საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ბს-1204-1166(კ-08) 26 ნოემბერი, 2008 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს “გ-ი”, წარმომადგენელი ც. ჯ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები _ შპს “ო-ი”, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხეები)
დავის საგანი – საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, ნაგებობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და მესაკუთრისათვის დაბრუნება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს “გ-მა” 2004 წლის 1 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების თბილისის ტექინვენტარიზაციის სამსხურის, თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის, შპს “ო-ის” და მესამე პირის თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა, ნაგებობის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა და მესაკუთრისათვის დაბრუნება.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს “გ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სს “გ-ის” მოთხოვნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, შპს “ო-ის” სახელზე, ქ. თბილისში, ...... ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის 60კვ.მ. შენობის ნაწილში საკუთრების უფლებით განხორციელებული რეგისტრაციის ბათილობის, შპს “ო-ზე” სადავო შენობა-ნაგებობის, კერძოდ, ორი კუპის და დამხმარე სათავსოს პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის დავალების და სს “გ-თვის” დაბრუნების შესახებ ეთქვა უარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “გ-მა”.
მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ივლისის განჩინებით სს “გ-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “გ-ის” წარმომადგენელმა და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ სს “გ-ის” საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპირობების შემოწმების შედეგად ჩათვალა, რომ იგი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინებით სს “გ-ის” წარმომადგენელს ც. ჯ-ს დაევალა ხარვეზის შესავსებად ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში დავის საგნის ღირებულების დოკუმენტისა და ამ თანხის 5%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. ამავე განჩინებით განემარტა, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზების შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ მიიღებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად და განუხილველი დარჩებოდა.
სს “გ-ს” და მის წარმომადგენელს ც. ჯ-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ნოემბრის განჩინება გაეგზავნათ საქმეში მათ მიერ მითითებულ მისამართზე.
საქართველოს ფოსტის შეტყობინებით საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ დასტურდება, რომ სს “გ-ის” წარმომადგენელს ც. ჯ-ს ზემოაღნიშნული განჩინება ჩაბარდა პირადად 2008 წლის 12 ნოემბერს, ხოლო სს “გ-ს” ამავე წლის 14 ნოემბერს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდა ერთ-ერთ მათგანს. წარმომადგენელი ვალდებულია ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. შესაბამისად, მისთვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად დაიწყო 2008 წლის 13 ნოემბერს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2008 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ოთხშაბათი; კასატორის წარმომადგენელმა ც. ჯ-მა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართა 2008 წლის 21 ნოემბერს და სასამართლოს წარმოუდინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო საამართლო თვლის, რომ ვინაიდან კასატორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სს “გ-ის” საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან სს “გ-ს” გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. განუხილველად დარჩეს სს “გ-ის” წარმომადგენლის ც. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ივლისის განჩინებაზე;
2. სს “გ-ს” დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.