საქმე №ას-1572-2025
24 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ე–ს“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ჩ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, ანაზღაურების დაყოვნებისთვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის დაკისრება (ძირითადი სარჩელით), თანხის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ.ჩ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე–სის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და ანაზღაურების დაყოვნებისთვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
4. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების სახით 2 600 ლარის (ხელზე მისაღები) გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა - 2023 წლის თებერვლის თვის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის - 1 000 ლარის 0,07%-ის (ხელზე მისაღები) გადახდა, 2023 წლის 06 მარტიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა - 2023 წლის მარტის თვის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის - 1 000 ლარის 0,07%-ის (ხელზე მისაღები) გადახდა, 2023 წლის 06 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა - 2023 წლის აპრილის თვის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის დაყოვნებული თანხის - 2 400 ლარის 0,07%-ის (ხელზე მისაღები) გადახდა, 2023 წლის 26 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მოპასუხის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად. ხოლო, იმავე სასამართლოს 2025 წლის 09 ოქტომბრის განჩინებით დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა 2025 წლის 17 ნოემბერს 14:00 საათზე.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სააპელაციო სასამართლოში 2025 წლის 17 ნოემბერს დანიშნული სხდომის შესახებ მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, ხოლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2025 წლის 17 ნოემბერს, 14:00 საათზე დანიშნული მთავარი სხდომის შესახებ აპელანტის წარმომადგენელს - ზ.ნ–ს ეცნობა სასამართლო უწყებით, 2025 წლის 13 ოქტომბერს. კერძოდ, საქმეში არსებული უკუგზავნილით დასტურდება, რომ სასამართლო უწყება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს ზ.ნ–ს სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაიბარა შვილმა ზ.ე–ძემ, რაც დაადასტურა ხელმოწერით (იხ. ტ. 2. ს.ფ. 12). მიმღები პირის სახელი და გვარი, ჩაბარების თარიღი, პირადი ნომერი და ხელმოწერა გარკვევითაა მითითებული შეტყობინების ბარათზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტს გონივრული დრო ჰქონდა იმისათვის, რომ საქმის განხილვაში უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით ან პირადად მიეღო მონაწილეობა.
11. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლო გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო საჩივარს განუხილველად დატოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. სააპელაციო სასამართლომ მოიხმო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215.3 მუხლი და განსახილველ შემთხვევაში ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტს სასამართლო სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობით არ მიუმართავს და სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია.
12. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გამოუცხადებელი მხარე სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70–78–ე მუხლებით დადგენილი წესით; ამასთან, აპელანტს სასამართლოსთვის არ უცნობებია 2025 წლის 17 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებანი.
13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე, 73.1, 229-ე, 276-ე, 387.1, 387.3 მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სახეზე იყო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.
14. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე აპელანტმა/მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვა.
15. კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
15.1. მოპასუხეს განსახილველ დავაში ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმოადგენს ადვოკატი ზ.ნ–ი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოპასუხის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, დირექტორი ა.ნ–ძე პროფესიით არ არის იურისტი და, შესაბამისად, მისი მხრიდან სასამართლო სხდომაზე კვალიფიციური იურისტის გარეშე წარმომადგენლობა შეუძლებელს გახდიდა აპელანტის ინტერესების დაცვას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოპასუხეს არ ჰყავს დასაქმებული იურიდიული განათლების მქონე თანამშრომელი და მთელი არასამედიცინო პერსონალი დირექტორითა და ბუღალტრული სერვისის განმახორციელებელი პირებით შემოიფარგლება;
15.2. რაც შეეხება 17 ნოემბრის სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობას, აღნიშნული გამოწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სხვა მოვლენებით, რომელმაც შეუძლებელი გახადა წარმომადგენლის გამოცხადება. კონკრეტულად კი, წარმომადგენლის, ზ.ნ–ის ოჯახის წევრის, მამის მძიმე დაავადებით, რომელსაც 30.10.2025წ.-ს ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე დაუდგინდა სიმსივნური დაავადება, ლიმფომა. დაავადების გავრცელების სწრაფი და მძიმე თვისებების გათვალისწინებით, საჭირო იყო დიაგნოსტიკური კვლევის, მთლიანი სხეულის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება. ამრიგად, შესაბამისი კლინიკის მოძიების, დაგეგმვისა და სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებისათვის ზ.ნ–ის მიერ 17 ნოემბერს მთელი დღის განმავლობაში ხორციელდებოდა საორგანიზაციო მოქმედებები, რაც გახდა მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი. ქირურგიის ეროვნულ ცენტრში კვლევის დაგეგმვა, შესაბამისი საბუთების ატვირთვის შემდეგ მიმართვის ფურცლის აღება და სამინისტროში იმავე დღეს წარდგენა, რათა მოსწრებადი ყოფილიყო რეფერალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისათვის იმავე კვირას, პარასკევს დანიშნულ სხდომაზე ამ საკითხის განხილვა და დროულად გადაწყვეტა. ყოველივე აღნიშნულმა (ასევე, გადაადგილებისას თბილისური საცობების გათვალისწინებით) საკმაოდ ბევრი დრო წაიღო;
15.3. გარდა ამისა, დაუშვებელი იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, რადგან არსებობდა სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება, კერძოდ, მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ იყო მოწვეული სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ სასამართლო უწყება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს, რომელიც არც მოპასუხე კომპანიის დირექტორია, არც კომპანიის თანამშრომელი და არც ზ.ნ–ის ოჯახის წევრი;
15.4. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სსსკ-ის 233 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ვალდებული იყო სხვა დროისათვის გადაენიშნა სასამართლო სხდომა.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
19. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
20. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ დაუშვებელი იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, ვინაიდან სახეზე იყო იმგვარი გარემოება, რამაც ხელი შეუშალა სასამართლოში აპელანტის წარმომადგენლის გამოცხადებას (სსსკ-ის 233.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი); გარდა ამისა, აპელანტს სასამართლო სხდომის შესახებ შეტყობინება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია (სსსკ-ის 233.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ხოლო, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა იმავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.
23. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელანტის გამოუცხადებლობისას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი შემდეგი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს აპელანტი და ბ) გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე არ უნდა ითხოვდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. აღნიშნულ გარემოებათა კუმულაციურად არსებობა წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფორმალურ წინაპირობას.
24. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფორმალური წინაპირობები. კერძოდ, აპელანტი არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ იმავე სხდომაზე იშუამდგომლა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.
25. კერძო საჩივრის ავტორი დავობს, რომ აპელანტი სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა მოწვეული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (სსსკ-ის 233.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი), კერძოდ, სასამართლო სხდომის შესახებ შეტყობინება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირს.
26. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის შედავებას და მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს; იმავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით; იმავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
27. წინამდებარე საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში 2025 წლის 17 ნოემბერს დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ სასამართლო უწყება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს - ზ.ნ–ს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე: თბილისი, .........., ბინა N22 და ჩაბარდა ზ.ე–ძეს; ჩაბარების დასტურზე აღნიშნულია ამ პირის პირადი ნომერი და ადრესატთან დამოკიდებულება - შვილი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 317; ტ. 2, ს.ფ. 10, 12). ეს გარემოებები წარმოშობს პრეზუმფციას, რომ სასამართლო გზავნილი ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა. აღნიშნული პრეზუმფციის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი კი, ეკისრება კერძო საჩივრის ავტორს. შესაბამისად, სწორედ მან უნდა წარუდგინოს სასამართლოს იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ პირი, რომელმაც გზავნილი ჩაიბარა, არ წარმოადგენდა უწყების ჩაბარებაზე უფლებამოსილ პირს. აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებიდან, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს ამგვარი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კერძო საჩივრის ავტორი არ უარყოფს გარემოებას, რომ მისთვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის შესახებ.
28. ზემოაღნიშნული ფორმალური წინაპირობების დადგენის შემდეგ უნდა შემოწმდეს - ხომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები. აღნიშნული ნორმის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. ამასთან, იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი).
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის საპატიო მიზეზის ცნებას განსაზღვრავს აღნიშნული კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი [საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა უნდა დადასტურდეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე]. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
31. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო იმგვარი გარემოება, რამაც ხელი შეუშალა სასამართლოში აპელანტის წარმომადგენლის გამოცხადებას (სსსკ-ის 233.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). კერძოდ, აპელანტის წარმომადგენლის მამას აქვს მძიმე დაავადება და სასამართლო სხდომის დღეს მას მოუწია დაავადების დიაგნოსტიკურ კვლევასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების სასწრაფოდ მოგვარება, რათა დროულად მომხდარიყო რეფერალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების საკითხის გადაწყვეტა. თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნულს ვერ გაიზიარებს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება აპელანტის წარმომადგენლის 2025 წლის 17 ნოემბერს 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის ფაქტი. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აპელანტს სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ ეცნობა 2025 წლის 13 ოქტომბერს, სასამართლო სხდომამდე ერთი თვით ადრე, თუმცა მას სასამართლოში არ წარუდგენია შუამდგომლობა 2025 წლის 17 ნოემბერს დანიშნული სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ აპელანტი მოკლებული იყო შესაძლებლობას სასამართლოსთვის წინასწარ ეცნობებინა სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ.
32. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა იმგვარი გარემოების არსებობის ფაქტი, რამაც შეუძლებელი გახადა სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადება, ასევე, გამოუცხადებლობის თაობაზე სასამართლოსათვის შეტყობინება.
33. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფორმალური წინაპირობები, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ე–სის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლევან ნემსაძე
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
მიხეილ ჯინჯოლია