Facebook Twitter

№ას-931-2025 2 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეა ძიმისტარაშვილი, მირანდა ერემაძე

კასატორი – შპს ,,ჯ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.კ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საავტორო უფლების დარღვევისათვის კომპენსაციის დაკისრება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. შპს „ჯ–ი“-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოითხოვა საავტორო უფლებების დარღვევისთვის მოპასუხისთვის კომპენსაციის 50 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება; საავტორო უფლების დარღვევისთვის მოპასუხის მიერ დამზადებული კონტრაფაქციული ფონოგრამისა და აუდიოვიზუალური ნაწარმოების განადგურება და მისი სამომავლო ფლობის განკარგვისა და გავრცელების აკრძალვა, ასევე საჯარო განცხადების გაკეთების დავალება სადაც მოპასუხე მიუთითებს, რომ მის მიერ გამოყენებული მუსიკალური ნაწარმოების ავტორს წარმოდგენს ი.ბ–ძე.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 პრილის გადაწყვეტილება.

5.2. განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით, 2020 წლის 1 თებერვალს მოსარჩელეს ი.ბ–ძის მემკვიდრეებმა მიანიჭეს საავტორო ქონებრივი უფლებების მართვის უფლება. ლიცენზიის საგანია ავტორის საავტორო ქონებრივი უფლებების ლიცენზიატისათვის სამართავად გადაცემა ამ ლიცენზიით გათვალისწინებულ ფარგლებში და წესით. უფლებების გადაცემით ლიცენზიატი ხდება ავტორის მუსიკალური გამომცემელი (Music Publisher) და მას ენიჭება განსაკუთრებული უფლება გამოიყენოს ავტორის ნაწარმოებები ამ ლიცენზიით დადგენილი წესით.

5.3. ლიცენზია მოიცავს ყველა იმ ნაწარმოებს, რომელიც შექმნილია უშუალოდ ავტორის მიერ, მისი ინტელექტუალური შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად და რომელზე უფლებები გადმოცემული არის დანართით. ლიცენზიის საფუძველზე გადაცემული მუსიკალური ნაწარმოებების ჩამონათვალი (რომელიც შეიძლება არ იყოს ამომწურავი სია/ჩამონათვალი) ლიცენზიას თან დაერთვება დანართის სახით, რომელსაც მხარეები შეადგენენ ეტაპობრივად და რომელიც მისი ხელმოწერის მომენტიდანვე ხდება სალიცენზიო ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი (შემდგომში „დანართი“). თუ აღმოჩნდება ნაწარმოები, რომელიც შექმნილი არის ავტორის მიერ, მაგრამ არაა დანართში, მასზე ანალოგიურად ვრცელდება ამ ხელშეკრულების მოქმედება (3.3. მუხლი).

5.4. ამ ლიცენზიის და მხარეთა შორის სამომავლოდ გასაფორმებელი დამატებითი შეთანხმების საფუძველზე ლიცენზიანტზე გადადის გადაცემულ ნაწარმოებებზე შემდეგი საავტორო ქონებრივი უფლებები: ა) ნაწარმოების რეპროდუცირების უფლება; 17 ბ) ნაწარმოების ასლების გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით გავრცელების უფლება; გ) ნაწარმოების ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ან/და საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით, იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობით; დ) ნაწარმოების საჯარო შესრულების უფლება, გარდა საჯარო შესრულებისა იმ ადგილებში, რომლის მართვის უფლებამოსილებაც უფლებისმფლობელს გადაცემული აქვს კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციისათვის: ე) ნაწარმოების გადამუშავების უფლება; ვ) ნაწარმოების ორიგინალის ან ასლის გაქირავების ან/და მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის უფლება.

5.5. ლიცენზიით უფლების მფლობელი ლიცენზიატს ანიჭებს უფლებამოსილებას შეაგროვოს ჰონორარი, გასცეს ლიცენზიები, დაიწყოს და აწარმოოს მოლაპარაკებები ან/და სასამართლო დავა წინამდებარე ლიცენზიის ძალაში შესვლის თარიღამდე ავტორის მუსიკალური ნაწარმოებების ნებისმიერი სახითა და საშუალებით უნებართვო გამოყენებისთვისაც, რომლიდან მიღებული შემოსავალიც მხარეებს შორის ნაწილდება სტანდარტულად, ლიცენზიით გათვალისწინებული პროცენტული ოდენობებითა და წესით.

5.6. ქართული კინოფილმის - „მოკვეთილი“ კომპოზიტორი არის აწ გარდაცვლილი ი.ბ–ძე. [ინტერნეტ სივრცეში განთავსებული ფილმის - „მოკვეთილი“ ტიტრებზე კომპოზიტორად მითითებულია ი.ბ–ძე].

5.7. 2012 წელს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ვიდეო - კლიპი, სადაც ნაჩვენებია, რომ დ.კ–ი (მომღერალ დიანა ღურწკაიასთან ერთად) ასრულებს მუსიკალურ კომპოზიციას სახელწოდებით - „დღე დამიღამე“.

5.8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტი, სარჩელითა და სააპელაციო საჩივრით, როგორც ი.ბ–ძის საავტორო ნამუშევრებზე განსაკუთრებული საავტორო ქონებრივი უფლებების სუბიექტი მოითხოვს დ.კ–ს დაეკისროს კანონით განსაზღვრული კომპენსაციის ანაზღაურება ი.ბ–ძის საავტორო ნამუშევრის უნებართვოდ გამოყენება/გადამუშავება/რეპროდუცირებისათვის.

5.9. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, დ.კ–მა მუსიკალურ ნაწარმოებ „დღე დამიღამეს“ შექმნისას უნებართვოდ გამოიყენა ი.ბ–ძის მიერ შექმნილი საავტორო ნამუშევარი ფილმისთვის „მოკვეთილი“. კერძოდ, აპელანტის მითითებით, ფონოგრამისა და აუდიოვიზუალური ნაწარმოების (კლიპის) დამზადებისას, დ.კ–მა, 71 წამის ხანგრძლივობით, უნებართვოდ გამოიყენა, ი.ბ–ძის მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოები ფილმისთვის „მოკვეთილი“, რითაც უხეშად დაარღვია ავტორის (ი.ბ–ძის) საავტორო ქონებრივი უფლებები. მოპასუხემ განახორციელა საავტორო უფლებების ობიექტების, მუსიკალური ნაწარმოების უნებართვო გადამუშავება, ასევე უნებართვოდ დაამზადა ფონოგრამა და განახორციელა მუსიკალური ნაწარმოების უნებართვო რეპროდუცირება აუდიოვიზუალური ნაწარმოების (კლიპის) ფორმით.

5.10. მოპასუხე უარყოფს დ.კ–ის ავტორობით შექმნილ მუსიკალურ ნაწარმოებში „დღე დამიღამე“, კომპოზიტორ ი.ბ–ძის მუსიკალური ნაწარმოების გამოყენების ფაქტს. მოპასუხე მხარის განმარტებით, მისი ავტორობით მუსიკალური ნაწარმოები „დღე დამიღამე“, კ.თ–ის ლექსზე შეიქმნა 2012 წელს, აღნიშნული ნაწარმოების ფონოგრამა და აუდიოვიზუალური ნაწარმოები (კლიპი) შესრულდა და დამზადდა ასევე 2012 წელს, რომელიც გავრცელდა ინტერნეტში სხვადასხვა ვებ-გვერდზე იმავე წელს.

5.11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა ურთიერთსაპირისპირო პოზიციების გათვალისწინებით შესაფასებელი და გამოსაკვლევი იყო საქმეში არსებული მტკიცებულებები.

5.12. სააპელაციო განხილვის ეტაპზე აპელანტმა შპს „ჯ–იმ“ წარადგინა შპს „მ.ე.ც–ის“ მიერ შედგენილი დასკვნა, რომლის ფარგლებშიც შედარდა 1) ამონარიდი ფილმიდან „მოკვეთილი“ (რომელიც ფილმში ჟღერს 1:26:40-დან - სიმღერის დასრულებამდე) და 2) დ.კ–ის „დღე დამიღამე“ (00:45 წამიდან - 02:05 წუთის ჩათვლით) და დადგინდა მათ შორის არსებული მსგავსების/იდენტურობის პროცენტული მაჩვენებელი.

5.13. აღნიშნულ დასკვნაში, მუსიკალური ექსპერტიზის მეთოდიკის ნაწილში მითითებულია, რომ ექსპერტიზა ტარდება რაოდენობრივი მეთოდების გამოყენებით, რაც გულისხმობს მუსიკალური ნაწარმოებების შედარებას, მათი მსგავსებისა, თუ განსხვავებულობის მათემატიკური სიზუსტით დადგენით და უტყუარად ადგენს მათი მსგავსების პროცენტულობას. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ შესადარებელი ნაწარმოებების მსგავსება-განსხვავების მათემატიკური სიზუსტით დასადგენად, მნიშვნელოვანია მელოდიური ხაზის (ბგერების თანმიმდევრულობას, რომელიც ქმნის/აყალიბებს მელოდიას და წარმოადგენს მუსიკალური ნაწარმოების ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს) გამოყოფა და მათი ერთმანეთთან შედარება.

5.14. დასკვნაში ასევე განმარტებულია, რომ სხვადასხვა მელოდიას შესაძლებელია ჰქონდეს ერთნაირი რიტმი, ჰარმონია, აკორდები, ტემპი/თვლა და ტონალობა, თუმცა ცალკე აღებული ჰარმონიით, აკორდებით ან/და სხვა ზემოთ ჩამოთვლილით, შეუძლებელია ნაწარმოებების მსგავსება-განსხვავების დადგენა და მელოდიის ამოცნობა. ამიტომ, მუსიკალური ნაწარმოების მსგავსება-განსხვავების პროცენტული მაჩვენებლის დასადგენად ერთმანეთს უნდა შედარდეს მხოლოდ მუსიკალური ნაწარმოებების მელოდიური ხაზი. შესაბამისად, ნაწარმოებებს შორის მსგავსება-განსხვავების პროცენტულობის დასადგენად, მელოდიური ხაზი ცალკე გამოიყოფა.

5.15. ექსპერტიზის ფარგლებში, სპეციალური პროგრამის მეშვეობით იქმნება აუდიოვიზუალური ჩანაწერი, რომელიც მუსიკას/სიმღერას პროგრამულად გადააქცევს გამარტივებული ციფრული ბგერების მიმდევრობად. მელოდიური ხაზის გამოყოფის მიზნით, აუდიოვიზუალურ ჩანაწერში განშლილ მელოდიას ამოაკლდება ყველა ის ელემენტი, რომელიც არაა აუცილებელი მელოდიური ხაზის დასაიდენტიფიცირებლად, მათ შორის ამოაკლდება მელიზმები, შესრულების მანერა, ტექსტისაგან წარმოქმნილი მარცვლები, პაუზები, გრძლივობები, ტაქტი/რითმი.

5.16. ექსპერტიზის ფარგლებში, შედარების პროცესში ნაწარმოები N1-ის (ამონარიდი ფილმიდან „მოკვეთილი“) რამდენიმე მსგავსი მონაკვეთიდან გამოიკვეთა ორი მნიშვნელოვანი მონაკვეთი (მონაკვეთი I სიმღერის დასაწყისი (1:26:40– 1:27:31)– N1P1 და მონაკვეთი II სიმღერის დასასრული (1:30:34-1:31:28)– N1P2, რომელსაც პირველადი შედარებით, პროგრამული შედეგების საფუძველზე დაემთხვა ნაწარმოები N2-ის („დღე დამიღამე“) მელოდიური ხაზი. კერძოდ, ექსპერტიზის შედეგად დადასტურდა, რომ ნაწარმოები N2 იდენტურია N1P1-ის 78.04%-ით, ხოლო N1P2-ის 85.53%-ით. (იხ. ტ.2, ს.ფ. 105-119).

5.17. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის ვალიდურობის გადამოწმების მიზნით, შპს „ჯ–ის“ დირექტორმა წერილობით მიმართა საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირს, რის პასუხადაც კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კახა ცაბაძემ განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში გამოყენებული მეთოდოლოგია გასაგები და მისაღებია. ის შეესაბამება მუსიკალურ სფეროში დამკვიდრებულ მეთოდოლოგიებსა და სტანდარტებს. ამასთანავე დაადასტურა, რომ კავშირი იზიარებს ექსპერტიზის დასკვნაში გაკეთებულ დასკვნებსა და მის შედეგებს მსგავსების დონესთან დაკავშირებით (იხ. ტ.2, ს.ფ. 195).

5.18. წარმოდგენილი დასკვნის შეფასებისა და მასზე დაყრდნობით გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შესაძლებლობის განსაზღვრისათვის, სასამართლო სხდომაზე მოწვეული იქნა ახსნა-განმარტების ჩამორთმევის მიზნით, დასკვნის უშუალო შემდგენელი - შპს „მ.ე.ც–ის“ დირექტორი თ.ა–ძე, რომელმაც მის პროფესიულ საქმიანობასთან/ცოდნასთან და კვალიფიკაციასთან მიმართებით განმარტა, რომ იგი არის სტუდენტი (22 წლის) და სწავლობს ხმის ინჟინერიას, შესაბამისად იგი ექსპერტად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც გახდა საჭირო მის მიერ შედგენილი დასკვნა დამოწმებულიყო გ.შ–ის, როგორც კომპოზიტორის, პიანისტის და აღნიშნული დარგის ექსპერტის მხრიდან. თ.ა–ძემ დაადასტურა, რომ დასკვნა შედგენილია უშუალოდ მის მიერ კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით და გ.შ–მა ხელმოწერით დაადასტურა დასკვნის სისწორე.

5.19. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ წარმოდგენილი დასკვნა არ არის შედგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 175-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, კერძოდ თ.ა–ძემ ზეპირი განმარტებისას აღნიშნა, რომ ექსპერტის მხრიდან ფიცი არ დადებულა, მ.ე.ც–ი აქვს დაარსებული, თუმცა ეს პირველი სასამართლო დასკვნაა.

5.20. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მითითებული გარემოებები, კერძოდ დასკვნის შემდგენილი პირის კვალიფიკაცია (სტუდენტი), 22 წლის ადამიანის პროფესიული გამოცდილება, ცოდნა, ასევე დასკვნის შედგენის წესი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებიდან და დასადგენი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ვერ განიხილება სსსკ-ს 162-ე 176-ე მუხლებით განსაზღვრულ მტკიცებულების სახედ - ექსპერტიზის დასკვნად, არამედ შესაძლოა თ.ა–ძის განმარტებები და წერილობითი დასკვნა შეფასდეს მისი, როგორც სპეციალისტის, სადავო საკითხის სფეროში მომუშავე პირის მოსაზრება, რომელმაც უშუალოდ მოახდინა ორი ნაწარმოების შედარება.

5.21. თ.ა–ძის განმარტებით, მან მოახდინა შესადარებელი მუსიკალური ნაწარმოებების გაციფრულება და ამ გზით ნაწარმოებთა ურთიერთშედარება. გაციფრულებაში მოიაზრება მუსიკის კომპიუტერულ პროგრამაში გადატანა, რომელშიც შესაძლებელია მელოდიური ხაზის ცალკე გამოყოფა, მისი ციფრულ ინფორმაციად ქცევა და დადგენა, თუ რა ნოტებია მუსიკაში გამოყენებული, რაც გამოისახება ციფრული ფაილის სახით. შედარების შედეგად დადგინდა, რომ ტონალობა არის სხვა, კერძოდ ნახევარი ტონია სხვაობა შესადარებელ ნაწარმოებებს შორის, მაგრამ ასევე დადგინდა მელოდიური ხაზის პროცენტული მსგავსება. სპეციალისტის განმარტებით, მელოდიური ხაზი არის მნიშვნელოვანი, რომელიც წარმოადგენს ნოტების და ბგერების ერთობლიობას. სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ კონკრეტული მონაკვეთები შედარდა მხოლოდ მელოდიური ხაზით და ფონზე დართული ერთი გაბმული ნოტით. შესადარებელი მონაკვეთები იყო აკორდების გარეშე, რიტმის გარეშე. კილოური და კუთხური ელემენტები გამოირიცხა, ასევე გამოირიცხა მელიზმები (ინდ. მუსიკოსისთვის დამახასიათებელი გამღერებული ფრაზა), რადგანაც აღნიშნულს არ აქვს კავშირი მელოდიურ ხაზთან. სპეციალისტის განმარტებით, მელოდიური ხაზი არის ის რაც მუსიკას აძლევს უნიკალურობას. ნოტების თანმიმდევრულობა ქმნის მელოდიურ ხაზს. სპეციალისტმა ასევე აღნიშნა, რომ მუსიკა არაერთი კომპონენტისგან შედგება, თუმცა როდესაც დავა არის საავტორო უფლებაზე, ამ დროს მელოდიური ხაზია განმსაზღვრელი. ორივე სიმღერა არის ფოლკლორულზე აგებული. სპეციალისტმა ასევე მიუთითა, რომ მას შესადარებლად ნოტები არ გადასცემია, მხოლოდ აუდიო ფაილები მიაწოდეს და კომპიუტერული პროგრმით დადგენილი მსგავსება ეხება არა მთლიან მელოდიებს, არამედ შედარებულია 71 წამიანი მონაკვეთი. ამდენად, თ.ა–ძის მიერ შედგენილ დასკვნასთან მიმართებით, საყურადღებოა ის გარემოება, რომ დასკვნის შემდგენელი პირის განმარტებით, მან ნაწარმოებთა მსგავსების დადგენის მიზნით, შეადარა მხოლოდ მელოდიური ხაზი, რაც მისი მოსაზრებით წარმოადგენს მთავარ ელემენტს საავტორო უფლებების შელახვის საკითხის დადგენისათვის.

5.22. აღნიშნული დასკვნის საპირისპიროდ მოწინააღმდეგე მხარემ წარმოადგინა ნ.ვ–ის (ეთნომუსიკოლოგი მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხით (მუსიკისმცოდნე - ფოლკლორისტი - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, 1986 წლი), მომღერალი, ლოტბარი, მგალობელ-რეგენტი, პედაგოგი, ექსპერტი სამუსიკო ფოლკლორის დარგში, პოლონეთის ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალის სამხატვრო საბჭოს წევრი) წერილობითი მოსაზრება შესადარებელ ნაწარმოებთა მსგავსება განსხვავების დადგენის მიზნით, რომლის ფარგლებშიც განმარტებულია, რომ ორივე ნაწარმოებში ინტონაციები ეფუძნება მთის, კერძოდ, ფშავ-ხევსურულ მელოდიკას, კილო კი უფრო ხშირად ფშავურია. მთის კილოკავისთვის და მელოდიკისთვის დამახასიათებელია კილოს მაღალი საფეხურიდან დაღმავალი ინტონაციები, რაც ორივეგან გვხდება. ანალოგიურ ინტონაციებია მოცემული სხვა ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებაშიც (მაგალითად შ.შ–ძის პოემა „ზვიადაურში“), სადაც კომპოზიტორები მთის ინტონაციებსა და კილოკავს იყენებენ. რაც შეეხება კონკრეტულ განსხვავებებს, მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ „მომღერლების შესრულებაში რამდენიმე თავისუფალი მეტრ-რიტმი ფშავური სუფრულების და „კაფიების“ ინტონაციასა და მეტრ-რიტმს მოგვაგონებს; - კ–თან თავისუფალი მეტრ-რიტმია, ბ–თან მკვეთრად ჩამოყალიბებული ¾;- პირველსავე ტექსტში კილოს მე-5 საფეხურიდან მე-6 აღმავალი ინტონაცია კ–თან დორიული სექსტაა (კილოს მაღალი მე-6 საფეხური), ხოლო ბ–სთან - ფრიგიული კილოა თავიდან ბოლომდე (დაბალი მე-2 საფეხური მინორულ კილოში);- მეტ-ნაკლებად მიმსგავსებულია აღმავალი ნახტომი - ბ–სთან მე-5-6 ტაქტი და კ–თან მე-3. ამ მსგავსებას იწვევს კილოს მე-3 საფეხურიდან ნახტომი მე-6-ზე და შემდეგ დაღმავალი სვლა. თუმცა, ეს დაღმავალი სვლაც „ზოგადფშაური“ მოვლენაა. ამრიგად წარმოდგენილი ორივე ნიმუში ემყარება მთისკილოებსა და ინტონაციებს“ (იხ. ტ2, ს.ფ. 190).

5.23. მოწინააღმდეგე მხარემ ასევე წარადგინა შპს „თბილისის ექსპერტიზის ბიუროს“ საექსპერტო დასკვნა (ექსპერტები: შიო აბრახამია, ლელა თათარაიძე, მალხაზ ერქვანიძე).

5.24. ექსპერტებმა შეადარეს დ.კ–ის მუსიკალურ ნაწარმოები „დღე დამიღამე“ და ი.ბ–ძის მუსიკალური ნაწარმოები ფილმიდან „მოკვეთილი“. დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ დავით კენჭიშვილის მუსიკალურ ნაწარმოებში „დღე დამიღამე“ ვოკალით შესრულებულ სიმღერასა და ი.ბ–ძის მუსიკალურ ნაწარმოებს შორის, რომელიც მოცემულია ფილმში „მოკვეთილი“ მსგავსება არ არსებობს. ექსპერტიზის დასკვნაში განმარტებულია, რომ მოცემულ ნაწარმოებებს შორის მსგავსება წარმოადგენს კილოს საქცევს, რომელიც ფშაური მუსიკალური ფოლკლორის შთაგონებით შექმნილი რამდენიმე ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებებშიც იჩენს თავს. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ მუსიკალური კილოს რაობა წარმოადგენს მუსიკალურ ბგერათა ურთიერთკავშირის სისტემას ბგერათრიგში. მის თითოეულ საფეხურს (ბგერას) აქვს განსაკუთრებული ფუნქცია, რომელიც განპირობებულია არამდგრადი ბგერების მიზიდულობით მდგრადი (საყრდენი) ბგერისკენ. სწორედ ეს მიზიდულობის პრინციპი, არის არა როგორც ექსკლუზივი, არამედ, როგორც ამ შემთხვევაში „ფშავ კილოსთვის“ და ზოგადად აღმოსავლეთ საქართველოს მთის ფოლკლორისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი - მელოდიის დაღმავალი სვლა, მიზიდულობა კილოს მეორე საფეხურზე, შეყოვნება და საყრდენ ბგერაში (ტონიკა) გადაწყვეტაა. მსგავსი ტიპის საქცევები გვხვდება, როგორც ი. ბობოხიძის, ასევე მის მსგავსად ფშავ ხევსურული მუსიკალური ფოლკლორის ნიშნების საკუთარ შემოქმედებაში გამოყენებით დაინტერესებული ნ. სულხანიშვილის, შ. მშველიძის, ო. თაქთაქიშვილის, ს. ნასიძის, ი. კეჭაყმაძის და სხვა კომპოზიტორების შემთხვევაში. დასკვნაში მიეთითა, რომ საექსპერტო კვლევის დროს განხორციელდა მუსიკალურ ნაწარმოებებს შორის მსგავსებისა და განსხვავების კვლევა. მუსიკა სმენით შეიგრძნობა და აღიქმება, რასაც მუსიკოსები კომპიუტერულ ტექნოლოგიათა ჩარევის გარეშეც საუკუნეების განმავლობაში ახერხებდნენ. დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ნიმუშები ემყარება მთის კილოებს და ინტონაციებს, შესაბამისად მსგავსება დ. კ–ის მუსიკალურ ნაწარმოებში „დღე დამიღამე“ ვოკალით შესრულებულ სიმღერასა და ი.ბ–ძის მუსიკალურ ნაწარმოებს შორის, რომელიც მოცემულია ფილმში „მოკვეთილი“, არ არსებობს.

5.25. სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა ზემოთ მოხმობილი ექსპერტიზის დასკვნის ერთ-ერთი შემდგენელი, ექსპერტი შიო აბრახამია, რომელმაც მის კვალიფიკაციასთან მიმართებით განმარტა, რომ 2009 წელს დაამთავრა კონსერვატორია, როგორც საგუნდო დირიჟორმა (მაგისტრის ხარისხით), ასევე დაცული აქვს სადოქტორო პროგრამა, როგორც მუსიკოლოგი, მუსიკალური ნაწარმოებების მკველვარი. აქვს შესაბამისი სამუშაო გამოცდილება.

5.26. უშუალოდ დასკვნასთან მიმართებით, ექსპერტმა განმარტა, რომ შედარდა ორი ნაწარმოები, პირველ რიგში ექსპერტები დაინტერესდნენ ნოტების არსებობით, რის ნაცვლადაც წარმოდგენილი იყო ჩანაწერები, მაშინ როდესაც ი.ბ–ძე სადავო მუსიკის შედგენისას ვერ გამოიყენებდა კომპიუტერულ ტექნოლოგიას და მის მიერ მუსიკალური ნაწარმოები დაწერილი იქნებოდა ნოტების მეშვეობით. ნოტებით მელოდია გამოისახება სანოტო მასალით და შესაბამისად, მსგავსების დასადგენად უნდა შედარებულიყო ნოტები. ამასთანავე, რადგანაც ექსპერტებს გააჩნიათ სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მათ შესწევთ უნარი სმენის მეშვეობით მოახდინონ ნაწარმოებთა შედარება, თუმცა ნოტების არსებობა საჭირო იყო თვალსაჩინოებისათვის. სადავო მონაკვეთთან მიმართებით, ექსპერტმა განმარტა, რომ აღნიშნული მონაკვეთი არ არის ორიგინალური თემა ი.ბ–ძისათვის, ეს არის ხალხური, უფრო კონკრეტულად აღმოსავლეთ საქართველოს ფშავური კილო-კავი. მელოდია შედგება ხალხური სიმღერისათვის დამახასიათებელი ელემენტისაგან. აღნიშნული სადავო მონაკვეთი/ფრაგმენტი არ არის ბობოხიძის შექმნილი ეს არის ფშავური მუსიკალურ კილო-საქცევზე აგებული მონაკვეთი. იგივე ფრაგმენტი მანამდეც გამოყენებულა. ეს მონაკვეთი არის ხალხური კილო-საქცევი, რომლითაც მთავრდება ქართული სიმღერების დიდი ნაწილი. აღნიშნული ხალხური მოტივები ვერ მიიჩნევა ვერავის კუთვნილებად. ი.ბ–ძის არის მთლიანი მელოდია, ხოლო მისი გარკვეული ნაწილები, რომელიც არის სადავო განსახილველ შემთხვევაში არის ხალხური.

5.27. ექსპერტის მოსაზრებით, კომპიუტერის მეშვეობით ვერ შედარდებოდა ნოტები, ექსპერტებმა მელოდიის მეშვეობით შექმნეს და გადმოიტანეს ნოტები, მოსმენილისა და შედარების საფუძველზე გამოჩნდა სხვაობა, რაც კომპიუტერმა გამორიცხა. მელიზმებთან მიმართებით, ექსპერტმა განმარტა, რომ მელიზმა არის ნაწარმოების შემამკობელი და მისგან შედგება სწორედ მელოდიური ხაზი და არსებითია. შედარებაც უნდა განხორციელდეს ერთობლიობაში და თუ არ მოხდება აღნიშნულის გათვალისწინება, მაშინ არსებობობს 12 ბგერა და ყველა ნაწარმოები ერთმანეთის მსგავსად მიიჩნევა.

5.28. ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ ორივე მელოდია აგებულია ხალხურ მოტივებზე. კადანსი (აზრის დაბოლოება) ხალხურ თემაზე აგებული მელოდიის დაბოლოებაა და არავის ექსკლუზივი არ არის, წარმოადგენს ქართული სიმღერის თავისებურებას. ეს არის კილო საქცევი და არა მელოდია, რომელიც არის უფრო ვრცელი მოცემულობა და არა აღნიშნული შესადარებელი წამები. ექსპერტის მოსაზრებით, მსგავსება განსხვავების დასადგენად მხოლოდ მელოდიური ხაზის შემოწმება არასწორია და მელოდია უნდა შეფასდეს ერთობლიობაში. მელოდიური ხაზიდან კონკრეტული ფრაგმენტი არც ერთ აღნიშნულ ავტორს არ ეკუთვნის და მოდის ქართული ტრადიციიდან. შესადარებელ ორ ფრაგმეტს შორის მსგავსება არის ინტონაციაში, ორივე ხალხურ ინტონაციას ეყრდნობა. ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ პლაგიატია არის მთელი ნაწარმოების გადმოტანა, პლაგიატია ეს მონაკვეთი ვერ იქნება.

5.29. ამდენად კონკრეტული ექსპერტის მოსაზრებით დ.კ–ის მუსიკალური ნაწარმოების „დღე დამიღამეს“ კონკრეტული სადავო მონაკვეთი არ არის ი.ბ–ძის ნაწარმოების ფილმ „მოკვეთილის“ კონკრეტული ამონარიდის მსგავსი. ამასთანავე, ცალკე აღებული შესადარებელი ფრაგმენტები ვერ მიიჩნევა რომელიმე ავტორის საავტორო ნამუშევრად, რადგანაც მოდის ქართული ხალხური ტრადიციიდან და დამახასიათებელია აღნიშნული ჟანრისათვის.

5.30. სააპელაციო პალატამ შეაფასა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ექსპერტთა/სპეციალისტთა ზეპირი განმარტებები, მათი კვალიფიკაცია, შედგენილი დასკვნების დასაბუთებულობის ხარისხი და არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება ი.ბ–ძის საავტორო უფლებების დარღვევასთან მიმართებით, რადგანაც მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება დასახელებული პირის საავტორო უფლებების შელახვის ფაქტი, რაც გამორიცხავს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, კომპენსაციის მოთხოვნის უფლებას. პალატა იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც შედგენილია შესაბამისი დარგის სპეციალისტების/ექსპერტების მხრიდან და რომელიც შეიცავს შესაბამის დასაბუთებას შესადარებელ მუსიკალური ნაწარმოებების ფრაგმენტების სხვაობას შორის, ასევე შეიცავს სათანადო დასაბუთებას კონკრეტული მონაკვეთის/ფრაგმენტის საავტორო კუთვნილებისადმი დაქვემდებარების არამართებულობასთან მიმართებით, რაც პალატას სსსკ-ს 105-ე მუხლის საფუძველზე უქმნის მყარ შინაგან რწმენას სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობასთან მიმართებით. კერძოდ, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა ი.ბ–ძის საავტორო უფლებების შელახვა, რის საპირისპიროდაც მოწინააღმდეგე მხარემ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით, ასევე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის მოსაზრებით შეძლო დაედასტურებინა შესადარებელი მუსიკალური ნაწარმოებების არაიდენტურობა/არამსგავსება და შესაბამისად გამორიცხა ი.ბ–ძის საავტორო ნამუშევრის უნებართვო სარგებლობა/გადამუშავება/რეპროდუცირება, ყოველივე აღნიშნული კი, უსაფუძვლოს ხდის მოთხოვნას კომპენსაციის ანაზღაურებასთან მიმართებით. რაც შეეხება აპელანტთა მიერ წარმოდგენილ წერილობით დასკვნას, როგორც ზემოთ პუნქტებში აღინიშნა, დასახელებული დოკუმენტი მისი შემდგენი პირის კვალიფიკაციის, სამუშაო გამოცდილების, შედგენის წესისა და მეთოდიკის გათვალისიწნებით ნაკლებ გასაზიარებელია და ვერ გააქარწყლებს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას.

6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 აპრილის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. შპს „ჯ–ი“ წარმოდგენილი სარჩელით, როგორც ი.ბ–ძის საავტორო ნამუშევრებზე განსაკუთრებული საავტორო ქონებრივი უფლებების სუბიექტი მოითხოვს საავტორო უფლებების დარღვევისთვის მოპასუხისთვის კომპენსაციის 50 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრებას, საავტორო უფლების დარღვევისთვის მოპასუხის მიერ დამზადებული კონტრაფაქციული ფონოგრამისა და აუდიოვიზუალური ნაწარმოების განადგურებასა და მისი სამომავლო ფლობის განკარგვისა და გავრცელების აკრძალვას, ასევე საჯარო განცხადების გაკეთების დავალებას, სადაც მოპასუხე მიუთითებს, რომ მის მიერ გამოყენებული მუსიკალური ნაწარმოების ავტორს წარმოდგენს ი.ბ–ძე.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული და დაცულია ინტელექტუალური საკუთრება (მუხლი 20), რომლის ობიექტს წარმოადგენს საავტორო უფლებები და რომელიც რეგლამენტირებულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე ამ სფეროს მომწესრიგებელი საერთაშორისო აქტებით. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის შესაბამისად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების უფლება) ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებით გამოყენებადი ნორმაა და უზრუნველყოფს მის, როგორც პირის უფლების დაცვის რეალიზებას.

14. „ლიტერატურის და ხელოვნების ნაწარმოების დაცვის“ ბერნის კონვენციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კონვენციით დაცული ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების ავტორებს აქვთ ამ ნაწარმოებების ნებისმიერი სახით ან ფორმით რეპროდუცირებაზე ნებართვის გაცემის განსაკუთრებული უფლება.

15. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, „ავტორი“ არის ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგადაც შეიქმნა ნაწარმოები.

16. ამავე კანონის 5.1 მუხლის თანახმად, საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საავტორო უფლება ვრცელდება ნაწარმოებზე, რომელიც ობიექტური ფორმით არსებობს, ანუ საავტორო უფლებით დაცული ობიექტი რეალურად შექმნილია.

17. კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, საავტორო უფლება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე წარმოიშობა მათი შექმნის მომენტიდან. ნაწარმოები შექმნილად ითვლება, როდესაც იგი გამოხატულია რაიმე ობიექტური ფორმით, რაც მისი აღქმისა და რეპროდუცირების საშუალებას იძლევა. სპეციალური კანონის 6.1 მუხლის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებს მიეკუთვნება მუსიკალური ნაწარმოები ტექსტით ან უტექსტოდ, ასევე აუდიოვიზუალური ნაწარმოები. მოხმობილი კანონის 10.1. მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სათანადო წესით აღნიშნულია, როგორც ავტორი, ნაწარმოების ორიგინალზე ან ასლზე, მიიჩნევა ნაწარმოების ავტორად, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო დასაბუთება. ამავე კანონის 15.1. მუხლით აუდიოვიზუალური ნაწარმოების ავტორები (თანაავტორები) არიან: დამდგმელი რეჟისორი, სცენარის ავტორი, დიალოგების ავტორი, ავტორი ტექსტიანი ან უტექსტო მუსიკალური ნაწარმოებისა, რომელიც შექმნილია სპეციალურად ამ აუდიოვიზუალური ნაწარმოებისათვის. სპეციალური კანონის 35.1. მუხლით საავტორო უფლება გადაიცემა კანონით ან ანდერძით მემკვიდრეობის წესით ანდა ხელშეკრულებით. ამავე კანონის 37.1. მუხლით კი განსაკუთრებული ლიცენზიის ხელშეკრულებით ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი მხოლოდ ლიცენზიატს აძლევს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს ნაწარმოები ხელშეკრულებით განსაზღვრული სახითა და ფარგლებში და მასვე ანიჭებს უფლებას, აკრძალოს ნაწარმოების ამგვარი გამოყენება სხვა პირთა (მათ შორის, ავტორის) მიერ.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მტკიცებით, დ.კ–მა მუსიკალურ ნაწარმოები „დღე დამიღამეს“ შექმნისას უნებართვოდ გამოიყენა ი.ბ–ძის მიერ შექმნილი საავტორო ნამუშევარი ფილმისთვის „მოკვეთილი“. კერძოდ, აპელანტის მითითებით, ფონოგრამისა და აუდიოვიზუალური ნაწარმოების (კლიპის) დამზადებისას, დ.კ–მა, 71 წამის ხანგრძლივობით, უნებართვოდ გამოიყენა, ი.ბ–ძის მიერ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოები ფილმისთვის „მოკვეთილი“, რითაც უხეშად დაარღვია ავტორის (ი.ბ–ძის) საავტორო ქონებრივი უფლებები. მოპასუხემ განახორციელა საავტორო უფლებების ობიექტების, მუსიკალური ნაწარმოების უნებართვო გადამუშავება, ასევე უნებართვოდ დაამზადა ფონოგრამა და განახორციელა მუსიკალური ნაწარმოების უნებართვო რეპროდუცირება აუდიოვიზუალური ნაწარმოების (კლიპის) ფორმით.

19. მოპასუხე უარყოფს დ.კ–ის ავტორობით შექმნილ მუსიკალურ ნაწარმოებში „დღე დამიღამე“, კომპოზიტორ ი.ბ–ძის მუსიკალური ნაწარმოების გამოყენების ფაქტს. მოპასუხე მხარის განმარტებით, მისი ავტორობით მუსიკალური ნაწარმოები „დღე დამიღამე“, კ.თ–ის ლექსზე შეიქმნა 2012 წელს, აღნიშნული ნაწარმოების ფონოგრამა და აუდიოვიზუალური ნაწარმოები (კლიპი) შესრულდა და დამზადდა ასევე 2012 წელს, რომელიც გავრცელდა ინტერნეტში სხვადასხვა ვებ-გვერდზე იმავე წელს.

20. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (შეად. სუსგ-ებს: N ას- 475-2019, 15.04.2021წ; N ას-1065-2020, 08.04.2021წ; N ას- 338-2019, 22.03.2021წ; N ას-156-2023, 24.07.2023წ; N ას-1186-2023, 24.09.2024წ.).

21. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

22. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ექსპერტის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ამასთან, ექსპერტი პროცესის მონაწილე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. საბოლოოდ, სასამართლო განსაზღვრავს ექსპერტის დასკვნის იურიდიულ ძალას და ამ მტკიცებულების შეფასების შედეგად ადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. სუსგ-ები №ას-940-2021, 01.12.2021 წ.; №ას-607-2022, 15.02.2023წ.; №ას-1138 -2023, 26.12.2023წ; N ას-637-2024, 24.07.2024წ.). დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებიდან გამომდინარე, ექსპერტიზის ჩატარება და დასკვნის სასამართლოში წარდგენა მხარის საპროცესო უფლებაა. საბოლოოდ, როგორც სხვა მტკიცებულებების, ასევე, ექსპერტის დასკვნის იურიდიული ძალას აფასებს სასამართლო. რაც შეეხება ექსპერტის დასკვნის იურიდიულ ძალას, იგი თანაბარი იურიდიული ძალის მქონეა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან მიმართებით.

24. ამ შემთხვევაშიც სსსკ-ის 105-ე მუხლის მიხედვით, მოქმედებს მტკიცებულებათა სასამართლოს შინაგანი რწმენის საფუძველზე შეფასების პრინციპი. სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სასამართლოსათვის არც ერთი მტკიცებულება არ არის წინასწარ სავალდებულო. აღნიშნული ნორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექსპერტის დასკვნასთან მიმართებით. სსსკ-ის 172-ე მუხლის მიხედვით, მოსამართლე არ არის დამოკიდებული ექსპერტის აზრზე. ექსპერტის დასკვნისათვის, როგორც მტკიცებულების წყაროსათვის, მნიშვნელოვანია, რომ ის წარმოადგენდეს საპროცესო კოდექსით ნორმატიულად დადგენილ წესებს დაქვემდებარებულ დოკუმენტს, ყურადღება უნდა მიექცეს კვლევის მეთოდებს, საკვლევ მასალას და სხვადასხვა სპეციფიკურ დეტალებს, გამომდინარე ჩატარებული ექსპერტიზის სახეობიდან. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნის შეფასება ხდება ზოგადად მტკიცებულებების შეფასებისათვის დადგენილი ყოველმხრივი სრული და ობიექტური განხილვის კრიტერიუმებით. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა კი, გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას. ექსპერტის დასკვნის მტკიცებულებითი ძალა დამოკიდებულია მთელ რიგ პროცედურულ ასპექტებზე, კერძოდ, სწორად გაიგო თუ არა ექსპერტმა დასმული კითხვა და რამდენად სწორად არის ეს გადმოცემული მის დასკვნაში; რამდენად სწორ საფუძვლებსა და წინაპირობებს ეყრდნობა ექსპერტი; მოყვანილია თუ არა დასკვნაში ის ხერხები და მეთოდები, რომელთა საშუალებითაც ექსპერტი მივიდა შესაბამის შედეგებამდე; იყო თუ არა გამოსაკვლევი მასალა (ნიმუში) საკმარისი; არის თუ არა გასაგები დასკვნის შედეგი. ამასთან, ერთი მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასება დამოკიდებულია მეორე მხარის კვალიფიციურ შედავებაზე“ (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-122; იხ. სუსგ-ები: №ას-1152-2021, 31.01.2022 წ.; №ას-666-2022, 07.07.2022წ.; ას-1038-2022, 20.07.2023წ.; №ას-687-2021, 16.05.2024წ; N ას-637-2024, 26.07.2024წ.). სსსკ-ის 162-ე მუხლის გამოყენება სასამართლოს უფლებამოსილებას განეკუთვნება და არა მის ვალდებულებას, ამასთან, მოსამართლეს (სასამართლოს კოლეგიურ შემადგენლობას) საკმარისი კვალიფიკაცია, პროფესიული ცოდნა და ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს იმის გადასაწყვეტად, თუ რა შემთხვევაშია საჭირო ექსპერტი-სპეციალისტის ცოდნის გამოყენება.

25. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი ექსპერტების დასკვნების შეფასების გაზიარებით განმარტავს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი დასკვნა, რომლის ფარგლებშიც სადავო ნაწარმოების მსგავსი იყო საავტორო უფლებით დაცული შესადარებელი ნაწარმოებისა, წარმოდგენილია ამავე დასკვნის შემდგენელი ცენტრის დირექტორის მიერ, რომლის განმარტებითაც, ის არის სტუდენტი, სწავლობს ხმის ინჟინერიას, აღნიშნულის გათვალისწინებით მისი მიჩნევა ექსპერტად მოცემულ ეტაპზე შეუძლებელია და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო მის მიერ ჩატარებული კვლევის სხვა პირების მიერ დამოწმება. ამასთან, მის მიერ ჩატარებული კვლევა გულისხმობდა მხოლოდ კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით (ნაწარმოებების გაციფრულებით) შესადარებელი ნაწარმოებების შედარებას. სხდომაზე მიწვეულმა სპეციალისტმა განმარტა, რომ სადავო ნაწარმოებების შესადარებელი მონაკვეთები შედარდა მხოლოდ მელოდიური ხაზით და ფონზე დართული ერთი გაბმული ნოტით. შესადარებელი მონაკვეთები იყო აკორდების გარეშე, რიტმის გარეშე. კილოური და კუთხური ელემენტები გამოირიცხა, ასევე გამოირიცხა მელიზმები (ინდ. მუსიკოსისთვის დამახასიათებელი გამღერებული ფრაზა). აღსანიშნავია, რომ მას პირველად მოუწია სასამართლოსთვის ექსპერტიზის შედგენა და სსსკ-ის დადგენილი წესით ფიცი არ დაუდია.

26. აღნიშნული მტკიცებულების საპირისპიროდ მოპასუხეს წარმოდგენილი აქვს ნ.ვ–ის (ეთნომუსიკოლოგი მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხით (მუსიკისმცოდნე - ფოლკლორისტი - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, 1986 წლი), მომღერალი, ლოტბარი, მგალობელ-რეგენტი, პედაგოგი, ექსპერტი სამუსიკო ფოლკლორის დარგში, პოლონეთის ბავშვთა საერთაშორისო ფესტივალის სამხატვრო საბჭოს წევრი) წერილობითი მოსაზრება შესადარებელ ნაწარმოებთა მსგავსება განსხვავების დადგენის მიზნით, რომლის ფარგლებშიც განმარტებულია, რომ ორივე ნაწარმოებში ინტონაციები ეფუძნება მთის, კერძოდ, ფშავ-ხევსურულ მელოდიკას, კილო კი უფრო ხშირად ფშავურია. მთის კილოკავისთვის და მელოდიკისთვის დამახასიათებელია კილოს მაღალი საფეხურიდან დაღმავალი ინტონაციები, რაც ორივეგან გვხდება. ანალოგიურ ინტონაციებია მოცემული სხვა ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედებაშიც (მაგალითად შალვა შველიძის პოემა „ზვიადაურში“), სადაც კომპოზიტორები მთის ინტონაციებსა და კილოკავს იყენებენ. რაც შეეხება კონკრეტულ განსხვავებებს, მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ: - „მომღერლების შესრულებაში რამდენიმე თავისუფალი მეტრ-რიტმი ფშავური სუფრულების და „კაფიების“ ინტონაციასა და მეტრ-რიტმს მოგვაგონებს; - კ–თან თავისუფალი მეტრ-რიტმია, ბ–სთან მკვეთრად ჩამოყალიბებული ¾;- პირველსავე ტექსტში კილოს მე-5 საფეხურიდან მე-6 აღმავალი ინტონაცია კ–თან დორიული სექსტაა (კილოს მაღალი მე-6 საფეხური), ხოლო ბ–სთან - ფრიგიული კილოა თავიდან ბოლომდე (დაბალი მე-2 საფეხური მინორულ კილოში);- მეტ-ნაკლებად მიმსგავსებულია აღმავალი ნახტომი- ბ–სთან მე-5-6 ტაქტი და კ–თან მე-3. ამ მსგავსებას იწვევს კილოს მე-3 საფეხურიდან ნახტომი მე-6-ზე და შემდეგ დაღმავალი სვლა. თუმცა, ეს დაღმავალი სვლაც „ზოგადფშაური“ მოვლენაა. ამრიგად წარმოდგენილი ორივე ნიმუში ემყარება მთისკილოებსა და ინტონაციებს“ (იხ. ტ2, ს.ფ. 190).

27. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საპასუხოდ წარდგენილია ასევე შპს „თბილისის ექსპერტიზის ბიუროს“ საექსპერტო დასკვნა (ექსპერტები: შიო აბრახამია, ლელა თათარაიძე, მალხაზ ერქვანიძე). ექსპერტებმა შეადარეს დ.კ–ის მუსიკალურ ნაწარმოები „დღე დამიღამე“ და ი.ბ–ძის მუსიკალური ნაწარმოები ფილმიდან „მოკვეთილი“. დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილ დ. კ–ის მუსიკალურ ნაწარმოებში „დღე დამიღამე“ ვოკალით შესრულებულ სიმღერასა და ი.ბ–ძის მუსიკალურ ნაწარმოებს შორის, რომელიც მოცემულია ფილმში „მოკვეთილი“ მსგავსება არ არსებობს. ექსპერტიზის დასკვნაში განმარტებულია, რომ ნაწარმოებებს შორის მსგავსება წარმოადგენს კილოს საქცევს, რომელიც ფშაური მუსიკალური ფოლკლორის შთაგონებით შექმნილი რამდენიმე ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებებშიც იჩენს თავს. დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ მუსიკალური კილოს რაობა წარმოადგენს მუსიკალურ ბგერათა ურთიერთკავშირის სისტემას ბგერათრიგში. მის თითოეულ საფეხურს (ბგერას) აქვს განსაკუთრებული ფუნქცია, რომელიც განპირობებულია არამდგრადი ბგერების მიზიდულობით მდგრადი (საყრდენი) ბგერისკენ. სწორედ ეს მიზიდულობის პრინციპი, არის არა როგორც ექსკლუზივი, არამედ, როგორც ამ შემთხვევაში „ფშავ კილოსთვის“ და ზოგადად აღმოსავლეთ საქართველოს მთის ფოლკლორისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი - მელოდიის დაღმავალი სვლა, მიზიდულობა კილოს მეორე საფეხურზე, შეყოვნება და საყრდენ ბგერაში (ტონიკა) გადაწყვეტაა. მსგავსი ტიპის საქცევები გვხვდება, როგორც ი. ბობოხიძის, ასევე მის მსგავსად ფშავ ხევსურული მუსიკალური ფოლკლორის ნიშნების საკუთარ შემოქმედებაში გამოყენებით დაინტერესებული ნ. სულხანიშვილის, შ. მშველიძის, ო. თაქთაქიშვილის, ს. ნასიძის, ი. კეჭაყმაძის და სხვა კომპოზიტორების შემთხვევაში. დასკვნაში მიეთითა, რომ საექსპერტო კვლევის დროს განხორციელდა მუსიკალურ ნაწარმოებებს შორის მსგავსებისა და განსხვავების კვლევა. მუსიკა სმენით შეიგრძნობა და აღიქმება, რასაც მუსიკოსები კომპიუტერულ ტექნოლოგიათა ჩარევის გარეშეც საუკუნეების განმავლობაში ახერხებდნენ. დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ნიმუშები ემყარება მთის კილოებს და ინტონაციებს, შესაბამისად მსგავსება დ.კ–ის მუსიკალურ ნაწარმოებში „დღე დამიღამე“ ვოკალით შესრულებულ სიმღერასა და ი.ბ–ძის მუსიკალურ ნაწარმოებს შორის, რომელიც მოცემულია ფილმში „მოკვეთილი“, არ არსებობს.

28. სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა ზემოთ მოხმობილი ექსპერტიზის დასკვნის ერთ-ერთი შემდგენელი, ექსპერტი შიო აბრახამია, რომელმაც მის კვალიფიკაციასთან მიმართებით განმარტა, რომ 2009 წელს დაამთავრა კონსერვატორია, როგორც საგუნდო დირიჟორმა (მაგისტრის ხარისხით), ასევე დაცული აქვს სადოქტორო პროგრამა, როგორც მუსიკოლოგი, მუსიკალური ნაწარმოებების მკველვარი. აქვს შესაბამისი სამუშაო გამოცდილება.

29. უშუალოდ დასკვნასთან მიმართებით, ექსპერტმა განმარტა, რომ შედარდა ორი ნაწარმოები, პირველ რიგში ექსპერტები დაინტერესდნენ ნოტების არსებობით, რის ნაცვლადაც წარმოდგენილი იყო ჩანაწერები, მაშინ როდესაც ი.ბ–ძე სადავო მუსიკის შედგენისას ვერ გამოიყენებდა კომპიუტერულ ტექნოლოგიას და მის მიერ მუსიკალური ნაწარმოები დაწერილი იქნებოდა ნოტების მეშვეობით. ნოტებით მელოდია გამოისახება სანოტო მასალით და შესაბამისად, მსგავსების დასადგენად უნდა შედარებულიყო ნოტები. ამასთანავე, რადგანაც ექსპერტებს გააჩნიათ სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მათ შესწევთ უნარი სმენის მეშვეობით მოახდინონ ნაწარმოებთა შედარება, თუმცა ნოტების არსებობა საჭირო იყო თვალსაჩინოებისათვის. სადავო მონაკვეთთან მიმართებით, ექსპერტმა განმარტა, რომ აღნიშნული მონაკვეთი არ არის ორიგინალური თემა ი.ბ–ძისათვის, ეს არის ხალხური, უფრო კონკრეტულად აღმოსავლეთ საქართველოს ფშავური კილო-კავი. მელოდია შედგება ხალხური სიმღერისათვის დამახასიათებელი ელემენტისაგან. აღნიშნული სადავო მონაკვეთი/ფრაგმენტი არ არის ბ–ძის შექმნილი ეს არის ფშავური მუსიკალურ კილო-საქცევზე აგებული მონაკვეთი. იგივე ფრაგმენტი მანამდეც გამოყენებულა. ეს მონაკვეთი არის ხალხური კილო-საქცევი, რომლითაც მთავრდება ქართული სიმღერების დიდი ნაწილი. აღნიშნული ხალხური მოტივები ვერ მიიჩნევა ვერავის კუთვნილებად. ი.ბ–ძის არის მთლიანი მელოდია, ხოლო მისი გარკვეული ნაწილები, რომელიც არის სადავო განსახილველ შემთხვევაში არის ხალხური.

30. ექსპერტის მოსაზრებით, კომპიუტერის მეშვეობით ვერ შედარდებოდა ნოტები, ექსპერტებმა მელოდიის მეშვეობით შექმნეს და გადმოიტანეს ნოტები, მოსმენილისა და შედარების საფუძველზე გამოჩნდა სხვაობა, რაც კომპიუტერმა გამორიცხა. მელიზმებთან მიმართებით, ექსპერტმა განმარტა, რომ მელიზმა არის ნაწარმოების შემამკობელი და მისგან შედგება სწორედ მელოდიური ხაზი და არსებითია. შედარებაც უნდა განხორციელდეს ერთობლიობაში და თუ არ მოხდება აღნიშნულის გათვალისწინება, მაშინ არსებობობს 12 ბგერა და ყველა ნაწარმოები ერთმანეთის მსგავსად მიიჩნევა.

31. ამდენად, საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული დასკვნებისა და ექსპერტების მიერ სასამართლოზე მიცემულ ახსნა-განმარტებების ურთიერთდაპირისპირების შედეგად განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ საქმის მსვლელობისას წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა, მასში მოყვანილი შედარების ხერხებისა თუ მეთოდების, ასევე თავად ექსპერტის გამოცდილება, საპირისპიროდ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე არ უქმნის სასამართლოს მოსარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილების წინაპირობების შესახებ რწმენას.

32. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

33. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

34. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

35. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

36. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

38. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ჯ–ი“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

მ. ერემაძე