დაზიანებული ნაწილებისა და აგრეგატების ფოტოები არ არის ექსპერტის მიერ გადაღებული, მოწოდებულია კომპანიის წარმომადგენლების მიერ და განმარტებულია, რომ ფოტოები გადაღებულია 2018 წლის 23 ივლისს, ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებულ ავტობუსზე.

22.4. ექსპერტმა აღნიშნა, რომ რადგან ექსპერტიზის ჩატარებისას ვერ მოხდებოდა აღნიშნული საკითხის იდენტიფიცირება, ექსპერტიზა ჩატარდებოდა დაშვებით, რომ წარმოდგენილი ფოტოები შეესაბამება ზემოაღნიშნული შემთხვევის შედეგად მიღებულ დაზიანებებს. თუმცა ექსპერტული გამოცდილების, ინჟინრული ცოდნისა და ინტერნეტ სივრცეში მოძიებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ექსპერტმა მიიჩნია, რომ დაზიანებული ავტობუსის აღდგენისთვის საჭირო იქნებოდა მხოლოდ აგრეგატების გატეხილი, დაზიანებული კორპუსების შეცვლა. ამასთან, შესაძლებელი იქნებოდა ზოგიერთი დაზიანებული, დეფორმირებული დეტალის აღდგენა.

22.5. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ინვოისს, მასში გათვალისწინებულია თითოეული დეტალი, რომლის შეცვლის ღირებულებაც გადაიხადა მოსარჩელემ.

23. როგორც უკვე აღინიშნა, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის (იხ.: სუსგ №ას-809-776-2016, 04.04.2017წ.; №ას-1523-2019, 24.01,2020 წ. ას-799-2024).

24. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სარჩელის ნაწილობრივ (3238.93 ევროს ეკვივალენტი ლარი) დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობის შესახებ. პალატის მოსაზრებით, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო სარჩელში მითითებული იმ გარემოების დადასტურება, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ გამოიწვია სწორედ იმ ოდენობის ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს კასატორი. მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ასახავს მხოლოდ ჩატარებული სამუშაოს ღირებულებას და არ წარმოადგენს ისეთ მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის პოზიციას, როგორც მიზეზობრივ კავშირზე, ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, ასევე გაღებული ხარჯების აუცილებლობას (მოსარჩელემ საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ გამორიცხა დაზიანებული ნაწილების აღდგენის შეუძლებლობა). სარჩელის საფუძვლიანობის დასადასტურებლად მოსარჩელის მიერ რელევანტური მტკიცებულების წარმოუდგენლობის პირობებში კი, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება (ექსპერტის დასკვნა) სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ ვ.ხ–ძის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანის ოდენობა არ არის შესაბამისობაში დაზიანებული ავტობუსის აღდგენის მიზნით გაწეულ მომსახურებასა და მის ღირებულებასთან.

25. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძვლის არსებობის შესახებ. კასატორს კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

26. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში, მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

29. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი 7081 ლარის 70% – 4956.7 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „თ.ს.კ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. შპს „თ.ს.კ–ას“ (........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 7081 ლარის (საგადახდო დავალება N1750312652, გადახდის თარიღი 19.06.2025) 70% – 4956.7 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლევან ნემსაძე

მიხეილ ჯინჯოლია