Facebook Twitter

საქმე №ას-1472-2025 26 მარტი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ლ.ნ–ძე (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2015 წლის 02 დეკემბერს ლ.ნ–ძესა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, „მოვალე“) და მ.ბ–ს (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, „კრედიტორი“) შორის გაფორმდა ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებული იქნა ნოტარიულად.

2. ხსენებული ხელშეკრულების ფარგლებში, ლ.ნ–ძემ, „ნებაყოფლობით, საკუთარი ნების შესაბამისად, სხვა ნებისმიერი სახის იძულების გარეშე აღიარა“, რომ მას მ.ბ–ის მიმართ გააჩნდა 3000 აშშ დოლარის ოდენობის ვალი (რაც ხელშეკრულების დადების დროისათვის შეადგენდა 7206.30 ლარს (02.12.2015 წ.- ს მდგომარეობით ეროვნული ბანკის კურსი - 2.4021)), რომელსაც არ ერიცხებოდა სარგებელი (პროცენტი) და მან, ამასთანავე იკისრა აღნიშნული ვალის კრედიტორისთვის დაბრუნების ვალდებულება, თანხის 10 თვეზე განაწილვადებით - ე.ი. ყოველთვიურად 300 აშშ დოლარის გადახდით. გადახდა უნდა მომხდარიყო ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით. გრაფიკის დარღვევის შემთხვევისათვის კი, გათვალისწინებული იქნა კრედიტორის მიერ ვალის დაუყოვნებლივ დაფარვის მოთხოვნისა და ამის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურის გამოყენების (მათ შორის, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აღსრულების დაწყების) უფლებამოსილება.

3. ამავე ხელშეკრულებაში მოცემულია შემდეგი შინაარსის ჩანაწერი: „მოვალე უფლებამოსილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კრედიტორს ვალი დაუბრუნოს ვადაზე ადრე - ნებისმიერ დროს, ხოლო კრედიტორი ვალდებულია დაიბრუნოს ვალი“.

4. 2015 წლის 11 დეკემბერს, ერთი მხრივ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში „სამინისტრო“), ხოლო, მეორე მხრივ, მ.ბ–ს („გამყიდველი“) შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება №340201/100, რომლის საგანსაც წარმოადგენდა უძრავი ნივთი, მდებარე: გარდაბანი, სოფელი ......... (ს/კ .........; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო; უძრავი ქონება წარმოადგენს შენობა- ნაგებობას მიწის ნაკვეთით).

5. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, გამყიდველი მ.ბ–ი კისრულობდა მყიდველებისათვის - ლ.ნ–ძისა და ლ.მ–თვის ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის („ნასყიდობის საგანი“) გადაცემის, ხოლო სამინისტრო - გამყიდველისათვის, მყიდველების სასარგებლოდ, ნასყიდობის ფასის - 17 000 ლარის გადახდის ვალდებულებას (ხელშეკრულების პირველი მუხლი, მე-2 მუხლის 2.1. პუნქტი და მე-3 მუხლის 3.1 პუნქტი). ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.3. პუნქტის შესაბამისად, ნასყიდობის საგანი წარმოადგენდა გამყიდველის საკუთრებას და როგორც ნივთობრივად, ისე უფლებრივად იყო უნაკლო, რაც დასტურდებოდა საჯარო რეესტრიდან ამონაწერით.

6. უძრავი ნივთი, მდებარე: გარდაბანი, სოფელი ........ (დაზუსტებული ფართობი: 600 კვ.მ.; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1; შენობა- ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 35.37 კვ.მ.), ს/კ ........., სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მონაცემებში ლ.ნ–ძისა და ლ.მ. თანასაკუთრებად აღირიცხა 2015 წლის 15 დეკემბრიდან (განცხადების რეგისტრაციის თარიღი - 11/12/2015 წ.; №882015706894).

7. მ.ბ–ის მიმართვის საფუძველზე, ნოტარიუს დ.ჩ–მა 2017 წლის 02 თებერვალს გასცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგ. №170105578), რომლის ფარგლებშიც, 2015 წლის 02 დეკემბრის ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოვალის - ლ.ნ–ძის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის - 2400 აშშ დოლარის გადაუხდელობის გამო წარმოშობილი მოთხოვნის აღსასრულებლად დადგინდა მისი ქონების რეალიზაცია.

8. ამავე თარიღში მ.ბ–მა მიმართა სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროს“. მისი მიმართვის საფუძველზე დაიწყო ლ.ნ–ძის მიმართ №A17013251 სააღსრულებო საქმის წარმოება და მას გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.

9. სასარჩელო მოთხოვნა

ბათილად იქნას ცნობილი, მოსარჩელე ლ.ნ–ძესა და მოპასუხე მ.ბ–ს შორის 2015 წლის 02 დეკემბერს დადებული ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ (სანოტარო მოქმედების რეგ. №151308395). მოპასუხე მ.ბ–ს, მოსარჩელე ლ.ნ–ძის სასარგებლოდ, დაეკისროს 600 აშშ დოლარის გადახდა. ბათილად იქნას ცნობილი ნოტარიუს დ.ჩ–ის მიერ 2017 წლის 02 თებერვალს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგ. №170105578).

10. მოპასუხის შესაგებელი

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით 1. მოსარჩელე ლ.ნ–ძის სარჩელი, მოპასუხე მ.ბ–ის მიმართ, ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობისა და თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; 2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით (საქმეზე №2/9912-17) გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა ნოტარიუს დ.ჩ–ის მიერ 02.02.2017 გაცემული №170105578 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

12. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შესახებ.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

14. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

14.1. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

14.2. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ უდავო გარემოებად მიიჩნია ლ.ნ–ძის მიერ ვალის ნებაყოფლობით აღიარება, თუმცა რეალურად, მისი პოზიციით, აღნიშნული აღიარება იძულების პირობებში გაკეთდა და არ ასახავდა ნამდვილ სამართლებრივ მდგომარეობას. დამატებით, კასატორი ამყარებს არგუმენტს იმით, რომ შეძენილი ბინა აღმოჩნდა ნივთობრივი ნაკლის მქონე, რაც დადასტურებულია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით.

14.3. კასატორის განმარტებით, 02.12.2015 წლის ხელშეკრულება ფორმალურად ასახავს არარსებული ვალის აღიარებას. მიუხედავად ამისა, სასამართლომ იგი შეაფასა როგორც ვალდებულების აბსტრაქტული (კონსტიტუციური) აღიარება. ამასთან, თავად სასამართლოს მსჯელობიდან იკვეთება, რომ ხელშეკრულება მიმართულია უკვე არსებული ვალის დადასტურებაზე, მაშინ როდესაც მხარეები ერთხმად მიუთითებენ, რომ 2015 წლის დეკემბრამდე მათ შორის არ არსებობდა რაიმე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

14.4. კასატორის პოზიციით, ხელშეკრულების შინაარსის ანალიზი აჩვენებს, რომ არ არის მკაფიოდ განსაზღვრული ვალდებულების წარმოშობის საფუძველი. პირიქით, ტექსტიდან იკვეთება, რომ აღიარებულია უკვე არსებული ვალი, რაც წინააღმდეგობაში მოდის თავად მხარეთა განცხადებებთან, რომ ვალის აღიარებამდე მსგავსი ვალდებულება არ არსებობდა.

14.5. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა სსკ-ის 626-ე მუხლი და მისი მნიშვნელობა შეამცირა მხოლოდ ვალდებულების ვადაზე ადრე შესრულების შესაძლებლობის ხაზგასმით. კასატორის შეფასებით, ასეთი მიდგომა არასწორია, რადგან აღნიშნულ ნორმაზე მითითება უნდა შეფასებულიყო როგორც გარემოება, რომელიც მიუთითებს ურთიერთობის სასესხო ბუნებაზე.

14.6. კასატორი ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განიხილავს ვალის აღიარებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებებს, თუმცა საბოლოოდ მაინც ასკვნის, რომ საქმე გვაქვს აბსტრაქტულ ვალის აღიარებასთან. კასატორის აზრით, აღნიშნული დასკვნა წინააღმდეგობაში მოდის თავად სასამართლოსვე არგუმენტაციასთან და ამით ასუსტებს გადაწყვეტილების ლოგიკურ თანმიმდევრობას.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

27. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

28. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

30. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

31. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოსთვის მთავარი კვლევის საგანია მხარეთა შორის ვალის არსებობის აღიარების შესახებ ხელშეკრულების მიმართ სააპელაციო პალატის მსჯელობის მართლზომიერების შემოწმება.

32. ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედებების შესრულებას და ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას გასათვალისწინებელია სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი ასევე გულისხმობს, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ვალის აღიარება დეკლარაციული (კაუზალური) ხასიათისაა და იგი არსებულ სამართალურთიერთობას ადასტურებს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, ვალის აღიარების ხელშეკრულება თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, კერძოდ, კონსტიტუციური ან დეკლარაციული ხასიათის. კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით ხდება ახალი ხელშეკრულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით -სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა თუ შინაარსზე. სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი. ვალის არსებობის აღიარება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენტი ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ხელწერილით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება. ვალის არსებობის აღიარება წარმოადგენს ცალმხრივ ხელშეკრულებას, ვინაიდან ამ ხელშეკრულებით იმ პირს, ვინც აღიარა ვალის არსებობა, წარმოეშობა შესრულების ვალდებულება, ხოლო იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა ვალის არსებობის აღიარება, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება…. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულება არის აბსტრაქტული ხელშეკრულება და იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ძირითადი ვალდებულების არსებობა სადავოა. ამდენად, ვალის აღიარების ხელშეკრულება თავად წარმოადგენს მოთხოვნის უფლების წარმოშობის საფუძველს. ასეთ შემთხვევაში აღიარება წერილობით ფორმას მოითხოვს, იგი უფლებამოსილი პირის წინაშე უნდა იყოს გაცხადებული, მასში მკაფიოდ და არაორაზროვნად უნდა იკვეთებოდეს ნება ვალდებულების აღიარების თაობაზე და რაც მთავარია, მითითებული ვალის აღიარება ხელშეკრულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ცალმხრივი ნების გამოვლენა არ არის. მას ხელშეკრულების ორივე მხარე უნდა აწერდეს ხელს. არსებობს ვალის აღიარების კიდევ ერთი ფორმა, ე.წ. ვალის დეკლარაციული აღიარება. იგი არ წარმოადგენს ახალ გარიგებას, თუმცა, ადასტურებს არსებულს, იმ სამართლებრივი შედეგებით, რაც მას თან სდევს. დეკლარაციული ვალის აღიარება არ არის ახალი გარიგება, მას არ ჭირდება სპეციალური ფორმის დაცვა, იგი გარიგების ზეპირსიტყვიერ აღიარებაშიც შეიძლება გამოიხატოს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვალის დეკლარაციული აღიარება არის მტკიცებულება არსებული სამართალურთიერთობის ფარგლებში შეუსრულებელი ვალდებულების არსებობის თაობაზე. ე.წ. დეკლარაციული ვალის აღიარების მიზანია არსებული ვალდებულების დადასტურება (სხვა ტიპის გარიგებით), მტკიცების პროცესის გამარტივება, შემდგომი დავის თავიდან აცილება, სადავო საკითხების მოწესრიგება, მათ შორის, ყველა იმ ფაქტისა, თუ არგუმენტის გაქარწყლება, რომელიც ვალის არსებობას გამორიცხავს, ან თუნდაც, ეჭვქვეშ დააყენებს (სუსგ. №ას-1027-2025 02 მარტი, 2026 წელი).

27. ნების გამოვლენა სსკ-ის 341-ე მუხლით განმტკიცებულ ვალის არსებობის აღიარებად რომ დაკვალიფიცირდეს და შესაბამისი სამართლებრივი შედეგები წარმოშვას, ის ვალდებულების შესრულების დამოუკიდებელ საფუძველს უნდა ქმნიდეს, რამდენადაც ვალის აღიარება დამოუკიდებელ გარიგებად განიხილება და მისი დანიშნულება სწორედ ახალი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობაა. არაერთ საქმეზე უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა.

28. ვალის არსებობის აღიარება უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის პირობებს. ხელშეკრულებაში გაწერილი უნდა იყოს მისთვის მახასიათებელი ყველა არსებითი პირობა: კრედიტორისა და მოვალის მონაცემები, მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე შესასრულებელი კონკრეტული ვალდებულება და მომავალში მისი შესრულების განზრახვა (იხ. ე. ბაღიშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი 2019, მუხლი 341, ველი 12; შდრ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 11.11.2013წ.).

29. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2015 წლის 02 დეკემბერს ლ.ნ–ძესა („მოვალე“) და მ.ბ–ს („კრედიტორი“) შორის გაფორმდა ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებული იქნა ნოტარიულად (ნოტარიუსი: დ.ჩ–ი; სანოტარო მოქმედების რეგ. №151308395). ხსენებული ხელშეკრულების ფარგლებში, ლ.ნ–ძემ, „ნებაყოფლობით, საკუთარი ნების შესაბამისად, სხვა ნებისმიერი სახის იძულების გარეშე აღიარა“, რომ მას მ.ბ–ის მიმართ გააჩნდა 3000 აშშ დოლარის ოდენობის ვალი (რაც ხელშეკრულების დადების დროისათვის შეადგენდა 7206.30 ლარს (02.12.2015 წ.-ს მდგომარეობით ეროვნული ბანკის კურსი - 2.4021)), რომელსაც არ ერიცხებოდა სარგებელი (პროცენტი) და მან, ამასთანავე, იკისრა აღნიშნული ვალის კრედიტორისთვის დაბრუნების ვალდებულება, თანხის 10 თვეზე განაწილვადებით - ე.ი. ყოველთვიურად 300 აშშ დოლარის გადახდით. გადახდა უნდა მომხდარიყო ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით. გრაფიკის დარღვევის შემთხვევისათვის კი, გათვალისწინებული იქნა კრედიტორის მიერ ვალის დაუყოვნებლივ დაფარვის მოთხოვნისა და ამის უზრუნველსაყოფად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურის გამოყენების (მათ შორის, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე იძულებითი აღსრულების დაწყების) უფლებამოსილება.

30. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ მხარეებს შორის არსებობდა ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომელიც დადასტურებულია ნოტარიულად, ხოლო ვალის ოდენობა ეროვნული ბანკის იმდროინდელი კურსით შეადგენდა 3000 აშშ დოლარის ექვივალენტს - 7206.30 ლარს.

31. დადგენილია, რომ 2015 წლის 11 დეკემბერს, ერთი მხრივ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემდგომში „სამინისტრო“), ხოლო, მეორე მხრივ, მ.ბ–ს („გამყიდველი“) შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება №340201/100, რომლის საგანსაც წარმოადგენდა უძრავი ნივთი, მდებარე: გარდაბანი, სოფელი ........ (ს/კ ..........; ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო; უძრავი ქონება წარმოადგენს შენობა-ნაგებობას მიწის ნაკვეთით). აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, გამყიდველი მ.ბ–ი კისრულობდა მყიდველებისათვის - ლ.ნ–ძისა და ლ.მ–თვის ზემოაღნიშნული უძრავი ნივთის („ნასყიდობის საგანი“) გადაცემის, ხოლო სამინისტრო - გამყიდველისათვის, მყიდველების სასარგებლოდ, ნასყიდობის ფასის - 17 000 ლარის გადახდის ვალდებულებას (ხელშეკრულების პირველი მუხლი, მე-2 მუხლის 2.1. პუნქტი და მე-3 მუხლის 3.1 პუნქტი). ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.3. პუნქტის შესაბამისად, ნასყიდობის საგანი წარმოადგენდა გამყიდველის საკუთრებას და როგორც ნივთობრივად, ისე უფლებრივად იყო უნაკლო, რაც დასტურდებოდა საჯარო რეესტრიდან ამონაწერით. უძრავი ნივთი, მდებარე: გარდაბანი, სოფელი ......... (დაზუსტებული ფართობი: 600 კვ.მ.; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1; შენობა-ნაგებობ(ებ)ის საერთო ფართი: 35.37 კვ.მ.), ს/კ ......., სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მონაცემებში ლ.ნ–ძისა და ლ.მ– თანასაკუთრებად აღირიცხა 2015 წლის 15 დეკემბრიდან (განცხადების რეგისტრაციის თარიღი - 11/12/2015 წ.; №882015706894). ზემოაღნიშნულის შესაბამისად, კასატორის არგუმენტაცია გულისხმობს იმას, რომ მისთვის გადაცემული საცხოვრებელი ბინა ნივთობრივი ნაკლის მქონე იყო და არარსებული ვალის აღიარება იძულებით მოუწია.

32. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კასატორს არ აქვს სათანადოდ დასაბუთებული არგუმენტები წარმოდგენილი იმის დასამტკიცებლად, თითქოს მხარეთა შორის 2025 წლის 2 დეკემბერს დადებული ვალის აღიარების ხელშეკრულება ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მოთხოვნებს. ამასთან, მოსარჩელის არგუმენტს ისიც აბათილებს, რომ მან სწორედ აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე უკვე გადაიხადა 600 აშშ დოლარი, რაც დამატებით მიუთითებს ხელშეკრულების სისწორესა და ძალაში ყოფნაზე. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე ითხოვს ამ თანხის დაბრუნებას, იმ პირობებში, როდესაც ვერ დასტურდება ხელშეკრულების ბათილობის არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები, მისი მოთხოვნა თანხის უკან დაბრუნების შესახებ დაუსაბუთებელია. ამავდროულად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ნასყიდობის ობიექტის ნივთობრივი ნაკლის შეფასების კონტექსტში, რომ რადგან მოსარჩელე ითხოვს ვალის აღიარების შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობას, სასამართლო არაუფლებამოსილია შეამოწმოს კასატორის მიერ შეძენილი ბინის ნივთობრივი ნაკლის არსებობა.

33. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ნ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი