№ას-1096-2025 14 აპრილი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
განმცხადებელი - ს.ჯ–ვა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები/კასატორები – ო.კ–ი, ნ.გ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა – სარჩელზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტა
დავის საგანი – უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების აღსასრულებლად მიქცევა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ს.ჯ–ვამ (შემდეგში: მოსარჩელე) ო.კ–ისა და ნ.გ–ის (შემდეგში: მოპასუხეები, კასატორები) მიმართ და მოითხოვა:
ნ.გ–ი ცნობილ იქნას ო.კ–ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ........., 545 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული N1 და N2 შენობა-ნაგებობის (ს/კ ......) – 1/2-ის მესაკუთრედ;
ნ.გ–ი ცნობილ იქნას ო.კ–ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე ზუგდიდის რაიონი, სოფელი ....., 19 574 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის (ს/კ ........) – 1/2-ის მესაკუთრედ;
ს.ჯ–ვას წინაშე ნ.გ–ის მიერ შესასრულებელი ვალდებულების - 935 101 აშშ დოლარის გადახდევინების მიზნით, იძულებითი აღსრულება მიექცეს ნ.გ–ისა და ო.კ–ის ქორწინების განმავლობაში შეძენილ, თანასაკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებებზე: 1) N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 545 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული N1 და N2 შენობა-ნაგებობაზე, მდებარე ქ. თბილისი, .......... და 2) N....საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 19 574 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მდებარე ზუგდიდის რაიონი, სოფელი ცაიშში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ს.ჯ–ვას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1. ნ.გ–ი ცნობილ იქნა ო.კ–ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების - მდებარე ქ. თბილისი .......... N6, დაზუსტებული ფართობი 545.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი N1, N2, /ს.კ. ........../ - 1/2 - ის მესაკუთრედ;
2. ნ.გ–ი ცნობილ იქნა ო.კ–ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე ზუგდიდის რაიონი, სოფელი ......, დაზუსტებული ფართობი: 19574.00 კვ.მ. (მიწის ნაკვეთი), /ს.კ. ........./ - 1/2 - ის მესაკუთრედ;
3. ს.ჯ–ვას სასარჩელო მოთხოვნა - ნ.გ–ის ს.ჯ–ვას წინაშე შესასრულებელი ვალდებულების - 935101 აშშ დოლარის გადახდევინების მიზნით იძულებითი აღსრულება მიქცეულ იქნას - ნ.გ–ის და ო.კ–ის ქორწინების განმავლობაში შეძენილ, თანასაკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებებზე - ქ. თბილისი, ........ ქუჩა N6 /ს.კ. ........../ და ზუგდიდის რაიონი, სოფელი ........, მიწის ნაკვეთი 19574 კვ.მ. /ს.კ. ......../ - არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხეებმა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით ნ.გ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ო.კ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ს.ჯ–ვას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება: ს.ჯ–ვას სასარჩელო მოთხოვნა - ნ.გ–ის ს.ჯ–ვას წინაშე შესასრულებელი ვალდებულების - 935101 აშშ დოლარის გადახდევინების მიზნით, იძულებითი აღსრულება მიქცეულ იქნეს ნ.გ–ისა და ო.კ–ის ქორწინების განმავლობაში შეძენილ, თანასაკუთრებაში არსებულ შემდეგ უძრავ ქონებებზე: 545 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ N1 და N2 შენობა-ნაგებობაზე, მდებარე ქ. თბილისი, ........ ქუჩა N6, ს/კ .........., 19574 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მდებარე ზუგდიდის რაიონი, სოფელი ........, ......... - დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ო.კ–მა და ნ.გ–მა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 აგვისტოს განჩინებებით, ო.კ–ისა და ნ.გ–ის საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
2026 წლის 08 აპრილს (საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითის შემოწმებამდე), საკასაციო პალატას ერთობლივი განცხადებით მომართეს მხარეებმა. ს.ჯ–ვამ მიუთითა, რომ განსახილველი დავის ფარგლებში მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას და ითხოვა სარჩელზე უარის თქმის საფუძვლით, საქმის წარმოების შეწყვეტა, ასევე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ სარჩელზე უნდა შეწყდეს წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.
სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს, რომლის საფუძველზეც, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი განცხადებით მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოცემული დავის ფარგლებში მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რის გამოც უარს ამბობს სასარჩელო მოთხოვნებზე და ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტასა და გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას. განცახდებას ხელს აწერენ მხარეები და ხელმოწერები დამოწმებულია სანოტარო წესით.
ზემოაღნიშნული განცხადებით, მოსარჩელემ განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია - სარჩელზე უარის თქმა - რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის. შესაბამისად, შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქ/პუნქტის საფუძველზე, ს.ჯ–ვას სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
სსსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
კანონის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ო.კ–ის (პ/N..........) აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე თბილისი, .......... ქ. 6 ს/კ .......... 1/2 ნაწილის გასხვისება და /ან რაიმე სახით უფლებრივად დატვირთვა. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ივნისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ო.კ–ის (პ/N..........) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე, ქალაქი თბილისი, ქუჩა .......... N6 (ს/კ: .........) - 1/2 ნაწილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა /იგულისხმება ამ უძრავი ქონებების დარჩენილი - 1/2 ნაწილი, რომელზეც არ არის გამოყენებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2/26047-20 საქმეზე, 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება/. ასევე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 02 ივლისის განინებით გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ღონისძიება, რომლითაც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აეკრძალა უძრავი ქონების - მდებარე თბილისში, .......... ქუჩა N6-ში (ს/კ: ..........), აუქციონზე რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ის ნაწილი, რომელიც დარჩება იპოთეკარის ვალდებულების დაფარვის შემდგომ, გადასცეს მოპასუხეებს ო.კ–ს (პ/ნ: .......) ან/და ნ.გ–ს (პ/ნ: ........).
ამდენად, ვინაიდან, მოსარჩელე უარს აცხადებს სასარჩელო მოთხოვნაზე, არსებობს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების გაუქმებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, 49-ე (2), 272-ე, 273-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ჯ–ვას შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-1096-2025 (მოსარჩელე - ს.ჯ–ვა, მოპასუხეები - ო.კ–ი, ნ.გ–ი, დავის საგანი - უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა, მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების აღსასრულებლად მიქცევა).
3. სარჩელზე უარის თქმის გამო, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ო.კ–ის (პ/N......) აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე თბილისი, .......... ქ. 6 ს/კ ........ 1/2 ნაწილის გასხვისება და /ან რაიმე სახით უფლებრივად დატვირთვა. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ივნისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ო.კ–ის (პ/N.......) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე, ქალაქი თბილისი, ქუჩა .......... N6 (ს/კ: .......) - 1/2 ნაწილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა /იგულისხმება ამ უძრავი ქონებების დარჩენილი - 1/2 ნაწილი, რომელზეც არ არის გამოყენებული თბილისის საქალაქო სასამართლოს 2/26047-20 საქმეზე, 2020 წლის 14 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება/. ასევე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 02 ივლისის განინებით გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ღონისძიება, რომლითაც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს აეკრძალა უძრავი ქონების - მდებარე თბილისში, .......... ქუჩა N6-ში (ს/კ: ..........), აუქციონზე რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ის ნაწილი, რომელიც დარჩება იპოთეკარის ვალდებულების დაფარვის შემდგომ, გადასცეს მოპასუხეებს ო.კ–ს (პ/ნ: ..........) ან/და ნ.გ–ს (პ/ნ: .........).
5. ს.ჯ–ვას სარჩელზე ო.კ–ისისა და ნ.გ–ის მიმართ, შეწყდეს საქმის წარმოება;
6. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია;
7. ო.კ–ისს (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი 6000 ლარი (საგადახდო დავალება 28251794377, გადახდის თარიღი 11.07.2025წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
8. ნ.გ–ის (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი 6000 ლარი (საგადახდო დავალება 28252913542, გადახდის თარიღი 11.07.2025წ.) შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
9. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი