¹ბს-12-12(კ-07) 21 თებერვალი, 2007 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს “უ-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 ოქტომბრის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ ხარვეზის შესახებ 2007 წლის 25 იანვრის განჩინებით მიიჩნია, რომ შპს “უ-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარი არ შეესაბამებოდა აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილს _ ხსენებულ საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. საკასაციო პალატამ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და კასატორ შპს “უ-ს” დაევალა მისთვის ხარვეზის შესახებ 2007 წლის 25 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ბაჟის (დავის საგნის ღირებულების 5% _ 830 ლარი) გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველად.
ხარვეზის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იანვრის განჩინების ასლი შპს “უ-ს” გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე _ ქ. თბილისი, ....... გამზ. ¹69, მაგრამ ხსენებული განჩინების ასლი მას არ ჩაჰბარდა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2007 წლის 2 თებერვალს დაბრუნდა მისთვის გაგზავნილი დასახელებული განჩინების ასლის შემცველი გზავნილი, ჩაუბარებლობის მიზეზად კი ფოსტის მიერ მიეთითა, რომ ადრესატი ვერ მოიძებნა. შესაბამისად, კასატორს ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურა 2007 წლის 16 თებერვალს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მიხედვით, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ, ხოლო ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. ამდენად, შპს “უ-ს” მისთვის მიცემულ ვადაში არ შეუვსია 2007 წლის 25 იანვრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული გარემოება შპს “უ-ის” საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას, ხოლო თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი არ დაიშვება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველად დარჩეს შპს “უ-ის” საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.