Facebook Twitter

საქმე №ას-913-2025 07 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი კასატორი – ლ.ჩ–ძე (მოსარჩელე)

მეორე კასატორი – თ.გ–ია (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის უარყოფა

მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ნივთების გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.12.2024წ. გადაწყვეტილებით ლ.ჩ–ძის (შემდეგში - მოსარჩელე ან პირველი კასატორი) და თ.გ–იას (შემდეგში - მოპასუხე ან შეგებებული სარჩელის ავტორი ან მეორე კასატორი) სააპელაციო საჩივრების ნაწილობრივი დაკმაყოფილებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.10.2023წ. გადაწყვეტილების მე-2, მე-3, მე-5, მე-6, მე-8, მე-9, მე-10 პუნქტები გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც: მოპასუხეს დაევალა, ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, 11 ცალი ლარიქსის მასალისგან დამზადებული ხის კარის დამონტაჟება მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უძრავ ქონებაში (ს.კ:№.........), კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 23.05.2024წ. №ას-108-2024 გადაწყვეტილებით, მოსარჩელისათვის მიკუთვნებულ ფართში. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 15 339.81 ლარის ანაზღაურება; სარჩელი და შეგებებული სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-4 და მე-7 პუნქტები) გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე 22.06.2021წ.-დან .......... და .......... საკადასტრო კოდებზე რეგისტრირებული უძრავი ქონება მხარეთა თანასაკუთრებაში ირიცხება, თანაბარ წილად.

4. ზემომითითებულ უძრავ ქონებაში მესაკუთრეთა წილები გაიმიჯნა საქართველოს უზენესი სასამართლოს 23.05.2024წ. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.

5. 22.06.2021 – 09.02.2022წწ.-ში სადავო უძრავ ქონებას მოპასუხე ფლობდა.

6. 10.02.2022წ.-დან დღემდე უძრავ ქონებას მოსარჩელე ფლობს.

7. მოსარჩელემ, საზიარო საგნით ვერ ისარგებლა მოპასუხის მხრიდან წინააღმდეგობის გამო 22.06.2021 – 09.02.2022წწ.-ში. შესაბამისად, ხელშეშლის პერიოდი 7 თვე და 17 დღე გაგრძელდა. ხელშეშლის პერიოდში მოსარჩელემ ქირის ტოლფასი თანხის - 16 800 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

8. თავის მხრივ, მოპასუხემ, შეგებებული სარჩელით ზიანის ანაზღაურების მოსარჩელეზე დაკისრება მოითხოვა, რომელშიც განმარტა, რომ 10.02.2022წ.-დან უძრავი ნივთი მოსარჩელის მფლობელობაშია, რომელიც შეგებებული სარჩელის ავტორს ხელს უშლის საერთო საკუთრებით სარგებლობაში.

9. დადგენილია, რომ 10.02.2022წ.-დან 23.05.2024წ.-მდე შეგებებული სარჩელის ავტორს ხელი ეშლებოდა უძრავი ქონებით სარგებლობაში. შესაბამისად, მასაც წარმოეშვა ქირის ტოლფასი თანხის - 57 880 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება.

10. სააპელაციო პალატამ დაადგინა ზიანში შეგებებული სარჩელით მოპასუხის პასუხისმგებლობის ხარისხი და მოცულობა, კერძოდ, მიიჩნია, რომ სსკ-ის 415-ე მუხლის საფუძველზე სადავო შემთხვევაში, შერეული ბრალი გამოიკვეთა, კერძოდ, შეგებებული სარჩელის ავტორმა თავადაც შეუწყო ხელი მის მიმართ ზიანის დადგომას, რაც იმაში გამოიხატა, რომ თანასაკუთრებაში არსებული სახლის ყველა ოთახის კარი ჩამოხსნა, რათა მოსარჩელისათვის ხელი შეეშალა საერთო ქონებით სარგებლობაში, თუმცა, ასეთი მოქმედებით თავად შექმნა დაბრკოლება თანასაკუთრების ერთობლივად სარგებლობისათვის. ამავდროულად, დადგენილია ისიც, რომ მოსარჩელემ, საკუთარი ხარჯებით, გამიჯნა საცხოვრებელი სახლი 07.03.2022წ. ექსპერტიზის N001356822 დასკვნის პირველი ვარიანტის მიხედვით და მოწინააღმდეგე მხარეს, შესთავაზა, აერჩია მისთვის სასურველი ფართი, რაზეც უარი მიიღო. მოგვიანებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 23.05.2024წ. გადაწყვეტილებით, სწორედ ექსპერტიზის დასკვნის პირველი ვარიანტის შესაბამისად გაიმიჯნა სადავო უძრავი ქონება. ამდენად, მოსარჩელე თავად შეეცადა ის ზიანი შეემცირებინა რაც ადგებოდა შეგებებული სარჩელის ავტორს. საბოლოოდ, ვალდებულებათა დარღვევაში მხარეთა ბრალის გათვალისწინებით, მოსარჩელის პასუხისმგებლობის მოცულობა 27%-ით განისაზღვრა. ამასთანავე, რაკი შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნის მოცულობის (57 880 აშშ დოლარის) 27% ძირითადი სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნის მოცულობის (15 890 აშშ დოლარის) ტოლია, ეს მოთხოვნები, სსკ-ის 442-ე მუხლის საფუძველზე, გაიქვითა.

11. მოსარჩელე მოპასუხეს ჩამოხსნილი კარების მონტაჟისათვის აუცილებელი ხარჯის დაკისრებას სთხოვდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში, მოთხოვნის წარმომშობი გარემოებები განხორციელებული იყო და მოპასუხეს ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, 11 ცალი ლარიქსის მასალისგან დამზადებული ხის კარის უძრავ ქონებაში დამონტაჟება დაევალა. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, დაადგინა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 15 339.81 ლარის ანაზღაურება ეკისრება.

2.1.მოსარჩელის სხვა მოთხოვნა შეეხებოდა მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთების მოპასუხის მიერ უკანონო დაუფლების გამო, მათი ღირებულების ანაზღაურებას. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა რომ მის მიერ მითითებულ მოძრავ ნივთებს მოპასუხე დაეუფლა. მოსარჩელის განმარტება, რომ მან ნივთები დატოვა უძრავ ქონებაში 2013წ., ხოლო ქონების დაბრუნებისას 2022წ. მას ეს ნივთები იქ არ დახვდა, არ იქნა გაზიარებული საამისო მტკიცებულების არარსებობის გამო. შსს საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმი და მოწმეების - ლ.ჩ–სა და ი.დ–ძის ჩვენებები, ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგებოდა. ოქმში აღწერილი იყო ის ფაქტები, რაც თავად განმცხადებელმა (მოსარჩელემ) მიაწოდა საპატრულო პოლიციას. მოწმეთა ჩვენებები კი, მოსარჩელესთან მოწმეთა კავშირისა და არადამაჯერებლობის გამო (თითქმის 10 წლის შემდეგ სხვისი პირადი ნივთების დეტალური აღწერა ფაქტობრივად შეუძლებელია), არ იქნა სარწმუნოდ მიჩნეული.

12. შეგებებული სარჩელის ავტორიც ითხოვდა მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას, რაც უარყოფილი იქნა იმ მოტივით, რომ მანაც ვერ დაადასტურა გარემოება, რომ ფაქტების კონსტატაციის ოქმში მითითებული მოძრავი ნივთები მის საკუთრებას წარმოადგენს. ეს გარემოება არც რომელიმე სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება. ამასთან, სანამ შეგებებული სარჩელის ავტორი უძრავ ქონებას დაეუფლებოდა, ანუ 2013წ-მდე, ქონებაში ცხოვრობდნენ მოსარჩელე და მისი მეუღლე. აქედან გამომდინარე, ვიდრე მოსარჩელე არ დაამტკიცებს, რომ მან, შეგებებულ სარჩელში მითითებულ ნივთებზე, საკუთრების უფლება მოიპოვა, ივარაუდება, რომ ეს ნივთები მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდშია შეძენილი და, თანასაკუთრებაა.

13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ორივე მხარემ საკასაციო საჩივარი შეიტანა.

14. პირველი კასატორი მოითხოვს სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას და შეგებებული სარჩელის უარყოფას. იგი არ ეთანხმება იმ გარემოებას, რომ მისი მოქმედებით მოპასუხეს ზიანი მიადგა და აღნიშნავს, თუკი მოპასუხე დავობს რაიმე ზიანის დადგომაზე, ასეთი ზიანი მას თავისსივე მოქმედებით მიადგა და არა მოსარჩელის მოქმედებით. მოსარჩელემ მოპასუხეს ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ვარიანტის მიხედვით სადავო ქონების გამიჯვნა და ფართის არჩევა შესთავაზა, ასევე დავის სასამართლო წესით გადაწყვეტამდე დროებითი გამიჯვნა შესთავაზა რათა ორივე მხარეს შესძლებოდა იზოლირებულად ესარგებლათ ფართებით - გაექირავებინათ სურვილისამებრ. მოპასუხემ მოსარჩელის არცერთი შეთავაზება არ გაიზიარა. ამიტომაც, მოსარჩელემ, თავისი სახსრებით გამიჯნა სახლი ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ერთ-ერთი ვარიანტის შესაბამისად, რითაც მოპასუხესაც მიეცა შესაძლებლობა, თავისი შეხედულებით, ესარგებლა ფართით. ამდენად, მოსარჩელეს თავისი ქმედებით მოპასუხისათვის ზიანი არ მიუყენებია.

15. პირველი კასატორი დავობს მოძრავი ნივთების ღირებულების ანაზღაურებაზეც და მიაჩნია, რომ მას ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლოდ ეთქვა უარი.

16. პირველი კასატორი შუამდგომლობს რომ ნება დაერთოს წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულება - შსს მომსახურეის სააგენტოდან ინფორმაცია ირიცხება თუ არა მოპასუხის სახელზე ავტოსატრანსპორტო საშუალება.

17. მეორე კასატორი მოითხოვს სარჩელის უარყოფას და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას. იგი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ვალდებულებათა დარღვევაში მხარეთა ბრალის გათვალისწინებით, შეგებებული სარჩელით მოპასუხის პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება 27%-ით. ერთადერთი შესაძლებლობა, რომლის გათვალისწინებითაც სასამართლოს შეეძლო ზიანის ანაზღაურების ჩამკეტი მექანიზმი განესაზღვრა არის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Nას-108-2024, რომლისთაც მხარეთა შორის დავის საგანი გაიმიჯნა. შესაბამისად, ზიანის დაკისრება შესაძლებელია შემოფარგლულიყო შემდეგი პერიოდით 10.02.2022-23.05.2024წწ.

18. მეორე კასატორი სადავოდ ხდის, იმ გარემოებას რომ კარების მონტაჟი ძვირადღირებული მასალით მოხდა. ასევე მიაჩნია, რომ სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს, რამდენადაც მოსარჩელე ითხოვდა თანხის დაკისრებას და არა კარების მონტაჟს, სასამართლომ კი თავისი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს შესაძლებლობა მისცა თვითონ უზრუნველეყო კარების მონტაჟი და ხარჯი გადაეკისებინა მოპასუხეზე.

19. მეორე კასატორს მიაჩნია, რომ მოძრავი ნივთებთან დაკავშირებით რელევანტური მტკიცებულებების შეგროვებაში მას მოსარჩელემ შეუშალა ხელი, შესაბამისად, სასამართლოს ამ ნაწილში მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაეთავისუფლებინა შეგებებული სარჩელის ავტორი და მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

21. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

22. წინამდებარე დავაში მოსარჩელე მოპასუხისაგან ითხოვს: 1) ზიანის ანაზღაურებას 16 800 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ეფუძნება 22.06.2021-09.02.2022წწ-ში თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობაში მოპასუხის მხრიდან ხელშეშლას, რითაც მოსარჩელემ ვერ მიიღო ქირა; 2) საცხოვრებელ სახლში არსებული 11 ცალი ხის კარის ჩამოხსნის გამო ზიანის დაკისრებას, რაც იმ გარემოებას ეფუძნება, რომ მოპასუხემ საცხოვრებელ სახლში ჩამოხსნა ლარიქსის მასალისგან დამზადებული ხის კარები (იხ., შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა - სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების პ.16, ტ.3. ს.ფ. 290); 3) დაკარგული მოძრავი ნივთების ღირებულების - 42 125 ლარის დაკისრებას, რაც იმ გარემოებას ეფუძნება, რომ ნივთები განლაგებული იყო მოსარჩელის ფართში და მათ გამოტანაზე ნებართვა მოპასუხემ არ დართო, სახლში დაბრუნების დროისათვის კი ნივთები ადგილზე არ აღმოჩნდა.

23. თავის მხრივ, შეგებებული სარჩელის ავტორმაც წარუდგინა თავდაპირველ მოსარჩელეს მოთხოვნები 10.02.2022წ.-დან ქირის ტოლფასი თანხის - 2100 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებისა და მოძრავი ნივთების გამოთხოვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ მეორე კასატორი იმ ნაწილში ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას რომლითაც ქირის ტოლფასი თანხის დაკისრების პერიოდი განისაზღვრა 10.02.2022 - 23.05.2024წწ. (იხ., ტ.3, საკასაციო საჩივრის მე-8 გვერდი), თუმცა, მეორე კასატორი მხარეთა ბრალეულობის ხარისხის და მოცულობის შესახებ მსჯელობებს არ იზიარებს.

24. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა სასარჩელო მოთხოვნები საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სსკ-ის 982-ე (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი) მუხლიდან გამომდინარეობს.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში განმარტებულია, რომ სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებულ ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან (სუსგ №ას-582-2025, 2.10.2025წ.).

26. ზიანის ანაზღაურების თაობაზე მხარეთა მოთხოვნის საფუძვლიანობის კვლევისას უნდა შეფასდეს სსკ-ის 982-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი შემდეგი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა: მოსარჩელე უნდა იყოს სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე ნივთს უნდა ფლობდეს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; ადგილი უნდა ჰქონდეს მოპასუხის გამდიდრებას მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისის ხარჯზე. მხოლოდ მითითებული გარემოებების გამოკვლევის შედეგად შეიძლება დასკვნის გამოტანა, არსებობს თუ არა საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების/გამდიდრების გათანაბრების საფუძველი (სუსგ №ას-479-2020, 14.12.2021წ.).

27. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 22.06.2021 – 09.02.2022წწ.-ში სადავო უძრავ ქონებას მოპასუხე ფლობდა და ამ პერიოდის მანძილზე, რაც 7 თვეს და 17 დღეს შეადგენს, მოსარჩელემ თანასაკუთრების კუთვნილი წილით ვერ ისარგებლა. შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, სსკ-ის 982.1 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, მართებულად შეაფასეს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საკუთრების განკარგვის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში წარმოშობილი იყო. ამავე საფუძველს ემყარება შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა ქირის ტოლფასი თანხის დაკისრების შესახებ 10.02.2022-23.05.2024წწ. პერიოდზე.

28. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებს ზიანის დადგომაში მხარეთა ბრალეულობის მოცულობასთან დაკავშირებით, რომელიც მოცემულია ამ განჩინების პ.9-ში და მიაჩნია, რომ ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო პრეტენზია კასატორებს წარმოდგენილი არ აქვთ.

29. მხარეთა ორმხრივი ბრალეულობისა და მათი ბრალის ხარისხის/მოცულობის გათვალისწინებით, ზიანის ანაზღაურების ნაწილში წარმოშობილ მოთხოვნათა გაქვითის გზით შეწყვეტას რაც შეეხება (სსკ-ის 442 მუხ.), კასტორებს არც ამ ნაწილში წარმოუდგენიათ დასაბუთებული პრეტენზია.

30. მეორე კასატორის არც იმ პრეტენზიის გაზიარების საფუძველი იკვეთება, რომელშიც იგი უთითებს, რომ სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს, რადგან მოსარჩელე ზიანის თანხის დაკისრებას ითხოვდა და არა კარების მონტაჟს, სასამართლომ კი თავისი გადაწყვეტილებით მოსარჩელეს შესაძლებლობა მისცა თვითონ უზრუნველეყო კარების მონტაჟი და ხარჯი გადაეკისებინა მოპასუხეზე.

31. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სარჩელის და შესაგებლის იმ საფუძვლებზე, სადაც აღნიშნულია, რომ ზიანის დაკისრებას მოსარჩელე უკავშირებს მოპასუხის მიერ საცხოვრებელ სახლში ხის კარების ჩამოხსნას. მითითებულ გარემოებას არც მოპასუხე უარყოფს, თუმცა, კარების ჩამოხსნის განსხვავებულ მოტივს ასახელებს - აღნიშნავს, რომ კარები ჩამოხსნა შესაკეთებლად, ხოლო მოსარჩელის წინააღმდეგობის გამო, მათი უკან დაბრუნება ვეღარ შეძლო.

32. ამ მოცემულობაში, მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ ეფუძნება სსკ-ის 394-ე, 408-409-ე მუხლებს (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება), რომელთა შინაარსიდან გამომდინარეობს ზიანის ნატურით ანაზღაურების, ხოლო ამის შეუძლებლობის შემთხვევაში, ფულადი კომპენსაცია. მითითებულიდან გამომდინარე, ქვემდგომის ინატანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს დაევალა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, 11 ცალი ლარიქსის მასალისგან დამზადებული ხის კარის დამონტაჟება უძრავ ქონებაში, ხოლო ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 15 339.81 ლარის ანაზღაურება, საპროცესო დარღვევად არ მიიჩნევა.

33. საკასაციო პალატა არ იზიარებს მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთების მოპასუხის მიერ უკანონო დაუფლების გამო მათი ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის (სარჩელის მოთხოვნა), ასევე, მოძრავი ნივთების გამოთხოვაზე უარის თქმის (შეგებებული სარჩელის მოთხოვნა) ნაწილში, წარმოდგენილ პირველ და მეორე კასატორის პრეტენზიებსაც.

34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში კონცენტრირებულად მტკიცების პროცესი მოწესრიგებულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

35. მოსარჩელეს/შეგებებული სარჩელის ავტორს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, რაც უნდა განხორციელდეს რელევანტური მტკიცებულებების წარდგენის გზით, რომლებიც ობიექტურად დაადასტურებს სარჩელსა და შეგებებულ სარჩელში მითითებულ სადავო გარემოებებს. მოპასუხე კი მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.

36. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ და შეგებებული სარჩელის ავტორმა საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასძლიეს მათზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი და მოძრავი ნივთების ნაწილში ერთმანეთის მიმართ წარდგენილი სადავო მოთხოვნების დასაბუთებულად საჭირო ფაქტობრივი გარემოებები ვერ დაადასტურეს.

37. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მის მიერ მითითებულ მოძრავ ნივთებს მოპასუხე დაეუფლა. მისი განმარტება, რომ მან ნივთები დატოვა უძრავ ქონებაში 2013წ., ხოლო ქონების დაბრუნებისას 2022წ. მას ეს ნივთები არ დახვდა, არ იქნა გაზიარებული საამისო მტკიცებულების არარსებობის გამო. შსს საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმი და მოწმეთა ჩვენებები რელევანტურ მტკიცებულებად არ იქნა მიჩნეული, კერძოდ, ოქმში აღწერილ ფაქტებს თავად განმცხადებელი (მოსარჩელემ) განუმარტავდა პოლიციას, ხოლო მოწმეთა ჩვენებებს რაც შეეხება, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს. მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. მტკიცებულებები უნდა შეფასდეს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით, რაც მათ იურიდიულ ბუნებას ახლავს. აქედან გამომდინარე, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. სადავო შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებები მოსარჩელესთან მოწმეთა კავშირისა და არადამაჯერებლობის გამო, არ პასუხობდა სარწმუნოობის სტანდარტს.

38. პირველი კასატორის შუამდგომლობა, რომლითაც ეს უკანასკნელი მოითხოვს, რომ ნება დაერთოს წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულება - შსს მომსახურების სააგენტოდან ინფორმაცია ირიცხება თუ არა მოპასუხის სახელზე ავტოსატრანსპორტო საშუალება (იხ., პირველი საკასაციო საჩივრის მე-10 გვ), დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

39. მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით წარმოდგენილ მეორე კასატორის პრეტენზიას რაც შეეხება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მანაც ვერ დაადასტურა გარემოება, რომ ფაქტების კონსტატაციის ოქმში მითითებული მოძრავი ნივთები მის საკუთრებას წარმოადგენს. ამასთან, სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ უძრავ ქონებაში 2013წ-მდე ცხოვრობდნენ მოსარჩელე და მისი მეუღლე, რის გამოც, შეგებებულ სარჩელში მითითებულ ნივთებზე, საპირისპიროს დადასტურებამდე, პრეზუმირდება მეუღლეთა თანასაკუთრება, გასაზიარებელია.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

41. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორ დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. თ.გ–იას საკასაციო საჩივარი, როგორ დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

3. ლ.ჩ–ძეს (პ.ნ: .......) დაუბრუნდეს ვ. ც–ძის მიერ 2025-07-04წ. საგადახდო დავალებით N1751630444 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარი, ასევე, თ.ს–ძის მიერ 18.07.2025წ. საგადასახადო დავალებით N6618 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 2278 ლარი და თ.ს–ძის მიერ 18.07.2025წ. საგადასახადო დავალებით N5228 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 2294 ლარი (ჯამში 4,872 ლარიდან) 70% - 3,410.4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. თ.გ–იას (პ.ნ: ..........) დაუბრუნდეს გ. ს–ს მიერ 14.07.2025წ. საგადახდო დავალებით N28298244009 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 6000 ლარის 70% – 4200 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღებისანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე