Facebook Twitter

Nას-823-2025

18 დეკემბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ნიკოლოზ მარსაგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი (მომხსენებელი),

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა.ხ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.კ.“

დავის საგანი – კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ე.კ.’’-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა.ხ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს ,,ე.კ.’’-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2017 წლის ივნისის და ივლისის თვეების სახელფასო დავალიანების, ჯამში 2400 (ორი ათას ოთხასი) ლარის გადახდა (ხელზე მისაღები თანხა); მოპასუხე შპს ,,ე.კ.’’-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2017 წლის ივნისის თვის სახელფასო დავალიანების 1200 ლარის (ხელზე მისაღები თანხის) დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.07.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; მოპასუხე შპს ,,ე.კ.’’-ს დაეკისრა მოსარჩელე ა.ხ–ის სასარგებლოდ, 2017 წლის ივლისის თვის სახელფასო დავალიანების 1200 ლარის (ხელზე მისაღები) დაყოვნებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.07%-ის ოდენობით, 01.08.2017 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადახდა; სხვა ნაწილში ა.ხ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. 2025 წლის 10 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა ა.ხ–მა, გადაწყვეტილების იმ ნაწილში, რომლითაც მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. განმცხადებლის მოთხოვნა და საფუძვლები:

განმცხადებელი აღნიშნავს, რომ 12.02.2025 წელს სამოქალაქო საქმეზე N2/21758-24, სადაც მოსარჩელეა ა.ხ–ი, მოპასუხე - სს „მ.ე.კ–ი“, თბილისის საქალაქო სასამართლო პროცესზე, სს „მ.ე.კ–მა“ უარყო 01.01.2017 წლის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ე.კ-სგან ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის სამართავად მიღება. აღნიშნულ სამოქალაქო საქმეზე 12.02.2025 წლის გადაწყვეტილებით უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ა.ხ–სა და სს „მ.ე.კ–ს“ შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 01.09.2019 წელს, ანუ 17.11.2015 წლიდან 01.10.2019 წლამდე ა.ხ–ი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა შპს „ე.კ“-სთან, რასაც ეთანხმება და არ ასაჩივრებს სს „მ.ე.კ–ი“. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ N21758-24 სასარჩელო წარმოებაში გამოვლინდა იმგვარი გარემოებები, რაც ა.ხ–ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველს იძლევა.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინებით ა.ხ–ის (შემდგომ – განმცხადებელი) განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

4.3. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლის დასაბუთება არ შეესაბამებოდა სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტს, რადგან განმცხადებელი ვერ ადასტურებდა, რომ: 1) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; გ) მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

4.4. „ახლად აღმოჩენილი გარემოებები იურიდიული ფაქტებია, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და დიდი მნიშვნელობა აქვთ ამ საქმის გადასაწყვეტად, მაგრამ ეს გარემოებები არ იყო ცნობილი და არც შეიძლებოდა ცნობილი ყოფილიყო არც განმცხადებლის და არც სასამართლოსათვის. ამ გარემოებებზე (ფაქტებზე) დამოკიდებულია მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებათა წარმოშობა, შეცვლა, ან შეწყვეტა. ასეთი გარემოება უნდა შეეხებოდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამთავრებულ საქმეზე განხილულ სამართლებრივ ურთიერთობას და ზეგავლენის მოხდენა უნდა შეეძლოს გადაწყვეტილებაზე“ (იხ. შალვა ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი; მეორე გამოცემა (შევსებული და გადამუშავებული); თბილისი, გამომცემლობა „მერიდიანი“, 2015წ; გვ. 730- 731).

4.5. მოცემულ შემთხვევაში ა.ხ–ი მიუთითებდა N2/21758-24 სამოქალაქო საქმის წარმოებაზე და აღნიშნული დავის ფარგლებში სს „მ.ე.კ–ის“ მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, რომ მას შპს „ე.კ“-სგან ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი სამართავად არ გადასცემია. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ აღნიშნული საკითხი სადავო იყო განსახილველ დავაში. შესაბამისად, მესამე პირის მიერ გაკეთებული განცხადება მისი სარჩელის საფუძვლიანობას ადასტურებდა.

4.6. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენდა ახლადაღმოჩენილ გარემოებას, ვინაიდან საკითხი იმის შესახებ, გადაეცა თუ არა ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი სამართავად შპს „ე.კ“-სგან სს „მ.ე.კ–ს“ და ვინ იყო სასარჩელო მოთხოვნაზე პასუხისმგებელი მოპასუხე მხარე, წარმოადგენდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული დავის ძირითად საკითხს. შესაბამისად, მხარე, რომელიც თავის სარჩელს/შესაგებელს აღნიშნულ გარემოებაზე აფუძნებდა, უფლებამოსილი იყო შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით წარმოედგინა თავისი პოზიცია, მტკიცებულებები, შუამდგომლობები მტკიცებულების გამოთხოვაზე, ან/და სააპელაციო/საკასაციო საჩივრით გაეხადა სადავოდ სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება.

4.7. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ა.ხ–ის სასარჩელო მოთხოვნა შპს „ე.კ“-ის მიმართ განიხილა სამივე ინსტანციით და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, სხვა დავის ფარგლებში მესამე პირის მხოლოდ ზეპირი მითითება მოცემული გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი ვერ გახდებოდა. შესაბამისად, პალატის შეფასებით ა.ხ–ის განცხადება უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

4.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება დაუსაბუთებულია და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

5. კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

5.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებელმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ გარემოება რომელსაც ეყრდნობა განცხადება (სს „მ.ე.კ–ის“ მიერ 2025 წლის 12 თებერვალს გაკეთებული აღიარება), ადრეც ცნობილი იყო. მისი განმარტებით, აღნიშნული გარემოება ცნობილი გახდა მხოლოდ 2025 წელს, ხოლო 2021 წლის განხილვისას ასეთი აღიარება არ არსებობდა.

5.2. სასამართლომ უგულებელყო ის ფაქტი, რომ მტკიცებულება შპს „ე“-სა და სს „მ.ე.კ–ს“ შორის 2017 წლის 1 იანვრის საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების დადების და მის საფუძველზე შპს „ე.კ.“-ის მიერ სს „მ.ე.კ–ისთვის“ ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის გადაცემის თაობაზე კერძო საჩივრის ავტორისთვის ხელმისაწვდომი არ იყო მისი ბრალეულობის გარეშე.

5.3. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით წინააღმდეგობრივია სასამართლოს მსჯელობა, რომ განმცხადებელს იმ გარემოებაზე მითითება, რომელიც ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო წარმოების განახლების საფუძვლად მიიჩნევს, შეეძლო საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე და ამასთან სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული გარემოება არ იყო ახალი და მხარე უთითებდა ამ გარემოებაზე.

5.4. ა.ხ–მა მიუთითა სასამართლოს წარმოებაში არსებულ სხვა საქმეებზე, რომლებშიც განსახილველი საქმის მსგავსად იგივე მოპასუხეები არიან და განმარტა, რომ მისი საქმე ამ საქმეების იდენტურია და მის დავაზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება სასამართლო პრაქტიკას.

5.5. კერძო საჩივრის ავტორის მორიგი პრეტენზიის თანახმად, მისთვის ცნობილი იყო მხოლოდ საქმის განმხილველი ერთი მოსამართლე თუმცა არ ეცნობა შემადგენლობის წევრი სხვა მოსამართლეების ვინაობის შესახებ.

5.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 17 აპრილის განჩინებისა და განმცხადებლისთვის მტკიცებულებების გამოთხოვაზე უარის თქმის დასაბუთებულობა, რაც უკავშირდება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მოსარჩელის მიერ წარდგენილ განცხადებაზე უარისა და მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკითხს.

9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების საფუძვლიანობის კვლევისათვის, პირველ რიგში, ყურადღებაა გასამახვილებელი კანონის იმ დანაწესზე, რომელიც საქმის წარმოების განახლების საპროცესო სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს, ხოლო შემდგომ დასადგენია ამ საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის კანონით გათვალისწინებული წანამძღვრების არსებობა.

10. სსსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც LII თავშია დადგენილი.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლო, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნებისთვის განმარტავს, რომ სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (იხ. Nას-1455-2019, 15.11.2019 წ.).

12. ზემოაღნიშნული საპროცესო ნორმის დანაწესი ცხადყოფს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, ზოგიერთ შემთხვევაში, ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა ასახულია სსსკ-ის 423.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას).

13. კანონის დასახელებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები: ა. მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ბ. ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; გ. მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (შდრ. სუსგ #ვ-74-ა-5-2016, 17.06.2016 წ.).

14. საკასაციო პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, იგი იძენს საბოლოო, სავალდებულო და შეუქცევად ხასიათს. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება ორ პრინციპს: პირველი - „დავა გადაწყვეტილია“ (Res Juticata) და მეორე - ფაქტების პრეიუდიციას (იხ. პაატა ქათამაძე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის რჩეული მუხლების კომენტარი, მუხლი 266, თბილისი, 2020).

15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება უნდა განიმარტოს კონვენციის პრეამბულის კონტექსტში, რომლის თანახმადაც, კანონის უზენაესობა უნდა წარმოადგენდეს მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა საერთო მემკვიდრეობას. კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი არის სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, რომლის თანახმად, სასამართლო, თუ გადაწყვეტს საკითხს, მისი განჩინება არ უნდა დადგეს ეჭვქვეშ (იხ. Brumărescu v. Romania [GC], no. 28342/95, § 61, ECHR 1999-VII). ეს პრინციპი ნიშნავს, რომ არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. უმაღლესი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის გადახედვა არ უნდა იქცეს ნიღბიან აპელაციად და საკითხზე ორი შეხედულების არსებობა არ ქმნის საქმის გადასინჯვის საფუძველს. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი გარემოებების წარმოშობით (იხ. Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX).

16. სასამართლო გადაწყვეტილების „საბოლოობის“, მისი შეუქცევადობის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპი გულისხმობს, რომ ამ გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლებელია და მისი შედეგები შეუქცევადია. ხსენებულ პრინციპს მრავალი მიზანი აქვს. მისი საჯაროსამართლებრივი ინტერესი გამოიხატება, მაგალითად: სამართლებრივ განსაზღვრულობაში, სამართლებრივ უსაფრთხოებაში, სტაბილურობასა და მართლმსაჯულობისადმი სანდოობაში. გადაწყვეტილების „საბოლოობის“ პრინციპი კერძო პირის უფლებასა და ინტერესსაც ემსახურება, რადგან ის ამით განმეორებითი სამართალწარმოებისგან დაცული იქნება.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებები იურიდიული ფაქტებია, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საქმის სწორად გადასაწყვეტად, მაგრამ ეს გარემოებები არ იყო ცნობილი განმცხადებლისათვის. ამ გარემოებებზე (ფაქტებზე) დამოკიდებულია მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. ასეთი გარემოება უნდა შეეხებოდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამთავრებულ საქმეზე განხილულ მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობას და ზეგავლენის მოხდენა უნდა შეეძლოს საქმეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე. კანონმდებელი ასეთად მიიჩნევს მხარის მიერ ახალი გარემოებისა და მტკიცებულების, ანუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტის (ფაქტობრივი ვითარების) და ისეთი მტკიცებულების შეტყობას, რომელიც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე არსებობდა, ობიექტურად იყო უცნობი და საშუალო წინდახედულობის ფარგლებში მათი შეტყობა მხარისათვის შეუძლებელი იქნებოდა და ეს ფაქტი (ფაქტები) ცნობილი თუ იქნებოდა სასამართლოსათვის გადაწყვეტილების გამოტანის დროს, მაშინ სასამართლო გამოიტანდა საპირისპირო გადაწყვეტილებას (მთლიანად ან ნაწილობრივ). კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებს, რადგან საქმის წარმოების განახლება, როგორც საპროცესო მოქმედება, არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და, ამდენად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს (იხ. სუსგ №ა-4083-ა-11-2021, 24.12.2021 წ.; №ას-7-2021, 18.03.2021 წ.).

18. „ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საკითხის გადასაწყვეტად, კანონი არ მოითხოვს სასამართლოს მიერ კანონის გამოყენების სისწორის, ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების, მტკიცებულებათა შეფასების სისწორის შემოწმებას. სასამართლოს მთავარი ამოცანაა გამოარკვიოს, არსებობს თუ არა სახეზე ახლად აღმოჩენილი გარემოებები მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში და დაადგინოს, მოახდინეს თუ არა გავლენას გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების სისწორეზე“ (იხ. შალვა ქურდაძე, ნინო ხუნაშვილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბილისი, 2015 წელი, 732.). საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებში იგულისხმება მხარეთა სადავო ურთიერთობისათვის სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ფაქტები; გადაწყვეტილება გამოტანილი იქნა ამ ფაქტების გაუთვალისწინებლად; თუ ეს ფაქტები ცნობილი იქნებოდა საქმის განმხილველი სასამართლოსათვის, მაშინ მათი გათვალისწინებით საქმეზე გამოტანილი იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი განცხადება ვერ მიიჩნევა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად, რადგან კანონმდებელი ასეთად მიიჩნევს მხარის მიერ ახალი გარემოებისა და მტკიცებულების, ანუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტის (ფაქტობრივი ვითარების) და ისეთი მტკიცებულების შეტყობას, რომელიც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე არსებობდა, ობიექტურად იყო უცნობი და საშუალო წინდახედულობის ფარგლებში მათი შეტყობა მხარისათვის შეუძლებელი იქნებოდა და ეს ფაქტი (ფაქტები) ცნობილი თუ იქნებოდა სასამართლოსათვის გადაწყვეტილების გამოტანის დროს, მაშინ სასამართლო გამოიტანდა საპირისპირო გადაწყვეტილებას (მთლიანად ან ნაწილობრივ). კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებს, რადგან საქმის წარმოების განახლება, როგორც საპროცესო მოქმედება, არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და, ამდენად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და ისიც კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.

20. მოცემულ შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით შპს „ე.კ.“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა.ხ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის ივნისის და ივლისის თვეების სახელფასო დავალიანების, ჯამში 2400 ლარის გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა 2017 წლის ივნისის თვის სახელფასო დავალიანების 1200 ლარის (ხელზე მისაღები) დაყოვნებისთვის, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.7%-ის ოდენობით, 2017 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა 2017 წლის ივლისის სახელფასო დავალიანების 1200 ლარის დაყოვნებისთვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის ოდენობით, 2017 წლის 1 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

21. განმცხადებელმა პრეტენზია წარადგინა აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე და მიიჩნია, რომ არსებობდა ისეთი ახლად აღმოჩენილი გარემოებები, რომელთა საქმის განხილვისას სასამართლოსათვის წარდგენის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა მოსარჩელის სასარგებლო გადაწყვეტილება და სარჩელი სრულად დაკმაყოფილდებოდა.

22. კერძოდ, ა.ხ–ის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ N2/21758-24 სამოქალაქო საქმის წარმოებისას 2025 წლის 12 თებერვალს სს „მ.ე.კ–მა“ გააკეთა განცხადება, რომ მას შპს „ე.კ.“-სგან ვადაგადაცილებული პორტფელი სამართავად არ გასაცემია. აღნიშნული საკითხი სადავო იყო განსახილველ დავაში, შესაბამისად, მესამე პირის მიერ გაკეთებული განცხადება მისი სარჩელის საფუძვლიანობას ადასტურებდა. საკაცასიო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას, ვინაიდან საკითხი იმის შესახებ გადაეცა თუ არა ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი სამართავად შპს „ე.კ.“-სგან სს „მ.ე.კ–ს“ და ვინ იყო სასარჩელო მოთხოვნის მოპასუხე, წარმოადგენდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებულ დავის საგანს. შესაბამისად, მხარე რომელიც თავის სარჩელს/შესაგებელს აღნიშნულ გარემოებაზე აფუძნებდა, უფლებამოსილი იყო შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით წარმოედგინა თავისი პოზიცია, მტკიცებულებები, შუამდგომლობები მტკიცებულების გამოთხოვაზე, ან სააპელაციო/საკასაციო საჩივრით გაეხადა სადავო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება. განსახილველ შემთხვევაში ა.ხ–ის სასარჩელი მოთხოვნა განიხილა სამმა ინსტანციამ და მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, სხვა დავის ფარგლებში მესამე პირის მიერ გაკეთებული ზეპირი განმარტება არ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი.

23. კერძო საჩივრის ავტორი ურთიერთწინააღმდეგობრივად მიიჩნევს სასამართლოს მსჯელობას, რომ განმცხადებელს იმ გარემოებაზე მითითება, რომელიც ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო წარმოების განახლების საფუძვლად მიიჩნევს, შეეძლო საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, ამასთან აღნიშნული გარემოება არ იყო ახალი და მხარე უთითებდა ამ გარემოებაზე. აღნიშნული პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლომ მხარეს განუმარტა, რომ მას შესაძლებლობა ჰქონდა არსებითი განხილვის პროცესში მიეთითებინა იმ გარემოებაზე, რომელსაც ახლა მიიჩნევს ახლად აღმოჩენილი გარემოების გამო წარმოების განახლების საფუძვლად.

24. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის თანახმად, ანალოგიურ საქმეებში სადაც დავის საგანი და მოპასუხე იგივეა რაც განსახილველ საქმეში, მიღებულია მისი გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილებები. აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორის შეფასებით, არაერთგვაროვანი პრაქტიკა შესაძლოა იყოს ის ახლად აღმოჩენილი გარემოება, რაც საქმის წარმოების განახლების საფუძველია. აღნიშნული პრეტენზიის პასუხად საკასაციო სასამართლო კვლავ მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ე)მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; და ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ქვეპუნქტებს და განმარტავს, რომ ა.ხ–ის ზემოხსენებული არგუმენტი არ აკმაყოფილებს მითითებული ნორმების არც ერთ მოთხოვნას, შესაბამისად უსაფუძვლოა და საკასაციო სასამართლო მას ვერ გაიზიარებს.

25. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მორიგ პრეტენზიას, საქმის განმხილველი შემადგენლობის შესახებ მისთვის ინფორმაციის მიუწოდებლობის თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ა.ხ–ი თავად ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილი იყო საქმის განმხილველი მოსამართლის ვინაობა, ასევე ცნობილი იყო საქმის განხილვის თარიღი, იგი გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. შესაბამისად, იმ პირობებშიც, რომ მისთვის თავდაპირველად უცნობი იყო შემადგენლობის ორი წევრი მოსამართლის ვინაობა, სხდომაზე მისთვის ცნობილი გახდა და მას კანონმდებლობით ჰქონდა უფლება ესარგებლა მოსამართლის აცილების უფლებით, რომელიც მას როგორც საქმის მასალებით დასტურდება არ გამოუყენებია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერც ამ პრეტენზიას გაიზიარებს.

26. ა.ხ–ს ასევე წარმოდგენილი აქვს პრეტენზია სასამართლოს მიერ მტკიცებულებების გამოთხოვაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სხდომაზე გაკეთებულ განმარტებას, რომ იმ გარემოებებზე რომლის დასადასტურებლადაც მხარე ითხოვს მტკიცებულებების გამოთხოვას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მითითებული იყო საქმის არსებითი განხილვისას, როგორც სააპელაციო ისე საკასაციო საჩივარში, თუმცა მხარეს იმ დროისთვის აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე, შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აღნიშნულ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს, მაშინ როდესაც საქმე არსებთად განხილულია სამი ინსტანციით სწორედ იმავე დავის საგანზე, რომელზედაც მტკიცებულებების გამოთხოვას და ახლად აღმჩენილი გარემოების გამო საქმის წარმოების განახლებას ითხოვს მხარე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

27. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. ამდენად, საკასაციო პალატა, მიმოიხილავს მხოლოდ კასატორის ძირითად არგუმენტებს. (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ხ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 აპრილის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნიკოლოზ მარსაგიშვილი

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი

არჩილ კოჭლამაზაშვილი