საქმე №ას-1450-2025
07 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ზ.ტ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.მ–ი (მოსარჩელე)
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სარჩელის მოთხოვნა
1.1. ი.მ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, არასრულწლოვნის დედა), 2024 წლის 4 ოქტომბერს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, სარჩელით მიმართა და მოითხოვა: არასრულწლოვანი დ.ტ–ის საცხოვრებელი ადგილად დედის - ი.მ–ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. ასევე, მოპასუხე ზ.ტ–სთვის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, არასრულწლოვნის მამა) არასრულწლოვანი შვილის დ.ტ–ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის გადახდის დაკისრება, თვეში 500 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ან გარემოებების შეცვლამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
3.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. არასრულწლოვანი დ.ტ–ის საცხოვრებელი ადგილად განისაზღვრა დედის - ი.მ–ის საცხოვრებელი ადგილი. მოპასუხე ზ.ტ–ს არასრულწლოვანი შვილის - დ.ტ–ის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 500 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან (04.10.2024 წელი) ბავშვის სრულწლოვანებამდე ან გარემოებების შეცვლამდე. მოპასუხე ზ.ტ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 190 ლარის ოდენობით. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 07.11.2024 წლის განჩინება დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ.
4. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება ალიმენტის დაკისრების ნაწილში.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.2.1.ი.მ–ი და ზ.ტ– 2017 წლის აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 28.01.2018 წელს დაბადებული დ.ტ–ი.
5.2.2. ი.მ–ს და ზ.ტ–ს შორის ოჯახური თანაცხოვრება 2023 წლის ივლისიდან შეწყდა, ხოლო რეგისტრირებული ქორწინება - 22.05.2024 წელს.
5.2.3. მეუღლეთა თანაცხოვრების შეწყვეტის შემდგომ, ბავშვი დედასთან ცხოვრობს. ბავშვს კვირის განმავლობაში ურთიერთობა აქვს მამასთანაც, კერძოდ - ხუთშაბათს საღამოს და შაბათ-კვირას ბავშვი იმყოფება მამასთან.
5.2.4. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს 08.02.2025 წელს მომზადებული დასკვნის მიხედვით:
5.2.5. არასრულწლოვნის გადმოცემით ოჯახის წევრებთან თავს კარგად/უსაფრთხოდ გრძნობს, როგორც დედასთან, ასევე მამასთან ყოფნის პერიოდში. ბავშვი მარტო არასდროს რჩება, მასთან ყოველთვის იმყოფება სრულწლოვანი პირი, რომელიც იზრუნებს ბავშვის უსაფრთხოებაზე. არასრულწლოვანთან ერთად მაშინაც იმყოფება სრულწლოვანი პირი, როცა ბავშვი ეზოში სათამაშოდ/სასეირნოდ არის გასული. ზ.ტ–ის გადმოცემით მისი ოჯახის წევრები ჯანმრთელები არიან, თუმცა ბავშვის დედას ჰქონდა „ფსიქიკური პრობლემები“, რა დროსაც იღებდა ექიმის დანიშნულ მედიკამენტებს. მხარე აღნიშნავს, რომ მასზე ნარკოტიკივით იყო დამოკიდებული, რომ არ მიეღო ცუდად ხდებოდა და ამ პერიოდში ბავშვს მისგან ყურადღება აკლდა. ამჟამად იღებს თუ არა მედიკამენტებს ამის შესახებ ინფორმაციას ზ.ტ–ი არ ფლობს. აღნიშნულ საკითხზე ი.მ–ი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც კოვიდი გადაიტანა ჰქონდა მაღალი წნევა, გულის ფრიალი, უჰაერობა. აღნიშნული სიმპტომებიდან გამომდინარე მიმართა ნევროპათოლოგს და რამდენიმე თვის განმავლობაში იღებდა მის მიერ დანიშნულ მედიკამენტებს, რამაც მისი მდგომარეობა გააუმჯობესა. მკურნალობის პერიოდში სრულად იყო ჩართული ბავშვის მოვლის პროცესში. ქალბატონი ი–ს გადმოცემით, მასზე, როგორც მედიკამენტურმა მკურნალობამ, ასევე არაჯანსაღ პიროვნებასთან დაშორებამ მის ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედა. ი.მ–ი ყოფილ მეუღლეს, როგორც მამას, უარყოფითად არ ახასიათებს, განსხვავებით ზ.ტ–ისგან. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დ. ორივეზე, როგორც მშობელზე, დადებითად საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათთან ყოფნა აბედნიერებს. მშობლების გადმოცემით ისინი დ–ის ურთიერთობებს გარშემომყოფებთან და თანატოლებთან ყოველთვის ყურადღებას აქცევენ. მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვლინდება, რომ მათ სხვადასხვა ღირებულებები, შეხედულებები და აღზრდის სტილი აქვთ, რასაც დ–თან მიმართებაში იყენებენ, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის დაბნევა. მაგალითად: რადგან დ. პატიოსანი და ალალი ბავშვია, მამა ცდილობს ეშმაკობას შეაჩვიოს. ასევე დედა ცდილობს ბავშვი განაწილებას მიაჩვიოს, რადგან ბავშვს არ ახასიათებდეს სიძუნწე, თუმცა მამას ეს ქცევა ფსიქოლოგიურ ძალადობად მიაჩნია, რადგან მის შვილს დეიდაშვილის გამო ყურადღება არ ექცვა და უწევს ნივთების გაზიარება.
5.2.6. მშობლების დაშორების შემდეგ ბავშვი ცხოვრობს დედასთან ერთად და სისტემატური ურთიერთობა აქვს მამასთან. ი.მ–ს და ზ.ტ–ს თანაცხოვრებისას არ ჰქონიათ კონფლიქტური სიტუაცია, თუმცა ყოველდღიურ ყოფით საკითხებზე ჰქონდათ სხვადასხვა აზრი და შეუთანხმებლობა. აღნიშნული დადასტურდა ბავშვთან დაკავშირებულ არაერთ საკითხთან მიმართებაში. ერთ-ერთი საკითხი რაზეც მხარეები ვერ შეთანხმდნენ არის ძაღლის/კატის ნაკაწრთან დაკავშირებით უნდა გაუკეთდეს თუ არა ცოფის აცრა. აღნიშნულ საკითხზე მხარეებს მოუვიდათ კამათი. ასევე, განსხვავებული აზრი ჰქონდათ ზამთრის პერიოდში ბავშვის ბაკურიანში დასასვენებლად წაყვანასთან დაკავშირებით. მხარეები განსხვავებულ ინფორმაციას იძლევიან დაშორების ინიციატორთან დაკავშირებითაც. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ თანაცხოვრებისას წარმოქმნილ სირთულეებზე. ზ.ტ–ის გადმოცემით მას არასდროს უსაუბრია ბავშვთან დედის შესახებ ცუდად თუმცა, ყოფილი მეუღლის ოჯახის წევრები მასზე დ–ის თანდასწრებით ცუდად საუბრობენ, ბავშვი ასევე შესწრებია თუ როგორ ეჩხუბებოდა ბებია და დეიდა მამას. ი.მ–ის გადმოცემით ის იაზრებს რამდენად მნიშვნელოვანია მამა ბავშვის ცხოვრებაში და მას არასდროს შეუფერხებია მათი ურთიერთობა. მხარეების გადმოცემით ოჯახში არ ჰქონდათ კონფლიქტური სიტუაცია. არასდროს ყოფილა გამოწერილი შემაკავებელი/დამცავი ორდერები. ზ.ტ–ის გადმოცემით ბავშვმა მას უთხრა რომ დედა სცემს. აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მიღებამდე და მიღების შემდეგაც ბავშვთან გასაუბრებისას დ. აღნიშნავდა, რომ მის მიმართ არავინ ახორციელებს ფიზიკურ შეხებას. არ ხორციელდება მშობლების მხრიდან ისეთი ქმედება, რაც მისთვის მტკივნეულია. ბავშვმა განმარტა რას ნიშნავს მისთვის დარტყმა, ხელის მოძრაობით განახორციელა ჩვენება და შემდეგ აღნიშნა, რომ მის მიმართ მსგავს ქმედებას არავინ ახორციელებს, მათ შორის არც მშობლები. ზ.ტ–ს გაეწია კონსულტაცია, ბავშვისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, თუმცა მხარემ დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება, რომ არ ფიქრობდა მისი შვილი ყოფილიყო სერიოზული ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი და შესაძლოა დედამ მხოლოდ წამოარტყა, ასევე ვარაუდობდა, რომ ბავშვს შეიძლებოდა გადაეთქვა მოწოდებული ინფორმაცია და აღნიშნულის გათვალისწინებით მას პოლიციისთვის არ მიუმართავს. ორივე საცხოვრებელი მისამართი, სადაც ბავშვს უწევს ყოფნა, უსაფრთხოა სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის. როგორც დედის, ასევე მამის ბინაში ვიზიტისას დაცული იყო ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები. საცხოვრებელში განთავსებული იყო საჭირო ტექნიკა და ავეჯი. საქმის მოკვლევის პროცესში განხორციელებული დაკვირვებისა და მიღებული ინფორმაციის მიხედვით გამოვლინდა, რომ არასრულწლოვანი მშობლების დაშორების შემდეგ ცხოვრობს ქ.რუსთავში, ........, დედასთან ი.მ–თან ერთად და აქვს სისტემატური ურთიერთობა მამასთან ზ.ტ–თან. ხუთშაბათ საღამოს და შაბათ კვირას ატარებს მამის საცხოვრებელ მისამართზე, ქ.რუსთავი, ........ დ.ტ–თან განხორციელებული არაერთი კომუნიკაციისას ბავშვი დადებითად ახასიათებდა მშობლებს და მათთან ურთიერთობას. ი.მ–ის გადმოცემით ამჟამად არ არის დასაქმებული და დღის განმავლობაში მუდმივად დ–თან ერთად არის,თუმცა ის თანაცხოვრების პერიოდში იყო დასაქმებული და აღნიშნულ საკითხზე ოჯახს მისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. სამსახურში ყოფნის პერიოდშიც ყოველთვის თავისუფალ დროს (შესვენების პერიოდი) შვილთან ატარებდა. მოსარჩელე მხარის თქმით თავად როდესაც სამსახურში იყო, ბავშვი ბებიასთან, ზ.ტ–ის დედასთან რჩებოდა და დედამთილისვე მოთხოვნით 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად ხელზე გარკვეულ თანხას აძლევდა მას. ქალბატონი ი–ს გადმოცემით აღნიშნულზე ინფორმაციას ფლობდა მისი ყოფილი მეუღლეც, რადგან ამ საკითხზე საუბარი ორივე მათგანთან შედგა. ზ.ტ–ის გადმოცემით დაშორების შემდეგ, როდესაც ი.მ–ი ისევ დასაქმებული იყო, მისი მოთხოვნით მოხდა ყოფილი მეუღლის სამუშაო საათებში ბავშვის საკუთარ საცხოვრებელში წამოყვანა და საღამოს ისევ დედასთან დაბრუნება. აღნიშნულ პერიოდში ბავშვს უვლიდა ზ.ტ–ის დედა. მოპასუხე მხარე თვლიდა, რომ ბავშვის ბებია (დედის დედა) ბავშვის საჭიროებებს/მოთხოვნილებებს სათანადოდ არ იცნობდა და უკეთესი იქნებოდა ბავშვზე ეზრუნა იმ ბებიას, რომელიც მონაწილე იყო მისი გაზრდის. ი.მ–ის გადმოცემით ის რადგან ამჟამად დასაქმებული არ არის და ბავშვზე სისტემატურ ფინანსურ ზრუნვას ახორციელებს მისი დედა და და, თავად კი მთელ დროს ატარებს შვილთან ერთად და ზრუნავს მასზე, მაგრამ თავადაც სჭირდება შემოსავალი და ფიქრობს დასაქმებას, თუმცა მას დასაქმების შემთხვევაში ყოფილმა მეუღლემ განუცხადა, რომ ბავშვს საცხოვრებლად თავისთან წაიყვანდა, გადაწყვიტა მიემართა სასამართლოსთვის და მოითხოვა საკუთარი საცხოვრებელი განსაზღვრულიყო ოფიციალურად ბავშვის საცხოვრებლად. ზ.ტ–ის გადმოცემით დაშორების შემდეგ მათ ისედაც გადაწყვიტეს, რომ ბავშვს დედასთან ეცხოვრა, მეუღლის მხრიდან განხორციელებულ ქმედებას ის ბავშვის წართმევად აღიქვამს, თუმცა თუ მისი მეუღლე სამსახურში გასვლას დააპირებს, ის დ–ს თავისთან საცხოვრებლად წამოიყვანს და თავად იზრუნებს შვილზე. მან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ თავადაც მოუწევს სამსახურში ყოფნა და ამ დროს ბავშვზე ბებია იზრუნებს. დ–თან განხორციელებული შეხვედრებისას ბავშვმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მშობლებთან ურთიერთობით ბედნიერია, მოსწონს ყოფნა როგორც დედასთან, ასევე მამასთან. დასმულ შეკითხვაზე თუ სად სურს ბავშვს ცხოვრება დ–ი ამბობს, რომ უნდა თოდრიაზე ცხოვრება დედასთან ერთად. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ერთიანი პოზიცია/გადაწყვეტილება მიმდინარე დავასთან დაკავშირებით: ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიზანშეწონილია ბავშვის საცხოვრებლად განისაზღვროს დედის ი.მ–ის საცხოვრებელი მისამართი, სადაც ამჟამად ისედაც ცხოვრობს არასრულწლოვანი.
5.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მისი კვლევის საგანი იყო ალიმენტის დაკისრების სამართლებრივი წინაპირობების შემოწმება და მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ი) 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლებზე, ასევე ბავშვის უფლებათა კოდექსის 24-ე, 25-ე, 46-ე, 47.2., მუხლებზე.
5.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, მოპასუხეს ალიმენტის სახით არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა დაეკისრა მის სრულწლოვანებამდე, თუმცა აპელანტი მიიჩნევს, რომ მას ალიმენტი საერთოდ არ უნდა დაკისრებოდა.
5.5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია სასამართლოს მხრიდან დადგინდეს არა მხოლოდ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა, არამედ - ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ალიმენტის გადახდა მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
5.6. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილების უფლება მიიღონ მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნონ არასრულწლოვან შვილებზე. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილურად მაღალი მატერიალური შემოსავალი, ან/და გააჩნია საბანკო ვალდებულებები, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად.
5.7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით აპელანტმა ვერ მიუთითა ისეთ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რაც მისი ალიმენტისგან სრულად გათავისუფლების საფუძველი შეიძლება ყოფილიყო.
5.8. ალიმენტის ოდენობაზე მსჯელობისას პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში მიიღო ორივე მშობლის ამჟამინდელი მატერიალური მდგომარეობა - ამ შემთხვევაში ალიმენტის კონკრეტული ოდენობით განსაზღვრა მოხდა, სწორედ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ალიმენტვალდებული პირი თვითდასაქმებულია და აქვს გარკვეული შემოსავლები, ხოლო დედა უმუშევარია და მარტო ახორციელებს შვილის მოვლა- აღზრდას.
5.9. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, რაიმე ობიექტური გარემოება, მაგალითად, მოპასუხის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა/შრომისუუნარობა, დადგენილი არ არის. ამასთან, იმ მშობლის საოჯახო შრომა, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი არის ის მონაწილეობა, რაც ფაქტობრივად მას შეუძლია შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის გაიღოს და არ შეიძლება რჩენის ვალდებულება მხოლოდ ისე ვიწროდ იქნას განმარტებული, რომ მასში მოიაზრებოდეს მხოლოდ ფინანსური მონაწილეობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურდებოდა, რომ დედის მატერიალური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად მაღალია ან საკმარისია ბავშვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესი მოითხოვს, რომ მეორე მშობლის მხრიდან გაეწიოს მატერიალური დახმარება, რასაც უნდა გააჩნდეს სისტემატური და სტაბილური ხასიათი, თუნდაც ალიმენტვალდებულ პირს არ უფიქსირდებოდეს (ან არ ჰქონდეს რეალურად) შემოსავლები ან/და გააჩნდეს სხვა (მათ შორის, ფულადი) ვალდებულებები. გარდა ამისა, სასამართლო უპირატესად მაინც არასრულწლოვანთა საჭიროებებს ითვალისწინებს, რაც უნდა იყოს შრომისუნარიანი მშობლის მამოტივირებელი დასაქმებასა და მატერიალური შემოსავლის ქონისთვის, რათა საკუთარი შვილის აუცილებელი საჭიროებები უზრუნველყოს.
5.10. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ბავშვის საჭიროებების ჭრილში აპელანტს შედავება არ წარმოუდგენია, ამდენად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია მცირეწლოვანი ბავშვის საჭიროებების დეტალური კვლევა სათანადო სააპელაციო შედავების გარეშე.
6. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ალიმენტის დაკისრებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
6.2. კასატორის განმარტებით, იგი ჯეროვნად ასრულებდა და ასრულებს თავის არასრულწლოვანი შვილის რჩენის ვალდებულებას, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც კვირის განმავლობაში სამი დღე დ.ტ–ი იმყოფება მასთან, შესაბამისად არ ეთანხმება მისთვის ალიმენტის 500 ლარის დაკისრებას.
6.3. კასატორის მოსაზრებით, ერთ მშობელზე დაკისრებული ალიმენტის ოდენობა ორჯერ აღემატება სრულწლოვანი ადამიანის საარსებო მინიმუმს- 225 ლარს, მაშინ, როდესაც ეს ხარჯები კანონის შესაბამისად და საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, ორივე მშობლის მიერ თანაბრად არის გასაწევი.
6.4. სასამართლომ არ გამოიკვლია ის კონკრეტული საჭიროებები, თუ რისთვის იყო საჭირო ყოველთვიურად 500 ლარის ალიმენტის განსაზღვრა. ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხეს აქვს არადამაკმაყოფილებელი ქონებრივი მდგომარეობა. მას შემოსავლები არ უფიქსირდება, აქვს საბანკო ვალდებულებები, რომელიც აღებულია შვილის რჩენის ვალდებულების შესასრულებლად. ასევე მის სახელზე არ არის რეგისტრირებული უძრავი ქონება.
6.5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებთ კასატორმა მოითხოვა ალიმენტის დაკისრებაზე უარის თქმა.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 2 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ საკასაციო განაცხადები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. პალატის მოსაზრებით, კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
11. სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს, უფლებებთან ერთად, ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსსკ-ის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნაგანმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.; Nას-1449-2023, 9.02.2024წ.).
12. სსსკ-ის თავი XLIII განსაზღვრავს საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებებს. ამავე კოდექსის 352-ე მუხლის შესაბამისად, საქორწინო და საოჯახო საქმეების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი წესები იმ დამატებებით, რაც ამ თავშია დადგენილი, ხოლო 354-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გასაჩივრებული განჩინების თაობაზე, მოპასუხის საკასაციო პრეტენზიების მიხედვით სადავოა ალიმენტის 500 ლარის დაკისრების მართლზომიერება.
14. სსკ-ის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს შვილების მიმართ თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. 1198 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ისე - შვილის საჭიროებებს. 1234 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. 1202-ე მუხლის შესაბამისად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
15. კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას, გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
16. ბავშვის უფლებათა კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის. ამავე კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად მშობელი, ბავშვის აღზრდისთვის პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია აღზარდოს ბავშვი, იზრუნოს მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისთვის, აღზარდოს ის საზოგადოების ღირსეულ წევრად, მაღალი ზნეობრივი ღირებულებების მქონე პიროვნებად.
17. ბავშვის უფლებათა კოდექსის 46-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ყოველ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრების ისეთ სტანდარტზე, რომელიც შეესაბამება მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების საჭიროებებს. ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ჰქონდეს ცხოვრების ისეთი პირობები, რომლებიც ხელს უწყობს მის სრულფასოვან ფიზიკურ, ინტელექტუალურ, გონებრივ, სოციალურ და მორალურ განვითარებას, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, ბავშვის ცხოვრების სათანადო სტანდარტი ითვალისწინებს ბავშვის, სულ მცირე, საკვებით, სუფთა სასმელი წყლით, ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემოთი, პირველადი ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობით, ჯანსაღი ცხოვრების წესის, კატასტროფისა და უბედური შემთხვევისგან დაცვის შესახებ საბაზისო ინფორმაციითა და შესაბამისი მექანიზმებით უზრუნველყოფას.
18. ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის (რატიფიცირებულია 01.07.1994) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
19. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება. ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილების უფლება, მიიღონ მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული, იზრუნონ არასრულწლოვან შვილებზე. სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ აღნიშნული ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილურად მაღალი მატერიალური შემოსავალი, ან/და გააჩნია საბანკო ვალდებულებები, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით დაწესებულია მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობა, რაც ალიმენტის გადახდის მოვალეობასაც მოიცავს, მაგრამ კანონმდებელი არასრულწლოვნის სასარგებლოდ დასაკისრებელი ალიმენტის ზღვრულ ოდენობას არ ადგენს. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მოქმედებს დისკრეციის ფარგლებში და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებათა შეფასებით, უნდა დაადგინოს ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა. ამასთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოს არაერთ საქმეზე აქვს განმარტებული, რომ ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესი - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. ამასთან, ალიმენტის ოდენობის დადგენისას უნდა შეფასდეს მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა ობიექტური გარემოებები. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ-ები: №ას-58-49-2011, 27.06.2011წ; №ას-1141-1061-2017, 17.10.2017 წ; №ას-ას-1301-2019, 13.03.2020 წ; №ას-878-2021, 27.10.2021 წ. Nას-1262-2023, 8.11.2023წ.; Nას-1328-2023, 7.03.2024წ; Nას-1606-2023, 10.04.2024წ.).
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის განსაზღვრისას ალიმენტვალდებული პირის მატერიალურ მდგომარეობასთან ერთად, გასათვალისწინებელია ალიმენტის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საჭიროებები. ალიმენტი არ უნდა იყოს სიმბოლური და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას (შეად: სუსგ-ებს: N ას-1610-1511-2012, 4.02.2013 წ.; N ას-495-469-2015, 1.07.2015 წ.; N ას-463-463-2018, 14.01.2020 წ; N ას-1355-2019, 25.02.2020 წ.; N ას-767-2021, 18.11.2021 წ.; N ას-358-2023, 27.06.2023 წ.; Nას-1023-2023, 16.11.2023წ.; Nას-1328-2023, 7.03.2024წ.).
22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე დაკისრებულ ალიმენტს უსაფუძვლოდ მიიჩნევს იმ მოტივით, რომ დადგენილი არ არის როგორც არასრულწლოვნის მატერიალური საჭიროებები, ისე ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობა.
23. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოთხსენებულ არგუმენტს და ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებას მოპასუხისთვის არასრულწლოვნის სასარგებლოდ ალიმენტის - 500 ლარის დაკისრების თაობაზე. კერძოდ, საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელე და მოპასუხე ერთად არ ცხოვრობენ, მათ ჰყავთ ერთი საერთო არასრულწლოვანი შვილი, რომელიც ცხოვრობს მოსარჩელესთან/დედასთან. მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა მოპასუხისთვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ 500 ლარის დაკისრება მის სრულწლოვნებამდე ან გარემოებების შეცვლამდე და მიუთითა, რომ მოპასუხე მას, მიუხედავად სტაბილური შემოსავლისა, არ ეხმარება მატერიალურად ბავშვის აღზრდაში.
24. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მითითებას, რომ მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნების საპასუხოდ მხოლოდ მარტივი შესაგებელი წარადგინა და არ დაეთანხმა მოთხოვნას, ხოლო არსებითი შედავება მოთხოვნილი ალიმენტის საპასუხოდ არ წარუდგენია. ასევე, საქმის განხილვის პროცესში არ მიუთითებია იმ მტკიცებულებებსა და გარემოებებზე, რომელიც გააქარწყლებდა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დაადასტურებდა მისი ალიმენტისგან გათავისუფლების საფუძველს.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სარჩელისაგან მოპასუხის თავდაცვის ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა შესაგებელი. შესაგებელი, როგორც მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალება, მნიშვნელოვანი ინსტიტუტია სამოქალაქო სამართალწარმოებაში, მასში ვლინდება წერილობითი შეჯიბრებითობის პრინციპი. იგი ასევე ერთგვარი გამოხატულებაა დისპოზიციურობის (სსსკ-ის მე-3 მუხლი) პრინციპისა. საპროცესო ავტონომიის ფარგლებში მოპასუხის გადასაწყვეტია ცნობს თუ არა სარჩელს, დაასრულებს თუ არა საქმეს მორიგებით, ან რა სახის საპროცესო თავდაცვის საშუალებას გამოიყენებს, რაც გარკვეულწილად დავაში შესვლას და სარჩელში მითითებულ გარემოებებზე პასუხის გაცემას გულისხმობს. შესაბამისად, სარჩელის წარმატება იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად კვალიფიციურად დაიცავს თავს მოპასუხე სარჩელისაგან;
26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა (საქმეზე N ას-664-635-2016) 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ „სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს“ (დიდი პალატის გადაწყვეტილების 206-ე პუნქტი);
27. ფორმალური გამართულობის მოთხოვნა ვრცელდება არამარტო სარჩელზე, არამედ შესაგებელზეც, რა დროსაც მოწმდება, თუ რა ტიპის შესაგებელი წარადგინა მოპასუხემ (მოთხოვნის შემწყვეტი, შემაფერხებელი, გამომრიცხავი და ა.შ.). შესაგებლის კლასიფიკაციას არ ვხვდებით საპროცესო ნორმებში, თუმცა ამას გვთავაზობს იურიდიული დოქტრინა და სასამართლო პრაქტიკა. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. გენერალური მიდგომაა, რომ აბსტრაქტული შესაგებლის წარდგენა დაუშვებელია (აღნიშნული უტოლდება შესაგებლის წარუდგენლობას), ასეთივე მიდგომაა შესაგებლის შეუვსებელი (ცარიელი) ფორმის მიმართაც. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები დამტკიცებულად ითვლება)- სხვა მრავალთა შორის შეად. სუსგ-ებს: N ას-590-2023, 20.07.2023წ; N ას-541-2023. 5.07.2023წ; N ას-424-2023, 22.06.2023წ; N ას-1167-2021, 15.03.2023წ;
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს, რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ. თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება და მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე. შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა აქვს კვალიფიციურ შდავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოდ ხდის მოსარჩელის მოხსენებას. კვალიფიციური შედავებისას, მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, რას პასუხობს მოპასუხის ვერსიას მოსარჩელე და ეს პროცესი გრძელდება, ვიდრე არ დასრულდება მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე გადასვლა და პირიქით (შეად. სუსგ-ებს: N ას-613-2020, 17.06,2021წ; N ას-790-2020, 20.05.2021წ.);
29. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას ალიმენტის ოდენობასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა განისაზღვრა სწორედ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ალიმენტვალდებული პირი/კასატორი არის თვითდასაქმებული და აქვს გარკვეული შემოსავალი, ხოლო დედა უმუშევარია და მარტო ახორციელებს არასრულწლოვანი შვილის მოვლა-აღზრდას. მოპასუხეს სასამართლოში არ წარუდგენია კვალიფიციური შედავება სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რის გამოც მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები დადასტურებულად იქნა მიჩნეული.
30. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის პასუხად, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ქონებრივი მდგომარეობა, საბანკო ვალდებულებები და შემოსავლები განმარტავს, რომ ალიმენტვალდებული პირის ხარჯების არსებობის ან/და შემოსავლის არქონის პირობებშიც კი, მშობელი ვერ გათავისუფლდება შვილის რჩენის ვალდებულებისაგან და სხვა ხარჯებს (მაგ. სახელშეკრულებო ვალდებულებებს) ვერ მიენიჭება უპირატესობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დედის მატერიალური შესაძლებლობები საკმარისია, მამა ასევე ვალდებულია (თუნდაც არ იყოს დასაქმებული) სტაბილურად ჩაერთოს შვილების რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვების საარსებო მოთხოვნილებები - ორივე მშობლის მონაწილეობით.
31. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ იმ მშობლის საოჯახო შრომა, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი არის ის მონაწილეობა, რაც ფაქტობრივად მას შეუძლია შვილის ნორმალური რჩენა აღზრდისთვის გაიღოს და არ შეიძლება რჩენის ვალდებულება მხოლოდ ისე ვიწროდ იქნას განმარტებული, რომ მასში მოიზარებოდაეს მხოლოდ ფინანსური მონაწილეობა. ამასთან, სასამართლო უპირატესად მაინც არასრულწლოვანთა საჭიროებებს ითვალისწინებს, რაც უნდა იყოს შრომისუნარიანი მშობლის მამოტივირებელი დასაქმებასა და მატერიალური შემოსავლის ქონისთვის, რათა საკუთარი შვილის აუცილებელი საჭიროებები უზრუნველყოს.
32. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 ოქმის (საქართველოსთვის ძალაში შევიდა 01/07/2000) მე-5 მუხლი ადგენს მეუღლეთა თანასწორობას და განსაზღვრას, რომ მეუღლეები სარგებლობენ კერძოსამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებებითა და მოვალეობებით ერთმანეთს შორის და შვილებთან ურთიერთობაში, როგორც დაქორწინების დროს, ისე ქორწინების განმავლობაში და მისი შეწყვეტის შემთხვევაში. ეს მუხლი ვერ დააბრკოლებს სახელმწიფოს, განახორციელოს ბავშვების ინტერესებისათვის აუცილებელი ღონისძიებანი. მშობელთა ვალდებულებაა, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ის ორივე მშობლის სტაბილურ თანადგომას საჭიროებს.
33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის განმარტების მიხედვით (13/07/00 - საქმე ელშოლცი გერმანიის წინააღმდეგ, ELSHOLZ gegen DEUTSCHLAND (საჩივარი № 25735/94), მშობლისა და შვილის ინტერესებს შორის სათანადო ბალანსი უნდა იქნეს დაცული (იხ. მაგ. 1992 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ოლსონი შვედეთის წინააღმდეგ (Olsson ./. Schweden) (№2), სერია A, ტომი 250, გვ. 35-36, №. 90). ამასთანავე, განსაკუთრებულ ყურადღების ღირსია ბავშვის კეთილდღეობა (საუკეთესო ინტერესს), რომელმაც თავისი ბუნებითა და მნიშვნელობით შესაძლოა, მშობლის ინტერესი გადაწონოს. კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლის მიხედვით, მშობელი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას ხელყოფენ (იხ. საქმე იოჰანსენი ნორვეგიის წინააღმდეგ, გვ. 1008, №78).
34. ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებით საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობასა და დასკვნებს და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მშობელთა პასუხისმგებლობის თანაბრობის პრინციპიდან გადახვევას ადგილი არ ჰქონია. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს ისეთ მტკიცებულებებზე მითითებასა თუ დასაბუთებას, რაც საკასაციო სასამართლოს დაარწმუნებდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ საქმის არასრულყოფილად გამოკვლევაში.
35. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
36. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ.ტ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. ზ.ტ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, მ.მ–ძის (პ/ნ ........) მიერ, გადახდილი (საგადახდო დავალება №31539180238, გადახდის თარიღი 22.01.2026) 300 ლარის 70% - 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი