Facebook Twitter

საქმე №ას-1254-2025 12 მარტი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი კასატორი, საჩივრის ავტორი – მ.თ–ძე (მოსარჩელე)

მეორე კასატორი – შპს ,,გ.ქ. და ტ.ც–ი“ (მოპასუხე)

მესამე კასატორი - სსიპ ,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

მეორე კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

მესამე კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, მორალური ზიანის ანაზღაურება, სარჩოს გადახდა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „გ.ქ. და ტ.ც–ის“ 2018 წლის 25 მარტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შესაბამისად, მ.თ–ძეს ამბულატორიული სამედიცინო დახმარება გაეწია 2018 წლის 24 მარტს 27:57 საათზე, გაეწერა 2018 წლის 25 მარტს 00:30 საათზე. მოსარჩელეს აღენიშნებოდა მარჯვენა მხრის ძვლის ზედა ბოლო მოტეხილობა ცდომით. პაციენტს გაუკეთდა რეპოზიცია და იმობილიზაციის მიზნით დაედო დეზოს რბილი ნახვევი, მიეცა შესაბამისი დანიშნულება.

2. 2018 წლის 16 აპრილს და იმავე წლის 29 აპრილს მ.თ–ძეს ჩაუტარდა მხრის სახსრის რენტგენოგრაფია, რომლის მიხედვითაც, პაციენტს აღენიშნებოდა მარჯვენა მხრის ძვლის თავის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა ცდომით. კონსოლიდაციის რენტგენოლოგიური ნიშნები არ ისახება. მარჯვენა მხრის სახსრის სასახსრე ნაპრალი გაფართოვებული.

3. შპს „ი–ას“ 2022 წლის 26 იანვრის ანგარიშფაქტურის მიხედვით, მ.თ–ძისთვის მომავალში გასაწევი სამედიცინო მომსახურების (მხრის სახსრის ჩანაცვლება პროთეზით) ღირებულება შეადგენს 20 000 ლარს;

4. პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 27 ნოემბრის N13 სხდომის ოქმის მიხედვით, სააგენტომ შეისწავლა საკითხი, შპს „გ.ქ. და ტ.ც–ში“ პაციენტ მ.თ–ძისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის თაობაზე. საკითხის შესწავლის შედეგად, საბჭომ დაადგინა, რომ შპს „გ.ქ. და ტ.ც–ის“ ექიმს, ვ.ბ–ძეს მიეცა წერილობითი გაფრთხილება.

5. მ.თ–ძე პირველად შპს „გ.ქ. და ტ.ც–ში“ გამოცხადდა 2018 წლის 24 მარტს. წარმოდგენილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შესაბამისად, მ.თ–ძის დიაგნოზი იყო მარჯვენა მხრის ძვლის ზედა ბოლოს მოტეხილობა ცდომით. პაციენტს ჩაუტარდა დიაგნოსტიკური გამოკვლევა - მხრის რენტგენოგრაფია და ასევე გაეწია ტრავმატოლოგის კონსულტაცია. ავადმყოფის მიმდინარეობა იყო მწვავე და პაციენტს გაუკეთდა რეპოზიცია და იმობილიზაციის მიზნით დაედო დეზოს რბილი ნახვევი, მიეცა შესაბამისი დანიშნულება. გაიცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: საკონტროლო Ro-გრაფია ერთ თვეში, მკურნალობა დანიშნულებისამებრ.

6. შპს „გ.ქ. და ტ.ც–ის“ მიერ 2018 წლის 24 მარტს გაცემულია პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, სადაც აღნიშნულია, რომ პაციენტმა მიიღო სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ ინფორმაცია. მკურნალმა ექიმმა გააცნო სამედიცინო მომსახურების მიზანი, ასევე პაციენტისთვის ცნობილია სამედიცინო მომსახურებაზე უარის შემთხვევაში დამდგარი შედეგის შესახებ. პაციენტს პასუხი გაეცა ყველა შეკითხვაზე, რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, დაავადებას, მკურნალობას, ასევე მიიღო პასუხი მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდზე და მის ღირებულებაზე.

7. ინფორმირებული თანხმობა ხელმოწერილია მხოლოდ მკურნალი ექიმის - ვ.ბ–ძის მიერ. პაციენტის, ან პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერის გრაფა ცარიელია. ასევე, არ არის მითითებული შენიშვნა, იმ მიზეზის შესახებ, რის გამოც არ მოხდა სამედიცინო დოკუმენტზე პაციენტის ხელმოწერა.

8. მოსარჩელისთვის ცნობილი არ იყო სრულყოფილი ინფორმაცია დიაგნოზის დასმისთვის აუცილებელი პროცედურების ჩატარების საჭიროების შესახებ.

9. სასარჩელო მოთხოვნა

9.1. შპს „გ.ქ. და ტ.ც–სა“ და სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისათვის“ მ.თ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების - 20 000 ლარის ოდენობით დაკისრება, შპს „გ.ქ. და ტ.ც–სა“ და სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისათვის“ მ.თ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება - 30 000 ლარის ოდენობით დაკისრება, შპს „გ.ქ. და ტ.ც–სა“ და სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისათვის“ მ.თ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად ყოველთვიურად - 8000 ლარის ოდენობით სარჩოს გადახდა 2018 წლის მაისიდან შრომის უნარის სრულად აღდგენამდე დაკისრება;

9.2. 2018 წლის 24 მარტს მ.თ–ძემ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო მარჯვენა მხრის დაზიანება. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა 23:57 საათზე გადაიყვანა შპს „გ.ქ. და ტ.ც–ში“. სამედიცინო მომსახურება გაუწია ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ვ.ბ–ძემ. ჩაუტარდა მხრის სახსრის რენტგენოგრაფია, რითაც დადგინდა, რომ აღინიშნებოდა მარჯვენა მხრის ძვლის თავის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა ცდომით. გაუკეთდა რეპოზიცია და იმობილიზაციის მიზნით დაედო დეზოს რბილი ნახვევი. გაწერეს მიყვანიდან ნახევარ საათში - 2018 წლის 25 მარტს, 00:30 საათზე.

9.3. მოსარჩელემ მარჯვენა მხრის სახსრის ძლიერი ტკივილის გამო 2018 წლის 16 აპრილს კვლავ მიმართა კლინიკას; კონსულტაცია გაიარა კვლავ ვ.ბ–ძესთან, რომელმაც განმარტა, რომ სახსარი იყო ძლიერ შესიებული და სრულყოფილი კლინიკური გასინჯვა ვერ ხერხდებოდა ტკივილის გამო. ჩაუტარდა მხრის სახსრის რენტგენოგრაფია, რითაც კვლავ აღენიშნებოდა მარჯვენა მხრის ძვლის თავის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა ცდომით. კონსოლიდაციის რენტგენოლოგიური ნიშნები არ ისახებოდა.

9.4. მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, 2018 წლის 29 აპრილს კვლავ მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. ვინაიდან, მკურნალი ექიმი კლინიკაში არ იმყოფებოდა, მოსარჩელეს სამედიცინო მომსახურება გაუწია ორთოპედ-ტრავმატოლოგმა მიხეილ ტაბატაძემ. მას ჩაუტარდა მხრის სახსრის რენტგენოგრაფია, რომლის თანახმად, კვლავ აღენიშნებოდა მარჯვენა მხრის ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა ცდომით. კონსოლიდაციის რენტგენოლოგიური ნიშნები არ ისახებოდა. მარჯვენა მხარის სახსრის ნაპრალი იყო გაფართოებული. მიხეილ ტაბატაძემ ეჭვი შეიტანა მხარის უკანა ამოვარდნილობაზე. აღნიშნულის შესახებ, მ.თ–ძემ მიმართა მის მკურნალ ექიმს, რომელმაც განუმარტა, რომ ნარკოზით მოხდებოდა ამოვარდნილობის ჩასმა, ხოლო თუ ეს შედეგს არ გამოიღებდა, შემდეგ ჩატარდებოდა ოპერაცია. ვინაიდან, მოსარჩელეს აღარ გააჩნდა ნდობა აღნიშნული კლინიკის მიმართ, 2018 წლის 17 მაისს ჩივილებით მიმართა „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს“. კლინიკაში ჩაუტარდა მხრის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, რომლის მიხედვით, გამოვლინდა მხრის ძვლის თავის ფრაგმენტოვანი მოტეხილობა, ფრაგმენტების ცდომით. ძვლის თავი ამოვარდნილია სასახსრე ფოსოდან და დისლოცირებულია უკან და ზევით. მხრის როტატორულ მანჟეტში შემავალი კუნთების: ქვედაზედა, ქვედაქვედა, ბეჭქვეშა, მცირე მრგვალი კუნთის მყესები ისახება მთელ სიგრძეზე, შეშუპებული, გაფარშებული; არ არის გამორიცხული ცალკეული ბოჭკოების დაზიანება. თუმცა ძირითადად მიმართულებები შენახულია. უკანა ზედა სასახსრე ბაგე დაზიანებულია, ისახება სახსარშიდა გამონაჟონი. დაისვა დიაგნოზი - მარჯვენა მხრის ძვლის ზედა ბოლოს ხანდაზმული მოტეხილობა, მხარის თავის ამოვარდნილობა.

9.5. 2018 წლის 28 მაისს „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში“ მოსარჩელეს ჩაუტარდა ოპერაცია მხრის თავის ღია ჩასწორება, შეუხორცებელი ფრაგმენტების ამოღება, ფიქსაცია ჩხირებით“ ოპერაცია მიმდინარეობდა 2 საათი და 30 წუთი. მეოთხე დღეს, 2018 წლის 31 მაისს პაციენტი გაეწერა.

9.6. ოპერაციის შემდეგ, გამოსაკვლევი მასალა - ძვლოვანი და ძვალ-ხრტილოვანი ქსოვილის ფრაგმენტები გაიგზავნა პათომორფოლოგიურ გამოკვლევებზე, რომლის დასკვნის შესაბამისად, გამოკვლეული ძვლოვანი ქსოვილის ნიმუშებში ვლინდება დეგენერაციული ცვლილებები და სტრუქტურულ დეზორგანიზაციის მოვლენები გამოხატული: ძვლოვანი ხარისხის დექსტუქციის, ფრაგმენტაციის, სტრუქტურულ დეზორგანიზაციის, რეაქციულ ძვალწარმოქმნის, ქსანთოგრანულომატოზის ხარისხებშორისი სივრცეების დილატაციის და ფიბროსის კერების არსებობით. ხრტილოვან ქსოვილში აღინიშნება ნეკრობიოზისა და გალორწოვანების კერები. ვხვდებით ენქონდრული გაძვალების უბნებს. უჯრედული ატიპია და პოლიმორფიზმი გამოკვლეულ მასალაში არ ვლინდება.

9.7. დაგვიანებულმა მკურნალობამ გამოიწვია მძიმე გართულებები, რამაც გამოიწვია დაზიანებული ხელით რაიმე სამუშაოს შესრულება. ავტოსაგზაო შემთხვევამდე მოსარჩელე დასაქმებული იყო ავტომობილების შეკეთებისა და პროფილაქტიკის ცენტრში, მისი შემოსავალი საშუალოდ შეადგენდა თვეში 8000 ლარს. თუმცა, დაგვიანებული მკურნალობის გამო მიღებული დაზიანების გამო, მას აღარ შეუძლია მუშაობა.

9.8. მარჯვენა ხელში შრომისუნარიანობის აღსადგენად საჭიროა მხრის სახსრის ენდოპროტეზირების ოპერაცია საზღვარგარეთ. შპს „ი–ას“ მიერ გაცემული ანგარიშფაქტურის მიხედვით, ენდოპროტეზირების ოპერაციის თანხა შეადგენს - 20 000 ლარს.

9.9. მოსარჩელის განმარტებით, ინფორმირებულ თანხმობაზე ხელის მოწერის დროს, თანხმობაში არ იყო განმარტებული ინფორმაცია შესაძლო გართულებებზე. ასევე, ვ.ბ–ძეს არ უცნობებია, რომ შესაძლებელი იყო ხელი დარჩენოდა პარალიზებული. მან აცნობა, რომ გადახვევა იყო საკმარისი.

9.10. მოსარჩელის განმარტებით, სამედიცინო დოკუმენტაციის და ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მოსარჩელისთვის ზიანის მიყენებაში ბრალი მიუძღვის როგორც შპს „გ.ქ. და ტ.ც–ს“, ისევე სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს.

10. მოპასუხის შესაგებელი

11.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა- განმარტებებით სარჩელი არ ცნეს.

11.2. შპს „გ.ქ. და ტ.ც–ის“ განცხადებით, მოსარჩელეს არაერთხელ შესთავაზეს კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის ჩატარება, რის შემდეგაც განემარტა, რომ შესაძლებელია საჭირო ყოფილიყო ქირურგიული მკურნალობის მეთოდის შეთავაზება, თუმცა ფინანსური მდგომარეობის გამო, მან აღნიშნულზე უარი განაცხადა. ნებისმიერი სამედიცინო პროცედურის ჩატარების შედეგებზე გარანტიის გაცემა თანამედროვე მედიცინაში არ არის სწორი პრაქტიკა, სწორედ ამისთვის არსებობს ინფორმაციული თანხმობის დოკუმენტი, რომელიც თავისი შინაარსით აცნობს პაციენტს შესაძლო გართულებების შესახებ, რომელიც რა თქმა უნდა აუცილებლად არ უნდა მოხდეს, მაგრამ შესაძლებელია რომ ადგილი ჰქონდეს.

11.3. სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ წარმომადგენლის განმარტებით, 2018 წლის 28 მაისს პაციენტი გეგმიური წესით ჰოსპიტალიზებული იქნა კლინიკაში. ოპერაციულად აღმოჩნდა, რომ მხრის ძვლის მოტეხილი ფრაგმენტები იყო უსიცოცხლო, რის შესახებაც ეცნობა ოჯახის წევრებს. განემარტათ, რომ მოცემულმა მდგომარეობამ შეცვალა ოპერაციის ტაქტიკა, ნაცვლად მარჯვენა მხრის თავის ღია ჩასწორების, ცრუ სახსრის ლიკვიდაციით, რეპოზიციით, ფიქსაციისა, პაციენტს ჩაუტარდებოდა მარჯვენა მხრის თავისი ღია ჩასწორება შეუხორცებელი ფრაგმენტის ამოღება ფიქსაცია ჩხირებით.

11.4. ჩატარდა ოპერაციული მკურნალობა მარჯვენა მხრის ძვლის ზედა ბოლო ხანდაზმული მოტეხილობა მხრის თავის ამოვარდნილობა. პაციენტი 2018 წლის 31 მაისს გაეწერა ბინაზე გაუმჯობესებული მდგომარეობით. ოპერაციამ ჩაიარა გართულებების გარეშე. პოსტ ოპერაციული მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდა. ოპერაციულ მეთოდთან დაკავშირებით, მოპასუხის განცხადებით, კონკრეტულ სიტუაციაში არსებული მდგომარეობა სხვა მეთოდით ოპერაციის ჩატარების საშუალებას არ აძლევდა. ოპერაციის მიზანს წარმოადგენდა გაუსაძლისი ტკივილის მოხსნა, რაც გარკვეული ხარისხით მიღწეულ იქნა. ჩატარებული ოპერაცია არ წარმოადგენს ბოლო ეტაპს, სიტყვიერად მიცემული იქნა რეკომენდაცია ენდოპროტეზის შესახებ.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.თ–ძის სარჩელი შპს „გ.ქ. და ტ.ც–ის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „გ.ქ. და ტ.ც–ს“ მ.თ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება 20 000 ლარის ოდენობით; შპს „გ.ქ. და ტ.ც–ს“ მ.თ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 15 000 ლარის ოდენობით; მ.თ–ძის სარჩელი შპს „გ.ქ. და ტ.ც–ის“ მიმართ დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა; მ.თ–ძის სარჩელი სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა.

12. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მოსარჩელე მხრის ძლიერი ტკივილით გამოცხადდა კლინიკაში. მკურნალი ექიმი - ვ.ბ–ძე ადასტურებს, რომ მხრის შესიების და ტკივილის გამო, პაციენტის კიდურის შესაბამის პოზიციაში მოყვანა ვერ ხერხდებოდა. ამ მონაცემის და იმის გათვალისწინებით, რომ იმ რენტგენის აპარატს, რომლითაც მ.თ–ძეს ჩაუტარდა კვლევა, არ გააჩნია ტუბუსის ბრუნვის შესაძლებლობა, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ ალტერნატივის შეთავაზებას, რაც უზრუნველყოფს სწორი დიაგნოზის დასმას. შეთავაზების დამადასტურებელი მტკიცებულებები კი კლინიკას არ წარმოუდგენია. არასწორი დიაგნოზის დასმამ კი საბოლოოდ განაპირობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, დაუზუსტებელმა დიაგნოზმა გამოიწვია ტრავმის შემდგომი გართულება, რის გამოც პაციენტს გაუკეთდა ოპერაცია.

13. სასამართლომ სსიპ ,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ მიმართ მოთხოვნასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმ-სპეციალისტის შეფასების მიხედვით, მ.თ–ძეს ჩაუტარდა ოპერაცია. ოპერაციის მეთოდი, არ არის უგულებელყოფილი, თუმცა, საკმაოდ მოძველებულია. გაკეთდა მხრის მოტეხილი ფრაგმენტების ამოღება, მხრის ზედა ბოლოს ჩაყენება და ფიქსაცია ჩხირებით. ვინაიდან, ეს ქირურგიული მეთოდი საკმაოდ მოძველებულია, დატოვებს გლენოჰუმერული სახსრის დეფიციტს 70%-მდე, ხოლო მხრის სარტყლის დეფიციტს 40%-მდე. უმჯობესი იქნებოდა გაკეთებულიყო მხრის რევერსული ენდოპროთეზირება, რასაც წყვეტს ქირურგი პაციენტთან ერთად, შესაბამისი მატერიალურ- ტექნიკური აღჭურვის შემთხვევაში.

14. პათოჰისტოლოგიური დასკვნის თანახმად, ოპერაციის დროს მოხდა უსიცოცხლო ძვლოვანი ფრაგმენტების ამოღება, ინტრა ოპერაციულად აღმოჩნდა, რომ მხრის ძვლის მოტეხილი ფრაგმენტები იყო უსიცოცხლო, რის შესახებაც ეცნობა ოჯახის წევრებს (ამ ფაქტს მოსარჩელე სადავოდ არ ხდის), მდგომარეობამ შეცვალა ოპერაციის ტაქტიკა, ნაცვლად მარჯვენა მხრის თავის ღია ჩასწორება, ცრუ სახსრის ლიკვიდაცია, რეპოზიცია, ფიქსაციისა, პაციენტს ჩაუტარდა მარჯვენა მხრის თავის ღია ჩასწორება შეუხორცებელი ფრაგმენტის ამოღება ფიქსაცია ჩხირებით. უდავო გარემოებაა, რომ პაციენტი 2018 წლის 31 მაისს გაეწერა ბინაზე გაუმჯობესებული მდგომარეობით. ოპერაციამ ჩაიარა გართულების გარეშე.

15. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ჩატარებული სამედიცინო მანიპულაციების დროს საექიმო შეცდომების დაშვება, პაციენტის მდგომარეობისთვის შეუსაბამო სადიაგნოზო ან/და მკურნალობის ჩატარება არ დასტურდება.

16. სასამართლომ აღნიშნა, რომ შპს „გ.ქ. და ტ.ც–ში“ მ.თ–ძეს სამედიცინო მომსახურება გაეწია არასრულყოფილად. მოსარჩელისთვის ცნობილი არ იყო სრულყოფილი ინფორმაცია დიაგნოზის დასმისთვის აუცილებელი პროცედურების ჩატარების საჭიროების შესახებ. 2018 წლის 24 მარტს, კლინიკაში გამოცხადების დროს, ინფორმირებულ თანხმობაზე მოსარჩელის ხელმოწერა არ არის და არც ხელმოწერაზე უარის თქმის, ან ხელმოწერის შეუძლებლობის შესახებ არის მითითება გაკეთებული.

17. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა ის გარემოება, რომ უდავოა, მ.თ–ძეს არასწორი, დაგვიანებული დიაგნოზის და შესაბამისად მკურნალობის გამო, გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც იწვევდა ინტენსიურ ძლიერ ტკივილს, რაც დაკავშირებულია განგრძობად ნეგატიურ განცდებთან და სტრესულ მდგომარეობასთან, რის გამოც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 15 000 ლარის ოდენობით.

18. რაც შეეხება სარჩოს, სასამართლომ მიუთითა, რომ ყოველთვიური სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენს, რასაც დაზარალებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო ჯანმრთელობის დაზიანებამდე იღებდა და რასაც ის მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი).

19. მოსარჩელე უთითებს, რომ მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 8000 ლარს, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, რის გამოც სარჩელი აღნიშნულ ნაწილში სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.

20. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

21. შპს "გ.ქ. და ტ.ც–ის" სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ (შპს "გ.ქ. და ტ.ც–ის" წარმომადგენელმა), რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

22.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს ,,გ.ქ. და ტ.ც–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მ.თ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ.თ–ძის სარჩელი შპს „გ.ქ. და ტ.ც–ის“ და სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „გ.ქ. და ტ.ც–ს“ და სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს“ მ.თ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სამედიცინო ხარჯების ანაზღაურება - 20 000 ლარის ოდენობით; შპს „გ.ქ. და ტ.ც–ს“ და სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს“ მ.თ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება - 20 000 ლარის ოდენობით; შპს „გ.ქ. და ტ.ც–ს“ და სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს“ მ.თ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ყოველთვიურად - 2000 ლარის ოდენობით სარჩოს გადახდა სარჩელის აღძვრის დღიდან (2021 წლის 23 მარტიდან), მ.თ–ძის სარჩელი შპს „გ.ქ. და ტ.ც–ის“ და სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ მიმართ დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

22.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შპს „გ.ქ. და ტ.ც–ის“ ექიმმა - ვ.ბ–ძემ დაარღვია სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესი. ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის თანახმად, ექიმი ვალდებულია პაციენტს სრული ინფორმაცია მიაწოდოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გამონაკლის შემთხვევაში, პაციენტისთვის ინფორმაციის მიწოდების საკითხი რეგულირდება საქართველოს კანონით ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ 43.1-ე მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ექიმი და ჯანმრთელობის დაცვის სხვა პერსონალი ვალდებული არიან დადგენილი წესით აწარმოონ ჩანაწერები სამედიცინო დოკუმენტაციაში. მე-2 ნაწილის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრი. სამედიცინო დოკუმენტაციის თანამიმდევრული წარმოება მნიშვნელოვანია იმგვარად, რამდენადაც ამ მტკიცებულებებით არის შესაძლებელი დადგინდეს სამედიცინო მოქმედებების ჯაჭვი, მნიშვნელოვანი ფაქტები პაციენტის მდგომარეობის შესახებ.

22.3. მ.თ–ძე პირველად შპს „გ.ქ. და ტ.ც–ში“ გამოცხადდა 2018 წლის 24 მარტს. წარმოდგენილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შესაბამისად, მ.თ–ძის დიაგნოზი იყო მარჯვენა მხრის ძვლის ზედა ბოლოს მოტეხილობა ცდომით. პაციენტს ჩაუტარდა დიაგნოსტიკური გამოკველვა - მხრის რენტგენოგრაფია და ასევე გაეწია ტრავმატოლოგის კონსულტაცია. ავადმყოფის მიმდინარეობა იყო მწვავე და პაციენტს გაუკეთდა რეპოზიცია და იმობილიზაციის მიზნით დაედო დეზოს რბილი ნახვევი, მიეცა შესაბამისი დანიშნულება. გაიცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: საკონტროლო Ro- გრაფია ერთ თვეში, მკურნალობა დანიშნულებისამებრ.

22.4. შპს „გ.ქ. და ტ.ც–ის“ მიერ 2018 წლის 24 მარტს გაცემულია პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, სადაც აღნიშნულია, რომ პაციენტმა მიიღო სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ ინფორმაცია. მკურნალმა ექიმმა გააცნო სამედიცინო მომსახურების მიზანი, ასევე პაციენტისთვის ცნობილია სამედიცინო მომსახურებაზე უარის შემთხვევაში დამდგარი შედეგის შესახებ. პაციენტს პასუხი გაეცა ყველა შეკითხვაზე, რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, დაავადებას, მკურნალობას, ასევე მიიღო პასუხი მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდზე და მის ღირებულებაზე. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ინფორმირებული თანხმობა ხელმოწერილია მხოლოდ მკურნალი ექიმის - ვ.ბ–ძის მიერ. პაციენტის, ან პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერის გრაფა ცარიელია. ასევე, არ არის მითითებული შენიშვნა, იმ მიზეზის შესახებ, რის გამოც არ მოხდა სამედიცინო დოკუმენტზე პაციენტის ხელმოწერა. განსახილველ შემთხვევაში, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე სხდომაზე დაკითხული ექსპერტების განმარტებით გამოირკვა, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი არ იყო სრულყოფილი ინფორმაცია დიაგნოზის დასმისთვის აუცილებელი პროცედურების ჩატარების საჭიროების შესახებ.

22.5. რაც შეეხება პაციენტის ინფორმირებული თანხმობის არარსებობას მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლიდან და დამკვიდრებული საერთაშორისო პრაქტიკიდან, რომელთაც კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად უზენაესი იურიდიული ძალა აქვთ გამომდინარეობს, რომ პაციენტის ინფორმირებულობის სტანდარტის იმგვარმა დარღვევამ, რომელმაც შესაძლებელია ჯანმრთელობისადმი ვნება გამოიწვიოს, შესაძლებელია მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობაც გახდეს.

22.6. პალატამ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი ჯანმრთელობის ვნების მიყენებაში უშედეგო მკურნალობასაც მოიაზრებს, თავისი შინაარსით კი პაციენტის არასაკმარისი ინფორმირებულობა, რამაც გამოიწვია მისთვის ოპერაციის წარუმატებლად ჩატარებისა და სასურველი შედეგის მიუღწევლობის რწმენა, ასევე, შეიძლება ამ კატეგორიაში მოექცეს, ვინაიდან პალატის აზრით, ის ფსიქოემოციური განცდები, რომელიც ოპერაციის შემდგომ პერიოდში მოსარჩელეს გააჩნდა, არაფრით განსხვავდება იმ განცდებისგან, რომელსაც იგი რეალურად, ოპერაციის წარუმატებლობის შემთხვევაში განიცდიდა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე ადგენს. მოსარჩელე უფლებამოსილია, სასარჩელო განცხადებაში მიუთითოს თანხა, რომელსაც ის მიყენებული სულიერი და ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის ითხოვს, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობა, საბოლოოდ, სასამართლოს შეხედულებით განისაზღვრება. მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია არ წარმოადგენს, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და მისი სრული კომპენსაცია შეუძლებელია. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელისადმი მიყენებული ფიზიკური და მორალური ტანჯვის ხარისხის შეფასებისას, რაც მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა.

22.7. საქმის გარემოებებმა პალატას შეუქმნა ვარაუდი, რომ მოპასუხეთათვის მორალური ზიანის სახით - 20 000 ლარის დაკისრება რელევანტურ და ადექვატურ ოდენობას წარმოადგენს.

22.8. პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს გარემოება, რომ მ.თ–ძეს გაუგრძელდა ძლიერი ტკივილები, გაუმჯობესების ნაცვლად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. იგი 2018 წელს გამოცხადდა კვლავ კლინიკაში, სადაც კვლავ ჩაუტარდა მხრის სახსრის რენტგენოგრაფია. რამდენიმე ვიზიტის შემდეგ, პაციენტმა 2018 წლის მაისის თვის დასაწყისში მიმართა გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს, 17 მაისს ჩაუტარდა მარჯვენა მხრის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. დაისვა დიაგნოზი - მარჯვენა მხრის ძვლის ზედა ბოლოს ხანდაზმული მოტეხილობა, მხრის თავის ამოვარდნილობა.

22.9. მოსარჩელემ მისთვის ჩატარებული კვლევები და მკურნალობის მეთოდი მიიჩნია არასრულად და მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის შესასწავლად მიმართა პროფესიული განვითარების საბჭოს. საბჭოს 2019 წლის 28 ნოემბრის N13 სხდომის ოქმის მიხედვით, სამედიცინო დოკუმენტების და რეცენზიანტის შეფასებით, მხრის სარტყელში ტრავმული დაზიანების ან რაიმე სხვა პათოლოგიის აღმოსაჩენად, საჭიროა გაკეთდეს რენტგენოგრაფია მინიმუმ სამ პროექციაში. მხოლოდ წინა-უკანა პროექციით მხრის სარტყელის შესახებ მსჯელობა არასწორია. ორთოპედ-ტრავმატოლოგი ვ.ბ–ძე განმარტავს, რომ მხრის სარტყელის რენტგენოგრაფიის სამ პროექციაში გადაღება ვერ მოხერხდა, რადგან პაციენტი უჩიოდა ძლიერი ხასიათის ტკივილს, ასევე, აღნიშნავს, რომ რენტგენის აპარატს არ გააჩნდა ტუბუსის ბრუნვის შესაძლებლობა. თუმცა, ვ.ბ–ძის მიერ, სამედიცინო ბარათში არ არის შესრულებული ჩანაწერები მხრის სარტყელის რენტგენოგრაფიის სამ პროექციაში გადაღების აუცილებლობისა და ხელისშემშლელი გარემოებების შესახებ. რის გამოც, ვ.ბ–ძეს მიეცა წერილობით გაფრთხილება.

22.10. რაც შეეხება სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხს, სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმ-სპეციალისტის შეფასების მიხედვით, მ.თ–ძეს ჩაუტარდა ოპერაცია. ოპერაციის მეთოდი, არ არის უგულებელყოფილი, თუმცა საკმაოდ მოძველებულია. გაკეთდა მხრის მოტეხილი ფრაგმენტების ამოღება, მხრის ზედა ბოლოს ჩაყენება და ფიქსაცია ჩხირებით. ვინაიდან, ეს ქირურგიული მეთოდი საკმაოდ მოძველებულია, დატოვებს გლენოჰუმერული სახსრის დეფიციტს 70%-მდე, ხოლო მხრის სარტყლის დეფიციტს 40%-მდე. უმჯობესი იქნებოდა გაკეთებულიყო მხრის რევერსული ენდოპროთეზირება, რასაც წყვეტს ქირურგი პაციენტთან ერთად, შესაბამისი მატერიალურ- ტექნიკური აღჭურვის შემთხვევაში.

22.11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ ,,გ. აბრამიშვილის სახ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში" ოპერაცია ჩატარებული იქნა მოძველებული მეთოდით, რამაც უფრო დაამძიმა აპელანტ მ.თ–ძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც დასტურდება როგორც პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 27 ნოემბრის Nო13 სხდომის ოქმით, ასევე, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, სადაც მითითებულია, რომ მას ამჟამად აქვს უფრო რთული მდგომარეობა, ვიდრე ოპერაციამდე ჰქონდა. ამასთან, როგორც ექსპერტი ლ.ჩ–ია აღნიშნავს თავის რეცენზიაში და ასევე სასამართლოს სხდომაზეც განმარტა, განხორციელებული ოპერაციის დროს უნდა გაკეთებულიყო ასევე ენდოპროტეზირება, რაც არ გაკეთებულა. საქმის მასალებით დგინდება, რომ სამხედრო ჰოსპიტალს არ უცნობებია პაციენტისთვის, რომ პარალელურად ენდოპროტეზირებაც შესაძლებელი იყო და არჩევანს შემდგომ მოსარჩელე გააკეთებდა. ენდოპროტეზირების საჭიროების თაობაზე ეცნობა მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში და ამასთან ერთად, ეცნობა, რომ საქართველოში არ კეთდებოდა.

22.12. 2018 წლის 28 მაისის ინფორმირებულ თანხმობაში, რომელზეც მოსარჩელემ ხელი მოაწერა მითითებულია რომ ოპერაციის შედეგი უნდა ყოფილიყო კიდურის ფუნქციის აღდგენა და ამოვარდნილობის ლიკვიდაცია, რაც მის შემთხვევაში არ განხორციელებულა. აღნიშნული თანხმობის თანახმად, ოპერაციაზე უარის თქმის შემთხვევაში კი, შედეგი იქნებოდა კიდურის ფუნქციის დაქვეითება, ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა. შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სამხედრო ჰოსპიტლის მიერ არასწორი ინფორმაცია მიეწოდა სამედიცინო მომსახურების მოსალოდნელი შედეგების შესახებ. მას ჰქონდა იმედი, რომ აღუდგებოდა კიდურის ფუნქცია, თუმცა, მიიღო უარესი შედეგი და როგორც ოპერაციის შემდგომ გაცემული ჯანმრთელობის ცნობები, ასევე, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს, რომ ოპერაციის შემდგომ უფრო გართულებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

22.13. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ "გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ მიერ დარღვეული იქნა "პაციენტის უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობები. შესაბამისად, სასამართლომ სსკ-ის 1007-ე მუხლის გათვალისწინებით დაასკვნა, რომ მ.თ–ძის სარჩელი მოპასუხეების მიმართ მატერიალური ზიანის 20 000 ლარის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, დადგენილია, რომ შპს „გ.ქ. და ტ.ც–ში“ და სსიპ ,,გ.აბრამიშვილის სახ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში“ მ.თ–ძეს სამედიცინო მომსახურება გაეწია არასრულყოფილად, მოსარჩელისთვის ცნობილი არ იყო სრულყოფილი ინფორმაცია დიაგნოზის დასმისთვის აუცილებელი პროცედურების ჩატარების საჭიროების შესახებ, 2018 წლის 24 მარტს, კლინიკაში გამოცხადების დროს, ინფორმირებულ თანხმობაზე მოსარჩელის ხელმოწერა არ არის და არც ხელმოწერაზე უარის თქმის, ან ხელმოწერის შეუძლებლობის შესახებ არის მითითება შესრულებული, სსიპ ,,გ.აბრამიშვილის სახ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში" ოპერაცია ჩატარებული იქნა მოძველებული მეთოდით, რამაც უფრო დაამძიმა აპელანტ მ.თ–ძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც დასტურდება როგორც პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 27 ნოემბრის Nო13 სხდომის ოქმით, ასევე, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, სადაც მითითებულია, რომ მას ამჟამად აქვს უფრო რთული მდგომარეობა, ვიდრე ოპერაციამდე ჰქონდა; ამასთან, როგორც ექსპერტი ლ.ჩ–ია აღნიშნავს თავის რეცენზიაში და ასევე სასამართლოს სხდომაზეც, განხორციელებული ოპერაციის დროს უნდა გაკეთებულიყო ასევე ენდოპროტეზირება, რაც არ გაკეთებულა, საქმის მასალებით დგინდება, რომ სამხედრო ჰოსპიტალს არ უცნობებია პაციენტისთვის, რომ პარალელურად ენდოპროტეზირებაც შესაძლებელი იყო და არჩევანს შემდგომ მოსარჩელე გააკეთებდა, ენდოპროტეზირების საჭიროების თაობაზე ეცნობა მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში და ამასთან ერთად, ეცნობა, რომ საქართველოში არ კეთდებოდა.

22.14. პალატამ ასევე აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლში მითითებული შემთხვევების არსებობისას, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ არაბრალეულობის მტკიცების ტვირთი აწევს სამედიცინო დაწესებულებას. ასეთ დროს, პაციენტის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტის არსებობა ქმნის იმის პრეზუმფციას, რომ მის ჯანმრთელობას ზიანი სამედიცინო დაწესებულების ბრალით მიადგა და საწინააღმდეგოს დადასტურება სამედიცინო დაწესებულებამ უნდა განახორციელოს (სუსგN260-244-2014, 28.05.2014წ).

22.15. სადავო შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლი პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა დაემტკიცებინა მისთვის მიყენებული ზიანის ფაქტი, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან გამომდინარე სამედიცინო დაწესებულების, ექიმის მტკიცების ტვირთი იყო დაემტკიცებინა რომ მისმა მუშაკებმა ყველა მართლზომიერი საექიმო ქმედება განახორციელეს პაციენტის დაავადების სწორი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მიზნით.

22.16. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 10 დეკემბრის დასკვნის შესაბამისად მ.თ–ძეს ექსპერტიზაში მოწვეული სპეციალისტის მიერ და ექსპერტიზის ფარგლებში 2021 წლის 4 ნოემბერს ჩატარებული რენტგენოლოგიური გამოკვლევით დაუდგინდა დიაგნოზი: მარჯვენა მხრის სახსრის პოსტ ტრავმული ართროზი, ძვლოვანი ქსოვილის დეფექტით M19.1. აღნიშნული დიაგნოზი და კიდურის ფუნქციური მდგომარეობა არ ეწინააღმდეგება 2018 წლის 24 მარტს მიღებულ ტრავმას. არსებული მარჯვენა მხრის ზედა ბოლოს ძვლოვანი ქსოვილის დეფექტი არ არის ასახული პრეოპერაციულ არცერთ რადიოლოგიურ კვლევაზე, რაც ჩატარებული ოპერაციის შედეგიანობას არ ადასტურებს. დადგენილი დიაგნოზიდან გამომდინარე, მ.თ–ძეს არ შეუძლია იმ ნებისმიერი სამუშაოს შესრულება მარჯვენა ხელით, რომელიც მოითხოვს მხრის სახსრის სრულყოფილ ფუნქციონირებას. მ.თ–ძეს ესაჭიროება ოპერაციული მკურნალობა - მარჯვენა მხრის სახსრის ენდოპროტეზირება (სასურველია რევერსული ტიპის ენდოპროტეზით), რომლის ჩატარებაც შესაძლებელია საქართველოშიც.

22.17. სამედიცინო ცენტრ - შპს „ი–ას“ 2022 წლის 26 იანვრის ანგარიშფაქტურის შესაბამისად, მხრის (ჰუმერო-სკაპულარული) სახსრის პირველადი ტოტალური ჩანაცვლება პროთეზით ცემენტის გამოყენების გარეშე პროცედურის ღირებულება შეადგენს - 20 000 ლარს. პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და დაადგინა, რომ ეს ხარჯი უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.

22.18. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში, პალატამ გაითვალისწინა ის გარემოებას, რომ მ.თ–ძეს არასწორი, დაგვიანებული დიაგნოზის და შესაბამისად მკურნალობის გამო, გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც იწვევდა ინტენსიურ ძლიერ ტკივილს, რაც დაკავშირებულია განგრძობად ნეგატიურ განცდებთან და სტრესულ მდგომარეობასთან, რის გამოც მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად სააპელაციო პალატამ დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება - 20 000 ლარის ოდენობით.

22.19. პალატის შეფასებით, ყოველთვიური სარჩოს სახით ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმს სწორედ ხელფასის ის ოდენობა წარმოადგენდა, რასაც დაზარალებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო ჯანმრთელობის დაზიანებამდე იღებდა და რასაც ის მიიღებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება (სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი). ამ ნაწილში სააპელაციო პალატამ საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრა ყოველთვიურად - 2000 ლარის ოდენობით სარჩოს გადახდა 2018 წლის მაისიდან შრომის უნარის სრულად აღდგენამდე, რადგან მოსარჩელემ ნაწილობრივ შეძლო სარჩელით მოთხოვნილი 8000 ლარის სარჩოს ოდენობის დამტკიცება.

23. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

23.1. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

23.2. კასატორის მითითებით, მართალია სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა ნორმები, მაგრამ სწორად ვერ შეაფასა მოსარჩელის მძიმე მორალური მდგომარეობა ზიანის დაკისრების ნაწილში. ასევე, სარჩოს დაკისრების ნაწილშიც, არასწორად განიმარტა კანონი და ვერ შეფასდა მოსარჩელის საჭიროებები შესაბამისად.

23.3. სასამართლომ სარჩოს განსაზღვრისას არ გაითვალისწინა ოჯახური მდგომარეობა, რომ კასატორს მართალია ჰქონდა მაღალი ანაზღაურება, მაგრამ ჰყავს სამი შვილი და ოჯახი ამჟამად არის სოციალურ დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული. 2000 ლარიანი სარჩო კი არასაკმარისია. ასევე, არ იქნა გათვალისწინებული მტკიცებულებები, რომელთა თანახმად, დროთა განმავლობაში მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით გაუარესდა. დროულად რომ გაკეთებულიყო ოპერაცია, მოსარჩელეს შეეძლებოდა მუშაობის გაგრძელება, მაგრამ დაგვიანებული მკურნალობის გამო არსებობს ჯანმრთელობის დაზიანების ისეთი ხარისხი, რომლის შემდგომ შეუძლებელი ხდება იმავე დატვირთვით მუშაობის გაგრძელება.

24. შპს ,,გ.ქ. და ტ.ც–ი“ (მოპასუხე) საკასაციო საჩივარი

24.1. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე შპს ,,გ.ქ. და ტ.ც–მაც“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

24.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ თითქოს მოსარჩელეს შეეზღუდა შემოსავლის მიღება. მართალია, ნაწილობრივ, მაგრამ მაინც დააკმაყოფილა 2000 ლარის ნაწილში სარჩოს დაკისრების მოთხოვნა, რაც დაუსაბუთებელია და არ დგინდება საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით.

24.3. გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული რა დრომდე უნდა მიიღოს სარჩო მოსარჩელემ, რაც ქმნის უსაფუძვლო გამდიდრების შესაძლებლობას, ამიტომ, სარეზოლუციო ნაწილის ეს ჩანაწერი ბუნდოვანია. ასევე, კასატორს არ აქვს იმის შესაძლებლობა პირადად დაადგინოს მოსარჩელის მომავალში გამოჯანმრთელების ფაქტი მოსარჩელის კეთილი ნების გარეშე.

24.4. ასევე, არასწორად განიმარტა სსკ-ის 1007-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის გამოყენებისთვის, აუცილებელია დადგინდეს ბრალეულობა, რომელიც საქმეში არ იკვეთება. კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნაში არაფერია მითითებული იმის შესახებ, რომ პაციენტის დიაგნოზის გათვალისწინებით ჯანმრთელობის სრული აღდგენა შესაძლებელი იყო ოპერაციის გარეშე. ასევე არ დასტურდება მართლწინააღმდეგობაც, პირიქით, პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 29 ნოემბრის N13 სხდომის ოქმითა და რეცენზიანტის შეფასებით, ასევე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის დეკემბრის დასკვნით, დიაგნოზი კასატორის მხრიდან სწორად არის დასმული და გაწეულია ადეკვატური მკურნალობა, ხოლო ინფორმირებულობის ფურცელზე ხელმოწერის არარსებობა და ასევე პაციენტის უარი კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებაზე არ შეიძლება გახდეს კასატორისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, მით უფრო, როდესაც არსად არ არის მითითებული წერილობითი თანხმობის სავალდებულო არსებობაზე „ჯანმრთელობის დაცვის“ კანონის მე-2 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სავალდებულო წერილობითი თანხმობა მხოლოდ კონკრეტული სამედიცინო ჩარევების ჩატარებაზე. ასევე, ადგილი არ ჰქონია ისეთ ჩარევას, რაზედაც კანონი ითხოვს წერილობით ხელმოწერას. ასევე, დასახელებული სხდომის ოქმის მიხედვით, მოსარჩელე სრულად იქნა ინფორმირებული ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რაზედაც პირადად აქვს უარი ნათქვამი. ხელმოწერა არ არის შესრულებული მხოლოდ ხელის ტკივილის გამო. იმის შესახებ, რომ ხელის მოწერა ინფორმირებულობის ფურცელზე პაციენტმა ვერ შეძლო მხრივ ტკივილის გამო, მიუთითა მოწმე ვ.ბ–ძემ და რაც სასამართლომ საერთოდ არ შეაფასა.

24.5. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ პაციენტს კასატორის მხრიდან განემარტა ოპერაციული მკურნალობის შესახებ, რაზედაც უარი განაცხადა. აღნიშნული დასკვნა არ ემყარება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და არის უსაფუძვლო. აღსანიშნავია, რომ მსგავსი კატეგორიის დასკვნებში მკურნალობის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხოლო დიმ შემთხვევაში შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუ კი პირისთვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია უშუალოდ მცდარი სამედიცინო მოქმედებით, ანუ გამოკვეთილია მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. უშედეგო მკურნალობა ან მკურნალობის უარყოფითი შედეგი თავისთავად არ იწვევს სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობას. ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მკურნალობის პროცესში დაშვებული შეცდომებით. სსკ-ი ს1007-ე მუხლის გამოყენება ამ დავაში არარელევანტურია, რადგან სასამართლოს არ დაუდგენია, რომ კასატორმა არ ჩაატარა არც ოპერაცია და არც მკურნალობაში დაუშვა შეცდომა. ფორმალურად, დოკუმენტაციის შევსების წესის დარღვევა არ წარმოადგენს დამდგარი ზიანის უშუალო და პირდაპირ შედეგს, ანუ არ არსებობს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი.

24.6. სარჩოსთან დაკავშირებით, კასატორი ასევე მიუთითებს, რომ დასკვნაში არ არის მითითებული მოსარჩელის შრომისუუნარობის ხარისხი და რომ ეს კასატორის ქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. ასევე დაუდგენელია თუ რა ოდენობით შრომის უნარის შეზღუდვაზეა საუბარი. ასევე, 2000 ლარის დაკისრება მოხდა ისე, რომ სასამართლოს არ დაუდგენია მოსარჩელის რეალური შემოსავალი.

24.7. ასევე, არასწორად განისაზღვრა მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი. საბჭოს სხდომაზე არ დადგინდა რაიმე სახის სამედიცინო გადაცდომის ფაქტი იმის გარდა, რომ ფორმალურად დოკუმენტაციის წარმოების წესი დაირღვა, რის გამოც ვ.ბ–ძეს მხოლოდ წერილობითი გაფრთხილება მიეცა. საბოლოოდ, კასატორის ბრალეულობა არ იკვეთება იმ ზიანში რაც მოსარჩელე მხარეს აქვს, ამიტომ, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად დაადგინა სოლიდარული პასუხისმგებლობა კასატორის ნაწილში.

25. სსიპ ,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ საკასაციო საჩივარი

25.1. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე სსიპ ,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმაც“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

25.2. კასატორი უთითებს, რომ მოსარჩელის კლინიკაში მომართვის შემდგომ ჩატარდა შესაბამისი კვლევები, გაიცა ფორმა 100 და ჩატარდა ოპერაციული მკურნალობა, რაზეც მოსარჩელემ განაცხადა თანხმობა.

25.3. ოპერაციის დროს აღმოჩნდა ძვლის მოტეხილი ფრაგმენტების უსიცოცხლო მახასიათებლები, რაც ეცნობა პაციენტის ოჯახის წევრებს და განემარტათ, რომ აღნიშნულმა მდგომარეობამ შეცვალა ოპერაციის ტაქტიკა. შეცვლილ ტაქტიკაზე მოსარჩელის ოჯახის წევრებმა განაცხადეს თანხმობა. ასევე განემარტათ, რომ ოპერაციისა და რეაბილიტაციის შემდგომ, თუ კვლავ დარჩებოდა ტკივილი, მოძრაობის მკევთი შეზღუდვა და კიდურის ფუნქციის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობა შესაძლებელი იყო დამატებით ჩატარებულიყო მხრის სახსრის ენდოპროტეზირება. აღნიშნული რეკომენდაცია ასევე დაფიქსირებულია 2019 წელს გაცემულ ფორმა N100-შიც. რაც შეეხება ინფორმირებულ თანხმობას, ვერ იქნებოდა მასში დაფიქსირებული ენდოპროტეზირების შესახებ, რადგან დაგეგმილი ოპერაცია ოსტეოსინთეზი იყო, ხოლო მისი ალტერნატიული მეთოდი ენდოპროტეზირება არ არის, რასაც ასევე ადასტურებს ექსპერტი ლ.ჭ–აც.

25.4. კასატორის მითითებით, ოპერაცია ჩატარდა სწორად, რადგან მოტეხილი, უსიცოცხლო ფრაგმენტების ამოღების გარეშე მდგომარეობა გაცილებით გართულდებოდა. ამასთან, ჩატარდა შესაბამისი პათოჰისტომორფოლოგიური კვლევაც.

25.5. არასწორია თითქოსდა უდავო გარემოება, რომ მოსარჩელეს ოპერაციის შემდეგ გაუგრძელდა ტკივილები და გაუუმჯობესდა მდგომარეობა. ოპერაციის შემდეგ შემსუბუქებული მდგომარეობის, გაუსაძლისი ტკივილების მოხსნის შემდგომ 31.05.2018 წელს გაეწერა კიდეც საავადმყოფოდან. ამასთან, ასევე დგინდება, რომ თავად მოსარჩელემ მიუთითა გაუმჯობესებაზე. ოპერაციის შემდგომ იმდენად წარმატებული აღმოჩნდა შედეგი, რომ მოსარჩელემ შეძლო გაეგრძელებინა სამსახური.

25.6. პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერა შესაბამისი რეკომენდაციებით, რაც გულისხმობდა რეაბილიტაციის სრული კურსის გავლას, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, გეგმიურად მხრის სახსრის ენდოპროტეზირებას. ოპერაციის შემდგომ, პაციენტი იყო ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, თუმცა ფიქსატორების ამოღების შემდეგ პაციენტს ექიმისთვის აღარ მიუმართავს. ხშირად, პაციენტები ოპერაციის შემდგომ გეგმიურად აკითხავენ მკურნალ ექიმს და პოსტოპერაციულ შემოწმებას იტარებენ, თუმცა, მოსარჩელეს არ მიუმართავს ექიმისთვის.

25.7. მოსარჩელის მიერ წარდგენილ ფორმა N100-ებში არ არის მითითებული პაციენტის მდგომარეობის გართულების შესახებ ოპერაციის შემდგომ. ამას მხოლოდ თავად მოსარჩელე უთითებს. ასევე, სასამართლოში დაიკითხნენ ექსპერტი ლ.ჭ–ა და რეცენზენტი ლ.ჩ–ია, რომლებმაც არ დაადასტურეს პაციენტის მდგომარეობის გართულება და გაუარესება ოპერაციის ჩატარების შემდგომ ოპერაციამდელ მდგომარეობასთან შედარებით.

25.8. ექსპერტი ლ.ჩ–ია უთითებს, რომ შესაძლებელი იყო თავიდანვე მხრის სახსრის ენდოპროტეზირება, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს, რომ ამ ოპერაციის დაგეგმვისთვის აუცილებელი იყო მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის შედეგად დადასტურებული ფრაგმენტების ნეკროზული ცვლილებები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა. ტომოგრაფიული კვლევით არ დადგინდა ნეკროზული ცვლილებები, შესაბამისად, გადაწყდა ოპერაციის ჩატარება და საკუთარი ძვლოვანი ქსოვილის შენარჩუნება, მხრის ანატომიის აღდგენა და ფიქსაცია. ორივე ექსპერტის შეფასებით, სწორად დაიგეგმა ზემოაღნიშნული ოპერაცია. ასევე, მიუთითეს, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გამომდინარე, ენდოპროტეზის მუშაობის ხანგრძლივობა ნაკლები იქნებოდა, მოირყეოდა და ისევ გახდებოდა ოპერაციული მკურნალობა საჭირო.

25.9. ექსპერტებმა ასევე მიუთითეს, რომ პოსტ და ინტრა ოპერაციულ პერიოდში საექიმო შეცდომა არ ფიქსირდება, პირიქით, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ოპერაცია იყო სწორი და არანაირ გადაცდომას ქონია ადგილი.

25.10. ლ.ჩ–ია განმარტავს, რომ ოპერაციის მეთოდი, რომელიც ჩატარდა არის საკმაოდ მოძველებული, თუმცა არა უგულებელყოფილი, შესაბამისად, ექიმისთვის მისი ჩატარება არ იყო აკრძალული. მას შეეძლო მისი ჩატარება, ასევე, არც ერთი მოქმედი გაიდლაინით ან პროტოკოლით ჩატარებული ოპერაციის მეთოდი აკრძალული არ არის და გამოიყენება დღემდე.

25.11. განსახილველ შემთხვევაში არ დგინდება სსკ-ის 1007-ე მუხლით განსაზღვრული წინაპირობების არსებობა. სამედიცინო ქმედების შემდგომ პაციენტის მდგომარეობა არ არის შეფასების სტანდარტი იმისთვის, რომ დადგინდეს ექიმის მიერ განხორციელებული ქმედების სისწორე. ეს მხოლოდ დამოკიდებულია იმ გაიდლაინებსა და სტანდარტებზე, რაც ექიმმა უნდა დაიცვას კონკრეტული სამედიცინო საქმიანობის დროს. აღნიშნულ შემთხვევაში, ასეთი დარღვევის უტყუარი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება, შესაბამისად, დაუსაბუთებელია ექიმის მიერ გადაცდომის ჩადენის შესახებ მოსარჩელის პრეტენზია.

25.12. რაც შეეხება სარჩოს დაკისრებას, რადგან არ არსებობს კასატორის მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობს სარჩოს დაკისრების საფუძველიც. ამავდროულად, მოსარჩელემ ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რათა დაედასტურებინა, რომ მისი ყოველთვიური ანაზღაურება 8000 ლარს შეადგენდა, ამიტომ სააპელაციო პალატის მიერ 2000 ლარის დაკისრებაც კი დაუსაბუთებელია.

26. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2, 22 და 28 ოქტომბრის განჩინებებით საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

27. საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:

28. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

30. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

27. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს კვლევის საგანია არასწორი სამედიცინო მომსახურების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანების გამო წარმოშობილი სავარაუდო დელიქტის საფუძვლიდან გამომდინარე პაციენტისთვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობა, ასევე, სარჩოს დაკისრება. განსახილველია, არის თუ არა სოლიდარულად მოპასუხეებისთვის ვალდებულების დაკისრების საფუძველი სახეზე. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ რადგან სასარჩელო მოთხოვნათა ყველა ნაწილი გასაჩივრებულია დავაში მონაწილე სამივე სუბიექტის მიერ, სასამართლო თემატურად იმსჯელებს თითოეული მოთხოვნის მიხედვით საკასაციო პრეტენზიების გაერთიანებულად განხილვის გზით. კერძოდ, პირველ რიგში, მსჯელობა განვითარდება იმ მიმართულებით, თუ რამდენადაა სახეზე სსკ-ის 1007-ე, 997-ე, 992-ე მუხლებით გათვალისწინებული სამედიცინო დელიქტურ პასუხისმგებლობის კუმულაციური კრიტერიუმები, რადგან მათი დადასტურება შექმნის როგორც მატერიალური და მორალურ ზიანის ანაზღაურეის, ისე სარჩოს დაკისრების საფუძველს.

28. რაც შეეხება საჩივრების მთავარ შინაარსობრივ მიმართებებს, მოსარჩელის შედავება გულისხმობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას, რადგან სასამართლომ სრულად არ დააკმაყოფილა მორალური ზიანი (30 000 ლარის ნაცვლად დაკმაყოფილდა 20 000 ლარის ნაწილში), ასევე სარჩო სოლიდარულად დაეკისრათ მოპასუხეებს 2000 ლარის ოდენობით სარჩელით მოთხოვნილი 8000 ლარის ნაცვლად. შესაბამისად, მოსარჩელის არგუმენტაციაა ის, რომ სააპელაციო პალატის მიერ დაკმაყოფილებული მორალური ზიანის მოთხოვნა არ შეესაბამება რეალურად განცდილ ტკივილს, ასევე, მისი სამსახურეობრივი თვიური შემოსავალი იყო 8000 ლარი, რასაც ტრავმის გამო შეჩერებული მუშაობის შედეგად ვეღარ იღებს, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს 2000 ლარიანი სარჩო არ არის ადეკვატური იმ პირობებში, როდესაც ოჯახის რჩენაც უწევს მას.

29. მოპასუხეთა საკასაციო საჩივრების შემთხვევაში, მათი ძირითადი არგუმენტაცია გულისხმობს მოპასუხეების მიერ ზიანის ანაზღაურების საფუძვლების გამორიცხვას, რადგან სახეზე არ არის შეცდომა, ისინი მოქმედებდნენ გაიდლაინების შესაბამისად და არც სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრებაა საფუძვლიანი. ასევე, დაუსაბუთებელია სარჩოს ოდენობა, რადგან მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რამე სახის მტკიცებულება, სადაც დადასტურდებოდა მისი ოფიციალური ხელფასი. ამავდროულად, სოლიდარული პასუხისმგებლობაც გამოირიცხება, რადგან მოპასუხეები ბრალეულ პირებად არ აიდენტიფიცირებენ თავს.

30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 1007-ე მუხლის თანახმად, სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციის ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვ.) პირის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საერთო საფუძვლებით. ზიანის მიმყენებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დაამტკიცებს, რომ ზიანის დადგომაში მას ბრალი არ მიუძღვის. ამავე კოდექსის 997-ე მუხლით, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.

31. „სამედიცინო შეცდომა“ და „სამედიცინო გადაცდომა“ განმარტებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით და გულისხმობს, პირველ შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ უნებლიე შეცდომით გამოწვეულ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ან სიკვდილს, რომლის პრევენციაც შესაძლებელი იყო, ხოლო მეორე შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ქმედებით, უმოქმედობით ან გულგრილობით გამოწვეულ პროფესიულ შეცდომას, რომელმაც გამოიწვია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ან სიკვდილი და რომლის პრევენციაც შესაძლებელი იყო (საქართველოს მთავრობის დადგენილება №177 სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ).

32. სამედიცინო შეცდომა, ასევე, მოიხსენიება, როგორც „მცდარი სამედიცინო ქმედება“ და განიმარტება, როგორც ექიმის მიერ უნებლიედ პაციენტის მდგომარეობისთვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა (საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ მუხლი 3).

33. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საექიმო შეცდომაა „ექიმის მიერ საზოგადოდ აღიარებული სამედიცინო და ეთიკური სტანდარტების, კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევაა, რამაც განაპირობა პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარება, რაც, თავის მხრივ, პაციენტისთვის ზიანის მიყენების უშუალო მიზეზი გახდა“. ტერმინი „პროფესიული შეცდომა“ მოხსენიებულია „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში და განიმარტება, როგორც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ პროფესიული საქმიანობის ფარგლებში დაშვებული შეცდომა, რომლის შედეგად პაციენტს ქონებრივი ან არაქონებრივი ზიანი მიადგა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია ერთიანი დეფინიციის ჩამოყალიბება, კერძოდ: სამედიცინო შეცდომა არის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის მიერ უნებლიედ საზოგადოდ აღიარებული სამედიცინო და ეთიკური სტანდარტების დარღვევა, რაც პაციენტისათვის მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა. სამედიცინო დაწესებულებაში „სტანდარტის“ ცნება ხშირად გულისხმობს ტექნიკურ რეგლამენტს, პრაქტიკულ სახელმძღვანელოს, გაიდლაინს, კლინიკურ ოქმს, ადმინისტრაციული პროცედურების ან სტანდარტული ოპერაციული პროცედურების აღწერას, პროდუქტების ჩამონათვალს და აღწერილობას, ასევე შესრულების თანმიმდევრობის დეტალურ აღწერას და წესებს. ამ კონტექსტში შესაძლოა გამოყენებულ იქნას ტერმინი „მკურნალობის პროტოკოლიც.“ უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მკურნალობის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუ პაციენტისთვის მიყენებული ზიანი უშუალოდ მცდარი სამედიცინო ქმედებითაა გამოწვეული. უშედეგო მკურნალობა ან მკურნალობის უარყოფითი შედეგი თავისთავად არ იწვევს სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობას.

34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი მკურნალობისას/სამედიცინო მანიპულაციისას დაშვებული შეცდომიდან უნდა დადგეს. სსკ-ის 992-ე მუხლის შესაბამისად ზიანი ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს დელიქტი. დელიქტის დროს უნდა არსებობდეს შემდეგი სამი პირობის კუმულატიური ერთობლიობა: ერთმა პირმა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით უნდა მიაყენოს მეორეს გარკვეული სახის ზიანი; პირის მოქმედება უნდა იყოს ბრალეული (გაუფრთხილებელი ან განზრახი); უნდა არსებობდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი პირის მოქმედებასა და დამდგარ შედეგს, ზიანს შორის. სკ-ის 1007-ე მუხლი კი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების წესს, რომლის თანახმადაც სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, ამტკიცოს, რომ პაციენტისთვის მიყენებული ზიანი არ წარმოადგენს მისი ბრალეული მოქმედების შედეგს. „აღნიშნული კატეგორიის დავებში პაციენტს (მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს) ეკისრება, როგორც ფაქტების სრულყოფილად და დამაჯერებლად წარდგენისა და გაცხადების ვალდებულება, აგრეთვე მტკიცების ტვირთი იმის დასადასტურებლად, რომ ადგილი ჰქონდა სამკურნალო შეცდომას.

35. თავის მხრივ, მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს და დაამტკიცოს, რომ დამდგარი ზიანი ეფუძნება სამედიცინო დაწესებულების ვალდებულების დარღვევას (იხ. სუსგ საქმე Noას-111-111- 2018, 11 მაისი, 2018 წელი). „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კომპენსაცია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისა, რომლებიც გამოწვეულია: ა.ა) პაციენტის უფლებების დარღვევით; ა.ბ) მცდარი სამედიცინო ქმედებით.

36. სსკ-ის 1007-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების წესს, რომლის დანაწესი სამედიცინო დაწესებულების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთს აკისრებს დაზარალებულს.

37. ნორმის აღნიშნული დანაწესის თანახმად, დაზარალებულმა ერთდროულად უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, როგორიცაა: ა) ზიანი; ბ) ზიანის მიმყენებლის არამართლზომიერი მოქმედება ან უმოქმედობა; გ) არამართლზომიერ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი. სამედიცინო შეცდომით მოქალაქის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობის პირობები იგივეა, როგორც ყველა დელიქტურ ვალდებულებებში: ზიანი, მართლწინააღმდეგობა, ბრალი და მიზეზობრივი კავშირი (სსკ- ის 992-ე მუხლი). აღნიშნული კატეგორიის დავებში პაციენტს ეკისრება, როგორც ფაქტების სრულყოფილად და დამაჯერებლად წარდგენისა და გაცხადების ვალდებულება, აგრეთვე მტკიცების ტვირთი იმის დასადასტურებლად, რომ ადგილი ჰქონდა სამკურნალო შეცდომას. პაციენტმა უნდა წარმოადგინოს და დაამტკიცოს, რომ დამდგარი ზიანი ეფუძნება დაწესებულების ვალდებულების დარღვევას.

38. ამ ტიპის დელიქტებში, როგორც წესი, არ იკვეთება პირდაპირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება. მარტივად, სამედიცინო დელიქტი არის სამედიცინო ზრუნვა ან მკურნალობა, რომელიც არ შეესაბამება აღიარებულ სტანდარტს და ზიანს აყენებს პაციენტს. ნორმის მიზნიდან გამომდინარე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად მიიჩნევა სამედიცინო პერსონალის (ექიმის) მიერ არასწორად განხორციელებული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რამაც გამოიწვია ზიანი. პაციენტს აქვს უფლება მიიღოს ხარისხიანი მომსახურება და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომსახურება მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს (უფლება ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სტანდარტების დაცვაზე). პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების ყველა გამწევისაგან მიიღოს ქვეყანაში აღიარებული და დანერგილი პროფესიული და სამომსახურეო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

39. რაც შეეხება პაციენტის უფლებას უსაფრთხოებაზე, იგი პრაქტიკულად მოიცავს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების სტანდარტების დაცვასა და პრევენციულ ღონისძიებებზე უფლებებს. ყველას აქვს უფლება განთავისუფლდეს იმ საფრთხეებისაგან, რომლებიც განპირობებულია ჯანდაცვის სამსახურების ცუდი ფუნქციონირებით, საექიმო გულგრილობით, სამედიცინო შეცდომებით და ხელი მიუწვდებოდეს სამედიცინო მომსახურებასა და მკურნალობაზე, რომელიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს (ნუნუ კვანტალიანი, პაციენტის უფლებები და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია, თბილისი, 2012 წ., გვ.94-96).

40. პაციენტის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, პაციენტს ან მის კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს: კომპენსაცია ქონებრივი და არაქონებრივი ზიანისა, რომლებიც გამოწვეულია: პაციენტის უფლებების დარღვევით; მცდარი სამედიცინო ქმედებით.

41. სამედიცინო მუშაკის ქცევის, როგორც მართლსაწინააღმდეგო ქცევის კვალიფიკაციისას, აუცილებელია არასათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ფაქტის დადგენა. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მოიცავს არა მარტო მის აქტიურ მოქმედებებს, არამედ, უმოქმედობასაც.

42. პაციენტისათვის მიყენებული ზიანისას, როგორც წესი, ექიმის განზრახი ბრალი არ იკვეთება. ასეთ შემთხვევებში საკმარისია, დადგინდეს ექიმის გაუფრთხილებლობა, რაც გულისხმობს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების აუცილებელი გულისხმიერებისა და ყურადღების გარეშე განხორციელებას. გულისხმიერება და ყურადღებიანობა გამოიხატება ექიმის მიერ საჭირო სამედიცინო მოქმედებების ზედმიწევნით ხარისხიანად, აღიარებული სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად შესრულებაში.

43. მკურნალობის (ქირურგიული ოპერაცია ან არასწორი დიაგნოზით დამდგარი შედეგი და სხვა) შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუკი პირისათვის მიყენებული ზიანი გამოწვეულია უშუალოდ მცდარი სამედიცინო მოქმედებით, ანუ გამოკვეთილია მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ის გარემოება, რომ ზიანი გამოიწვია სამედიცინო პერსონალის ქმედებამ, უტყუარად უნდა დადგინდეს. უშედეგო მკურნალობა ან მკურნალობის უარყოფითი შედეგი თავისთავად (უალტერნატივოდ) არ იწვევს სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობას. ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მკურნალობისას (ქირურგიული ოპერაციისას) დაშვებული შეცდომებით, ანუ, თუ მკურნალობა (ქირურგიული ოპერაცია) სწორადაა წარმართული, თუნდაც მას უარყოფითი შედეგი მოჰყვეს, არ იწვევს ექიმის პასუხისმგებლობას (შდრ. იხ. სუსგ-ები: საქმე №ას-1046-966-2017, 20.07.2018წ.; საქმე №260-244-11, 27.06.2011წ.; №ას-1800-2019, 20.02.2020წ.).

44. „მცდარი საექიმო ქმედების“ განმარტება მოცემულია ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ო“ ქვეპუნქტში და გულისხმობს ექიმის მიერ უნებლიედ პაციენტის მდგომარეობისათვის შეუსაბამო სადიაგნოზო და/ან სამკურნალო ღონისძიებების ჩატარებას, რაც მიყენებული ზიანის უშუალო მიზეზი გახდა. აღნიშნული კატეგორიის დავებში პაციენტს ეკისრება, როგორც ფაქტების სრულყოფილად და დამაჯერებლად წარდგენისა და გაცხადების ვალდებულება, აგრეთვე მტკიცების ტვირთი იმის დასადასტურებლად, რომ მკურნალობისას (ქირურგიული ჩარევისას) შეცდომა დაუშვეს. თუ მისი განმარტებები არ დადასტურდება, მაშინ სამკურნალო შეცდომა მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არ დამტკიცდება. ასევე, პაციენტმა უნდა წარმოადგინოს და დაამტკიცოს, რომ დამდგარი ზიანი ეფუძნება სამედიცინო დაწესებულების ვალდებულების დარღვევას (იხ.: სუსგ საქმე №ას-111-111-2018, 11.05.2018წ., 78).

45. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს ვალდებულებაა, სწორად მიმართოს მტკიცებითი საქმიანობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მან საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების განსაზღვრის შემდეგ სადავო და უდავო ფაქტები უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან. სადავო ფაქტები მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს და მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესიც სწორედ აქ ვლინდება. სასამართლომ, როგორც საპროცესო საქმიანობის წარმმართველმა სუბიექტმა, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა გაანაწილოს, რომ საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას. მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სსსკ-ის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მითითებული ნორმა საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან კავშირით იმ დასკვნის საფუძველს ქმნის, რომ მხარეს, რომელიც სასამართლოს მიმართავს კონკრეტული მოთხოვნით, აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე - მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. როგორც წესი, ფაქტის მითითებისა და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურსამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს - საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი.

46. რაც შეეხება ინფორმირების ვალდებულებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონი „პაციენტის უფლებების შესახებ“, მოიცავს სპეციალურ თავს „თანხმობა“, რომელშიც დეტალურად არის განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების გაწევისას პაციენტის თანხმობის მიღების პირობები. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველო კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი წინაპირობაა პაციენტის ინფორმირებული თანხმობის მიღება. ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო ეთიკის ერთ-ერთი პრინციპის - „პაციენტის ავტონომიის“ პატივისცემის რეალიზაციის მთავარი ინსტრუმენტია. „პაციენტის ავტონომია“ - ესაა პაციენტის უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხი. აუცილებელია, რომ ინფორმირებული თანხმობა: წინ უსწრებდეს ნებისმიერ ჩარევას სამედიცინო მომსახურების გაწევისას და ბიოსამედიცინო კვლევის წარმოებისას; იყოს თავისუფალი (გამორიცხული უნდა იყოს ნებისმიერი სახის ზეწოლა); იყოს გააზრებული, რისთვისაც პაციენტს ან კვლევის სუბიექტს წინასწარ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ჩარევის შესახებ. (იხ.დამატებით: ქირურგიული ჩარევის შესახებ ინფორმირებული თანხმობა, ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, #3, 2017, 103-105.).

47. „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 22.1 მუხლის თანახმად, სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი ქმედუუნარობის ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უუნარობის შემთხვევაში, ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა. ინფორმირებული თანხმობა წინ უძღვის სამედიცინო მომსახურებას. ინფორმირებული თანხმობა გულისხმობს, რომ პაციენტი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი ფლობდეს სრულ ინფორმაციას ყველა შესაძლო (როგორც სახარბიელო, ისე არასახარბიელო) გამოსავლის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტულ სამედიცინო მანიპულაციასთან, იმისათვის, რომ პაციენტმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება. (იხ.დამატებით: ადამიანის უფლებები ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, პრაქტიკული სახელმძღვანელო იურისტებისათვის ავტორთა კოლექტივი, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“).

48. ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად კი, პაციენტს უფლება აქვს, სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია. ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საერთაშორისო სტანდარტი გულისხმობს კლინიკის ვალდებულებას, მიაწოდოს პაციენტს ობიექტური და შინაარსობრივად ამომწურავი ცნობები, რომელიც ჩამოყალიბებულია აღქმადი, გასაგები და მისაღები ფორმით. პაციენტის აღნიშნული უფლება დაცულია არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტით, როგორიცაა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენცია (მე-8 მუხლი), ასევე, „ადამიანის უფლებებისა და ბიომედიცინის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია (მე-5 მუხლი). პაციენტის ინფორმირებული თანხმობა არ განიხილება, როგორც უბრალო ნების გამოვლენა, არამედ როგორც პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტის შესაძლებლობას, გააკეთოს ნებაყოფლობითი და გაცნობიერებული არჩევანი დაგეგმილი სამედიცინო ჩარევის თაობაზე. ამავდროულად, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი ინფორმაციის და განმარტების ვალდებულების სრულფასოვან შესრულებაზე ეკისრება მოპასუხე კლინიკას. სწორედ მის ხელთ არის ყველა ის რესურსი და ბერკეტი, რომ შექმნას სარწმუნო მტკიცებულებები ინფორმირების ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად (შეად. სუსგ №ას- 645- 2019, 26.07.2019 6.).

49. აღსანიშნავია, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე VC სლოვაკეთის წინააღმდეგ (VC v. Slovakia), სადაც სასამართლომ პაციენტის არასაკმარისი ინფორმირებულობის გამო კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა დაადგინა. ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სამედიცინო ჩარევა მომჩივანის სათანადო ინფორმაციის მიწოდებისა და მისი ინფორმირებული თანხმობის გარეშე ჩატარდა. სხვაგვარად რომ ითქვას, პაციენტს არ ჰქონდა შესაძლებლობა სამედიცინო ჩარევის ხასიათი და მისი გვერდითი მოვლენები გაეცნობიერებინა, ფაქტობრივად მას არ ჰქონდა სხვა გზა გარდა სამედიცინო მანიპულაციის ჩატარებას დასთანხმებოდა. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პაციენტის ინფორმირებული თანხმობა საჭირო იყო მისი ფიზიკური და მორალური ავტონომიის დასაცავად.

50. ასევე, აღნიშვნის ღირსია საქმე CASE OF Y.P. v. RUSSIA. პაციენტი ჩიოდა, რომ მას სამშობიარო საავადმყოფოს ექიმებმა თანხმობის გარე ჩაუტარეს სტერილიზაცია, რაც არ იყო აუცილებელი მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ორ წელიწადში როდესაც ქალბატონმა მეუღლესთან ერთად გადაწყვიტა შვილის გაჩენა, შეიტყო, რომ დაორსულება შეეძლო მხოლოდ „ინ ვიტრო“ განაყოფიერების გზით. ეროვნულმა სასამართლომ მომჩივანის საწინააღმდეგოდ მიიჩნია, რომ არსებობდა სამედიცინო საფუძველი – გახეხილი საშვილოსნო, რის გამოც, იყო ძლიერი სისხლდენის საშიშროება. ექიმებმა მოახდინეს საშვილოსნოს მილების სტერილიზაცია შემდგომში ორსულობის აღსაკვეთად. თუმცა, სტრასბურგის სასამართლომ ეს ჩარევა არ მიიჩნია აუცილებელ ზომად, რადგან პაციენტის სიცოცხლის გადარჩენას არ ემსახურებოდა. ამიტომ დაირღვა ევროპის კონვენციის მე-8 მუხლი.

51. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ.თ–ძე პირველად შპს „გ.ქ. და ტ.ც–ში“ გამოცხადდა 2018 წლის 24 მარტს. წარმოდგენილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის შესაბამისად, მ.თ–ძის დიაგნოზი იყო მარჯვენა მხრის ძვლის ზედა ბოლოს მოტეხილობა ცდომით. პაციენტს ჩაუტარდა დიაგნოსტიკური გამოკველვა - მხრის რენტგენოგრაფია და ასევე გაეწია ტრავმატოლოგის კონსულტაცია. ავადმყოფის მიმდინარეობა იყო მწვავე და პაციენტს გაუკეთდა რეპოზიცია და იმობილიზაციის მიზნით დაედო დეზოს რბილი ნახვევი, მიეცა შესაბამისი დანიშნულება. გაიცა სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: საკონტროლო Ro- გრაფია ერთ თვეში, მკურნალობა დანიშნულებისამებრ.

52. შპს „გ.ქ. და ტ.ც–ის“ მიერ 2018 წლის 24 მარტს გაცემულია პაციენტის წერილობითი ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, სადაც აღნიშნულია, რომ პაციენტმა მიიღო სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ ინფორმაცია. მკურნალმა ექიმმა გააცნო სამედიცინო მომსახურების მიზანი, ასევე პაციენტისთვის ცნობილია სამედიცინო მომსახურებაზე უარის შემთხვევაში დამდგარი შედეგის შესახებ. პაციენტს პასუხი გაეცა ყველა შეკითხვაზე, რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, დაავადებას, მკურნალობას, ასევე მიიღო პასუხი მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდზე და მის ღირებულებაზე. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ინფორმირებული თანხმობა ხელმოწერილია მხოლოდ მკურნალი ექიმის - ვ.ბ–ძის მიერ. პაციენტის, ან პაციენტის კანონიერი წარმომადგენლის ხელმოწერის გრაფა ცარიელია. ასევე, არ არის მითითებული შენიშვნა, იმ მიზეზის შესახებ, რის გამოც არ მოხდა სამედიცინო დოკუმენტზე პაციენტის ხელმოწერა.

53. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე სხდომაზე დაკითხული ექსპერტების განმარტებით დადგინდა, რომ მოსარჩელისთვის ცნობილი არ იყო სრულყოფილი ინფორმაცია დიაგნოზის დასმისთვის აუცილებელი პროცედურების ჩატარების საჭიროების შესახებ. შესაბამისად, ცხადია, რომ შპს „გ.ქ. და ტ.ც–ის“ ექიმმა - ვ.ბ–ძემ დაარღვია სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესი.

54. ასევე, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს გარემოება, რომ მ.თ–ძეს გაუგრძელდა ძლიერი ტკივილები, გაუმჯობესების ნაცვლად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. რის გამოც 2018 წელს კლინიკაში კვლავ ჩაუტარდა მხრის სახსრის რენტგენოგრაფია. რამდენიმე ვიზიტის შემდეგ, პაციენტმა 2018 წლის მაისის თვის დასაწყისში მიმართა გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს, 17 მაისს ჩაუტარდა მარჯვენა მხრის სახსრის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. დაისვა დიაგნოზი - მარჯვენა მხრის ძვლის ზედა ბოლოს ხანდაზმული მოტეხილობა, მხრის თავის ამოვარდნილობა.

55. მოსარჩელემ, რადგან ჩატარებული კვლევები და მკურნალობის მეთოდი მიიჩნია არასრულად, მიმართა პროფესიული განვითარების საბჭოს, რომლის 2019 წლის 28 ნოემბრის N13 სხდომის ოქმის მიხედვით, სამედიცინო დოკუმენტების და რეცენზიანტის შეფასებით, მხრის სარტყელში ტრავმული დაზიანების ან რაიმე სხვა პათოლოგიის აღმოსაჩენად, საჭიროა გაკეთდეს რენტგენოგრაფია მინიმუმ სამ პროექციაში. მხოლოდ წინა-უკანა პროექციით მხრის სარტყელის შესახებ მსჯელობა არასწორია. ორთოპედ-ტრავმატოლოგი ვ.ბ–ძე განმარტავს, რომ მხრის სარტყელის რენტგენოგრაფიის სამ პროექციაში გადაღება ვერ მოხერხდა, რადგან პაციენტი უჩიოდა ძლიერი ხასიათის ტკივილს, ასევე, აღნიშნავს, რომ რენტგენის აპარატს არ გააჩნდა ტუბუსის ბრუნვის შესაძლებლობა. თუმცა, ვ.ბ–ძის მიერ, სამედიცინო ბარათში არ არის შესრულებული ჩანაწერები მხრის სარტყელის რენტგენოგრაფიის სამ პროექციაში გადაღების აუცილებლობისა და ხელისშემშლელი გარემოებების შესახებ. რის გამოც, ვ.ბ–ძეს მიეცა წერილობით გაფრთხილება.

56. ექსპერტ ლ.ჩ–იას განმარტებით, სახსარშიდა ამოვარდნილობის დროს საერთაშორისო პროტოკოლით აუცილებელია კომპიუტერული ტომოგრაფია. მართალია აღნიშნული არ არის პირველადი სამედიცინო მომსახურება, თუმცა, რიგ შემთხვევებში, პაციენტი არ იძლევა საშუალებას, ტკივილის გამო მიაღებინოს კიდურს საჭირო პოზიცია, რომ რენტგენის სხივი გატარდეს სწორად. ასეთ დროს რენტგენის აპარატს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა ე.წ. ტუბუსის ბრუნვისა. მხრის თავის მოტეხილობა ამოვარდნილობასთან ერთად მიეკუთვნება რთულ შემთხვევას. კლინიკურად უმეტესწილად რთულია პაციენტის გასინჯვა, ტკივილის და შესიების გამო. გასათვალისწინებელია კუნთოვანი და კანქვეშა ცხიმის მასა, რამაც შესაძლოა გაართულოს პალპაცია, ან მხრის სტაბილურობის ტესტების ჩატარება. ამიტომ ასეთ შემთხვევაში, ექიმის გადაწყვეტილებით, უნდა გაკეთდეს მხრის სარტყელის კომპიუტერული ტომოგრაფია.

57. საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სადავო არ არის მოსარჩელის კლინიკაში გამოცხადება ძლიერი მხრის ტკივილის გამო. მკურნალი ექიმი, ვ.ბ–ძე, ადასტურებს, რომ ტკივილისა და შეშუპების გამო პაციენტის კიდურის საჭირო პოზიციაში მოყვანა ვერ ხერხდებოდა. ამ გარემოების გათვალისწინებით, აგრეთვე ის, რომ გამოყენებულ რენტგენოლოგიურ აპარატს არ ჰქონდა ტუბუსის ბრუნვის ფუნქცია, გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ალტერნატიული მეთოდის შეთავაზება, რომელიც უზრუნველყოფდა ზუსტი დიაგნოზის დასმას. თუმცა, ასეთი ალტერნატივის შეთავაზების დამადასტურებელი მტკიცებულება კლინიკას არ წარმოუდგენია. შედეგად, არასწორად დასმულმა დიაგნოზმა გამოიწვია პაციენტის მდგომარეობის გაუარესება, დაუზუსტებელმა დიაგნოზმა ტრავმის შემდგომი გართულება განაპირობა, რაც საბოლოოდ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებდა. რის გამოც გაუკეთდა კიდეც ოპერაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასტურდება მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც მოჰყვა ზიანი - პაციენტის ჯანმრთელობის დაქვეითება, ფიზიკური ტკივილის განცდა. შესაბამისად, საფუძვლიანია შპს ,,გ.ქ. და ტ.ც–ის“ პასუხისმგებლობა.

58. სსიპ ,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ შემთხვევაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმ-სპეციალისტის შეფასებებზე, რომლის მიხედვით, მოსარჩელეს ჩაუტარდა ოპერაცია, რომელიც მართალია, არ არის უგულებელყოფილი, თუმცა საკმაოდ მოძველებულია. კერძოდ, გაკეთდა მხრის მოტეხილი ფრაგმენტების ამოღება, მხრის ზედა ბოლოს ჩაყენება და ფიქსაცია ჩხირებით. აღნიშნული მოძველებული მეთოდი ტოვებს გლენოჰუმერული სახსრის დეფიციტს 70%-მდე, ხოლო მხრის სარტყლის დეფიციტს 40%-მდე. აქედან გამომდინარე, კლინიკას უმჯობესი იქნებოდა გაეკეთებინა მხრის რევერსული ენდოპროთეზირება, რასაც წყვეტს ქირურგი პაციენტთან ერთად, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვის შემთხვევაში.

59. აღნიშნული შეფასებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატისთვის ცხადია, რომ სსიპ ,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ მიერ ჩატარებული ოპერაცია, მართალია, არ იყო უგულებელყოფილი, მაგრამ ოპერაციის ახალი მეთოდით ჩატარების შემთხვევაში სამედიცინო შედეგი გაცილებით უკეთესი იქნებოდა იმასთან შედარებით, ვიდრე ამჟამინდელ შემთხვევაშია. ასევე, შესაძლოა მეთოდი არ იყოს უარყოფილი, მაგრამ, განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში, თუ კი არსებობს ახალი მეთოდით მკურნალობის შესაძლებლობა, რომლითაც პაციენტის ჯანმრთელობის გაუმჯობესება გაცილებით უკეთაა შესაძლებელი, ვიდრე ე.წ. „ძველი მეთოდით“, სამედიცინო დაწესებულებამ უნდა დაასაბუთოს თუ რატომ აირჩია მაინც და მაინც მეტი რისკის შემცველი ის მეთოდი, რომელიც, თუ უარყოფილი არა, ჩანაცვლებულია ახლით. ან თუ კი მისთვის შეუძლებელია ახალი მეთოდით ოპერაციის ჩატარება, რატომ არ ხდება ამის შესახებ პაციენტის ინფორმირება, რათა მან თავად აირჩიოს მკურნალობის მეთოდი. აღნიშნული ვარაუდი კი მოპასუხეს არ გაუქარწყლებია, უფრო მეტიც, დადასტურებულია, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ უფრო დამძიმდა. აღნიშნულს ასევე ადასტურებს, ისიც, რომ პროფესიული განვითარების საბჭოს 2019 წლის 27 ნოემბრის Nო13 სხდომის ოქმით, ასევე, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, დგინდება მოსარჩელის ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობა, ვიდრე ოპერაციამდე ჰქონდა. ასევე, როგორც ექსპერტი ლ.ჩ–ია აღნიშნავს თავის რეცენზიაში და სასამართლო სხდომაზეც განმარტა, ჩატარებული ოპერაციისას საჭირო იყო ენდოპროტეზირების შესრულებაც, რაც არ განხორციელდა.

60. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სამხედრო ჰოსპიტალს პაციენტისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული ჩარევის პარალელურად შესაძლებელი იყო ენდოპროტეზირებაც, რის შედეგადაც არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა თავად მოსარჩელეს ექნებოდა. ამასთან, ენდოპროტეზირების აუცილებლობის შესახებ პაციენტმა ინფორმაცია მხოლოდ 2019 წლის დეკემბერში მიიღო და ამავე დროს ეცნობა, რომ აღნიშნული პროცედურა საქართველოში არ ტარდებოდა. ამავდროულად, 2018 წლის 28 მაისის ინფორმირებულ თანხმობაში, რომელზეც მოსარჩელემ ხელი მოაწერა, მითითებულია რომ ოპერაციის შედეგი უნდა ყოფილიყო კიდურის ფუნქციის აღდგენა და ამოვარდნილობის ლიკვიდაცია, რაც არ განხორციელებულა. აღნიშნული თანხმობის თანახმად, ოპერაციაზე უარის თქმის შემთხვევაში კი, შედეგი იქნებოდა კიდურის ფუნქციის დაქვეითება, ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა. შესაბამისად, საკასაციო პალატისთვის ცალსახაა, რომ მოპასუხის მიერ მოსალოდნელი შედეგების შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდება (რომ მას აღუდგებოდა კიდურის ფუნქცია) არ შესრულდა, არამედ პირიქით, დადგა უარესი სამედიცინო შედეგი. აღნიშნული დადასტურებულია იმითაც, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პოსტოპერაციული ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებული იყო ვიდრე ოპერაციამდე პერიოდში.

61. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიდის დასკვნამდე, რომ სსიპ "გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა“ დაარღვია "პაციენტის უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული პირობები, აშკარად შექმნა უარესი სამედიცინო შედეგი, ვიდრე იყო მანამდე, შესაბამისად, ცალსახაა და მართლზომიერია მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება.

62. ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის ნაწილში საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ არსებული მარჯვენა მხრის ზედა ბოლოს ძვლოვანი ქსოვილის დეფექტი არ არის ასახული პრეოპერაციულ არცერთ რადიოლოგიურ კვლევაზე, რაც ჩატარებული ოპერაციის შედეგიანობას არ ადასტურებს. დადგენილი დიაგნოზიდან გამომდინარე, მ.თ–ძეს არ შეუძლია იმ ნებისმიერი სამუშაოს შესრულება მარჯვენა ხელით, რომელიც მოითხოვს მხრის სახსრის სრულყოფილ ფუნქციონირებას. მ.თ–ძეს ესაჭიროება ოპერაციული მკურნალობა - მარჯვენა მხრის სახსრის ენდოპროტეზირება (სასურველია რევერსული ტიპის ენდოპროტეზით), რომლის ჩატარებაც შესაძლებელია საქართველოშიც. სამედიცინო ცენტრ - შპს „ი–ას“ 2022 წლის 26 იანვრის ანგარიშფაქტურის შესაბამისად, მხრის (ჰუმერო-სკაპულარული) სახსრის პირველადი ტოტალური ჩანაცვლება პროთეზით ცემენტის გამოყენების გარეშე პროცედურის ღირებულება შეადგენს - 20 000 ლარს, შესაბამისად, მატერიალური ზიანის ოდენობა აღნიშნული თანხით მართლზომიერად განისაზღვრა სააპელაციო პალატის მიერ.

63. რაც შეეხება მორალური ზიანის დაკისრების საფუძვლებს, სკ-ის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა: დამდგარი ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, შელახული უფლების მნიშვნელობა, ბრალის ხარისხი, დაზარალებულის ცხოვრებისეული პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ქონებრივი მდგომარეობა, მკურნალობის ხანგრძლივობა, შრომის უნარის დაკარგვა, ზიანის მიყენების შედეგად მოთხოვნილებების და როგორც შედეგი - ხარჯების გაზრდა და სხვ.. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, მისი მიზანია არამატერიალური სიკეთის ხელყოფით გამოწვეული ტანჯვის შემსუბუქება, ნეგატიური განცდების სიმძიმისა და ინტენსივობის შემცირება. ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. ამასთან, ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით,

64. „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება სამართლიანი და გონივრული ოდენობით უნდა განისაზღვროს. შეუძლებელია, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასის განსაზღვრა, ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი, გარკვეულწილად, განცდილი ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებაა. კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო დაზარალებულის მიერ განცდილი სულიერი, ფიზიკური ტანჯვისა და ზიანის მიმყენებლის ბრალის გათვალისწინებით, თუ ზიანის ანაზღაურების მოცემული სახე ბრალეულ მოქმედებაზეა დამოკიდებული“ (იხ., №ას-866-816-2015, 12 თებერვალი, 2016წ.; №ას-95-90-2013, 14.06.13წ.; Nას-594- 562-2015, 6.11.2015, Nას-797-940-2015, 10.09.2015წ.).

65. საკასაციო პალატის განმარტების თანახმად, ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ იმ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება. სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია (იხ.,სუსგ №ას-979-940-2014, 10 სექტემბერი, 2015 წელი).

66. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რადგან ზემოთ განვითარებული მსჯელობის თანახმად დადასტურდა ორივე მოპასუხის ბრალეულობა მატერიალურ ნაწილში ზიანის ანაზღაურების შესახებ, ასევე დასაბუთებულია მორალური ზიანის დაკისრების საფუძვლები. კერძოდ, დადასტურებულია არასწორად წარმართული სამედიცინო საქმიანობა ორივე მოპასუხის მხრიდან, დაგვიანებულია დიაგნოზი, მკურნალობის მეთოდი არასწორადაა შერჩეული, პოსტოპერაციულ პერიოდში დამძიმდა პაციენტის მდგომარეობა, რამაც თავის მხრივ გამოიწვია ინტენსიური მწვავე ტკივილი. ეს ყველაფერი მიუთითებს განგრძობად, ნეგატიურ გამოცდილებასა და შეგრძნებებზე, ასევე მკურნალობის პროცესში წარმოშობილ გაურკვევლობასა და სამედიცინო დაწესებულებების მიმართ ნდობის დაკარგვაზე, რაც საკასაციო პალატის მოსაზრებით, სწორად შეაფასა სააპელაციო პალატამ და განსაზღვრა მორალური ზიანის ოდენობა 20 000 ლარის ოდენობით.

67. სარჩოს დაკისრების ნაწილშიც, საკასაციო პალატა იზიარებს რა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე, მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე და განმარტავს, რომ მხედველობაშია მისაღები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები, რომლებიც ადგენს, რომ ზიანის აღდგენა პირვანდელი მდგომარეობით უნდა მოხდეს; ამასთან, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. ნორმის ამგვარი ფორმულირების მიზანია დაზარალებულის მდგომარეობის იმგვარად აღდგენა, რომ მივიღოთ ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა, ე.წ. რესტიტუცია, რაც პრაქტიკულად დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენებას გულისხმობს, რომელიც ზიანის მავალდებულებელი გარემოების არარსებობის პირობებში იქნებოდა სახეზე (იხ. სუსგ. №ას-52-48-2017, 2018 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება).

68. სარჩოს გადახდით დაზარალებულისათვის შემოსავლის მიღება უზრუნველყოფილია ზიანის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ ჯანმრთელობის დაზიანების გამო მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ზიანის არარსებობის პირობებში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და მიიღებდა ხელფასს. სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც სარჩოს მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირი მიიღებდა ხელფასს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო (შდრ: სუსგ, №ას-155-151-2016, 2016 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება; №ას-169-497-09, 2009 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება; №ას-939-889-2015, 2015 წლის 13 ნოემბრის განჩინება; №ას-84-80-2016, 2016 წლის 11 მარტის განჩინება).

69. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი (მოსარჩელე) მიუთითებდა, რომ მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება 8000 ლარს შეადგენდა, თუმცა აღნიშნული ოდენობის დადასტურება მან ქვედა ინსტანციის სასამართლოში ნაწილობრივ შეძლო. შედეგად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილი (იმ პირის, ვის ფართსაც ქირაობდა), ასევე მისი თანამშრომლის ჩვენება, რომელიც იცნობდა მოსარჩელის საქმიანობასა და შემოსავლებს, დამატებით საქსტატის ცნობა, სადაც მითითებულია საწარმოებში ავტომანქანების შემკეთებლის პოზიციაზე დასაქმებულების საშუალო ხელფასის ოდენობა, ნაწილობრივ, 2000 ლარის ფარგლებში ადასტურებს სარჩოს დაკისრების მართლზომიერებას, რასაც საკასაციო პალატაც იზიარებს და მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შეზღუდვის გამო საქმიანობის დაქვეითებული დატვირთვის შესაბამისად, აღნიშნული თანხა ყოველთვიურად დააკომპენსირებს პერიოდულ ზიანს, რაც მართლზომიერი და დასაბუთებულია.

70. რადგან საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ორივე მოპასუხე პასუხისმგებელია როგორც მატერიალური, ისე მორალური ზიანისა და სარჩოს დაკისრების მოთხოვნებზე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველი შემთხვევა სრულიად აკმაყოფილებს დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების წინაპირობებს, სახეზეა დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის საჭირო კუმულაციური ელემენტები. შესაბამისად, სამსჯელოა რამდენადაა შესაძლებელი სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრებაც.

71. სსკ-ის 998-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ როგორც სოლიდარული მოვალეები; აღნიშნული ნორმა გულისხმობს, რომ პირისთვის ზიანის ანაზღაურების სოლიდარულად დაკისრებისთვის უნდა არსებობდეს ორი ან რამდენიმე პირის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება, რომელსაც შედეგად მოჰყვა ზიანი. (იხ. სუსგ-ები - №ას-848-2022 30.09.2022წ.; №ას-620-2022 30.05.2023წ.; №ას-615-2023, 27.07.2023წ.; №ას-932-2020, 30.11.2023წ.; №ას-1622-2023, 20.06.2024წ.)

72. სსკ-ის 463-ე “თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს” მუხლებით განსაზღვრული წინაპირობების განხორციელების შემოწმებას მოითხოვს, რადგან სსკ-ის 464-ე მუხლებით “სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით” და 408-ე მუხლის პირველი ნაწილით “იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება”. 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისთვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

73. განსახილველ შემთხვევაშიც, ზემოაღნიშნული დასაბუთების შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართლზომიერია მოპასუხეებისთვის სოლიდარულად სასარჩელო მოთხოვნების დაკისრება. კერძოდ, მოპასუხეთათვის სოლიდარულად მატერიალური ზიანის სახით - 20 000 ლარის დაკისრების შესახებ, სოლიდარულად მორალური ზიანის - 20 000 ლარის ოდენობით დაკისრების შესახებ და სარჩოს სახით დაეკისროთ სოლიდარულად - 2000 ლარის ოდენობით დაკისრების შესახებ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დასაბუთებულია.

74. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განუხილველი.

75. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,გ.ქ. და ტ.ც–ის“, მ.თ–ძისა და სსიპ ,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. სსიპ ,,გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს“ (ს.კ. 2180646..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო მოთხოვნა: N23186; გადახდის თარიღი: 21.10.2025) 5600 ლარის 70% - 3920 ლარი;

3. შპს „გ.ქ. და ტ.ც–ს“ (ს.კ. .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო მოთხოვნა: N29936512136; გადახდის თარიღი: 21.10.2025) 3800 ლარის 70% - 2660 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი