Facebook Twitter

საქმე №ას-1551-2025

7 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები - გ.კ–ძე, ტ.კ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განჩინება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. სს „ს.ბ–მა“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელით მოითხოვა გ.კ–ძისა და ტ.კ–ძის (შემდეგში: მოპასუხეები) უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა, მდებარე ქ. თბილისი, ………, ს/კ №…….. და ქონება თავისუფალ მდგომარეობაში მესაკუთრისთვის სს „ს.ბ–ისთვის“ გადაცემა, ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

3.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით, სს „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეების: გ.კ–ძისა და ტ.კ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, …………, ს/კ №……. და ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე სს „ს.ბ–ს“.

3.2 ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოითხოვნით.

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

4.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განჩინებით, მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება.

4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

4.2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, ………., ს/კ №………. - რეგისტრირებულია სს „ს.ბ–ის“ საკუთრებად. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 24/08/2023წ. დამოწმებული №A23047498-013/001 განკარგულება.

4.2.2. სს „ს.ბ–ის“ საკუთრებაში არსებული, №…… საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სადავო უძრავ ქონება მისი ყოფილი მესაკუთრეების, გ.კ–ძისა და ტ.კ–ძის ფაქტობრივ მფლობელობაშია.

4.3. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვის საფუძვლები და დაასკვნა, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა მოსარჩელე, ხოლო მოპასუხეები მას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ. შესაბამისად, ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობა არსებობდა.

4.4. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა, რომ სადავო უძრავი ნივთი მისი საკუთრებაა და ხელი ეშლება საკუთრებით სარგებლობაში. საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან რომლის თანახმად სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეა მოსარჩელე. აპელანტებს სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ აღნიშნული ამონაწერის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სადავო უძრავ ნივთზე მოპასუხეების მფლობელობის მართლზომიერებას.

4.5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა რეესტრის მონაცემების მიმართ უტყუარობის და სისრულის პრეზუმფციაზე, რომლის საფუძველზეც საქმეში წარმოდგენილი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ადასტურების მოსარჩელის საკუთრების უფლებას სადავო უძრავ ნივთზე, კერძოდ დასტურდება, რომ სადავო ურავი ქონება რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებაში. სააპელაციო სასამართლომ აპელანტების მითითებაზე, რომ სადავო ქონებაში არასრულწლოვანი ცხოვრობდა, განმარტა, რომ სადავო უძრავ ქონებაში არასრულწლოვანის ცხოვრება ვერ გახდება მესაკუთრისთვის საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველი. ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის თანახმად ბავშვის კეთილდღეობაზე და საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვის ვალდებულება აქვს ბავშვის მშობლებს, მეურვეებს, სახელმწიფოს რომელიც წარმოდგენილია სოციალური მომსახურების დაწესებულებებით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების ზემოხსენებული პრეტენზია.

5. კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები

5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

5.2 კასატორების წარმომადგენელმა მიუთითა უფლების ბოროტად გამოყენებაზე და განმარტა, რომ მოსარჩელე, რომელიც ამავდროულად იყო კრედიტორი, არ მოქმედებდა კეთილსინდისიერად. მან ისარგებლა ქვეყანაში არსებული კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მძიმე მატერიალური მდგომარეობით, რამაც ობიექტურად შეუძლებელი გახადა მოპასუხეების მხრიდან ვალდებულების ჯეროვანი შერსულება. მოსარჩელემ გამიზნულად დაგეგმა უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია და თავადვე შეიძინა იგი საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასად.

ამასთან სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ბავშვის უფლებათა კონვენცია და სსკ-ის 1198-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 9 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად დაასკვნა, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ ის დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს სწორად განისაზღვროს, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუს. ას-1471-2024, 04.03. 2024წ., ას-1035-2024. 18.12.2024წ.).

12. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ნივთის გამოთხოვა, სსკ-ის 168-ე (მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას), 170-ე (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას) და 172-ე (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება), მუხლებიდან გამომდინარეობს.

13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში, საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და რაც მთავარია, შესაბამისად (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №29979/04, სტრასბურგი, 20.01.2012).

14. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინააღმდეგ განმარტა შემდეგი: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად ვინდიკაციური სარჩელის დასაკმაყოფილებლად, კუმულაციურად, სამი წინაპირობა უნდა არსებობდეს: მოსარჩელე ნივთის მესაკუთრე უნდა იყოს, მოპასუხე სადავო ქონებას უნდა ფლობდეს და მას ამ ნივთის ფლობის უფლება არ უნდა ჰქონდეს. ამდენად, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში; (შდრ: სუსგ. №ას-709-2022, 30.09.2022წ; ას-451-2024, 30.09.2024წ.).

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის, ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი ადგილი ექნება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევას, მესაკუთრეს შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება (იხ. სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ.,245).

17. საკასაციო პალატა მიუთითებს 168-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ. 26.01.2023წ. საქმე №ას-1578-2020, 3.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ., საქმე №ას-1437-2020, 24.12.2020წ., საქმე №ას-1274-2020 31.02.2020წ.).

18. მოცემულ შემთხვევაში კი, დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.22).

19. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. (იხ. სუსგ. Nას-320-2020, 18.02.2021წ.;Nას-1542-1462-2017, 30.01.2018წ.; Nას-114-2024, 22.04.2024წ.).

20. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებებსა და დასკვნას, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება სადავო უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებად რეგისტრირება. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი აღნიშნული ქონების კანონიერად რეგისტრაციის გამომრიცხველი მტკიცებულებები, შესაბამისად ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, საჯარო რეესტრის ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ, მიიჩნევა ნამდვილად. მოპასუხეებს არ მიუთითებიათ ისეთ მტკიცებულებებზე, რომლებიც მათ მიერ მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების მფლობელობის მართლზომიერებას დაადსტურებდა.

21. საკასაციო პალატის მოსაზრებით, პირის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევა უნდა ემყარებოდეს ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უძრავი ქონება იმყოფება მოპასუხეების მფლობელობაში და ისინი ვერ მიუთითებენ ქონების ფლობის უფლებამოსილების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე.

22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).

23. განსახილველ შემთხვევაში, კასატორებმა სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს იმ გარემოების დამტკიცება, რომ ისინი მართლზომიერად ფლობდნენ სადავო უძრავ ქონებას.

24. კასატორების მორიგი პრეტენზიის თანახმად, სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს მათი და არასრულწლოვნის საერთო საცხოვრისს და გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები. აღნიშნულის პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებასა და დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, თუმცა აღსანიშნავია, რომ "ბავშვის უფლებების შესახებ" 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. ანალოგიური შინაარსისაა სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, კასატორი საკუთარი არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენელია და მას, როგორც კანონიერ წარმომადგენელს, ევალება შვილების ინტერესების ჯეროვანი დაცვა (იხ. სუსგ Nას-1016-2018, 30.11.2018 წ.).

25. საკასაციო სასამართლო კასატორების პრეტენზიის პასუხად, რომ სადავო უძრავი ქონების მფლობელი არასრულწლოვანიც არის, განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაშია. მხოლოდ ის გარემოება, რომ სადავო უძრავ ქონებაში არასრულწლოვანიც ცხოვრობს, ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ მესაკუთრეს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება შეეზღუდოს. ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის თანახმად ბავშვის (18 წლამდე პირის) კეთილდღეობაზე და საუკეთესო ინტერესებზე ზრუნვის ვალდებულება აქვს ბავშვის მშობლებს, მეურვეებს, სახელმწიფოს, რომელიც წარმოდგენილია სოციალური მომსახურების დაწესებულებებით (იხ. სუსგ Nას-1454-2019, 24.04.2020 წ.).

26. აქვე, პალატა მიუთითებს ბავშვის უფლებათა კოდექსის 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების განხორციელება და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა არ გულისხმობს კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევას. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მესაკუთრის მიერ საკუთრებით სარებლობის უფლების რეალიზების მოთხოვნა კანონისმიერ მოთხოვნაა. მესაკუთრეს კანონი ანიჭებს უფლებას თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებით, რაც ასევე შეიძლება მოიცავდეს არამართლზომიერი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წაყენებასაც. პალატა განმარტავს, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკუთრების კონსტიტუციური უფლების შემზღუდველი გარემოება ვერ გახდება სადავო უძრავი ნივთის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობა.(შდრ. სუსგ №ას-1282-2021, 15.06.2022წ; №ას-674-2022, 13.10.2022წ.; №ას-1351-2022, 14.12.2022წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ვერც ზემოხსენებულ პრეტენზიას გაიზიარებს.

27. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ უთითებენ უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვის დამაბრკოლებელ რაიმე სამართლებრივად რელევანტურ გარემოებაზე. საკასაციო პალატა იზიარებს და დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად აფასებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აპელანტების/კასატორების არგუმენტები ვერ დაედება საფუძვლად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის გაუქმებას.

28. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

29. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. პროცესის ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, ასევე 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.კ–ძის და ტ.კ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ გ. ქ–ის (პ/ნ ......) მიერ, სს „ს.ბ–ში“, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, 22/01/2026წ. №31538307016 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარიდან 70 % - 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი