Facebook Twitter

№ას-279-2026

19 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - ლევან ნემსაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – რ.ს–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ღ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 იანვრის განჩინება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებულად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით ბ.ღ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო თ.ც–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ვ. ს–ძის, ა. ს–ძის, ლ. ს–ძის, ნ. ს–ძის და მ.კ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთები, კერძოდ - 1) 1516 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული 361.81 კვ.მ. შენობა- ნაგებობით, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, ..........., საკადასტრო კოდი N........., და 2) 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე მისამართზე ქ. თბილისი, .........., საკადასტრო კოდი N........., და აღნიშნული უძრავი ნივთები თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ბ.ღ–ძეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მის საფუძველზე 2021 წლის 10 მარტს გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.

2024 წლის 6 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართა რ.ს–ძემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინებით რ.ს–ძის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ განჩინებაზე რ.ს–ძემ წარადგინა კერძო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 20 თებერვლის განჩინებით რ.ს–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 ნოემბრის განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების გა.ხლების თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე განცხადების დასაშვებობის ეტაპზე ხელახლა განხილვის მიზნით დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით რ.ს–ძის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ განჩინებაზე რ.ს–ძემ წარადგინა კერძო საჩივარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა რ.ს–ძის კერძო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 იანვრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა რ.ს–ძემ. რ.ს–ძემ ასევე იშუამდგომლა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ რ.ს–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამდენად, კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას გამოყენებული უნდა იქნეს საპროცესო ნორმები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესახებ. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით, საკასაციო (კერძო) საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო (კერძო) საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს წყვეტს ერთპიროვნულად, ზეპირი განხილვის გარეშე.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით რ.ს–ძის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქმის წარმოების გა.ხლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ განჩინებაზე რ.ს–ძემ წარადგინა კერძო საჩივარი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა რ.ს–ძის კერძო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით გაასაჩივრა რ.ს–ძემ.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, კერძო საჩივრის შეტანა. შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათის ნორმათა რიგს განეკუთვნება და ადგენს, რომ კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია. კერძოდ, კერძო საჩივრის შეტა. დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომლებზეც პირდაპირ უთითებს კანონი. ამასთან, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის განხილვისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმის ამავე პროცესუალური წესით შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს მიერ კერძო საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და საჩივრდება (იხ. სუსგ: Nას-814-781-2016, 30.11.2016 წ.).

როგორც უკვე აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 იანვრის განჩინება რ.ს–ძის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარით თქმის შესახებ, რომელიც სამოქალაქო საპროცესოო კოდექსის 419-ე მუხლიდან გამომდინარე საბოლოოა და მისი შემდგომი გასაჩივრება საპროცესო კანონმდებლობით არ დაიშვება. შესაბამისად, აღნიშნული განჩინების კანონიერება საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება და რ.ს–ძის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად. ასევე განუხილველად უნდა დარჩეს რ.ს–ძის შუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე, თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორი მოპყრობის პრინციპის დაცვას. მხარის მატერიალური უფლების რეალიზაციისათვის საპროცესო ნორმები ადგენს თითოეული მხარის მიერ პოზიციის, განმარტების სასამართლოსათვის წარდგენის პროცესუალურ წესებს, რაც მოიცავს გასაჩივრების პროცედურას, ასევე, საქმის მოსმენის როგორც ზეპირ (მხარეთა მონაწილეობით), ისე - ზეპირი მოსმენის გარეშე ფორმებს. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში თუ განჩინებაში უთითებს: საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ Nას-1033-2018, 30.10.20218წ; Nას-1025-986-2016, 13.01.2017წ).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეცხრე კარით განსაზღვრულ საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლია.დ დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო, რ.ს–ძეს სრულად უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50-50 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე, 396.3-ე, 414-ე, 419-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.ს–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. რ.ს–ძეს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (საგადასახდო დავალება 32029023044, გადახდის თარიღი 19.02.2026); ასევე რ.ს–ძეს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (საგადასახდო დავალება 32028989925, გადახდის თარიღი 19.02.2026);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე ლევან ნემსაძე