საქმე №ა-24-ა-5-2026 6 აპრილი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – გ.ბ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ს.კ.ს–ო“
განმცხადებლების მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საქმის წარმოების განახლების თაობაზე,
დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ.ბ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.კ.ს–ოს“ (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 მარტის განჩინებით გ.ბ–ძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს ,,ს.კ.ს–ო’’-ს გ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 9394 ლარის გადახდა, საიდანაც სესხი ძირითადი თანხა არის 7000 ლარი და სარგებელი 2394 ლარი. შპს “ს.კ.ს–ოს” გ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო - 7000 ლარის 0.01% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2016 წლის 27 ოქტომბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2024 წლის 8 იანვარს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა 2019 წლის 10 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფაზე იძულებითი აღსრულების ღონისძიების გატარება.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 თებერვლის განჩინებით განცხადება არ დაკმაყოფილდა.
6. აღნიშნული განჩინება საჩივრით გაასაჩივრა გ.ბ–ძემ და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინებით გ.ბ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 1 თებერვლის განჩინება.
9. 2024 წლის 5 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელემ წარადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განჩინებით გ.ბ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე დარჩა განუხილველი.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული კერძო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი.
13. ზემოაღნიშნული განჩინება მხარეს გაეგზავნა და ჩაბარდა 2025 წლის 31 იანვარს.
14. 2025 წლის 4 თებერვალს კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება 5 დღით.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 თებერვლის განჩინებით გ.ბ–ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული კერძო საჩივარი დედნის სახით; ბ) სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებებით მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი არ მიიღებოდა წარმოებაში და განუხილველად დარჩებოდა.
16. 2025 წლის 25 თებერვალს კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მომართა სასამართლოს და იშუამდგომლა განმხილველი მოსამართლის აცილების თაობაზე და საქმის განხილვა კერძო საჩივრის დედნის წარდგენისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის გარეშე.
17. 2025 წლის 7 მარტოს განჩინებით, გ.ბ–ძის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და გ.ბ–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ნოემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.
18. 2026 წლის 23 იანვარს გ.ბ–ძემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 2 მარტის განჩინებით განმცხადებელს მიეცა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 -დღიანი ვადა სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაზუსტებული განცხადების წარმოსადგენად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ გარემოებების მითითებით, რომლების საფუძველზეც მოითხოვს საქმის წარმოების განახლებას.
20. აღნიშნული განჩინება კასატორს, მის მიერ მითითებულ მისამართზე, გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და პირადად ჩაბარდა 2026 წლის 17 მარტს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.
21. 2026 წლის 03 აპრილს ბ.ბარელაძემ განცხადებით (Nზ-146-26) მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და 2026 წლის 2 მარტის განჩინების გაუქმება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ბ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
23. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2026 წლის 2 მარტის განჩინების ასლი კასატორს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და პირადად ჩაჰბარდა 2026 წლის 17 მარტს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2026 წლის 18 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 23 მარტს (22 მარტი იყო კვირა, დასვენების დღე). სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში განმცხადებელს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის.
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.ბ–ძის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 მარტის განჩინების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად;
2. მოცემულ საქმეზე (№ას-14-2025; №ა-24-ა-5-2026) გ.ბ–ძის სამომავლოდ შემოტანილი ყველა სახის კორესპოდენცია დარჩეს რეაგირების გარეშე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე