Facebook Twitter

საქმე №ას-730-2025 02 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ.ბ.ს.გ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) და შპს „კ.ბ.ს.გ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია“) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელე კომპანიას მერიის სასარგებლოდ 2019 წლის 10 ივლისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N01.01.01/30/274 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 53 531.43 ლარის გადახდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2019 წლის 10 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება N01.01.01/30/274. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა: ქ. თბილისი, მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები;

2.2. 2023 წლის 07 ივნისის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, მხარეთა შორის 2019 წლის 10 ივლისს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით N01.01.01/30/274 გათვალისწინებული ქ. თბილისი, მუხრან მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია 2023 წლის 30 მაისს. ხელშეკრულების მიხედვით, სულ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 16 378810.30 ლარი, დღგ-ს ჩათვლით (იხ.ტ. 2.ს.ფ.228);

2.3. 2023 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით მოსარჩელის მიერ შესრულებულია 14 902 304.37 ლარის ღირებულების სამუშაოები. 2023 წლის 20 თებერვლის შემდგომ დარჩენილი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1 576 057.05 ლარს, ხოლო ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება 16 478 361.42 ლარია;

2.4. შემსყიდველის მხრიდან მოსარჩელის მიმართ 2023 წლის 20 თებერვლიდან 30 მაისამდე დარიცხული პირგასამტეხლო დაანგარიშებულია ხელშეკრულების სრული ღირებულების 16 378 810.30 ლარის 0.06%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც ჯამში 870 057.46 ლარს შეადგენს (იხ. ტ.2. ს.ფ. 216-236).

3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 420-ე, 417-ე, 418-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ შემსყიდველის მიერ შემსრულებლისათვის 1 576 057.05 ლარის ღირებულების სამუშაოს 88 დღით გადაცილებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 870 057.46 ლარი, რომელიც ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან დაანგარიშდა (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების - 16 378 810.30-ის 0.06%), ადეკვატურ და გონივრულ ოდენობას არ წარმოადგენდა, მით უფრო, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, დროში განგრძობადობისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, სახეზე იყო შეთანხმებული პირგასამტეხლოს, როგორც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის, შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 53 531.43 ლარი, რომელიც დაანგარიშებული იყო ვადაგადაცილებით შესრულებელი სამუშაოების ღირებულებიდან, სრულად უზრუნველყოფდა ნაკისრი ვალდებულების ნაწილის ვადის დარღვევით შესრულებისთვის განსაზღვრული გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციას.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 ივნისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391.5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. როგორც გასაჩივრებული განჩინება, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს.

8. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, განმარტავს, რომ საპროცესო სამართლებრივი დოქტრინა სარჩელს განსაზღვრავს, როგორც დაინტერესებული პირის მიმართვას სასამართლოსადმი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მოთხოვნით [სსსკ-ის მე-2 და მე-3 მუხლები] (იხ. სუსგ საქმე №ას-955-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი).

9. მოსარჩელის მოთხოვნათა მიხედვით შესაძლებელია სარჩელის შემდეგი კლასიფიკაცია: 1. მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი - მოთხოვნა გულისხმობს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების დაკისრებას მოსარჩელის სასარგებლოდ. მაგალითად, ფულადი ვალდებულების შესრულების დაკისრება; ზიანის ანაზღაურება, სარჩოს დაკისრება. 2. აღიარებითი სარჩელი - რომელიც აღძრულია უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი. მაგალითად, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა; 3. გარდაქმნითი სარჩელი - მოთხოვნა მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლა-შეწყვეტისაკენ, მაგალითად, განქორწინება (იხ. სუს დიდი პალატის განჩინება საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

10. განსახილველ საქმეში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით უცვლელი დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გზით მოსარჩელე კომპანიასვე დაეკისრა მერიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 53 531.43 ლარის გადახდა, თუმცა, მოპასუხე მერიას მსგავსი მოთხოვნით შეგებებული სარჩელი არ აღუძრავს, ხოლო სარჩელით კი მოსარჩელე ითხოვდა, შემცირდეს მერიის მიერ მოსარჩელე კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების 9.6 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - ხელშეკრულების სრული ღირებულების 0.06% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დარჩენილი სამუშაოების ღირებულების 0.02%-ის ოდენობამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 17 843.81 ლარის ოდენობით. ამდენად, მოსარჩელის მიერ აღძრულია აღიარებითი სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია მოსარჩელის ვალდებულების განსაზღვრა/აღიარება 17843,81 ლარის ოდენობით.

11. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობად უნდა იკვეთებოდეს მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომელსაც სასამართლო სარჩელის დასაშვებობისას ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით ამოწმებს, ხოლო, დაშვების შემთხვევაში, სწორედ ამ ინტერესის ნამდვილობაზეა დამოკიდებული სარჩელის წარმატებულობა [სსსკ-ის 180-ე მუხლი: სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს]. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია. აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე (იხ. მზია თოდუა, ჰაგენლოხი / ალავიძე / ბაქაქური / ბერეკაშვილი / გასიტაშვილი / თოდუა / მესხიშვილი / ქათამაძე / ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი (რჩეული მუხლები), GIZ, თბილისი, 2020, გვ. 643).

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (იხ. სუს დიდი პალატის განჩინება საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

13. სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, ასევე, დოკუმენტების ნამდვილობის ან მათი სიყალბის დადგენის მოთხოვნა (აღიარებითი სარჩელი) დასაშვებია თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ, ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისაგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ საქმე №ას-937-887-2015, 10 ნოემბერი, 2015 წელი).

14. მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელებისაგან განსხვავებით, რომლებიც მიმართულია დარღვეული უფლების დაცვისაკენ, აღიარებითი სარჩელების დროს მოსარჩელის უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება, რადგან ვიღაც ედავება მას ამ უფლებაში. ამასთან, აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ უკვე შესაძლებელია სარჩელის აღძვრა ვალდებულების შესრულების თაობაზე, ე.ი. თუ შესაძლებელია, აღიძრას მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელი. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ეს უკანასკნელი კრიტერიუმი განპირობებულია საპროცესო ეკონომიისა და სწრაფი მართლმსაჯულების ინტერესებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ერთი დავის ფარგლებში რამდენიმე სარჩელის აღძვრა (იხ. სუსგ საქმე №ას-148-138-2015, 27 ნოემბერი, 2015 წელი).

15. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, თუ აღიარებითი მოთხოვნის ინტერესი მიკუთვნებითი ხასიათისაა, მაშინ აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებით სასამართლო პროვოცირებას გაუკეთებს ერთ სასარჩელო მოთხოვნაზე ორმაგი სასარჩელო წარმოების ჩატარების აუცილებლობას, რაც ეწინააღმდეგება სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების წარმართვისა და სასამართლოს ეკონომიურობის ძირითად პრინციპს. აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ შესაძლებელია აღიძრას მიკუთვნებითი სარჩელი. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობაზე არსებით გავლენას, იურიდიული ინტერესის თვალსაზრისით, ახდენს ის ფაქტი, რომ სხვა სახის სარჩელის (მაგ., მიკუთვნებითი სარჩელის) აღძვრის გზით დავის გადაწყვეტა არ უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ საქმე №ას-287-273-2016, 3 აპრილი, 2017 წელი).

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის აღიარებითი მოთხოვნაა - განისაზღვროს პირგასამტეხლოს ოდენობა 17 843.81 ლარის ოდენობით, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რაც მოსარჩელეს სურს რომ მიიღოს, უნდა არსებობდეს კიდეც დავა პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე, მოპასუხე მერიას კი მოსარჩელისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით სარჩელი არ აღუძრავს. მოსარჩელე კომპანიის სარჩელის თანახმად, შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორებისას შემსყიდველის მიერ განხორციელდება პირგასამტეხლოს დაკავება, რაც მოსარჩელე კომპანიას მიაყენებს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს (იხ. ტ. 1. ს.ფ. 15-16). ამდენად, მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი პირგასამტეხლოს კონკრეტული ოდენობით განსაზღვრისა მიმართულია მის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების მიღებისკენ, რომლის მიღწევის საუკეთესო საშუალება შესაძლოა იყოს მოსარჩელის მიერ დავის აღძვრა მის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნით (მიკუთვნებითი სარჩელი), რომლის ფარგლებშიც შემოწმდება როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერება, ასევე შესაძლებელი გახდება პირგასამტეხლოს შემცირების საკითხზე მსჯელობა [სსკ-ის 420-ე მუხლი]. ამასთან, თუ წინამდებარე საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო, რომლითაც მოპასუხე მერიას აეკრძალა მოსარჩელის მიერ სამუშაოს შესრულების ვადაგადაცილებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოს ჩამოჭრა/გაქვითვა/დაკავება მისთვის გადასახდელი თანხებიდან, მოსარჩელეს ფაქტობრივად აღარ ექნება შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელის აღძვრის ინტერესი, მაშინ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით მერიას შეუძლია აღძრას სარჩელი, რაც პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე მხარეთა შორის წარმოშობილი დავის საბოლოოდ გადაწყვეტის საუკეთესო სამართლებრივი საშუალებაა.

17. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს პირგასამტეხლოს, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებაზე, რომლის მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა. პირგასამტეხლოს ფუნქციის არსი განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. შესაბამისად, ისეთი სარჩელების წარმოებაში მიღებით, როდესაც მოპასუხე კრედიტორს ჯერ არ უსარგებლია მხარეთა თავისუფალი ნების პირობებში შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრებით უფლებით, რისკის ქვეშ დგება ზოგადად ხელშეკრულების შესრულება, ხოლო პირგასამტეხლომ შესაძლოა დაკარგოს საკუთარი ფუნქცია და დანიშნულება. გამომდინარე აქედან, მსგავსი აღიარებითი სარჩელები იურიდიული ინტერესის კუთხით მოვალე მოსარჩელეთა მხრიდან მეტ დასაბუთებას მოითხოვს (იხ. სუსგ საქმე №ას-17-2025, 24 ოქტომბერი, 2025 წელი).

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტური და რეალური დაცვა უნდა იყოს. ის არ უნდა იყოს ფორმალური ხასიათის, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება. საქმეზე: Apostol v. Georgia; §37; ასევე, Hornsby v.Greece, §40 ევროსასამართლომ განმარტა, რომ საერთო სასამართლოებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ აღძრული სარჩელისადმი მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, ასევე, იმ საკითხზე, თუკი აღიარებითი სარჩელის ნაცვლად, შესაძლებელია მიკუთვნებითი მოთხოვნის წაყენება მოპასუხისადმი, რაც იმავდროულად გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობის საკითხსაც უკავშირდება, რადგან გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია (იხ. სუსგ საქმე №ას-36-2019, 27 ივნისი, 2019 წელი). ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით რეგულირებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა შედეგად არ მოჰყვება (იხ. სუსგ საქმე №ას-302-285-2017, 16 ივნისი, 2017 წელი).

19. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა აღიარებითი მოთხოვნის მიმართ მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, როგორც აღიარებითი სარჩელის წარმოებაში მიღებისა და განხილვის აუცილებელი წინაპირობა [სსსკ-ის 178.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი, ამავე კოდექსის 186.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი (სარჩელის აღძვრის დროს მოქმედი რედაქცია)].

20. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინებისა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი [გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია].

21. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187.2. მუხლის მე-2 წინადადებით, რომლის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმა მითითებითი ხასიათისაა და მასში ამავე კოდექსის 275-ე მუხლის წინაპირობების შემოწმებაზეა საუბარი, თუმცა ეს უკანასკნელი ნორმაც არ შეიცავს სარჩელის განუხილველად დატოვების ამომწურავ ჩამონათვალს, რის გამოც დასაშვებია საპროცესო ანალოგიის პრინციპის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი) იმ შემთხვევისათვის, როდესაც იკვეთება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა (იხ. სუსგ საქმე №ას-36-2019, 27 ივნისი, 2019 წელი). რადგანაც მოცემულ შემთხვევაში აღიარებითი სარჩელი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას, ამავე კოდექსის 186-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

22. სსსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული, პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს მისი უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 მარტის განჩინებით საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე, 399-ე, 372-ე, 187.2, 284-ე, 285-ე, 408.3, 1991 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება;

3. შპს „კ.ბ.ს.გ–ის“ სარჩელი დარჩეს განუხილველად;

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას აეკრძალა 2019 წლის 10 ივლისის N01.01.01/30/274 ხელშეკრულების საფუძველზე შპს „კ.ბ.ს.გ–ის“ (ს/კ. ..........) მიერ სამუშაოს შესრულების ვადაგადაცილებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოს ჩამოჭრა/გაქვითვა/დაკავება, მისთვის გადასახდელი თანხებიდან, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე