Facebook Twitter

29 იანვარი, 2026 წელი,

საქმე №ას-1029-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ვ.პ.მ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ლ.გ–ი, ნ.წ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმების/ბათილად ცნობისა და უძრავ ნივთზე მესაკუთრედ აღრიცხვის მოთხოვნით ლ.გ–ის (შემდეგში - პირველი მოპასუხე ან დასაჩუქებული) და ნ.წ–ძის (შემდეგში - მეორე მოპასუხე) წინააღმდეგ ვ.პ.მ–მა (შემდეგში - მოსარჩელე) სასამართლოს სარჩელით მიმართა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით: სარჩელი დაკმაყოფილდა; ჩუქების პირველი ხელშეკრულება გაუქმდა; ჩუქების მეორე ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი; სასამართლომ მოსარჩელე ცნო სადავო ქონების მესაკუთრედ.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით:

- მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა;

- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- 1/2 ნაწილში ჩუქების პირველი ხელშეკრულება გაუქმდა;

- 1/2 ნაწილში ჩუქების მეორე ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი;

- მოსარჩელე სადავო ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ იქნა ცნობილი.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი მოსარჩელემ წარმოადგინა, რომელმაც ამ გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ამავე განჩინებით საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაუვადდა.

2024 წლის 12 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი სასამართლომ დასაშვებად ცნო და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა დაადგინა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

7.1. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

7.2. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;

7.3. სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა:

ა). 1/2 ნაწილში გაუქმდა მოსარჩელესა და დასაჩუქრებულს შორის 2018 წლის 9 ნოემბერს სადავო ქონებაზე დადებული ჩუქების ხელშეკრულება;

ბ). 1/2 ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი დასაჩუქრებულსა და მეორე მოპასუხეს შორის 2022 წლის 17 მაისს უძრავ ნივთზე დადებული ჩუქების ხელშეკრულება;

გ). მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ.

7.4. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1 000 ლარის ოდენობით.

მოპასუხეებს ამავე განჩინებით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოსარჩელისთვის გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 1 650 ლარის ანაზღაურება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებაში უნდა გასწორდეს დაშვებული უსწორობა, კერძოდ:

8. დასახელებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 1 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით გადავადებული საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 1 650 ლარის ანაზღაურება.

9. ყურადღება უნდა მიექცეს, რომ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხა - 1650 ლარი კასატორს არ გადაუხდია და მისი ანაზღაურება მოსარჩელეს 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით (რომლითაც სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად), წინამდებარე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა.

ამდენად, აშკარაა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს თანხის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის და არა კასატორის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა და სასამართლო გადაწყვეტილებაში უსწორობაა დაშვებული.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

11. საკასაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი მოცემულ შემთხვევაში ზეპირი მოსმენის გარეშე გადაწყვეტოს.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული ზემომითითებული უსწორობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 53-ე, 261-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების (საქმე №ას-1029-2024) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში დაშვებული უსწორობა, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს:

ლ.გ–სა და ნ.წ–ძეს ვ.პ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი 1 000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, ხოლო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მათვე დაეკისროთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კასატორისთვის გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 1 650 ლარის გადახდა;

2. ლ.გ–მა და ნ.წ–ძემ სახელმწიფო ბაჟი გადაიხადონ შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი - TRESGE22, მიმღების ანგარიშის ნომერი - 200122900, სახაზინო კოდი - 3 0077 3150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია