Facebook Twitter

საქმე №ას-120-2025

07 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.ა–ია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, კომპენსაციის გადახდის დაკისრება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ლ.ა–იამ (შემდეგში: მოსარჩელე ან დასაქმებული) თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დამსაქმებელი) მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ მოპასუხე სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის 31 ოქტომბრის N01/770 ბრძანების ბათილად ცნობა; მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის 4 000 ლარის დაკისრება; მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად 1 000 ლარის (დასაბეგრი) გადახდის დაკისრება, 2022 წლის 1 ნოემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხე სააგენტომ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო.

3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 2022 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება (სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის 31 ოქტომბრის N01/770 ბრძანება) დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა 2 000 ლარის (ხელზე მისაღები) გადახდა; მოპასუხე სააგენტოს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 1 000 ლარის (დასაბეგრი) გადახდა, 2022 წლის 1 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4.2. მოსარჩელე, 2013 წლის 10 მაისიდან, დასაქმებული იყო მოპასუხე სააგენტოში, სხვადასხვა პოზიციაზე. გათავისუფლების დროისთვის, მოსარჩელე უვადოდ დანიშნული იყო მოპასუხე სააგენტოს არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურში, სპეციალისტის (არქეოლოგიის მიმართულებით) პოზიციაზე და მისი შრომის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 1 000 ლარს (დასაბეგრი ოდენობა).

4.3. მოპასუხე სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ, 2022 წლის 19 სექტემბერს, გამოცემული იქნა N02/50 ბრძანება სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ.

4.4. მოპასუხე სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ 2022 წლის 7 ოქტომბერს მიღებული იქნა N02/54 ბრძანება, რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენასა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და გადარჩევის წესის შესახებ. აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, გადარჩევას დასაქვემდებარებელ თანამშრომელთა იდენტიფიცირების, მათი კომპეტენციებისა და უნარების განსაზღვრის მიზნით, კომისია უზრუნველყოფდა გასაუბრების ჩატარებას. მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა გადარჩევას დასაქვემდებარებელ თანამშრომელთა კომპეტენცია, სხვა ობიექტური გარემოებები და დასაბუთებული მონაცემები აესახა გასაუბრების სხდომის ოქმში.

4.5. მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო სააგენტოში ჩატარებულ გასაუბრებაში. თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის 2022 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხების საფუძველზე, კომისიის წევრების მიერ, პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით, გასაუბრებაში მონაწილე თითოეული პირი შეფასდა. არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის სპეციალისტი (არქეოლოგიის მიმართულებით) - მოსარჩელე შეფასდა უარყოფითად.

4.6. მოპასუხე სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის 31 ოქტომბრის ბრძანებით, მოსარჩელე 2022 წლის 1 ნოემბრიდან გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 47.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიეცა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

4.7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ფაქტობრივი გარემოების არსებობის მტკიცების ტვირთი გადადის არა დასაქმებულზე, არამედ დამსაქმებელზე, რომელმაც უნდა შეძლოს რეორგანიზაციაში არსებული ცვლილებებისა და მოსარჩელის სამსახურიდან გაშვებას შორის არსებული მიზეზობრივი კავშირის დადგენა და საკუთარი გადაწყვეტილების (ხელშეკრულების შეწყვეტის) ლეგიტიმურობის დასაბუთება (შეადრ: სუსგ Nას-414-391-2014, 29.06.2015 წ.). იმისათვის, რომ დასაქმებულის გათავისუფლება ლეგიტიმურად ჩაითვალოს, სშკ-ის 47(1) ,,ა“ ქვეპუნქტის შემთხვევის დასადგომად, დამსაქმებელმა აუცილებლად უნდა დაიცვას კუმულაციურად ორი მოთხოვნა მაინც: 1) უნდა არსებობდეს ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და 2) აღნიშნულის შედეგად აუცილებელი უნდა იყოს სამუშაო ძალის შემცირება. ამასთან, პირველი ელემენტი შესაძლოა დამოუკიდებლად არსებობდეს, თუმცა იმისთვის, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდეს, აუცილებელია მეორე ელემენტის არსებობა (იხ. სუსგ: №ას-1513-2019, 16.12.2019 წ.).

4.8. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ რეორგანიზაციის პირობებში, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებშიც კი, დამსაქმებელი ორგანიზაცია ვალდებულია, დაასაბუთოს, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა სხვა თანამშრომელს და არა მოსარჩელეს (იხ. სუსგ №ას-298-2020, 16.09.2020 წ.).

4.9. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით დავასთან დაკავშირებულ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ამ სახის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს იმ ძირითადი პრინციპიდან, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ. სუსგ №ას-922-884-2014, 16.04.2015 წ.; №ას-483-457-2015, 7.10.2015 წ.; №ას-182-171-2017, 27.12.2019 წ.).

4.10. შრომითი დავების განხილვის სპეციფიკისა და მტკიცების ტვირთის განაწილებიდან გამომდინარე, როდესაც სადავოა დასაქმებული სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერება, დამსაქმებელი ვალდებულია დეტალურად, ამომწურავად მიუთითოს, რა გახდა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, რა ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით მიიღო მან ეს გადაწყვეტილება.

4.11. შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალურ“ წესზე. შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარეებს, რომლებიც მთლად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთმანეთის მიმართ. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს. მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებები შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე სსკ-ის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

4.12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რეორგანიზაცია მოიცავს ორგანიზაციის სტრუქტურას სრულად და არა მის რომელიმე მიმართულებას, რა დროსაც დამსაქმებელი უფლებამოსილია კადრები შეარჩიოს საკუთარი შეხედულებისამებრ, მაგრამ იმ შეზღუდვის გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება. აღნიშნულ პროცესში დაცული უნდა იქნეს დასაქმებულთა უფლებები, რაც გულისხმობს დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთა შერჩევას ობიექტურად და დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას.

4.13. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე დაწესებულებაში ორგანიზაციული ცვლილებები განხორციელდა, რის შედეგადაც მოხდა სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება, ასევე გარკვეული პოზიციების შემცირება, ორგანიზაციული ცვლილებების შედეგად გაუქმდა არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის სპეციალისტის ორი შტატი (არქეოლოგიის მიმართულებით). განისაზღვრა არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურში არქეოლოგიის მიმართულებით ერთი უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული.

4.14. რეორგანიზაციის განხორციელებისას დამსაქმებელს ეკისრება ვალდებულება, დაასაბუთოს თუ რა ლეგიტიმური მიზეზით დაითხოვა ერთი დასაქმებული და დატოვა სამსახურში მეორე, განაპირობებდა თუ არა ამას შექმნილ თანამდებობებზე დანიშნული სხვა პირების უფრო მაღალი კვალიფიკაცია, რაც სასამართლოს დაარწმუნებს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულთა მიმართ სამართლიან მოპყრობაში.

4.15. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კვალიფიკაციის შემოწმებისა და უნარ-ჩვევების შემოწმების მიზნით მოპასუხე დაწესებულებაში ჩატარდა ზეპირი გასაუბრება. მოპასუხე სააგენტოს რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენასა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის 10.10.2022 წლის #1 ოქმის შესაბამისად, დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხების საფუძველზე, კომისიის წევრების მიერ, პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით, გასაუბრებაში მონაწილე თითოეული პირი შეფასდა. არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის სპეციალისტი (არქეოლოგიის მიმართულებით) - მოსარჩელე შეფასდა უარყოფითად.

4.16. ოქმში აღნიშნულია, რომ არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის თანამშრომელმა - მოსარჩელემ გასაუბრების მსვლელობისას განაცხადა, რომ მას არ შეუძლია მისი ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება გაურკვეველი მიზეზების გამო. კერძოდ, ვერ წავა ველზე, ვერ მიიღებს ექსპედიციაში მონაწილეობას. კომისიის თავმჯდომარის მიერ დასმულ კითხვაზე, შეუძლია თუ არა მას თბილისთან ახლო მანძილის რადიუსში მაინც ექსპედიციაში მონაწილეობა და ხელმძღვანელობა, დასაქმებულმა განმარტა, რომ იგი შეძლებს მხოლოდ ანოტაციების და შეფასებების მომზადებას, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არაფერი ხდება და არ ასრულებს სამსახურებრივ საქმიანობას. ოქმის თანახმად, მოსარჩელესთან გასაუბრების ეტაპზე გამოიკვეთა, რომ იგი არ ასრულებს მის ფუნქცია-მოვალეობებს და არც სამომავლოდ აპირებს მის შესრულებას. ანოტაციებისა და ანგარიშების მომზადება წარმოადგენს არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი სპეციალისტის (არქეოლოგიის მიმართულებით) ერთ-ერთ ფუნქციას, შესაბამისად, მხოლოდ მისი შესრულება არ წარმოადგენს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვან განხორციელებას, რაც მას ევალება სამუშაო აღწერილობის შესაბამისად. არქეოლოგის ძირითად ფუნქციას სწორედ ექსპედიციაში მონაწილეობა წარმოადგენს, ხოლო ანგარიშებისა და დასკვნების მომზადება ხდება ექსპედიციის პროცესისა და შედეგებიდან გამომდინარე. დასაქმებულთან გასაუბრებიდან გამომდინარე, რჩება შთაბეჭდილება, რომ იგი ინდიფერენტულად და გულგრილად ეკიდება დაკისრებულ მოვალეობას, რისი გამოვლინებაცაა მისი განცხადება, რომ „სამსახურში არაფერი ხდება“.

4.17. ზემოაღნიშნულ ოქმზე დაყრდნობით, მოპასუხე სააგენტოს გენერალური დირექტორის 31.10.2022 წლის ბრძანებით მოსარჩელე 01.11.2022 წლიდან გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან, სშკ-ის 47.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიეცა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

4.18. უდავოა, რომ სააგენტოში ჩატარებული ორგანიზაციული ცვლილებების შედეგად, დამტკიცდა სააგენტოს განახლებული საშტატო ნუსხა, რომლითაც განისაზღვრა არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურში არქეოლოგიის მიმართულებით ერთი უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული. გაუქმდა არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის სპეციალისტის ორი შტატი (არქეოლოგიის მიმართულებით).

4.19. საწარმოს ან მისი სტრუქტურული ერთეულის რეორგანიზაცია უკანონოა, როდესაც რეალურად ადგილი არ ჰქონდა რეორგანიზაციას, ფორმალური ნიშნების მიხედვით დარჩა იგივე სტრუქტურული ერთეული (ერთეულები), ან ცვლილებით გაუქმებული სტრუქტურების ნაცვლად შემოღებულ იქნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, რომლებიც ფორმალური ნიშნით განსხვავდება, მაგრამ შინაარსობრივად იმავე ფუნქციის მატარებელია, რაც ძველი სტრუქტურული ერთეულები. თუმცა ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, რეორგანიზაციის შედეგად პირთა გათავისუფლების უკანონობაზე უნდა უთითებდეს, აგრეთვე, სამუშაო ძალის შემცირების არარსებობა.

4.20. პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ რეორგანიზაციის აუცილებლობის შეფასებისას, ყველაზე ნაკლები სიმკაცრე სასამართლომ, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეკონომიკური აუცილებლობის შეფასების დროს უნდა გამოიჩინოს. დამსაქმებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ორგანიზაციული მოწყობის თვალსაზრისით, სასამართლო აქტიურად ვერ ჩაერევა, ვერ განსაზღვრავს და ვერ მიუთითებს, თუ რომელი სტრუქტურული ერთეული უნდა არსებობდეს და რა სახით ან რომელი თანამდებობის არსებობა საჭიროებს და რომლის არა. სასამართლოს მოსაზრებით, ორგანიზაციული ცვლილებების საჭიროება თვითონ მოპასუხის გადასაწყვეტია, თუმცა დავის არსებობის პირობებში, დამსაქმებელმა ელემენტარულად მაინც უნდა შეძლოს და წარმოაჩინოს განხორციელებული საკადრო ცვლილებების თანმიმდევრული და სინქრონული სურათი, რაც სასამართლოს მისცემს საშუალებას, დარწმუნდეს შესაბამისი საშტატო ცვლილებების აუცილებლობაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დამსაქმებელმა შეძლო იმ გარემოების დადასტურება, რომ განხორციელებული რეორგანიზაცია მოსარჩელესთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ ყოფილა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერი და საჭიროებისამებრ ჩატარებული, ყოველთვის არ წარმოადგენს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვების ლეგიტიმურ საფუძველს. მარტოოდენ რეორგანიზაცია დასაქმებულის სამსახურიდან გაშვების საფუძველი არ უნდა გახდეს. რეორგანიზაცია დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლების მტკიცების ტვირთისაგან არ ათავისუფლებს.

4.21. დამსაქმებელს სრული უფლება აქვს ჩაატაროს რეორგანიზაცია და საჭიროებისამებრ სამსახურიდან გაათავისუფლოს თანამშრომლები, თუმცა, იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით. ევროპის სოციალური ქარტია, 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება და უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან.

4.22. საქმის მასალებიდან უდავოდ დასტურდება, რომ რეორგანიზაციის ფარგლებში, სხვა სტრუქტურულ ცვლილებებთან ერთად, შემცირდა საშტატო ერთეულები. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა ორგანიზაციული ცვლილებები კანონიერია, მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს, თუ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობითა და რა პროცედურების დაცვით მოხდა დასაქმებულის გათავისუფლება.

4.23. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ რეორგანიზაციის დროს დამსაქმებელმა კონკრეტული დასაქმებულის მიმართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე დასაქმებულებს უნდა წარუდგინოს და გააცნოს ის კრიტერიუმები და პროცედურები, რომლითაც იგი იხელმძღვანელებს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობიდან გამომდინარე მათ მიმართ. ასეთი კრიტერიუმები უნდა იყოს წინასწარ დადგენილი, სამართლიანი, ობიექტური, გამჭვირვალე. მსგავსი კრიტერიუმების წინასწარ განსაზღვრის და ინფორმირების შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის კონკრეტულ დასაქმებულთან შეწყვეტის დროს, შესაძლებელია გათავისუფლებულ დასაქმებულს არ გაუჩნდეს უსამართლოდ მოპყრობის შეგრძნება და არც დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნება გახადოს სადავოდ. კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ხდებოდა მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის გაუქმება, განსაკუთრებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო დამსაქმებლის მიერ, ერთი მხრივ, იმ კრიტერიუმების მკაფიოდ და კონკრეტულად განსაზღვრა, რომლის საფუძველზეც განხორციელდებოდა დასაქმებულთა გადარჩევა და მეორე მხრივ, კონკურსანტთა ინფორმირებულობა აღნიშნული კრიტერიუმების თაობაზე. მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე გაფრთხილებული იქნა გასაუბრების და შეფასების კრიტერიუმების თაობაზე. საქმეში წარმოდგენილია გასაუბრების ოქმი, სადაც განმარტებული იქნა, რომ იგი არ ასრულებს მის ფუნქცია-მოვალეობებს და არც სამომავლოდ აპირებს მის შესრულებას. ანოტაციებისა და ანგარიშების მომზადება წარმოადგენს არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი სპეციალისტის (არქეოლოგიის მიმართულებით) ერთ-ერთ ფუნქციას, შესაბამისად, მხოლოდ მისი შესრულება არ წარმოადგენს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვან განხორციელებას, რაც მას ევალება სამუშაო აღწერილობის შესაბამისად. არქეოლოგის ძირითად ფუნქციას სწორედ ექსპედიციაში მონაწილეობა წარმოადგენს, ხოლო ანგარიშებისა და დასკვნების მომზადება ხდება ექსპედიციის პროცესისა და შედეგებიდან გამომდინარე. მოსარჩელესთან გასაუბრებიდან გამომდინარე, რჩება შთაბეჭდილება, რომ იგი ინდიფერენტულად და გულგრილად ეკიდება დაკისრებულ მოვალეობას, რისი გამოვლინებაცაა მისი განცხადება, რომ „სამსახურში არაფერი ხდება“. საქმეში წარმოდგენილია 2023 წლის 02 თებერვლის სამსახურებრივი ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ მოპასუხე სააგენტოს არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის სპეციალისტი მოსარჩელე, 2022 წლის 15 იანვრიდან 2022 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში, სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფებოდა მხოლოდ ორჯერ, ხოლო ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტი იმავე პერიოდში მივლინებაში იმყოფებოდა ათჯერ.

4.24. საქმეში წარმოდგენილი სამუშაო აღწერილობის მიხედვით, არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის სპეციალისტის (არქეოლოგიის მიმართულება) ფუნქცია-მოვალეობებს წარმოადგენდა: კომპეტენციის ფარგლებში, არქეოლოგიური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (ობიექტების) მოვლა-პატრონობა, ასევე, მათი შესწავლა და პოპულარიზაცია; არქეოლოგიური სამუშაოების წარმოება და შესაბამისი დასკვნების მომზადება; არქეოლოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებით, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება; კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის არქეოლოგიური, ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის, ასევე, დაცვის ზონების დადგენის თაობაზე წინადადებების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული დავალებების/მითითებების შესრულება. აღწერილობის თანახმად, ყველა ფუნქცია (მოვალეობას) გააჩნდა პრიორიტეტულობა - „მაღალი“ (ტ. 1, ს.ფ. 99-101).

4.25. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის ფუნქცია-მოვალეობების ჩამონათვალი შედგება რამდენიმე პუნქტისგან, ამასთან არ არის ამომწურავი და გათვალისწინებულია აღწერილობაში კონკრეტული ფუნქციის გარდა, კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული დავალებების/მითითებების შესრულება, ამასთანავე, ყველა ფუნქციის-მოვალეობის პრიორიტეტულობა არის ერთნაირად „მაღალი“ და მოპასუხე მოსარჩელეს ედავება მინიმუმ ერთი წლის პერიოდში, სამსახურებრივი ვალდებულებების სისტემატურად შეუსრულებლობაზე, მნიშვნელოვანია, მტკიცებულებებით დადასტურდეს აღნიშნული. თუმცა, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს, რომ ამ პერიოდში დასაქმებულის წინააღმდეგ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, რაც შესაძლებლობას მისცემდა დამსაქმებელს, დაედასტურებინა მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ არ დასტურდება, რომ გარემოებები მოსარჩელის სამსახურებრივ აქტივობასთან დაკავშირებით (რასთან დაკავშირებითაც დავის განხილვის პროცესში მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა გარკვეული მტკიცებულებები) განხილული და შეფასებული იქნა შერჩევის ეტაპზე.

4.26. სადავო გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ არ ემყარება მოსარჩელის, როგორც დასაქმებულის სამუშაოს შესრულების, კვალიფიკაციის არც რაოდენობრივ, არც ხარისხობრივი შეფასების კრიტერიუმებს. მოსარჩელისათვის უცნობია, თუ რა შეფასება მიიღო ჯამურად, რა კრიტერიუმები და მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა თანამშრომელთა გადარჩევის პროცესის წარმატებით გავლისათვის და ამ მოთხოვნებიდან რომელი ვერ დააკმაყოფილა. ამდენად, სასამართლოს აზრით, დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა ის ობიექტური წინაპირობები, რამაც განაპირობა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. კადრების შემცირების პარალელურად, დამსაქმებელს უნდა დაესაბუთებინა კონკრეტული თანამშრომლის გათავისუფლების მიზანშეწონილობა, რისი სათანადო განუხორციელებლობაც ბათილად ხდის სადავო ბრძანებას.

4.27. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან მიმართებით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნება არამართლზომიერია, რის გამოც საქალაქო სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად მოპასუხე სააგენტოს 2022 წლის 31 ოქტომბრის N01/770 ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

4.28. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია.

4.29. სშკ-ის 58-ე მუხლის თანახმად, ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4.30. სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

4.31. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომით სამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამუშაოს მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში.

4.32. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომა, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის და მანვე (კომპენსაციის ოდენობამ) უნდა უზრუნველყოს დასაქმებულის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნა, რითაც კომპენსაცია განსხვავდება ზიანის ანაზღაურებისას პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისგან. საგულისხმოა, რომ სშკ-ის 38.8-ე მუხლი (ამჟამად მოქმედი რედაქციით 48.8-ე მუხლი) არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას. ამ მოცემულობაში, კომპენსაციის ოდენობა ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ხორციელდება“ (იხ. სუსგ Nას-792-2019, 18.02.2021 წ.).

4.33. არც შრომის კოდექსი და არც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტი განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას და/ან მისი გამოანგარიშების წესს. სხვადასხვა ქვეყნების სასამართლო პრაქტიკის განზოგადება კი იძლევა კომპენსაციის გამოთვლის შესაძლებლობას შემდეგი კრიტერიუმებით: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან (იხ. სუსგ №ას-1339-1259-2017, 30.07.2018 წ.).

4.34. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის (მოქმედი კოდექსის 48.8-ე მუხლი) ნორმატიული მიზანი სწორედ ის არის, რომ ბრძანების ბათილობის შედეგად მოსარჩელემ მიიღოს იურიდიული შედეგი და იმ შემთხვევაში, როდესაც ამგვარი შედეგი სამუშაო ადგილზე აღდგენაში არ მდგომარეობს, მოსარჩელეს მიეკუთვნება კომპენსაცია. ხოლო რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს, აღნიშნულს კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. ერთი რამ ცხადია, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში, რადგან სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა (სუსგ Nას-632-2019, 21.06.2019 წ.). პალატამ მიუთითა, რომ კომპენსაცია შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოფდეს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც გათავისუფლების შესახებ ბათილი ბრძანების შედეგად წარმოეშვა დასაქმებულს, ამავდროულად, მისი ოდენობა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა ქმნიდეს არც ერთი მხარისათვის უსაფუძვლო გამდიდრების ობიექტურ წინაპირობებს (სსკ-ის 976-991-ე მუხლები) (შდრ: სუსგ №ას-787-736-2017, 10.11.2017 წ., Nას-632-2019, 21.06.2019 წ.)

4.35. სასამართლომ ბათილად ცნო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება, რისი სამართლებრივი შედეგიცაა მოპასუხისთვის კომპენსაციის დაკისრება და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

4.36. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია 2 000 ლარის ოდენობით, ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1 000 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით, 2022 წლის 1 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კომპენსაციის ოდენობა გონივრული, ხოლო იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მართებულია, რის გამოც არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

5. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

5.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე სააგენტომ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დასაქმებულის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

5.2. კასატორის განმარტებით, სააგენტოში ჩატარებული რეორგანიზაციის პროცესში მოსარჩელე შეფასდა უარყოფითად, ვინაიდან იგი მასზე დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს არ ახორციელებდა, უარს აცხადებდა მივლინებაში წასვლაზე და არქეოლოგიური სამუშაოების წარმოებაზე. უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე შეირჩა თანამშრომელი, რომელიც მასზე დაკისრებულ მოვალეობებს რეალურად ასრულებდა, დადიოდა მივლინებებში და მონაწილეობდა არქეოლოგიურ სამუშაოებში. მოსარჩელის განცხადებით იგი მხოლოდ ანოტაციების და შეფასებების მომზადებას შეძლებდა, ასევე, აღნიშნა, რომ სამსახურში არაფერი ხდება და სამსახურებრივ საქმიანობას არ ასრულებს.

5.3. კასატორის განმარტებით, დადგენილია, რომ რეორგანიზაციის შედეგად სტრუქტურული ერთეულები გაერთიანდა, გარკვეული პოზიციები შემცირდა, 11 სამსახურის ნაცვლად სააგენტოში 10 სამსახური დარჩა. შესაბამისად, რეორგანიზაციას ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი და საშტატო ერთეულები რეალურად შემცირდა. ამასთან, სააგენტოში არ არსებობდა ვაკანტური ადგილი, სადაც მოსარჩელის გადაყვანა შესაძლებელი იქნებოდა.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

6.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მარტის განჩინებით მოპასუხე სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

8. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

9. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო კასატორის არგუმენტების გაცნობის შემდეგ ასკვნის, რომ მოპასუხეს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარუდგენია.

10. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, აღნიშნავს, რომ როგორც უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაშია განმარტებული, „შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი). თუმცა, შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას“. ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება (იხ. სუსგ #ას-98-94-2016, 26.07.2016 წ.; #ას-368-2019, 31.07.2019 წ. N ას-1350-2019, 27.11.2019 წ; N ას-1061-2021, 18.02.2022წ.; №ას-283-2024 26.04.2024წ; №ას-1441-2023, 12.07.2024წ.)

11. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სსკ-ის 115-ე მუხლს, რომლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა.

12. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე, 2013 წლის 10 მაისიდან, დასაქმებული იყო მოპასუხე სააგენტოში, სხვადასხვა პოზიციაზე. გათავისუფლების დროისთვის, მოსარჩელე უვადოდ დანიშნული იყო მოპასუხე სააგენტოს არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურში, სპეციალისტის (არქეოლოგიის მიმართულებით) პოზიციაზე და მისი შრომის ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა 1 000 ლარს (დასაბეგრი ოდენობა).

12.1. მოპასუხე სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ, 2022 წლის 19 სექტემბერს, გამოცემული იქნა N02/50 ბრძანება სააგენტოს რეორგანიზაციის შესახებ.

12.2. მოპასუხე სააგენტოს გენერალური დირექტორის მიერ 2022 წლის 7 ოქტომბერს მიღებული იქნა N02/54 ბრძანება, რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენასა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და გადარჩევის წესის შესახებ. აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, გადარჩევას დასაქვემდებარებელ თანამშრომელთა იდენტიფიცირების, მათი კომპეტენციებისა და უნარების განსაზღვრის მიზნით, კომისია უზრუნველყოფდა გასაუბრების ჩატარებას. მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომისია ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა გადარჩევას დასაქვემდებარებელ თანამშრომელთა კომპეტენცია, სხვა ობიექტური გარემოებები და დასაბუთებული მონაცემები აესახა გასაუბრების სხდომის ოქმში.

12.3. მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო სააგენტოში ჩატარებულ გასაუბრებაში. თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის 2022 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხების საფუძველზე, კომისიის წევრების მიერ, პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით, გასაუბრებაში მონაწილე თითოეული პირი შეფასდა. არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის სპეციალისტი (არქეოლოგიის მიმართულებით) - მოსარჩელე შეფასდა უარყოფითად.

12.4. მოპასუხე სააგენტოს გენერალური დირექტორის 2022 წლის 31 ოქტომბრის ბრძანებით, მოსარჩელე 2022 წლის 01 ნოემბრიდან გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან სშკ-ია 47.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიეცა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სშკ-ის 47-ე მუხლი შეიცავს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგიტიმურ საფუძვლებს, რომელთაგან წინამდებარე დავის ფარგლებში შეფასების საგანს „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობა წარმოადგენს (სახეზეა, თუ არა ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას), უნდა დადგინდეს უშუალოდ ამ გარემოებამ განაპირობა თუ არა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ნორმით მხარეთათვის მინიჭებული ხელშეკრულების მოშლის უფლება არ არის შეუზღუდავი. ხსენებული ნორმა არ შეიძლება განმარტებულ იქნეს, როგორც დამსაქმებლის ცალმხრივი უფლება, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე სამუშაოდან გაათავისუფლოს დასაქმებული, რადგან მითითებული ნორმის ამგვარი განმარტება წაახალისებდა დამქირავებლის თვითნებობას, ხოლო სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას აზრს დაუკარგავდა.

14. „დამსაქმებელს არ აქვს უფლება, მოშალოს ხელშეკრულება რეორგანიზაციის ან სხვა ცვლილების საფუძველზე, თუ ეს ცვლილება თავისთავად არ განაპირობებს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობას“ (იხ. შრომის კოდექსის კომენტარი, 2024; გვ. 536-537; 47-ე მუხლის კომენტარი). იურიდიული დოქტრინა და სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება.

15. ამდენად, რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერი, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. სხვა შემთხვევაში, ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებებიც, თავისთავად, არ არის მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, ე.წ. „რეორგანიზაციის“ საფუძვლით პირის სამსახურიდან გაშვების დისკრიმინაციული მოტივები შეიძლება დაიფაროს და იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის - რეორგანიზაციის საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს. (იხ. სუსგ-ები №ას-419-2022, 27 მაისი, 2022; №ას-1334-2021, 2 მარტი, 2022; №ას-224-224-2018, 18 მაისი, 2019 წელი, №ას-280-2020, 5.03.2021).

16. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იმისათვის რათა სასამართლომ შეაფასოს რეორგანიზაციის შედეგების გავლენა დასაქმებულზე, აუცილებელია შეფასდეს თუ რა კრიტერიუმებით ხდება თანამშრომელთა შორის გასათავისუფლებელი და შრომით ურთიერთობაში დასატოვებელი დასაქმებულების შეფასება/გადარჩევა. როგორც აღინიშნა, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ამ პროცესის მიმდინარეობისას, დამსაქმებლის მოქმედებები უნდა იყოს მართლზომიერი, კეთილსინდისიერი, გონივრული, სამართლიანი, წინასწარ განჭვრეტადი, ობიექტური და დასაბუთებული.

17. საქართველოს შრომის კოდექსი ამგვარი განჭვრეტადი კრიტერიუმების ჩამონათვალს არ შეიცავს, თუმცა ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „გასაუბრების“, რომელმაც უნდა დაადგინოს დასაქმებულთა კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ თანამდებობასთან და რომელსაც შესაძლოა, შრომითი ხელშეკრულების მოშლა მოჰყვეს, ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ობიექტურობაა. პრინციპი, რომლის მიხედვითაც, კონკურსის პროცედურები უნდა იყოს არადისკრიმინაციული და მაქსიმალურად გამორიცხავდეს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ცხადია, კომისიამ თანამშრომლებთან „შეფასება/გასაუბრების“ გამართვისას, უნდა გამოიყენოს იმგვარი პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები, რაც შექმნის თითოეული თანამშრომლის კვალიფიკაციისა თუ პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ რეალურ სურათს (შდრ. საქმე №ას-268-2021 22 ოქტომბერი, 2021 წელი).

18. ერთ-ერთ საქმეში (იხ.სუსგ Nას-1735-2018, 15.10.2020წ) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ კონკურსის ჩატარებისას გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი უნდა იყოს კონკურსის ყველა ეტაპზე. ამასთან, ვინაიდან ტესტირებისაგან (წერილობითი გამოცდისაგან) განსხვავებით, გასაუბრება ზეპირად ტარდება, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გასაუბრების ეტაპის შემაჯამებელი ოქმი სრულად, ნათლად და გასაგებად უნდა ასახავდეს, როგორც სხდომის მიმდინარეობას, ასევე - კომისიის წევრთა მიერ შეჯერებულ მოტივებს, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელი იქნება იმის გარკვევა, თუ რატომ მიენიჭა ამა თუ იმ კანდიდატს უპირატესობა სხვასთან შედარებით. თუ ზემოხსენებული კრიტერიუმები არ არსებობს ან, მათი არსებობის მიუხედავად, გასაუბრების ეტაპის ოქმი არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას კონკურსის შედეგების ობიექტური შეფასებისათვის, ჩატარებული კონკურსის მართლზომიერად მიჩნევა შეუძლებელი იქნება.

19. საკასაციო პალატა იზიარებს და მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომლითაც საქმის მასალებიდან გამომდინარე, მართლზომიერად მიიჩნია მოპასუხის მიერ ჩატარებული ორგანიზაციული ცვლილებები, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ამავდროულად მოპასუხე ვალდებული იყო დაესაბუთებინა, თუ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობითა და რა პროცედურების დაცვით მოხდა დასაქმებულის გათავისუფლება.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს ორგანიზაციაში ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგების მოსარჩელისადმი გამოყენების მართლზომიერების საკითხები, კერძოდ, შტატების შემცირებისა და გასაუბრების არადამაკმაყოფილებელი (უარყოფითი) შედეგის მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერება, დამსაქმებლის მიერ სამოქალაქო უფლების მართლზომიერად გამოყენება, ანუ სშკ-ის 47.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 115-ე, მე-8 მუხლებითა და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული შრომის უფლების დაცვის სტანდარტით, ვინაიდან რეორგანიზაცია დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად (შდრ.სუსგ-ებს N ას-115-111-2016, 8.04.2016წ; N ას-1493-2022, 21.04.2023წ; N ას293-2023, 17.05.2023წ; N ას-703-2023, 30.10.2023; N ას-1256-2023, 15.11.2023წ; N ას-982-2023, 26.01.2024წ.).

21. დადგენილია, რომ სააგენტოს სისტემური მმართველობის უზრუნველსაყოფად, სააგენტოსთვის დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად განხორციელებისა და მართვის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა სააგენტოს რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის ფარგლებში, სხვა სტრუქტურულ ცვლილებებთან ერთად, განხორციელდა ისეთი პოზიციების შემცირება, რომელთა აუცილებლობაც აღარ არსებობდა. დამტკიცდა სააგენტოს განახლებული საშტატო ნუსხა, რომლითაც განისაზღვრა არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურში არქეოლოგიის მიმართულებით ერთი უფროსი სპეციალისტის საშტატო ერთეული. აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, საჭიროების არარსებობის გამო, გაუქმდა არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის სპეციალისტის ორი შტატი (არქეოლოგიის მიმართულებით).

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, კასატორის ძირითადი პრეტენზია შეეხება იმ გარემოებას, რომ სააგენტოში რეორგანიზაცია რეალურად ჩატარდა, რეალურად შემცირდა სამუშაო ადგილები, მოსარჩელის დათხოვნა კი თავად დასაქმებულის ქცევამ - სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობამ გამოიწვია.

23. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ სადავო გადაწყვეტილება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ არ ემყარება მოსარჩელის, როგორც დასაქმებულის სამუშაოს შესრულების, კვალიფიკაციის არც რაოდენობრივ, არც ხარისხობრივი შეფასების კრიტერიუმებს. მოსარჩელისათვის უცნობია, თუ რა შეფასება მიიღო ჯამურად, რა კრიტერიუმები და მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა თანამშრომელთა გადარჩევის პროცესის წარმატებით გავლისათვის და ამ მოთხოვნებიდან, რომელი ვერ დააკმაყოფილა. კადრების შემცირების პარალელურად, დამსაქმებელს უნდა დაესაბუთებინა კონკრეტული თანამშრომლის გათავისუფლების მიზანშეწონილობა.

24. საკასაციო პალატა აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმისწარმოების არცერთ ეტაპზე კასატორს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის თაობაზე, თუ რა წინასწარ ჩამოყალიბებული შეფასების სისტემა არსებობდა რეორგანიზაციის პროცესში დასაქმებულთა შესაფასებლად და გაცნობილი ჰქონდათ, თუ არა ეს შეფასების სისტემა დასაქმებულს. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას რეორგანიზაციის პროცესში ჩატარებული გასაუბრება შეაფასოს, როგორც ობიექტური, გამჭირვალე და წინასწარ განჭვრეტადი. საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე, დამსაქმებელს დეტალურად არ მიუთითებია გასაუბრების შინაარსობრივ მხარეზე, დამსაქმებელმა სასამართლოს წარუდგინა მხოლოდ რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღების კომისიის სხდომის ოქმი #1 (10.10.2022წ) რომელიც არ შეიცავს ზუსტ და სრულყოფილ ინფორმაციას გასაუბრების მიმდინარეობის, კონკურსანტების შეფასებისას გამოყენებული შეფასების სისტემის, გასაუბრებაზე კონკურსანტების მიერ გამოვლენილი უნარ-ჩვევების შედარების თაობაზე. ასეთ ინფორმაციას ვერ იძლევა ვერც თანამშრომელთა შეფასების ფორმა, თუ რა შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე მიანიჭა კომისიამ შერჩეულ კონკურსანტს უპირატესობა, ხოლო დარჩენილი კონკურსანტის პროფესიული კვალიფიკაცია დასაკავებელი თანამდებობისათვის შეუსაბამოდ ცნო. საკასაციო პალატის განსჯით, განსახილველ დავაზე შეფასებას დაქვემდებარებული პირის შეფასების პროცესი გამჭირვალობის სულ მცირე სტანდარტსაც არ აკმაყოფილებს.

25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაუბრების პროცესი გამჭვირვალე და კანდიდატის გასაუბრების შედეგი დაკავებულ თანამდებობასთან მისი შეუსაბამობის დამადასტურებელი იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ დამსაქმებელი სამართალწარმოების პროცესში მიუთითებდა არა ზოგადად, ტექნიკურად და თეორიულად გასაუბრების გამჭირვალობისა და ობიექტურობის პროცესზე, არამედ დაასაბუთებდა კონკრეტულ შემთხვევაში რამდენად იყო დაცული ეს კრიტერიუმები კონკურსანტთა შეფასების პროცესში, რისი გამორკვევაც მხოლოდ იმ პირობებში იქნებოდა შესაძლებელი, თუ იარსებებდა გასაუბრების ოქმის აუდიოჩანაწერი ან თავად საქმეში დაცულ სადავო ოქმში საკონკურსო კომისიის წევრების მიერ სრული სიზუსტით იქნებოდა აღწერილი გასაუბრების მიმდინარეობა. (იხ.სუსგ N ას-1735-2018, 15.10.2020წ)

26. საკასაციო პალატა, კვლავ მიუთითებს სააგენტოს რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის 10.10.2022 წლის #1 ოქმზე, რომლის შესაბამისად, დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხების საფუძველზე, კომისიის წევრების მიერ, პროფესიული და პიროვნული მახასიათებლების მიხედვით, გასაუბრებაში მონაწილე თითოეული პირი შეფასდა. არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის სპეციალისტი (არქეოლოგიის მიმართულებით) - მოსარჩელე შეფასდა უარყოფითად. შეფასების ფორმაში კი აღნიშნულია, რომ არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის თანამშრომელმა - მოსარჩელემ გასაუბრების მსვლელობისას განაცხადა, რომ მას არ შეუძლია მისი ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება გაურკვეველი მიზეზების გამო. კერძოდ, ვერ წავა ველზე, ვერ მიიღებს ექსპედიციაში მონაწილეობას. კომისიის თავმჯდომარის მიერ დასმულ კითხვაზე, შეუძლია თუ არა მას თბილისთან ახლო მანძილის რადიუსში მაინც ექსპედიციაში მონაწილეობა და ხელმძღვანელობა, დასაქმებულმა განმარტა, რომ იგი შეძლებს მხოლოდ ანოტაციების და შეფასებების მომზადებას, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არაფერი ხდება და არ ასრულებს სამსახურებრივ საქმიანობას. შეფასების ფორმის თანახმად, დასაქმებულთან გასაუბრების ეტაპზე გამოიკვეთა, რომ იგი არ ასრულებს მის ფუნქცია-მოვალეობებს და არც სამომავლოდ აპირებს მის შესრულებას. ანოტაციებისა და ანგარიშების მომზადება წარმოადგენს არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი სპეციალისტის (არქეოლოგიის მიმართულებით) ერთ-ერთ ფუნქციას, შესაბამისად, მხოლოდ მისი შესრულება არ წარმოადგენს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვან განხორციელებას, რაც მას ევალება სამუშაო აღწერილობის შესაბამისად. არქეოლოგის ძირითად ფუნქციას სწორედ ექსპედიციაში მონაწილეობა წარმოადგენს, ხოლო ანგარიშებისა და დასკვნების მომზადება ხდება ექსპედიციის პროცესისა და შედეგებიდან გამომდინარე. დასაქმებულთან გასაუბრებიდან გამომდინარე, რჩება შთაბეჭდილება, რომ იგი ინდიფერენტულად და გულგრილად ეკიდება დაკისრებულ მოვალეობას, რისი გამოვლინებაცაა მისი განცხადება, რომ „სამსახურში არაფერი ხდება“, რის გამოც მოსარჩელე შეფასდა უარყოფითად.

27. საქმეში წარმოდგენილი სამუშაო აღწერილობის მიხედვით, არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის სპეციალისტის (არქეოლოგიის მიმართულება) ფუნქცია-მოვალეობებს წარმოადგენდა: კომპეტენციის ფარგლებში, არქეოლოგიური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების (ობიექტების) მოვლა-პატრონობა, ასევე, მათი შესწავლა და პოპულარიზაცია; არქეოლოგიური სამუშაოების წარმოება და შესაბამისი დასკვნების მომზადება; არქეოლოგიურ სამუშაოებთან დაკავშირებით, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება; კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის არქეოლოგიური, ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის, ასევე, დაცვის ზონების დადგენის თაობაზე წინადადებების მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული დავალებების/მითითებების შესრულება. აღწერილობის თანახმად, ყველა ფუნქცია(მოვალეობას) გააჩნდა პრიორიტეტულობა - „მაღალი“ (ტ. 1, ს.ფ. 99-101).

28. კასატორის არგუმენტს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სხვა კანდიდატი, რომელიც დანიშნული იქნა არქეოლოგიისა და კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის სპეციალისტად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში სისტემატურად ასრულებდა დაკისრებულ ვალდებულებებს, მოსარჩელისაგან განსხვავებით. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების შეფასებას, რომ მოპასუხე მოსარჩელეს ედავება მინიმუმ ერთი წლის პერიოდში, სამსახურებრივი ვალდებულებების სისტემატურად შეუსრულებლობაზე, რაც მნიშვნელოვანია, რომ მტკიცებულებებით დადასტურდეს. თუმცა, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებები, რაც დაადასტურებს, რომ ამ პერიოდში დასაქმებულის წინააღმდეგ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, რაც შესაძლებლობას მისცემდა დამსაქმებელს, დაედასტურებინა მოსარჩელის მხრიდან სამსახურებრივი ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდ არ დასტურდება, რომ გარემოებები მოსარჩელის სამსახურებრივ აქტივობასთან დაკავშირებით (რასთან დაკავშირებითაც დავის განხილვის პროცესში მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა გარკვეული მტკიცებულებები) განხილული და შეფასებული იქნა შერჩევის ეტაპზე.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, რადგან ვერ დაასაბუთა, რატომ იყო მოსარჩელე დაკავებული თანამდებობისათვის შეუსაბამო, ამ მხრივ არც საკასაციო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ შედავებას. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა შორის არსებული ხანგრძლივი შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, მოსარჩელე ყოველგვარი დარღვევების გარეშე მუშაობდა, სააგენტოსათვის ცნობილი იყო მოსარჩელის შრომითი უნარები, მოპასუხეს არც ის დაუსაბუთებია, თუ რა შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე მიანიჭა კომისიამ შერჩეულ კონკურსანტს უპირატესობა, ხოლო დარჩენილი კონკურსანტის პროფესიული კვალიფიკაცია დასაკავებელი თანამდებობისათვის შეუსაბამოდ ცნო. საკასაციო პალატის განსჯით, განსახილველ დავაზე შეფასებას დაქვემდებარებული პირის შეფასების პროცესი გამჭირვალობის სულ მცირე სტანდარტსაც არ აკმაყოფილებს.

30. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სადავო ბრძანება არ აკმაყოფილებს მის საფუძვლად მითითებულ სშკ-ის ნომებით დადგენილ წინაპირობებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას მისი ბათილად ცნობის თაობაზე.

31. გასაჩივრებული განჩინებით, რომლითაც უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია 2 000 ლარის ოდენობით, ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1 000 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე (სშკ-ის 48.8-ე მუხლი).

32. იძულებითი განაცდურისა და კომპენსაციის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას და აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან მიმართებით, კასატორს პრეტენზია არ წარმოუდგენია.

33. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა.

34. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმი/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

35. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, 10.03.2025 წლის N02329 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი 1 900 ლარის 70% 1 330 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი