Facebook Twitter

საქმე №ას-178-2026 3 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – მ.ა–ნი (განმცხადებელი)

მოწინააღმდეგე მხარე – ს.ა–ნი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 იანვრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა –უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 08.01.2026წ. მ.ა–ნმა (შემდეგში: განმცხადებელი ან საჩივრის ავტორი) თბილისის სააპელაციო სასამართლოში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით სააღსრულებო წარმოების (სააღსრულებო საქმე A24383068-20022159) შეჩერება მოითხოვა სარეალიზაციოდ მიქცეულ შემდეგ ნივთებზე: თბ, ........... 23გ, ს.კ:№........; თბ, ......... 23გ, ს.კ:№.........

2. სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.10.2024წ. გადაწყვეტილებით განმცხადებელი ცნობილ იქნა მოწინააღმდეგე მხარის სახელზე რიცხული უძრავი ქონების; 1. თბ, ........ 23გ, ს.კ№........; თბ, ........ 23გ, ს.კ:№........ – ½ ნაწილის მესაკუთრედ. გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მოწინააღმდეგე მხარის მიერ და სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაშია.

3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 271-ე და 191-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანი სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილებაა. იმისთვის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იქნეს გამოყენებული, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, განცხადებაში უნდა მიეთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და ასევე მითითებული უნდა იყოს უზრუნველყოფის იმ ღონისძიებებზე, რომელთა გატარებაც განმცხადებელს მიზანშეწონილად და გამართლებულად მიაჩნია.

4. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო საქმეზე წარმოების შეჩერებას, რომლითაც სარელიზაციოდ მიქცეულია უძრავი ნივთები. განმცხადებელი განმარტავს, რომ მის მოწინააღმდეგე მხარეს აქვს შეუსრულებელი ვალდებულებები შპს ,,ე–სთან“, რაზედაც სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს. თუმცა, განმცხადებლის მიერ დასახელებული გარემოებები არ არის დადასტურებული მტკიცებულებებით - არ დასტურდება, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება კრედიტორის შპს ,,ე–ს“ სასარგებლოდ მოწინააღმდეგე მხარის წინააღმდეგ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.01.2026წ. განჩინებით განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც საჩივრით გაასაჩივრა განმცხადებელმა.

6. განმცხადებლის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.02.2026წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი, დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

9. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების კანონშესაბამისობა წარმოადგენს, რომლითაც განმცხადებლის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

10. სსსკ-ის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე მსჯელობისას სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელი საპროცესო ნორმებით.

11. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი კონცენტრირებულია სსსკ-ის 191-ე მუხლში (მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე) და წარმოადგენს ამ მიზნის მიღწევის დროებით და ეფექტურ საშუალებას, რომელიც რეალიზებული უფლების აღსრულების ხელშეწყობის მიზანს ემსახურება და უნდა არსებობდეს მანამ, ვიდრე არსებობს მართლმსაჯულების ინტერესის დაცვის კრიტიკული აუცილებლობა.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

13. იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებისა და მათი დამტკიცების ტვირთი, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების აუცილებლობის შესახებ, ეკისრება განმცხადებელს. განმცხადებელმა უნდა შეუქმნას სასამართლოს კონკრეტული უზრუნველყოფის ღონისძიების გატარების/უზრუნველყოფის ღონისძიების მოცულობის (ანუ, მოპასუხის შეზღუდვის ფარგლები) აუცილებლობის რწმენა, ვარაუდი. ასეთ შემთხვევაში, საკმარისია მარტოოდენ გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელ გარემოებებზე მითითება, რამდენადაც გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი, ჯერ კიდევ, არ მიმდინარეობს. სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდი, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობის შესახებ, კერძოდ, ასეთი გარემოებების არსებობის ალბათობა უნდა გადასწონიდეს ვარაუდს მისი არარსებობის შესახებ.

14. ზემოაღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში (შდრ სუსგ-ები №ას-1220-2019, 1.10.2019წ.; №ას-1135-1082-2013, 6.10.2014წ.). შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც, კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე, ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმეზე განპირობებული იურიდიული შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

15. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი/საჩივრის ავტორი ითხოვს სააღსრულებო საქმეზე წარმოების შეჩერებას, რომლითაც სარელიზაციოდ მიქცეულია უძრავი ნივთები. იგი განმარტავს, რომ მის მოწინააღმდეგე მხარეს აქვს შეუსრულებელი ვალდებულებები საქმეში არამონაწილე პირთან - შპს ,,ე–სთან“, რაზედაც სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს.

16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ განმცხადებლის მიერ განცხადებაში დასახელებული გარემოებები არ არის დადასტურებული მტკიცებულებებით, კერძოდ, განმცხადებელი, გარდა ზეპირი განმარტებისა, რელევანტური მტკიცებულებით არ ადასტურებს რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება სხვა პირის - შპს ,,ე–ს“ სასარგებლოდ, სადაც მოვალეა განმცხადებლის მოწინააღმდეგე მხარე.

17. საჩივრის ავტორის განმარტება, რომ დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დარჩება ძალაში და თავად გახდება უძრავი ქონების ს.კ:-........ და ს.კ:........-1/2 წილის მესაკუთრე, ხოლო თუ არ შეჩერდება სააღსრულებო საქმის წარმოება მოვალის წინააღმდეგ სარეალიზაციოდ მიქცეულ ქონებებზე, დავა აზრს დაკარგავს, რადგან ქონება აუქციონზე გასხვისდება, საკასაციო პალატისათვის არ არის სარწმუნოდ დადასტურებული, კერძოდ, საჩივარში მითითებული გარემოებები სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობის შესახებ არ დასტურდება. საჩივარში მითითებულია, რომ განმცხადებელმა მიმართა სააღსრულებო ბიუროს და მოითხოვა სააღსრულებო წარმოების შესახებ ინფორმაცია, თუმცა უარი ეთქვა აღნიშნული ინფომაციის მიღებაზე. სულ მცირე აღნიშნული პასუხიც კი არ არის წარმოდგენილი საჩივრის ავტორის მიერ.

18. ხაზგასასმელია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით დადგენილი მხარის საპროცესო მოვალეობა - მტკიცებულებები წარუდგინოს სასამართლოს. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი.

19. ზემომითითებულიდან გამომდინარე მინიმალური მტკიცების ტვირთის სტანდარტი, რომელიც გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სააღსრულებო წარმოების შეჩერების მოითხოვნის დაკმაყოფილებისთვის უნდა უზრუნველეყო საჩივრის ავტორს/განმცხადებელს, ვერ უზრუნველყო.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით საჩივრის ავტორს მართებულად ეთქვა უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობის გამო. წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ა–ნის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 იანვრისა და 02 თებერვლის განჩინებები;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე