Facebook Twitter

საქმე №ას-101-2026 06 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ის უფლებამონაცვლე ნ.ძ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ნ.ძ–ძე, ნ.ბ–ძე (მოპასუხეები)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით - ნ.კ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ის უფლებამონაცვლე ნ.ძ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) სასარჩელო განცხადება ნ.ძ–ძისა და ნ.ბ–ძის (შემდგომში - „მოპასუხეები“) მიმართ უღირს მემკვიდრეებად ცნობის, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელების, უძრავ ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ნ.კ–იძეს (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით) უარი ეთქვა სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მესამე პირმა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო შემდეგი საფუძვლით:

3.1. სააპელაციო საჩივარში აპელანტმა მიუთითა, რომ გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში;

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და ხარვეზის შევსების მიზნით, აპელანტს დაევალა აღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში: ა) 5 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა და ამავე ვადაში სააპელაციო სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დედნის სახით; ბ) იმ დოკუმენტის წარდგენა, თუ როდის ჩაიბარა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 დეკემბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება (ხანდაზმულობა);

3.3. ხარვეზის შესახებ განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა აპელანტს და ჩაბარდა პირადად 2025 წლის 12 ივნისს;

3.4. 2025 წლის 19 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, წარადგინა 2025 წლის 13 ივნისს გაცემული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან და მიუთითა, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის მ1 ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადასახადისაგან თავისუფლდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ (ესე იგი: 100001) ქულაზე, ამდენად, მოცემული კანონი აპელანტს ათავისუფლებდა სახელმწიფო ბაჟის გადასახადისაგან;

3.5. აპელანტმა ასევე აღნიშნა, რომ, თუ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევდა, რომ მოსარჩელეს ბაჟის თანხა მაინც უნდა გადაეხადა, მაშინ სასამართლოს სთხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას დავის დასრულებამდე, ვინაიდან მისი მარწმუნებელი იყო ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში, ცხოვრობდა ავადმყოფ ძმასთან ერთად და ასევე გასათვალისწინებელი იყო ის რეალური და ობიექტური მდგომარეობა, რომ თავდაპირველი მოსარჩელე მოცემულ საქმეზე, მოსარჩელის დედა იყო უნარშეზღუდული;

3.6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 ივნისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის თანხის გადახდის გადავადების შესახებ, მტკიცებულებათა არარსებობის გამო, არ დაკმაყოფილდა; აპელანტს გაუგრძელდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილის განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა 10 დღით და დაევალა 5 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა და ამავე ვადაში სააპელაციო სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დედნის სახით ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების ან გადახდის გადავადების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა;

3.7. 2025 წლის 06 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, წარადგინა 2025 წლის 29 ივლისს გაცემული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომლითაც აპელანტის სარეიტინგო ქულაა 102 360 და მიუთითა, რომ „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის მ1 ქვეპუნქტით გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადასახადისაგან, ამასთან, თუ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევდა, რომ მოსარჩელეს ბაჟის თანხა მაინც უნდა გადაეხადა, მაშინ სასამართლოს სთხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას დავის დასრულებამდე, წინამდებარე განჩინების 3.5 ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლებით;

3.8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 სექტემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის თანხის გადახდის გადავადების შესახებ, სათანადო მტკიცებულებათა არარსებობის გამო, არ დაკმაყოფილდა; აპელანტს გაუგრძელდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილის განჩინებით ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა განჩინების ასლის აპელანტისათვის ჩაბარებიდან 10 დღით და დაევალა წინამდებარე განჩინების 3.6 ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების შესრულება;

3.9. ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს - ვ.კ–ს და ჩაბარდა პირადად 2025 წლის 01 ოქტომბერს;

3.10. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2025 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით (11 და 12 ოქტომბერი წარმოადგენდა დასვენების დღეებს) ხარვეზი შევსებული არ ყოფილა;

3.11. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 368.5 და 374.1 მუხლებით და, იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო, აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო, განუხილველად დატოვა.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

4.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის მ1 ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე;

4.2. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 2025 წლის 29 ივლისის თარიღით შედგენილი ამონაწერით დასტურდება, რომ აპელანტს მინიჭებული აქვს 102360 ქულა, რის გამოც ხარვეზი სრულად ჰქონდა შევსებული;

4.3. უკიდურეს შემთხვევაში, თუ სააპელაციო სასამართლო მიიჩნევდა, რომ მოსარჩელეს ბაჟის თანხა მაინც უნდა გადაეხადა, მაშინ სასამართლოს ეთხოვა, რომ გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა დავის დასრულებამდე, ვინაიდან მოსარჩელე არის ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში, ის ცხოვრობს ავადმყოფ ძმასთან ერთად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 04 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

7. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო პალატა იმსჯელებს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობაზე და მიუთითებს სსსკ-ის 419-ე მუხლზე, რომლის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. დასახელებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის მხარეთა დასწრებით განხილვის საკითხს სასამართლო წყვეტს საქმის სირთულის გათვალისწინებით, რაც შესაფასებელი გარემოებებიდან გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება და ვერც კერძო საჩივრის ავტორი ასაბუთებს საქმის გარემოებათა გარკვევის მიზნით ზეპირი მოსმენის აუცილებლობას. შესაბამისად, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და წარმოდგენილი კერძო საჩივარი განხილულ უნდა იქნას ზეპირი მოსმენის გარეშე.

8. კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით [სსსკ-ის 420-ე მუხლი]. საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა [სსსკ-ის 412.1 მუხლი].

9. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება. გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი.

10. სსსკ-ის 368.5 მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და ამავე კოდექსის 374.1 მუხლის შესაბამისად [სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა], დარჩება განუხილველი დაუშვებლობის გამო.

11. წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 სექტემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის თანხის გადახდის გადავადების შესახებ, სათანადო მტკიცებულებათა არარსებობის გამო, არ დაკმაყოფილდა; აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა განჩინების ასლის აპელანტისათვის ჩაბარებიდან 10 დღით და დაევალა 5 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა და ამავე ვადაში სააპელაციო სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა დედნის სახით ან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების ან გადახდის გადავადების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა. სააპელაციო პალატის განმარტებით: იმისათვის, რომ აპელანტი გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, უნდა დაკმაყოფილდეს ერთდროულად შემდეგი პირობები: რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და უნდა იღებდნენ საარსებო შემწეობას (სარეიტინგო ქულა უნდა იყოს 100001 ქულაზე ნაკლები), რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამონაწერით; 2025 წლის 06 აგვისტოს, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, აპელანტმა წარადგინა 2025 წლის 29 ივლისს გაცემული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან, სადაც მოსარჩელის სარეიტინგო ქულაა 102 360. ქულის მინიჭების თარიღია 2025 წლის 23 ივლისი, ხოლო ბოლო საარსებო შემწეობის მიღების თარიღია 2019 წლის 01 სექტემბერი; წარმოდგენილი ამონაწერით დადგენილი იყო, რომ მოსარჩელე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, თუმცა ამ ცნობით არ ირკვეოდა, რომ ის იღებდა საარსებო შემწეობას დღეის მდგომარებით. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის წარმომადგენლის აღნიშვნა, რომ მისი მარწმუნებელი განთავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ვინაიდან აპელანტის ოჯახისათვის სარეიტინგო ქულის მინიჭების თარიღია 2025 წლის 23 ივლისი, მინიჭებული ქულის ოდენობა მეტია 100 001 ქულაზე და შეადგენს 102 360-ს. სააპელაციო სასამართლომ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლო ხარჯებში შეღავათის გაწევის საფუძველია მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რომლის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება აპელანტს არ ჰქონდა წარმოდგენილი, მიიჩნია, რომ აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო.

12. უდავოა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 2025 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით, მოსარჩელეს ხარვეზი არ შეუვსია.

13. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ხარვეზი სრულად ჰქონდა შევსებული, რადგან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან 2025 წლის 29 ივლისის თარიღით შედგენილი ამონაწერით, აპელანტს მინიჭებული აქვს 102360 ქულა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს, უკიდურეს შემთხვევაში, უნდა გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა დავის დასრულებამდე, ვინაიდან მოსარჩელე არის ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №.8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი) (იხ. სუსგ საქმე №ას-1959-2018, 19 აპრილი, 2019 წელი).

15. საქართველოს კანონმდებლობა უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლებას იმ მხარის სასარგებლოდ, რომელიც გადახდისუუნაროა. კერძოდ, სსსკ-ის 46.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადგენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის მ1 ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე.

16. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების 5.1 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი), ხოლო 6.3 მუხლის თანახმად, „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე, საარსებო შემწეობის ოდენობა განისაზღვრება: ა) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30001–ზე ნაკლებია – განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ბ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57001 ქულაზე – განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; გ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60001 ქულაზე – განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; დ) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65001 ქულაზე – განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე; ე) ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 120001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 200 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე. ამავე დადგენილების 7.2 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა, ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არის 120 001 (ას ოცი ათას ერთი).

17. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად არსებობს ორი წინაპირობა: 1. მხარე დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში; 2. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული მხარე იღებს საარსებო შემწეობას.

18. განსახილველ შემთხვევაში 2025 წლის 29 ივლისს გაცემული ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან, რომელშიც მოსარჩელის ოჯახის სარეიტინგო ქულაა 102 360, არ დგინდება საარსებო შემწეობის მიღების გარემოება 2025 წლის მდგომარეობით. ბოლო საარსებო შემწეობის მიღების თარიღია 2019 წლის 01 სექტემბერი. ამდენად, არ არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მოსარჩელის გათავისუფლების წინაპირობა და ამ მხრივ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია უსაფუძვლოა.

19. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 52-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. სსსკ-ის 48.1 მუხლის მიხედვით კი, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

20. საკასაციო პალატის განმარტებით, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ (იხ. სუსგ საქმე №ას-1185-1146-2016, 10 თებერვალი, 2017 წელი).

21. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკითხის განხილვისას, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა იყო არა 100 001, არამედ - 120 001. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში 2025 წლის 29 ივლისს გაცემული ამონაწერით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ცალსახად დგინდებოდა, რომ, მართალია, მოსარჩელის ოჯახი 2025 წლის მდგომარეობით არ იღებდა საარსებო შემწეობას, თუმცა, მას მინიჭებული ჰქონდა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ, საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე - 120 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა - 102360 ქულა, რაც, საკასაციო პალატის შეფასებით, საკმარის საფუძველს ქმნიდა იმისათვის, რომ სასამართლოს სსსკ-ის 48-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაევადებინა.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არასწორად დარჩა განუხილველად. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად ვერ დაედება მხარის მიერ ისეთი ხარვეზის გამოუსწორებლობის ფაქტი, რომლის დადგენა არასწორად მოხდა.

23. შესაბამისად, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოქმედი კანონმდებლობით საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 120 001, სააპელაციო სასამართლომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკითხზე ხელახლა უნდა იმსჯელოს. გამომდინარე აქედან, კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ის უფლებამონაცვლე ნ.ძ–ის შუამდგომლობა კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. ის უფლებამონაცვლე ნ.ძ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე