21 იანვარი, 2026 წელი,
საქმე №ა-6900-გან-27-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი (მოსარჩელე) - ო.ვ–ძე
განმცხადებელი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო
განმარტების საგანი - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით შპს „ბ.ს.ნ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, დამსაქმებელი ან საწარმო) წინააღმდეგ ო.ვ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან დასაქმებული) სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 5 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინება დასაქმებულმა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
6.1. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
6.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ივლისის განჩინება გაუქმდა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;
6.3. დასაქმებულის სარჩელი დაკმაყოფილდა:
6.4. ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2020 წლის 29 აპრილის №41/კ ბრძანება; დასაქმებული აღდგენილ იქნა სანავსადგურო ფლოტის განყოფილების წყლის ჩამომსხმელი ბარჟა „ჭ–ის“ კაპიტნის თანამდებობაზე;
6.5. 2020 წლის 29 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს ყოველთვიურად 1 250 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტების თხოვნით მოსარჩელემ საკასაციო სასამართლოში განცხადება წარმოადგინა, რაც საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
8. 2025 წლის 22 დეკემბერს, დასაქმებულმა კვლავ ითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტება, რაც შემდეგი ორი არგუმენტით დაასაბუთა:
ა). აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოსარჩელეს 1 250 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდური სრულად არ ჩაურიცხა და აღნიშნულ თანხას საშემოსავლო და სოციალური გადასახადი გამოაკლო.
ბ). დაზუსტებას საჭიროებს საკითხი - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დამსაქმებელს მოსარჩელის სხვა შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნას ავალდებულებს თუ არა.
9. იგივე გადაწყვეტილების განმარტების თხოვნით საკასაციო სასამართლოში განცხადება შემოიტანა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურომ, რომელმაც მიუთითა შემდეგზე:
- განსამარტია საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც დადგენილია, რომ 2020 წლის 29 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს ყოველთვიურად 1 250 ლარის გადახდა დაეკისრა. კერძოდ, განმცხადებელს აინტერესებს დასახელებული თანხა მოიცავს თუ არა საშემოსავლო გადასახადს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმარტების შესახებ განცხადებები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 262-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას.
ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად მიიჩნევს სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას (ერთმნიშვნელოვნად არ დგინდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის შინაარსი), ხოლო განმარტების მიზნად კი, მისი აღსრულების უზრუნველყოფას.
ამდენად, იმისთვის, რომ არსებობდეს გადაწყვეტილების განმარტების ფაქტობრივსამართლებრივი წანამძღვრები, განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაადასტუროს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ამავე გადაწყვეტილების აღსრულების ხელშემშლელ ფაქტორს უნდა წარმოადგენდეს.
11. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგინდა, რომ:
ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შპს „ბ.ს.ნ–ის“ 2020 წლის 29 აპრილის №41/კ ბრძანება (3.1 პუნქტი);
მოსარჩელე აღდგენილ იქნეს სანავსადგურო ფლოტის განყოფილების წყლის ჩამომსხმელი ბარჟა „ჭ–ის“ კაპიტნის თანამდებობაზე (3.2 პუნქტი);
დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებელს დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2020 წლის 29 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 1 250 ლარის ოდენობით (3.3 პუნქტი).
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ცალსახა და არაორაზროვანი შინაარსისაა, მიღებული გადაწყვეტილება არ არის ბუნდოვანი და მისი სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას აყალიბებს განხილული საქმის სამართლებრივ შედეგთან მიმართებით.
პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი თანხის რაოდენობაზე კონკრეტულ და არაორაზროვან მითითებას შეიცავს, საკასაციო სასამართლოსთვის გაუგებარია, თუ რატომ უნდა წარმოიშვას კრედიტორისთვის (მოსარჩელე) გადასახდელი თანხის მოცულობის დამატებითი კვლევის ან განმარტების საკითხი.
საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს, რომ კრედიტორისთვის ასანაზღაურებელი თანხიდან საშემოსავლო და/ან სხვა ხასიათის გადასახდელების გამოკლების შესახებ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული არ არის, მისი შინაარსი მკაფიოა და დამატებით განმარტებას არ საჭიროებს.
ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების შესახებ ზემომითითებული მოთხოვნა უსაფუძვლოა.
13. რაც შეეხება განცხადებებში აღძრულ მეორე საკითხს, რომლის თანახმადაც, მხარის ინტერესის სფეროში შედის გამოარკვიოს - მიღებული გადაწყვეტილება დასაქმებულს ავალდებულებს თუ არა მოპასუხეს შესთავაზონ სხვა შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნა პალატა განმარტავს შემდეგს:
როგორც ზემოთ აღინიშნა, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა თავისთავად წარმოადგენს მისი განმარტების და, შესაბამისად, სსსკ-ის 262-ე მუხლის გამოყენების ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ამ ნორმის გამოყენების ფაქტობრივ გარემოებად კანონმდებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
პალატა განუმარტავს განცხადების ავტორს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის შესახებ მითითებას არ შეიცავს და საკასაციო სასამართლოს დასახელებული ფორმით გადაწყვეტილება არ მიუღია.
ამავდროულად, დასაქმებულის თავდაპირველ სამუშაო ადგილას აღდგენის და/ან აღნიშნული პროცედურის ობიექტური შეუძლებლობის კვლევა, მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების განმარტების საკითხს სცილდება და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე ზედამხედველი სათანადო ორგანოების პრეროგატივას წარმოადგენს.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ დასახელებულ პრეტენზიაზე საკასაციო სასამართლომ გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე დასაქმებულის წინა განცხადების ფარგლებში ერთხელ უკვე იმსჯელა, რომლის უარმყოფელი დასაბუთებაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 30 იანვრის განჩინებაში დეტალურადაა წარმოდგენილი.
14. ამდენად, გადაწყვეტილების განმარტების შესახებ განცხადებები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გადაწყვეტილების განმარტების შესახებ ო.ვ–ძისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს განცხადებები არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია