Facebook Twitter

№ას-33-2026 02 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი

კასატორი – შპს „კ–ს ..“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ი–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად ან ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. დ.ი–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „კ–ს ?-ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 46 729 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება ზიანის ანაზღაურების მიზნით. ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, სარჩელის წარმოებაში მიღებიან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, 46 729 აშშ დოლარის 10%-ის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.

2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 01 მაისის გადაწყვეტილებით დ.ი–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „კ–ს ?“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 13 752 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა; დ.ი–ძის სარჩელი დარჩენილ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 01 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ნოემბრის განჩინებით შპს „კ–ს ?-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იზიარებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს:

6.1. 2018 წლის 20 ივლისს შედგენილია მორიგების შესახებ წერილობითი შეთანხმება სს „თ...-ს“, შპს „ა.დ–ს“, შპს „ა–ს“, შპს „კ–ს ?-ს“ და სს „თ.ბ–ს“ შორის. პრეამბულაში მითითებულია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით 2017 წლის 25 მაისის შეთანხმებით, განისაზღვრა სს „თ...-ის“ მიმართ შპს „ა.დ–ისა“ და შპს „ა–ის“ დარჩენილი დავალიანების 435 458 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაფარვის თარიღი. მორიგება ფორმდება ამ ვალდებულების შესრულების მიზნით. შეთანხმების თანახმად, შპს „ა.დ–ისა“ და შპს „ა–ის“ მოთხოვნით, შპს „კ–ს ?“ სს „თ...-ს“ საკუთრებაში გადასცემს შემდეგი უძრავ ქონებას: კომერციული ფართი, მდებარე: თბილისი, ........, ბლოკი ..., ფართი - 65.5 კვ.მ., რომლის ღირებულებაც შეადგენს 77 295 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში; კომერციული ფართი, მდებარე: თბილისი, ......., ბლოკი NI.., ფართი - 225.5 კვ.მ., რომლის ღირებულება შეადგენს 266 108 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში; კომერციული ფართი, მდებარე: თბილისი, ........, ბლოკი NI..., ფართი 31.4 კვ.მ., რომლის ღირებულება შეადგენს 37 055 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. შეთანხმების „3.1“ ქვეპუნქტის თანახმად, მორიგების აქტის „2.1.2“ და „2.1.3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების მშენებლობის დასრულების ვადაა - 2020 წლის 30 მაისი.

6.2. 2019 წლის 23 დეკემბრის მოთხოვნის დათმობისა და სუბიექტის ცვლილების შესახებ შეთანხმებით, სს „თ...-მა“ 2018 წლის 20 ივლისის მორიგების აქტის „2.1.2“ ქვეპუნქტში მითითებული კომერციული ფართის გამიჯვნის შემდგომ, უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, .........., ბლოკი NI.., ფართი - 45 კვ.მ., ს/კ: ........., მოთხოვნის უფლება დაუთმო მოთხოვნის მიმღებს - ვ.გ–ს.

6.3. 2019 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულებით სს „თ...“ და ვ.გ–ი შეთანხმდნენ შემდეგზე: კომპანიამ აღიარა ვალი 54 000 აშშ დოლარის ოდენობით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კრედიტორი მოთხოვნას დაიკმაყოფილებს ალტერნატიულად, კერძოდ, სს „თ...“ გადასცემს, ხოლო, კრედიტორი აიღებს 900 აშშ დოლარს ფულადი სახით, ხოლო, 53 100 აშშ დოლარის ნაცვლად, მოთხოვნის უფლებას შპს „ა–ისგან“, შპს „ა.დ–ისგან“ და შპს „კ–ს ?“-სგან. გადაცემული მოთხოვნის უფლება გულისხმობს უძრავ ნივთზე მოთხოვნის გადაცემას (1 მ2 გაქვითავს 1 180 აშშ დოლარს), რომლის მახასიათებლებია: ქალაქი თბილისი, ........, სართული I, კომერციული ფართი N5-01ა (მშენებარე); ს/კ: .........; ფართობი: 45მ2. ხელშეკრულების მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ გადასაცემი ფართი არ იქნება მიღებული ექსპლუატაციაში მე-3 პუნქტში აღნიშნულ ვადაში, 1 კვ.მ გადაცემული ქონების მოთხოვნის უფლების ღირებულება განისაზღვრება 1000 აშშ დოლარით, ხოლო სხვაობა გადაცემული მოთხოვნის უფლების ღირებულებასა და აღიარებულ ვალს შორის კომპანიამ უნდა დააკომპენსიროს ფულადი თანხით, 2022 წლის სექტემბრამდე. ვ.გ–ი რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის (მდებარე: ქ. თბილისი, ........, სართული I, კომერციული ფართი N5-01ა (მშენებარე); ს/კ: .........; ფართობი: 45მ2) მესაკუთრედ 2019 წლის 27 დეკემბრიდან.

6.4. 2019 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულებით სს „თ...“ და ა.ლ–ძე შეთანხმდნენ შემდეგზე: კომპანიამ აღიარა ვალი 38 500 აშშ დოლარის ოდენობით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კრედიტორი მოთხოვნას დაიკმაყოფილებს ალტერნატიულად, კერძოდ, სს „თ...“ გადასცემს, ხოლო კრედიტორი აიღებს 1 448 აშშ დოლარს ფულადი სახით, ხოლო, 37 052 აშშ დოლარის ნაცვლად, მოთხოვნის უფლებას შპს „ა–ისგან“, შპს „ა.დ–ისგან“ და შპს „კ–ს ?-საგან“. გადაცემული მოთხოვნის უფლება გულისხმობს უძრავ ნივთზე მოთხოვნის გადაცემას (1 მ2 გაქვითავს 1 180 აშშ დოლარს), რომლის მახასიათებლებია: ქალაქი თბილისი, ქუჩა ......., სართული I, კომერციული ფართი N6-02 (მშენებარე); ს/კ: ........; ფართობი: 31.4მ2. ხელშეკრულების მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ გადასაცემი ფართი არ იქნება მიღებული ექსპლუატაციაში მე-3 პუნქტში აღნიშნულ ვადაში, 1 კვ.მ გადაცემული ქონების მოთხოვნის უფლების ღირებულება განისაზღვრება 1000 აშშ დოლარით, ხოლო სხვაობა გადაცემული მოთხოვნის უფლების ღირებულებასა და აღიარებულ ვალს შორის კომპანიამ უნდა დააკომპენსიროს ფულადი თანხით, 2022 წლის სექტემბრამდე. ა.ლ–ძის საკუთრების უფლება ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2021 წლის 20 იანვრიდან.

6.5. 2022 წლის 26 იანვარს შპს „ს.ფ–სა“ (მყიდველი) და სს „თ...“-ს (გამყიდველი) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე, მდებარე .... ქ. N10, კომერციული ფართი N5-01, 180.5 კვ.მ (მშენებარე), სართ. 1, ბლოკი IVა, ს/კ ......... ნასყიდობის საფასური განისაზღვრა 201 160 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით. მყიდველმა გამყიდველს საბანკო ანგარიშზე გადაურიცხა ნასყიდობის საფასური 617 480 ლარის ოდენობით.

6.6. 2022 წლის 2 თებერვალს დ.ი–ძესა და სს „თ...“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება მოთხოვნის უფლების ნასყიდობის შესახებ. ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგანია - შპს „ა–ისგან“, შპს „ა.დ–ისგან“ და შპს „კ–ს ?-სგან“ ერთად და ცალ-ცალკე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ამავე ხელშეკრულების 2.2. ქვეპუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 2.1. ქვეპუნქტში ხსენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს ხსენებული კომპანიის/კომპანიების მიერ მშენებლობის დასრულების ვადის გადაცილების შედეგად წარმოქმნილი მატერიალური დანაკლისიდან, რაც გამოიხატა მათგან მიღებული კომერციული ფართების ერთ შემთხვევაში დაბალი ღირებულებით გაყიდვით, ხოლო, მეორე შემთხვევაში - გამყიდველის კონტრაქტორებისათვის თანხის გადახდის ვალდებულების გაჩენაში. ხელშეკრულების თანახმად, ჯამურად დათმობილი მოთხოვნის უფლების მოცულობა შეადგენს 46 242 აშშ დოლარს.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

7.1. პალატამ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. ასევე მიუთითა, ამავე კოდექსის 199-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა).

7.2. აღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზის საფუძველზე პალატამ განმარტა, რომ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების დასადებად სავალდებულოდ გასათვალისწინებელ ელემენტს მოვალის ინფორმირებულობა და მისი თანხმობა არ წარმოადგენდა. ხოლო ის დამაბრკოლებელი გარემოება, რომელიც სსკ 199-ე მუხლის მეორე წინადადებაშია მითითებული, კერძოდ მოთხოვნის დათმობა მოდის თუ არა წინააღმდეგობაში ვალდებულების არსთან, ასევე ეწინააღმდეგება კრედიტორის მოვალესთან შეთანხმებას ან კანონს, საქმეში არსებული მასალებიდან და მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან არ დგინდებოდა. ამდენად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სსკ-ის 319-ე მუხლის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის ფარგლებში და მხარეთა ორმხრივი ნების შესაბამისად შედგენილი ზემოხსენებული სახელშეკრულებო დებულებანი, წინააღმდეგობაში არ მოდიოდა ვალდებულების არსთან, ასევე რაიმე განსაკუთრებული პირობა კრედიტორის მიერ მოვალესთან შეთანხმებული არ ყოფილა, ამასთან ხელშეკრულება ასევე არ ეწინააღმდეგება კანონს. შესაბამისად, პალატამ უარყო აპელანტის პრეტენზია ზემოხსენებულ ხელშეკრულებებთან მიმართებით.

7.3. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლზე (სახელშეკრულებო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) და აღნიშნა, რომ 2018 წლის 20 ივლისის მორიგების შესახებ წერილობითი ეთანხმების „3.1“ ქვეპუნქტის მიხედვით, აქტის „2.1.2“ და „2.1.3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების მშენებლობის დასრულების ვადად განისაზღვრა - 2020 წლის 30 მაისი. პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით, თავად მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე არ დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ შპს „კ–ს ?-ის“ მიერ მორიგების აქტით გათვალისიწინებული ვალდებულება შესრულდა 2020 წლის 30 მაისს. პალატამ მართებულად მიიჩნია, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ როგორც წესი, ვალდებულების შესრულების მტკიცება იმ მხარეს ევალებოდა, რომელსაც ეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა, სწორედ მას უნდა ჰქონოდა სრული ინფორმაცია, თუ როდის და რა მოცულობით შესრულდა ვალდებულება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მშენებლობის პროცესი უშუალოდ შპს „კ–ს ?-ის“ ხელმძღვანელობით არ განხორციელებულა, მას უნდა მოეპოვებინა და სასამართლოსთვის წარმოედგინა მტკიცებულებები მშენებლობის მიმდინარეობის და მისი დასრულების შესახებ. თუკი საკუთარი ძალებით ვერ შეძლებდა მათ მოძიებას, შეეძლო, შუამდგომლობით მოეთხოვა სასამართლოს მეშვეობით მათი გამოთხოვა. ამის ნაცვლად, მოპასუხე მხოლოდ იმ განმარტებით შემოიფარგლა, რომ მშენებლობა დროულად დასრულდა. ამის დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

7.4. მოსარჩელე ზიანის მიყენების არსებობის დასადასტურებლად მიუთითებდა, რომ ვინაიდან შენობა-ნაგებობის მშენებლობა დროულად არ დასრულდა, ამ შენობაში განთავსებული ფართები, რომლებიც შეთანხმების თანახმად, სს „თ...-ს“ გადაეცა, არ აღმოჩნდა იმ ფულადი ღირებულების მატარებელი, რაც შეთანხმებით ჰქონდათ მხარეებს გათვალისწინებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე პირის მიმართ სს „თ...-ს“ მოუწია დამატებით ვ.გ–ისთვის გადაეხადა 8 100 აშშ დოლარი, ხოლო ა.ლ–ძისათვის - 5 652 აშშ დოლარი. შესაბამისად, სწორედ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენდა იმ მიზეზობრივ კავშირს, რის საფუძველზეც სს ,,თ...–-ს“ ზემოხსენებული პირებისათვის მოუწია თანხის გადახდა. პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ზიანის ოდენობასთან მიმართებით კვალიფიციური შედავების არ არსებობის პირობებში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე მუხლების საფუძველზე, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო არსებობდა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 ნოემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „კ–ს ?-მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

9. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

9.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ვინაიდან, სასამართლოს მიერ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სამართლებრივად არასწორად იქნა შეფასებული, ასევე არასწორად იქნა განაწილებული მტკიცების ტვირთი.

9.2. მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოების (მშენებლობა არ დასრულებულა დათქმულ ვადაში, 2022 წლის იანვრის მდგომარეობით ჯერ კიდევ არ იყო ტერიტორიიდან გატანილი სამშენებლო ნარჩენები, დაუსრულებელი იყო ფასადის სამუშაოები) მტკიცებითი უპირატესობა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება თავად მოსარჩელეს ეკისრებოდა.

9.3. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ზიანის რეალურად დადგომა და მითუმეტეს მხარისათვის მისი სავარაუდოობა არ დასტურდება და დართული შეთანხმებები ზიანის იმიტაციის მიზნით არის შექმნილი.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ნოემბრის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

15. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

16. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 394-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ს წესი არ მოქმედებს მაში, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 408-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

17. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სამართლებრივად არასწორად იქნა შეფასებული, ასევე არასწორად იქნა განაწილებული მტკიცების ტვირთი.

18. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda“-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.

19. სამოქალაქო კოდექსის 203-ე მუხლი ითვალისწინებს ვალის გადაკისრებას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით, ვალი შეიძლება თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს. ვალის გადაკისრება წარმოადგენს სანივთო-სამართლებრივ გარიგებას, რომელიც აბსოლუტურად ცვლის სამართლებრივი ურთიერთობის თავდაპირველ სუბიექტებს. აღნიშნული ხელშეკრულების სამართლებრივი შედეგი არის ის, რომ მესამე პირი იკავებს მოვალის ადგილს და თავდაპირველი მოვალის მიმართ ვალდებულება წყდება.

20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოთხოვნის დათმობის გარიგებით მოთხოვნა გადადის ახალ კრედიტორზე, რითაც ეს უკანასკნელი ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში იკავებს თავდაპირველი კრედიტორის ადგილს. ამ დროს ხდება კრედიტორის მდგომარეობის გადაცემა სხვა პირზე. მოთხოვნის დათმობით არ ხდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის შეცვლა. არ იცვლება არც მოთხოვნა, რომელიც ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარეობს. მოთხოვნა ისეთსავე მდგომარეობაში გადადის ახალი კრედიტორის ხელში, როგორშიც იგი იყო თავდაპირველი კრედიტორის ხელში. მაგრამ ამისათვის აუცილებელია, რომ მოთხოვნა კრედიტორს ეკუთვნოდეს. მოთხოვნის დათმობის შემთხვევაში, მოვალე მხოლოდ მაშინ იძენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების მოვალეობას, თუ ცედენტმა ცესიონერს ნამდვილი უფლება გადასცა.

21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა).

22. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 20 ივლისს სს „თ...-ს“, შპს „ა. დ–ს“, შპს „ა–ს“, შპს „კ–ს ?-ს“ და სს „თ.ბ–ს“ შორის გაფორმებული მორიგების შესახებ წერილობითი შეთანხმება, საიდანაც დგინდება, რომ შპს „კ–ს ?-მა“ იკისრა ის ვალდებულება, რომელიც შპს „ა–ს“ და სს „ა.დ–ს“ სს „თ...–-ის“ მიმართ გააჩნდა და მას წარმოეშვა სს „თ...-სათვის“, როგორც კონკრეტული უძრავ ქონების გადაცემის, ისე შესაბამისი ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ვალდებულების შესრულების თარიღიც (2020 წლის 30 მაისი).

23. 2022 წლის 02 თებერვალს დ.ი–ძესა და სს „თ...-ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, მოთხოვნის უფლების ნასყიდობის შესახებ. ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგანია - შპს „ა–ისგან“, შპს „ა.დ–ისგან“ და შპს „კ–ს ?“-გან ერთად და ცალ-ცალკე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. ამავე ხელშეკრულების 2.2. ქვეპუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 2.1. ქვეპუნქტში ხსენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გამომდინარეობს ხსენებული კომპანიის/კომპანიების მიერ მშენებლობის დასრულების ვადის გადაცილების შედეგად წარმოქმნილი მატერიალური დანაკლისიდან, რაც გამოიხატა მათგან მიღებული კომერციული ფართების ერთ შემთხვევაში დაბალი ღირებულებით გაყიდვით, ხოლო მეორე შემთხვევაში - გამყიდველის კონტრაქტორებისათვის თანხის გადახდის ვალდებულების გაჩენაში.

24. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცება იმ მხარეს ევალებოდა, რომელსაც ეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა, სწორედ მას უნდა ჰქონოდა სრული ინფორმაცია, თუ როდის და რა მოცულობით შესრულდა ვალდებულება. იმ შემთხვევაშიც, თუ მშენებლობის პროცესი უშუალოდ შპს „კ–ს ?-ის“ ხელმძღვანელობით არ განხორციელებულა, მას უნდა მოეპოვებინა და სასამართლოსთვის წარედგინა მტკიცებულებები მშენებლობის მიმდინარეობის და მისი დასრულების შესახებ. შპს „კ–ს ?-ის“ მხოლოდ აპელირება მშენებლობის დროულად დასრულებაზე, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე, ვერ გახდება აღნიშნული მითითების გაზიარების საფუძელი. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე კომპანიის მიერ მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება 2020 წლის 30 მაისისათვის საქმის მასალებით არ დასტურდება.

25. საქმის მასალებით დადგენილია რომ სს „თ...-მა“ შპს „კ. ?-საგან“ მისაღები ორი უძრავი ქონება გაასხვისა მესამე პირებზე, მათ წინაშე არსებული ფულადი ვალდებულების შესრულების მიზნით. უფრო კონკრეტულად კი ვ.გ–ის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების - 53 100 აშშ დოლარის სანაცვლოდ, მას გადასცა მოთხოვნის უფლება ამავე ღირებულების უძრავ ნივთზე, ხოლო ა.ლ–ძის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების - 37 052 აშშ დოლარის ნაცვლად, გადასცა მას მოთხოვნის უფლება ამავე ღირებულების უძრავ ნივთზე. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ მშენებლობის დაგვიანებით დასრულების გამო ქონება არ აღმოჩნდა შეთანხმებული ღირებულების, ორივე პირის მიმართ სს „თ...-ს“ მოუწია ფულადი თანხის დამატებით ვ.გ–ისთვის გადაეხადა 8 100 აშშ დოლარი, ხოლო ა.ლ–ძესთვის - 5 652 აშშ დოლარი. შესაბამისად, სწორედ აპელანტი მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს იმ მიზეზობრივ კავშირს, რის საფუძველზეც სს „თ...–-ს“ ზემოხსენებული პირებისათვის მოუწია თანხის გადახდა. შესაბამისად, ცხადია, რომ სს „თ...-ს“ მოპასუხის ქმედების შედეგად მიადგა ქონებრივი ზიანი. პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის თანხის ოდენობა განსაზღვრულია იმ თანხების ფარგლებში, რა თანხებითაც სს „თ...-ის“ მიმართ შპს „კ. ?-ის“ ვალდებულება განისაზღვრა.

26. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მართებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ზიანის ანაზღაურების საფუძვლის არსებობის შესახებ. კასატორს კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

27. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში, მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

30. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი 1664.25 ლარის 70% – 1164.97 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „კ–ს ?-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. შპს „კ–ს ?-ს“ (........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1664.25 ლარის (საგადახდო დავალება N181692, გადახდის თარიღი 04.02.2026წ.) 70% – 1164.97 ლარი;;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი