Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-121-120(კ-08) 8 მაისი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ლევან მურუსიძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მ. შ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.11.07წ. განჩინებაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 11.02.08წ. განჩინებით მ. შ-ას ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე. აღნიშნული განჩინების კასატორისათვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურიდან ირკვევოდა, რომ კასატორს ხსენებული განჩინება ჩაბარდა 22.02.08წ., ხოლო კასატორმა 04.03.08წ. შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 47-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის (6000 ლარის) გადახდისაგან გათავისუფლება, ვიანიდან არ მუშაობს და ჰყავს ორი შვილი, აქედან ერთი დაავადებულია ეპილეფსიით და სჭირდება სისტემატიური მკურნალობა, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 14.04.08წ. განჩინებით გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 11.02.08წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. მ. შ-ას მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დაევალა ხარვეზის შევსება, კერძოდ, უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 6000 ლარის გადახდის ქვითარი ან უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ მის მიერ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულია იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან, ხოლო 47-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლებას სასამართლოს მიერ იმ შემთხვევაში თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლოს ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, სასამართლოს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. მოცემულ შემთხვევაში მ. შ-ას მიერ არანაირი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას გაეთავისუფლებინა იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მ. შ-ას და მის წარმომადგენელს გ. თ-ეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ 14.04.08წ. განჩინება 24.04.08წ. ჩაბარდათ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47.1 მუხლის თანახმად სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზეც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. კასატორ მ. შ-ას არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ 14.04.08წ. განჩინების ჩაბარების შემდეგ არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას, რის გამოც მ. შ-ას შუამდგომლობა ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. შ-ას საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.