საქმე №ას-1313-2025 8 აპრილი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქოსაქმეთაპალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „კ.ს.ფ.ს–ში“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჟ.ხ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა –გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.07.2025წ. გადაწყვეტილებით შპს ,,კ.ს–ოს" (წარმოდგენილი შპს ,,კ.ს.ფ.ს–ში“ (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ჟ.ხ–ძის (შემდეგში - მოსარჩელე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 13.05.2024წ. გადაწყვეტილება მოპასუხისთვის ნარგავების დაზიანების გამო თანხის დაკისრებაზე უარის ნაწილში და მოპასუხეს ნარგავების აღდგენითი საკომპენსაციო ღირებულება - 12 178 ლარი დაეკისრა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1.ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ რიყეთში, მოსარჩელეს საკუთრებაში აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები: 1277 კვ.მ. და 5470 კვ.მ.;
2.2.მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით N........... მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულია 20.07.2017 წლიდან. რეგისტრაციის საფუძველია სოფელ ...... კოოპერაციული საწარმოს კრების ოქმი;
2.3.მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით N........ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულია 23.09.2022 წლიდან რეგისტრაციის საფუძველია, როგორც, სისტემური რეგისტრაციის ფარგლები უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერების ოქმი (თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, ასევე, საარქივო ცნობა);
2.4.ზ/აღ მიწის ნაკვეთებს მოსარჩელე იყენებდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის - მოყავდა ერთწლოვანი კულტურები, დარგული ჰქონდა მრავალწლიანი ნარგავები, რომლიდანაც მოსარჩელის ოჯახი ღებულობდა ყოველწლიურ და სეზონურ შემოსავალს;
2.5.მოპასუხე ხულო-ზარზმის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობას აწარმოებდა;
2.6.2021წ. ოქტომბერსა და 2022წ. ნოემბერში მოპასუხემ მშენებლობის დროს მიწის ინერტული ნარჩენები (ქვა, ტალახი, ღორღი) უნებართვოდ და უკანონოდ დაყრა;
2.7.სოფელ რიყეთში, ორ ლოკაიაზე მიწის ნაკვეთის დეგრადაციისა და დანაგვიანების ფაქტზე, მოპასუხის მიმართ გატარდა ადმინისტრაციული ღონისძიებები და ამ უკანასკნელს გარემოსათვის მიყენებული ზიანის - 17869,50 ლარის ანაზღაურება დაეკისრა;
2.8.მოსარჩელე მოპასუხისაგან ითხოვდა ზიანის ანაზღაურებას, მიწის ნაკვეთის ინერტული ნარჩენებისაგან გათავისუფლებას, რის გამოც, რეაგირებისათვის მიმართა საქართველოს შს სამინისტროს ხულოს რაიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, რომლის რეაგირების შედეგად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები;
2.9.ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 12.07.2022წ. დასკვნის მიხედვით მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ 1277 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ: .......) დაყრილია 19059.18 კუბური მეტრი მიწის მასა. ნაყარი განთავსებულია რელიეფურად არასწორ ზედაპირზე, ვიზუალურად არაა ხილვადი ნაყარის უკანამხარე, რაც შეუძლებელს ხდის ნაყარის ყველა გვერდიდან სკანირებას, აღნიშნულიდან გამომდინარე, მიღებულ მონაცემში არის გარკვეული სახის ცდომილება. ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ 2022 წლის 7 ივლისის მდგომარეობით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ .........., ს.კ:№23.01.36.292 მქონე მიწის ნაკვეთში ორ ლოკაციაზე განთავსებულია დაახლოებით 17264,908მ3 და 1794,279 მ3 მიწის მასა;
2.10. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორის 17.12.2022წ. მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ სოფელ ..... არსებულ სასოფლო სამეურნებო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე - 1277 კვ.მ. და 5470 კვ.მ. სულ დაყრილია 34136.76 კუბური მეტრი ინერტული მასა;
2.11. ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20.07.2022წ. დასკვნით დგინდება, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ........ ჟ.ხ–ძის საკუთრებაში არსებულ 1277 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს.კ:.........) იყო/არის გაშენებული „წითელ ნუსხაში შეტანილი“ კავკასიური ჯიშის კაკალი (30 ძირი), თხილი (20 ძირი), მსხალი (13 ძირი), (ბალი 1 ძირი) და წაბლი (3 ძირი). ამ მიწის ნაკვეთზე დაყრილია დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი, რამაც გამოიწვია ხე-მცერეების შეფერხება. აუცილებელია ქვა-ღორღის გატანა და და მოვლა/პარონობა. აღნიშნული ნარგავების დაზიანება/განადგურების შემთხვევაში საკომპენსაციო აღდგენითი ღირებულება შეადგენს 12 178 ლარს;
2.12. მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნებო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიდან ინერტული ნარჩენის გატანის ღირებულება შპს ,,მ–ის" მიერ მიწოდებული შეფასების (ინვოისის) თანახმად, შეადგენს 16.5 ლარი (ერთი კუბური მეტრი), სულ - 563256.54 ლარი; ხოლო შპს ,,ძ–ას" მიერ მიწოდებული შეფასების (ინვოისის) თანახმად - 15 ლარი (ერთი კუბური მეტრი) სულ - 512 051.4 ლარი;
3. სააპელაციო პალატამ დავა მოაწესრიგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგში - სსკ-ის) 992-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში განხორციელებულმა ქმედებამ - ინერტული მასალის მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ფართზე დაყრამ, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის გაუვარგისება გამოიწვია.
4. სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელის/პირველი აპელანტის მოთხოვნა, მიწის ნაკვეთებზე არსებული ნარგავების აღდგენის ღირებულების ნაწილში და დადგენილად მიიჩნია რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20.07.2022წ. დასკვნის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ 1277 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს.კ: ........) იყო/არის გაშენებული „წითელ ნუსხაში შეტანილი“ კავკასიური ჯიშის კაკალი (30 ძირი), თხილი (20 ძირი), მსხალი (13 ძირი), (ბალი 1 ძირი) და წაბლი (3 ძირი). იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მრავალწლიანი ნარგავებით გაშენებულ მიწის ნაკვეთზე უკვე მრავალი წელია დაყრილია დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი, მრავალი წლის განმავლობაში ამ მცენარეთა სიცოცხლისთვის შეუთავსებელ პირობებში (ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 20.07.2022წ. მდგომარეობით: მექანიკური დაზიანება, ცენტრიდან გადახრა, ქვა-ღორღით დაფარვა ქმნის წინაპირობას, რომელიც უარყოფით ზეგავლენას ახდენს ნარგავების პროდუქტიულობასა და სიცოცხლისუნარიანობაზე, ს.ფ. 247) დაყოვნების გამო, მცენარეთა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა ფაქტობრივად შეუძლებელია, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიწის ნაკვეთზე არსებული ნარგავების საკომპენსაციო აღდგენითი ღირებულება 12 178 ლარის ოდენობით.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით მოპასუხემ გაასაჩივრა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
6. კასატორი არ ეთანხმება ფაქტობრივ აგრემოებას, რომ ნარგავების დაზიანებით მიყენებული ზიანი 12 178 ლარია. იგი კასატორი სადავოდ ხდის მის მიმართ პასუხისმგებლობის დადგომასაც. მიაჩნია, რომ მოცემულ დავში არასათანადო მოპასუხეა. კასატორი აღნიშნავს, რომ ინერტული მასალები მას არ დაუყრია და მესამე პირების - ქვეკონტრაქტორების მიერ ინერტული მასალების დაყრა, მას ბრალად არ უნდა შეერაცხოს (დეტალურად იხ., საკასაციო საჩივარი).
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია მოპასუხისათვის დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების კანონიერება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
12. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
13. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური პასუხისმგებლობის წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, პირს (ზიანის მიმყენებელს) ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი). შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს ოთხივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. დაზარალებული, რომელიც მიმართავს სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის (პირის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების) არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებლმა, უნდა დაამტკიცოს თავის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
14. ამასთან, სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ის გარემოება, რომ მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით მას მიადგა ზიანი.
15. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის საკასაციო პრეტენზიების პასუხად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი დადასტურებულია, კერძოდ, მოპასუხის მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში განხორციელებულმა ქმედებამ, კერძოდ, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ფართზე ინერტული მასალის მოპასუხის მიერ უკანონოდ დაყრამ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწა გააუარესა.
16. მიწის ნაკვეთებზე არსებული ნარგავების აღდგენის ღირებულების ნაწილში დადგენილია, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20.07.2022წ. დასკვნის თანახმად, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ 1277 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს.კ: ........) იყო/არის გაშენებული „წითელ ნუსხაში შეტანილი“ კავკასიური ჯიშის კაკალი (30 ძირი), თხილი (20 ძირი), მსხალი (13 ძირი), (ბალი 1 ძირი) და წაბლი (3 ძირი). იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მრავალწლიანი ნარგავებით გაშენებულ მიწის ნაკვეთზე უკვე მრავალი წელია დაყრილია დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი, მრავალი წლის განმავლობაში ამ მცენარეთა სიცოცხლისთვის შეუთავსებელ პირობებში დაყოვნების გამო, მცენარეთა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა ფაქტობრივად შეუძლებელია. აღნიშნული ნარგავების დაზიანება/განადგურების შემთხვევაში საკომპენსაციო აღდგენითი ღირებულება შეადგენს 12 178 ლარს.
17. ზემოთდადგენილი ფაქტობრივი გარემოების საპირისპიროდ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ აქვს წამოყენებული.
18. საკასაციო პალატა, კასატორის არც იმ შედავებას იზიარებს, რომ მესამე პირების - ქვეკონტრატორების ქმედება მას ბრალად არ უნდა შეერაცხოს და მის მიმართ არ უნდა დადგეს პასუხისმგებლობა. აღნიშნული შედავება მოპასუხეს დაყენებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარშიც, რომელსაც ამომწურავად გაეცა პასუხი (იხ., გასაჩივრებული გადაწყვეტილების პ.5.24), კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების თანახმად მშენებლობის არეალი არის კონტრაქტორის (შპს კ.ს–ოს ფილიალის საქართველოში) მიერ განსაზღვრული პუნქტი (რაც სანაყაროს განსაზღვრასაც გულისხმობს), იმავე ხელშეკრულებით იკვეთება ხელშეკრულების ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ ინერტული მასალის არა ნებისმიერ ადგილზე, არამედ კონტრაქტორის მიერ განსაზღვრულ ადგილზე დაყრის უფლება. ხელშეკრულების დათქმიდან გამომდინარე, სანაყაროს განსაზღვრა წარმოადგენდა არა ქვეკონტრაქტორი კომპანიის, არამედ მოპასუხის ვალდებულებას. დადგენილია ისიც, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის, სოფელ რიყეთში, ორ ლოკაიაზე მიწის ნაკვეთის დეგრადაციისა და დანაგვიანების ფაქტზე, შპს ,,კ.ს–ოს ფილიალის საქართველოში“ მიმართ გატარდა ადმინისტრაციული ღონისძიებები და დაეკისრა გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. სადავო შემთხვევაში, მოსარჩელემ უზრუნველყო ზიანის ანაზღაურების და მისი ოდენობის მოპასუხეზე დაკისრების გამაპირობებელი გარემოებების რელევანტური მტკიცებულებების წარდგენით დადასტურება, კასატორმა კი წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ვერ დაარწმუნა საკასაციო პალატა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
21. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „კ.ს.ფ.ს–ში“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „კ.ს.ფ.ს–ში“-ს (ს.კ:..........) დაუბრუნდეს 05.09.2025წ. №1756898778 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის№200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე