25 თებერვალი, 2026 წელი,
საქმე №ას-132-2025 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
I კასატორი - მ.კ–ი (გ.კ–ის უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ტ.მ–ი (მოპასუხე)
თავდაპირველი მოპასუხეები - ნ.კ–ი, ი.კ–ი
II კასატორი - ტ.მ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - მ.კ–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორთა მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება (მ.კ–ის საკასაციო საჩივარში); გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტ.მ–ის საკასაციო საჩივარში)
დავის საგანი - უძრავ ნივთებთან დაკავშირებული გარიგებების ბათილად ცნობა, თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ.კ–ი (შემდეგში - მამკვიდრებელი) და ნ.კ–ი (შემდეგში - პირველი მოპასუხე) 1990 წლის 24 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. მამკვიდრებელი, რომელიც წლების მანძილზე რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა, 2016 წლის 17 დეკემბერს გარდაიცვალა.
2. ტ.მ–ი (შემდეგში - მეორე მოპასუხე), პირველი მოპასუხის ძმაა, ხოლო მ.კ–ი (შემდეგში - მოსარჩელე ან უფლებამონაცვლე) - გარდაცვლილი მამკვიდრებლის უფლებამონაცვლე (შვილი).
4. 2013 წლის 12 ივლისს, ქ.თბილისში, გლდანში მდებარე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი ......, შემდეგში - პირველი უძრავი ნივთი ან პირველი უძრავი ქონება) ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც ეს ქონება პირველმა მოპასუხემ მეორე მოპასუხისგან 35 000 აშშ დოლარად შეიძინა. 2013 წლის 21 აგვისტოს, პირველმა მოპასუხემ პირველ უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება დადო ი.კ–თან (შემდეგში - მესამე მოპასუხე), რომლითაც ამ უკანასკნელმა ქონება 15 000 აშშ დოლარად იყიდა. 2015 წლის 19 ნოემბერს, მესამე მოპასუხემ და მეორე მოპასუხემ იმავე უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმად, ხსენებული უძრავი ქონება მეორე მოპასუხემ 25 000 აშშ დოლარად შეიძინა. 2015 წლის 26 ნოემბრიდან იგი აღირიცხა დასახელებული ქონების მესაკუთრედ.
5. 2013 წლის 12 ივლისს, ქ.თბილისში, გლდანში მდებარე მეორე უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდი ......, შემდეგში - მეორე უძრავი ნივთი ან მეორე უძრავი ქონება) პირველ და მეორე მოპასუხეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც ეს ქონება პირველმა მოპასუხემ მეორე მოპასუხისგან 10 000 აშშ დოლარად შეიძინა. 2013 წლის 18 ივლისიდან პირველი მოპასუხე აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა. 2016 წლის 11 იანვარს, პირველ და მეორე მოპასუხეს შორის იმავე ქონებაზე კვლავ გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელმა მითითებული ნივთი პირველი მოპასუხისგან 10 000 აშშ დოლარად შეიძინა, რის შემდეგაც 2016 წლის 12 იანვრიდან იგი უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა.
6. 2013 წლის 10 ივლისს, პირველ მოპასუხესა და ნ.ა–ს (გამყიდველი) შორის ქ.თბილისში, გლდანში მდებარე მესამე უძრავ ქონებაზე (საკ. კოდი ......., შემდეგში - მესამე უძრავი ნივთი ან მესამე უძრავი ქონება) ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად, 15 000 აშშ დოლარად დასახელებული ქონება პირველმა მოპასუხემ შეიძინა. 2016 წლის 11 იანვარს, მეორე მოპასუხესა და პირველ მოპასუხეს შორის იგივე ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, 10 000 აშშ დოლარად ეს ქონება მეორე მოპასუხემ პირველი მოპასუხისგან იყიდა და 2016 წლის 12 იანვრიდან მის მესაკუთრედ აღირიცხა.
7. 2016 წლის 11 იანვარს, პირველმა მოპასუხემ და მეორე მოპასუხემ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება დადეს, რომლის თანახმად, ქ.თბილისში, ჟღენტისა და ჩარგლის ქუჩებს შორის მდებარე უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდი - ......., ნაკვეთის წინა ნომერი - ........, შემდეგში მეოთხე უძრავი ნივთი ან მეოთხე უძრავი ქონება) მეორე მოპასუხემ პირველი მოპასუხისგან 5 000 აშშ დოლარად შეიძინა, რის შემდეგაც 2016 წლის 12 იანვრიდან მის მესაკუთრედ მეორე მოპასუხე აღირიცხა.
8. მეორე მოპასუხისთვის ცნობილი იყო თავისი დის, კერძოდ, პირველი მოპასუხის ქორწინებაში ყოფნისა და მეუღლის, გ.კ–ის შესახებ, გარდაცვლილ გ.კ–თან დაძაბული ურთიერთობა მას არ ჰქონია.
9. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მეორე მოპასუხესა და თ. ლ-მ–ს შორის ქორწინება შეწყდა 2013 წლის 11 სექტემბრს.
10. მოპასუხეთა წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში უფლებამონაცვლემ შემდეგი მოთხოვნებით შეიტანა:
10.1. ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისში, გლდანში მდებარე უძრავი ქონებაზე (საკადასტრო კოდი ......., შემდეგში - მეექვსე უძრავი ნივთი ან მეექვსე უძრავი ქონება) 2013 წლის 12 ივლისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მამკვიდრებელი ცნობილ იქნეს ნივთის 1/2 წილის მესაკუთრედ;
10.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2013 წლის 21 აგვისტოს და 2015 წლის 19 ნოემბერს პირველ უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები და მამკვიდრებელი და პირველი მოპასუხე მესაკუთრეებად იქნენ ცნობილი;
10.3. ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 11 იანვარს მეორე უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მამკვიდრებელი და პირველი მოპასუხე მესაკუთრეებად იქნენ ცნობილი;
10.4. ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 11 იანვარს მესამე უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მამკვიდრებელი და პირველი მოპასუხე მესაკუთრეებად იქნენ ცნობილი;
10.5. ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 11 იანვარს მეხუთე უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მამკვიდრებელი და პირველი მოპასუხე ქონების მესაკუთრეებად იქნენ ცნობილი;
10.6. მამკვიდრებლის სასარგებლოდ პირველ მოპასუხეს დაეკისროს 36 500 აშშ დოლარის გადახდა (მიღებული სარგებელი უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდი ........, შემდეგში - მეშვიდე უძრავი ნივთი ან მეშვიდე უძრავი ქონება);
10.7. მამკვიდრებლის სასარგებლოდ პირველ მოპასუხეს დაეკისროს 21 000 ლარისა და 35 000 აშშ დოლარის გადახდა (სესხის თანხები უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდი ........., შემდეგში - მერვე უძრავი ნივთი ან მერვე უძრავი ქონება);
10.8. მამვიდრებლის სასარგებლოდ პირველ მოპასუხეს დაეკისროს 19 000 აშშ დოლარის გადახდა (მიღებული სარგებელი უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდი ........, შემდეგში - მეცხრე უძრავი ნივთი ან მეცხრე უძრავი ქონება).
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით:
11.1. სარჩელი დაკმაყოფილდა;
11.2. პირველი მოპასუხე ცნობილ იქნა მეექვსე უძრავი ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ;
11.3. ბათილად იქნა ცნობილი პირველ მოპასუხესა და ი.კ–ს შორის 2013 წლის 21 აგვისტოს პირველ უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება;
11.4. ბათილად იქნა ცნობილი პირველ უძრავ ქონებაზე 2015 წლის 19 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მოსარჩელე და პირველი მოპასუხე ცნობილ იქნა მითითებული ქონების მესაკუთრეებად;
11.5. ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 11 იანვარს მეორე უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და აღნიშნული ქონების თანამესაკუთრეებად უფლებამონაცვლე და პირველი მოპასუხე იქნენ ცნობილი;
11.6. ბათილად იქნა ცნობილი მესამე უძრავ ქონებაზე 2016 წლის 11 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და უფლებამონაცვლე და პირველი მოპასუხე ცნობილ იქნენ აღნიშნული უძრავი ქონების თანამესაკუთრეებად;
11.7. ბათილად იქნა ცნობილი 2016 წლის 11 იანვარს მეხუთე უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და უფლებამონაცვლე და პირველი მოპასუხე ცნობილ იქნენ ხსენებული ქონების თანამესაკუთრეებად;
11.8. მოსარჩელის სასარგებლოდ პირველ მოპასუხეს 90 500 აშშ დოლარისა და 21 000 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
12. 12.4-12.7 პუნქტებში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით პირველმა მოპასუხემ გაასაჩივრა, რომელმაც ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
- მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
- გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4, მე-5 პუნქტები გაუქმდა და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილება მიიღო, დანარჩენ ნაწილში კი გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა;
- პირველ უძრავ ნივთზე მისი და პირველი მოპასუხის თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
- მეორე უძრავ ნივთზე მისი და პირველი მოპასუხის თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
- გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის 3.3 და 3.4 ქვეპუნქტები, რომლებითაც ყადაღა დაედო მეორე მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ პირველ და მეორე უძრავ ნივთებს.
13.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნები ჩამოაყალიბა:
13.1.1. პირველ და მეორე უძრავ ქონებაზე 2013 წლის 12 ივლისს პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებული ორი გარიგების მიმართ მოწინააღმდეგე მხარის შედავება იმ გარემოებაზეა აგებული, რომ აღნიშნულ პერიოდში მან ეს ქონება თავის დაზე (პირველ მოპასუხეზე) ფორმალურად (უსასყიდლოდ) გადააფორმა, რადგან მეუღლესთან კონფლიქტურ ურთიერთობებში იმყოფებოდა (რაც დასტურდება 2013 წლის 11 სექტემბერის განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით) და მისი კუთვნილი უძრავი ქონების დაცვა სურდა, ხოლო, როგორც კი სიტუაცია გამოირკვა, მან ეს ქონება კვლავ საკუთარ თავზე გადმოიფორმა.
მითითებული გარემოება პრეზუმფციას ქმნიდა, რომ დასახელებული გარიგებები მოჩვენებითი ხასიათის იყო. შესაბამისად, სახეზე იყო მტკიცების ტვირთის შებრუნებისა და მოსარჩელისთვის იმ გარემოების მტკიცების ტვირთის დაკისრების საფუძველი, რომ 2013 წლის 12 ივლისის სადავო ხელშეკრულებები არ ყოფილა მოჩვენებითი ხასიათის და, რომ, ამ გარიგებებში მეორე მოპასუხე კეთილსინდისიერ შემძენს წარმოადგენდა, თუმცა ამ მიმართებით მოსარჩელეს არანაირი მტკიცება არ წარმოუდგენია.
უფრო მეტიც, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ შემდგომში - 2015 წლის 19 ნოემბრის და 2016 წლის 11 იანვრის ხელშეკრულებები (რომლებითაც ქონებები კვლავ მეორე მოპასუხეზე გადაფორმდა) უსასყიდლო იყო და მათში მითითებული თანხები პირველი მოპასუხისთვის მეორე მოპასუხეს არ გადაუხდია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2015 წლის 19 ნოემბრისა და 2016 წლის 11 იანვრის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის, პირველ და მეორე უძრავ ქონებაზე მოსარჩელის თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი წარუმატებელი იყო.
13.1.2. მესამე და მეოთხე უძრავ ნივთთან მიმართებით მეორე მოპასუხის/აპელანტი შედავება ზუსტად იგივე საფუძვლებს ემყარებოდა, რაც პირველი ორი უძრავი ნივთის შემთხვევაში (ე.ი. იმას, რომ ეს ქონება თავდაპირველად მეორე მოპასუხემ შეიძინა და, მოგვიანებით, მოჩვენებითად გადააფორმა დაზე, შემდგომ კი უკან დაიბრუნა).
აღნიშნული შედავება სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა, რადგან არ დგინდებოდა მითითებულ უძრავ ნივთებზე მეორე მოპასუხის პირველადი უფლება, კერძოდ, საქმეზე წარმოდგენილი არ იყო მტკიცებულებები, რომ ეს ქონება მანამ, სანამ მათზე საკუთრების უფლებას პირველი მოპასუხე მოიპოვებდა, მეორე მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენდა.
აღნიშნულის საპირისპიროდ დგინდებოდა, რომ მესამე უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრე ო.ა–ი (წარმოდგენილი ნ.ა–ის მიერ) იყო და, არა - მეორე მოპასუხე. ასევე ნივთის, თავდაპირველ მესაკუთრეს წარმოადგენდა არა მეორე მოპასუხე, არამედ, დ.ა–ი, რომელთანაც 2009 წლის 7 დეკემბერს პირველმა მოპასუხემ გადახდის განვადებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეზე მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის, რომ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ პირველი მოპასუხის აღრიცხვის მიუხედავად, მეორე მოპასუხისთვის ცნობილი იყო, რომ გამსხვისებლის გარდა არსებობდა სხვა თანამესაკუთრე მეორე მოპასუხის მეუღლის, გ.კ–ის სახით. მეორე მოპასუხე წარმოადგენდა პირველი მოპასუხის ძმას - გ.კ–ის სიძეს, რომელთანაც კარგი ურთიერთობები ჰქონდა.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობა ქმნიდა პრეზუმფციას, რომ მეორე მოპასუხე ინფორმირებული იყო, რომ ქონების მესაკუთრედ დაურეგისტრირებელი პირი - მეუღლე გ.კ–ი წინააღმდეგი იყო ნივთის გასხვისების. მითითებული პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა, თუმცა ამ კუთხით რაიმე მტკიცებულება მან სასამართლოს ვერ წარუდგინა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხემ ვერ დაადასტურა 2016 წლის 11 იანვარს პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებული მესამე და მეოთხე უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებებში მისი, როგორც ამ ნივთების შემძენის კეთილსინდისიერება, რაც ამ ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძველს ქმნიდა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 54-ე, 1158-ე მუხლები).
ის გარემოება, რომ მეორე მოპასუხე კეთილსინდისიერი შემძენი არ იყო, ხოლო, ხელშეკრულებების მოჩვენებით ხასიათს ატარებდა (ხელშეკრულებები იყო უსასყიდლო, მოხდა ფორმალური გადაფორმება, თანხა არ გადაუხდია) თავად მეორე მოპასუხეც ადასტურებდა, რაც სსკ-ის 56-ე მუხლის სამართლებრივი საფუძვლით გარიგებების სრულად ბათილობის საფუძველს ქმნიდა.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა, ერთი მხრივ, უფლებამონაცვლემ და, მეორე მხრივ, მეორე მოპასუხემ.
14.1. უფლებამონაცვლის საკასაციო საჩივრის საფუძველი:
- ერთის მხრივ სასამართლო ადგენს, რომ სადავო ქონება ქორწინების პერიოდშია შეძენილი, თუმცა არასწორად მიიჩნევს დადგენილად ნინო კიკოლაშვილის არაკეთილსინდისიერების ფაქტს. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადაანაწილა, რადგან დადგენილია, რომ სადავო ნივთები ქორწინების პერიოდშია შეძენილი, ამასთან, ნასყიდობის საფასური პირველმა მოპასუხემ მეორე მოპასუხეს გადასცა (დეტ. იხ. საკასაციო საჩივარი).
14.2. მეორე მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძველი:
- საქმეზე წარმოდგენილი სამი ფაქტობრივი მოცემულობიდან მეორე მოპასუხისთვის მხოლოდ პირველი იყო ცნობილი, ხოლო დანარჩენი ორი გარემოების შესახებ მან არ იცოდა. უფრო მეტიც, როდესაც მეორე მოპასუხისთვის ცნობილი გახდა გ.კ–ის მიერ რუსეთის ფედერაციაში ახალი ქორწინების ფაქტი, სასამართლოს მან დაუყოვნებლივ აცნობა და შესაბამისი მტკიცებულებების გამოთხოვაზე იშუამდგომლა, რაზეც სასამართლოს არ უმსჯელია. სადავო ქონების გასხვისებაზე გ.კ–ის მხრიდან საწინააღმდეგო ნების თაობაზე მეორე მოპასუხემ არათუ არ იცოდა, არამედ, ასეთის არსებობის შესაძლებლობას ვერც დაუშვებდა, რადგან ხსენებული ქონებები ისედაც მას ეკუთვნოდა და პირველი მოპასუხის საკუთრებად არ ირიცხებოდა (დეტ. იხ. საკასაციო საჩივარი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი დაუშვებელია:
15. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
16. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი სარჩელის იმ მოთხოვნათა კანონიერებაა, რომლებიც რამდენიმე უძრავ ქონებაზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობასა და დასახელებულ ნივთებზე მხარის თანამესაკუთრედ აღიარებას შეეხება.
დანარჩენ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, რის გამოც საკასაციო სასამართლო მასზე არ იმსჯელებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში - სსსკ-ის 264.1 მუხლი).
17. პირველი და მეორე უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში სარჩელის წარუმატებლობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილი მსჯელობა გასაზიარებელია. მოცემული მოსაზრების ჩამოყალიბებისას საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს მეორე მოპასუხის შედავებას იმასთან დაკავშირებით, რომ პირველ და მეორე უძრავ ქონებაზე 2013 წლის 12 ივლისს პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებული ორი გარიგების მიმართ მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები იმ გარემოებაზეა აგებული, რომ აღნიშნულ პერიოდში მან ეს ქონება თავის დაზე (პირველ მოპასუხეზე) ფორმალურად (უსასყიდლოდ) გადააფორმა, რადგან მეუღლესთან კონფლიქტურ ურთიერთობებში იყო (რაც დასტურდება 2013 წლის 11 სექტემბერის განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით) და მისი კუთვნილი უძრავი ქონების დაცვა სურდა, ხოლო, როგორც კი სიტუაცია გაირკვა, მან ეს ქონება კვლავ საკუთარ თავზე გადმოიფორმა.
ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ საქმეზე გამოიკვეთა მტკიცების ტვირთის შებრუნებისა და მოსარჩელისთვის იმ გარემოების მტკიცების დაკისრების საფუძველი, რომ 2013 წლის წლის 12 ივლისს პირველ და მეორე მოპასუხეს შორის დადებული უძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულებები არ ყოფილა მოჩვენებითი ხასიათის და ამ გარიგებების გაფორმებისას პირველი მოპასუხე იყო კეთილსინდისიერი. აშკარაა, რომ მოცემული მიმართულებით მოსარჩელეს რელევანტური მტკიცება არ განუხორციელებია, ამიტომ პირველ და მეორე უძრავ ქონებაზე 2015 წლის 19 ნოემბრისა და 2016 წლის 11 იანვრის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და აღნიშნული ნივთების თანამესაკუთრედ აღიარების მოთხოვნათა ნაწილში სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა.
18. რაც შეეხება მესამე და მეოთხე უძრავ ნივთთან დაკავშირებით დადებულ გარიგებებს, მათი შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში სწორად მიიღო შემდეგი გარემოებები, სახელდობრ:
ხსენებულ ქონებებთან მიმართებით მეორე მოპასუხის/აპელანტი შედავება ზუსტად იგივე საფუძვლებს ემყარება, რაც პირველი ორი უძრავი ნივთის შემთხვევაში, თუმცა აღნიშნული შედავება გაზიარებული ვერ იქნება, რადგან არ დგინდება მითითებულ უძრავ ნივთებზე მეორე მოპასუხის პირველადი უფლება, კერძოდ, საქმეზე წარმოდგენილი არ არის მტკიცებულებები, რომ პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების წარმოშობამდე ქონება მეორე მოპასუხის საკუთრებას წარმოადგენდა.
აღნიშნულის საპირისპიროდ საქმის მასალებით დადგენილია, რომ მესამე უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრე იყო ო.ა–ი (წარმოდგენილი ნ.ა–ის მიერ) და, არა მეორე მოპასუხე. გარდა ამისა, თავდაპირველ მესაკუთრეს ასევე წარმოადგენდა არა მეორე მოპასუხე, არამედ, დ.ა–ი, რომელთანაც 2009 წლის 7 დეკემბერს პირველმა მოპასუხემ გადახდის განვადებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა. საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა ის გარემოებაც, რომ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ პირველი მოპასუხის რეგისტრაციის მიუხედავად, მეორე მოპასუხისთვის ცნობილი იყო, რომ გამსხვისებლის გარდა ნივთი ეკუთვნოდა სხვა თანამესაკუთრეს (ეს გარემოება საკასაციო პალატისთვისაც დასაბუთებულია მხარეთა ახლო ნათესაური კავშირის გათვალისწინებითაც), მეორე მოპასუხის მეუღლეს, გ.კ–ს.
ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით მართებულია მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოშობილია შემდეგი სახის პრეზუმფცია: მეორე მოპასუხე ინფორმირებული იყო, რომ ქონების მესაკუთრედ ფორმალურად არარეგისტრირებული პირი - ნივთის თანამესაკუთრე და რეგისტრირებული მესაკუთრის მეუღლე გ.კ–ი წინააღმდეგი იყო ქონების გასხვისების. მითითებული პრეზუმფციის გაქარწყლების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა, რომელსაც სასამართლოსთვის შესაბამისი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
ამდენად, 2016 წლის 11 იანვარს პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებული მესამე და მეოთხე უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებებში მისი, როგორც ამ ნივთების შემძენის კეთილსინდისიერება მოპასუხემ ვერ დაადასტურა, რაც ამ ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის (სსკ-ის 54-ე, 1158-ე მუხლები).
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავდება.
20. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.კ–ის (გ.კ–ის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. მ.კ–ს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ე–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 4 736.90 ლარის (საგადახდო დავალება #28934904316, გადახდის თარიღი - 22.08.2025) 70% - 3 315.83 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. ტ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
4. ტ.მ–ს (პ/ნ ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 6 000 ლარის (საგადახდო დავალება #26557644339, გადახდის თარიღი - 28.03.2025) 70% - 4 200 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია