Facebook Twitter

№ა-6003-ბ-8-2024 15 ოქტომბერი, 2025 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – თ.ბ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ჭ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინება

განმცხადებლების მოთხოვნა – საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ.თბილისში, .......... მდებარე №33 ბინის (შემდეგში - უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან სადავო ბინა) მესაკუთრეა დ.ჭ–ძე (შემდეგში - მოსარჩელე, გამქირავებელი ან მესაკუთრე).

2. 2021 წლის მაისში, მესაკუთრეს, დ.კ–ძესა (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან პირველი დამქირავებელი) და თ.ბ–ძეს (შემდეგში: მეორე მოპასუხე, აპელანტი, განმცხადებელი, მეორე დამქირავებელი) შორის ზეპირი ქირავნობის ხელშეკრულება (შემდეგში - ქირავნობის ხელშეკრულება, სადავო ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის განჩინებით, მხარეთა შორის შედგა მორიგება შედგა, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეებმა, 2023 წლის 15 აპრილამდე სადავო ბინის ნებაყოფლობით გათავისუფლებისა და მესაკუთრისთვის ამავე მდგომარეობაში გადაცემის ვალდებულება იკისრეს. განჩინებით სასამართლომ დაადგინა, რომ მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის მიზნით სასამართლოსთვის მიემართა და იძულებითი აღსრულება დაეწყო. 2023 წლის 29 მარტის განჩინების მე-3 პუნქტით მოპასუხეებმა აღიარეს, რომ უძრავი ქონების არამართლზომიერად ფლობის პერიოდში მოსარჩელის მიმართ მათი დავალიანება 3 000 ლარს შეადგენდა და აღნიშნული თანხის 2023 წლის 30 ივნისამდე გადახდის თაობაზე ვალდებულება იკისრეს. განჩინებით დადგინდა, რომ ამავე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში მოსარჩელეს ჰქონდა სააღსრულებო ფურცლის გაცემის მიზნით სასამართლოსთვის მიმართვისა და იძულებითი აღსრულების დაწყების უფლება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 მარტის განჩინების იძულებით აღსასრულებლად მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართა და განჩინების იძულებითი აღსრულების პროცესი დაიწყო.

5. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენისთვის მესაკუთრემ 890 ლარი გადაიხადა, ხოლო, უძრავი ქონების შეფასების ანგარიშის მომზადებისთვის - 150 ლარი.

6. სადავო ბინით სარგებლობისთვის ასანაზღაურებელი ყოველთვიური ქირა 550 ლარს შეადგენს.

7. მესაკუთრემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც მოითხოვა:

7.1. 2023 წლის 15 აპრილიდან - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის განჩინებით (საქმეზე №2/36125-22) ნაკისრი ვალდებულების აღსრულებამდე (მოსარჩელისთვის მის საკუთრებაში არსებული ბინის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარებამდე) ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხეთათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად 900 ლარის დაკისრება;

7.2. მესაკუთრის სასარგებლოდ, მოპასუხეთათვის, აღსრულების პროცესში გაწეული ხარჯის - 1 040 ლარის დაკისრება, საიდანაც 890 ლარი არის სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენისას გადახდილი საფასური და, 150 ლარი - უძრავი ქონების შეფასების ანგარიშის მომზადების საზღაური.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით:

8.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

8.2. 2023 წლის 15 აპრილიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის განჩინებით (საქმეზე №2/36125-22) ნაკისრი ვალდებულების აღსრულებამდე, კერძოდ, მოსარჩელისთვის მის საკუთრებაში არსებული სადავო ბინის გათავისუფლებულ მდგომარეობაში ჩაბარებამდე, ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხეებს მოსაჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად სოლიდარულად 550 ლარის გადახდა დაეკისრათ;

8.3. მესაკუთრის სასარგებლოდ მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისრათ მის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მარტის განჩინების (საქმე №2/36125-22) აღსრულების პროცესში გაწეული ხარჯის - 1 040 ლარისა (საიდანაც 890 ლარი არის სააღსრულებო ფურცლის აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენისას გადახდილი საფასური) და 150 ლარის ოდენობით უძრავი ქონების შეფასების ანგარიშის მომზადებისთვის გადახდილი საზღაურის გადახდა.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

10.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და, მიიჩნია, რომ, საქმეზე არსებობდა სსკ-ის 567.1 მუხლით (თუ დამქირავებელი ქირავნობის ურთიერთობის დამთავრების შემდეგ უკან არ აბრუნებს გაქირავებულ ნივთს, მაშინ გამქირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს დაყოვნების განმავლობაში დადგენილი ქირის გადახდა, როგორც ზიანის ანაზღაურება) გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წინაპირობა.

10.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გაქირავებული ნივთის დაუბრუნებლობით გამოწვეული ზიანი, მიუღებელი შემოსავლის სპეციალური სახეა. კანონმდებელი იმ პრეზუმფციაზე მიუთითებს, რომ ის ვინც აქირავებს, გაქირავებას კვლავ შეძლებდა და შემოსავალს მიიღებდა. ქირის თანხის გაზრდილი საბაზრო ღირებულებით ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის პრეტენზია სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და ნივთის (ქონების) დაყოვნების გამო ასანაზღაურებელ ოდენობად ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტამდე მხარეთა შორის შეთანხმებული ქირის თანხა (550 ლარი) განსაზღვრა.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, თუმცა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

12. თ.ბ–ძემ, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება წარმოადგინა, სადაც შემდეგზე მიუთითა:

12.1. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ჩაბარებაზე განცხადებით მიმართვა განმცხადებელს არ ევალებოდა, არც ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა მას არ გაუშვია, რადგან კანონით დადგენილ ვადაში განჩინება არ მომზადებულა, ამასთან, სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრება მხარეს განჩინების ჩაბარებიდან შეეძლო.

12.2. ერთი მოსამართლის ნაცვლად საქმე სასამართლოს კოლეგიურ შემადგენლობას უნდა განეხილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

13. საკასაციო პალატის განხილვის საგანია, თუ რამდენად დასაბუთებულია ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განმცხადებლის მოთხოვნა, კერძოდ, არსებობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას) გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

14. განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ მოთხოვნას მხარე შემდეგნაირად ასაბუთებს:

- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ჩაბარებაზე განცხადებით მიმართვა განმცხადებელს არ ევალებოდა, არც ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა მას არ გაუშვია, რადგან კანონით დადგენილ ვადაში განჩინება არ მომზადებულა, ამასთან, სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრება მხარეს განჩინების ჩაბარებიდან შეეძლო.

- ერთი მოსამართლის ნაცვლად საქმე სასამართლოს კოლეგიურ შემადგენლობას უნდა განეხილა.

15. სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება და მხარის პოზიციის წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უტყუარად შეძლებს იგი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებას (სსსკ-ის მე-4 (მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ) და 102-ე (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) მუხლები). შესაბამისად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება.

საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს (სსსკ-ის 105.2 მუხლი (სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ).

16. საკასაციო პალატის შეფასებით, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, შემდეგი მოსაზრებებიდან გამომდინარე:

სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების დანაწესით, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია შემდეგი: თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ:

1). გასაჩივრების უფლების მქონე პირი ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი და, 2). ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში იგი სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი იმაზე მიუთითებს, რომ მხარე, გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ვალდებულია კანონით განსაზღვრულ ვადაში ჩაიბაროს სასამართლოს გადაწყვეტილება.

17. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 1 მაისის გამართულ სასამართლო სხდომას ესწრებოდა აპელანტის წარმომადგენელი რ.ა–ვი. აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ განსახილველ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდებოდა 2024 წლის 22 მაისს.

ამდენად, საკასაციო საჩივრის ავტორის მიმართ კანონიერად გავრცელდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნები; შესაბამისად, მხარეს წარმოეშვა კანონისმიერი ვალდებულება 2024 წლის 11 (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 20-ე დღე) ივნისიდან არაუგვიანეს 21 ივნისამდე (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე) დროის მონაკვეთში გამოცხადებულიყო სასამართლოში/მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება. ვინაიდან აღნიშნული ვალდებულება აპელანტს არ შეუსრულებია, ამ უკანასკნელის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის საწყისი თარიღია მისი გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღე 2024 წლის 21 ივნისი, ხოლო საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის ამოწურვის თარიღია 2024 წლის 12 ივლისი.

დადგენილია, რომ განმცხადებლის საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 23 აგვისტოს, ე.ი. გასაჩივრების 21-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით იქნა წარმოდგენილი, რაც მისი განუხილველად დატოვების კანონისმიერ საფუძველს ქმნიდა.

ზემოთ მოყვანილი მსჯელობის საპირწონედ ვერ გამოდგება განმცხადებლის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოს მოხელეს იგი ტელეფონით სისტემატურად უკავშირდებოდა, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში არ მომზადებულა. დასახელებული ფაქტობრივი გარემოება, მისი სათანადო მკიდებულებებით დადასტურების პირობებშიც, განსახილველ შემთხვევას სსსკ-ის 2591 მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგების ფარგლებს გარეთ ვერ მოაქცევს და ვერ გააქარწყლებს მხარის ვალდებულებას - განსაზღვრული ვადის ფარგლებში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით სასამართლოში გამოცხადდეს და შესაბამისი წესით მისი ჩაბარება მოითხოვოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისგან დამოუკიდებელი მოტივით მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს: 1). სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით და, 2). სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის, აღნიშნული წინაპირობები განსახილველ შემთხვევაში არაა დადასტურებული (იხ. სუსგ, №ას-1040-994-2013, 09.12.2013; №ას-344-2025, 11.07.2025).

18. რაც შეეხება სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის მიერ საქმის განხილვის მიზნით სააპელაციო სასამართლოში საქმის დაბრუნების მოთხოვნას (სსსკ-ის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), მოცემულ ნაწილში განცხადება განუხილველად დატოვებას ექვემდებარება.

მითითებული საკითხის გაანალიზებისას, შემდეგი გარემოებებია საყურადღებო:

1). სააპელაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის მიერ საქმის განხილვის აუცილებლობას განმცხადებელი იმით ასაბუთებს, რომ აღნიშნული დავის საგნის ღირებულება 20 000 ლარს აღემატება, რის გამოც სსსკ-ის 25.3 მუხლის შესაბამისად (სამოქალაქო საქმეებს სააპელაციო წესით განიხილავს 3 მოსამართლე. ამ კოდექსის მე-14 მუხლით განსაზღვრული საქმეები, ქონებრივ-სამართლებრივი დავა, რომლის ღირებულება არ აღემატება 20 000 ლარს, სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების განჩინების თაობაზე, აგრეთვე შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავები შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ), დავა სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობას უნდა განეხილა და გადაეწყვიტა.

2). საქმის მასალების მიხედვით, მას შემდეგ, რაც მხარეთა, მათ შორის, განმცხადებლის სააპელაციო საჩივრის განხილვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ მთავარ სხდომაზე განსახილველად დაადგინა, დავა ერთი მოსამართლის მიერ განიხილებოდა. საგულისხმოა, რომ, მოსამართლის მიერ ერთპიროვნული წესით საქმის ერთ-ერთ განხილვას, კერძოდ, 2024 წლის 1 მაისის სასამართლო სხდომას, განმცხადებლის წარმომადგენელი რ.ატაშოვიც ესწრებოდა, ხოლო, 2024 წლის 22 მაისის განჩინება, რომელიც სწორედ ერთპიროვნულად საქმის განხილვის შედეგად იქნა გამოტანილი, კანონით დადგენილი ფორმითა და ვადის დაცვით განმცხადებელს არ გაუსაჩივრებია.

სსსკ-ის 422.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა მოსამართლე, რომელსაც კანონის თანახმად უფლება არ ჰქონდა, მონაწილეობა მიეღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ამავე კოდექსის 426.1 მუხლის მიხედვით კი, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული საფუძვლით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 მაისის განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნით აპელანტს განცხადება სასამართლოში კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ წარუდგენია.

ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის მიერ საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში (სსსკ-ის 422.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი) განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს, გამომდინარე სსსკ-ის 187.2 მუხლის დანაწესიდან (თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 421-ე მუხლის პირველი ნაწილით, 422-ე, 423-ე, 430-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.საქმის წარმოების განახლების შესახებ თ.ბ–ძის განცხადება არ დაკმაყოფილდეს;

2.სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის მიერ საქმის განხილვის მიზნით სააპელაციო სასამართლოში საქმის დაბრუნების მოთხოვნის ნაწილში (სსსკ-ის 422-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ა" ქვეპუნქტი) თ.ბ–ძის განცხადება დარჩეს განუხილველად;

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

გიზო უბილავა