Facebook Twitter

საქმე №ას-1563-2025 8 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქოსაქმეთაპალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.ჩ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 სექტემბრის განჩინება

მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (შემდეგში - სააგენტო ან მოსარჩელე ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.

2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1.ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2014 წლის 23 მაისის N14.36.654 დადგენილებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 10 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, მდებარე ........ ქუჩა N259-ის მიმდებარედ, რ.ჩ–ძისთვის (შემდეგში - მოპასუხე) პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით გადაცემის შესახებ. მოქმედების ვადად განისაზღვრა 5 წელი, იჯარის საგნის წლიური საფასური შეადგენდა 2400 ლარს, რომელიც მოიჯარეს თანაბარწილად, ყოველ 6 თვეში ერთხელ, არაუგვიანეს ექვსთვიანი პერიოდის გავლის უკანასკნელი დღისა უნდა გადაეხადა;

2.2.ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის, ქირის თანხის 0.1%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 1 ლარისა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

2.3.სსიპ ქონების მართვის სააგენტოს იურიდიული და საინვესტიციო პროექტების სამმართველოს 27.03.2018 წლის N61-01180863059, 30.08.2019 წლის N61-01192421218 და 25.01.2023 წლის N61-01230251268 წერილებით მოპასუხეს ეცნობა, რომ 2014 წლის 16 ივნისის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე ეკისრება საიჯარო ქირის დავალიანება 1199 ლარი;

2.4.02.02.2023 წლის N61-0123033067 წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ 2014 წლის 16 ივნისის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვადაგადაცილებისთვის ეკისრება პირგასამტეხლო სახით 2 557 ლარი. ასევე მზარდი პირგასამტეხლოს 2023 წლის 03 თებერვლიდან ვალდებულების შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2.4 ლარის ოდენობით.

3. სააპელაციო საჩივრის პრეტენზია ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას მიემართებოდა, სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილში იმსჯელა სააპელაციო საჩივარზე და მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის საფუძვლით სარჩელის უარყოფის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი იყო, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნა 2014 წლის 19 დეკემბრიდან 2019 წლის 19 ივნისამდე პერიოდის დავალიანებას ეხება, სარჩელი კი აღძრულია 2023 წლის 28 მარტს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 128-ე, 129-ე, 130-ე მუხლებით გათვალისწინებული 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით მოსარჩელემ გაასაჩივრა, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

5. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

6. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

7. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილია ვრცელი, თუმცა დაუსაბუთებელი საკასაციო პრეტენზია, რომელსაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს. საგულსხმოა, რომ სარჩელის უარყოფას საფუძვლად მისი აღძვრის ხანდაზმულობის ვადის გასვლა დაედო, ამ თვალსაზრისით კასატორს დასაშვები პრეტენზია არ წარმოუდგენია.

8. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას გაამახვილების ხანდაზმულობის არსსა და მის მნიშვნელობაზე, კერძოდ, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა, ანუ კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სასამართლოსათვის მიმართვის გზით. ამ ვადის გასვლა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ო. ს-ი და ი. ხ-ი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოთხოვნას არ აუქმებს (წყვეტს), არამედ მოვალეს შესაძლებლობას ანიჭებს, უარი თქვას მოთხოვნის შესრულებაზე. ანუ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა იგი განუხორციელებელია. (შდრ: გიორგი სვანაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 144-ე, ველი 1. თბილისი, 2017 წელი).

9. სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით, ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ №ას-547-515-2012, 11 ივნისი, 2012).

10. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. საკსაციო პალატამ არერთ საქმეზე განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ინსტიტუტი წარმოადგენს უფლების დაცვის მატერიალურ-სამართლებრივ საშუალებას, რადგან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსზრისით არსებობს, თუმცა სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებითი განხორციელება კონკრეტული წინაპირობის არსებობისას, არ ხდება (შდრ. სუსგ №ას-1428-2018, 27 დეკემბერი, 2018; №ას-369-350-2015, 30 ივლისი, 2015).

11. მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითების შედეგად წარმოშობილი საწინააღმდეგო უფლება მატერიალურ სამართლებრივი მნიშვნელობით შესაგებელია, რომელიც მოთხოვნის განხორციელებას ხანგრძლივად ან დროებით აფერხებს. „მოთხოვნის ხანდაზმულობის მიზანია მოვალის დაცვა იმ პროცესის ნაწილად გახდომისაგან, რომელშიც პოზიციის დაცვა რთული ან შეუძლებელია მოთხოვნის სიძველის გამო“. (შდრ: სუსგ №ას-898-860-2014, 09 ოქტომბერი, 2015 წელი). ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მითითება ხანდაზმულობაზე, როგორც მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელ გარემოებაზე, პროცესუალურად მთლიანად მოპასუხის კუთვნილ შესაგებელს წარმოადგენს (შდრ. სუსგ №ას-1764-2018, 13 აპრილი, 2020წ).

12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ განჩინების პ.2-ში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და იმის გათვალისწიებით, რომ მოპასუხემ კუთვნილი შესაგებლის ფარგლებში მიუთითა ხანდაზმულობაზე, სარჩელი სწორად იქნა უარყოფილი პირველი ინსტანციის სასამართლოში, რაც სწორად დარჩა უცვლელად სააპელაციო სასამართლოს მიერ.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივრებს, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

14. კასატორი გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორ დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე