საქმე Nას-1518-2025
7 აპრილი 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ჯ.გ–ნი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – რ.გ–ნი, თ.ჩ–ი (მოსარჩელეები)
დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება უძრავი ნივთის რეალიზაციის გზით
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, რ.გ–ნის და თ.ჩ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რ.გ–ნის, თ.ჩ–ისა და ჯ.გ–ნის საზიარო უფლება უძრავ ქონებაზე, მდებარე: მცხეთა, .........., საკადასტრო კოდი: ........., საგნის აუქციონის წესით გაყიდვის გზით და ამონაგები თანხა მხარეებს შორის განაწილდა კუთვნილი წილების პროპორციულად; ჯ.გ–ნის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ.გ–ნმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, ჯ.გ–ნის სააპელაციო საჩივარი, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო, დატოვებული იქნა განუხილველად.
4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2025 წლის 30 ივნისს. სხდომას არ ესწრებოდნენ არც მოპასუხე(აპელანტი) არც მისი წარმომადგენელი, თუმცა მათთვის საქართველოს კანონმდებლობთ დადგენილი წესით, ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტის წარმომადგენელს - ს.გ–ს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი ეცნობა 2025 წლის 3 ივნისის სხდომაზე, რასაც ადასტურდებს საქმეში წარმოდგენილი ხელწერილი (იხ. ტ.3, ს/ფ 47). შესაბამისად, უდავოდ დგინდება, რომ გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო მოპასუხისთვის.
5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამით დგინდება, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება პროგრამაში აიტვირთა (მომზადდა) 2025 წლის 28 ივლისს (გამოცხადებიდან 28-ე დღეს). დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილ ვადაში მომზადების ფაქტი დასტურდება ასევე იმ გარემოებითაც, რომ მოსარჩელე თ.ჩ–ს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 30.07.2025 წელს, ანუ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ მოპასუხეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში, სასამართლოსთვის არ მიუმართავს. ჯ.გ–ნის წარმომადგენელმა, ს.გ–მა, მხოლოდ 22.09.2025წ. ანუ 84-ე დღეს ჩაიბარა გადაწყვეტილება, რაც დასტურდება ამ უკანასკნელის ხელწერილით (ტ.3, ს.ფ. 76), ხოლო სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2025 წლის 29 სექტემბერს.
6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებთ, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კანონით განსაზღვრულ ვადაში აპელანტი ან მისი წარმომადგენელი სასამართლოში არ გამოცხადებულან, შესაბამისად სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის (2025 წლის 30 ივლისის) მომდევნო დღიდან - 2025 წლის 31 ივლისიდან და ამოიწურა 2025 წლის 13 აგვისტოს. საქმის მასალების თანახმად, მოპასუხემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 17 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, ზემოხსენებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით. მისი განმარტებით, მისთვის ცნობილი არ იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ამასთან გადაწყვეტილების მომზადების თაობაზე ეცნობა დაგვიანებით და ამ მოტივით, 2025 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება ჩაიბარა 2025 წლის 22 სექტემბერს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 5 თებერვლის განჩინებით ჯ.გ–ნის კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად განმარტავს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე (იმპერატიული ვადა). ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად. 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
12. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.
13. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.
14. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის მომდევნო დღიდან, რადგან სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის №ას-1161-1106-2014 განჩინება, სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება (იხ. სუსგ №ას-1495-2018, 1 ივლისი, 2019 წ; №ას-1289-2019, 24 ოქტომბერი, 2019 წ.).
16. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სსსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
17. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
18. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ მისთვის ცნობილი არ იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ამასთან გადაწყვეტილების მომზადების თაობაზე ეცნობა დაგვიანებით და ამ მოტივით 2025 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება ჩაიბარა 2025 წლის 22 სექტემბერს.
19. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით, რომელსაც ხელს აწერს როგორც მოსარჩელის ისე მოპასუხის წარმომადგენელი, დასტურდება, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით (ტ.1,ს.ფ. 47).
20. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილება პროგრამაში ატვირთულია/მომზადებულია 2025 წლის 28 ივლისს. აღნიშნულს ასევე ადასტურებს ის გარემოება, რომ მოსარჩელე თ.ჩ–მა სასამართლოს 2025 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება ჩაიბარა 2025 წლის 30 ივლისს (ტ.1, ს/ფ70), გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. მოპასუხეს კანონით დადგენილ, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-30 დღის ვადაში სასამართლოსთვის არ მიუმართავს. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა გადაწყვეტილება ჩაიბარა 2025 წლის 22 სექტემბერს, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ხელწერილი. (ტ.1, ს/ფ76).
21. პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სსსკ-ის 2591 მუხლი ადგენს მხარის (რომელიც ესწრება ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება) ვალდებულებას, მითითებულ ვადაში გამოცხადდეს სასამართლოში გადაწყვეტილების მისაღებად, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადა აითვლება სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს (იხ.: სუსგ. №ას-717-2020, 19.11.2020წ.; №ას-1299-2021, 15.02.2022წ.).
22. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აშკარაა, რომ აპელანტს სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილი ქცევის წესი არ დაუცვია, ამიტომ მის მიმართ ამავე ნორმის ის დანაწესი ამოქმედდა, რომელიც გასაჩივრების ვადის ათვლის დასაწყისად გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო თარიღს ადგენს და ამ ვადის გაგრძელებას და აღდგენას დაუშვებლად მიიჩნევს. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა, სსსკ-ის 2591-ე მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2025 წლის 31 ივლისს და ამოიწურა 2025 წლის 13 აგვისტოს.
23. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა, კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით, მოპასუხის სასამართლოში გამოცხადებას დაადასტურებდა, ისევე, როგორც, არ არის წარდგენილი სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი დოკუმენტიც, რომელიც სასამართლოს მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების ვადის დარღვევას დაადასტურებდა.
24. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სადავო საპროცესო ვადა მართებულად გამოიანგარიშა, როდესაც მისი ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღიდან შესაბამისად,სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა მოპასუხეს ჰქონდა 2025 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით, მან კი აღნიშნული განახორციელა 2025 წლის 29 სექტემბერს, 84 დღის დაგვიანებით, კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: N ას-558-533-2016, 15.07.2016წ; N ას-562-537-2016, 15.07.2016წ; N ას-35-37-2017, 31.07.2017წ.; N ას-650-616-2015 (ბ)-2015, 26.07.2017წ.; N ას-938-2019, 25.07.2019წ.).
26. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 374-ე მუხლის (სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა) საფუძველზე, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, სააპელაციო საჩივარი კანონშესაბამისად დარჩა განუხილველად და გასაჩივრებული განჩინების მოტივაცია სრულად ესადაგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს.
28. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, თავისი ბუნებით, ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5) (იხ.: სუსგ. №ას-1615-2019, 14.01.2020წ.; №ას-991-2024, 31.10.2024წ.). გასაჩივრების ვადის დარღვევის შემთხვევაში მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (იხ. სუსგ. №ას-1226-2019, 23.12.2019წ., №ას-1299-2021, 15.02.2022წ.).
29. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების (რაც თავის თავში მოიცავს სასამართლო ხელმისაწვდომობასაც) დარღვევის ფაქტი არ დგინდება, შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სამოქალაქო საპროცესო ნორმების სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.
30. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
31. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ.გ–ნის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი