Facebook Twitter

საქმე №ას-1448-2025 26 მარტი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ა.ბ–ვი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „დ.ს.კ.ი–ო“ (მოსარჩელე, აპელანტი)

მოპასუხე - ი.ბ–ვი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის 17 სექტემბერს სს „დ.ს.კ.ი–ოსა“ და შპს „ა–ს“ შორის გაფორმდა დაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის N2964/21 ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 01.10.21 წ.- 01.10.22 წ. პერიოდი.

2. ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა შორის გაფორმდა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულება N2964/21, რომლის საგანს წარმოადგენდა მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელის მე-3 პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, საქართველოს მთავრობის N177 დადგენილების შესაბამისად, რის საფუძველზეც ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მასობრივი თავშეყრის ობიექტში ხანძრის, აფეთქების ან კონსტრუქციის ნგრევის შედეგად მიყენებული ზიანი.

3. დაზღვევის ხელშეკრულების 2.7 პუნქტის მიხედვით, თუ მეწარმე სუბიექტი ვერ უზრუნველყოფდა მზღვეველისთვის მის ქონებაზე მიყენებული ზიანის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიწოდებას, მზღვეველი აანაზღაურებდა ზიანს ერთჯერადად, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის გზით. ზიანის ოდენობა განისაზღვრა არაუმეტეს 3000 ლარით.

4. 01.01.21 წელს შპს „ა–სა“ (მეიჯარე) და ინდ.მეწარმე ა.ბ–ვს (მოიჯარე) შორის გაფორდა N20 იჯარის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, მეიჯარემ მოიჯარეს დროებით სარგებლობაში გადასცა ქ.მარნეულში, .........., ბაზრის ტერიტორიაზე, უბანი III, მაღაზია N..-ის ფართი - 11.70 კვ.მ და მაღაზია N50-ის ფართი - 5.88 კვ.მ. N.. მაღაზიის უშუალო ექსპლუატაციას ახორციელებდა მოიჯარის ვაჟიშვილი ი.ბ–ვი.

5. 20.10.21 წელს დაახლოებით 18:00 სთ-20:00 სთ. შუალედში, ზემოაღნიშნულ მაღაზიაში ხელოსანმა მ.გ–მა აწარმოა რკინის ჭრისა და შედუღების სამუშაოები. იმავე დღეს შპს „ა–ის“ საკუთრებაში არსებულ ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი. სახანძრო-სამაშველო დანაყოფში შეტყობინება შევიდა 20.10.21 წლის 20:44 საათზე. სამაშველო სამსახურის მიერ ხანძარი ლიკვიდირებულია 20.10.21 წელს 21:39 საათზე.

6. შპს „ა–ის“ საკუთრებაში არსებულ ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზიანდა კომერციული ფართები და სავაჭრო საქონელი. მათ შორის, დაზიანდა/დაიწვა ა.ბ–ვის ფართი. აღნიშნულის გამო, ზიანი მიადგა კომერციული ობიექტების 7 მფლობელს. ჯამში, ზიანის ოდენობა განისაზღვრა 135 493.02 ლარით.

7. სს „დ.ს.კ.ი–ომ“, სადაზღვევო ურთიერთობის ფარგლებში, შვიდივე მფლობელს აუნაზღაურა ზიანი, თითოეულს 3000 ლარი, ჯამში - 21 000 ლარი.

8. ა.ბ–ვის განცხადების თანახმად, ის ვაჭრობდა კერამიკული და „პლასტმასის“ საქონლით.

9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს 2022 წლის 28 თებერვლის MIA 5 22 00519461 წერილის თანახმად, ქალაქ მარნეულში საკოლმეურნეო ბაზარში გაჩენილი ხანძრის ფაქტზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით და საქმეში არსებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ სახანძრო-ტექნიკურ ექსპერტიზაში მითითებული N24-ე მაღაზია, სადაც იყო ხანძრის გაჩენის კერა, რეალურად არის N.. -ე მაღაზია, შესაბამისად, ხანძრის გაჩენის კერაც არის N..-ე მაღაზიაში, რომელიც ეკუთვნის ა.ბ–ვს, თუმცა ფართით სარგებლობს მისი შვილი ი.ბ–ვი.

10. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 12.01.22წ N7/ს/ტ,31/რან სახანძრო-ტექნიკური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: - ექსპერტიზაზე წარდგენილ ნამწვის ნიმუშებზე აღინიშნებოდა ნავთობპროდუქტების მძიმე ფრაქციების კვალი; - მარნეულის საკოლმეურნეო ბაზარში ხანძრის გაჩენის კერისთვის დამახასიათებელი ინტენსიური წვის ნიშნები აღინიშნებოდა N24 მაღაზიაში შესასვლელთან და შუა ნაწილში იატაკზე გამჭოლი ამოწვის სახით; - მარნეულის საკოლმეურნეო ბაზარში ხანძრის გაჩენის ყველაზე შესაძლებელ მიზეზს წარმოადგენდა ელექტროკუთხსაჭრელითა და ელექტროსაშემდუღებლო აპარატით მუშაობისას გამოტყორცნილი ნაპერწკლის ან ნაღვერდლის უშუალო კონტაქტი წვად მასალასთან (ხის იატაკი). ამასთან, ექსპერტიზის კვლევით ნაწილში მისი ავტორების მითითებით, იმის გამო, რომ იატაკზე გამჭოლი ამოწვის ნიშნები ფიქსირდება რამდენიმე უბანზე, ნავთობპროდუქტის წაკიდებით ხანძრის გაჩენის ვერსია, როგორც ხანძრის გაჩენის მიზეზი, შეიძლება გამოირიცხოს.

11. როგორც შემთხვევის ადგილის გამოკვლევის, სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლისა და ჩატარებული კვლევების შედეგების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, 2021 წლის 20 ოქტომბერს, მარნეულის საკოლმეურნეო ბაზარში ხანძრის გაჩენის მიზეზს წარმოადგენს ელექტროკუთხსაჭრელითა და ელექტროსაშემდუღებლო აპარატით მუშაობისას გამოტყორცნილი ნაპერწკლის ან ნაღვერდლის უშუალო კონტაქტი წვად მასალასთან (ხის იატაკი).

12. პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკითხული ექსპერტის, მ.ფ–ის განმარტებით, წარდგენილ ნიმუშებზე ქიმიური კვლევა მან ჩაატარა, რა დროსაც დაადგინა, რომ ადგილზე აღინიშნებოდა ნავთობპროდუქტების მძიმე ფრაქციების კვალი. ექსპერტის განმარტებით, ნავთობპროდუქტის კვალი შეიძლება დარჩეს არა მხოლოდ ნავთობისგან, არამედ, პოლიმერული მასალისგანაც, „პლასტმასის“ ნებისმიერი ნივთისგან და ა.შ. ნავთობპროდუქტი რამდენიმე ფრაქციისგან შედგება, წვის პირველ ეტაპზე, თავდაპირველად იწვის მსუბუქი, შემდეგ საშუალო ფრაქციები, ხოლო სრულად დანახშირების შედეგად, რჩება მხოლოდ მძიმე ფრაქციები. მსუბუქი ფრაქციების კვალის შემთხვევაში, იოლად დგინდება თავდაპირველი წვის პროდუქტი, ხოლო მძიმე ფრაქციების კვალისას, პრაქტიკულად შეუძლებელია დადგინდეს ეს კონკრეტულად ნავთობპროდუქტი (ბენზინი, ნავთი და ა.შ.) იყო, თუ პოლიმერული ნაწარმი. ექსპერტი, მიუთითებს მის 22 წლის პროფესიულ პრაქტიკულ გამოცდილებაზე და აღნიშნავს, რომ მძიმე ფრაქციების კვალის შემთხვევაში, ძალიან ძნელია ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა მეხანძრე- ექსპერტისთვის.

13. ექსპერტმა დ.ხ–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა გაცემული დასკვნის სისწორე და აღნიშნა, რომ თავად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ხანძრის შედეგად დაზიანებული ყველა ოთახი შეამოწმა. N.. მაღაზიაში წვის შედეგად ყველაზე მეტად კედლები და იატაკი იყო დაზიანებული. ექსპერტის განმარტებით, ზოგადად, სადაც იწყება ხანძარი, ის ადგილი ყველაზე მეტად არის დაზიანებული, თუმცა დაზიანების ხარისხი შესაძლოა ასევე გამოწვეული იყოს ობიექტზე მყოფი აალებადი სხვადასხვა მასალითაც. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს შორის ექსპერტი ყველაზე შესაძლებლად განიხილავს ელექტროშედუღებით გამოწვეულ მიზეზს, თუმცა, რადგან ქიმიკოსის დასკვნაში იყო ნავთობპროდუქტებზე მითითება, ამიტომ მიიჩნია, რომ ხანძრის მიზეზი შეიძლება ასევე ყოფილიყო „წაკიდება“. ექსპერტი გამორიცხავს ელექტროსადენებით ან სიგარეტის ნამწვის შედეგად ხანძრის გამოწვევის დაშვებას. ექსპერტის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც, თუ შედუღებითი პროცესი ხელოსნის მიერ ჩატარდებოდა მაღაზიის გარეთ, მაღაზიის რკინის კარებზე, კარის გაღების გარეშეც, ვიწრო ნაპრალებში შეიძლება ჩავარდნილიყო ნაპერწკალი, რომელიც შემდეგ გაღვივდებოდა. კარებიდან და იატაკზე გამჭოლი ამოწვის კვალამდე მანძილი დაახლოებით 1 მეტრია. ექსპერტმა აღნიშნა, რომ იგი კატეგორიულ დასკვნას ვერ გასცემს, თუმცა ხანძრის ყველაზე სავარაუდო ვარიანტად განიხილავს ელექტროშედუღებით გამოწვეულ მიზეზს.

14. 17. მოწმეების მ.გ–ვისა და ს.ა–ვის განმარტებით, N21 მაღაზიაში შეკეთდა შესასვლელი კარები (ჟალუზი), რამდენიმე ჭანჭიკის მიმაგრებით. სამუშაოები მიმდინარეობდა მხოლოდ მაღაზიის გარე ტერიტორიაზე და მაღაზიაში ხელოსანს არ უმუშავია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოწმე ე.მ–ვმა (ბაზრის დაცვის თანამშრომელი) მიუთითა, რომ N21 მაღაზიაში სამუშაოები მიმდინარეობდა შიგნით. ხელოსანმა მაღაზიაში დაამაგრა თაროები, სამუშაოების დროს გამოიყენა ელექტროკუთხსაჭრელი. რაც შეეხება მაღაზიის შესასვლელ რკინის კარებს, იგი არავის შეუკეთებია.

15. სასარჩელო მოთხოვნა

15.1. სს „დ.ს.კ.ი–ომ“ სარჩელი აღძრა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში ასრატ და ი.ბ–ვების მიმართ და მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 21 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.

15.2. დაზღვევის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის N2964/21 ხელშეკრულების ფარგლებში, 2021 წლის 17 სექტემბერს მოსარჩელესა და შპს „ა–ს“ შორის გაფორმდა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულება და გაიცა შესაბამისი NGTPL OBL0607/21 პოლისი.

15.3. 2021 წლის 21 ოქტომბერს შპს „ა–ის“ საკუთრებაში არსებულ ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩნდა ხანძარი, რის შედეგად დაიწვა/დაზიანდა ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული სავაჭრო კომერციული ფართები და ზიანი მიადგა ბაზრობის კომერციული ობიექტების შვიდ მფლობელს. ზიანის ოდენობამ, ჯამში, 135 493.02 ლარი შეადგინა.

15.4. მოსარჩელემ სრულად შეასრულა სადაზღვევო ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება და აუნაზღაურა დაზღვეულებს 21 000 ლარის ზიანი. 2022 წლის 12 იანვრის საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს N7/ს/ტ, 31/რან ექსპერტის დასკვნის თანახმად, შპს „ა–ის“ საკუთრებაში არსებულ, მარნეულის საკოლმეურნეო ბაზარში ხანძრის გაჩენის კერად მიჩნეულია N.. მაღაზია, სადაც მიმდინარეობდა ელექტროკუთხსაჭრელითა და ელექტროშემდუღებელი აპარატის გამოყენებით სამუშაოები. მითითებული ფართის მფლობელს წარმოადგენს ა.ბ–ვი, ხოლო მაღაზიის უშუალო ექსპლუატაციას ახორციელებს მისი შვილი ი.ბ–ვი.

15.5. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან სადაზღვევო ურთიერთობის საფუძველზე, დაზღვეულებს აუნაზღაურდათ სადაზღვევო თანხა, ზიანის სახით, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოთხოვნის უფლება გააჩნია მოპასუხეების, როგორც ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ, სოლიდარულად.

16. მოპასუხის შესაგებელი

ასრატ და ი.ბ–ვებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და შემდეგ გარემოებებზე მიუთითეს: ხანძრის გამომწვევი მიზეზი დადგენილი არ არის და აღნიშნულზე მიმდინარეობს გამოძიება. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, მოპასუხეების მოსაზრებით, იგი ზოგადი ხასიათისაა და არ იძლევა მათ ბრალეულობაზე ერთმნიშვნელოვანი დასკვნის შესაძლებლობას. მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ ხანძრამდე 6-7 საათით ადრე, მართალია, მაღაზიაში ხელოსანმა გამოიყენა ელექტროკუთხსაჭრელი, თუმცა სამუშაოს შემდეგ ტერიტორია დასუფთავდა და ხანძრამდეც საკმაო პერიოდი გავიდა. შესაბამისად, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ ხანძრის გამომწვევ მიზეზად ამ ფაქტზე მითითება საფუძველს მოკლებულია.

17. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებით სს „დ.ს.კ.ი–ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

18. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლის წარმომადგენელმაც მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდება.

19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით სს ,,დ.ს.კ.ი–ოს’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 07 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს ,,დ.ს.კ.ი–ოს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა

ნაწილობრივ; ა.ბ–ვს სს ,,დ.ს.კ.ი–ოს’’ სასარგებლოდ დაეკისრა 21 000.00 (ოცდაერთი ათასი) ლარის ანაზღაურება.

20. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა.ბ–ვმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

20.1. კასატორის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ არ დგინდება ზიანის ანაზღაურების შესახებ პასუხისმგებლობის კანონით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობების არსებობა. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ა.ბ–ვის ბრალეულობა, მისი ქმედება არავითარ მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

20.2. ა.ბ–ვი საერთოდ არ ამუშავებს მაღაზიას და ის იმ დღეს საერთოდ არ იმყოფებოდა იჯარით აღებულ მაღაზიაში. დადგენილია, რომ მაღაზიას ამუშავებს მისი შვილი, იმ დღეს მისმა შვილმა დღისით სამუშაო პერიოდში მიიყვანა შემდგუღებელი მ.გ–ვი N 21-ე მაღაზიაში. ი.ბ–ვს მაღაზიის შიდა კარი დახურული ჰქონდა შემდუღებლის მუშაობის დროს, ხოლო როდესაც შემდუღებელი მუშაობას მორჩა, ი.ბ–ვმა დაასუფთავა იქაურობა და 18:00 საათამდე მაღაზია ამუშავა. 18:00 საათზე კი დაკეტა მაღაზიის კარი. ამას ადასტურებენ დაკითხული მოწმეებიც. ხანძარი კი გაჩნდა სამი საათის შემდეგ - 21:00 საათზე, ამიტომ ა.ბ–ის ბრალეულობა გამოირიცხება.

20.3. სააპელაციო პალატამ არასრულად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, რადგან მოწმე მ.გ–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ ის მაღაზიის შიდა ტერიტორიაზე არ აწარმოებდა შედუღების სამუშაოებს. ის მუშაობდა გარე პერიმეტრზე, ხოლო ობიექტის კარი იყო დახურული. აღნიშნული ასევე დაადასტურა მოწმე დ.ა–მაც, რომელმაც აღნიშნა, რომ მ.გ–მა მხოლოდ გარეთა ჟალუზის კარების ზამბარა მოჭრა და ახალი მიადუღა.

20.4. რაც შეეხება დაცვის თანამშრომლის, ე.მ–ვის ჩვენებას, ის დასაქმებულია შპს „ა–ის“ მიერ დაფუძნებულ დაცვით კომპანიაში, სადაც მას ვალდებულება ჰქონდა ობიექტის უსაფრთხოება უზრუნველეყო, შესაბამისად, პასუხისმგებლობის არიდების მიზნით მიცემული მისი ჩვენება, რომ ბ–ებმა ბრალეულად იმოქმედეს - მიკერძოებულია და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

20.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად არ გაიზიარა გამომძიებლის, ბ.გ–ის წერილი, სადაც უთითებს, რომ ექსპერტიზაში მითითებულია N24 მაღაზია, მაგრამ ხანძრის კერა რეალურად არის N21. წერილში არ არის დასაბუთებული და ახსნილი გამომძიებლის ასეთი მითითება, რის გამოც, სასამართლომ ის უგულებელყო. ასევე, სისხლის სამართლის დავაზე ჯერ-ჯერობით არ გამოვლენილა დამნაშავე. ასევე დაუდგენელია ექპერტიზსთვის აღებული ნიმუშები ვისი მოპოვებულია.

20.6. რაც შეეხება ექსპერტების, მ.ფ–ისა და დ.ხ–ის ჩვენებებს, ისინი არ საუბრობენ დამაჯერებლად. არამედ ვარაუდს გამოთქვამენ, რომ აღნიშნულ ადგილზე არ მოხდებოდა აალება. არასწორად მიუთითებენ, რომ ადგილზე არ უნდა იყოს ადვილად აალებადი მასალები (ხე, ლინონეუმი, ქსოვილები...) ასეთი განმარტების მიუხედავად, გაუგებარია რის საფუძველზე დგინდება, რომ მოპასუხის სამუშაო ადგილას ასეთი სახის აალებადი ნივთები იყო.

20.7. მომწვარი იატაკის ფიცარი არ არის აღებული N21 მაღაზიიდან, არამედ ამოღებულია N24-დან. ასევე, ექსპერტი მიუთითებს, რომ მაღაზიის დაკეტვიდან 40 წუთში გაჩნდა ხანძარი, მაშინ, როცა რეალურად ის 21:00 საათზე გაჩნდა. საბოლოოდ ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცებულებები და არ დაადგინა მოპასუხის ბრალეულობა. სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ არ არსებობს იმგვარი სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადგენდა მოპასუხის ბრალეულობას.

21. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

27. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

28. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

30. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

31. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოსთვის მთავარი კვლევის საგანია რამდენად არსებობს ზიანის ანაზღაურების სუბროგაციული საფუძველი, ასევე, რამდენადაა მოპასუხის პასუხისმგებლობა მართლზომიერად განსაზღვრული დამდგარ ზიანზე.

32. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების დაკისრება, სსკ-ის 992-ე „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი“ 408.1 „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ მუხლებიდან და სსკ-ის 832-ე მუხლის „თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს.“ პირველი ნაწილის პირველი წინადადებიდან გამომდინარეობს. კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (შდრ. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018 № ას-809- 776-2016, 04.04.2017).

33. სსკ-ის 992 მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული მოქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ კონსტრუქციას და მათგან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადაზღვევო რისკის რეალიზაციის უშუალო შედეგია სადაზღვევო შემთხვევა, რომლის დადგომაც უცნობ, არაპროგნოზირებად მოვლენას უკავშირდება. უცნობი შეიძლება იყოს, დადგება თუ არა სადაზღვევო შემთხვევა, ან როდის დადგება იგი. დაზღვევის მიზანი მიღწევადია უშუალოდ დაზღვევის სფეროში არსებული მექანიზმებით, რომელი მექანიზმებიც უშუალოდ რეაგირებენ ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქცევაზე. აღნიშნული კი, თავის მხრივ, განაპირობებს სადაზღვევო ურთიერთობებში სუბროგაციის პრინციპის არსებობას, რაც იმპლიმენტირებულია ამავე კოდექსის 832-ე მუხლში (იხ.: სუსგ. №ას-812-2022, 05.10.2022წ.). დაზღვევის კონტექსტში, სუბროგაციის დოქტრინა მზღვეველისა და დამზღვევის ურთიერთობის ორ ძირითად ასპექტთან ასოცირდება: პირველ რიგში, იგი უფლებას აძლევს მზღვეველს, განახორციელოს და დაიცვას ის უფლებები, რომელიც დამზღვევს ზიანის მიმყენებელი მესამე პირის მიმართ აქვს; მეორე, სუბროგაციის დოქტრინა ხელს უშლის დამზღვევის უსაფუძვლო გამდიდრებას, ეს კი სრულ შესაბამისობაშია „ორმაგი კომპენსაციის აკრძალვის პრინციპთან“ (იხ.: SkinerM,GrossJ.,Subrogation,7.06.2007, http://www.allens.com.au/pubs/pdf/insur/pap7jun06.pdf.).

35. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 832-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. ნორმის აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევას, როდესაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც აქვს დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ეს უფლება გადადის მზღვევლის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით, დამზღვევის ნაცვლად, მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში არა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, არამედ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი – სადაზღვევო კომპანიით (მზღვევლით). სუბროგაციის დროს მზღვეველი ცვლის დამზღვევს იმ ვალდებულებაში, რომელიც წარმოიშვა ზიანის მიყენებისაგან (იხ.: სუსგ №ას-581-549- 2011, 05.09.2012 წ.; №ას-809-776-2016, 04.04.2017წ.; №ას-812-2022, 05.10.2022წ.; №ას-1598- 2023, 20.03.2024წ.).

36. სსკ-ის 832-ე მუხლით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის (იხ.: სუსგ №ას-809-776-2016, 04.04.2017წ.; №ას-1523-2019, 24.01,2020 წ. ას-799-2024).

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, იმისთვის, რომ სუბროგაციული წესით ზიანის ანაზღაურება მოხდეს, აუცილებელია დადასტურდეს სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული შემადგენლობა. სწორედ აღნიშნული საკითხია კასატორის მხრიდან შედავებული, რომელიც უთითებს, მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება აღნიშნული ნორმატიული მოცემულობა.

38. აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, რადგან წარდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელემ საკმარისად შეძლო სუბროგაციული მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საჭირო ყველა წინაპირობის დადასტურება. კერძოდ, სადავო არ არის გარემოება, რომ მოპასუხემ მის კუთვნილ მაღაზიაში კუთხსაჭრელით („ბარგალკით“) და ელექტროსაშემდუღებლო („სვარკის“) აპარატით სამუშაოების წარმოება დაიწყო დაახლოებით 18 საათზე და დაამთავრა 20 საათზე, ხოლო მაღაზიაში ხანძრის გაჩენის შესახებ სამაშველო სამსახურში შეტყობინება მიღებულია მაღაზიის დაკეტვიდან 40 წუთში.

39. დადგენილია, რომ საქართველოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს წერილისა და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადასტურებულია გარემოება, რომ ხანძრის წარმოშობის კერა არის #.. მაღაზიის შიდა სივრცე. დასკვნის თანახმად, ხანძრის გაჩენის კერისათვის დამახასიათებელი ინტენსიური წვის ნიშნები აღინიშნება მაღაზიის შესასვლელთან და შუა ნაწილში, იატაკზე გამჭოლი ამოწვის სახით.

40. ასევე, ექსპერტ დ.ხ–ის განმარტების თანახმად, იმ შემთხვევაშიც, თუ შედუღებითი პროცესი ხელოსნის მიერ ჩატარდებოდა მაღაზიის გარეთ - მაღაზიის რკინის კარებზე, კარის გაღების გარეშეც ნაპერწკალი შეიძლება ვიწრო ნაპრალებში ჩავარდნილიყო, რომელიც შემდეგ გაღვივდებოდა. კარებიდან და იატაკზე გამჭოლი ამოწვის კვალამდე მანძილი დაახლოებით 1 მეტრია. ექსპერტის განმარტებით, იგი კატეგორიულ დასკვნას ვერ გასცემს, თუმცა ხანძრის ყველაზე სავარაუდო ვარიანტად განიხილავს ელექტროშედუღებით გამოწვეულ მიზეზს.

41. რაც შეეხება იმას, რომ ექსპერტიზისთვის წარდგენილ ნამწვის ნიმუშებში აღმოჩნდა ნავთობპროდუქტების მძიმე ფრაქციების კვალი, რაც თეორიულად შეიძლება მიუთითებდეს ნავთობით განზრახ წაკიდებაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს ექსპერტ მ.ფ–ის განმარტებაზე, რომლის თანახმად, მსგავსი კვალი შესაძლოა წარმოშობილიყო არა მხოლოდ ნავთობპროდუქტების გამოყენების შედეგად, არამედ სხვადასხვა პოლიმერული მასალის, მათ შორის პლასტმასას ნივთების წვის შედეგადაც. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის კუთვნილ მაღაზიაში რეალიზდებოდა პლასტმასას ნაწარმი, რომლის წვისას წარმოქმნილი ნარჩენის ქიმიური კვალი იდენტურია ნავთობპროდუქტების მძიმე ფრაქციებისას მიღებულ ნარჩენის კვალთან. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ აღმოჩენილი კვალი უფრო ბუნებრივად აიხსნება სწორედ აღნიშნული გარემოებით და არა ნავთობის გამოყენების გზით ხანძრის განზრახ გამოწვევით. ამავდროულად, პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარეს შესადავებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და მხოლოდ ზეპირსიტყვიერი კრიტიკა არ არის საკმარისი აღნიშნული მტკიცების გასაბათილებლად.

42. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განუხილველი.

43. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ბ–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ა.ბ–ვს (პ.ნ. ..........) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს 15 ლარის გადახდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი